ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #29: საქართველო 0:2 ინგლისი (II)
ბრიტანელებს სპორტული მედიის ბევრი წარმომადგენელი დახვდა, მათ შორის სარბიელის ჟურნალისტები ილია ბაბუნაშვილი და მამუკა კვარაცხელია ფოტოკორესპონდენტ ბადრი კეთილაძესთან ერთად. მათი რეპორტაჟი „გაზა, ენას კბილი დააჭირე“! 7 ნოემბრის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა.
ჟურნალისტები წერდნენ: „ინგლისელებმა არ გვიწყინონ და, გერმანელები უფრო დიდი აჟიოტაჟით და ზარ-ზეიმით ჩამოვიდნენ, ხალხიც გერმანულზე ნაკლები დახვდათ ალბიონელებს. თბილისის აეროპორტი კი ის ადგილია, სადაც, ვგონებთ, საქართველოში ყველაზე მეტ პატივს სცემენ მედიას და ჯერ არ გვახსოვს შემთხვევა, აეროპორტის მუშაკებს ჟურნალისტის საბუთის წარდგენისთანავე თავაზიანად არ შევეშვით ჩვენთვის განკუთვნილ წითელ ხაზამდე“.
ისევე, როგორც გერმანიის ნაკრების სტუმრობის დროს 1995 წლის მარტში, მედიის წარმომადგენლები მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელს და ფეხბურთელებს ლამის თვითმფრინავის ტრაპთან დახვდნენ.
სპორტულ ფორმაში გამოწყობილი გლენ ჰოდლი კიბეებზე პირველი დაეშვა. ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „გუშინ ორი კაცი გამოგვაკლდა, დომინიკ მატეო და პოლ მერსონი, სხვები კი მწყობრში არიან“.
დევიდ სიმენმა მხოლოდ ეს თქვა: „თქვენი ნაკრების რამდენიმე თამაში ვნახე, კარგი გუნდი გყავთ… ახლა ძნელია რაიმეს მტკიცება, მაგრამ ალბათ მოვიგებთ“.
მცირე ხანში სტუმრებმა ეროვნულ სტადიონს მიაკითხეს. სარბიელში გამოქვეყნებულ ხსენებულ რეპორტაჟში ვკითხულობთ: „ტრიბუნებზე ორიათასამდე გულშემატკივარი დაგვხვდა. ინგლისელებმა უცებ გამოიცვალეს და ეროვნულ-ახალგაზრდული გუნდებით მინდორზე გაიჭრნენ. ჰოდლი თავიდან ვერ შევნიშნეთ, ეროვნულის ვარჯიშს მეორე მწვრთნელი ჯონ გორმანი თავკაცობდა (მთავარი თურმე ფეხბურთელებში გარეულიყო). სირბილსა და გახურებაში ერთი საათი გავიდა…
გესქოინს, ეტყობა, პოლ ინსი დაჩაგრული ჰყავს. მოლდოვაში ხომ უკანალი გამოუმზეურა, აქ კი ვარჯიშის ბოლოს კვანტი დაუდო და მერე ჭიტლაყიც მიაყოლა…
მთელი ვარჯიშის მანძილზე გაზას მცველი ფხიზლად იდგა სადარაჯოზე და გესქოინთან არავის უშვებდა. მანამდე კი კინაღამ ერთი კოლეგა გაგვილახა. მაკმანამანმა და ინსმა მას თავაზიანად დართეს ნება, მათთან სურათი გადაეღო, თანაც ხელიც გადაახვევინეს, აი, როგორც კი გესქოინს მიუახლოვდა, მცველი უმალ ეცა და აწეული ხელი ჩამოაღებინა, თანაც ისე დაუცაცხანა, მიგვახვედრა, ბოლო გაფრთხილებააო. გასახდელში მიმავალ გაზას ხალხი ოვაციებით აცილებდა. ოდნავ ნაკლები პატივი ერგო მაკმანამანს“.
7 ნოემბერს ალექსანდრე ჩივაძემ კიდევ ერთხელ შეუშვა ჟურნალისტები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე. ქართველებთან ერთად ჩვენი ნაკრები ინგლისელებმაც ნახეს, რომლებმაც ვარჯიშის დასრულების შემდეგ გიორგი ქინქლაძე და კახი ცხადაძე ლამის ნახევარი საათით შეაყოვნეს.
იმ დილით სრული დატვირთვით ივარჯიშა შოთა არველაძემ, თუმცა შუადღით კოჭლობით ჩამოვიდა სასადილოდ. იქვე მდგარ ჩივაძეს ღიმილი სახეზე შეაცივდა.
-ძალიან გამისივდა… ვეღარ ვხრი… მაწუხებს, – დაიჩივლა შოთამ.
-ამის ფეხი მომიღებს ბოლოს! – ხმამაღლა თქვა ჩივაძემ.
თითქოს ეს არ კმარაო და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ორიოდ საათში მეორე უსიამოვნო ინფორმაცია შეიტყო: ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა გიორგი დემეტრაძეს ინგლისელების წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მისცა. ერთი თვით ადრე, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გაძევების გამო, დემე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ემზადებოდა, მაგრამ ხსენებული ცნობის შემდეგ მისი თამაში პირველ გუნდშიც გამოირიცხა. სარბიელელ მამუკა კვანტალიანს ალექსანდრე ჩივაძემ უთხრა, რომ დემეტრაძის არყოფნის გამო განაცხადში, სავარაუდოდ, ლევან ცქიტიშვილს შეიყვანდა.
„ფეხბურთი ერთადერთი რამაა, რაშიც ქართველებს დახმარება და სწავლება არ სჭირდებათ. და თუ სჭირდებათ, ნამდვილად არა ინგლისელებისგან“, – ეს სიტყვები 7 ნოემბრის ივნინგ სტანდარდში დაიწერა. იმავე წერილში ნათქვამი იყო:
„ინგლისელთა ვიზიტი რესპუბლიკაში, რომელიც პირველი გავიდა ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან, იოლი გასეირნება არ იქნება. ეს ნათელი გახდა გუშინ, როცა ჩვენი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტის საფრენ ბილიკზე დაეშვა. იქაურობა მოყვითალო შუქ-ბურუსში იყო გახვეული. ნათელი იყო, ეს შუქი სპეციალურად და ნაჩქარევად დაყენებული ლამპიონებიდან მოდიოდა და მათ გენერატორებიდან კვებავდნენ. ამ ბურუსში ჰოდლმა სამხედრო ვერტფმრენების და ჯავშანტრანსპორტიორების სილუეტებიც დალანდა. ეს საქართველოს გუშინდელი დღის ნიშანია და სწორედ ამის გამო ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის საშინელი დეფიციტია“.
მაშინდელ საქართველოს მიუძღვნა წერილი დეილი ტელეგრაფის კორესპონდენტმაც: „ისევე, როგორც შარშანდელი მატჩი გერმანიასთან, შაბათის თამაში ქართველებისთვის ის მცირე დროა, როცა ისინი თავს ცივილიზებული, ბევრისთვის ბრჭყვიალა დასავლეთის ნაწილად გრძნობენ. ქართველი ახალგაზრდებისთვის თამაში საიმისო შანსია, თავი დააღწიონ იმ საზოგადოებას, სადაც პროფესორი კვირაში ხუთ გირვანქა სტერლინგს იღებს და თავად მიიღონ თვეში ოცდაათი ათასი სადღაც ეგზოტიკურ მანჩესტერში ბურთის კარგად გორებისთვის“.
პირადად ჩემთვის ყველაზე ემოციური გაზეთ სანის ჩანახატი იყო, რომელიც ლონდონში მყოფმა ზურაბ მეძველიამ თარგმნა და საქართველო-ინგლისის მატჩის დღეს, 1996 წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნდა სარბიელში, ვრცელ ლონდონურ რეპორტაჟში სახელად „ბიჭებო, მოვიწყოთ ეროვნული დღესასწაული“! იმ წლების ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული გაზეთის ის ნომერი თითქმის მთლიანად ინგლისელებთან თამაშს მიეძღვნა – კარსმომდგარ პაექრობას თორმეტი გვერდიდან რვა დაეთმო.
„ერთ ძველთბილისურ უბანში მოხუცი მჭედელი თავის პატარა, ნახევრადდანგრეულ სამჭედლოში მუშაობს. მთლად გაოფლილი, მაგრამ მაინც შეუსვენებლად შრომობს – შეშის ღუმელებს აკეთებს. მას არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ ის პრივილეგირებულ მდგომარეობაშია – ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სამოცდაათი პროცენტი უმუშევარია, ნებისმიერი სამუშაო ბედნიერებად აღიქმება.
ვუყურებ ამ ბედკრულ მჭედელს და ვფიქრობ – დაფიქრებულან როდესმე ინგლისელი ფეხბურთელები იმაზე, თუ რა ბედნიერები არიან და როგორ გაუმართლათ ცხოვრებაში, რომ არ დაიბადნენ ამ ან ამის დარ ქვეყანაში, რომელთა მსგავსნიც, საბედნიეროდ, მსოფლიოში ძალიან ცოტა დარჩა.
მაინტერესებს რას იტყოდა ეს მჭედელი, რომ მეთქვა – მან ათასი ასეთი ღუმელი უნდა გააკეთოს, რათა იმდენი იშოვოს, რასაც გესქოინი და კომპანია შაბათს 90 წუთის განმავლობაში გააკეთებენ.
როგორ მინდოდა, რომ იმ ორი საათის განმავლობაში, თბილისის ქუჩები რომ შემოვიარე, გაზა და კომპანია ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ. ეს ნებისმიერ მრჩეველთან თუ ფსიქოთერაპევტთან სეანსზე უკეთესი იქნებოდა. სამწუხაროდ, ვარჯიშებსა და უსაფრთხოების მუშაკების წყალობით, ისინი ამ რეალობას მოწყვეტილნი არიან. არადა, ამის შემხედვარეთ, ნამდვილად შეეცვლებოდათ ცხოვრებისეულ ფასეულობათა აღქმის ნირი.
გლენ ჰოდლმა გამონახა დრო და შეხვდა ხუთ უდედმამო ბავშვს. ხუთივე, მშობლები ომში რომ დაეღუპათ, სასტუმროში ისხდა და თვალებგაფართოებული შესცქეროდა იმ ცხოვრების ნაწილს, მათთვის რომ ყოველთვის მიუღწეველი იქნება. მალე ისინი დააბრუნეს ქალაქს ოცდაათი კილომეტრით დაცილებულ, ალბათ უბადრუკ შენობაში. ვიღაცამ თქვა, ღირდა კი მათი აქ მოყვანა, იქ დაბრუნებულებს განცდები უარესად შეაწუხებთო. მაგრამ არა, ეს ბავშვები სხვებთან შედარებით კიდევ კარგად არიან, ჭერი მაინც აქვთ, ბევრი მათი თანატოლი კი ქუჩაშია.
ინგლისი მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩს თამაშობს დაღვრემილ ქალაქში, სადაც უამრავი უპატრონო ბავშვია. მათ ხშირად რაღაც ტანსაცმელს აძლევენ ისინი, ვინც მათზე მხოლოდ ოდნავ უკეთეს დღეშია. ქუჩებში ყველა კუთხეში წააწყდებით მოხუცებს, კანფეტების, სიგარეტის და მზესუმზირის უბადრუკი ასორტიმენტით რომ ვაჭრობენ. მათ ისეთივე შანსი აქვთ რაიმე გაყიდონ, როგორც იმ მეთევზეს, ბინძურ მტკვარში უმაღლესი ხარისხის კალმახის დაჭერას რომ ეცადოს.
ინგლისი მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩს თამაშობს ქალაქში, რომელიც ამაყობს მოსკოვისგან დამოუკიდებლობით, მაგრამ სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გუშინ ინტერვიუს მიცემა სანთლის შუქზე მოუხდა. არ იფიქროთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სულ ერთ დონეზეა – ზოგან ის ლიმიტირებულია, ზოგანაც საერთოდ არ არის.
ინგლისი მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩს თამაშობს ქალაქში, სადაც კვირეული ხელფასი 3,5 გირვანქა სტერლინგია. ეს, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ მუშაობ. სადაც ათასობით ლტოლვილი ცხოვრობს შენობაში, ოდესღაც სასტუმროებად რომ იწოდებოდნენ. ალბათ იფიქრეთ, რომ მათზე იღბლიანები არიან ისინი, ვინც სახლებში ცხოვრობენ – ზამთარში მათ შეიძლება სკამებისა და იატაკის ღუმელში შეკეთება მოუხდეთ.
ინგლისი მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩს თამშობს სტადიონზე, რომელიც ნასესხები ფულით თურქეთში შეძენილი ელექტროენერგიით განათდება.
იოლია თქვა, ასეთი მატჩები ამ ქალაქში არ უნდა ტარდებოდესო, მაგრამ დავფიქრდეთ, როგორი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ამ თამაშს და როგორი სასიკეთო რეკლამაა საქართველოსთვის ინგლისის ეროვნული გუნდის ვიზიტი. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთელები ისე აკეთებენ ამ კარგ საქმეს, რომ თავადაც ვერ გრძნობენ.
ჰოდლი კმაყოფილია, რომ გუნდში ექვსი კარგი თავდამსხმელი ჰყავს. ის შეფიქრიანებულია მოედნის მდგომარეობით და ამბობს, რომ შემადგენლობას შაბათს დაასახელებს, მაგრამ პირადად ჩემთვის ზემოთაღწერილი აქაური რეალობის გათვალისწინებით, ამას საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა.
ინგლისი მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩს თამაშობს სტადიონზე, სადაც შეიკრიბება 75 ათასი კაცი და ამათგან ნახევარი უბილეთოდ შევა, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ შაბათს სტადიონზე არ იქნება ის უამრავი ბავშვი, ქუჩებში რომ ცხოვრობს და არ იქნება ის ჩემი ნაცნობი მჭედელი – მას უამრავი სამუშაო აქვს.
მინდა, რომ გესქოინმა გაიგოს – ზოგიერთი ადამიანისთვის ზამთარი მძიმე და გრძელია და ბევრისთვის ის პრობლემას წარმოადგენს“, – გაზეთი სანი, 1996 წლის 7 ნოემბერი.
პარასკევს, 8 ნოემბერს, ჯერ სასტუმრო მეტეხში წავედი – მეგობართან ერთად გლენ ჰოდლის პრესკონფერენციას დავესწარი. ჟურნალისტის აკრედიტაციით პირველად მოვხვდი ეროვნული ნაკრების ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე და ყველაფერს ვაკვირდებოდი, ინგლისელი საფეხბურთო მწერლების კითხვებით დაწყებული, პრესკონფერენციის საორგანიზაციო დეტალებით დასრულებული.
მთავარი მწვრთნელის შემდეგ ჩვენთან, დარბაზში შეკრებილებთან ორი ფეხბურთელი გამოცხადდა – ევერტონელი ენდი ჰინჩკლიფი და ტოტენჰემ ჰოთსფურის ბომბარდირი ტედი შერინგემი. ხანმოკლე პრესკონფერენციის შემდეგ ინგლისელმა ფოტოკორესპონდენტებმა სამივე მათგანი სასტუმროს წინ გაიხმეს და უამრავი ფოტო გადაუღეს, მათ შორის გლენ ჰოდლს იქვე მოთამაშე პატარა ბავშვებთან.
მთავარ მწვრთნელს სასტუმროს ლიფტთან მივუსწარით და სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ, ცოტა ხანში კი დევიდ პლატი და ტონი ადამსიც მოვიხელთე ჰოლში. გუნდი ნელ-ნელა იკრიბებოდა – ბოლოსწინა ვარჯიში მაშინდელ ლოკომოტივის სტადიონზე იყო დანიშნული. ვაკეში თითქმის ორი საათი გავჩერდი, ჯერ ინგლისელების გართობას ვუყურე (რაც იქ ხდებოდა, იმას ვარჯიში ნაკლებად ერქვა), შემდეგ კი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაში წავედი. მცირე ლოდინის შემდეგ ნანატრი საბუთი მივიღე – ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი გენერალური მდივნის დავით კვინიკაძის და სსჟა-ს პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის ხელმოწერილი მოწმობა სეზონის აკრედიტაციასთან ერთად უნდა წარმედგინა სტადიონის შესასვლელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩს ვერ დავესწრებოდი.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ხუთმა ქართველმა ჟურნალისტმა იმავე დღეს ცხრა ინგლისელი კოლეგა მცხეთაში მიიპატიჟა: ჯვრის და სვეტიცხოველის მონახულებას ტრადიციული ღვინისძიება მოჰყვა, მე კი იმ დროს შინ გახლდით და მეგობრებთან ერთად ჯოკერს ვთამაშობდი, პარალელურად კი ხვალინდელ თამაშზე ვსაუბრობდით.
ბანქოს სათამაშოდ კი მხოლოდ იმიტომ მოვიცალეთ, რომ ზუსტად იმ დროს ბათუმში დაწყებულ ახალგაზრდულ ნაკრებთა თამაშს ტელევიზია არ გვიჩვენებდა. ეს იყო მესამე სანაკრებო მატჩი ბათუმში. 1994 წელს იქ ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშა ბრაზილიის პალმეირასის წინააღმდეგ, ინგლისელებამდე სამი თვით ადრე კი ქართველმა ახალგაზრდებმა უკრაინელ თანატოლებს უმასპინძლეს. ორივე თამაში მეტოქეთა გამარჯვებით დასრულდა: ბრაზილიელებმა 1:0 მოიგეს, უკრაინელებმა 2:1.
ვლადიმერ გუცაევმა ამჯერად ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეარჩია: კარში დავით ასლანაძე ჩადგა, დაცვის ფლანგებზე გივი დიდავა და შალვა ხუჯაძე გაამწესა, ცენტრში ლევან ცქიტიშვილი კახი კალაძეს შეუწყვილა, საყრდენ ნახევარმცველად გიორგი კიკნაძემ ითამაშა, ნახევარდაცვის ფლანგებზე ვახტანგ იაგორაშვილმა და გოგა გახოკიძემ, გამთამაშებლად მიხეილ საჯაიამ, შეტევაში კი ალექსანდრე იაშვილმა და მიხეილ ფოცხვერიამ.
ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ტეილორმა ეს შემადგენლობა დაუპირისპირა მასპინძლებს: მეკარე კრის დეი, მცველები რიკარდო შიმეკა, მაიკლ დაბერი, მეტიუ კარბონი და ფილ ნევილი, ნახევარმცველები ნიკი ბათი (კაპიტანი), შონ ნიუტონი, დარენ იდი და დევიდ ტომპსონი, შეტევაში ბრიუს დაიერი და ჯეიმს სკაუკროფტი.
სამწუხაროდ, ჩვენები კვლავ დამარცხდნენ – ერთადერთი გოლი მაიკლ დაბერიმ გაიტანა 81-ე წუთზე. მან ბათი-სკაუკროფტის გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა. როგორც სარბიელის ჟურნალისტი მერაბ მამულაშვილი წერს, ქართველები წაგებას არ იმსახურებდნენ, რადგან გუნდმა ჩინებულად ითამაშა.
მამულაშვილის ბათუმური რეპორტაჟი 9 ნოემბრის სარბიელში გამოქვეყნდა და ის ასე მთავრდება: „გავა წლები და მავანი სტატისტიკოსი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძველ მატჩთა ოქმებს მოიძიებს. იტალიასთან 0:6-ის შემდეგ ინგლისთან 0:1 არ გააკვირვებს: სტატისტიკა, მოგეხსენებათ, მშრალია და მხოლოდ შედეგს აფიქსირებს. მე კი ახლა ჩვენი ბიჭების თამაშმა იმედი გამიჩინა, რომ შემდეგი შეხვედრის ანგარიში საჩვენოც იქნება და ლოგიკურიც. მათ კი, ვისაც არ სჯერა ჟურნალისტების, ვეტყვი: დამიჯერეთ, ინგლისთან ჩვენები მარცხს კი არა, მხოლოდ გამარჯვებას იმსახურებდნენ. მაგრამ დამიჯერებენ“?
ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ტეილორმა თქვა, საზიზღრად ვითამაშეთ, მაგრამ ბედი გვწყალობდა, თქვენ კი მართლა კარგი გუნდი გყოლიათო. დიდი ეჭვი მაქვს, მისი ქება ვლადიმერ გუცაევს სულ არ აინტერესებდა, ახალგაზრდების დამრიგებელი ძალიან გულდაწყვეტილი გახლდათ:
„ასე ითამაშო და მაინც წააგო, პირდაპირ საცოდაობაა. ასეთი შეხვედრის კომენტირებაც კი მიჭირს. როგორ ვითამაშეთ, რა მომენტები გავაფუჭეთ?! ასე არ შეიძლება! ინგლისელები, ფაქტიურად, ორჯერ მოუახლოვდნენ ჩვენს კარს და გოლი გაიტანეს… მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ. მჯერა, ამ ბიჭებისგან კარგი ნაკრები ჩამოყალიბდება და უკეთეს ფეხბურთსაც ითამაშებენ“.
ამ დროს კი რა ხდებოდა თბილისში? 21 წლის დევიდ ბექემს, ვინც თავის მესამე სანაკრებო მატჩისთვის ემზადებოდა, ვიქტორია ადამსი შეუყვარდა! 2004 წელს ბექემის ავტობიოგრაფია გამოიცა – ჩემი მხრიდან (My Side). ინგლისელი სუპერვარსკვლავი სქელტანიან წიგნში თვალისმომჭრელი კარიერის მთავარ მომენტებს იხსენებს, მეხუთე თავი კი, სახელად „ის, გრძელფეხება“, მისი და ვიქტორია ადამსის პირველ შეხვედრაზეა.
2013 წელს არტანუჯმა ბექემის ავტობიოგრაფიის სალომე ბენიძისეული თარგმანი გამოსცა და ეს ნაწყვეტიც იმ წიგნიდანაა:
„1996 წლის ნოემბერია. თბილისში, სასტუმროს ნომერში ვზივარ. მეორე დღეს საქართველოს ნაკრებთან უნდა ვითამაშოთ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩი. გარი ნევილი მეორე საწოლზე წევს.
თუ თვითონ თამაშებს არ ჩავთვლით, მოგზაურობა, გასვლები იქნება ეს ჩემს რომელიმე კლუბთან თუ ინგლისის ნაკრებთან ერთად, ძალიან არ მიყვარს. რეალურად, ვერაფერს ათვალიერებ და მოსაწყენი ერთფეროვნებით ცხოვრობ – ჭამ, გძინავს და ვარჯიშობ, მთელ დროს ატარებ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ძალიან გვანან.
სასტუმრო, სადაც საქართველოში ვცხოვრობდით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახსნილი საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო. შიდა აივნები ერთგვარ წრეს ქმნიდა და სასტუმროს ფოიეს, ბარებსა და რესტორნებს გადაჰყურებდა. ოთახიდან გამოსული მოპირდაპირე ოთახის კარს ხედავდი, ყველაფერი მეტალისგან და მინისგან იყო დამზადებული, რაც კიდევ უფრო ამსგავსებდა იქაურობას ციხეს.
ჩემი ფანჯრიდან სანახევროდ დასრულებული მაგისტრალი მოჩანდა, რომლის გასწვრივაც ნაცრისფერი მდინარე მიიზლაზნებოდა. ეს ნამდვილად არ იყო პეიზაჟი, რომელიც საღამოს გარეთ გასვლას მომანდომებდა.
მოკლედ, ვსხედვართ მე და გარი ოთახში და ვლაპარაკობთ. კუთხეში მუსიკალურ არხზე ჩართული ტელევიზორია მიდგმული. Spice Girls-ის ახალი ვიდეოკლიპი იწყება, Say You’ll Be There. ისინი უდაბნოში ცეკვავენ, პოშს შავი კატის კოსტიუმი აცვია… ვუყურებ და ვხვდები, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ქალისთვის აქამდე თვალიც კი არ მომიკრავს. რა თქმა უნდა Spice Girls-ს პირველად არ ვხედავ, მათ ვინ არ იცნობს! აქამდე, როცა საუბარი მათზე ჩამოვარდებოდა, ყოველთვის ვამბობდი:
– ყველაზე მეტად პოში მომწონს, მოკლეთმიანი, აი ის, გრძელფეხება!
მაგრამ იმ საღამოს, სასტუმროს ჩახუთულ ოთახში, პირველად გამინათდა გონება. ვიქტორია ფანტასტიკური იყო და მივხვდი, რომ როგორმე მისკენ მიმავალი გზა უნდა მომეძებნა. აშკარად ლოურენს არაბის სამოსი მჭირდებოდა. როგორმე აქლემიც უნდა მეშოვა.
– ისეთი ლამაზია… მიყვარს. გეზ, ამ გოგოს უნდა შევხვდე!
ალბათ გარიმ იფიქრა, რომ გავგიჟდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებდით, ასეთი რამე გარის არასოდეს უკითხავს – შემიყვარდა პოპ-ვარსკვლავი, რომელსაც მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი. ახლა კი სწორედ ასე მოხდა – ჩემი გული ვიქტორიამ დაიპყრო!
ვიცოდი, რომ მასთან უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მემოქმედა. მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც ის-ის იყო იწყებდა თავის კარიერას და წარმატებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ეს მშვენიერი, სექსუალური ქალი კი Spice Girls-ში მღეროდა“.
თბილისში დაწყებული ამბავი კეთილად დასრულდა: ინგლისში დაბრუნებულ დევიდს Spice Girls-ის პროდიუსერმა ჩელსისთან მატჩის წინ ვიქტორია ადამსი გააცნო. იმ დროს ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი დევიდი და სუპერპოპულარული ვიქტორია დამეგობრდნენ, 1999 წლის 4 ივლისს კი იქორწინეს. დევიდის მეჯვარე გარი ნევილი გახლდათ, ჟურნალმა OK!-იმ კი იმ ქორწილის ექსკლუზიური ფოტოებისთვის ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა სუპერპოპულარულ ოჯახს.
თუმცა ეს ამბავი სამი წლის შემდეგ მოხდა. იმ დღეს, 1996 წლის 8 ნოემბერს კი დევიდ ბექემი თბილისში, სასტუმრო მეტეხის ერთ-ერთ ნომერში იწვა, ტელევიზორს უყურებდა და საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის ემზადებოდა.
„შეიძლება ითქვას ამგვარი თამაში არც გამართულა ჩვენს სტადიონზე. არა იმიტომ, რომ ინგლისის ნაკრები საუკეთესოა მსოფლიოში და თბილისში მასზე ძლიერი გუნდი არ გვინახავს. არამედ იმის გამოც, რომ ინგლისელთა ყოველ საზღვარგარეთულ მოგზაურობას თან სდევს ხოლმე განუმეორებელი აჟიოტაჟი და ხმაური.
ასეც რომ არ იყოს, ჩვენს გულშემატკივრებს თავიანთი მიდგომა აქვთ ინგლისელებისადმი. ლეგენდარული გამარჯვება ლივერპულთან და ვესტ ჰემის წაქცევა ჩვენი ქომაგისთვის იმგვარ მოგონებად არის ქცეული, რომ მის გონებაში ძნელი დასაშვებია წარუმატებლობა დღევანდელ მატჩში.
რა თქმა უნდა, არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მხრებს იჩეჩავენ და აცხადებენ, საფეხბურთო ლოგიკით ჩვენ ვერ უნდა მოვიგოთ, რადგან წელს სულ ვაგებთ და ობიექტურად, ეს კუნძულელი ბიჭები ჩვენზე ძლიერნი გახლავანო. მაგრამ გუშინწინ, ამის მთქმელ ვინმეს ჩემს თვალწინ ააფარეს გაზეთ ფუტბოლის ნომერი, სადაც არი ჰაანის ინტერვიუა დაბეჭდილი.
განა შეიძლება ფეხბურთის ახსნა? – კითხულობს არი ჰაანი და განა ეს კაცი ვიღაც ოჩხამურელი მოყვარულია?
არ მჯერა ხოლმე, რომ იტყვიან ძალა აღმართს ხნავსო. ბრახ! და არა ხნავს, თან მოედანზე, მით უმეტეს, რომ სტადიონზე აღმართები არ არის. ამიტომ ქომაგთა განწყობილება: წარსული, ლეგენდა, მხოლოდ კარგით თუ მოემსახურება საქართველოს ნაკრებს.
იმ საღამოს დინამოს სტადიონის გასახდელში ვიდექი და ჩემს თვალწინ ჩავლილ ინგლისელ ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი. ძალიან სერიოზული, ცივი სახეებით ჩაგვიარეს, როგორც სამსახურში მიმავალ ხალხს შეეფერება.
ყველაზე მხიარული და მოუსვენარი იან რაიტი მეჩვენა, არადა, მარტო ამ სეზონში რამდენი გადახდა თავს – თორმეტ ტურში გატანილი ათი გოლი ჯანდაბას. ეს მისი ვალი უფროა, ამას გარდა რაიტს კონფლიქტები ჰქონდა შეფილდ უენსდის მწვრთნელ დევიდ პლიტთან, რომელსაც გახრწნილი თუ რაღაც ასეთი უწოდა, და ბერიკაც სტივ ოგრიზოვიჩთან, რომელსაც შეჯახებისას მუხლით ცხვირი გაუტეხა. ამ რაიტს ორი წელია ნაკრებში არ უთამაშია და ახლა, ფაქტიურად, შირერის მაგივრად არის. რატომღაც მგონია, რომ სასტარტოში იქნება.
მაგრამ შევეშვათ ამას, რომელი მწვრთნელი მე ვარ? ან რომელი მკითხავი? ნამდვილი ერთია – ძაან თამაში უნდა გამოვიდეს. მაგ კუნძულელების წესი ასეთია, თვითონაც თამაშობენ და შენც გათამაშებენ.
ინგლის-პოლონეთის ამასწინანდელმა თამაშმა ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენა. მუხლის სიმაგრე და აღმაფრენა – აი, ასეთი რამ უნდა ორივე მხრიდან. თანაც, მოედანზე ხასიათები, გამორჩეული გმირები იქნებიან იქეთაც და აქეთაც.
გაზა, ვინც კიშინიოვში იციგნა, თბილისში თავდახრილი და სერიოზულია. რაც მე ვუყურე, ერთხელ არ გაუპარებია თვალი განზე. ჩანს, გვარიანად შემცბარი და მონდომებულია.
ოჰ, ეს ოხერი ხასიათები და პირადი ცხოვრება… რამდენი? ორი საათი დარჩა!
განა შეიძლება ახსნა ფეხბურთი? განა მიხვდები, საით გაფრინდება ბურთი? ამ რაიტზეც რაღაც ბევრი და უაზროდ ვილაპარაკე. მოგეხსენებათ, გულის ფანცქალის ამბავი, როცა წინ ასეთი რამ გელის.
და მაინც, ლოზუნგი: ვინც ამოხაპავს ლამანშს, კაციც ის იქნება!
P.S. ეგებ, იანვრიდან პრემიერლიგა ახალი ქართველებით შეივსოს!
P.S.S. წავედით, წავედით, უკვე ყველაფერი გადაკეტილი იქნება“.
გიო ახვლედიანის ეს სვეტი – „დღეს დიდი მატჩია“ – 9 ნოემბერს, დილით წავიკითხე, როცა ნაცნობ გამყიდველთან სარბიელი შევიძინე და ლოკომოტივის სტადიონისკენ წავედი ძმაბიჭებთან ერთად. ერთი დღით ადრე დავთქვით, რომ შაბათს ერთად გავატარებდით: ჯერ ლოკომოტივზე ვნახავდით ქართველი და ინგლისელი ჟურნალისტების თამაშს, შემდეგ სახინკლეში შევისეირნებდით და ამასობაში თამაშიც მოახლოვდებოდა.
ვაკეში ჟურნალისტების მატჩზე უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა, გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის რიგით მატჩებზე მინახავს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა სტუმართა შემადგენლობა იყო, უფრო სწორად კი 80-იანი წლების ინგლისური ფეხბურთის ორი ვარსკვლავი, რომლებიც ნოემბრის იმ დღეებში ჟურნალისტის საბუთით ესტუმრნენ თბილისს: ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედის ყოფილი ფორვარდი ტრევორ ბრუკინგი, რომელიც BBC-იმ მოავლინა საქართველოს დედაქალაქში, და მანჩესტერ იუნაიტედის, მილანის და კიდევ არაერთი კლუბის შემტევი რეი უილკინსი, ვინც Sky TV-თვის მუშაობდა.
ლოკომოტივზე გამართულ იმ სალაღობო მატჩამდე წლებით ადრე ორივეს დიდი ფეხბურთი ეთამაშა თბილისში. ტრევორ ბრუკინგმა 1981 წლის 18 მარტს, ვესტ ჰემ იუნაიტედის შემადგენლობაში იასპარეზა, თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში, როცა მისმა კლუბმა 1:0 მოუგო დინამოს. რაც შეეხება უილკინსს, ის 1986 წლის მარტს ვიხილეთ, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში. უილკინსის გუნდმაც 1:0 გაიმარჯვა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ქინქლაძის მამა, ბატონი რობინზონი გახლდათ, შემადგენლობა კი ასეთი იყო: მამუკა კვანტალიანი, მამუკა კვარაცხელია, ონისე შინჯიკაშვილი (სამივე სარბიელი), ლაშა ბერულავა, ავთო ოთინაშვილი (ორივე კავკაზპრესი), დიმა ობოლაძე (სვობოდნაია გრუზია), კობა ინასარიძე (ფეხბურთი), ბექა ბალარჯიშვილი (უწყებანი), მიხეილ აბაიშვილი (დრონი), ზურაბ გენგიური (11X11), თენგიზ პაჭკორია (აფხაზეთის ტელევიზია), ლაშა დვალიშვილი (I არხი), სანდრო ბრეგაძე (ჯტ). ეს უკანასკნელი იმხანად სპორტული ჟურნალისტი გახლდათ, რამდენიმე წელიწადში კი პოლიტიკაში გადაინაცვლა…
თამაში 1:1 დასრულდა. ბრუკინგმა 22-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი, 62-ე წუთზე, ონისე შინჯიკაშვილმა გაიტანა საპასუხო გოლი, ობოლაძე-კვარაცხელიას კომბინაციის შემდეგ.
გოლებზე უფრო დასამახსოვრებელი ის ეპიზოდი გამოდგა, ხელჩართულ ჩხუბში რომ გადაიზარდა და ტრევორ ბრუკინგის, კობა ინასარიძის და ბექა ბალარჯიშვილის გაძევებით დასრულდა. სხვათა შორის, მსაჯი ინგლისელი იყო.
ყველაფერი ასე მოხდა: ბრუკინგს ინასარიძე მეურვეობდა, რომელმაც ერთ ეპიზოდში ვარდნით წაართვა ბურთი გამოცდილ თავდამსხმელს. ვეტერანმა ეს ვერ აიტანა და განზრახ თუ შემთხვევით, ქართველს წიხლი ჩააზილა. ბალარჯიშვილმა ინგლისელს უსაქციელობა არ აპატია და მუშტი ჩასცხო. ბრუკინგს წარბი გაუსკდა, თუმცა საბედნიეროდ, მინდვრის კიდეზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობდა და ვეტერან ფეხბურთელს მალე უწამლეს. უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, თამაში მშვიდად დასრულდა, მაისურების გაცვლით და სამახსოვრო ფოტოთი.
ეროვნულ ნაკრებთა მატჩის წინ კომპანია საველიჩმა გოლის გამტანისთვის ავტომობილი მერსედესი დააწესა. მახსოვს, ლოკომოტივის მინდვრის კიდეზე მდგარი ხალხი ხუმრობდა: ახალგაზრდებმა გოლი ვერ გაიტანეს და თუ ეროვნულმაც ვერ გაგვახარა, საველიჩმა პრიზი ონისე შინჯიკაშვილს გადასცეს, ყველამ ვნახეთ რომ მან მაინც გაიტანა გოლიო…
დამთავრდა თუ არა ჟურნალისტების თამაში, დინამოს სტადიონისკენ წავედით. მზე ჯერ კიდევ გვათბობდა, თამაშამდე რამდენიმე საათი გვქონდა, ამიტომაც ტროლეიბუსში ჭიდაობას ფეხით გასეირნება ვარჩიეთ. მარჯანიშვილის მოედანზე ერთ გემრიელ სახინკლეში შევისვენეთ, შემდეგ კი დიდუბისკენ დავიძარით. გზადაგზა ნაცნობ-მეგობრებიც გვემატებოდნენ…
სტადიონის ტერიტორიაზე სანამ შევიდოდი, დაცვის ორი კორდონი გავიარე. აკრედიტაცია კი მქონდა, მაგრამ მილიციელებმა მაინც თავიდან ბოლომდე შემამოწმეს.
მერე იყო უსაშველოდ გაწელილი ნახევარი საათი, პროგნოზები, ვარაუდები და ჩვენი დროით ზუსტად 16:55 საათზე გუნდები მინდორზე გამოვიდნენ. თეთრ ფორმაში გამოწყობილი მასპინძლები მინდვრის მარჯვენა ნახევარზე დადგნენ, ინგლისელები კი, რომლებსაც საგარეო, ნაცრისფერი მაისურები ემოსათ, მარცხნივ. ჰიმნებს ასე უსმინეს, შემდეგ კი ადგილები შეცვალეს და პორტუგალიელი არბიტრის ჟორჟე ემანუელ მონტეირუ კოროადუს სასტვენზე თამაშიც დაიწყო – ბურთი პირველად ქართველებმა გააგორეს.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 ნოემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; მატჩის ბილეთები; Reuters; UEFA.com; ავტორის არქივი; ჟურნალი OK!; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი