ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #21: გერმანია 4:1 საქართველო

„ნიურნბერგის პროცესი: განაჩენი გამოტანილია“ – ასე დაასათაურა გაზეთმა სარბიელმა (#56; 8 სექტემბერი, 1995) ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში ოცდამეერთე მატჩი, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები გერმანიასთან 1:4 დამარცხდნენ.
ეს იყო ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მერვე თამაში, იმავდროულად ბოლოსწინა მატჩი მეტოქის მოედანზე და მეოთხე მარცხი. გერმანიამ კი ზედიზედ მეოთხე შესარჩევ შეხვედრაში გაიმარჯვა და ჯგუფის ლიდერ ბულგარეთს ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა.

მატჩის ტრანსლირების უფლება საქართველოს ტელევიზიამ მაღალი ფასის გამო ვერ შეიძინა. მხოლოდ ის შეძლო, რომ ლეგენდარული კოტე მახარაძე მიავლინა რადიორეპორტაჟისთვის. ნიურნბერგიდან თამაშის დეტალებს სწორედ ბატონი კოტე გვაცნობდა.

თუმცა იმ წლებში ბევრი თბილისელი სარგებლობდა საკაბელო ტელევიზიით და არაერთმა გულშემატკივარმა გერმანიიდან პირდაპირი ტრანსლაციაც სწორედ ასე იხილა. ჩემდა სამწუხაროდ, იღბლიანთა შორის ვერ მოვხვდი, რადგან სექტემბრის იმ დღეებში სოფელში ვისვენებდი, იქ კი საკაბელო ტელევიზია ჯერ შესული არ იყო. ამიტომ, იძულებული ვიყავი რადიორეპორტაჟის პარალელურად რუსეთის პირველი არხისთვის მედევნებინა თვალი, სადაც ფარერის კუნძულების და თავისი ნაკრების შესარჩევ მატჩს გადასცემდნენ.

ახლაც მახსოვს რას ვგრძნობდი გერმანია-საქართველოს თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში, როცა კოტე მახარაძემ თემურ ქეცბაიას გოლის გვახარა, ტოფტირში კი ფარერის კუნძულები 2:1 დაწინაურდა. ვოცნებობდი ორივე თამაში იმ წუთს დასრულებულიყო!

მაგრამ ასე არ მოხდა: ჩვენი, ქართველი გულშემატკივრების სიხარული მხოლოდ ათ წუთს გაგრძელდა – გერმანელებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს ანგარიში, იქ, ტოფტირში კი…

უელსში გიორგი ქინქლაძის ულამაზესი გოლით მოგების შემდეგ თბილისში დაბრუნებულმა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ გერმანიის ნაკრებთან თამაშამდე ერთი საწვრთნელი შეხვედრის შესახებ თქვა. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ჩვენმა გუნდმა სპარინგ-პარტნიორი ვერ გამოძებნა და მხოლოდ თბილისური შეკრებით დაკმაყოფილდა.

იმ ზაფხულს ეროვნული გუნდი საქმეში ვერ ვიხილეთ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთისთვის ორი მნიშვნელოვანი ამბავი მაინც მოხდა.

15 ივლისს გიორგი ქინქლაძე თბილისის დინამოდან პირდაპირ ინგლისის პრემიერლიგაში, მანჩესტერ სიტიში გადავიდა! სატრანსფერო თანხამ ორი მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ქინქლაძე, მგონი, ყველაზე პოპულარული ქართველი გახლდათ.

რაც შეეხება მეორე მოვლენას, ეს უეფას შვედი პრეზიდენტის ლენარტ იუჰანსონის ვიზიტი იყო. ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის ხელმძღვანელი აგვისტოს მიწურულს ესტუმრა თბილისს, ზუსტად იმ დღეებში, როცა ეროვნული გუნდი დიღომში, გერმანიასთან მატჩისთვის შეიკრიბა.

თბილისის დინამოს საწვრთნელი ბაზის, რამდენიმე სტადიონის და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, იუჰანსონმა 30 აგვისტოს, სასტუმრო მეტეხში გამართული პრესკონფერენცია ერთგვარი წინასწარმეტყველებით დაასრულა: „პატარა ქვეყნების ბედია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება. ეს შეუქცევადი პროცესია და გირჩევთ აქცენტი ბავშვთა ფეხბურთზე გააკეთოთ“. მომდევნო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ შვედი მაღალჩინოსნის რჩევა ჩვენში ყურად არ იღეს…

თუ მარტში, გერმანელთა სტუმრობის წინ, ბევრმა გაზეთმა გამოსცა სპეციალური ნომერი, ამჯერად მხოლოდ ერთი დაისტამბა – სარეკლამო სააგენტო ფენიქსის ერთჯერადი სპორტული დამატება „საფეხბურთო რუბიკონთან“, რომელიც სპორტულმა ჟურნალისტებმა მიხეილ აბაიშვილმა და რევაზ შენგელიამ შეადგინეს.

საინტერესო ინფორმაციებთან ერთად გაზეთი ქომაგებს სამი კითხვისგან შემდგარ კონკურსსაც სთავაზობდა: მკითხველს მატჩის ანგარიში და ორივე გუნდიდან პირველი გოლების ავტორები უნდა გამოეცნო. მთავარ პრიზად ასი ამერიკული დოლარი და სამი ფოტოაპარატი პოლაროიდი დაწესდა…

ეროვნულმა ნაკრებმა პარაკევს, 1 სექტემბერს, უკანასკნელად ივარჯიშა თბილისში და მეორე დღეს გერმანიაში გაემგზავრა. ზოგადად მიღებულია, რომ გუნდი მასპინძელ ქვეყანაში მატჩამდე ორი დღით ადრე ჩადის, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის პირადი კავშირების წყალობით, ქართველებს კიდევ ორი დღით უმასპინძლეს.

„გერმანელებმა საუკეთესო პირობები შეგვიქმნეს, ის დღეები ეროვნულმა გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა – ორჯერადი ვარჯიში, კვება, აღდგენითი პროცედურები… ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული! ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციას ნიურნბერგის და რეგენსბურგის მუნიციპალიტეტებშიც გვიმასპინძლეს“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემ თბილისში დაბრუნების შემდეგ.

ჩვენი ეროვნული გუნდი ნიურბერგიდან ათ კილომეტრში დაბინავდა. ის დღეები ნაკრებთან ერთად გაატარა კაპიტანმა კახი ცხადაძემ, ვისაც მუხლი აწუხებდა და რომლის თამაში არათუ ნიურნბერგში, წლის ბოლომდე გამორიცხული იყო.

მატჩამდე ორი დღით ადრე გერმანიის საფეხბურთო კავშირმა დაადასტურა, რომ ფრანკენშტადიონის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, ხოლო ის, რომ ბუნდესგუნდი ისტორიაში მეთერთმეტედ ითამაშებდა ამ ქალაქში, სტატისტიკოსებმა ამცნეს ქომაგებს.

გერმანიის მთავარმა საფეხბურთო გუნდმა იქ პირველად 1924 წლის 13 ნოემბერს ითამაშა ავსტრიასთან და 4:3 გაიმარჯვა, საქართველომდე ჩატარებული ათი მატჩიდან კი ექვსი მოიგო, სამჯერ ფრეს დასჯერდა და ერთადერთხელ დამარცხდა, 1965 წლის 12 მაისს ინგლისთან, 0:1…

5 სექტემბერს, რეგენსბურგის იანშტადიონზე, ახალგაზრდულებმა ითამაშეს. ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა შოთა ჭეიშვილმა გაზეთ შპორტს კი უთხრა, გუნდი გადახალისების პროცესშია და გვინდა რომ დიდი ანგარიშით არ დავმარცხდეთო, მაგრამ ასე არ მოხდა: კარსტენ რამელოვმა, ანდრე ბრაიტენრაიტერმა და ალექსანდრ ციკლერმა ბოლო ნახევარ საათში სამი უპასუხო გოლი გაუტანეს დავით ჯანელიძეს. ჭეიშვილის თანაშემწე ელგუჯა გუგუშვილმა მარცხში მთავარ დამნაშავედ ესტონელი არბიტრი მიიჩნია, რომელმაც, მისი თქმით, 0:0-ზე ჯერ უსამართლოდ გააუქმა გიორგი კიკნაძის გოლი, ხოლო მეორე ტაიმში გიორგი ღუდუშაურის წინააღმდეგ საჯარიმოში აშკარა უხეშობა ვერ შენიშნა.

„ჩვენებმა ორი შესარჩევი მატჩი ითამაშეს უჩემოდ და ორივე მოიგეს. იქნებ ამჯერადაც ასე მოხდეს?! ლოთარ მათეუსი, მათიას ზამერი, ანდრეას კეპკე, მარიო ბასლერი და შტეფან როიტერი ვერ ითამაშებენ, ეს უკვე ცნობილია… ცუდ ფორმაშია იურგენ კლინსმანიც… ახლა მთავარია ჩვენ დავდგეთ მაგრად და თუ ეს შევძელით, დიდი შანსია სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – ეს სიტყვები ცხადაძემ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს ფრანკენშტადიონზე, მატჩის წინა საღამოს გამართულ ვარჯიშზე განუცხადა.

მეორე დღეს, გერმანიის დროით 19:45 საათზე, ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა დაიწყო. ქართველებმა ძირითადი, თეთრ-შავი ფორმით შეაბიჯეს მინდორზე, მასპინძლებმა კი სათადარიგო, მწვანე მაისურებით და თეთრი შორტებით.

თამაშის დაწყებამდე გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ეგიდიუს ბრაუნმა ნაკრების კაპიტანს იურგენ კლინსმანს ეგრეთ წოდებული ერთგულების ბეჭედი გადასცა. მიუნხენის ბაიერნის 31 წლის შემტევმა იმ დღეს 75-ედ მოირგო ნაკრების მაისური და სწორედ ამ ნიშნულისთვის დაჯილდოვდა.

კლინსმანის შემდეგ მოედანზე ფრანც ბეკენბაუერს უხმეს, რომელიც 11 სექტემბერს 50 წლის ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით გერმანიის საფეხბურთო კავშირმა კაიზერ-ფრანცს ოცდახუთი ათასი მარკა უსახსოვრა, კლინსმანმა კი ნაკრების წევრთა ავტოგრაფებით დამშვენებული მაისური გადასცა, რომელსაც ბეკენბაუერის გვარი და რიცხვი 50 ამშვენებდა.

ხანმოკლე ცერემონიის შემდეგ შოტლანდიელმა არბიტრმა ჯიმ მაკლასკიმ სასტვენს ჩაბერა და თამაშიც დაიწყო. ცხადაძის ვარაუდი, რომ წამყვანი ფეხბურთელების არყოფნა გერმანელებს აუცილებლად დაეტყობოდათ, ნაწილობრივ გამართლდა: ბუნდესგუნდი მხოლოდ ტაიმის შუაში დაეუფლა ინიციატივას, ისიც დიდებულად მოთამაშე თომას ჰესლერის ხარჯზე, რომელმაც საქართველოს ნაკრების მარცხენა ფრთას უბრალოდ შავი დღე აყარა.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩივაძემ, ცხადაძის არყოფნაში, შელიას დაცვის ცენტრში დებიუტანტი გოჩა გუჯაბიძე შეუწყვილა (ეს მისი პირველი და უკანასკნელი მატჩი გამოდგა ეროვნულ გუნდში), ერთადერთი ცენტრფორვარდის შოთა არველაძის დახმარება კი მიხეილ ყაველაშვილს, თემურ ქეცბაიას და გიორგი ქინქლაძეს დაავალა.

ბურთს მეტწილად მასპინძლები კი ფლობდნენ, თუმცა კარში პირველად ქართველებმა დაარტყეს: მე-17 წუთზე არველაძე ჩვენი ნახევრიდან დაიძრა, გერმანელთა საჯარიმომდე იარა, შემდეგ მარცხნივ ქეცბაიას დაუგორა, ამ უკანასკნელის დარტყმა კი ოლივერ კანმა მოიგერია. 26 წლის გოლკიპერი იმხანად უკვე ბაიერნის ძირითადი მეკარე იყო, მაგრამ ნაკრების კარში მხოლოდ მეორედ გამოჩნდა.

24-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, თუმცა აკაკი დევაძემ დიდებული ნახტომით მოიგერია კლინსმანის თავური დარტყმა. იმ ეპიზოდმა სარბიელის ჟურნალისტს ილია ბაბუნაშვილს მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე ბრაზილია-ინგლისის თამაშისას გორდონ ბენქსის მიერ მოგერიებული პელეს თავური დარტყმა გაახსენა. წერილში „ბედნიერების ათი წუთი კატასტროფამდე“ (სარბიელი, #56; 8 სექტემბერი, 1995), ვკითხულობთ:

„ჩვენი მეკარის აკაკი დევაძის თამაშმა ყველას, ვინც შეხვედრას უყურებდა, გერმანელს თუ ქართველს, სუნთქვა შეუკრა. ჰესლერის ჩაკიდებულს კლინსმანმა თავური შეაგება და მაშინ, როდესაც ყველას გოლი ეგონა, დევაძემ ელვისებური და ენითაუწერელი ნახტომით კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. გეხსომებათ კადრი, რომელსაც ხშირად იმეორებენ: პელე თაურს არტყამს, ინგლისელთა მეკარე ბენქსი კი საოცარი რეაქციით იხსნის კარს. ასევე იყო ახლაც“.

იმ მომენტისას ბევრმა იფიქრა, რომ გოლი მომწიფდა. ასეც მოხდა, ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გაიხსნა, თუმცა გერმანელებმა კი არა, ქართველებმა გაიხარეს: შოთა არველაძემ კიდევ ერთხელ აიტანა ბურთი ცენტრიდან მასპინძელთა საჯარიმომდე, იქ ქეცბაიას მიაწოდა, რომელმაც გიორგი ნემსაძეს დაუგორა. მან ერთი შეხებით დაუბრუნა ბურთი თემურს და ათენის აეკ-ის ლიდერმაც უძლიერესად დაარტყა – ოლივერ კანმა ახლო კუთხეში გაუშვა გოლი, 0:1!

დაწინაურების შემდეგ ქართველები რამდენიმე წუთით დაეუფლნენ ინიციატივას, კარგად ითამაშეს ქეცბაიამ და ქინქლაძემ, თუმცა ჩივაძის ბიჭებმა ტაიმი მაინც ვერ მოიგეს: 38-ე წუთზე თომას ჰელმერმა ჩაჭრა შეტევა, გვარიანად წაიწია და ბურთი ანდრეას მიოლერს დაუგორა, რომელმაც მურთაზ შელია რომ ჩამოიტოვა, საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან გაუტანა დევაძეს – 1:1.

მიოლერის გოლამდე ულფ კირსტენს არ გაუმართლა: ცარიელი კარის წინ ვერ მიწვდა ბურთს, 1:1-ზე კი თომას ჰესლერს დევაძემ აჯობა – საჯარიმოს გარედან უზუსტესად დარტყმული ბურთი აუღო.

„პირველ ტაიმში ქართველები გვჯობდნენ. ჩვენ დაცვა აგვერია, მცველები მეტოქისგან შორს იდგნენ და ბურთის მიღების საშუალებას აძლევდნენ… შესვენებაზე ბიჭებს ტემპის მომატება და მჭიდროდ თამაში მოვთხოვე. კარგია, რომ მათ რჩევა გაითვალისწინეს“, – მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბუნდესგუნდის თავკაცმა ბერტი ფოგთსმა ასე ახსნა პირველი ნახევრის ანგარიში. როგორც ჩანს, გერმანელებმა მწვრთნელის რჩევა ყურად იღეს, რადგან შესვენების შემდეგ საერთო სურათი შეიცვალა და მასპინძლებმა უპირატესობა სამ გოლშიც გარდასახეს.

54-ე წუთზე ჰესლერი მარჯვენა ფლანგიდან აწვდის საჯარიმოში, კირსტენი თავით ურტყამს, თუმცა ბურთი მცირე მანძილით სცდება კარს…

56-ე წუთზე მსაჯი შელიას კლინსმანთან უხეში თამაშისთვის აჯარიმებს და ყვითელ ბარათს უჩვენებს. ჰესლერი ბურთს კართან აწვდის, დევაძე მუშტებით, მაგრამ ცუდად იგერიებს ბურთს, რომელიც იქვე მყოფ კრისტიან ციგესთან ვარდება. გოჩა გუჯაბიძე ხელის შეშლას აგვიანებს – 2:1. მიუნხენის ბაიერნის 23 წლის ნახევარმცველმა პირველი გოლი გაიტანა ნაკრების მაისურით…

61-ე წუთზე მასპინძელთა სამსვლიანი კომბინაცია კირსტენის გოლით დაგვირგვინდა. კანმა ზუსტად მიაწოდა ბურთი ციგეს, მან დიაგონალზე კლინსმანი მოძებნა, რომელმაც კარში დაარტყა. დევაძემ კვლავ მოიგერია ბურთი, რომელიც დაახლოებით პენალტის ნიშნულთან დავარდა, დამატებაზე კი ლევერკუზენის ბაიერის 29 წლის თავდამსხმელმა ყველას აჯობა და ერთიანი გერმანიის ნაკრებში მეექვსე ბურთი შეაგდო. 1990 წლამდე, ქვეყნის გაერთიანებამდე, ის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა…

71-ე წუთზე ჰესლერი კიდევ ერთხელ უტევს სტუმართა კარს – საჯარიმოს გარედან უძლიერესად ურტყამს. დევაძე ბურთს კუთხურზე იგერიებს. ალამთან ჰესლერი მიდის, პირველ ჩაწოდებას ქართველები კვლავ კუთხურზე აგდებენ, ევრო 92-ის ბომბარდირის მეორე ცდას კი გოლი მოჰყვა: ბაიერნის 22 წლის მცველი მარკუს ბაბელი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა და თავით დალაშქრა დევაძის კარი – 4:1…

76-ე წუთზე ანდრეას მიოლერი ასრულებს საჯარიმო დარტყმას – დევაძეს ამჯერად კარის ძელი ეხმარება…

81-ე წუთზე კლინსმანი თავით ურტყამს, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარე ზუსტად ირჩევს პოზიციას. მასპინძელთა კაპიტანს ბურთი ჰესლერმა მიაწოდა, რომელიც იმ დღეს უდავოდ საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში…

86-ე წუთზე აკაკი დევაძემ კიდევ ერთხელ იხსნა კარი, როცა იურგენ კლინსმანს ექვსი მეტრიდან დარტყმული ბურთი აუღო…

ამ მომენტების საპასუხოდ საქართველოს ნაკრებმა ორი, მეტ-ნაკლებად სახიფათო იერიში განახორციელა. ორივე ქინქლაძემ დაიწყო და ქეცბაიამ გააგრძელა. ისინი, ხმამაღლა ნათქვამად თუ არ მოგეჩვენებათ, საუკეთესოები იყვნენ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. ქინქლაძემ მატჩის მიწურულს თავადაც შეუტია ოლივერ კანს – მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია…

მაგრამ აქვს კი რამე აზრი ჩვენი გუნდის მიერ ვერგამოყენებული მომენტების აღწერას, მით უმეტეს, რომ 92-ე წუთზე, როცა მსაჯმა თამაში დაასრულა, ფრანკენშტადიონის ტაბლოზე 4:1 ენთო მასპინძელთა სასარგებლოდ?

„მცირე ხნის მანძილზე ჩვენ სენსაციის მომსწრენი ვიყავით, მაგრამ ეს ხომ ფეხბურთია – იმარჯვებს უძლიერესი და გერმანიამაც ამიტომ მოიგო“, – განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენციაზე.

მთავარი მწვრთნელისგან განსხვავებით, რომელიც ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა, სარბიელელმა ილია ბაბუნაშვილმა მარცხის რამდენიმე მიზეზი დაასახელა (#56; 8 სექტემბერი, 1995):

„ცხადია, შეიძლება წაგვეგო, მაგრამ ამაზე უკეთ თამაში რომ არ შეგვეძლო, ვერავინ დაგვარწმუნებს. აქ არც კაპიტნის, კახი ცხადაძის არყოფნა გამოდგება ერთადერთ გამართლებად. კი ბატონო, ცხადაძე დიდი ძალაა, მაგრამ ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და ერთი კაცის გამოკლებით მთელი სტრუქტურის არარსებობა ვერ აიხსნება, რადგან ის ერთი კაცი თავადაა ამ სტრუქტურის ნაწილი და არა სტრუქტურა მისი…

უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, ცხადაძის არყოფნას, შესაძლოა, დაცვის ხარისხი შეესუსტებინა, მნიშვნელოვნადაც, მაგრამ შეუძლებელია სხვა მოთამაშეებისთვის დაევიწყებინა, ვინ სად უნდა იდგეს ან ვინ ვინ უნდა დააზღვიოს. აქ უფრო სავარაუდოა ვიფიქროთ, რომ ჩვენებმა ეს, უბრალოდ, არ იცოდნენ, რადგან ცალკეული შეცდომები კი არ დაუშვიათ, უსისტემოდ ითამაშეს…

ჩვენს დაცვაში რა ხდებოდა, ძნელი გასაგები იყო. ვერც იმას გეტყვით, რატომ აძლევდნენ ჩვენები მეტოქეს ოც-ოცდაათ მეტრზე ბურთით თავისუფლად გაქცევის საშუალებას (ხშირად ეს საჯარიმოს მისადგომებთან და საჯარიმოში ხდებოდა), ან ჯერ ზონაში რად შეუშვებდნენ, შემდეგ კი უკან მოსდევდნენ…

გაუგებარია, რატომ არ იცოდნენ ქართველმა მცველებმა, მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, საით მოეგერიებინათ ბურთი. ხომ უნდა არსებობდეს მეტოქის შეტევის ჩაშლისა და კონტრშეტევის წამოწყების თუ არა, თუნდაც წამების მოგებისა და დაძაბულობის შესუსტების ტაქტიკური ვარიანტები?..

ნუთუ არ შეიძლება მოწინააღმდეგეს საჯარიმომდე თხუთმეტი მეტრით წინ დახვდე, პირველი ბრძოლა იქ შესთავაზო, რათა მთელი დავიდარაბა პენალტის ნიშნულთან და კარის ხაზთან არ გადაიტანო. ამით ხომ ნერვებსაც დაზოგავ, გოლის გატანის შანსსაც შეამცირებ და კონტრშეტევისთვის უფრო ხელსაყრელ პირობას შეიქმნი…

და ბოლოს, ქართველი მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის ამის თხოვნას აზრი აღარ აქვს, ამიტომ: ღმერთო შენ გვაღირსე ჩვენების მიერ დამუშავებული კუთხურ-ჯარიმები“.

საინტერესოა გერმანული პრესის ანალიზიც. 7 სექტემბრის კიკერში გამოქვეყნებულ წერილში „ჰესლერმა ინგლისისკენ გზა გაგვიხსნა“, ჟურნალისტი რაინერ ჰოლცშუ წერდა:

„მთელი პირველი ტაიმი გერმანიის ნაკრები საოცრად სუსტად თამაშობდა, მომდევნო ორმოცდახუთი წუთის მანძილზე კი მან გვანახა ის თამაში, როგორის ხილვაც ინგლისში, ევროპის ჩემპიონატზე გვსურს და რომელსაც შედეგის მოტანა შეუძლია…

მატჩის პირველ წუთებში ჩანდა, რომ გერმანელებს უჭირდათ ისეთი სახელგანთქმული ფეხბურთელების გარეშე თამაში, როგორებიც მათეუსი, ზამერი და როიტერი არიან. ამას ბოლო მომენტში მარიო ბასლერის ავადმყოფობა და ანდი კეპკეს ტრავმაც დაემატა…

ბერტი ფოგთსმა წინ წაწეულ ჰესლერსა და მიოლერს უკან შტრუნცი, ფლანგებზე კი ციგე და ბაბელი დაუყენა. თავდასხმაში კი K-K ვარიანტი აირჩია – კლინსმანს კირსტენი ამოუყენა გვერდში…

გერმანელები უხეიროდ და ინდივიდუალურად ცდილობდნენ რამე შეექმნათ. მხოლოდ მარჯვენა ფრთაზე, იქ, სადაც ჰესლერი და ბაბელი იყვნენ, ჩანდა ნათელი სხივი…

სტუმრები კი პირიქით, სავსებით არ უფრთხოდნენ მეტოქეს. ნახევარდაცვის მამოძრავებელი ძალა ქეცბაია იყო, რომელიც შესანიშნავად ანაწილებდა პასებს. ყაველაშვილი და ქინქლაძე მის უკან მოქმედებდნენ, ერთადერთი თავდამსხმელი შოთა არველაძე კი არეულობას იწვევდა გერმანელთა რიგებში…

დაცვა უყურადღებოდ და ტაქტიკურად არასწორად თამაშობდა, რასაც იურგენ კოლერის უხეში შეცდომა მოჰყვა, რომელმაც ქართველები გოლამდე მიიყვანა. კოლერს უნიათობაში კოლეგებმაც აუბეს მხარი და ქეცბაიამ თექვსმეტი მეტრიდან ოლივერ კანს ბურთი გაუტანა. ამას უკმაყოფილო მაყურებლის სტვენა მოჰყვა… გერმანელთაგან პოზიტიური პირველ ნახევარში მხოლოდ ჰესლერის თამაში იყო. ის დაუზარებლად იბრძოდა ყველა ბურთისთვის და კომბინაციური თამაშის აწყობას ცდილობდა. ერთადერთი გააზრებული კომბინაციის – ჰელმერი-მიოლერი – შემდეგ ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა…

მეორე ტაიმში გერმანელებმა ჰესლერის მონდომების და ჟინის წყალობით ნელ-ნელა მოუმატეს და ინიციატივაც ხელთ იგდეს. ამოძრავდნენ კლინსმანი და კირსტენი…

რაც უფრო აქტიურად თამაშობდა გერმანელთა ნახევარდაცვა, მით უფრო აკლდებოდათ ქართველებს ძალა. გახშირდა სახიფათო მომენტები სტუმართა კართან. ბურთის უსწრაფესი გადატანებით ფლანგიდან ფლანგზე ქართველთა დაცვა დაიფლითა…

კონკრეტული დავალებებისგან მოცლილმა ციგემ და ბაბელმა, ცენტრალურ ნახევარმცველებთან ერთად, ისე იზრუნეს წარმატებისთვის, რომ კრიტიკულად განწყობილი მაყურებლებიც კი დიდი ხნით დაადუმეს“.

ტრადიციულად, კიკერმა ფეხბურთელებიც შეაფასა. და სადაც ამ გუნდების თბილისური დაპირისპირების სტატისტიკა შემოგთავაზეთ, ნიურნბერგში გამართული შეხვედრის მონაწილეთა კიკერისეული ანალიზიც ვნახოთ (საუკეთესო – 1, ყველაზე სუსტი – 5):

გერმანია: ოლივერ კანი – 3,5; თომას ჰელმერი – 3; იურგენ კოლერი – 5; მარკუს ბაბელი – 3; თომას შტრუნცი – 3,5; შტეფან ფროინდი – 4; კრისტიან ციგე – 3; თომას ჰესლერი – 1,5; ანდრეას მიოლერი – 3; იურგენ კლინსმანი – 3,5; ულფ კირსტენი – 4.

საქართველო: აკაკი დევაძე – 4; გოჩა გუჯაბიძე – 4; გიორგი ჩიხრაძე – 3; მურთაზ შელია – 3; კახი გოგიჩაიშვილი – 4,5; არჩილ არველაძე (შეფასების გარეშე); გიორგი ნემსაძე – 3; თემურ ქეცბაია – 1,5; დიმიტრი კუდინოვი – 3; გიორგი ქინქლაძე – 2,5; მიხეილ ყაველაშვილი – 3; გიორგი კილასონია – 5; შოთა არველაძე – 4,5.

მოვლენებს წინ გავუსწრებ: საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ ბერტი ფოგთსის ბიჭებმა დარჩენილი სამი შეხვედრაც მოიგეს, მათ შორის უკანასკნელი ლიდერ ბულგარეთთან (3:1) და შესარჩევი ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს.

1996 წლის ზაფხულში ბუნდესნაკრები ინგლისს ესტუმრა და ფინალში ოლივერ ბირჰოფის გმირობის შემდეგ, ანრი დელონეს სახელობის თასიც აღმართა, ისტორიაში მესამედ.

იმ გამარჯვების წყალობით ბერტი ფოგთსი გახდა პირველი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ჯერ ფეხბურთელის (1972), შემდეგ კი მწვრთნელის რანგში მოიგო…

6 სექტემბერი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. გერმანია, ნიურნბერგი, ფრანკენშტადიონი. 40 750
გერმანია 4:1 საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (28, გიორგი ნემსაძის პასით), 1:1 ანდრეას მიოლერი (38), 2:1 კრისტიან ციგე (56), 3:1 ულფ კირსტენი (61), 4:1 მარკუს ბაბელი (72)
გერმანია: ოლივერ კანი, თომას ჰელმერი, იურგენ კოლერი, მარკუს ბაბელი, თომას შტრუნცი, შტეფენ ფროინდი, კრისტიან ციგე, თომას ჰესლერი, ანდრეას მიოლერი, იურგენ კლინსმანი (კაპ), ულფ კირსტენი
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
საქართველო: აკაკი დევაძე, გოჩა გუჯაბიძე, გიორგი ჩიხრაძე, მურთაზ შელია (კაპ), დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი (არჩილ არველაძე 66), გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი (გიორგი კილასონია 46), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: მურთაზ შელია, კრისტიან ციგე
მსაჯი: ჯიმ მაკლასკი (შოტლანდია)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 6 სექტემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი სპორტ-ექსპრესი; მატჩს ოფიციალური პროგრამა; Kicker; Bravo Sport

ka_GEGeorgian