ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #15: ბულგარეთი 2:0 საქართველო

1994 წლის 16 ივლისს, პასადენაში, როუზ ბოულზე, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები გათამაშდა. ტომი სვენსონის გაწვრთნილმა შვედეთის ნაკრებმა დიმიტარ პენევის მომზადებულ ბულგარეთს 4:0 აჯობა.
მსოფლიო ჩემპონატის შემდეგ ბულგარეთის მთავარი საფეხბურთო გუნდი სწორედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ შეიკრიბა. ამ თამაშს და იმ ზაფხულის გმირებთან შეხვედრას მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა.

ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებში კი ნამდვილად არ იყო კარგი განწყობა. ჯერ ერთი რომ მოლდოვასთან თბილისში წაგების შემდეგ მხოლოდ ერთი თვე იყო გასული, მეორეც: ნაკრების საბაზო კლუბი თბილისის დინამო უეფას თასის გათამაშებას შერცხვენილი გამოეთხოვა – ავსტრიის ტიროლთან 1:5 განადგურდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლდოვასთან მატჩის წინ დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეორა და დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი ჟურნალისტებს ფართოდ გაუღო. ჩივაძემ პრესის და ტელევიზიის წარმომადგენლებს 9 ოქტომბერს უმასპინძლა, შეხვედრის ბოლოს კი მოლდოვასთან წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე არმისვლის მიზეზზეც თქვა:

„ამ ეტაპზე არჩილ არველაძის, გოჩა გოგრიჭიანის, დავით ყიზილაშვილის და მიხეილ ჯიშკარიანის მოწვევისგან თავი შევიკავეთ. გოჩა ჯამარაული ავად არის, რევაზ არველაძემ კი, ინსბრუკში თამაშის შემდეგ, თავად გვთხოვა არ მოგვეწვია. გვესმის მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა…
დინამოელთა განწყობა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. სამტრედიასთან მატჩი საგანგებოდ ჩემი მოთხოვნით დაინიშნა თბილისში (საქართველოს ჩემპიონატის თამაში – ლ.გ.), რათა სწორედ ამ ფაქტორის აღმოფხვრაში დაგვხმარებოდა, მაგრამ…
ნაკრებში ფსიქოლოგის მოწვევა აუცილებელია, თუმცა ასეთი ხანმოკლე შეკრებისას ეფექტური ვერ იქნება…
ამ ეტაპზე, მატჩისწინა საწვრთნელ შეკრებაზე ორჯერადი ვარჯიშები მიღებული არ არის, მაგრამ ზოგი მოთამაშის ფიზიკური კონდიციები არ გვაკმაყოფილებს. ეს ლეგიონერებს არ ეხებათ, ისინი ჩინებულ ფორმაში არიან…
აქამდე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თავს იმიტომ ვიკავებდი, რომ ყველაფერზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. ნაკრების წევრებს ტაქტიანად უნდა მოვეპყრათ. ჟურნალისტებმა სიტუაციაში ღრმად ჩახედული სპეციალისტის პოზიციიდან უნდა წეროთ რეცენზიები“…

ღია ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა ისიც გაამხილა, რომ მისი ერთ-ერთი თანაშემწე ვლადიმერ პანოვი ბულგარეთის ნაცვლად მოლდოვაში მიემგზავრებოდა, კიშინიოვში მასპინძელთა და უელსელთა თამაშზე დასაკვირვებლად.

გაზეთმა სარბიელმა სოფიაში ილია ბაბუნაშვილი მიავლინა, რომელმაც რეპორტაჟში „ავად თუ კარგად, ჩვენ ჩვენი ვიცეკვეთ“ (#55; 1994 წლის 14 ოქტომბერი), თბილისის აეროპორტში, გამგზავრების წინ მომხდარ უსიამოვნებაზე ვრცლად დაწერა. მის სიტყვებს ერთადერთი მიზეზით მოვიყვან – მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით:

„თბილისის აეროპორტში მისულ ფეხბურთელებს, ფეხბურთის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებს და რამდენიმე გულშემატკივარს გამოგვიცხადეს, ნამეტანი გვებევრებით და ბულგარეთში ყველას არ გაგიშვებთ, ასე ოცი კაცი დარჩითო. საინტერესოა, რომ ამას ეუბნებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველა ფორმალობა გაიარეს, თანხა გადაიხადეს და თვითმფრინავში ჩასხდომის გარდა არაფერი აკლდათ.

ატყდა ერთი ამბავი! შემდეგ ნელ-ნელა დაუკლეს და სამი კაცი დარჩეს, თქვენი არაფერი გვინდაო. რა აღარ თქვეს, ერთი ადამიანით მეტი რომ იყოს, თვითმფრინავი ჩამოვარდებაო (გეგონება ეს თვითმფრინავები არ იყოს, თბილის-მოსკოვზე მეტროსავით გაჭედილი რომაა), რაღაც ნებართვა არა გვაქვსო და სხვა.

არადა, სრულიად გაუგებარი იყო რატომ ებევრათ ხალხის ის რაოდენობა, რომელიც წინასწარ უწყოდნენ და რომლის შესაბამისადაც განსაზღვრეს, რა თვითმფრინავით მივფრინავდით. ერთი პირობა ისიც კი თქვეს, მოდი პასპორტები ვნახოთ და, ვისაც „სლუჟებნი“ ბეჭედი აქვს ჩარტყმული ისინი გავუშვათ, ვისაც „ტურიზმი“ – დავტოვოთო.

გამოდიოდა, ჟურნალისტების ერთი ნაწილი და გულშემატკივრები, ისე, უბრალოდ, უნდა დავრჩენილიყავით. ყველაფერი ერთ ძველ ანეკდოტს ჰგავდა, ქუდი რატომ არ გახურავსო, შარიანი კაცი რომ ამბობს. საბოლოოდ, საათნახევრიანი დავის მერე, მაინც მოახერხეს რამდენიმე მგზავრის დატოვება.

ამ ისტორიაში კონკრეტულად ვის რა ბრალი მიუძღვის, რაში ტყუოდა ავიაკომპანია ორბი და რაში აეროპორტის თანამშრომლები, არც აქ უნდა გვაინტერესებდეს, რადგან როდესაც ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი და შეთანხმებული, მგზავრს საბუთიც წესრიგში აქვს და ფულიც გადახდილია, ბოლო წუთში მისი ჩამოსმა და რეისის დაგვიანება ადამიანის უფლებათა ელემენტარული შელახვაა“.

საინტერესოა, რომ ამ შემთხვევის ვიდეოჩანაწერი არსებობს. კინოდოკუმენტალისტმა, რეჟისორმა გოგი თორაძემ მართლაც რომ ფასდაუდებელი მასალა შემოგვინახა ქართული ფეხბურთის მოყვარულებს. ბულგარეთში ჩვენი ეროვნული გუნდის თავგადასავალზე მისი ათწუთიანი ჩანახატი, თამაშის მომენტებით, კოტე მახარაძის მცირე ინტერვიუთი და ნოდარ ახალკაცის და უცნობის კამათით, ჯერ კიდევ 1994 წელს გადაიცა საქართველოს ტელევიზიის მეორე არხით.

აეროპორტში მომხდარ უსიამოვნებაზე გაამახვილა ყურადღება თავის რეპორტაჟში კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, გაზეთ ქართული ფეხბურთის მიმომხილველმა გია ტუხაშვილმა (#17; ოქტომბერი, 1994).

მე კი გეტყვით, რომ ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებთა პირველ ოფიციალურ გასვლით მატჩებს (შოთა ჭეიშვილის მომზადებულმა ახალგაზრდულმა გუნდმა ერთი დღით ადრე ითამაშა სოფიაში, არმიის სპორტული კლუბის სტადიონზე და 0:1 დამარცხდა) ცხრა ქართველი კორესპონდენტი დაესწრო. ილია ბაბუნაშვილის და გია ტუხაშვილის გარდა იმ დელეგაციაში მოხვდნენ კოტე მახარაძე და დავით ქლიბაძე (საქართველოს ტელევიზია), ჯემალ ჭიპაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრი), ავთანდილ გურასაშვილი (გაზეთი ოლიმპიელი; სეოკ-ის ოფიციალური გამოცემა), გია პლატონიშვილი (გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა), სოლომონ გულისაშვილი (გაზეთი რეზონანსი) და მიხეილ აბაიშვილი (გაზეთი დრონი)…

მასპინძლები საქართველოს ნაკრებს ანგარიშგასაწევ ძალად არ აღიქვამდნენ და ამას არც მალავდნენ. ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობდნენ კარსმომდგარ დაპირისპირებაზე, ბულგარელთა ლიდერები კრასიმირ ბალაკოვი, იორდან ლეჩკოვი, ტრიფონ ივანოვი და მთავარი მწვრთნელი დიმიტარ პენევი თითქმის ერთნაირად პასუხობდნენ:

აუცილებლად მოვიგებთ…
ერთ-ორ გოლს აუცილებლად გაგიტანთ…
მოლდოვასთან მატჩი ვნახეთ და თქვენზე სრული ინფორმაცია გვაქვს…

რაც შეეხება ბულგარელთა მთავარ ვარსკვლავს, ბარსელონაში მოთამაშე ხრისტო სტოიჩკოვს, ის ქართველ ჟურნალისტებს კი არა, თანამემამულეებსაც არ იკარებდა.

ილია ბაბუნაშვილი სარბიელისთვის მომზადებულ რეპორტაჟში წერს:

„ძნელია გადმოსცე ის ტრაბახი და ბაქი-ბუქი, მასპინძლებს რომ ჰქონდათ ატეხილი. იქნებ ვინმემ თქვას, რომ იქადნებოდნენ, შნოც ჰქონდათ და აკი მოგვიგეს კიდეცო. კი ბატონო, ეს ასეა, მაგრამ მათ ბაქიაობას მაინც უნახაობისა და პროვინციულობის ელფერი დაჰკრავდა.

აბა წარმოიდგინეთ, მარად ძლიერი გერმანელი ან იტალიელი იმას იკადრებს, იცოდე ასე გიზამ და ისე გიზამო. უბრალოდ მოგიგებს და მორჩა. თანაც, შეხვედრამაც დაგვარწმუნა, რომ ქართველები იმაზე ძლიერნი აღმოჩნდნენ, ვიდრე მასპინძლები ვარაუდობდნენ“.

ამ სიტყვების დასტურია გაზეთ ვეჩერენ სპორტის პირველ გვერდზე დაბეჭდილი მოცეკვავე ჩოხოსნების კარიკატურა წარწერით „ქართველებს ჩვენ დაკრულზე ვაცეკვებთ“.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბულგარელები მათი საყვარელი გუნდისგან ლამის არნახულ გამარჯვებას ელოდნენ, ოღონდ ეგაა, რომ პირველ ტაიმში ვერაფრით გაიხარეს. ჩივაძის გუნდმა არაფერი დაუთმო მეტოქეს და თუ აკაკი დევაძის კარში მასპინძლებმა ცხრაჯერ დაარტყეს, სტუმრებმა ბორისლავ მიხაილოვის შემცვლელი დიმიტარ პოპოვი შვიდჯერ შეაწუხეს.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის თანაბომბარდირ ხრისტო სტოიჩკოვს (მან იმ დღეს 50-ედ ითამაშა ნაკრებში), მისი მეურვეობა ჩივაძემ რევიშვილს დაავალა და ამ არჩევანმა გაამართლა. სარბიელში ვკითხულობთ:

„ზაზამ ურთულეს ამოცანას ჩინებულად გაართვა თავი. აქვე უნდა ითქვას, რომ მას, ისევე როგორც სხვა მცველებს, საიმედოდ აზღვევდა კახა ცხადაძე და საკმარისი იყო სტოიჩკოვი ან მისი რომელიმე მეგობარი მეურვეს დასხლტომოდა, რომ ფრანკფურტის აინტრახტელი დროულად ჩნდებოდა საჭირო ადგილზე და ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებას იღებდა.

სტოიჩკოვი დიდ ფეხბურთელობასთან ერთად თვალთმაქცობის დიდოსტატიც ყოფილა. თუ შეატყობდა რომ ბურთს კარგავდა, ისე ეფექტურად გაიშოტებოდა, თანაც მეტოქეს შეუღრენდა კიდეც, რატომ წამაქციეო, რომ მსაჯი, აქაოდა ამხელა ვარსკვლავს რა უქნესო, უმალ ჯარიმას ნიშნავდა“.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარიც თანაბარი თამაშით განახლდა, შემდეგ კი, 54-ე წუთზე, ლა კორუნიის დეპორტივოს 27 წლის თავდამსხმელი ემილ კოსტადინოვი გამოჩნდა და სწორედ ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი – რვა წუთში ტაბლოზე 2:0 ენთო! ორივე ბურთი კოსტადინოვმა გაიტანა! ის გახდა მეხუთე, რომელმაც საქართველოს ნაკრებს დუბლი შეუსრულა.

ანგარიში ასე გაიხსნა: გიორგი ნემსაძემ მოედნის ცენტრთან დაკარგა ბურთი, კონტრშეტევა ჰამბურგის ნახევარმცველმა იორდან ლეჩკოვმა დაიწყო და წამში კოსტადინოვი აკაკი დევაძეს შეატოვა. დანარჩენი ოსტატობის საქმე იყო – 1:0.

რაც შეეხება მეორე გოლს, იმ დროს საქართველოს ნაკრები ათი ფეხბურთელით იყო მოედანზე – ექიმები დაშავებულ გიორგი ჩიხრაძეს მოედნის კიდესთან მკურნალობდნენ. ამჯერად გიორგი ქინქლაძემ დაკარგა ცენტრთან ბურთი და სანამ ჯარიმას ითხოვდა, მასპინძლებმა სწორედ ჩიხრაძის ფლანგიდან შეუტიეს: ნასკო სირაკოვი, შემდეგ ლეჩკოვი, კვლავ პასი კოსტადინოვზე და – 2:0.

სოფიაში, ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე მყოფი სარბიელის და ქართული ფეხბურთის მიმომხილველების თქმით, ეს იყო ურთულესი შვიდწუთიანი მონაკვეთი, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი.

თამაშის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა:

„დღეს ჩვენი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელმაც გოლამდე თანაბარ თამაშში ჩაიარა. პირველი ბურთის ფაქტორი კი ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენ რომ გაგვეტანა, თამაშს სხვაგვარად წარვმართავდით…
ჩემი მოთამაშეების საკმაო ნაწილს საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება აკლია. ერთადერთი გუნდი საქართველოში, რომელიც უცხოეთის კლუბებს ეთამაშება, თბილისის დინამოა…
დღეს მასპინძლებს ბედიც სწყალობდათ და ცხადია, გამოცდილებამაც თავისი გაიტანა“.

ჩემის მხრივ დავძენ, რომ საქართველოს ნაკრების დამრიგებელი რუსულად პასუხობდა კითხვებს, ხოლო თარჯიმანი, რომელიც ქართული მედიისთვის ასევე რუსულად თარგმნიდა დიმიტარ პენევის კომენტარს, მთელი პრესკონფერენციის მსვლელობისას სიგარეტს ეწეოდა. მადლობა ბატონ გოგი თორაძეს კიდევ ერთხელ, რომ ეს კადრები შემოგვინახა. დამეთანხმებით, მწვრთნელებს შორის ჩამჯდარი მწეველი თარჯიმანი დღევანდელი გადასახედიდან ძალიან უცნაურად ჩანს…

რაც შეეხება ჩვენი გუნდის კაპიტანს, კახი ცხადაძემ ჯერ კიდევ თბილისში ნათქვამი სიტყვები გაიმეორა:

„გულშემატკივრებს ერთს ვეტყვი – ეს სრულიად ახალი, გამოუცდელი გუნდია. არა მგონია რეალურად მზად ვიყოთ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საბრძოლველად. ჯერ ბევრს ნუ მოსთხოვენ ნაკრებს, რამდენი მატჩი ვითამაშეთ, რომ საერთაშორისო გამოცდილება მიგვეღო? ამ ციკლის შემდეგ, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კი გულშემატკივრებმა აუცილებლად უნდა მოსთხოვონ ნაკრებს საფრანგეთის საგზური“.

ორი ტურის შემდეგ ჩვენი ეროვნული ნაკრები ნული ქულით, არცერთი გატანილი და სამი გაშვებული ბურთით უკანასკნელ, მეექვსე ადგილზე იყო. ლიდერი კი მოლდოვა გახლდათ, რომელმაც იმავე დღეს კიშინიოვში უელსს 3:2 აჯობა. ბრიტანელებმა ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა 78-ე წუთზე მესამე ბურთი გაუშვეს და თამაშის გადასარჩენად ძალა აღარ ეყოთ.

ალექსანდრე ჩივაძის ბიჭებმა მესამე ოფიციალურ მატჩში, 16 ნოემბერს, სწორედ უელსელებს უმასპინძლეს.

12 ოქტომბერი, 1994. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. ბულგარეთი, სოფია, ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნული სტადიონი. 48 000
ბულგარეთი 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 ემილ კოსტადინოვი (55), 2:0 ემილ კოსტადინოვი (62)
ბულგარეთი: დიმიტარ პოპოვი, ილიან კირიაკოვი, ტრიფონ ივანოვი, პეტარ ჰუბჩევი, ცანკო ცვეტანოვი, ზლატკო იანკოვი, იორდან ლეჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი, დანიელ ბორიმიროვი (ემილ კოსტადინოვი 54), ნასკო სირაკოვი (ლუბოსლავ პენევი 69), ხრისტო სტოიჩკოვი (კაპ)
მწვრთნელი: დიმიტარ პენევი
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, დიმიტრი კუდინოვი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 71), კახი გოგიჩაიშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გია გურული 77)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე, ზლატკო იანკოვი
მსაჯები: ლადისლავ გადოში; ი.ფაშენგი, გ.ზვოლანეკი (სლოვაკეთი)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 21 ივლისი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი ქართული ფეხბურთი; FIFA.com

ka_GEGeorgian