ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #23: მოლდოვა 3:2 საქართველო

ჩვენი მიზანია მაყურებელს კარგი თამაში ვუჩვენოთ და, რაც მთავარია, თბილისში მარცხისთვის რევანში ავიღოთ. კარგად ვხვდები, რომ ეს იოლი არ იქნება. ჯერ ერთი, თქვენს მოედანზე ვითამაშებთ, ამას გარდა, არ გვეყოლება კახი ცხადაძე – ის ტრავმირებულია, ორი გაფრთხილების გამო კი მურთაზ შელია და გიორგი ნემსაძეც ვერ დაგვეხმარებიან, – ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ გაზეთ ფუტბოლისთვის მიცემული ინტერვიუ.

მოლდოვური საფეხბურთო გამოცემის 1995 წლის 15 ნოემბრის ნომერი მთლიანად საქართველოსთან თამაშს დაეთმო. ორივე გუნდი ამ შეხვედრით ასრულებდა ისტორიაში პირველ საკვალიფიკაციო ტურნირს, ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის VII შესარჩევ ჯგუფს.

მატჩამდე ერთი რამ იყო ცნობილი: საქართველო ყველა ვარიანტში მესამე ადგილზე დარჩებოდა. მანამდე გამართული ცხრა თამაშიდან ჩივაძის ბიჭებმა ხუთი მოიგეს და 15 ქულით უელსისთვის, ალბანეთისთვის და მოლდოვისთვის მიუღწეველნი გახდნენ. რაც შეეხებათ მასპინძლებს, ქართველებთან გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ცხრა ქულას მოუყრიდა თავს და, თუ სხვა შეხვედრებშიც ყველაფერი სათანადოდ დასრულდებოდა, მოლდოვა მეოთხე ადგილამდე აღზევდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, დიდი წარმატება იყო.

„ალექსანდრე ჩივაძემ არაერთხელ მითხრა, რომ თბილისში ჩვენთან წაგება ჯერ კიდევ ვერ მოინელა. ვიცი, რომ ქართველები კიშინიოვში მხოლოდ მოსაგებად ითამაშებენ, მაგრამ არც ჩვენ ვიქნებით ხელდაკრეფილნი – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესარჩევი ეტაპი კარგად დავასრულოთ და გულშემატკივარი გავახაროთ“, – ეს უკვე მოლდოველთა თავკაცის იონ კარასის სიტყვებია. ფუტბოლის იმავე ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ საქართველოსთან გამარჯვებისთვის მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებს პრემია დაუწესა…

წლის უკანასკნელი მატჩისთვის გამოძახებულმა ბიჭებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პარასკევს, 10 ნოემბერს შეაბიჯეს. არ იყო მხოლოდ თემურ ქეცბაია, რომელსაც ეროვნული გუნდის მწვრთნელები ერთი დღის შემდეგ ელოდნენ – ათენის აეკ-ის 27 წლის შემტევი საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩის შემდეგ აპირებდა სამშობლოში გამგზავრებას.

შაბათიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშზე გადავიდა, თუმცა დილის წვრთნის შემდეგ ბიჭებმა ქორწილში წასვლაც მოასწრეს. გაზეთ სარბიელის კორესპონდენტი მამუკა კვანტალიანი დიღმის ბაზიდან მომზადებულ რეპორტაჟში წერს:

„დილის ვარჯიშის შემდეგ ბიჭები კოხტად გამოეწყვნენ და წასასვლელად გაემზადნენ. იქ მყოფებს ეს ამბავი, ცოტა არ იყოს, გვეუცხოვა, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვა: გელა ინალიშვილის ქორწილში მიდიოდნენ თურმე. ალექსანდრე ჩივაძემ ბიჭები მისალოცად გაუშვა და ბაზაზე ოთხის ნახევარზე დაიბარა. რას ნიშნავს ქართველი კაცისთვის ქორწილში წასვლა, ყველამ იცის, ამიტომ დათქმული დროისთვის არცთუ იმედიანად ველოდი ფეხბურთელებს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც უკლებლივ ყველა ზუსტად სამ საათზე დაბრუნდა“.

კვირას, 12 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაში გაიმართა საქართველოს და ისრაელის ნაკრებ გუნდებს შორის. ამიტომ, ჩივაძემ საღამოს მსუბუქად დატვირთა ბიჭები და შემდეგ მთელი გუნდი კალათბურთელების საგულშემატკივროდ გაუშვა. ძალიან დაძაბული თამაში გამოდგა, ნიკოლოზ დერიუგინის კაპიტნობით მოთამაშე ვითას, კაქტუსის და დინამოს ვარსკვლავებმა პირველი ტაიმი 44:38 მოიგეს, მაგრამ სამწუხაროდ, გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ბესიკ ლიპარტელიანის გუნდიც 84:89 დამარცხდა…

-სხვადასხვა მიზეზით ბევრი გვაკლია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მხოლოდ რევანშზე ვფიქრობთ და კიშინიოვში გამარჯვებისთვის მივემგზავრებით…

-მოლდოვასთან მარცხი ყველას გულში ხინჯად დარჩა. თავს არ დავზოგავთ და რევანშს ვეცდებით! ბიჭები ამ აზრით არიან გაჟღენთილნი და მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ…

-რას ვაპირებთ კიშინიოვში? მხოლოდ გამარჯვებას! თავს არ დავზოგავთ და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. ბოლოს და ბოლოს, პრესტიჟის საქმეცაა, მათგან წყენა ხომ ახლაც გვახსოვს და რევანშის აღება რეაბილიტაცია იქნება…

ასე პასუხობდნენ შეკრებაზე მყოფი ფეხბურთელები ჟურნალისტების კითხვებს. განსხვავებული პოზიცია არც დავით ჯანაშიას ჰქონდა, სამტრედიის 22 წლის ლიდერს, ვისი გოლიც თელავში, ეროვნული პირველობის ბოლო ტურში, ქომაგების მთავარი სასაუბრო თემა იყო – კახეთთან შეხვედრაში დათომ ცენტრიდან დალაშქრა კარი!

„ყველა გამარჯვებაზე ლაპარაკობს და მეც ისეთი შეგრძნება მაქვს, ამას უეჭველი შევძლებთ. ნაკრების ნებისმიერი წევრი ყველაფერს გაიღებს რევანშის ასაღებად“, – უთხრა დავით ჯანაშიამ სარბიელის ჟურნალისტს მერაბ მამულაშვილს.

ეროვნული გუნდის პარალელურად, ევრო 96-ის უკანასკნელი საკვალიფიკაციო თამაშისთვის დაიწყეს შეკრება ახალგაზრდებმაც. შოთა ჭეიშვილმა დისკვალიფიცირებული ზვიად ჯელაძე (წითელი ბარათი) და ალექსანდრე იაშვილი (ორი გაფრთხილება) მოისაკლისა, ასევე ტრავმირებული გივი დიდავა. იქიდან გამომდინარე, რომ მატჩს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა – მხოლოდ ბოლოადგილოსანი ვლინდებოდა, მთავარმა მწვრთნელმა ახლების გამოცდა გადაწყვიტა: თბილისის დინამო 2-დან კახი კალაძეს, დავით მუჯირს და ზაზა ზამთარაძეს უხმო, ქუთაისის ტორპედოდან კი მიხეილ აშვეთია გამოიძახა. მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ ჭეიშვილის ბიჭები მოლდოვაში 1:2 დამარცხდნენ და ჯგუფიც უკანასკნელ პოზიციაზე დაასრულეს…

ორშაბათს, 13 ნოემბერს, ეროვნულმა გუნდმა ტრადიციული ამხანაგური თამაში გამართა, ამჯერად დინამოს მეორე შემადგენლობასთან, რომლის მაისურით ახალგაზრდულის წევრებმაც ითამაშეს. რამდენიმემ ორივე გუნდში იასპარეზა, მაგალითად შოთა არველაძემ, რომელმაც შესვენების შემდეგ დინამოში გადაინაცვლა და ორი გოლი გაუტანა ეროვნულის კარში ჩამდგარ აკაკი დევაძეს. ჩივაძის გუნდმა 4:3 გაიმარჯვა: შოთას, მისი ტყუპისცალის, გოჩა ჯამარაულის და ქეცბაიას გოლებს დინამოელთაგან შოთამ დუბლით და ლევან ცქიტიშვილმა უპასუხეს.

14 ნოემბერს ეროვნული ნაკრები კიშინიოვში გაემგზავრა. გუნდს თან ახლდა მერაბ რატიშვილი, რომლის მოლდოვურ რეპორტაჟში ვკითხულობთ (გაზეთი სარბიელი; #76, 1995 წლის 17 ნოემბერი):

„ჩვენს ჩასვლამდე მოლდოვაში ერთი კვირის მანძილზე ან წვიმდა, ან თოვდა. თოვლი კიდევ შერჩენოდა კიშინიოვის ქუჩებს და, რაც მთავარია, ორივე სტადიონს, სადაც მატჩები გაიმართა. იქ ჩასულებს კი მზიანი დარი დაგვიხვდა. მოლდოველებმაც, აბა როგორ იქნება, თბილმა ხალხმა თბილი ამინდი უნდა ჩამოიტანოსო და, შვებით ამოისუნთქეს, იქნებ მოედნების მოწესრიგება მოვასწორთო“…

მატჩის დღეს დასტამბულ გაზეთ ფუტბოლში მეტოქეთა სასარგებლოდ რამდენიმე მიზეზი იყო ჩამოთვლილი. მაგალითად, ეწერა, რომ მასპინძლები გაიმარჯვებდნენ, რადგან ყველა საუკეთესო მოთამაშე მწვრთნელის განკარგულებაში იყო, როცა სტუმრებს ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი აკლდათ – ცხადაძე, შელია და ნემსაძე. თავის მხრივ, ქართველთა პლუსად ჩაითვალა მაღალი დონის შემსრულებლები და რევანშის სურვილი, რომელსაც ჩვენები ნაღდად არ უჩიოდნენ.

საინტერესოა მოლდოველ ჟურნალისტთა პროგნოზებიც, რომელიც ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნდა. უმეტესობა საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ელოდა, მათ შორის დიდი ანგარიშითაც: საფიქრალი არაფერია, მოლდოვა წააგებს – 0:3; ქართველები გაგვანადგურებენ – 0:4; 2:1 საქართველოს სასარგებლოდ… ასე ფიქრობდნენ ფოტბალ ხებდოს, უნდა ლიბერეს და სხვა გამოცემების თანამშრომლები…

მატჩის დღეს ამინდი ისევ გაფუჭდა, ქალაქში ნისლი ჩამოწვა. მერაბ რატიშვილი წერს: „15 ნოემბერი რომ გათენდა, იმისთანა ვიხილეთ, მოედანი ვიღას ახსოვდა: მთელი კიშინიოვი იმგვარ ნისლში გახვეულიყო, სასტუმროში გვერდით აივანზე რა ხდებოდა, ვერ დაინახავდი. იმედი გვქონდა, იქნებ დღის განმავლობაში ნისლი გაფანტულიყო, მაგრამ უარესი მოხდა – საღამოს ოთხ საათზე სიბნელე ჩამოწვა, ექვს საათზე კი, სტადიონზე მისულებმა, ერთი კარის დანახვა მოვახერხეთ, მეორე აბსოლუტურად არ ჩანდა. ხოლო ტრიბუნები რომ იყო, ამას ინტუიციით თუ მიხვდებოდი. მიუხედავად ამისა, მატჩის გადადება ან შეფერხება მაინც არავის მოსვლია აზრად“.

ალექსანდრე ჩივაძის მთავარი საფიქრალი გიორგი ქინქლაძე იყო – მანჩესტერ სიტის ლიდერს ფეხი აწუხებდა და ბევრი ელოდა, რომ მწვრთნელი სათადარიგოთა შორის დატოვებდა, თუმცა ჩვენი ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა.

ცხადაძის, შელიას და ნემსაძის არყოფნაში დიმიტრი კუდინოვს დაცვის ცენტრში ბესიკ ბერაძე შეუწყვილდა, სასტარტო შემადგენლობაში კი პირველად გამოჩნდა 19 წლის ლევან ცქიტიშვილი.

რაც შეეხება კაპიტანს, სამკლავური პირველად მოირგო თემურ ქეცბაიამ, რომელიც ფლანგის ნაცვლად თავდასხმაში ვიხილეთ – მწვრთნელმა შოთა არველაძის მხარდამხარ გაამწესა. აქვე აღვნიშნავ, რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეექვსეა გელა კეტაშვილის, კახი ცხადაძის, გია ჯიშკარიანის, მურთაზ შელიას და გოჩა ჯამარაულის შემდეგ, რომელმაც გუნდი მინდორზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.

უეფამ მატჩის გაძღოლა გამოცდილ არბიტრს მარიო ვან დერ ენდეს ანდო. ნიდერლანდელის სავიზიტო ბარათში არაერთი მნიშვნელოვანი თამაში იყო, მათ შორის მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის სამი შეხვედრა, ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალი და კონტინენტის ორი სუპერთასი, 1991 წელს მანჩესტერ იუნაიტედი-ცრვენა ზვეზდის და 1995 წლის დაპირისპირება ლონდონის არსენალსა და მილანს შორის.

ვან დერ ენდეს ნიშანზე თამაში დაიწყო, 19 წუთში კი კიშინიოვის სტადიონის ტაბლოზე 2:0 ენთო მასპინძლეთა სასარგებლოდ.

მე-5 წუთი, 1:0: იონ ტესტიმიცანუმ ზუსტად შეასრულა პენალტი, რომელიც სერგეი კირილოვის წინააღმდეგ უხეშობის გამო დაინიშნა. ბუქარესტის სპორტულ სტუდენტეკის 22 წლის მოლდოველი ლეგიონერი ბერაძემ შეაჩერა საჯარიმოში წესის დარღვევით. სხვათა შორის, ეს იყო ამ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი გუნდის კარში დანიშნული პირველი თერთმეტმეტრიანი.

მე-18 წუთი, 2:0: ჯამარაულმა ცენტრში დაკარგა ბურთი, მასპინძელთა შეტევა იგორ ოპრეამ გააგრძელა, მისი პასის შემდეგ კი საჯარიმოს ხაზთან მყოფმა იური მიტერევმა მარცხენა კუთხეში დაურტყა ირაკლი ზოიძეს.

„ირაკლიმ განძრევა კი არა, ბურთისთვის თვალის გაყოლებაც ვერ მოახერხა – რამის დანახვა შეუძლებელი იყო. იმ კარგად შესრულებულ დარტყმას, ბარე ათი პრიუდომი რომ მდგარიყო კარში, მაინც არაფერი ეშველებოდა. ასე სწრაფად მიიღეს ჩვენებმა ორბურთიანი დეფიციტი. მოგეხსენებათ, რა მნიშვნეობა აქვს და თან, ქართველებზე როგორ მოქმედებს პირველი გოლის ფაქტორი, ხოლო ახლა, „პირველი ორი გოლის“ ფაქტორი რაღა იქნებოდა“? – წერს მერაბ რატიშვილი თამაშის მიმოხილვაში.

ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ საქართველოს ნაკრები შედარებით გამოცოცხლდა, ქინქლაძემ და ჯამარაულმა რამდენჯერმე გაცვალეს ადგილები და ამით სტუმართა თამაში აშარად გამწვავდა: ჯერ იყო და ქინქლაძემ შეაზანზარა ძელი, შემდეგ კი ცქიტიშვილმა გოლიც გაიტანა, თუმცა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, ლევანი უხეშ თამაშში დაადანაშაულა.

მე-40 წუთზე საქართველოს ნაკრები ათი ფეხბურთელით დარჩა, მსაჯმა მეორედ გააფრთხილა გიორგი ჩიხრაძე და დონეცკის შახტარის მცველმაც გასახდელს მიაშურა. ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიაში ჩიხრაძე პირველი გაძევებული მოთამაშეა.

მიუხედავად ამისა, ქართველებმა ტაიმის ბოლომდე კიდევ შექმნეს ერთი სახიფათო მომენტი: ქეცბაიას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ჯერ არველაძემ გაატარა, შემდეგ ქინქლაძემ, შორეულ ძელთან ჩასაფრებულ ჯამარაულს კი ბურთის კარში შესაგდებად სანტიმეტრები დააკლდა. იმ დროს ნისლი უკვე გაფანტული იყო, მოედანი ტრიბუნებიდან კარგად ჩანდა. არადა მოლდოვის ტელევიზიამ თამაშის რეპორტაჟი ტაიმის შუაში შეწყვიტა და ტელეკამერებიც გაიტანა სტადიონიდან.

58-ე წუთზე გიორგი ღუდუშაურის ნაცვლად დავით ჯანაშია გამოჩნდა. ექვსი ამხანაგურის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი სამტრედიელს ოფიციალურ მატჩშიც ენდო. და მანაც ნდობა გაამართლა: მას შემდეგ, რაც ვასილე კოშელევმა ცუდად მოიგერია კახი გოგიჩაიშვილის დარტყმული ბურთი, ჯანაშიამ ყველას დაასწრო და სხვაობა შეამცირა – 2:1.

სამწუხაროდ, სტუმართა სიხარული ხანმოკლე გამოდგა: მოლდოველთა მორიგი იერიში მეორე ცდით დაასრულა იური მიტერევმა – 3:1. ეს უკანასკნელი, რატომღაც, უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა საჯარიმოში, არადა ათი წუთით ადრე ჩივაძემ კიდევ ერთი მცველი შეუშვა მინდორზე, 24 წლის დებიუტანტი მამუკა მაჭავარიანი – თბილისის დინამოელმა ჯამარაული შეცვალა. მიტერევი მესამე ფეხბურთელი გამოდგა, რომელმაც ამ შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებს დუბლი შეუსრულა. პირველად ეს ემილ კოსტადინოვმა მოახერხა სოფიაში, მეორედ იურგენ კლინსმანმა თბილისში.

საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე სხვაობა მეორედ შემცირდა – ვიტალი კულიბაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, 3:2.

„ქეცბაიას ყველაზე მეტად შერჩენოდა ჟინი, რისი დასტურიც თავის მოედნის მარცხენა ფრთიდან წამოწყებული რეიდია. თემურის ინიციატივა, ცოტა არ იყოს, ავანტიურას ჰგავდა. ეტყობა, მასპინძლებმაც თავიდან ასე ჩათვალეს, ხოლო როცა გაიაზრეს, უკვე გვიანი იყო: სიჩქარეაკრეფილმა ქეცბაიამ სამი მეტოქე ჩამოიცილა და 70-მეტრიანი ინდივიდუალური გარღვევა კარის გასწვრივ დაბალი ბურთის გაჭრით დაასრულა. კოშელევმა ნახტომი დააგვიანა, კართან ეულად მდგარმა კულიბაბამ კი აუღელვებლად შეაგორა საკუთარ კარში“, – ასე აღწერს იმ ავტოგოლს მერაბ რატიშვილი. ცნობისათვის: კულიბაბა პირველია ჩვენი გუნდის ისტორიაში, რომელმაც საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი…

რიცხვობრივი უმცირესობის მიუხედავად, ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს: ჯერ ქინქლაძის ძალიან სახიფათო დარტყმა აიღო კოშელევმა; ერთ წუთში მოლდოველთა მეკარე გამოსვლისას შეცდა, თუმცა ცქიტიშვილი, რომელიც დამატებაზე თამაშს შეეცადა, მინდორზე დააგდეს – მსაჯმა წესის დარღვევა არად ჩააგდო და თამაშის გაგრძელება ბრძანა; სულ ბოლოს კი, საჯარიმოს სიახლოვეს ქინქლაძის წინააღმდეგ აშკარად დაირღვა წესი, რომელიც ვან დერ ენდემ კვლავ არ ან ვერ შენიშნა.

„შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, უკან არ დაეხიათ, პირიქით, თავდასხმა გაეგრძელებინათ. ვიცოდი, ჩამორჩენილ და ათი ფეხბურთელით დარჩენილ მეტოქეს თამაშის სადავეებს თუ დავუთმობდით, კარგი დღეს არ დაგვადგებოდა“, – განაცხადა გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა იონ კარასმა.

ქართველთაგან ყველა იმედგაცრუებული იყო, განსაკუთრებით კი ირაკლი ზოიძე. თბილისის დინამოს კარის დარაჯმა სადებიუტო ევროშესარჩევში სამჯერ ითამაშა და ხუთი გოლი გაუშვა, აქედან ოთხი მოლდოველებისგან!

„ყველაფერს ველოდი, მაგრამ წაგებას არა! მაგრად გაგვამწარეს… არადა მეგონა, გავიმარჯვებდით. ვინ იცის ნაკრების დონეზე აწი როდის შევხვდებით? ან ვიქნები კი იმ ნაკრებში“? – დაიჩივლა გულდაწყვეტილმა ზოიძემ თამაშის შემდეგ.

ირაკლის პირველ კითხვას დაახლოებით ერთ თვეში, 1995 წლის 12 დეკემბერს გაეცა პასუხი: მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა პარიზში, ლუვრში გაიმართა და საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად იტალია, ინგლისი, პოლონეთი და… მოლდოვა ერგო.

მეორე კითხვას კი თავად გოლკიპერმა უპასუხა კარგი თამაშით: 1997 წლის 7 ივნისს, როცა ჩვენებმა მოლდოველებს ბათუმში უმასპინძლეს და 2:0 აჯობეს, ნაკრების კარი სწორედ ზოიძე იცავდა.

თუმცა, ეს იყო კიშინიოვში გულდასაწყვეტი წაგებიდან ლამის ორი წლის შემდეგ. ამ ორ თამაშს შორის ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა, სხვა თუ არაფერი, ეროვნული გუნდი ათჯერ გავიდა მინდორზე…

P.S. ჩვენი შესარჩევი ჯგუფი გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

15 ნოემბერს ბერტი ფოგთსის გუნდმა ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე იურგენ კლინსმანის დუბლით და მარიო ბასლერის გოლით ბულგარეთს 3:1 მოუგო. სტუმრები ხრისტო სტოიჩკოვის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. სტოიჩკოვი ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა ხორვატი დავორ შუკერის (12 გოლი) და ავსტრიელი ტონი პოლსტერის (11) შემდეგ.

1996 წლის ივნისში გერმანიამ მშვენივრად ითამაშა ინგლისში, ევროპის ჩემპიონატზე და დაუმარცხებლად მოიგო ანრი დელონეს სახელობის თასი. 30 ივნისს, ჩეხეთთან 2:1 გამარჯვების შემდეგ, ბუნდესგუნდი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

რაც შეეხება ბულგარეთს, დიმიტარ პენევის ბიჭებმა ფლეი ოფის საგზური უკანასკნელ ტურში დაკარგეს: ესპანეთთან 1:1-ის და რუმინეთთან 1:0-ის შემდეგ, ბულგარელები ფრანგებთან 1:3 დამარცხდნენ და B ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

15 ნოემბერი, 1995. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. მოლდოვა, კიშინიოვი, ზიმბრუ. 6 000
მოლდოვა 3:2 საქართველო
გოლები: 1:0 იონ ტესტიმიცანუ (5, პენ), 2:0 იური მიტერევი (18), 2:1 დავით ჯანაშია (68), 3:1 იური მიტერევი (73), 3:2 ვიტალი კულიბაბა (81, სკ)
მოლდოვა: ვასილე კოშელევი, სერგეი სეკუ, იონ ტესტიმიცანუ, ვიტალი კულიბაბა, სერგეი ბელოუსი, სერგეი ნანი, იგორ ოპრეა (ალექსანდრუ სუხარევი 53), სერგეი ჩირილოვი (ვლადისლავ გავრილიუკი 80), იური მიტერევი, ალექსანდრუ კურტეიანი (კაპ) (ბორის ჩებოტარი 76), სერგეი კლეშენკო
მწვრთნელი: იონ კარასი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (დავით ჯანაშია 58), დიმიტრი კუდინოვი, ბესიკ ბერაძე, გიორგი ჩიხრაძე, კახი გოგიჩაიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული (მამუკა მაჭავარიანი 62), თემურ ქეცბაია (კაპ), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: იგორ ოპრეა, გიორგი ჩიხრაძე, სერგეი კლეშენკო, გიორგი ჩიხრაძე
გაძევება: გიორგი ჩიხრაძე (40)
მსაჯები: მარიო ვან დერ ენდე; კოკი, მეცი (ნიდერლანდები)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 1996-ის შესარჩევში (29 ფეხბურთელი)
მეკარეები: აკაკი დევაძე (7 მატჩი, -8 გაშვებული გოლი), ირაკლი ზოიძე (3 მატჩი, -5)
მცველები: გიორგი ჩიხრაძე (9), მურთაზ შელია (8, კაპიტანი – 4), დიმიტრი კუდინოვი (7), კახი ცხადაძე (5, კაპიტანი – 5), გიორგი ნემსაძე (5), ზაზა რევიშვილი (5), გიორგი ღუდუშაური (3), ბესიკ ბერაძე (3), გოჩა გუჯაბიძე (1), ნუგზარ ლობჟანიძე (1), მამუკა მაჭავარიანი (1)
ნახევარმცველები: გიორგი ქინქლაძე (9, 3 გოლი), კახი გოგიჩაიშვილი (9), თემურ ქეცბაია (7, 4; კაპიტანი – 1), გოჩა ჯამარაული (6), გელა ინალიშვილი (6), არჩილ არველაძე (5), გიორგი კილასონია (3), რევაზ არველაძე (3), ლევან ცქიტიშვილი (2)
თავდამსხმელები: შოთა არველაძე (10, 4), მიხეილ ყაველაშვილი (6), გოჩა გოგრიჭიანი (3, 1), გია გურული (2), დავით ჯანაშია (1, 1), დავით ყიზილაშვილი (1), მიხეილ ჯიშკარიანი (1)
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მწვრთნელები:
თამაზ კოსტავა, ვლადიმერ პანოვი, ოთარ გაბელია
ტექნიკური დირექტორი: რამაზ შენგელია

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 21 სექტემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; მოლდოვური გაზეთები ფუტბოლ და ფუტბოლ ჰებდო; საფოსტო მარკა გულშემატკივრის კოლექციიდან

ka_GEGeorgian