ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #24: კვიპროსი 0:2 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 1996 წელი ლიმასოლში, კვიპროსთან გამარჯვებით დაიწყო. ალექსანდრე ჩივაძის ბიჭებმა კუნძულელებს თემურ ქეცბაიას და გოჩა ჯამარაულის მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლებით სძლიეს.
ეს იყო ამ გუნდების მეორე შეხვედრა და ჩვენების პირველი გამარჯვება. 1992 წლის 22 დეკემბერს კვიპროსელებმა პირველად უმასპინძლეს ქართველებს და 1:0 მოიგეს.

კუნძულზე მეორე სტუმრობის წინ ჩივაძემ უკვე იცოდა, თუ ვის შეხვდებოდა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო მსოფლიო შესარჩევის ჯგუფები 1995 წლის 12 დეკემბერს, პარიზში, ლუვრში დადგინდა.

ჩვენი გუნდი, რომელიც წილისყრამდე მეოთხე კალათში იყო განთესილი ისლანდიასთან, ლატვიასთან, უელსთან, უნგრეთთან, კვიპროსთან, უკრაინასთან, სლოვენიასთან და იუგოსლავიასთან ერთად, მეორე შესარჩევ ჯგუფში მოხვდა ორ მსოფლიოს ჩემპიონთან – ინგლისი (I კალათა), იტალია (II) – და პოლონეთთან (III) და მოლდოვასთან (V) ერთად.

ფიფას გენერალურ მდივანს იოზეფ ბლატერს, ვინც წილისყრის ცერემონიალის ხელმძღვანელი გახლდათ, ჩვენი ჯგუფის წევრთა დადგენაში მილანის ლიბერიელი სუპერვარსკვლავი ჟორჟ ვეა დაეხმარა.

ჯგუფის შესახებ მცირე კომენტარი ალექსანდრე ჩივაძემ პარიზიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა:

„სიმართლე გითხრათ, ფიფასეული შვიდგუნდიანი ჯგუფების ვარიანტი უფრო მომწონდა, მაგრამ რა გაეწყობა, რაცაა ესაა, უეფამ ასე ბრძანა და ჩვენც დავემორჩილებით. სხვათა შორის, ასევე შვიდგუნდიან ჯგუფებს ემხრობოდნენ იტალიის და ინგლისის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელები არიგო საკი და ტერი ვენეიბლზი…

უეფამ ნება დაგვრთო, რომ შესარჩევი მატჩები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდეც ჩავატაროთ, მაგრამ ეს სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, კონტინენტის პირველობა ბევრ რამეს დაგვანახებს და საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებაც შემოდგომით აჯობებს. ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ პარიზში…

ოფიციალურ მატჩებამდე აუცილებლად გავმართავთ რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას, თუმცა მათი რაოდენობა საკვალიფიკაციო ტურნირის კალენდრის დამტკიცების შემდეგ გვეცოდინება. ფეხბურთის ფედერაცია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე ქვეყანასთან და სავარაუდოდ, გაზაფხულზე რამდენჯერმე ვითამაშებთ“.

საქართველოს ნაკრების კალენდარი უეფამ იანვარში დაამტკიცა. მანამდე ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდის წარმომადგენელი ვარშავაში შეიკრიბა და განრიგი შეათანხმა, რომლის მიხედვით ჩვენს გუნდს 1996 წელს მხოლოდ ორი ოფიციალური თამაში ელოდა: 9 ოქტომბერს იტალიაში სკუადრა აძურასთან პაექრობა, ერთი თვის შემდეგ, 9 ნოემბერს კი თბილისში ინგლისელების მასპინძლობა.

თებერვალში გაირკვა, რომ საფრანგეთი 98-ის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას ეროვნული გუნდი კვიპროსში ამხანაგური თამაშით დაიწყებდა. კუნძულელები, რომლებიც V საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ ბულგარეთთან, რუსეთთან, ისრაელთან და ლუქსემბურგთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას მალევე დაეთანხმნენ.

ალექსანდრე ჩივაძემ თითქმის საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბა. მწვრთნელმა რჩეული ფეხბურთელებიდან მხოლოდ გიორგი ქინქლაძე, გოჩა გოგრიჭიანი და მეკარე სოსო გრიშიკაშვილი ვერ დაიხმარა. ეს უკანასკნელი სულ ბოლო მომენტში დაშავდა, კვიპროსში ჩასული, ვარჯიშზე. მოგვიანებით დადგინდა, რომ მან ტერფის ძვალი გაიტეხა, რის გამოც კარგა ხანს დაისვენა. იმხანად სოსო რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა – ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიის მეორე მეკარე გახლდათ ზაურ ხაპოვის შემდეგ…

საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსს 24 მარტს, შუადღით ეწვია და ლიმასოლის გარეუბანში, სასტუმრო ელიასში დაბინავდა. იმავე საღამოს გუნდმა პირველად ივარჯიშა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი ოთხჯერ – დილით და საღამოს.

ჩივაძის განკარგულებაში ერთადერთი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება არ ჰქონდა – კახი კალაძე. 18 წლის მცველი დავით ყიფიანმა დააწინაურა თბილისის დინამოს ძირითად შემადგენლობაში და ფეხბურთელიც სრულად ამართლებდა მწვრთნელის ნდობას. კალაძის გამოცდა ჩივაძეს სწორედ ყიფიანმა ურჩია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალმა კაპიტანმა კვიპროსში მხოლოდ 18 წუთი ითამაშა – 72-ე წუთზე შეცვალა მიხეილ ყაველაშვილი და დაცვის ცენტრში დადგა კახი ცხადაძის და მურთაზ შელიას მხარდამხარ.

„კვიპროსელებს ყველანაირად ვაჯობეთ – ტექნიკურად, ფიზიკურად… მოკლედ ყველანაირად. ყაველაშვილს გოლი რომ გაეტანა, მასპინძლებს უკვე პირველ ტაიმში მოვუღებდით ბოლოს“, – კალაძემ ეს სიტყვები სარბიელელ მერაბ მამულაშვილს განუცხადა თბილისში დაბრუნების შემდეგ.

ლიმასოლში გამართული მატჩის ბედი კალაძის გამოჩენამდე გადაწყდა: ჯერ იყო და 53-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ მაღალი ნახტომი და ღონიერი თავური შეაგება ყაველაშვილის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს – 1:0, თორმეტ წუთში კი ეფექტური გოლი გაიტანა გოჩა ჯამარაულმა – სპარტაკ-ალანიის კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ანდრეას მაურისის კარის ცხრიანში შეაგდო ბურთი, 2:0.

სტუმრებს დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს გიორგი ნემსაძემ (ორჯერ), იმავე ყაველაშვილმა და შოთა არველაძემ.

„ყველამ ბრწყინვალედ ითამაშა! მიზეზიც გვქონდა: ერთად კარგა ხანია არ შევკრებილვართ, ნაკრებში თამაშიც მოგვწყურდა და საუკეთესოდაც ვითამაშეთ. მოგებას, ბუნებრივია ველოდი, მაგრამ მეგონა, უფრო რთული თამაში იქნებოდა. ისე ვეთამაშებოდით, როგორც 16 წლის ბავშვებს“, – ეს გიორგი ნემსაძის სიტყვებია, გაზეთ სარბიელისთვის თქმული.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 24-ე შეხვედრაში მე-11 გამარჯვება იზეიმა და მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა. იმ დროისთვის უკვე ვიცოდით, რომ ჩივაძის ბიჭები აპრილში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებდნენ – ბუქარესტში, ევრო 1996-ის ერთ-ერთ მონაწილე რუმინეთთან.

P.S. 27 მარტს ეროვნული ნაკრების გარდა ახალგაზრდულ გუნდსაც უნდა ეთამაშა, თუმცა აზერბაიჯანში, ქალაქ თაუზში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი იმ მიზეზით ჩაიშალა, რომ მასპინძლებმა გუნდი ვერ შეკრიბეს.

27 მარტი, 1996. ამხანაგური. კვიპროსი, ლიმასოლი, ცირიო. 2 000
კვიპროსი 0:2 საქართველო
გოლები: 0:1 თემურ ქეცბაია (53, მიხეილ ყაველაშვილის პასით), 0:2 გოჩა ჯამარაული (65)
კვიპროსი: მიხალის ხრისტოფი (ანდრეას მაურისი 46), გიორგოს თეოდოტუ, პამბოს პიტასი, კოსტას კონსტანტინუ (ხარის ნიკოლაუ 61), გიორგოს ხრისტოდულუ (მარიოს პაშიალისი 70), ანტონის ზემბაშისი, მარიოს ხრისტოდულუ (დიმიტრის იოანუ 54), ნეოფიტოს ლარკუ, კოსტას მალეკოსი (დიმიტრის ასიოტისი 70), ნიკოდიმოს პაპავასილიუ, მარიოს აგათეკლუსი
მწვრთნელი: ანდრეას მიხაილიდისი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (მამუკა მაჭავარიანი 84), კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, დიმიტრი კუდინოვი, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი (კახი კალაძე 72), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: მურთაზ შელია
მსაჯი: ანდრეას გეორგიუ (კვიპროსი)

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 28 სექტემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ინტერნეტი

ka_GEGeorgian