ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #28: იტალია 1:0 საქართველო (I)

უფრთხილდით საქართველოს – ასე დაასათაურა გაძეტა დელო სპორტმა 1995 წლის 13 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუ ხრისტო სტოიჩკოვთან.
ევროპის 1994 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ბულგარელი იმ დროს სერია ა-ში, პარმაში თამაშობდა, ერთი დღით ადრე კი, 1995 წლის 12 დეკემბერს, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა პარიზში, ლუვრში.
მეორე შესარჩევ ჯგუფში მოხვედრილ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სკუადრა აძურას მეტოქეებად ინგლისი, პოლონეთი, მოლდოვა და საქართველო ერგო. გაძეტა დელო სპორტის ჟურნალისტებს მშვენივრად ახსოვდათ, რომ წილისყრამდე ორი თვით ადრე სტოიჩკოვის ბულგარეთი თბილისში 1:2 დამარცხდა და სწორედ ამიტომ გაესაუბრნენ სუპერვარსკვლავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ჩვენი ჯგუფი ყველაზე ძლიერ ხუთეულად მონათლა. ყველა ერთი აზრის იყო: ბრძოლა ყველასთან შეიძლებოდა, სათანადო რაოდენობის ქულების მოპოვების შემთხვევაში კი არც ფინალური ეტაპი ჩანდა მიუწვდომელი. რაც შეეხება ჯგუფის ფავორიტს, უმრავლესობა ასეთად იტალიის ნაკრებს მიიჩნევდა. არაერთი მწვრთნელის და მოთამაშის აზრით, ჩვენ გუნდს თავისუფლად შეეძლო მოლდოვასთან და პოლონეთთან ექვსი ქულის დაგეგმვა, საშინაო შეხვედრაში ინგლისის გამწარებაც არ განეკუთვნებოდა ფანტასტიკის სფეროს, ხოლო თუ იტალიასთან და ინგლისთან დარჩენილ სამ შეხვედრაში გუნდი კიდევ მოიპოვებდა ქულას, ან უკეთეს შემთხვევაში ქულებს, ქართველები აუცილებლად ითამაშებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ვარშავის ხელშეკრულება: საქართველო იტალიით იწყებს! – ასე დაასათაურა გაზეთ სარბიელის რედაქტორმა ზურაბ მეძველიამ 1995 წლის 19 იანვრის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული წერილი, რომელიც შესარჩევი ჯგუფის კალენდარს მიეძღვნა.

იტალიის, ინგლისის, პოლონეთის, მოლდოვის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელები და ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლები მატჩების თარიღებზე მოსალაპარაკებლად პოლონეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ და ორდღიანი შეხვედრის შემდეგ განრიგზეც შეთანხმდნენ, რომელიც უეფას გაუგზავნეს დასამტკიცებლად.

ჩვენი, მეორე შესარჩევი ჯგუფი 1996 წლის 1 სექტემბერს მოლდოვა-ინგლისის თამაშით იხსნებოდა, 5 ოქტომბერს მოლდოველები უკვე მთავარ ფავორიტს, იტალიას მასპინძლობდნენ, ოთხ დღეში კი, 9 ოქტომბერს, ერთბაშად ორი შეხვედრა დაიგეგმა: ინგლისი-პოლონეთი და იტალია-საქართველო. ექვს შესარჩევ მატჩს ჩვენი გუნდი 1997 წელს ჩაატარებდა.

„ძალიან მეშინოდა შემოდგომამდე თამაში არ დაგეგმილიყო. კალენდარს დავხედე და მართალი გითხრა, გამეხარდა – ჩვენი ნაკრებისთვის თითქმის იდეალურია“, – ალექსანდრე ჩივაძის თანაშემწე ვლადიმერ პანოვმა ეს სიტყვები ზურაბ მეძველიას განუცხადა.

ამ უკანასკნელმა ზემოხსენებულ წერილში მეორე პუნქტად ესეც დაწერა: „ვფიქრობ, თუ ჯგუფის უპირველეს ფავორიტთან, იტალიასთან სტუმრობისას რაიმე შანსი გვაქვს, სწორედ შესარჩევი ტურნირის დასაწყისში – იტალია, ტრადიციულად, მძიმედ იწყებს და ბრწყინვალედ ამთავრებს. თან კალენდარი აშკარას ხდის, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები, რომელთაც, ალბათ, ევროპის ჩემპიონატის მერე ნაკრების საგრძნობი გადახალისება ელით, მოერიდნენ დასაწყისშივე ინგლისთან და პოლონეთთან თამაშს და ორ აუტსაიდერთან „გასეირნება“ ირჩიეს.

ამას ისიც დაუმატეთ, რომ იტალიის მწვრთნელი ჩვენს ნაკრებს „საქმეში“ ურთიერთშეხვედრამდე ვერ იხილავს, ჩივაძის რომელიმე თანაშემწეს კი შეუძლია მშვიდად, ოთხი დღით ადრე ჩავიდეს კიშინიოვში და იტალიის ახალი ნაკრების თამაში იხილოს. მოკლედ, ეს ის პლუსებია, რომლებზე მობღაუჭებაც შეიძლება.

არანაირი მინუსი იმას, რომ იტალიასთან გასვლით ვიწყებთ, ჩემი აზრით, არ გააჩნია. ვინმემ იქნებ თქვას – საშინლად რომ წავაგოთ, თამაშის ხალისს დავკარგავთო, მაგრამ მოლდოვასთან თბილისში წაგებაზე საშინელი, არამგონია რაიმე იყოს“.

სარბიელის რედაქტორის ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა – ევრო 1996-ის შემდეგ იტალიის ნაკრებში მართლაც ბევრი ცვლილება მოხდა, ბოლოს და ბოლოს მთავარი მწვრთნელის, არიგო საკის გუნდში დარჩენის საკითხი დაისვა.

ევროპის ჩემპიონატს სკუადრა აძურა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად შეხვდა. საკის ბიჭებმა 11 ივნისს პირველი თამაში 2:1 მოიგეს – პიერლუიჯი კაზირაგიმ ორი გოლი გაუტანა რუსეთის ნაკრების მეკარეს სტანისლავ ჩერჩესოვს.

მომდევნო შეხვედრაში, 14 ივნისს ლივერპულში, ენფილდ როუდზე, იტალია ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა, პაველ ნედვედის და რადეკ ბეიბლის გოლებს მხოლოდ ენრიკო კიეზამ უპასუხა.

გერმანიის ნაკრებთან უკანასკნელი შეხვედრის წინ იტალია ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადამწყვეტი თამაშის წინ თითოეულმა იტალიელმა იცოდა, რომ თუ ფლეი ოფში თამაში სურდა, აუცილებლად უნდა დაემარცხებინათ მეტოქე, ჩეხეთს კი ქულები უნდა დაეკარგა რუსეთთან. ხოლო თუ საკის ბიჭები ბუნდესგუნდთან ფრედ ითამაშებდნენ, ამ შემთხვევაში იტალიას მხოლოდ ჩეხეთის მარცხი იხსნიდა.

მანჩესტერში, ოლდ ტრაფორდზე გამართული იტალიურ-გერმანული დაპირისპირება 0:0 დასრულდა. სკუადრა აძურამ კარგად კი ითამაშა, მაგრამ ბერტი ფოგთსის გუნდის დაცვის წინააღმდეგობა ვერ დაძლია. უნდა ვახსენო ჯანფრანკო ძოლას მიერ ვერგატანილი პენალტიც, ნახევარმცველს იმ ჩემპიონატზე დიდებულად მოთამაშე ანდრეას კეპკემ აჯობა. ლივერპულში, ენფილდზე კი ჩეხებმა რუსებთან მატჩი 88-ე წუთზე გადაარჩინეს ვლადიმირ შმიცერის წყალობით და მეოთხედფინალში გავიდნენ. ესეც ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოდგა: ჯერ ჩეხები იგებდნენ ორი გოლით, შემდეგ რუსები დაწინაურდნენ, ბოლოს კი ფრე – 3:3.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალიის ნაკრების ევროჯგუფში ჩარჩენას რა რეაქცია მოჰყვებოდა, იოლად წარმოსადგენია – პრესამ საკი და მისი გუნდი მიწასთან გაასწორა, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს კი მათი გათავისუფლება და ახალი სამწვრთნელო შტაბის მოძებნა მოსთხოვა. იმ დღეებში ორ სპეციალისტზე საუბრობდნენ, ლეგენდარულ დინო ძოფზე და ჩეზარე მალდინიზე, რომელიც წარმატებით წვრთნიდა ახალგაზრდულ ნაკრებს.

კალჩოს მმართველ სახლში სიტუაციას პრაგმატულად მიუდგნენ, რამდენიმე პრესკონფერენციით შემოიფარგლნენ და არიგო საკის და მის თანაშემწეებს წლის ბოლომდე მისცეს დრო. პირობა ერთი იყო: გუნდს მალე უნდა გადაელახა კრიზისი, საკის დაუყოვნებლივ დაეწყო ახალი გუნდის შენება და საფრანგეთი 1998-ის შესარჩევი ეტაპის სტარტზე ორივე თამაში მოეგო.

სარბიელში კი ივარაუდეს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველებს უშუალო დაპირისპირებამდე საქმეში ვერ იხილავსო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა: 1996 წლის 1 სექტემბერს, როცა ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ამხანაგურად ითამაშა ოსლოში, ნორვეგიასთან, მატჩს არიგო საკი პირადად დაესწრო. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ 1996 წლის იანვარში სარბიელის რედაქციაში კი არა, ნაკრებშიც არაფერი იცოდნენ ნორვეგიაში სტუმრობის შესახებ – მატჩი იმ დროს დაგეგმილი არც იყო.

სანამ ჩვენი ეროვნული გუნდი იტალიის ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებდა, თბილისის დინამომ უეფას თასის გათამაშებაში კიდევ ერთი ევრომეტოქე დაამარცხა, ბათუმმა კი თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობა დაასრულა.

დავით ყიფიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპებზე ლუქსემბურგის გრევენმახერთან და ნორვეგიის მიოლდესთან გამარჯვების შემდეგ, 1/32-ფინალში მოსკოვის ტორპედოს სძლია! საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა 10 სექტემბერს რუსეთის დედაქალაქში გოჩა ჯამარაულის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა, ორი კვირის შემდეგ კი თბილისში, ეროვნულ სტადიონზე გამართული პაექრობა ფრედ 1:1 დასრულდა – ჯამარაულის ეფექტურ გოლს რუსებმა მხოლოდ თამაშის მიწურულს უპასუხეს. რაც შეეხება ბათუმს, შოთა ჭეიშვილის ბიჭებმა პსვ ეინდჰოვენს მხოლოდ აჭარაში გაუწიეს წინააღმდეგობა, ამირან მუჯირის გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ 1:1 – ლუკ ნილისმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში. ნიდერლანდებში მასპინძლები აშკარად უკეთესები იყვნენ – 3:0 (ნილისი, რენე აიკელკამპი, მარსელო რამოსი).

3 ოქტომბერს, როცა ეროვნულ ნაკრებში მიწვეულმა ფეხბურთელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზას მიაშურეს, ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა უკვე იცოდა დინამოს მომდევნო მეტოქე – პორტუგალიის ბოავიშტა. ორივე შეხვედრა იტალია-საქართველოს შემდეგ დაიგეგმა.

სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ალექსანდრე ჩივაძე დანიას ესტუმრა, სადაც უეფას ეგიდით მეორედ გაიმართა ეროვნულ გუნდთა თავკაცების სემინარი. სამდღიან ღონისძიებას შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, უეფას ტექნიკური კომიტეტის ხელმძღვანელი ენდი როქსბურგი გაუძღვა, სპეციალური სტუმრის სტატუსით კი კოპენჰაგენს უეფას პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი და ფიფას გენერალური მდივანი იოზეფ ბლატერიც ეწვივნენ. რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, ჩივაძის გარდა მის შემადგენლობაში იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ეროვნული გუნდის ტექნიკური დირექტორი რამაზ შენგელია და სფფ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი დავით პეტრიაშვილი.

სარბიელელ მამუკა კვანტალიანთან ინტერვიუში (28 სექტემბერი, 1996) ალექსანდრე ჩივაძემ კოპენჰაგენური შეკრებაც შეაჯამა და ეროვნული გუნდის მზადებაზეც ისაუბრა:

„დანიაში საქმიანი შეხვედრები გვქონდა, უეფამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ბერტი ფოგთსი, არიგო საკიმ კი საინტერესო მოხსენება წაიკითხა…

ვისაუბრეთ ოქროს გოლის წესზეც. საბოლოოდ ყველა მწვრთნელი ერთ დასკვნამდე მივიდა – თამაშის ასე დასრულება არაობიექტური და არასწორი გადაწყვეტილებაა. უეფას ჩვენი დასკვნა გაეგზავნა და ალბათ, შესაბამის განაჩენსაც გამოუტანენ ამ წესს…

შეკრებას ტრადიციულად თბილისში დავიწყებთ, 4 ოქტომბერს თურქეთსა და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერები შემოგვემატებიან და შემდეგ კი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ჩარტერული რეისით იტალიაში გავემგზავრებით…

ზაზა რევიშვილი ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება მოსკოვის ტორპედოსთან თბილისში დაშავებულ დიმიტრი კუდინოვსა და გოჩა ჯამარაულს, დიდი იმედი მაქვს საშიში არაფერი იქნება…

აკაკი დევაძემ ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ ამდენი ხანია არ უთამაშია და ჯერ სათანადოდ მზად არ არის…

გული მწყდება, რომ შოთას თამაში საბოლოოდ გამოირიცხა – მან ოპერაცია გაიკეთა“.

შეკრების პირველ დღეს, დიღომში, მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეები, ასევე თურქეთის და რუსეთის კლუბებში მოთამაშეები შეიკრიბნენ. იმავე დღეს შეაღეს ბაზის კარი ახალგაზრდულ და 18-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრილებმაც. ვლადიმერ გუცაევის გუნდი იტალიელ ახალგაზრდებთან სათამაშოდ ემზადებოდა, ვახტანგ კოპალეიშვილის ბიჭები კი ევროპის 1997 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფისთვის – ჭაბუკებს ბულგარეთში უნდა ეთამაშათ მასპინძელ და სომეხ თანატოლებთან.

პირველად 18-წლამდელები გავიდნენ მინდორზე, მათ შემდეგ კი ახალგაზრდები გიორგი დემეტრაძის და დავით მუჯირის გამოკლებით. გუცაევმა ისინი რეჟიმის დარღვევის გამო დასაჯა და პირველ დღეს ცალკე ავარჯიშა. სულ ბოლოს ეროვნული ნაკრების ჯერი დადგა. ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიის მცველი მურთაზ შელია, რომელმაც წინა დღეს ვოლგოგრადის როტორთან პრინციპულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, მწვრთნელებმა დაასვენეს, გოჩა გოგრიჭიანი კი უცნობი მიზეზით დააკლდა პირველ ვარჯიშს.

საწვრთნელ ფორმაში იყო ჯამარაულიც, თუმცა მოედანზე არ გასულა. ის, რომ გოჩა ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა, ჩივაძემ გუნდის ექიმისგან, დიმიტრი ზაალიშვილისგან შეიტყო.

„მოსკოვის ტორპედოსთან მატჩში გოჩა საკაცით გავიყვანეთ მინდვრიდან. თავიდან ვფიქრობდით, რომ ტრავმა მძიმე არ იყო, მაგრამ რენტგენზე გამოჩნდა, რომ მას ტერფის ძვალი აქვს ატკეჩილი. მკურნალობას სულ ცოტა ათი დღე დასჭირდება. შესაძლებელია გოჩამ ნემსები გაიკეთოს და იტალიაში ითამაშოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, მინდორზე ნამდვილი ჯამარაული არ იქნება. თან, შესაძლოა, ამის გამო მას ბოავიშტასთან ორივე შეხვედრა გაუცდეს“, – ასეთი იყო გუნდის ექიმის კომენტარი.

პირველი ვარჯიში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, ზუსტად 18:30 საათზე კი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და თბილისის დინამოს თავკაცი დავით ყიფიანი სახელმწიფო კანცელარიაში ქვეყნის პრეზიდენტს ესტუმრნენ.

„დღეს სპორტული დღე მაქვს“, – იხუმრა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ფეხბურთელებამდე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს და ჭადრაკის ფედერაციის მესვეურებს უმასპინძლა. ქალთა ნაკრებმა რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ მოიგო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც იმ შემოდგომით ერევანმა უმასპინძლა.

„მამაშვილურად დაგილოცავთ გზას! მოიგებთ თუ სხვა შედეგი იქნება, მთავარია ღირსეულად ითამაშოთ. მოედნიდან რომ გამოხვალთ, საკუთარი თავით უნდა იყოთ კმაყოფილი. იქ, მოედანზე რომ შეაბიჯებთ, გახსოვდეთ, თქვენ აფხაზეთისთვის იბრძვით“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს. მანამდე ედუარდ შევარდნაძემ ქვეყნის აღმშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება: რომ საქართველო უკვე სახელმწიფოა ყველა ატრიბუტით, რომ ქვეყანა ნელ-ნელა აღწევს სტაბილურობას და ეკონომიკურად ვითარდება.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ფეხბურთელებს სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ უმასპინძლეს. ამ უკანასკნელმა იტალიაში თავგამოჩენილებს ხუმრობით დეპუტატობაც აღუთქვა.

„იქნებ ბოლოდროინდელმა გამარჯვებებმა გამათამამეს, მაგრამ ვგონებ, ჩვენები მეტოქეს არცერთ კომპონენტში ჩამოუვარდებიან, შეიძლება ოდნავ გამოცდილებაში. ფეხბურთელებმა მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრონ და თამაშში გული და სული ჩააქსოვონ. მე რომ ოცი წლით ახალგაზრდა ვიყო და ამ ბიჭებთან ერთად იტალიაში მივდიოდე, იქ, მატჩის წინ, საქართველოს ჰიმნის მოსმენით ბედნიერი ვიქნებოდი. მრავალჯერ მითამაშია საბჭოთა კავშირის ნაკრებში და ის ჰიმნიც მომისმენია, მაგრამ რეაქცია არ მქონია“, – ეს უკვე დავით ყიფიანის სიტყვებია.

შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა შეაჯამა, რომელმაც ჯერ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა, მათ შორის ეროვნული სტადიონის არასრულფასოვან განათებაზე, ბოლოს კი ფეხბურთელებს მიმართა: „რომ დაბერდებით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულ მოგონებად დაგრჩებათ. ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ჩვენი პირველი მეტოქე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იტალიაა და თქვენ ამ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებთ“.

ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის პრეზიდენტს იმ დროს უკვე მიღებული ჰქონდა კაპას ფაქსი, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ იტალია-საქართველოს მატჩის შემდეგ შეიტყო. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი იტალიური კომპანია შეშფოთებას გამოთქვამდა გაზაფხულზე გაფორმებული ხელშეკრულების უეცარი გაწყვეტის გამო და ფეხბურთის ფედერაციაში ნოდარ ახალკაცის სახელზე გამოგზავნილ წერილში მოსალოდნელ პრობლემებზე იწერებოდა.

სფფ კაპას ოთხი წლით ტექნიკურ სპონსორობაზე 1996 წლის 1 აპრილს შეუთანხმდა. მომდევნო ამხანაგურ მატჩებში, მათ შორის საბერძნეთსა და ნორვეგიაში, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სწორედ კაპას სპორტული ფორმით ითამაშა, რომელიც იტალიური მხარის თქმით „უმოკლეს დროში დამზადდა ახალი დიზაინით“. ფაქსში ისიც ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბევრად მეტი სპორტული პროდუქცია გაეგზავნა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული“.

იტალიელებს, როგორც იმ წერილიდან ირკვევა, საქართველოსთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები ჰქონდათ, თუმცა 29 სექტემბერს მათ თბილისიდან უარი შეუთვალეს. სწორედ ამიტომ, კაპას ლიცენზიებსა და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ჯანპაოლო ლეპრონი 30 სექტემბერს საქართველოში გამოგზავნილ ფაქსში ნოდარ ახალკაცს სიტუაციაში გარკვევას სთხოვდა.

როგორ დასრულდა ფეხბურთის ფედერაციასა და იტალიურ კომპანიას შორის წარმოქმნილი დავა, ამის შესახებ დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით, ფაქტი კი ისაა, რომ იტალიაში ჩვენმა ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ადიდასის ნაწარმით ითამაშეს.

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები იტალიაში შაბათს, 5 ოქტომბერს, დილით გაემგზავრნენ. კახი ცხადაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე და მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციას რომში დახვდნენ, სადაც გუნდების გზები გაიყო: ვლადიმერ გუცაევის ბიჭებმა არეცოს მიაშურეს, ჩივაძის რჩეულები კი მატჩის მასპინძელი პერუჯისკენ გაემგზავრნენ. რამდენიმე საათში გუნდი სასტუმრო ლა ვილაში დაბინავდა, რომელიც სოფელ ხასტიაში, პერუჯიდან თხუთმეტი წუთის სავალზე მდებარეობდა.

ნომრებში განთავსების, დასვენების და მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ ყველა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბა: იტალიის დროით 19:15 საათზე კიშინიოვიდან პირდაპირი ტელერეპორტაჟი დაიწყო – არიგო საკის ბიჭები მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

3:1 – ამ ანგარიშით გაიმარჯვა სკუადრა აძურამ და საფრანგეთი 1998-ის შესარჩევი დაგეგმილი სამი ქულით დაიწყო. ფაბრიციო რავანელიმ დუბლი შეასრულა, მის ორ გოლს შორის კი ჯერ ალექსანდრუ კურტეიანმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი პიერლუიჯი კაზირაგიმ დააწინაურა იტალია. იმ დღეს პირველად მოირგო ნაკრების მაისური ალესანდრო ნესტამ – რომის ლაციოს ოცი წლის მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ფრანჩესკო ტოლდო – 6; ალესანდრო ნესტა – 5; ჩირო ფერარა – 5; ალესანდრო კოსტაკურტა – 5,5; პაოლო მალდინი – 5,5; ანტონიო კონტე – 6,5; რობერტო დი მატეო – 6; ამადეო კარბონი – 5; ენრიკო კიეზა – 5; პიერლუიჯი კაზირაგი – 6,5; ფაბრიციო რავანელი – 6,5. ასე შეაფასა ყველაზე ძველმა იტალიურმა სპორტულმა ჟურნალმა გუერინ სპორტივომ იმ შეხვედრაში თანამემამულეები. შეცვლაზე შესული ჯანფრანკო ძოლა რედაქციამ შეფასების გარეშე დატოვა, ანჯელო დი ლივიოს კი, ვინც შესვენების შემდეგ გამოჩნდა კიეზას ნაცვლად, 6,5 ქულა დაუწერა.

გაზეთმა სარბიელმა იტალიაში ორი ჟურნალისტი მიავლინა – ილია ბაბუნაშვილი და გიორგი ოქრომჭედლიძე. მათ მატჩამდე მოინახულეს ეროვნული გუნდის წევრები და მოლდოვა-იტალიის შეხვედრაზეც დაეკითხნენ.

კახი გოგიჩაიშვილი: „კარგი პირობები გვაქვს, ერთადერთი პრობლემა ამინდია – ძალიან გაფუჭდა. საბედნიეროდ, ყველანი ჯანზე ვართ, იტალიის ნაკრებს კი კიშინიოვში ნამდვილად არ დაუტოვებია განსაკუთრებული შთაბეჭდილება. ვფიქრობ, ისინი ევროპის ჩემპიონატზე უკეთესად თამაშობდნენ“.

დიმიტრი კუდინოვი: „ფეხი კვლავ მაწუხებს, მაგრამ თამაშში ხელს არ შემიშლის, მთავარია მწვრთნელი მენდოს“.
თემურ ქეცბაია: „სათამაშოდ მზად ვარ. დავარტყამ თუ არა პენალტს? ბოლო შეხვედრაში, უეფას თასზე, მეკარემ ამიღო, მაგრამ ახლა მთავარია ჩვენს სასარგებლოდ დაინიშნოს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ შეასრულებს. ბურთთან ის მივა, ვინც იმ მომენტში ფსიქოლოგიურად მზად იქნება“.

გიორგი ქინქლაძე: „მსაყვედურობენ, რომ ბურთის წასართმევად ბრძოლა არ მიყვარს, მაგრამ ჩემი ამპლუა ასეთია, არ მევალება ბურთისთვის ბრძოლა. თუმცა ისეც არაა საქმე, ვინმემ იოლად ჩამირბინოს და უბრძოლველად გავატარო“.

9 ოქტომბერს, მატჩის დღეს, გაძეტა დელო სპორტმა საქართველოს ნაკრების მისეული სავარაუდო შემადგენლობა ამცნო მკითხველს: მეკარე – ირაკლი ზოიძე; ლიბერო – დიმიტრი კუდინოვი; დაცვის ფლანგებზე ნუგზარ ლობჟანიძე და კახი ცხადაძე (?), ცენტრში მურთაზ შელია და ლევან კობიაშვილი (?); ნახევარდაცვაში, მარცხნიდან მარჯვნივ კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ქინქლაძე, გიორგი ნემსაძე და თემურ ქეცბაია, თავდასხმაში კი მიხეილ ყაველაშვილი. ამას გარდა რამდენიმე გვერდი დაეთმო საქართველოს – მთავრობით დაწყებული სახელგანთქმული სპორტსმენების მიმოხილვით დასრულებული.

შუადღით ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი დაიწყო. თამაში არეცოში, სტადიო კომუნალეზე გაიმართა.

პირველი ნაწილის დასასრული

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 25 ოქტომბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი

ka_GEGeorgian