ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #20: უელსი 0:1 საქართველო
ტექნიკური ქართველები, რომლებმაც შემოდგომით ხუთი გოლი გაუტანეს უელსს, ამჯერად ერთით დაკმაყოფილდნენ. უელსელთა იერიშები ბოლო წუთებში უფრო წყვდიადში დარტყმებს ჰგავდა…
ჯოუნსმა ახალი სირცხვილი აჭამა უელსს! ეს კაცი პირველად დეკემბერში ვნახეთ და მას მერე ველოდებით, როდის გააგდებენ მოედნიდან. უელსის ახალმა „ვარსკვლავმა“ ბოროტად ჩაარტყა ყაველაშვილს და ერთადერთი გამართლება ის იყო, რომ მოედანი ულაპარაკოდ დატოვა…
სეზონი ჯოუნსმა ისე დაასრულა, როგორც იქცეოდა: უიმბლდონში ორჯერ გააგდეს, ერთხელ რეპორტიორს უკბინა, მერე კი კევინ კიგანს უპირებდა ცემას, რის გამოც საფეხბურთო ასოციაციამ დააჯარიმა...
ასე გამოეხმაურა გაზეთი ინდეფენდენთი 1995 წლის 7 ივნისს, კარდიფში, არმზ პარკზე გამართულ შეხვედრას, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მასპინძელ უელსს გიორგი ქინქლაძის ეფექტური გოლით მოუგო.
ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ამ მოგებით შვიდ მატჩში თორმეტ ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. საშემოდგომო თამაშების წინ ქართველებს მხოლოდ ბულგარელები (18 ქულა 6 მატჩში) და გერმანელები (13, 6) უსწრებდნენ.
გიორგი ქინქლაძე, ვისი მონაწილეობაც ამ შეხვედრაში საეჭვო იყო, ულამაზესი გოლით თამაშის გმირი გახდა, ანტიგმირად კი 30 წლის ვინი ჯოუნსი მოგვევლინა, რომელმაც იმ დღეს მხოლოდ მეოთხედ ითამაშა უელსის მთავარ გუნდში. ინდეფენდენთის დარად, სხვა ბრიტანული გამოცემებიც მას მიიჩნევდნენ წაგების მთავარ მიზეზად.
თაიმსი: „ჯოუნსთან ერთად მოედნიდან უელსის უკანასკნელი იმედი გავიდა. უელსელებმა, სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო შეკრულებმა ითამაშეს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ.
ფეხმარდმა ქართველმა არტისტებმა გოლის გატანა კი დაიგვიანეს, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე ჩვიდმეტი წუთით ადრე უბრწყინვალესი ბურთი შეაგდეს: ქინქლაძემ დაინახა, რომ საუთჰოლი კარს გამოსცდა და ოცი იარდიდან დიდებულად დაკიდებული ბურთი გაგზავნა კარში“.
გარდიანი: „ვინი ჯოუნსმა მეცხრე წითელი ბარათი მიიღო კარიერაში! მან შეარცხვინა ის ქვეყანა, რომელმაც იშვილა – ჯოუნსის მკვდარი ბაბუა ყოფილა უელსელი… ის სმიტმა დააწინაურა გუნდში, მაგრამ ამ თამაშით მისი ევროპული კარიერა დასრულდა. უელსელთა მთავარ მწვრთნელს კი ოქტომბერში, ალბათ, მოხსნიან, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრამდე აქვს კონტრაქტი.
ყველაზე საკვირველი კი მაინც ის იყო, რომ ქართველებმა მხოლოდ თამაშის მიწურულს გაიტანეს გოლი“.
ჯოუნსმა, ვინც მალევე დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და მოგვიანებით რეჟისორ გაი რიჩის ფილმებში შესრულებული როლებით გაითქვა სახელი, წითელი მარათი მიხეილ ყაველაშვილისთვის ჩაზელილი წიხლის გამო დაიმსახურა. 28-ე წუთზე უელსელმა ჯერ უხეშად ითამაშა ქართველის წინააღმდეგ, წამში კი, როცა მეტოქე მინდორზე დავარდა, წიხლიც მიაყოლა. ფინელი არბიტრის ილკა კოჰოს რეაქციამაც არ დააყოვნა.
სხვათა შორის, ჯოუნსი ამ თამაშის ოფიციალური პროგრამის პირველ გვერდს ამშვენებდა. და აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც: 1990 წლის მაისში, ლიეტუვასთან თბილისში გამართული ამხანაგური შეხვედრიდან დაწყებული, უელსელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით გამართულ თამაშებში პირველი გაძევებული ფეხბურთელია.
გიორგი ქინქლაძემ კი ის ზღაპრული გოლი, რომელსაც დღემდე სიამოვნებით ვიხსენებთ გულშემატკივრები, 73-ე წუთზე გაიტანა: მან ჩვენი ნახევრიდან წაიღო ბურთი, ცენტრთან მისულმა კახი გოგიჩაიშვილს მიაწოდა მარჯვენა ფლანგზე, სამტრედიის გარემარბმა ოდნავ წაიწია და მალევე უკან დაუბრუნა და ქინქლაძემაც, დაახლოებით ათმეტრიანი გარბენის შემდეგ, ბურთს ტერფი ამოჰკრა და კარიდან წინ გამოსული ნევილ საუთჰოლი სახტად დატოვა – 0:1!
„ბურთი გოგიჩაიშვილისგან მივიღე, მათი კაპიტანი ბარი ჰორნი მომდევდა, საჯარიმომდე ხუთი მეტრიღა რჩებოდა… დავინახე საუთჰოლი ოდნავ წინ გამოსულიყო, მეც ამას ველოდი, ფეხი მოვიქნიე, თითქოს ძლიერად ვურტყამდი, ბურთი კი ჭვინტით ავუტრიალე საუთჰოლს თავს ზემოთ… მან თვალიღა გააყოლა, მიხვდა, რომ ვეღარაფერს გახდებოდა და გადახტომა არც უცდია“, – ეს სიტყვები გიორგი ქინქლაძემ გაზეთ სარბიელის ჟურნალისტს, ზურაბ მეძველიას კარდიფში, თამაშის შემდეგ განუცხადა.
ცნობისათვის: ეს ქინქის მეორე ბურთი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით. პირველი 1994 წლის ნოემბერში შეუგდო ასევე უელსელებს, თბილისში, იმ ტკბილადმოსაგონარ მატჩში.
„ყველამ კარგად იცით, რომ უელსში საუკეთესო შემადგენლობით ვერ მივემგზავრებით. ტრავმირებულები არიან დიმიტრი კუდინოვი, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, ნუგზარ ლობჟანიძე, ზაზა რევიშვილი და გიორგი ღუდუშაური. ეს უკანასკნელი აგერ, ახლახანს დაშავდა… რაც შეეხება ქინქლაძეს, ის ალბანეთთან თამაშის წინ გამოგვაკლდა და მას შემდეგ თვენახევარია არ უთამაშია. ახლაც არ ვიცი რამდენად მზადაა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩისთვის“, – ამ სიტყვებით დაიწყო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ 4 ივნისს, დიღომში, დინამოს ბაზაზე გამართული პრესკონფერენცია.
ეროვნული გუნდი კვლავ იქ შეიკრიბა. ტრავმების გამო ჩივაძის განკარგულებაში მხოლოდ თხუთმეტი მოთამაშე იყო:
მეკარეები: აკაკი დევაძე (როსტსელმაში, რუსეთი), ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო);
მცველები: კახი ცხადაძე (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია), მურთაზ შელია (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), გიორგი ჩიხრაძე (შეპეტივკის ტემპი, უკრაინა), ბესიკ ბერაძე (თბილისის დინამო);
ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია (ათენის აეკ, საბერძნეთი), გელა ინალიშვილი (ტენის ბორუსია, გერმანია), გიორგი ქინქლაძე და ლევან ცქიტიშვილი (ორივე თბილისის დინამო), გიორგი კილასონია (რუსთავის მეტალურგი), კახი გოგიჩაიშვილი (სამტრედია);
თავდამსხმელები: შოთა არველაძე (ტრაბზონსფორი, თურქეთი), მიხეილ ყაველაშვილი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), თემურ ტუღუში (ბათუმი).
ამ სიას კიდევ ერთი დინამოელი დაემატა, მცველი მამუკა მაჭავარიანი, თუმცა ის უელსში ვერ გაემგზავრა – ბრიტანეთში შესასვლელი საბუთების გაფორმება ვეღარ მოესწრო.
ჩივაძის პრესკონფერენციის შემდეგ ნაკრებმა და დინამომ ითამაშეს. ის შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა ამ შემადგენლობით ჩაატარა: დევაძე (მეორე ნახევარში ზოიძემ შეცვალა); ბერაძე (ცქიტიშვილი), ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე; ინალიშვილი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე; ყაველაშვილი, შოთა არველაძე.
შესვენებამდე დინამოს კარში, რომელსაც ირაკლი ზოიძე იცავდა, ორი გოლი გავიდა – ჯერ ყაველაშვილმა შეაგდო, მერე არველაძემ. მეორე ტაიმში კი დინამოს კარში აკაკი დევაძემ გადაინაცვლა და სწორედ ის დასაჯა ქინქლაძემ. როგორც სარბიელის ჟურნალისტი და იმ თამაშის ერთ-ერთი თვითმხილველი მამუკა კვარაცხელია წერდა (#30; 6 ივნისი, 1995): „ქინქლაძემ ისე ლამაზად გადაუგდო ბურთი თავზე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს, რომ აპლოდისმენტებისგან თავი ვერავინ შეიკავა“. როგორც ჩანს, გიორგი კარდიფამდე ვარჯიშობდა ასეთ დარტყმებში…
სიტყვამ მოიტანა და ამასაც აღვნიშნავ: სარბიელმა მესამედ გამოავლინა საქართველოს სეზონის უძლიერესი მოთამაშე და ტიტული პირველად მოიპოვა მეკარემ – როსტოვის როსტსელმაშის გოლკიპერი აკაკი დევაძე ჟურნალისტებმა საუკეთესოდ აღიარეს. ცნობისათვის: დევაძე დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ამ რეფერენდუმში გაიმარჯვა…
საქართველოს ეროვნული და ოლიმპიური ნაკრები გუნდები უელსში 5 ივნისს გაემგზავრნენ. ერთი დღის შემდეგ, არმზ პარკის სათადარიგო მოედანზე, ახალგაზრდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და ისევე როგორც თბილისში, კვლავ ბრიტანელებმა გაიხარეს, თუმცა ამჯერად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით – 5:1. არადა პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა – ტერი ევანსის გოლი ბათუმელმა ამირან მუჯირმა ტაიმის უკანასკნელ წამებზე გაქვითა…
ახალგაზრდული ნაკრების კარს იმ მატჩში დავით გვარამაძე იცავდა, რომელიც მეორე დღეს ეროვნული გუნდის განაცხადში გამოჩნდა. საქმე ისაა, რომ ზოიძე მატჩისწინა ვარჯიშზე დაშავდა და ჩივაძემაც სასწრაფოდ უხმო სათადარიგო მეკარეს.
5 ივნისს, საღამოს, ჯერ ჩივაძის, შემდეგ კი უელსელთა მთავარი მწვრთნელის მაიკ სმიტის პრესკონფერენცია გაიმართა. ქართველთა თავკაცმა ომი დააანონსა, მისმა კოლეგამ კი თქვა: „თბილისში წაგების გამო რაიმე განსაკუთრებული ემოციები არ მაწუხებს. იმ შეხვედრის მერე არავისთვის მისაყვედურია, რადგან თბილისში ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ იმ დღეს ქართველები შეუდარებელნი იყვნენ. რაც შეეხება ამ მატჩს, უბრალოდ მინდა, რომ ხვალ კარგად ვითამაშოთ“.
7 ივნისს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, წითელ ფორმაში გამოწყობილი უელსელების და თეთრი მაისურებითა და შავი შორტებით მოთამაშე ქართველების მეორე დაპირისპირება დაიწყო. შეხვედრას ზუსტად 8241 მაყურებელი დაესწრო.
ვინი ჯოუნსის და მიხეილ ყაველაშვილის ორთაბრძოლა თავში ვახსენე, რაც შეეხება შესვენებამდელ საინტერესო მომენტებს, დაწვრილებით რომ არ აღვწერო, გეტყვით: მიხეილ ყაველაშვილმა სამჯერ, თემურ ქეცბაიამ ორჯერ და ერთხელაც მურთაზ შელიამ დაარტყეს მასპინძელთა კარისკენ, 36-ე წუთზე კი მინდორზე ჩვენი გუნდის ექიმები შევარდნენ – იან რაშმა აკაკი დევაძეს ხელზე დააბიჯა და მეკარეს დახმარება დასჭირდა.
მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა უფრო გამოიკვეთა და ქინქლაძის გოლამდე და მას შემდეგ საუთჰოლის კარისკენ ლამის ყველამ დაარტყა, მათ შორის კახი ცხადაძემ (მან იმ დღეს მეათედ მოირგო კაპიტნის სამკლავური), გიორგი ჩიხრაძემ და ბესიკ ბერაძემ, ხოლო შოთა არველაძემ სულაც ხარიხა შეაზანზარა.
73-ე წუთზე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მორიგი დებიუტანტი გამოჩნდა: თბილისის დინამოს თვრამეტი წლის ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი, რომელმაც ყაველაშვილი შეცვალა. გემახსოვრებათ: ჩივაძე ლევანის გამოცდას ჯერ კიდევ თბილისში, ალბანელების წინააღმდეგ აპირებდა, მაგრამ მაშინ შელიას ტრავმამ შეუშალა ხელი.
89-ე წუთზე, უელსელთა ორი, მეტ-ნაკლებად სახიფათო იერიშის მოგერიების შემდეგ, მსაჯმა დევაძე დროის გაყვანისთვის გააფრთხილა.
ორ წუთში თამაშიც დაასრულდა. ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა მეთხუთმეტედ ითამაშა, ისტორიაში კი მეოცედ.
მთავარმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ თბილისში, კარდიფში გამგზავრებამდე თქვა, რომ ზაფხულში ეროვნული გუნდი ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებდა, თუმცა ასე არ მოხდა და ნაკრებიც მხოლოდ აგვისტოს მიწურულს, გერმანიასთან თამაშის წინ შეიკრიბა.
7 ივნისი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. უელსი, კარდიფი, არმზ პარკი. 8 241
უელსი 0:1 საქართველო
გოლები: 0:1 გიორგი ქინქლაძე (73)
უელსი: ნევილ საუთჰოლი, დევიდ ფილიპსი, მარკ ბოუენი, ვინი ჯოუნსი, კიტ საიმონსი, ედრიან უილიამსი, ბარი ჰორნი (კაპ), დინ სონდერსი (ჯონ ჰარტსონი 84), იან რაში, მარკ ჰიუზი (მარკ პემბრიჯი 84), ჯონ კორნფორტი
მწვრთნელი: მაიკ სმიტი
საქართველო: აკაკი დევაძე, ბესიკ ბერაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გელა ინალიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი (ლევან ცქიტიშვილი 73), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გიორგი კილასონია 87)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: გიორგი ჩიხრაძე, აკაკი დევაძე
გაძევება: ვინი ჯოუნსი (28)
მსაჯები: ილკა კოჰო; ტ.ილი-კარო, ი.სიობლომი (ფინეთი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 31 აგვისტო)
ფოტო: მატჩს ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი; ინტერნეტი