ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #29: საქართველო 0:2 ინგლისი (I)
1996 წლის ოქტომბრის ბოლოს საშინლად მოვიწამლე და დიდხანს ვიავადმყოფე. არანაკლებ ვნერვიულობდი თბილისის დინამოს გამოც. ჩემი საყვარელი კლუბის გამარჯვება კი ვნახე ბოავიშტასთან ეროვნულ სტადიონზე, მაგრამ საპასუხო შეხვედრის წინ გული მაინც ცუდს მიგრძნობდა, ვაითუ ტიროლი განმეორდეს-მეთქი. აქეთ ექიმები, იქეთ დიეტა და… ერთი სული მქონდა პორტუში მიმდინარე თამაშის ანგარიში გამეგო. ტელეტრანსლაცია კი არა, პირდაპირი რადიორეპორტაჟიც არ იყო – მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თბილისის დინამოსთან ერთად მყოფი დავით ქლიბაძე ბოლო ათ წუთს ჩაერთვებოდა ეთერში.
უფროსი კოლეგის ხმა გვიან მომესმა. ვერაფრით გაგახარებთ, 0:4-ს ვაგებთო, თქვა ბატონმა დათომ და რამდენიმე წუთში პორტუგალიელებმ მეხუთე ბურთიც გაიტანეს. მეტი აღარ მომისმენია, იმ დროს პოპულარული ფანრიანი რადიო გავთიშე და საშინლად დაღლილს, წამში ჩამეძინა.
დინამოს განადგურებამ ხომ გამანადგურა, მაგრამ მომდევნო დღეებში იმაზე უფრო ვნერვიულობდი, ვაითუ ინგლისთან თამაში ვერ ვნახო-მეთქი. ბრიტანელები ერთ კვირაში ჩამოდიოდნენ. გამიმართლა, რამდენიმე დღეში მოვმჯობინდი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასუსტებული ვიყავი, სასტუმრო მეტეხში მისვლა მაინც შევძელი. ძმაკაცთან ერთად ჯერ გლენ ჰოდლის პრესკონფერენციას დავესწარი, ინგლისელთა მწვრთნელთან სამახსოვრო ფოტოც გადავიღე და ავტოგრაფიც გამოვართვი, შემდეგ კი ჰოლში დევიდ პლატი, ტონი ადამსი და ტედი შერინგემიც ვნახეთ. სხვებს აღარ დაველოდეთ და ამას დღემდე ვნანობ…
8 ნოემბერს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისს მივაკითხე და მედიააკრედიტაცია მივიღე. იმ დროს უკვე ვიცოდი, რომ ჩემი პირველი სამსახური – თბილისის დინამოს ოფიციალური საკლუბო გაზეთი, თვის ბოლოს დაიხურებოდა.
მაგრამ ეს ამბავი არ მადარდებდა, მთავარი იყო ჩვენებს თამაში მოეგოთ. მეც და ძალიან ბევრს გვწამდა, რომ საქართველოს იმ ნაკრებს ინგლისელების ძლევა შეეძლო. დღეს მხოლოდ მეღიმება ჩვენს მაშინდელ განწყობაზე, ზერელე ფიქრები იყო და ამიტომ.
მატჩის დღეს, დილით, მაშინდელ ლოკომოტივის სტადიონზე მივედი: ქართველი ჟურნალისტები ინგლისელ კოლეგებს ფეხბურთს ეთამაშებოდნენ. სტუმრებს ლამაზი მწვანე მაისურები ეცვათ, ჩვენებს ნაცრისფერი ფორმა, კოკა კოლას ლოგოთი. კარგად გავერთე, ის ჩხუბიც ვნახე, ტრევორ ბრუკინგსა და ერთ ქართველს შორის რომ ატყდა. დასრულდა თუ არა თამაში, ვაკიდან დიდუბისკენ ფეხით წავედი. სტადიონზე რაც მოხდა, ყველას გვახსოვს…
ეროვნული ნაკრების თამაშებისადმი მიძღვნილ ამ წერილში 1996 წლის შემოდგომის იმ დღეებს გავიხსენებ, როცა ლამის მთელი ქვეყანა ინგლისელებთან მოსაგებად ვემზადებოდით. შედეგმა ყველას თავზარი კი დაგვცა, მაგრამ რაღაცნაირად გადავიტანეთ მარცხი. ასეთ ამბებს თითქოს მიჩვეულები ვიყავით, ის წლები ხომ ერთი დიდი იმედგაცრუება იყო. ეგაა მხოლოდ, რომ ჩვენ, გულშემატკივრები, მწვანე მინდორზე წაგებას კიდევ უფრო მტკივნეულად აღვიქვამდით.
იმ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში მომავალ გამარჯვებულ გერმანიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა, ზუსტად ისე, როგორც ექვსი წლით ადრე, 1990 წელს იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე.
ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი და იმ მშვენიერი გუნდის შემოქმედი ტერი ვენეიბლზი ევრო 96-ის დასრულებისთანავე გადადგა თანამდებობიდან.
საფეხბურთო ასოციაციას მისი მემკვიდრე დიდხანს არ უძებნია, ლონდონის ჩელსის თავკაცს, ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს გლენ ჰოდლს უხმო. 38 წლის ბრიტანელმა, ვინც ამ საქმეს ხუთი წლით ადრე სვინდონ თაუნში შეეჭიდა მოთამაშე-მწვრთნელის რანგში, ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სანაცვლოდ მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებდა.
„იმთავითვე მწვავდა ნაკრების მწვრთნელად გახდომის სურვილი. ჩემს პირველ კონტრაქტში ჩავაწერინე კიდეც, რომ თუ ასეთი სამუშაო გამოჩნდებოდა, გუნდიდან წავიდოდი. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი გზა იყო და ადრე თუ გვიან ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას შემომთავაზებდნენ. სულ ამისკენ ვილტვოდი…
ინგლისმა ევროპის პირველობაზე კარგად ითამაშა და ასევე გაგრძელება აწი ჩემზეა. თუმცა, ახალი სისტემა ვენეიბლზისგან განსხვავებული იქნება. მე საჩემო ფეხბურთელებს დიდ ძებნას არ დავუწყებ. ვინმეს ახლავე თუ ვიპოვნი, თორემ დრო არ ითმენს, თამაშები მოსაგები გვაქვს…
არაფერზე ვშფოთავ. მშვენიერი გუნდი ჩავიბარე და თუ ვინმეს ნერვიულობა სურს, ეს ჩემი საქმე არ არის. ფეხბურთის თამაშის წინ ღამე არასდროს გამიტეხია და არც მომავალში მექნება ეს პრობლემა…
პირველი თამაშისთვის ყველაფერს, რაც საჭიროა, ვერ მოვასწრებ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ თანამოაზრეთა გუნდი შეკრებილი მეყოლება…
არის რაღაცები, რომელთა შესახებაც ფეხბურთელებთან საგანგებოდ დავილაპარაკებ. სულელი უნდა ვიყო, პირდაპირ უხეში ცვლილებებით რომ დავიწყო“, – ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში გამართულ პრესკონფერენციაზე გლენ ჰოდლმა ჟურნალისტების უამრავ კითხვას უპასუხა. იმ დროს ყველამ იცოდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის დებიუტი 1 სექტემბერს იყო დანიშნული მოლდოვის დედაქალაქში – მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ინგლისი კიშინიოვში მატჩით იწყებდა, წლის ბოლომდე კი კიდევ ორ საკვალიფიკაციო შეხვედრას გამართავდა: 9 ოქტომბერს, უემბლიზე პოლონეთთან და 9 ნოემბერს თბილისში, საქართველოსთან.
ჰოდლის დებიუტი დიდებულად დასრულდა, ინგლისელებმა ნიკ ბარმბის, პოლ გესქოინის და ალან შირერის სამი გოლით გაიმარჯვეს მოლდოვაში, პოლონელებს კი ამ უკანასკნელის დუბლით სძლიეს – 2:1.
უემბლიზე არცთუ დამაჯერებელი თამაშის გამო პრესამ გუნდი მიწასთან გაასწორა, დეილი მეილის საფეხბურთო მიმომხილველმა ნილ ჰარმანმა კი დაწერა: „ჰოდლს უამრავი სამუშაო აქვს ხვალიდან 9 ნოემბრამდე, როცა ჩვენმა ნაკრებმა თბილისში უნდა ითამაშოს. სხვისი არ ვიცი და მე კი უკვე ტანში მაჟრიალებს, როცა წარმოვიდგენ, რა შეიძლება მოხდეს საქართველოს დედაქალაქში“.
წლის უკანასკნელი მატჩისთვის მიწვეული ფეხბურთელების სია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 1 ნოემბერს გაავრცელა:
მეკარეები – დევიდ სიმენი (ლონდონის არსენალი), იან უოქერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), დევიდ ჯეიმსი (ლივერპული);
მცველები – გარეთ საუთგეიტი (ბირმინგემის ასტონ ვილა), სტიუარტ პირსი (ნოტინგემ ფორესტი), გარი ნევილი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტონი ადამსი (არსენალი), სოლ კემპბელი (ტოტენჰემ ჰოთსფური), დომინიკ მატეო (ლივერპული);
ნახევარმცველები – პოლ ინსი (მილანის ინტერი, იტალია), პოლ გესქოინი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია), დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი), სტივ მაკმანამანი (ლივერპული), დევიდ ბეტი (ნიუკასლ იუნაიტედი), ენდი ჰინჩკლიფი (ლივერპულის ევერტონი)
თავდამსხმელები – დევიდ პლატი, პოლ მერსონი, იან რაიტი (სამივე არსენალი), ნიკ ბარმბი (მიდლსბრო), ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი), მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი), ტედი შერინგემი (ტოტენჰემ ჰოთსფური), რობი ფაულერი (ლივერპული).
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ცნობით, ნაკრების შეკრება 3 ნოემბერს, საღამოს 18 საათზე დაიწყებოდა სასტუმრო ბარნემ ბიჩში. მომდევნო დღეს გუნდი ორჯერ ივარჯიშებდა, 5 ნოემბერს კი დილით ვარჯიში, საღამოს კი პრესკონფერენცია იყო დანიშნული.
6 ნოემბერს ინგლისელთა დელეგაცია (ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები, ოფიციალური პირები) საქართველოს დროით 20:15 საათზე თბილისს ესტუმრებოდა. სასტუმროში დაბინავების შემდეგ ჰოდლის ბიჭები თბილისის ეროვნულ სტადიონზე პირველად ივარჯიშებდნენ.
7 და 8 ნოემბრის განრიგი ერთნაირი იყო: დილით მთავარი მწვრთნელის და ფეხბურთელების პრესკონფერენცია მეტეხში, 17 საათზე კი ვარჯიში მატჩის მასპინძელ სტადიონზე. 9 ნოემბერს, ჩვენი დროით 17 საათზე თამაში იყო დანიშნული, რომლის დასრულებისთანავე, 21:15 საათზე ინგლისელები ლუთონის აეროპორტისკენ აიღებდნენ გეზს.
ინგლისელთა განრიგი გაზეთ სარბიელის ჟურნალისტებმა ზურაბ მეძველიამ და დავით მჭედლიშვილმა გამოაგზავნეს თბილისში. ისინი ლონდონში გლენ ჰოდლის პრესკონფერენციას დაესწრნენ. ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი გუნდის შემადგენლობის გამოცხადებას და ჟურნალისტებთან შეხვედრას 31 ოქტომბერს გეგმავდა სასტუმრო პარკ ქორთ ოტელში, მაგრამ პოლ გესქოინთან დაკავშირებული იმ ცნობილი ამბების გამო, მედიასთან შეხვედრა ერთი დღით დაგვიანდა.
გაზას მაშინდელი ამბები კი ფეხბურთის მოყვარულებს, მგონი, კარგად გვახსოვს: გლაზგო რეინჯერსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვინც ევრო 96-ზე ბრწყინვალე თამაშით ფანების კერპად იქცა, ცოლს, შერილს სცემა. ოჯახური სკანდალის ფოტოები არაერთ გაზეთში გამოქვეყნდა. ხალხმა ფეხბურთელი აითვალწუნა და მწვრთნელს მისი ნაკრებიდან მოკვეთაც მოსთხოვა, საზოგადოება თვლიდა, რომ გესქოინს თბილისში კი არა, კიდევ დიდხანს არ უნდა ეთამაშა ნაკრებში.
ჰოდლის პრესკონფერენციაზე მისულ ზურაბ მეძველიას და დავით მჭედლიშვილს, ისევე როგორც მათ ინგლისელ კოლეგებს, ფურცელზე დაბეჭდილი მთავარი მწვრთნელის ოფიციალური განცხადება დაახვედრეს:
„ბოლო ორი კვირაა გესქოინისა და მისი ოჯახის პრობლემებს ვარჩევდი. ამ ხნის მანძილზე მე და პოლი სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და გულდასმით ვისაუბრეთ. ამავე დროს იგი სამჯერ შეხვდა ფსიქოლოგს საჭირო რჩევა-დარიგებების მისაღებად. ერთ ასეთ სეანსზე მეც გახლდით. ზოგმა სეანსმა ხუთ საათსაც გასტანა. ამას გარდა, პოლს ხშირად ვესაუბრებოდი ტელეფონით.
ახლა მშვენივრად მესმის მისი და მისი ოჯახის პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ მინდორზეც იჩენს ხოლმე თავს. ამაზე ბევრს ვერას ვიტყვი, ვხვდები, რომ რაღაც-რაღაცები საყოველთაო სჯა-ბაასის საგანი არ უნდა გახდეს, ამიტომაც, ბევრი რამ ჩვენ შორის დარჩება. რაც მთავარია და სასიხარულო, პოლი არ გაურბის ამ პრობლემებს და მჯერა, ჩემი და ფსიქოლოგთა რჩევების დახმარებით, ის მათ მოაგვარებს.
ჩემი გადაწყვეტილება ასეთია: გესქოინი ითამაშებს საქართველოში. ეს მან დაიმსახურა. ცხადია, მის საქციელს არასდროს შევაფასებ ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ახლა მეც, ისე როგორც ყველა, მისგან მაღალ სტანდარტებს ველი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველანი ადამიანები ვართ და რაღაც პრობლემები ყველას გვაწუხებს.
პოლმა იცის, რომ უნდა შეიცვალოს, ჩვენ კი არ უნდა მოვიმოქმედოთ ისეთი რამ, რაც მას მომავალში ავნებს. ახლა ყველა ჩვენგანის მიზანი საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევაა“.
პრესკონფერენცია, რომელიც ნახევარ საათს გაგრძელდა, მხოლოდ გესქოინის ამბებს დაეთმო. არცერთი კითხვა თბილისში დანიშნული მატჩის შესახებ! ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს საქართველოში თამაშზე მხოლოდ სარბიელის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ისიც ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ. ჰოდლმა თქვა:
„თბილისში პირველად ათი წლის წინ ვიყავი. მახსოვს, საბჭოთა კავშირის ნაკრებს 1:0 მოვუგეთ კრის უოდლის გოლით. ქალაქიც ლამაზი იყო და ხალხიც თბილი და სტუმართმოყვარე. ახლა ჯონ გორმანი (ჩემი შენიშვნა: გლენ ჰოდლის თანაშემწე) იყო ჩასული თბილისში და მითხრა, რომ კარგი სიტუაციაა, სადაც კი გავიარე, ყველგან ბავშვები ბურთაობდნენ და საერთოდაც, ხალხი ფეხბურთზეა გადარეულიო. სასტუმროც მშვენიერი ყოფილა…
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექვსი თამაშის ვიდეოფირი ვნახე, მათ შორის ბოლო მატჩის იტალიასთან. თქვენმა გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, პერუჯის მეორე ტაიმი კი უბრალოდ ბრწყინვალე იყო…
გიორგი ქინქლაძე ძალიან კარგი და ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მე რაც ვნახე, საქართველოს ნაკრებს ქინქლაძის დარი კიდევ ოთხი-ხუთი მოთამაშე ჰყავს. ამას დაუმატეთ თქვენი ფანატიკური გულშემატკივრობა… დამიჯერეთ, თბილისში იოლ გასეირნებას არ ველი“.
პოლონელებთან უსახური გამარჯვების გამო ხომ გააკრიტიკეს ჰოდლი და თითქოს ეს არ კმარაო, ინგლისელთა თავკაცს გესქოინთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოც არანაკლებად მოხვდა. ყველა გამოცემას ვერ გავწვდები და რამდენიმე გაზეთში ამოკითხულ აბზაცებს გაგაცნობთ. ივნინგ სტანდარდით დავიწყებ:
„დღეს არად ჩააგდეს საზოგადოება და ეროვნულ გუნდში აიყვანეს ცოლის მცემელი კაცი…
თბილისში ქულების მოპოვებას დახარბებულმა ინგლისური ფეხბურთის თავკაცებმა მორალი დაივიწყეს…
გაზა ეროვნული გმირია, ახალგაზრდებისთვის მაგალითი უნდა იყოს, ის კი ცოლს სცემს, ამიტომ მისი გაგზავნა უცხოეთში ინგლისის ღირსების დასაცავად გაუმართლებელია“…
დეილი მირორის ჟურნალისტმა ნაიჯელ კლარკმა პირადად ჰოდლს მიმართა:
„შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ გლენ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ თოკს, გაზას რომ გადაუგდე, ის ხელს მოკიდებს. შენ ძალიან პატიოსანი ხარ გლენ და გესმის, რომ ყველა ადამიანი ადამიანია, მაგრამ ისეთ რამ გააკეთე, შესაძლოა, სამსახურის დაკარგვად დაგიჯდეს.
დავუშვათ თბილისის მატჩამდე დარჩენილ დროში გაზა ტელეფონით ეჩხუბოს შერილს (ეს ყველას ესმის ხოლმე, ვინც მის სართულზე ცხოვრობს) და ეს გაბრაზება თბილისის სტადიონის მინდორზე გადაიტანოს. მაშინ? გაფრთხილებ გლენ – მხოლოდ დროის საკითხია როდის გიღალატებს გაზა!
შენ გამგებიანი კაცი ხარ გლენ. შენ გაუგე გაზას, მაგრამ მისთვის ერთი კარგი პანღური რომ გეკრა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ გაზა მხოლოდ პანღურის ენას გაიგებს“.
არ მინდა ისე გამოჩნდეს, თითქოს გესქოინის გამოძახების გამო ჰოდლს მხოლოდ აკრიტიკებდნენ. ინგლისელთა თავკაცს დამცველებიც ჰყავდა და იმავე დეილი მირორში, კლარკის ზემოხსენებული წერილის გვერდით მისი კოლეგის, ჰარი ჰაროსის სტატია დაიბეჭდა, სადაც ჟურნალისტი წერდა:
„ჩემი აზრით ჰოდლმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ: ჯერ არავის დაუწესებია ის ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც ფეხბურთელი გუნდიდან გაირიცხება.
კარგით, ცოლის მცემელი უნდა გაირიცხოს. ლოთი? (ჩემი შენიშვნა: აქცენტი ტონი ადამსზე, რომელმაც ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა რამდენიმე წლით ადრე) გამოსწორებილი ნარკომანი? (პოლ მერსონის გახმაურებული ისტორია) საჭესთან ნასვამი მჯდომი? (იგულისხმება რობი ფაულერი)
მოკლედ, ჰოდლს რომ გაზა გაეგდო, მისთვის სხვებიც უნდა მიეყოლებინა – ჩვენს ფეხბურთში იმდენი ცოდვილია, ჰოდლს ნაკრების შესადგენად მონასტრების ჩემპიონატის ყურება და ამათით გუნდის შედგენა მოუწევს.
და ბოლოს – არც ერთი სხვა ერი და ქვეყანა არ გააგდებს კაცს ეროვნული გუნდიდან პირადი პრობლემების გამო. რა, არ ათამაშა ჰოლანდიამ კლუივერტი, მიუხედავად იმისა, რომ ევრო 96-მდე ცოტა ხნით ადრე მანქანით ადამიანი მოკლა“?
მსგავსი შინაარსის წერილები ქვეყნდებოდა გაზეთ სანშიც, თუმცა ინგლისის მთავარი გუნდის მხარდამხარ ამ გამოცემაში საქართველოს ნაკრების შესახებაც უამბობდნენ მკითხველს. მაგალითად სტივ ჰოვარდმა მცირე ჩანახატი მიუძღვნა ალექსანდრე ჩივაძეს და აღნიშნა, რომ თავის პოტენციალით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ოცეულში უნდა იყოს, მაგრამ ჩივაძის გამო ეს არ ხერხდებაო. ჰოვარდის წერილში ამ სიტყვებსაც ამოიკითხავდით: „ალექსანდრე ჩივაძის უპირველესი მიზანი საკუთარი კარის უსაფრთხოებაა და მხოლოდ მერე – შეტევა. პერუჯაში მატჩის ბოლო ოც წუთამდე ქართველები ცენტრს არ გადასცილებიან, მერე კი აღმოჩნდა, რომ შეტევაც კარგი სცოდნიათ, ისეთი, რომ იტალიელები დააბნიეს კიდეც“.
გლენ ჰოდლს, პოლ გესქოინს და ინგლისის ნაკრებს დროებით აქ დავემშვიდობები და ჩვენ ამბებზე გადავალ, იმ მოვლენებს გავიხსენებ, რაც ინგლისელთა სტუმრობას უძღოდა წინ.
თბილისის დინამოთი დავიწყებ, სადაც საკლუბო გაზეთში ვმუშაობდი. დინამო ნაკრების საბაზო გუნდი იყო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ევროსეზონი პორტუგალიის ბოავიშტასთან 0:5 განადგურებით დაასრულა. უეფას თასის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, 15 ოქტომბერს, თბილისელებმა კახი გოგიჩაიშვილის ზუსტი პენალტით დაამარცხეს მეტოქე, თუმცა საპასუხო შეხვედრაში, 29 ოქტომბერს პორტუში, დუ ბესაზე 0:5 განადგურდნენ. ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის მანძილზე დინამომ ყველაზე მწარე მარცხი იწვნია.
დავით ყიფიანის გუნდმა პირველი ტაიმი 0:2 დათმო: რასელ ლატაპიმ მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, ჯიმი ფლოიდ ჰასელბეინკმა კი 25-ე წუთზე მეორე ბურთი გაუტანა ირაკლი ზოიძეს. პირველი ტაიმის მიწურულს დინამო ათი ფეხბურთელით დარჩა – მსაჯმა ზვიად ჯელაძე გააძევა. შესვენების შემდეგ ჯერ ჰასელბეინკმა შეასრულა დუბლი (55), შემდეგ ლატაპიმ (67), ხოლო ბოლოსწინა წუთზე ჟოზე ტავარეშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:5.
არნახული მარცხის შემდეგ ხმა დაირხა, დინამოში დიდი წმენდა იწყებაო, მაგრამ კლუბის დირექტორატის წევრმა რომან შოთაძემ სარბიელელ მამუკა კვარაცხელიასთან ინტერვიუში განაცხადა (დინამო პრეზიდენტს ელის; #114, 1996 წლის 2 ნოემბერი): „მინდა ერთი რამ ხაზგასმით ვთქვა და ყველა ჭორები გავფანტო: ჩვენ არავის გაშვებას არ ვაპირებთ გუნდიდან, პირიქით, დინამო უნდა გავაძლიეროთ და ამ სეზონში ჩემპიონები უნდა გავხდეთ. ახლა რომ ვინმე გავუშვათ, გუნდს როდისღა ავაწყობთ? ჯერ ამ გუნდზე რამდენი გვიწვალია, ფაქტიურად მაქსიმუმი გააკეთეს ბიჭებმა, სამი ეტაპი გაიარეს! ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა რომ გავუშვათ რამდენიმე კაცი, რა დონეზე ვიქნებით? მოკლედ, სტრატეგიული გეგმა ასეთია, უფრო დეტალურად კი მერაბ ჟორდანიას ჩამოსვლისთანავე ვიმსჯელებთ“.
ევროსარბიელზე მწარე მარცხის მიუხედავად, შიდა სარბიელზე დინამო კვლავ უკონკურენტო იყო: პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ თელავის კახეთს უმასპინძლა და ალექსანდრე იაშვილის დუბლით 2:0 სძლია. ყიფიანის გუნდმა ჩემპიონატის დაწყებიდან ზედიზედ მეთერთმეტე თამაში მოიგო! საოცარი იყო ბურთების შეფარდებაც – 49:9.
იმ დღეს, 2 ნოემბერს, პირველობის XIV ტური დასრულდა, რის შემდეგაც ალექსანდრე ჩივაძემ და ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა ვლადიმერ გუცაევმა გაფართოებული შემადგენლობები დაასახელეს – ჩივაძემ ოც, ხოლო ახალგაზრდების მთავარმა მწვრთნელმა თვრამეტ ფეხბურთელს უხმო.
ჩივაძის რჩეულთა შორის მოხვდნენ ირაკლი ზოიძე, ნიკა ტოგონიძე, დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე, მურთაზ შელია, ზაზა რევიშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, ლევან კობიაშვილი, გია ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, გელა ინალიშვილი, გიორგი ღუდუშაური, შოთა არველაძე, გოჩა გოგრიჭიანი, მიხეილ ჯიშკარიანი და გიორგი დემეტრაძე.
გუცაევმა ესენი მიიწვია: დავით ასლანაძე, მირიან მალაყმაძე, გივი დიდავა, შალვა ხუჯაძე, გიორგი დავითნიძე, ლევან სილაგაძე, გიორგი ლომიძე, გოგა გახოკიძე, გიორგი კიკნაძე, ლევან ქებაძე, მიხეილ საჯაია, მიხეილ ფოცხვერია, ალექსანდრე იაშვილი, მიხეილ აშვეთია, ლევან ცქიტიშვილი, ვახტანგ იაგორაშვილი, ვალტერ გუჩუა, ვლადიმერ გაბედავა.
ორივე გუნდი დიღომში, დინამოს ბაზაზე დაბინავდა. 3 ნოემბერს, დილით, ეროვნულის პირველ ვარჯიშში მხოლოდ ათი ფეხბურთელი მონაწილეობდა, მხოლოდ ისინი, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ.
ერთი დღის შემდეგ ნაკრებს ტრაბზონსფორის ლეგიონერები შოთა არველაძე და გიორგი ნემსაძე დაემატნენ, რამდენიმე საათში კი ბაზაზე რუსეთის კლუბებში მოთამაშე მურთაზ შელიამ, ზაზა რევიშვილმა და მიხეილ ჯიშკარიანმა შეაბიჯეს.
კახი ცხადაძე და გიორგი ღუდუშაური 4 ნოემბერს, საღამოს ჩამოვიდნენ თბილისში და მეორე დილით მიაკითხეს ბაზას. მათთან ერთად უნდა ყოფილიყო გიორგი ქინქლაძეც, თუმცა მას ფრანკფურტში თვითმფრინავზე დააგვიანდა და მხოლოდ 6 ნოემბერს, დილით შეძლო ბაზაზე მისვლა, თემურ ქეცბაიასთან და გოჩა გოგრიჭიანთან ერთად.
ჩივაძის გადაწყვეტილებით 5 ნოემბერს ბაზაზე ჟურნალისტებიც შეუშვეს, ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს უპასუხა. ახალი არაფერი, მორიგე კითხვა-პასუხი იყო: ყველა საუკეთესო აქ არის… ტრავმები არავის აწუხებს… ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ მატჩის დღეს გაირკვევა…
ღია ვარჯიშს დაესწრო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილიც, რომელმაც კოლეგებს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ამცნო. ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ ინგლისთან მატჩზე ჩვეულებრივი, სეზონის სტარტზე მიღებული აკრედიტაციით შევიდოდნენ, მაგრამ სფფ-ის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა განაცხადა, რომ 1996-97 წლების სეზონისთვის გაცემული მედიასაბუთით თამაშს ვერავინ დაესწრებოდა. მის განცხადებას სპორტულ ჟურნალისტთა აღშფოთება მოჰყვა. ფედერაციამ, აქაოდა პრობლემები ისედაც არ გვაკლიაო, დახმარება სსჟა-ს მეთაურს სთხოვა.
ბაზაზე შეკრებილი ჟურნალისტები ელგუჯა ბერიშვილმა დაამშვიდა: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შევთანხმდით, რომ სეზონის აკრედიტაცია ძალაში დარჩება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულად ამ თამაშზე დასწრების სურვილი ძალიან ბევრმა გამოთქვა, გადავწყვიტეთ მხოლოდ ამ მატჩისთვის დამატებითი საშვები გავცეთ. ხსენებულ საბუთს მედიის შესაბამისი წარმომადგენლები თამაშის წინა დღეს, პარასკევს, 8 ნოემბერს მიიღებენ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისში. კიდევ ერთი სიახლე: ტრადიციული პრესის ლოჟა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩის საპატიო სტუმრებს დაეთმობათ, ჟურნალისტები კი ქვემოთ ჩაინაცვლებენ“.
რაც უფრო ახლოვდებოდა ინგლისის ნაკრების თბილისში სტუმრობა, მით უფრო მეტს წერდა ბრიტანული პრესა ქართველ ფეხბურთელებზე და საქართველოზე. სანის, დეილი მირორის, დეილი მეილის, ივნინგ სტანდარდის და სხვა გამოცემების კორესპონდენტები ჰოდლის ბიჭებზე ადრე ესტუმრნენ თბილისს და მკითხველს მატჩის მასპინძელი ქალაქიდან უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.
გაზეთი სანი: „გაზას პრობლემებზე ქართულმა გამოცემებმა ლამის ინგლისურებს გაუსწრონ. ამიტომ, ჩივაძე კარგადაა ინფორმირებული ყოველივეზე. იგი ეთანხმება ჰოდლის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ თავადაც ასე მოიქცეოდა. ჩივაძის თქმით, მან კარგად შეისწავლა ინგლისის ნაკრები და მიაჩნია, რომ ეს გუნდი ინგლისის ისტორიაში საუკეთესოა. ჩივაძეს განსაკუთრებით მოსწონს დევიდ სიმენი და დაცვა“.
ივნინგ სტანდარდის ჟურნალისტმა ეროვნული გუნდის და დინამოს ნომერ პირველ მეკარესთან, ირაკლი ზოიძესთან ჩაწერა ინტერვიუ, საქართველოს და ქართული ფეხბურთის შესახებ კი ვრცელი ჩანახატი მოამზადა:
„ირაკლი ზოიძე, საქართველოს ნაკრების მეკარე, მოდური სათვალით, გემოვნებიანი ჩაცმულობით და BMW-თი წარმატებული ფეხბურთელის მაგალითი და თბილისელი გოგონების თაყვანისცემის ობიექტია. ოზურგეთელ ზოიძეს თავის დროზე სეპარატისტებთან ომში წასვლა სურდა, მაგრამ არ გაუშვეს, მისი ბევრი მეგობარი კი იქ დაიღუპა…
ირაკლის მიაჩნია, რომ ალან შირერი უძლიერესი თავდამსხმელია და კმაყოფილებას ვერ მალავს, რომ ის თბილისში ვერ ითამაშებს. „თუმცა მაინც ძალიან ძნელი თამაში გველის“, – ამბობს თბილისის დინამოს კაპიტანი, რომელიც, მართალია, დიღმის მყუდრო საწვრთნელ ბაზაზე მოცილებულია ქალაქის პრობლემებს, მაგრამ ბევრ რამეში მაინც ისეთივე ქართველია, როგორიც სხვები. თუნდაც იმით, რომ მისი მანქანის საქარე მინა ისევე გაბზარულია, როგორც უმრავლესი მანქანისა…
ინგლისში მარცხენამხრივი მოძრაობაა, დანარჩენ ევროპაში მარჯვენამხრიანი, ქართველებისთვის კი ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს – ისინი ცენტრში სიარულს ამჯობინებენ და ქალაქის ქუჩებში ისევე დადიან, როგორც ჩვენში ჩქაროსნულ ტრასაზე…
საქართველოში ბევრს სურდა ფეხბურთზე სიარული და საერთოდ, ცხოვრება, მაგრამ ისინი ომში დაიღუპნენ. მათ შორის იყო ფეხბურთელი ზაზა ბენდელიანი, ვისაც მისი მეგობრები ახლაც დიდი პატივით იხსენებენ და მისი სახელობის ტურნირსაც ატარებენ. ომობდა გრიგოლ ცაავაც, რომელიც გადარჩა, ფეხბურთსაც დაუბრუნდა, მაგრამ ომის სტრესისგან ვერ გათავისუფლდა და კარიერა დაამთავრა…
ფეხბურთს ქართველებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოედანი მათთვის ხანდახან ბრძოლის ველს უტოლდება. ამიტომ, ჰოდლს და მის ბიჭებს შაბათს მხოლოდ თერთმეტ კაცთან როდი ექნებათ სათამაშო – მათ წინააღმდეგ მთელი ერი იქნება“.
დეილი ტელეგრაფის ჟურნალისტი ბრაიან ბათლერი თბილისს მეორედ ეწვია და კვლავ ნაკრებს ჩამოჰყვა. 1986 წლის მარტში, როცა ბათლერი პირველად ესტუმრა საქართველოს დედაქალაქს, ინგლისმა საბჭოთა კავშირს ამხანაგური თამაში 1:0 მოუგო. ბობი რობსონის ის გუნდი მაშინ მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. ათი წლის თავზე ბათლერმა დაწერა:
„ინგლისის ნაკრებისთვის ეს თამაში მეასეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. რა თქმა უნდა, ამის გამო სამეფო კარისგან ჰოდლი მისალოც წერილს არ უნდა ელოდოს, მაგრამ კარგი იქნება, თუ მისი გუნდი თბილისში მეფურად ითამაშებს. ისე, მე თუ მკითხავთ, კარგი ნებისმიერი ანგარიშით მოგება იქნება…
საქართველოში წამსვლელებს გაფრთხილებთ: მთავარი საშიშროება ქართული კერძო სტუმართმოყვარეობაა – მათი სასმელი სასიკვდილოა, სუფრასთან ჯდომისას ქართველებს დროის შეგრძნების უნარი ეკარგებათ, ადღეგრძელებენ ყველას და ყველაფერს – რომის პაპიდან დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული. გეშინოდეთ ქართველების, მათი ეროვნული პოემის მთავარი გმირი ვეფხვის ტყავით შემოსილი კაცია“.
დეილი ექსპრესი: „ძალიან კარგი, რომ გაზას პირველი თამაში ცნობილი მოვლენების შემდეგ თბილისში შედგება. აქ შუქი არ არის და საღამოობით ქალაქი უკუნეთში იძირება. ასე რომ, ჰოდლს სასტუმროში არავის ძალით დაკავება არ მოუხდება.
სასტუმრო მეტეხში, სადაც ჩვენები იცხოვრებენ, მდებარეობს ბრიტანეთის საელჩო და მის თვალს არაფერი გამოეპარება. საკვირველია, მაგრამ ყველა დიდი ოტელისგან განსხვავებით, მეტეხში ბოზები არ არიან. ბრიტანეთის ელჩის თანაშემწემ მაიკლ ჰენქიქსმა თქვა: სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ მთელი ქალაქი მოვიარე და ერთი ბოზიც კი ვერსად ვნახე. არადა, მეგონა, ისევე როგორც სოცბანაკის ყოფილ ქვეყნებში, აქაც ტელეფონის რეკვით შეგვაწუხებდნენ – ქალი ხომ არ გნებავთო…
გესქოინის და მისნაირი ტემპერამენტის პატრონ ჩვენს ფეხბურთელებს ნებისმიერ ცდუნებას ჩაუხშობს ცივი წყალი, სტადიონის გასახდელში რომ მოდის. შევარდნაძემ მართალია შეაჩერა ომი, მაგრამ ცხელ წყალსა და გათბობას ვერ მიაღწია. ამიტომ, ქართველები შიშით ელიან მორიგ ზამთარს…
მართალია სტადიონი გაივსება, მაგრამ ტრადიციულად, ყოველი მეოთხე უბილეთოდ შეიპარება“…
ალექსანდრე ჩივაძის გადაწყვეტილებით, 6 ნოემბერს, დილით, გუნდმა აღარ ივარჯიშა. ბიჭებმა დაისვენეს, შუადღით კი ეროვნულ სტადიონს მიაკითხეს, სადაც ტრადიციული ნაკრები-დინამო გაიმართა ორი, ნახევარსაათიანი ტაიმით. თუ ჩივაძის რჩეულთა შორის მხოლოდ შეკრებაზე მყოფებმა ითამაშეს, დინამოში ახალგაზრდული გუნდის წევრებიც ვიხილეთ.
3:0 – ამ ანგარიშით მოიგო ეროვნულმა ნაკრებმა. ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, გოჩა გოგრიჭიანმა დუბლი შეასრულა, მესამე ბურთი კი თბილისის დინამოს კარში ჩამდგარ ბათუმელ ნიკა ტოგონიძეს მიხეილ ჯიშკარიანმა გაუტანა. პირველი გოლი გოგრიჭიანმა თავურით შეაგდო, ქინქლაძის იდეალური გადაცემის შემდეგ, რომელმაც როგორც მსგავს შემთხვევაში იტყვიან ხოლმე, ბურთი თავზე დაასვა. მეორე საგოლე შეტევაც ქინქლაძემ დაიწყო. მისი პასის შემდეგ ცხადაძემ უძლიერესად დაარტყა, ბურთი დინამოელთა მცველს მოხვდა, დამატებაზე კი კვლავ ჩინებულად ითამაშა გოგრიჭიანმა. რაც შეეხება ჯიშკარიანის გოლს, მანაც დამატებაზე იმარჯვა, მას შემდეგ რაც ტოგონიძემ გოგრიჭიანის დარტყმა მოიგერია. ბოლო ათ წუთს ჯიშკარიანი შოთა არველაძემ შეცვალა, რომელიც მანამდე მინდვრის გარშემო ძუნძულებდა. ჩივაძეს სხვა არავინ შეუცვლია.
საწვრთნელი თამაშის შემდეგ ეროვნული გუნდი ბაზაზე დაბრუნდა. მალე ვლადიმერ გუცაევის ნაკრები ბათუმში გაემგზავრა (ახალგაზრდებს 8 ნოემბერს იქ უნდა ეთამაშათ), საღამოს, ზუსტად 20:30 საათზე კი თბილისის აეროპორტში ინგლისელთა თვითმფრინავი დაეშვა.
I ნაწილის დასასრული
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 1 ნოემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; მატჩის აკრედიტაცია; Reuters; UEFA.com; ავტორის არქივი