ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #28: იტალია 1:0 საქართველო (II)
რა უნდა დაწერო, როცა გუნდი 0:6 მარცხდება და ამ ექვსიდან სამ გოლს პენალტის ნიშნულიდან უშვებს. მაგრამ მაინც, ორიოდ სიტყვით ახალგაზრდულების მატჩსაც მოგაგონებთ, მით უმეტეს, რომ ვლადიმერ გუცაევის გუნდის მეტოქე ჩეზარე მალდინის მომზადებული იტალია იყო, რომელიც მაისში ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში სხვებთან ერთად ჯანლუიჯი ბუფონი, მასიმო ამბროზინი, ფრანჩესკო კოკო, სტეფანო ფიორე, ალესიო ტაკინარდი, ტომას ლოკატელი და კრისტიანო ლუკარელი ვიხილეთ, ქართველთა თერთმეტეული კი ასეთი იყო: კარში დავით ასლანაძე ჩადგა, დაცვის ცენტრში კახი კალაძემ, შალვა ხუჯაძემ და გიორგი დავითნიძემ ითამაშეს, ხოლო ფლანგებზე გოგა გახოკიძემ და გიორგი ლომიძემ, საყრდენ ნახევარმცველად გიორგი კიკნაძე ვიხილეთ, ფლანგებზე ლევან ქებაძე და დავით მუჯირი, წინ კი მიხეილ აშვეთია და მისი სეხნია ფოცხვერია.
ერთი შეხედვით უცნაური ტაქტიკური განლაგებაა, თუმცა ამაზე რთულად შესაგუებელი ის იყო, რომ ბიჭებმა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლეს და უშანსოდ წააგეს თამაში.
მთავარ მომენტებს ჩამოვწერ:
მე-6 წუთი: დავით მუჯირმა მოედნის ცენტრში ამბროზინისთან ორთაბრძოლისას დაკარგა ბურთი, ამ უკანასკნელმა ფაბრიციო კამარატა მოძებნა, რომელმაც დაახლოებით ოცდაათმეტრიანი გარღვევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ასლანაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა გოლი – 1:0;
მე-11 წუთი: ქართველებმა კუთხური კი მოიგერიეს, მაგრამ ამბროზინიმ ისევ საჯარიმოში ჩააბრუნა ბურთი, იქ კი კალაძის და ლუკარელის ორთაბრძოლაში პორტუგალიელმა არბიტრმა ვიტორ მანუელ მელუ პერეირამ ქართველი დააჯარიმა და პირველი პენალტი დანიშნა. ლუკარელი ზუსტი იყო – 2:0.
მე-20 წუთი: ფიორემ კიდევ ერთხელ მოაწოდა ბურთი კუთხურიდან, ლოკატელის და მუჯირის ორთაბრძოლაში კი მსაჯმა ქართველი დაადანაშაულა, ხელით თამაში აღნიშნა და მეორედ მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ. ლუკარელიმ კვლავ ჩინებულად დაარტყა – 3:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში გუცაევმა გიორგი დემეტრაძე ჩართო თამაშში აშვეთიას ნაცვლად. მალე ზაზა ზირაქიშვილიც გამოჩნდა – მუჯირი შეცვალა, ზუსტად ორ წუთში კი ზირაქიშვილმა საჯარიმოში ტაკინარდი წააქცია და ასლანაძის კარში ზედიზედ მესამე პენალტი დაინიშნა. დაზარალებულმა თავად დაარტყა – 4:0.
66-ე წუთზე ლუკარელიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. იმ დროს გუცაევის გუნდი უკვე ათი ფეხბურთელით თამაშობდა – კოკოსთან ორთაბრძოლაში დემეტრაძემ დაიმსახურა წითელი ბარათი.
71-ე წუთზე ასლანაძის კარში უკანასკნელი გოლი გავიდა: ლოკატელიმ ლამის მთელი დაცვა მოატყუა, გოლკიპერიც არ დაინდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:0.
მასპინძელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება – 7,5 ქულა, კრისტიანო ლუკარელიმ მიიღო, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა ჰეთ-თრიქი: 3 ოქტომბერს, როცა ჩეზარე მალდინის გუნდმა მოლდოვაში 3:0 გაიმარჯვა, ყველა გოლი მან შეაგდო.
გუერინ სპორტივომ ასე შეაფასა ჩვენი გუნდი: დავით ასლანაძე – 5; გიორგი ლომიძე – 5; კახი კალაძე – 5; შალვა ხუჯაძე – 5; გოგა გახოკიძე – 5,5; დავით მუჯირი – 6; გიორგი დავითნიძე – 5,5; გიორგი კიკნაძე – 5,5; ლევან ქებაძე – 5,5; მიხეილ ფოცხვერია – 5,5; მიხეილ აშვეთია – 5. შეცვლაზე შესულთაგან იტალიური გამოცემის ჟურნალისტებმა ზირაქიშვილი და ალექსანდრე იაშვილი არ შეაფასეს, დემეტრაძეს კი 4 ქულა ერგო.
ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი საკაბელო ტელევიზიით ვნახე. 0:6 წაგება საშინელებაა, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად არ განმიცდია. ჯერ ერთი, რომ იტალიელების მოგებას ველოდი, ამ ანგარიშით არა, მაგრამ წაგებას წინასწარ ვიყავი შეგუებული, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები იმ პერიოდში ძალიან სუსტი იყო. მეორეც – იმ დროს ჩემი მთავარი საზრუნავი ეროვნული გუნდი იყო, მხოლოდ მათზე ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა 22:30 საათი.
იტალიურმა RAI-მ ტელერეპორტაჟი თხუთმეტი წუთით ადრე დაიწყო, ლეგენდარული ბრუნო პიცული გახლდათ კომენტატორი. მასპინძლებმა ტრადიციული ფორმით, ლურჯი მაისურებით და თეთრი ტრუსებით ითამაშეს, ქართველებმა კი ადიდასის ახალი ეკიპირებით – თეთრი მაისურებით და შავი შორტებით. ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში, საბერძნეთსა და ნორვეგიაში, საქართველოს ნაკრებს იტალიური კაპას პროდუქცია ემოსა (ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი გუნდის ისტორიაში), ისიც ვიცოდით, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადი სწორედ კაპა იქნებოდა ფედერაციის ტექნიკური სპონსორი და უცბად, ადიდასი.
იტალიის ნაკრებმა კლასიკური ტაქტიკური განლაგებით ითამაშა – 4-4-2: კარში ფრანჩესკო ტოლდო; დაცვაში, მარჯვნიდან მარცხნივ – ალესანდრო ნესტა, ჩირო ფერარა, დებიუტანტი ჯანლუკა პესოტო და გუნდის კაპიტანი პაოლო მალდინი; ნახევარდაცვაში იგივე მიმართულებით – რობერტო დი მატეო, ანჯელო დი ლივიო, ამადეო კარბონი, ანტონიო კონტე; მარჯვენა თავდამსხმელი პიერლუიჯი კაზირაგი, მარცხნივ კი პერუჯელთა კერპი ფაბრიციო რავანელი.
ალექსანდრე ჩივაძემ ასეთი განლაგება დაუპირისპირა არიგო საკის: კარში ირაკლი ზოიძე; დაცვის ფლანგებზე ნუგზარ ლობჟანიძე და დიმიტრი კუდინოვი, ცენტრში კახი ცხადაძის და მურთაზ შელიას წყვილი; გიორგი ნემსაძე კვლავ საყრდენი ნახევარმცველი იყო; ნახევარდაცვის ფრთებზე კახი გოგიჩაიშვილი და ლევან კობიაშვილი დადგნენ, წინ გამწესებული გოჩა გოგრიჭიანის უკან კი თემურ ქეცბაია და გიორგი ქინქლაძე ირჯებოდნენ.
თამაშის მიმოხილვა – „პერუჯამ იმედიც ჩაგვისახა“ (სარბიელი; #104, 1996 წლის 10 ოქტომბერი) – ჟურნალისტმა ილია ბაბუნაშვილმა ასე დაიწყო:
„ამ მატჩს ყველანი დიდი მღელვარებით ველოდით: ერთი რომ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი შეხვედრა გახლდათ და, საერთოდაც, ახალი ციკლის საწყისი მატჩი იყო. ახალს არას ვიტყვით, მეტოქის მხოლოდ სახელიც კი თავზარდამცემი გახლდათ. სახელში, რა თქმა უნდა, ტიტულებს ვგულისხმობთ. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან ამ საუკუნეში, ეგებ არც მოგვეცემოდა შეხვედრის შანსი, განგებას რომ არ ენება და შესარჩევი ტურნირის უძლიერეს ჯგუფში არ ჩავეგდეთ.
იტალია ყოველთვის იტალიაა, თავისი, მეტწილად ძლიერი და ხანდახან სუსტი მხარეებით, მაგრამ ახლა, წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გავეშებულ მხეცს ჰგავს. ტიფოზებს წყურვილი ვერც მოლდოვაში 3:1 გამარჯვებამ მოუკლა. ამაზე უკვე ვწერდით და ბევრს აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ ფაქტია, საქართველოსთანაც არამარტო სასურველი შედეგი გახლდათ ნუგეში, არამედ ძლიერი თამაშიც, რომელსაც რახანია ამაოდ ელიან საკის გუნდისგან.
იტალიამ იცის საკის ფასი, გონების დაუძაბავად ახსოვს, ვინ არის იმ რეფორმის წამომწყები, საქვეყნოდ ცნობილ იტალიურ კატენაჩოს შემტევი სტილი რომ შეუნაცვლა. ისიც იციან, რომ საკი გენიოსია, ამას დაუფარავად აღიარებენ, ოღონდ მისი ექსპერიმენტები ყელში ამოუვიდათ და ითხოვენ, გენიოსი კი არა, უბრალო ადამიანი გვსურს მწვრთნელად, რომელიც თამაშს მოგვაგებინებსო. ვერაფერს იტყვი, შესაშური პრაგმატიზმია, მაგრამ იმაში შეიძლება დათანხმება, რომ საკის ტყუილად არ აკრიტიკებენ უცერემონიოდ და მის საქმიანობას საყოველთაოდ განაქიქებენ.
ყოველივეში იტალია-საქართველოს გუშინდელმა მატჩმაც დაგვარწმუნა. ვერავინ იტყვის ხელაღებით, რომელმა გუნდმა აჯობა მეტოქეს თამაშში (ამაზე მხოლოდ შედეგით მსჯელობა არ გამოგვადგება), რადგან სახიფათო მომენტები ორივე კართან საკმაოდ შეიქმნა და თუ მასპინძლებმა პირველ ნახევარში მეტოქე მხოლოდ რამდენჯერმე გადაუშვეს თავის მოედანზე, მეორე ტაიმში სულ მთლად ზედსიძედ დაისვეს“.
მე-2 წუთი: მასპინძლებმა პირველად შეუტიეს საქართველოს ნაკრების კარს, მას შემდეგ რაც კახი ცხადაძის მიერ უმისამართოდ მოგერიებული ბურთი ანჯელო დი ლივიოს მიუვიდა. ამ უკანასკნელთან ორთაბრძოლისას კუდინოვი დაჯარიმდა, სტანდარტული სიტუაცია კი რავანელიმ შეასრულა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი კუთხურზე გადავარდა…
მე-4 წუთი: ირაკლი ზოიძე უპრობლემოდ იგერიებს რობერტო დი მატეოს დარტყმულ ბურთს…
მე-5 წუთი: პიერლუიჯი კაზირაგი კარის შორეულ კუთხეში გზავნის ბურთს, თუმცა ზოიძე გაჭირვებით ახერხებს უკუგდებას…
მე-16 წუთი: რავანელის ჩაწოდებული ბურთი ისევ კაზირაგიმ გადაგზავნა კარში, თუმცა ქართველთა მეკარე კვლავ საიმედოა…
რამდენიმე წამში საკი პირველ ცვლილებას იყენებს: კარბონის ნაცვლად მოედანზე გამოდის ჯანფრანკო ძოლა, პარმას შემტევი ნახევარმცველი. იტალიელებს კომბინაციური თამაში უჭირდათ და მწვრთნელმაც ამიტომ უხმო ძოლას, რომელსაც ჟურნალისტები ძირითად შემადგენლობაში ელოდნენ.
22-ე წუთი: ზოიძე კვლავ საიმედოა, რავანელის უძლიერეს დარტყმას იგერიებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო იტალიელთა ყველაზე სახიფათო შეტევა…
26-ე წუთი: დი მატეო საჯარიმოში აწვდის, თბილისის დინამოს გოლკიპერი კი დროულად გამოდის კარიდან და რავანელის ბურთს თავიდან აცლის…
29-ე წუთი: იტალიელთა მთავარი ფორვარდი ამჯერად კუდინოვმა შეაჩერა. რავანელი დი მატეოს დაწყებული შეტევის დაგვიგვინებას ცდილობდა…
საწყის ნახევარ საათში საქართველოს ნაკრები ძალიან წვალობს, განსაკუთრებით შეტევაში, სადაც ერთადერთ თავდამსხმელად გამწესებული გოგრიჭიანი ფაქტიურად უბურთოდაა. 31-ე წუთზე ჩივაძეს ის მოედნიდან გაჰყავს და მის ნაცვლად რევაზ არველაძეს რთავს თამაშში.
„ცოტა არ იყოს გაუგებარი გახლდათ ის შცვლა, 31-ე წუთზე ჩივაძემ რომ განახორციელა. მან თავდამსხმელ გოგრიჭიანს ნახევარმცველი რეზო არველაძე ამჯობინა. ამით უთავდამსხმელოდ არ დავრჩენილვართ, რადგან ქეცბაიამ გოგრიჭიანის ადგილას, თავდასხმაში წაინაცვლა, მაგრამ არც ნახევარდაცვა გაძლიერებულა. რა ცოდნა უნდა, არველაძე ქეცბაიაზე არც მეტად მებრძოლია, არც მოძრავი და არც გამოცდილი. რაც შეეხება გოგრიჭიანს, იგი ტყუილად დაასვენეს, რადგან იმაში, სახიფათო მომენტი რომ არ შექმნილა, ყველაზე ნაკლებად თავად იყო დამნაშავე. იმ ოცდაათი წუთის მანძილზე, რაც გოგრიჭიანი მოედანზე იყო, საკმარისად ბევრსაც მოძრაობდა, კიდეც იხსნებოდა, მაგრამ მისი მისამართით პასი არ ჩანდა, რადგან ეს რომ მომხდარიყო, ამისთვის ჩვენებს, სულ ცოტა, ბურთი უნდა სჭეროდათ, ამას კი, როგორც გითხარით, ვერ ახერხებდნენ“, – წერს ილია ბაბუნაშვილი თამაშის მიმოხილვაში (სარბიელი; #104; 1996 წლის 10 ოქტომბერი).
35-ე წუთი: ამჯერად რავანელი გვევლინება ასისტენტის როლში – მარცხენა ფრთიდან ანტონიო კონტეს ჩაუწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი არაზუსტად დაარტყა. როგორც ჩანს, კონტე შელიას მოძრაობამ დააფრთხო…
მე-40 წუთი: იტალიელთა კაპიტანი პაოლო მალდინი, რომელიც იმ დღეს 73-ედ იცავდა გუნდის ღირსებას, ჩვენ საჯარიმო მოედანში წაიქცა, თუმცა მსაჯს პენალტი ვერ დასტყუა…
42-ე წუთი, ჩვენების პირველი გააზრებული შეტევა: იტალიელთა საჯარიმოს ხაზთან მდგარმა გიორგი ქინქლაძემ ოსტატურად, ორ მცველს შორის გაუჭრა ბურთი თემურ ქეცბაიას. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა – მასპინძლები გადარჩნენ. ასხლეტილ ბურთზე დამატება ლევან კობიაშვილმა სცადა, მაგრამ მსაჯმა, რატომღაც, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
საპასუხო შეტევა კი იტალიელებმა გოლით დაასრულეს: ძოლამ მარცხენა ფლანგზე, აუტიდან მალდინის მიაწოდა ბურთი, კაპიტანმა უკან დაუბრუნა, ჯანფრანკომ წამში კუდინოვს აჯობა და საჯარიმოში ჩააწოდა. შელიამ წამით დააგვიანა ახტომა და რავანელიმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – თავურით გახსნა ანგარიში, 1:0. იმ მომენტში ისე ჩანდა, რომ შელიამ და ზოიძემ შეუთანხმებლად ითამაშეს და უფრო ერთმანეთს შეუშალეს ხელი.
გაზაფხულზე რავანელიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო ტურინის იუვენტუსის მაისურით, რომში გამართულ ფინალში გოლიც გაუტანა ამსტერდამის აიაქსს, ზაფხულში კი ინგლისის პრემიერლიგაში გადაინაცვლა და მიდლსბროს მთავარი ფორვარდი გახდა. ჭაღარა ფორვარდი დიდებულ ფორმაში შეხვდა სანაკრებო პაუზას, მაგრამ ზოიძის კარში გატანილი გოლი მისთვის უკანასკნელი, მერვე სანაკრებო ბურთი გამოდგა.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო კუდინოვმა და ჩივაძემ სასწრაფოდ შეცვალა მცველი, დინამოელი გელა ინალიშვილი ჩართო თამაშში.
ამასთან დაკავშირებით სარბიელის ჟურნალისტმა აღნიშნა: „ინალიშვილის კარგი თამაში ყველას გვახსოვს, მაგრამ ბოლო დროს მისი ხილვა აშკარად უკეთესის სურვილის საბაბს იძლევა და ამდენად, მისი გამოჩენა მოულოდნელიც იყო. თუ მეორე ტაიმში ვინმეს გამოყვანა იქნებოდა უპრიანი, სწორედ რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის – ყაველაშვილის ან ჯიშკარიანისა. თამაშის მეორე ნახევარში ჩვენებმა უკანდახეულ იტალიელებს არაერთხელ რომ შეუტიეს, მათ სწორედ თავდამსხმელი აკლდათ. ისეთ მომენტებს, ქეცბაიამ და ნემსაძემ რომ ვერ გამოიყენეს, თავდამსხმელი ხელიდან არ გაუშვებდა“.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უკეთესად ათამაშდა და ფრანჩესკო ტოლდოც ხშირად ერთვებოდა თამაშში. სამწუხარო ისაა, რომ ვერც ქეცბაიამ, ვერც ნემსაძემ (მან ეფექტურად, ნახტომში, ნახევარბრუნით დაარტყა), ვერც გოგიჩაიშვილმა და ვერც არველაძემ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს – 0:1 და მარცხით დაწყებული ზედიზედ მეორე შესარჩევი ტურნირი. ამასთანავე, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მიჯრით მეოთხედ დამარცხდა და ეს იყო უარესი შედეგი გუნდის ხანმოკლე ისტორიაში.
„შესვენების შემდეგ ფეხბურთელებმა მოახერხეს და თავი ხელში აიყვანეს, დაინახეს, რომ საშიში არაფერი იყო და იტალიასთანაც შეიძლებოდა თამაში. ამას ტაქტიკური ცვლილებებიც დაემატა და ამიტომაც იყო მეორე ტაიმი უკეთესი“, – ასე უპასუხა ალექსანდრე ჩივაძემ კითხვას, თუ რატომ ითამაშა გუნდმა შესვენებამდე და შემდეგ რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთი.
რაც შეეხება არიგო საკის, მან თქვა: „პირველ ტაიმში შევძელით მათი შევიწროვება, მაგრამ მეორეში აშკარად ვცოდვილობდით. მიუხედავად ამისა, სამი ოქროს ქულა ავიღეთ და ამჟამად ექვსი ქულა გვაქვს, ეს რეალობაა და მთავარი ახლა სწორედ ესაა. წელს ერთადერთხელ დავმარცხდით, ევრო 96-ზე ჩეხეთთან და მაშინ მოედანზე ათი ფეხბურთელი იყო“.
პერუჯაში გამარჯვების და შესარჩევის სტარტზე ორი მოგების მიუხედავად, პრესამ არავინ დაინდო, განსაკუთრებით მთავარი მწვრთნელი.
„ამგვარი უსახური და საცოდავი, უსუსური და უნდილი თამაშის შემდეგ საკის საუკეთესო კომენტარი დუმილი იქნება“, – დაწერა ლა რეპუბლიკამ.
„მშვიდობით საკი! ძალიან ცუდი თამაშის შემდეგ საჭიროა ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა“, – კორიერე დელო სპორტი.
„საკი, წადი“! – გუერინ სპორტივო.
„მადლობა რავანელი და მადლობა ტოლდო“, – ეს უკვე გაძეტა დელო სპორტია. ამავე გამოცემამ ასე შეაფასა მატჩის მონაწილეები:
იტალია: ტოლდო – 7; პესოტო – 6; ნესტა – 5,5; ფერარა – 6; მალდინი – 5,5; დი ლივიო – 6; პანუჩი – შეფასების გარეშე; კონტე – 6,5; დინო ბაჯო – 5; დი მატეო – 6; კარბონი – შეფასების გარეშე; ძოლა – 6; კაზირაგი – 5,5; რავანელი – 6,5.
საქართველო: ზოიძე – 6,5; ცხადაძე – 6; ლობჟანიძე – 6; შელია – 6,5; კუდინოვი – 5; ინალიშვილი – 6; კობიაშვილი – 6; ქინქლაძე – 6,5; ქეცბაია – 6,5; ნემსაძე – 6,5; გოგიჩაიშვილი – 5,5; გოგრიჭიანი – 5; რეზო არველაძე – 6.
გუერინ სპორტივოს აზრიც საინტერესოა:
იტალია: ტოლდო – 7; პესოტო – 5,5; ნესტა – 5,5; ფერარა – 6; მალდინი – 5; დი ლივიო – 6; პანუჩი – შეფასების გარეშე; კონტე – 6; დინო ბაჯო – შეფასების გარეშე; დი მატეო – 5; კარბონი – შეფასების გარეშე; ძოლა – 6; კაზირაგი – 5; რავანელი – 6.
საქართველო: ზოიძე – 6,5; ცხადაძე – 6; ლობჟანიძე – 6; შელია – 6,5; კუდინოვი – 6; ინალიშვილი – 6; კობიაშვილი – 6; ქინქლაძე – 6,5; ქეცბაია – 6,5; ნემსაძე – 5,5; გოგიჩაიშვილი – 6,5; გოგრიჭიანი – 5,5; რეზო არველაძე – შეფასების გარეშე.
ლა სტამპას შეფასება ასეთი იყო:
იტალია: ტოლდო – 8; პესოტო – 6; ნესტა – 5,5; ფერარა – 5,5; მალდინი – 5; დი ლივიო – 6; პანუჩი – შეფასების გარეშე; კონტე – 6,5; დინო ბაჯო – შეფასების გარეშე; დი მატეო – 5,5; კარბონი – შეფასების გარეშე; ძოლა – 5,5; კაზირაგი – 6; რავანელი – 6,5.
საქართველო: ზოიძე – 6; ცხადაძე – 6; ლობჟანიძე – 6; შელია – 6,5; კუდინოვი – 5; ინალიშვილი – 6; კობიაშვილი – 5,5; ქინქლაძე – 6,5; ქეცბაია – 6; ნემსაძე – 6; გოგიჩაიშვილი – 6,5; გოგრიჭიანი – შეფასების გარეშე; რეზო არველაძე – 6.
მომდევნო დღეებში გულშემატკივრები, სპორტული პრესა და იტალიური სპორტის მესვეურები მხოლოდ ეროვნულ გუნდსა და არიგო საკის მომავალზე საუბრობდნენ.
10 დეკემბერს გაძეტა დელო სპორტში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატის ლუჩანო ნიცოლას (ერთი წლის შემდეგ, 1997 წლის შემოდგომით თბილისში ჩამოსული იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი სწორედ ის გახლდათ) ინტერვიუ გამოქვეყნდა. მთავარი თემა სკუადრა აძურა და არიგო საკი იყო. ნიცოლამ განაცხადა, რომ მწვრთნელის საკითხი მხოლოდ ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადასაწყვეტი იყო:
„არიგო საკიმ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება და ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნოემბერში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში ის და არავინ სხვა უხელმძღვანელებს გუნდს. იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილება, ამაზე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გიპასუხებთ“.
იგივე განაცხადა იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მარიო პესკანტემ. მანვე მედიას დამშვიდებისკენ მოუწოდა და გულშემატკივრებს სთხოვა, 12 თებერვალს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ინგლისში და იქნებ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს მოსამზადებლად შესაბამისი პირობები შევუქმნათო.
იტალიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩს მხოლოდ 14 012 მაყურებელი დაესწრო, იმავე დღეს ლონდონში გამართულ ინგლისი-პოლონეთის შესარჩევ შეხვედრას კი უემბლი გადაჭედილი შეხვდა – 74 663 ფანი ამხნევებდა გლენ ჰოდლის გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ მარეკ ციტკომ მე-7 წუთზე დააწინაურა სტუმრები, სამი ქულა მაინც მასპინძლებს დარჩათ – ალან შირერმა დუბლი შეასრულა, 2:1.
„დიახ, ფეხბურთი სახლში დაბრუნდა, მაგრამ შინ მხოლოდ შირერი დახვდა“, – ასე გამოეხმაურა პოლონელებთან მოგებას გაზეთი სანი.
„ასეთი თამაშით ჩვენ ვერაფერს გავხდებით მომდევნო თვეს თბილისში“, – წერდა ივნინგ სტანდარტი, დეილი მეილის საფეხბურთო მიმომხილველმა ნირ ჰარმანმა კი დაწერა: „ჰოდლს უამრავი სამუშაო აქვს ხვალიდან 9 ნოემბრამდე, როცა ჩვენმა ნაკრებმა თბილისში უნდა ითამაშოს. სხვისი არ ვიცი და, მე კი უკვე ტანში მაჟრიალებს, როცა წარმოვიდგენ, რა შეიძლება მოხდეს საქართველოს დედაქალაქში“.
ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ინგლისის ნაკრებს ზუსტად ერთ თვეში, 9 ნოემბერს უმასპინძლა. ამ მატჩით დასრულდა ალექსანდრე ჩივაძის პირველი მოღვაწეობა ეროვნულ გუნდში.
ჩემთვის კი ეს იყო პირველი სანაკრებო თამაში, რომელსაც ჟურნალისტის რანგში დავესწარი. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას 1996 წლის გაზაფხულზე შევუერთდი, ინგლისელებთან მატჩის წინ კი სსჟა-ს მაშინდელ პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს აკრედიტაციის თხოვნით მივმართე, იმხანად ფეხბურთის ფედერაციას სწორედ ის ეხმარებოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაში.
თამაშამდე ორი დღით ადრე ასოციაციის ოფისში დამიბარეს, რომელიც მაშინ რუსთაველის პროსპექტზე, გამომცემლობა მერანის მეოთხე სართულზე მდებარეობდა. იქ მისულს მოკლე რიგი დამხვდა, მალე კი კარი შევაღე და სსჟა-ს პრეზიდენტის და ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი გენერალური მდივნის, დავით კვინიკაძის ხელმოწერილი თეთრ-მწვანე აკრედიტაციაც მივიღე…
9 ოქტომბერი, 1996. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. იტალია, პერუჯა, რენატო კური. 14 012
იტალია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 ფაბრიციო რავანელი (43)
იტალია: ფრანჩესკო ტოლდო, ჯანლუკა პესოტო, ალესანდრო ნესტა, ჩირო ფერარა, პაოლო მალდინი (კაპ), ანჯელო დი ლივიო (კრისტიან პანუჩი 82), ანტონიო კონტე (დინო ბაჯო 60), რობერტო დი მატეო, ამადეო კარბონი (ჯანფრანკო ძოლა 17), პიერლუიჯი კაზირაგი, ფაბრიციო რავანელი
მწვრთნელი: არიგო საკი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, დიმიტრი კუდინოვი (გელა ინალიშვილი 46), კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, გოჩა გოგრიჭიანი (რევაზ არველაძე 31)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დიმიტრი კუდინოვი
მსაჯები: ერიკ ბლარო; ლიოპოლდ დრიესენი, მიშელ გუტალსი (ბელგია)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 26 ოქტომბერი)
ფოტო: მატჩის ბილეთი; Guerin Sportivo; La Stampa