ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #32: საქართველო 7:0 სომხეთი

ეროვნული ნაკრების მეოთხე მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ლონდონს ეწვია. ის, თანაშემწე რევაზ ძოძუაშვილთან ერთად, უემბლიზე, ინგლისის და იტალიის ნაკრებთა შესარჩევ მატჩს დაესწრო, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ ყიფიანმა სპორტულ ჟურნალისტებს უმასპინძლა. ეროვნული გუნდის თავკაცის და მედიის წარმომადგენელთა ასეთი ღია და ხანგრძლივი შეხვედრა პირველად შედგა. ეს საინტერესო ღონისძიება 1997 წლის 20 თებერვალს რესტორან ბერიკონში გაიმართა.

მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია შესარჩევი მატჩის შეფასებით დაიწყო, ინგლისელთა მარცხის მიზეზებზე და იტალიის ნაკრების პლუსებზე ისაუბრა. შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების უემბლიზე სტუმრობამდე აუცილებლად დაესწრება ლეგიონერების თამაშებს და მსგავსი ვიზიტები მომავალშიც ხშირი იქნება, რადგან ერთია ის ფეხბურთი, რომელსაც ტელევიზიით ვხედავთ და მეორე, რაც ტრიბუნიდან ჩანს. ყიფიანმა ისიც დაადასტურა, რომ მალე ვლადიკავკაზს და ტრაბზონს ეწვეოდა, რათა საკუთარი თვალით ნახავდა სპარტაკ-ალანიასა და ტრაბზონსფორში მოთამაშე ქართველებს, მოგვიანებით კი ინგლისსაც ესტუმრებოდა მანჩესტერ სიტიში მოასპარეზე ქინქლაძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან შესახვედრად.

„ნაკრების ძირითადი ჩონჩხი გამოკვეთილია. ისეთ ფეხბურთელებზე უარის თქმის უფლება და საშუალება არ გვაქვს, როგორებიც ქინქლაძე, შოთა არველაძე, ქეცბაია, ნემსაძე, ცხადაძე და შელია არიან… არ გავაგრძელებ, შეიძლება ვინმე გამომრჩეს. გარკვეული დრო დასჭირდება იმას, სანამ ახალგაზრდები მათ კონკურენციას გაუწევენ, თუმცა ახლავე ვიტყვი, რომ კონკურენცია აუცილებლად იქნება და თან, ძალიან მაღალი“, – განაცხადა დავით ყიფიანმა.

მანვე ძალიან კარგი უწოდა რევაზ ძოძუაშვილის იდეას, რომ საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელთაგან საბაზისო ნაკრები შემდგარიყო, ერთგვარი სათადარიგო შემადგენლობა, სადაც მთავარი გუნდის კანდიდატები ივარჯიშებდნენ და ეროვნულში საასპარეზოდ მოემზადებოდნენ.

ყიფიანმა ისიც დაადასტურა, რომ წინამორბედთან, ალექსანდრე ჩივაძესთან და მის თანაშემწესთან, ვლადიმერ პანოვთან შეხვედრას გეგმავდა, რადგან აინტერესებდა მათი მოსაზრებები და შეხედულებები კონკრეტულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმ წლებში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, სპორტული ჟურნალისტების და ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის ურთიერთობას, ყიფიანმა თქვა:

„მინდა სწორად გამიგოთ: თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, მე კი ერთი. ყველა ჟურნალისტის სურვილი რომ დავაკმაყოფილო და სულ ცოტა თხუთმეტი წუთი ველაპარაკო, გუნდთან მუშაობის საშუალება არ მექნება. სწორი ფორმა უნდა გამოვნახოთ, რათა ერთად შევიკრიბოთ…

აქვე გთხოვთ, რომ ჩემი ნებართვის გარეშე არცერთ ფეხბურთელთან ინტერვიუ არ დაიბეჭდოს, თორემ მე თქვენ ვერაფერს მოგიხერხებთ, მოთამაშეს კი დავსჯი. არცერთ თქვენგანს არც ვარჯიშზე დასწრებას დავუშლი და არც სხვა რამეს, თუმცა, შესაძლოა, ერთი ვარჯიში დახურულიც იყოს“.

შეხვედრის ბოლოს მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ აუცილებლად გამოიძახებდა ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ ნაკრების მაისურით, თუმცა გვარების დასახელებისგან ყიფიანმა თავი შეიკავა, ის თქვა მხოლოდ, რომ კანდიდატები დასავლეთ საქართველოს კლუბებში თამაშობდნენ.

25 თებერვალს ის, როგორც დაგეგმილი იყო, ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ჩვენი ფეხბურთის პირველკაცებმა მთავარი მწვრთნელის გეგმა დაამტკიცეს.

ეროვნული ჩემპიონატი მარტის შუაში განახლდა და ყიფიანის გაწვრთნილმა თბილისის დინამომ მეორე წრის პირველ მატჩში ლევან ცქიტიშვილის გოლით სძლია წყალტუბოს სამგურალს. თუმცა მომდევნო ტურში, 23 მარტს ფოთში, დინამო კოლხეთი 1913-თან 0:2 დამარცხდა. ეს იყო თბილისელთა პირველი წაგება იმ ჩემპიონატში, ცამეტი გამარჯვების და ფრედ დასრულებული ორი შეხვედრის შემდეგ.

სანაკრებო შეკრებამდე გამართულ ბოლო ტურში, 27 მარტს, ყიფიანის ბიჭებმა გიორგი ანჩაბაძის და გიორგი დემეტრაძის ზუსტი დარტყმებით იოლად სძლიეს სამტრედიას, დედაქალაქელთა მთავარმა კონკურენტმა ბათუმმა კი უკანასკნელ ადგილზე მყოფ კახეთთან დაკარგა ქულები – 1:1. ჩემპიონატს დინამო და ბათუმი ლიდერობდნენ 44 ქულით, თუმცა ზღვისპირელებს ორი თამაშით მეტი ჰქონდათ ჩატარებული.

სომხებთან თამაშისთვის მზადება სრულფასოვნად 28 მარტს დაიწყო. ის ლეგიონერები, რომლებიც სამი-ოთხი დღით ადრე დაბრუნდნენ თბილისში, მანამდეც ვარჯიშობდნენ დიღმის ბაზაზე, იმ დღიდან კი ყიფიანის განკარგულებაში ყველა სასურველი მოთამაშე იყო თემურ ქეცბაიას გარდა. ათენის აეკ-ის ერთ-ერთი ლიდერი თბილისში 29 მარტს, დილით ჩამოვიდა.

იმავე დღეს ეწვია თბილისს სომხეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის ხორენ ოჰანესიანის ხელმძღვანელობით. ერევნის არარატის და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ეროვნული გუნდის მესაჭედ 1996 წლის ივნისში დაინიშნა, თუმცა მის მუშაობას წარმატებული ნამდვილად არ ეთქმოდა: თბილისში სტუმრობამდე ჩატარებული ცხრა საერთაშორისო მატჩიდან ოჰანესიანის ბიჭებმა მხოლოდ სამი დაასრულეს ფრედ, ექვსი კი წააგეს, მათ შორის ოთხი დიდი ანგარიშით.

სომხებმა 1997 წელიც კატასტროფულად დაიწყეს: 4 და 6 იანვარს, სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში, ჩვენი მეზობლები ჯერ ჩილეში განადგურდნენ – 0:7, შემდეგ კი პარაგვაიში დამარცხდნენ – 0:2.

იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა თბილისში სათამაშოდ შეარჩია, მხოლოდ სამი ლეგიონერი იყო: საბერძნეთის კავალის მცველი ერვანდ სუკიასიანი, საფრანგეთის მონპელიეს ნახევარმცველი მიშელ ტერ ზაქარიანი და საფრანგეთშივე, გენგამში მოთამაშე თავდამსხმელი ერიკ ასადურიანი. დანარჩენები სომხეთის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ, მათ შორის შირაქის 24 წლის თავდამსხმელი არა ადამიანი, რომელიც სულ ბოლოს გამოაკლდა ნაკრებს. ეს უკანასკნელი იმიტომ გამოვარჩიე, რომ მასზე ქართველი გულშემატკივრები გასაგები მიზეზის გამო დიდხანს ხუმრობდნენ.

„სომხური ფეხბურთი კარგად ვიცი, თავს მოიკლავენ ჩვენთან, მაგრამ მაინც უნდა დავამარცხოთ. ისე, არარატისთვის გოლიც გამიტანია ერევანში“, – თქვა კახი ცხადაძემ შეკრების პირველ დღეს.

მასთან ერთად შეაღეს დიღმის ბაზის კარი გიორგი ქინქლაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, ნუგზარ ლობჟანიძემ, მურთაზ შელიამ, გიორგი ნემსაძემ, ლევან კობიაშვილმა, შოთა და არჩილ არველაძეებმა და გოგა გახოკიძემ. დეკემბერში, როცა ეროვნულის სახელით მოთამაშე ახალგაზრდული გუნდი ლიბანს ეწვია ვლადიმერ გუცაევის თავკაცობით, გახოკიძემ პირველად ითამაშა, თუმცა ნაღდი ნაკრების შემადგენლობაში ის პირველად სწორედ სომხეთთან მატჩის წინ მოხვდა.

30 მარტს, საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის საზეიმო გახსნიდან ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე ისტორიაში 32-ე საერთაშორისო მატჩის ჩასატარებლად შეაბიჯა. თამაში ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყო.

ქართული ფეხბურთის მთავარმა სტატისტიკოსმა რევაზ შენგელიამ ოფიციალურ პროგრამაში გვამცნო, რომ ეს იყო მეზობელი ქვეყნების მთავარი გუნდების მეექვსე დაპირისპირება, თუმცა წინა ხუთი საბჭოთა მმართველობის წლებში შედგა.

1926 წლის 2 დეკემბერს, ბაქოში, ამიერკავკასიის პირველ ჩემპიონატში ქართველებმა დიდი უპირატესობით სძლიეს სომხებს – 4:0. იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბაღდოევი, ფოჩხუა, ლაზარევი, ანიკინი, იმნაძე, ფრუიძე, ქოიავა, იოაკიმიდი, ვაჩნაძე, ფაჩულია და ქებაძე იცავდნენ. მომდევნო სამი თამაშიც ამიერკავკასიის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარდა: 1928 წელს 5:1 გავიმარჯვეთ, 1934 წელს 4:0, ხოლო 1935 წელს 3:0.

1956 წლის 8 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ფარგლებში, საქართველოს და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ნაკრებმა გუნდებმა მოსკოვში ითამაშეს. ის მეოთხედფინალი კვლავ ქართველების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.

რაც შეეხება საკლუბო დაპირისპირებებს, ამ მხრივ ქართულ-სომხური პაექრობები გაცილებით საინტერესო და ხშირი იყო, თუმცა მხოლოდ 1989 წლის 23 აგვისტოს თამაშს შეგახსენებთ, თბილისის დინამოს და ერევნის არარატის თბილისურ პაექრობას, რომლითაც დასრულდა კიდეც ამ ორი გუნდის ჭიდილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. მეტოქეებმა ქულები გაიყვეს – 1:1, იმ შეხვედრის მონაწილე ექვსი ფეხბურთელი კი 1997 წლის 30 მარტს უკვე ეროვნულ ნაკრებთა შემადგენლობაში შეხვდა ერთმანეთს: კახი ცხადაძე, გიორგი ნემსაძე, თემურ ქეცბაია, კახი გოგიჩაიშვილი (მან მეორე ტაიმში ითამაშა), სომხეთის ნაკრების კაპიტანი ვარდან ხაჩატრიანი და იერვანდ სუკიასიანი.

„ფრთხილად ინგლისო, ყიფიანი მოდის! ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინგლისში წასვლამდე სენსაციური დებიუტი მოიწყო“ – წერდა გაზეთი სარბიელი 1 აპრილის ნომრის პირველ გვერდზე, რომელსაც დავით ყიფიანის სადებიუტო შეხვედრის ფოტოები და თამაშის ანგარიში ამშვენებდა – 7:0!

იქვე დაებეჭდათ ახალი თბილისური ანეკდოტიც:
-გაიგე, სომხებს ჩვენთან თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წაუგიათ…
-მაგათი ამბავი რომ ვიცი, მომდევნო თამაშს სპეციალურად 0:8-ს წააგებენ, რომ რეკორდული მარცხი მაინცდამაინც ჩვენთან არ ჰქონდეთ!..

ყიფიანმა მართლაც დიდებულად დაიწყო ნაკრებში მუშაობა: საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა და ეს მოგება ახლაც, 25 წლის შემდეგაც სარეკორდოა!

ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა: გიორგი ქინქლაძემ არუთუნ ვარდანიანი მოატყუა და ბურთი საჯარიმოში შეუყოლა შოთა არველაძეს. ის იოლად გასცდა მეკარე არმენ ავაქიანს და ანგარიში გახსნა – 1:0.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე დიდებულად ითამაშა თემურ ქეცბაიამ, რომელმაც ცენტრიდან დაიწყო იერიში, მოხდენილად გასცდა ორ მცველს, საჯარიმოში შეჭრილი კი ტერ ზაქარიანმა წააქცია. რუსმა არბიტრმა ვალენტინ ივანოვმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა და ქინქლაძემაც უპირატესობა გააორმაგა – 2:0.

თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებში დაბრუნებული გიორგი ჩიხრაძე შესვენებაზე კაცი გოგიჩაიშვილმა შეცვალა, გოჩა ჯამარაულის ნაცვლად კი მიხეილ ყაველაშვილი გამოჩნდა. ორი შემტევი ფეხბურთელის მოედანზე შესვლამ საქართველოს ნაკრების თამაში უფრო აგრესიული გახადა და მწვრთნელის გადაწყვეტილებამ ძალიან მალე ლოგიკური შედეგი გამოიღო: გიორგი ნემსაძის პასით შოთა არველაძე კვლავ მეკარის პირისპირ გავიდა და ისევ გაიხარა – 3:0. იმ მომენტში იგრძნობოდა, რომ სომხებს შავი დღე დაადგებოდათ – ისინი მასპინძლებს ვერაფერს უხერხებდნენ.

მალე ყიფიანმა მეკარეც შეცვალა – ირაკლი ზოიძის ნაცვლად ნიკა ტოგონიძე შეუშვა მინდორზე, ორიოდ წუთში კი შოთას ტყუპისცალი აჩიკო დაახმარა (ქეცბაიას ნაცვლად).

1995 წლის შემოდგომით, ბულგარელებთან თბილისში გამარჯვების შემდეგ, არჩილ არველაძემ პირველად ითამაშა ეროვნული გუნდის მაისურით და მოედანზე გამოჩენიდან სამ წუთში დუბლიც შეასრულა: 58-ე წუთზე დასწრებაზე ითამაშა და ავაქიანის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთს (კახი ცხადაძის თავური) ზუსტად დაამატა, მე-60 წუთზე კი ძმას პასი დაუფასა და ანგარიში 5:0 გახადა.

67-ე წუთზე, გოგიჩაიშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შოთა არველაძემ თავით სომხების კარში შეაგდო და ჩვენი გუნდის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორიც გახდა – 6:0! იქვე ყიფიანმა მის ნაცვლად ბათუმელი ამირან მუჯირი შეუშვა. ამ უკანასკნელმა პირველად ითამაშა ნაკრებში, შოთა კი გულშემატკივრებმა დამსახურებული ტაშით გააცილეს.

მატჩის დამთავრებამდე ცხრა წუთით ადრე მიხეილ ყაველაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – მეკარის მოტყუებით და გოლით დააგვირგვინა ნემსაძის დაწყებული და არჩილ არველაძის გაგრძელებული კომბინაცია, 7:0!

„ნაკრებში გოლის გატანამ ძალიან გამახარა! მადლობა ყიფიანს, რომ მენდო, გამომიძახა და მათამაშა“, – დუბლის ავტორი არჩილ არველაძე ძალიან გახარებული იყო, მისმა ტყუპისცალმა შოთამ კი, რომელმაც იმ დღეს მეოცედ ითამაშა ნაკრებში, წლების შემდეგ ავტობიოგრაფიაში „გუშინ“ ეს თამაში ასე გაიხსენა:

„ქართველი გულშემატკივარი თუ რამეს არ გაპატიებს, ეს თბილისში სომხებთან დამარცხებაა და ამიტომ, ყველა მაქსიმალურად მზად შევხვდით ამ თამაშს. ლამაზი გამარჯვებაც მოვიპოვეთ – 7:0! გამანადგურებელი ანგარიში! მე ჰეთ-თრიქი შევასრულე, აჩიმ ორი გოლი გაიტანა!..

თამაშის მიწურულს სტადიონზე მოსული ჩვენი მეგობრები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ: არველაძე! დაცვას მიხედე, დაცვას! გოლს სხვაც გაიტანს!..

მოკლედ, კავკასიური დერბი ჩვენი ულამაზესი გამარჯვებით დამთავრდა და დათო ყიფიანის სანაკრებო კარიერაც შედეგიანად დაიწყო“.

ანგარიშის გარდა 1997 წლის 30 მარტი რამდენიმე მიზეზით ჩაიწერა ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში: პირველი – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სადებიუტო თამაში არნახული მოგებით დაასრულა; მეორე – პირველად ვიხილეთ ნაკრებში ჰეთ-თრიქი; მესამე – ეროვნულმა გუნდმა პირველად მოახერხა თამაშში შვიდი, ერთ ტაიმში კი ხუთი გოლის გატანა.

„ჩემი აზრით, სერიოზულად არ შეგვაფასეს, ცოტა თავდაჯერებულნიც კი გამოვიდნენ, ჩვენს ფეხბურთელებზე ინფორმაციას ხომ საერთოდ არ ფლობდნენ… ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ქინქლაძე, ქეცბაია და შოთა არველაძე ამ თამაშით გაიცნეს…

მეორე გოლმა სტუმრები გატეხა და დაშალა…

არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ სომეხთა ასეთი მარცხის უპირველესი მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ძლიერი თამაშია. რაც უნდა იყოს, შვიდ გოლს გატანა უნდა…

გამარჯვების მიზეზი ისიცაა, რომ ფიზიკურად უკეთ გამოვიყურებოდით და, რაც მთავარია, მათზე მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავდა, ყოველ შემთხვევაში, ამ თამაშში ასე გამოჩნდა“, – განაცხადა დავით ყიფიანმა მამუკა კვარაცხელიასთან ინტერვიუში (გაზეთი სარბიელი; #36, 1997 წლის 1 აპრილი), რომელიც ჟურნალისტმა მწვრთნელის სიტყვებით დაასათაურა – „ინგლისს უნდა შევუტიოთ“.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან უემბლიზე მატჩისთვის მზადება ყიფიანის ბიჭებმა გამარჯვებით დაიწყეს, ახალგაზრდები კი, რომლებიც ასევე ბრიტანელ თანატოლებთან სათამაშოდ ემზადებოდნენ, ბათუმში დამარცხდნენ: ვლადიმერ გუცაევის გუნდმა მოსკოვის ცსკა-თან არაოფიციალური საწვრთნელი შეხვედრა 1:2 წააგო.

მიუხედავად დასანანი მარცხისა – რუსებმა გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე შეაგდეს, ახალგაზრდებმა ინგლისში არ წააგეს, ეროვნული გუნდი კი…

30 მარტი, 1997. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 10 000
საქართველო 7:0 სომხეთი
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (12, გიორგი ქინქლაძის პასით), 2:0 გიორგი ქინქლაძე (45, პენ), 3:0 შოთა არველაძე (57, გიორგი ნემსაძის პასით), 4:0 არჩილ არველაძე (58), 5:0 არჩილ არველაძე (60, შოთა არველაძის პასით), 6:0 შოთა არველაძე (67, კახი გოგიჩაიშვილის პასით), 7:0 მიხეილ ყაველაშვილი (81, არჩილ არველაძის პასით)
საქართველო: ირაკლი ზოიძე (ნიკა ტოგონიძე 55), ნუგზარ ლობჟანიძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია (გელა შეყილაძე 61), გიორგი ჩიხრაძე (კახი გოგიჩაიშვილი 46), ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (მიხეილ ყაველაშვილი 46), თემურ ქეცბაია (არჩილ არველაძე 57), გიორგი ქინქლაძე (გოგა გახოკიძე 61), შოთა არველაძე (ამირან მუჯირი 68)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
სომხეთი: არმენ ავაქიანი, იერვანდ სუკიასიანი, ვარდან ხაჩატრიანი (კაპ) (ტიგრან გსპეიანი 46), სარქის ოვსეპიანი, ჰარუთინ ვარდანიანი (ტიგრან იესაიანი 46), მიშელ ტერ ზაქარიანი (არამაის ტონოიანი 46), არტურ პეტროსიანი (რომიკ ხაჩატრიანი 61), აკოფ ტერ-პეტროსიანი (გაგიკ მანუკიანი 57), არსენ ავეტისიანი, ერიკ ასადურიანი, ჰამლეტ მხითარიანი
მწვრთნელი: ხორენ ოჰანესიანი
გაფრთხილება: მიშელ ტერ ზაქარიანი
მსაჯები: ვალენტინ ივანოვი; ვლადიმირ გესელევი, ალექსეი გარტი (რუსეთი)

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 16 ნოემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; საქართველოს ნაკრების ჟურნალი / ზურაბ გენგიური; თამაშის ბილეთი

ka_GEGeorgian