ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #17: ალბანეთი 0:1 საქართველო
„აქედანვე ვიტყვით, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ალბანეთთან მატჩის ნებისმიერ შედეგს, მოგების გარდა, წარუმატებლობად შევაფასებთ!
უელსთან თამაში სწორედ მომავალი გამარჯვებების საწინდრად გვჭირდება და არა უბრალოდ, გულის მოსაფხანად. არც იმისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ წარსულს კიდევ ერთხელ რომ შევტიროთ: გახსოვთ, უელსს 5:0 რომ მოვუგეთ, აბა, ფეხბურთი მაშინ იყო!
16 ნოემბრის მოგებამ უამრავი დივიდენდი მოგვიტანა. თუ გონივრულად გამოვიყენებთ, აბა ფეხბურთი მერე ნახეთ“!
ამ სიტყვებით დაასრულა უელსთან 1994 წლის 16 ნოემბრის თამაშის მიმოხილვა სარბიელის ჟურნალისტმა მამუკა ჩიხლაძემ.
ბრიტანელებთან იმ საოცარი გამარჯვების შემდეგ ეროვნულმა გუნდმა 1994 წლის უკანასკნელი თამაში მეტოქის მოედანზე გამართა და სპორტული ჟურნალისტების და გულშემატკივრების მოთხოვნა პირნათლად შეასრულა – 14 დეკემბერს ალბანეთს ტირანაში, ქემალ სტაფაზე 1:0 სძლია. გოლი შოთა არველაძემ გაიტანა მე-19 წუთზე.
ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად გაიმარჯვა მეტოქის მოედანზე!
ალექსანდრე ჩივაძემ რჩეული ფეხბურთელები 9 დეკემბერს, დილით შეკრიბა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე. იმავე საღამოს გუნდს კიევის დინამოს ფორვარდი მიხეილ ჯიშკარიანი და შეპეტივკის ტემპში მოთამაშე გიორგი ჩიხრაძე შეუერთდნენ, საბერძნეთსა და კვიპროსში გადასულმა თემურ ქეცბაიამ (ათენის აეკ), დიმიტრი კუდინოვმა (ნიქოზიის აპოელი) და გოჩა გოგრიჭიანმა (ნიქოზიის ომონია) კი სამწვრთნელო შტაბს რამდენიმე დღე გამოსთხოვეს, კლუბებში უკეთ მოვიკიდებთ ფეხს და პირდაპირ ტირანაში შემოგიერთდებითო.
შეკრების მესამე დღეს, 11 დეკემბერს, ეროვნულმა გუნდმა ბაზაზე ამხანაგური შეხვედრა გამართა თბილისის დინამოსთან და 2:4 დამარცხდა. 13 დეკემბერს, დილით კი ქართულმა დელეგაციამ გეზი ალბანეთისკენ აიღო.
წლის უკანასკნელი შეხვედრის გასაშუქებლად ეროვნულ გუნდს ხუთი ჟურნალისტი გაჰყვა და მათ შორის სარბიელელი ზურაბ მეძველია. მისი ვრცელი რეპორტაჟი 27 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა, ალბანეთში გამარჯვებიდან ცამეტი(!) დღის შემდეგ – ესეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ჭირდა გაზეთის გამოცემა იმ წლებში და რა წინააღმდეგობების დაძლევა უწევდათ სპორტულ ჟურნალისტებს საინტერესო სპორტული ამბების მკითხველამდე მისატანად.
წერილში „გამარჯვება არწივეთში“ (სარბიელი, #63; 27 დეკემბერი, 1994) ზურაბ მეძველია იხსენებს:
„ალბათ კარგა ხანია, თბილისის აეროპორტიდან ასეთი სიზუსტით თვითმფრინავი არ აფრენილა – როგორც დაგეგმილი იყო, სამშაბათს, დილის ათ საათზე, ორბის ხომალდი საფრენ ბილიკს მოსწყდა და გეზი ევროპის ყველაზე უცნაურ და წლების მანძილზე ლამის ყველასათვის ჩაკეტილი ქვეყნისაკენ აიღო.
ოთხსაათიანი ფრენისა და სამი სასაათო ზოლის გადალახვის შემდეგ ჩვენი თვითმფრინავი ტირანის პატარა აეროპორტში დაეშვა.
ოც წუთში ნაკრებს ათენი-ტირანის რეისით ჩამოფრენილი ქეცბაია, გოგრიჭიანი და კუდინოვი შეუერთდნენ. მათთან ერთად საბერძნეთიდან ალბანეთის ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ჩამოვიდა.
დამხვდურებმა აგვიხსნეს, რომ დაიდი ოტელში, სადაც ჩვენი ნაკრები უნდა დაბინავებულიყო, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრებისთვის ადგილი ვეღარ მოიძებნებოდა, ვინაიდან იქ შავი ზღვის აუზის ქვეყნების კონფერენცია ტარდებოდა. რა გზა იყო, სხვა ქალაქში უნდა გვეცხოვრა. რასაკვირველია, ამ პერსპექტივას არ აღუფრთოვანებივართ, მაგრამ როცა ტირანიდან ორმოციოდ კილომეტრში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ დურესის ერთ-ერთ სასტუმროში მოგვათავსეს, ხასიათი გამოგვიკეთდა, მით უმეტეს, რომ ჩვენთან ერთად იქ ალბანეთის ნაკრებიც ცხოვრობდა.
ჟურნალისტს მეტი რა უნდა – მტრის ზურგში რომ ამბებს გაიგებ, შენთვისაც კარგია და ნაკრებისთვისაც! იმავე საღამოს ჩივაძემ უკვე იცოდა, რომ გერმანიასთან გოლის გამტანი ზმიიანი და ნახევარმცველი მილო არ ითამაშებდნენ. ეს ალბანეთის ნაკრების მწვრთნელ ნეპტუნ ბაიკოსთან საუბარში შევიტყვე“…
სასტუმროში დაბინავების შემდეგ ეროვნულმა გუნდმა ქემალ სტაფას სახელობის სტადიონს მიაკითხა, მცირე ხანს ივარჯიშა და შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები დასასვენებლად დაითხოვა.
14 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 14 საათზე, ათ ათასამდე მაყურებლის თვალწინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის უკანასკნელი თამაში დაიწყო. რაც შეეხება მასპინძლებს, მათ ოთხი დღის შემდეგ კაიზერსლაუტერნში, ფრიც ვალტერის სახელობის სტადიონზე გერმანიასთან სტუმრობა ელოდათ…
ზურაბ მეძველიას რეპორტაჟიდან: „ბურთი თამაშში მასპინძლებმა შეიყვანეს და მყისვე გაირკვა, რომ მათი მწვრთნელი ჩვენებს მართლა გვარიანად დაეფრთხოთ – წინ მხოლოდ ალტინ რაკლი გაამწესეს და ძირითადად ბუქარესტის დინამოს ნახევარმცველისა და ალბანეთის ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრათა რეკორდსმენის, სულეიმან დემოლარის ცენტრში თამაშის იმედად იყვნენ.
პირველ ათ წუთში სახეირო არაფერი შექმნილა – ჩვენები მძიმეგრუნტიან, უსწორმასწორო მოედანს ეჩვეოდნენ, ალბანელები კი ერთობ ფრთხილობდნენ“.
თუმცა მალე სიტუაცია შეიცვალა და საქართველოს ნაკრების შეტევები სახიფათო გახდა, მე-19 წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა: კახი გოგიჩაიშვილმა ზაზა რევიშვილი ფლანგზე გაიყვანა, მან საჯარიმოში ჩააწოდა, მეკარე ფოტო სტრაკოშა გამოსვლაზე შეცდა, ბურთს ვერ შეწვდა და შოთა არველაძემაც ცაციათი საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი საგარეო გოლი გაიტანა – 1:0!
ეს იყო შოთას მეოთხე გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით და ამ შედეგით ის პირველ ადგილზე მდგარ თემურ ქეცბაიას გაუთანაბრდა. ამავდროულად, არველაძემ ჩვენი გუნდის ისტორიაში მეათე ბურთი გაიტანა მეტოქის მოედანზე.
სარბიელის რეპორტაჟიდან: „!!! – მხოლოდ ამ სასვენი ნიშნით შეიძლება შეფასდეს ჩვენი ნაკრების თამაში მომდევნო ოც წუთში. ასე აქ გერმანელებსაც არ უთამაშიათო, გვეუბნებოდნენ ალბანელი კოლეგები.
მურთაზ შელია (დისკვალიფიცირებული კახი ცხადაძის არყოფნაში კაპიტანი ის გახლდათ – ლ.გ.) და დიმიტრი კუდინოვმა ცენტრი საიმედოდ რომ ჩაკეტეს, ალტინ რაკლიმ მარჯვენა ფლანგზე სცადა გადასვლა, მაგრამ იქ გიორგი ჩიხრაძე დაუხვდა კაცურად.
ჩვენებმა შეატყვეს, რომ მასპინძელთა მარცხენა მცველი, გლაზგოს სელტიკის ფეხბურთელი რუდი ვატა იმ დღეს მთლად ჯანზე ვერ იყო და მისი ფრთა კახი გოგიჩაიშვილმა და ზაზა რევიშვილმა აიკლეს. (მასპინძელთა თავკაცმა ნეპტუნ ბაიკომ ვატა 30-ე წუთზე შეცვალა – ლ.გ.)
კიდევ ერთხელ გამაოცა ზაზამ: დაცვაში ხომ საქმეს ჩინებულად გაუძღვა, ყოველ ორ წუთში მეტოქის დაცვისთვისაც იცლიდა და შავ დღეს აყრიდა ვატას, ამიტომაც ჩვენების მომდევნო ორი საგოლე მომენტი სწორედ მან შექმნა: 24-ე წუთზე მისი დარტყმა სტრაკოშამ რის ვაი-ვაგლახით კუთხურზე მოიგერია, ხუთიოდ წუთში კი მარჯვნიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში სტრაკოშამ კვლავ ივარგა და ფეხით ბურთი კვლავ კუთხურზე გადააგდო.
მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი, რომ მეორე ტაიმში, როცა ჩვენ ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, რევიშვილი კვლავ შეუვალი იყო და ორ-სამჯერ მეტოქეს კვლავაც შეუტია. მოკლედ, ჩემი აზრით, ფიზიკურად ასეთი გამძლე და ამავდროულად ჩქარი ფეხბურთელი საქართველოს კარგა ხანია არ ჰყოლია.
თამაშის ამავე პერიოდში ჩვეულად გაიბრწყინა ქინქლაძემ, რომლისთვისაც არც მძიმე გრუნტი არსებობდა და არც ოღრო-ჩოღრო მოედანი. იგი თავს ისე გრძნობდა, თითქოს უემბლიზე თამაშობსო.
სწორედ მან წამოიწყო მატჩის ყველაზე ლამაზი კომბინაცია – ორი ალბანელი მოატყუა, კედელი გაითამაშა გელა ინალიშვილთან და ბურთი შოთას მიაწოდა. მისი დარტყმა კარს მცირედით ასცდა“.
მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და პირველად არველაძემ, შემდეგ კი ქინქლაძემ აკაკი დევაძის კართან მიახლოებული ალბანელები წესის დარღვევით შეაჩერეს. ორივე საჯარიმო დარტყმა დემოლარიმ შეასრულა და საქართველოს ნაკრები ორივე შემთხვევაში გადარჩა – ბურთი ძელმა აისხლიტა.
უკანასკნელ ნახევარ საათს თამაში გათანაბრდა, სულ ბოლოს კი თემურ ქეცბაიას შეეძლო მეორე ბურთის შეგდება, თუმცა მის დარტყმას სტრაკოშა და შეცვლაზე შესული საიმირ მალკო ერთობლივად გადაეღობნენ. რამდენიმე წამში უნგრელმა არბიტრმა ლასლო მოლნარმა მატჩი დაასრულა.
ამ გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე აღზევდა: ექვსი ქულით ორიდან ორი მატჩის მომგებ ბულგარეთს გაუთანაბრდა, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო, ლიდერი ვერ გახდა.
14 დეკემბერი, 1994. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. ალბანეთი, ტირანა, ქემალ სტაფა. 9 700
ალბანეთი 0:1 საქართველო
გოლი: 0:1 შოთა არველაძე (19)
ალბანეთი: ფოტო სტრაკოშა, გიერგი დემა, სალვატორ კაჩაი, არიან ჩუმბა, რუდი ვატა (ილირ შულკუ 30), არტურ ლეკბელო (საიმირ მალკო 46), ინდრიტ ფორტუზი, არიან ბელაი, ბლედარ კოლა, ალტინ რაკლი, სულეიმან დემოლარი (კაპ)
მწვრთნელი: ნეპტუნ ბაიკო
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, დიმიტრი კუდინოვი, მურთაზ შელია (კაპ), გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი (მიხეილ ჯიშკარიანი 63), გელა ინალიშვილი, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, გოჩა გოგრიჭიანი, შოთა არველაძე (გოჩა ჯამარაული 72)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: გიორგი ქინქლაძე, საიმირ მალკო, თემურ ქეცბაია
მსაჯები: ლასლო მოლნარი; შილადი, ვარგა (საფრანგეთი)
11 დეკემბერი, 1994. არაოფიციალური ამხანაგური. თბილისი, დინამოს დიღმის ბაზა
საქართველო 2:4 დინამო (თბილისი)
გოლები: გელა ინალიშვილი, გიორგი ქინქლაძე
საქართველო: აკაკი დევაძე (ირაკლი ზოიძე), ბესიკ ბერაძე, გიორგი ჩიხრაძე, მურთაზ შელია, ზაზა რევიშვილი, კახი გოგიჩაიშვილი (გიორგი კიკნაძე), გელა ინალიშვილი (ლევან ცქიტიშვილი), გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, შოთა არველაძე (მიხეილ ყაველაშვილი)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 აგვისტო)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; თამაშის ბილეთი