ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #33: ინგლისი 2:0 საქართველო (I)

„ინგლისმა რომ წააგო, ჩვენთვის კარგიც არის და ცუდიც – გააჩნია როგორ შეხედავ. არ მინდა ილუზიებით ვილაპარაკო, მაგრამ რომ მოეგო, ჩვენთან თითქმის ფინალისტის რანგში და თავდაჯერებული გამოვიდოდა, ახლა კი ისეთი ვითარებაა, რომ კიდევ ერთი ნებისმიერი მარცხი ინგლისს ფინალს მიღმა დატოვებს. ამრიგად, მათ უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვთ, თუმცა ასეთი ვითარება ყოველთვის ნერვიულობის საბაბია, რაც, ვიმედოვნებ, ჩვენ წაგვადგება“.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დავით ყიფიანის ეს სიტყვები 1997 წლის 15 თებერვლის სარბიელში გამოქვეყნდა. 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული სპორტული გაზეთის ლონდონელი კორესპონდენტი დავით მჭედლიშვილი მას ინგლისი-იტალიის შესარჩევი თამაშის შემდეგ შეეხმიანა. ნაკრების ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე ყიფიანი, თანაშემწე რევაზ ძოძუაშვილთან ერთად, ლონდონს ეწვია და ორი მთავარი მეტოქე საქმეში ნახა.

ამის შემდეგ იყო სომხეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, სადაც ყიფიანის დებიუტი შედგა და რომელიც დიდებული ანგარიშით დასრულდა – 7:0 ქართველების სასარგებლოდ. მეზობლებთან გამარჯვების შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი კვლავ თბილისის დინამოზე გადაერთო, თუმცა უემბლიზე დანიშნული შესარჩევი თამაშისთვის მზადებაც მაშინვე დაიწყო.

ლონდონში სტუმრობამდე ყიფიანის გაწვრთნილმა დინამომ ხუთჯერ ითამაშა საქართველოს ჩემპიონატში და ოთხი მოგებით კიდევ უფრო გაიმყარა სატურნირო მდგომარეობა: ზუგდიდის ოდიშს ლევან ხომერიკის დუბლით და გიორგი დემეტრაძის ზუსტი დარტყმით სძლია – 3:1; რუსთავის მეტალურგი გიორგი ანჩაბაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა; 8 აპრილს უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო ბათუმში, კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა გამარჯვების გოლი – 1:0; გორის დილას კი ასევე ერთი ბურთით სძლია – ხომერიკმა დაარტყა ზუსტად.

ბათუმსა და გორში სტუმრობას შორის კი იყო 16 აპრილის თამაში ქუთაისის ტორპედოსთან თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა და 3:3 დასრულდა: ვაჩიბერაძის, აშვეთიას და შენგელიას გოლებს დინამოელთაგან ანჩაბაძემ, ხომერიკმა და დემეტრაძემ უპასუხეს.

დინამო-ტორპედოს მშვენიერ მატჩამდე ორი დღით ადრე სარბიელმა სასიამოვნო ამბავი ამცნო მკითხველს და ფეხბურთის გულშემატკივრებს: ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ქართულ ტელეეთერში დაბრუნება ინგლისის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი მატჩის ტელერეპორტაჟით გადაწყვიტა!

სარბიელელ მერაბ მამულაშვილთან ინტერვიუში რუსთავი 2-ის დირექტორმა დავით დვალმა განაცხადა:

„ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკება უკვე დამთავრებულია, ასე რომ, შემიძლია განვაცხადო: 30 აპრილს, ღამის თორმეტ საათზე, ტელეკომპანია რუსთავი 2 უემბლიდან გადმოსცემს ინგლისი-საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს.

ტელერეპორტაჟს კომენტატორები გაუძღვებიან, კონკრეტულად ვინ, ჯერ არ ვიცით, რადგან მათ ახლა ვარჩევთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი ძველი, ცნობილი კომენტატორები არ იქნებიან“.

იმავე ინტერვიუში დავით დვალმა თავი შეიკავა რეპორტაჟის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დასახელებისგან, თუმცა თქვა, რომ ბარტერული გაცვლა მოხდა და ტელეკომპანიის პარტნიორებმა მატჩის ჩვენების სანაცვლოდ თავისი სარეკლამო ბლოკის გაშვება მოითხოვეს, რაზეც ქართული მხარე დათანხმდა.

ეს დეტალები იყო და ქომაგს ნაკლებად აინტერესებდა. მთავარი ის იყო, რომ თამაში ქართული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა! სხვების არ ვიცი და, პირადად მე სტუმრად გამართულ თამაშებს საკაბელო ტელევიზიის დახმარებით ვადევნებდი თვალს (გერმანია, იტალია), უმეტესობას კი მხოლოდ რადიოთი ვისმენდი.

სასიამოვნო სიახლესთან დაკავშირებით 19 აპრილის სარბიელში კიდევ ერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა – „რუსთავი 2 90-ის ნაცვლად 115 წუთს გვპირდება“. მერაბ მამულაშვილი ამჯერად ტელეკომპანიის პრეზიდენტს ეროსი კიწმარიშვილს გაესაუბრა:

„რეპორტაჟს გაუძღვება გოგი ქავთარაძე, მას მიეხმარება გიგა ბოკერია. ისინი ჟურნალისტები კი არიან, მაგრამ სპორტში არაპროფესიონალები გახლავან…

თავდაპირვბელად ასე ვფიქრობდით: ხომ არ გვეთხოვა რეპორტაჟის გაძღოლა კოტე მახარაძისთვის. ანაც სარბიელის ჟურნალისტებისთვის, ან კიდევ ახალფეხადგმულ კომენტატორებისთვის?

ბოლოს მაინც ასე გადავწყვიტეთ: ისევ ჩვენს კადრებს დავეყრდნობით, რადგან ჩვენვე ვიტვირთეთ ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა. არ გვსურს რეპორტაჟისას რაიმე ნაკლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავიდან მოვიხსნათ და სხვას გადავაბრალოთ, იმან ვერ ივარგაო. ჩვენი ბრალი იქნება, თუ რეპორტაჟი კარგი ვერ გამოვიდა და სხვასაც ვერაფერს დავაბრალებთ“, – განაცხადა რუსთავი 2-ის პრეზიდენტმა.

„მაშინაც კი, როცა სპორტულ თემატიკაზე მუშაობა არ მევალებოდა, მუდამ სპორტის განყოფილებას ვეხმარებოდი. თანაც, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვერკვევი კიდეც მიმდინარე საფეხბურთო ამბებში…

მე და გიგა სპორტში არაპროფესიონალები ვართ, თუმცა ეს არ გვაშინებს, მით უფრო, რომ პირდაპირ ეთერში გადაცემების გაძღოლის გამოცდილება გაგვაჩნია. მოკლედ, ეს საქმე ჩვენთვის უცხო ხილი არ არის“, – აღნიშნა გოგი ქავთარაძემ სარბიელთან ინტერვიუში.

წლების შემდეგ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა – 2005-2009 წლებში უმცროსი ნოდარ ახალკაცის გუნდის წევრი იყო პირველი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით…

ინგლისში სტუმრობამდე სამი კვირით ადრე დავით ყიფიანმა ლევან კობიაშვილი მოისაკლისა. ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიის 19 წლის შემტევი მცველი რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურში, სანკტ-პეტერბურგის ზენიტთან შეხვედრაში დაშავდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ლევანს დაახლოებით თვენახევარი გაუცდებოდა, მაგრამ საგულდაგულო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ მხრის ტრავმა ჰქონდა. კობიაშვილმა ოპერაცია გაიკეთა და აპრილის მიწურულს ვარჯიშიც განაახლა, თუმცა ყიფიანის საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.

დაახლოებით იმავე პერიოდში დაიწერა ტონი ადამსის შესახებაც. ლონდონის არსენალის თავკაცმა არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ კაპიტანს კოჭი აწუხებდა და დიდი ალბათობით, ქართველების წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, თუმცა ოცდაათი წლის მცველმა გამოჯანმრთელება მოასწრო და უემბლიზე ძირითადშიც ვიხილეთ. ის მხოლოდ მატჩის მიწურულს შეცვალა ინგლისელთა ამჟამინდელმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა.

ჰოდლისთვის ადამსზე მნიშვნელოვანი იყო ნიუკასლ იუნაიტედის ლიდერის ალან შირერის დროული დაბრუნება. ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლავური შირერს სწორედ ჰოდლმა გადასცა, როგორც კი ნაკრები ჩაიბარა. იმ დროს შირერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეც გახლდათ: ევრო 1996-ის შემდეგ ნიუკასლ იუნაიტედმა მის სანაცვლოდ თხუთმეტი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა ბლექბერნ როვერსს!

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს საზარდულის ტრავმის გამო მარტში რამდენიმე შეხვედრა გაუცდა და ვერც მექსიკასთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, თუმცა აპრილის დასაწყისში მინდორს დაუბრუნდა და საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრემიერლიგაში ოთხი გოლიც შეაგდო – ლონდონის ჩელსის დუბლი შეუსრულა, სანდერლენდი და დერბი ქაუნთი კი თითო გოლით დასაჯა.

უემბლის მატჩამდე ცხრა დღით ადრე გლენ ჰოდლმა და დავით ყიფიანმა გაფართოებული შემადგენლობები გვამცნეს.

რჩეულ ინგლისელთა სია ასეთი იყო:
მეკარეები – დევიდ სიმენი (ლონდონის არსენალი), იან უოქერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), ტიმ ფლაუერსი (ბლექბერნ როვერსი), ნაიჯელ მარტინი (ლიდს იუნაიტედი);
მცველები – გარი და ფილ ნევილები, გარი პალისტერი (სამივე მანჩესტერ იუნაიტედი), ტონი ადამსი, მარტინ კიოუნი (ორივე არსენალი), გრემ ლე სო (ბლექბერნ როვერსი), გარეთ საუთგეიტი (ბირმინგემის ასტონ ვილა), სოლ კემპბელი (ტოტენჰემ ჰოთსფური), სტიუარტ პირსი (ნოტინგემ ფორესტი);
ნახევარმცველები – დევიდ ბექემი, ნიკი ბათი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), დევიდ ბეტი, რობერტ ლი (ორივე ნიუკასლ იუნაიტედი), სტივ მაკმანამანი, ჯეიმი რედნაპი (ორივე ლივერპული) და ნაკრების ერთადერთი ლეგიონერი, მილანის ინტერში მოთამაშე პოლ ინსი;
თავდამსხმელები – ალან შირერი, ლეს ფერდინანდი (ორივე ნიუკასლ იუნაიტედი), რობი ფაულერი (ლივერპული), იან რაიტი (არსენალი), ტედი შერინგემი (ტოტენჰემ ჰოთსფური).

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე თვრამეტი მოთამაშე მიიწვია:
მეკარეები – ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო), ნიკა ტოგონიძე (ბათუმი);
მცველები – მამუკა მაჭავარიანი (დინამო), გელა შეყილაძე (ბათუმი), კახი ცხადაძე, მურთაზ შელია (ორივე ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანია, რუსეთი), ნუგზარ ლობჟანიძე (მოსკოვის ცსკა, რუსეთი), გიორგი ჩიხრაძე (დონეცკის შახტიორი, უკრაინა);
ნახევარმცველები – კახი გოგიჩაიშვილი (დინამო), გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (ორივე ტრაბზონსფორი, თურქეთი), გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), თემურ ქეცბაია (ათენის აეკ, საბერძნეთი), გოგა გახოკიძე (სპარტაკ-ალანია, რუსეთი);
თავდამსხმელები – შოთა და არჩილ არველაძეები (ორივე ტრაბზონსფორი, თურქეთი), მიხეილ ყაველაშვილი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გოჩა გოგრიჭიანი (სოჭის ჟემჩუჟინა, რუსეთი).

26 აპრილს სარბიელმა კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ამცნო მკითხველს – თემურ ქეცბაიამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ნიუკასლ იუნაიტედთან! საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორი ჩრდილოინგლისურ კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა. ნიუკასლი იმ წლების პრემიერლიგის ერთ-ერთი ფლაგმანი იყო: 1996 წლის გაზაფხულზე სულ ბოლოს დაკარგა ჩემპიონის ტიტული, 1997 წლის აპრილში კი კვლავ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა…

ეროვნული თამაშის გასაშუქებლად სარბიელმა ლონდონს ოთხი კორესპონდენტი მიავლინა: ზურაბ მეძველია, ილია ბაბუნაშვილი გიო ახვლედიანი და მამუკა კვარაცხელია. მათ გარდა ინგლისის დედაქალაქს კიდევ არაერთი ქართველი ჟურნალისტი ეწვია. ყველამ ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან ერთად იმგზავრა, დელეგაცია თბილისი-სტამბოლი-ლონდონის ავიარეისით ეწვია ნისლიან ალბიონს.

ჩვენი გუნდი სასტუმრო სოპუელ ჰაუსში დაბინავდა. იქვე შეუერთდნენ გუნდს გიორგი ქინქლაძე და მიხეილ ყაველაშვილი. ნაკრებთან ერთად იყო კახი ცხადაძეც, თუმცა დავით ყიფიანი ეჭვობდა, რომ კაპიტანი უემბლიზე ვერ ითამაშებდა:

„ცხადაძის თამაში 99 პროცენტით გამორიცხულია, კუნთი აქვს ჩაწყვეტილი. მცირე ტრავმები აწუხებთ ზოიძეს და გოგიჩაიშვილს. მათი ამ დღეში ყოფნა გორში თამაშის, უფრო ზუსტად მსაჯის ბრალია – უხეშობა ვერ მოთოკა“, – უთხრა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ მეძველიას.

საავტორო სვეტში „პირდაპირ თვითმფრინავიდან“ (სარბიელი; 1997 წლის 26 აპრილი) გიო ახვლედიანმა დაწერა:

„ახლა მანდ შაბათია და საქართველოს ნაკრების უემბლიზე გასვლამდე ოთხი დღე დარჩა. ამ არცთუ დალაგებულ სვეტს რომ ვწერ, პარასკევს ადრიანი დილაა და მე მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ცაში ვიმყოფები. დაბლა მხოლოდ ღრუბლებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი სტადიონი არ ჩანს.

სტადიონი იმიტომ ვახსენე, რომ ეს ჩემი სვეტი სპორტულია, ძირითადად კი საფეხბურთო, თორემ დილის რვა საათზე ფეხბურთზე ფიქრი და ლაპარაკი, მეტი რომ არ ვთქვათ, სისულელეა. მით უმეტეს, რომ მთელი ღამე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყურებაში გაქვს გატარებული და თვითმფრინავშიც იმიტომ ზიხარ, რომ ფეხბურთის საყურებლად მიგიწევს გული.

მაშ ასე, და… ქართველი ფეხბურთელები პირველად მიემგზავრებიან უემბლიზე სათამაშოდ. მე ცოტა ხნის წინანდელი ამბავი მახსენდება: როგორ უთრთოდა ხმა რაიუნოს ტელეეკრანიდან მომზირალ ჯანფრანკო ძოლას: ხვალ უემბლიზე გავდივართ და გული მიფრთხიალებს, ამგვარი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილაო…

ამ სიტყვებიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ ჯანფრანკომ თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა, უემბლიზე გავიდა, გოლი გაიტანა და იტალიას მოაგებინა.

დიახ, ფეხბურთელები ის ხალხია, ოცნებები რომ აუხდებათ ხოლმე, მაგრამ ამ ოცნებათა ასახდენად წლობით ღვრიან ოფლს.

რატომ გამახსენდა ეს ამბავი? იმიტომ, რომ თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელსაც მე ავედევნე, ქართველი ფეხბურთელებითაა სავსე.

ჩემი სავარძლიდან ასე ჩანს, რომ ბიჭები ჩინებულ ხასიათზე არიან. ღმერთმა ქნას, ეს ხასიათი ბოლომდე გაჰყვეთ და მსოფლიოს ყველაზე მწვანე, ყველაზე სწორ, ყველაზე მეტად გრძნეულ მინდორზე გასულებმა…

აი, აქ კი დავფიქრდი. ასე გაჩვეულ, გაცვეთილ, ფეხბურთზე მოლაპარაკე კაცთათვის ნაცნობ სიტყვებს მივადექი: „მაქსიმუმი უჩვენონ“.

განა ეს ის სიტყვებია, საქართველოს ნაკრებთან ერთად თვითმფრინავში მოხვედრილმა კაცმა რომ უნდა თქვას დილის რვა საათზე? „მაქსიმუმი უჩვენონ“ – ეს ნულია, ეს არაფერია, იმიტომ რომ, ასე ცივად ნათქვამს ცივი ამბებიც მოჰყვება.

ზოგადად, მინდოდა მეთქვა, რომ კარგია, როცა ფეხბურთელს ოცნება აუხდება ხოლმე. მე ის გამიხარდება, რომ თუ ყველას არა, ხუთს მაინც, თუნდაც ოთხს, სამს, ორს და ერთსაც კი, აუხდეს ოცნება ოთხშაბათს საღამოს.

ძოლას ნათქვამი სწორედ იმიტომ გამახსენდა ამ შუა ხმელთაშუა ზღვის თავზე, თორემ აგერ, ჩემს გვერდით ერთი ინგლისელი ძიაკაცი ზის და მეოთხე საათია იახტების გამო შედგენილ რაღაც ჟურნალს კითხულობს. ამას რა უჭირს? თავი ქუდში აქვს.

მოკლედ, მთელი თვითმფრინავი ფეხბურთელებითაა სავსე, ძიაკაცს კი თავი ქუდში აქვს. რას არ შეხვდები საერთაშორისო რეისზე ან ვის არ შეხვდები! მათ შორის ქართველებსაც, რომლებსაც ძალიან უყვართ ოცნება, თვითმფრინავის სალონში მოუსვენრად სიარული და სიგარეტის წევა, რითაც ძალიან წუხს ჩემი მეზობელი ინგლისელი ძიაკაცი.

ჰოდა, სწორედ ამაზე გამახსენდა – ეგებ შეგვეწუხებინა ინგლისელები, ოღონდ ცოტათი სხვანაირად, ცოტათი სხვაგან – ცის ნაცვლად მიწაზე, მსოფლიოს უმწვანეს მინდორზე, იქ, უემბლიზე!

ვნახოთ. ჯერ გვაცალონ ციდან მიწაზე დაშვება. იქიდან უფრო დაწყობილად მოგახსენებთ“.

არანაკლებ საინტერესო იყო გაზეთის იმავე ნომერში გამოქვეყნებული ილია ბაბუნაშვილის პირველი ლონდონური რეპორტაჟიც – „250 ქართველი ხუმრობაა?!:

-მოსაგებად ჩამოხვედით?
-რა თქმა უნდა.
-მაშინ ქვეყანაში არ შეგიშვებ.
-ნუ შემიშვებ.
-კეთილი, შეგიშვებ, მაგრამ იცოდე: სამით ნოლი იქნება ინგლისის სასარგებლოდ.
-არასოდეს.
-ხუთით, ხუთით ნოლი.

ამის შემდეგ მე და ლონდონელმა მებაჟემ ორიოდ სიტყვით გიო ვახსენეთ, ბოლოს კი, გვეყო, თორემ ამ თემას თუ შევყევით, კარგა ხანს გაგვიგრძელდებაო დამშვიდობება.

ეს მებაჟე ჩვენს ფეხბურთელებს, ალბათ, არ გადაეყრებოდა, რადგან საქართველოს საფეხბურთო დელეგაციას ინგლისელი კოლეგები დახვდნენ და, თუ არ ვცდები, რაღაც სხვა გზას სწიეს. მე და სარბიელის დარბაისელი მესვეტე კი ჩვეულებრივ, სამოქალაქო წესების დაცვით მოვხვდით ქალაქში, სადაც ჩემი პირველი შთაბეჭდილებით, ინგლისელი ყოველ ათ კაცში დიდი-დიდი სამია.

ხოლო მანამდე, თბილისი-სტამბოლი-ლონდონის რეისით ჩვენ და ნაკრებმა ერთად ვიმგზავრეთ.

სარედაქციო დავალებას, ჩვენების მგზავრობა აღწერეო, რაღა დაგიმალოთ და, იმთავითვე ოდნავი ეჭვით შევხვდი. ცხადია, ქართველ გულშემატკივრებს თავიანთი გუნდის ყოფის ყოველი წვრილმანი აინტერესებთ, მაგრამ მგზავრობა ცოტა უცნაური საწერია. თავად წარმოიდგინეთ, რა უნდა ექნათ დილის ექვსის ნახევარზე თბილისის აეროპორტში მისულ ბიჭებს დაახლოებით ხუთსაათიანი ფრენისას? ცხადია, მეტწილად ეძნათ. ისინი ჩვეულებრივი მგზავრები გახლდნენ, რომელთაც ვერც შეატყობდი, რომ უემბლიზე უმნიშვნელოვანეს თამაშზე მიემგზავრებოდნენ. მე, ბუნებრივია, მათი განწყობილების „ჩავლებას“ ვცდილობდი და მაინც, იქნებ ამა თუ იმ ფრაზასა თუ გამომეტყველებაში რაიმე შემენიშნა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. იქნებ, სწორედ ესაა კარგის მანიშნებელი, თორემ დამფრთხალ ხალხს, ალბათ, კოჭებში ეტყობა.

მაინც რა იყო განსაკუთრებული? რა და, შოთამ სტამბოლ-ლონდონის აერობუსში ვიღაც შეუძლოდ გამხდარი შენიშნა და დატრიალდა, სტიუარდებსა და სტიუარდესებს აჯობა ყურადღებაში, საქართველოს ნაკრების ექიმს დიმა ზაალიშვილს დაუძახა და ფერწასული მოაბრუნებინა.

კიდევ ის, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე თავიდანვე ბიჭებთან იყო, თბილისიდან ლონდონს სხვებსავით, ჩვეულებრივად ჩაფრინდა და ამგვარად, თბილისში დარხეული ხმები ნაკრები უკაპიტნოდააო, სიმართლეს არ შეეფერება.

თემურ ქეცბაია ჰითროუში დახვდა თანაგუნდელებს, აი, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელები კი გაწბილებულები ჩანდნენ: თურმე დონეცკის შახტიორის თავდამსხმელს მიხეილ ფოცხვერიას რატომღაც დონეცკ-თბილისის ბილეთი ჩაუბარებია, ახალი კი ვერ უშოვია, თუ რა იყო, საბოლოოდ შინ დარჩენილა.

სხვა თითქმის არაფერი, ამჯერად ნამგზავრზე რისი მოყოლაც შეიძლება, ესაა. დანარჩენი შემდეგ იყოს.

ჰო მართლა: ჰითროუში შევიტყვეთ, უემბლიზე 250 ქართველი იქნებაო“.

რაც შეეხება მიხეილ ფოცხვერიას: ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მეუღლე გაუხდა შეუძლოდ და ამიტომ აღარ ჩამოვიდა თბილისში. ის მაინც შეუერთდა გუნდს – ოჯახური პრობლემა რომ მოაგვარა, საკუთარი ხარჯით ეწვია ლონდონს და ვლადიმერ გუცაევის ნაკრებს თამაშამდე ერთი დღით ადრე შეუერთდა. იმ დროს ხშირად წერდნენ, რომ შახტიორის ქართველ შემტევს მოსკოვის ცსკა და ტორპედო აკვირდებოდა…

„შეიძლება თუ არა, რომ მეხი ორჯერ ერთსა და იმავე ადგილზე, უემბლიზე დაეცეს? თუ ცრურწმენას ავყევით, სასიკეთოს ვერაფერს დავინახავთ – ყველაფერი ისევე ხდება, როგორც იტალიასთან წაგებული მატჩის წინ: საქართველოს, იტალიასავით ახალი მწვრთნელი ჰყავს; დავით ყიფიანმაც, ჩეზარე მალდინივით, ჩვენამდე ერთი ამხანაგური თამაშის ჩატარება მოასწრო და მანაც მოიგო, ოღონდ გამანადგურებელი ანგარიშით – 7:0 დაამარცხა სომხეთი. მანამდე საქართველოს ნაკრებმა შვიდი თამაში წააგო ზედიზედ, ამიტომ ჩივაძის წასვლა გასაკვირი სულაც არ იყო…

ყიფიანი გამორჩეული ფიგურა გახლდათ თბილისის დინამოს გუნდში, თავის დროზე თასების თასს რომ ფლობდა. ის ამბობს – ოპტიმისტი არ ვარ, რეალისტი ვარ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია…

ინგლისელები კარგად იცნობენ ქინქლაძეს. მომავალ სეზონში ისინი თემურ ქეცბაიასაც გაიცნობენ, ზაფხულიდან ნიუკასლ იუნაიტედს რომ შეუერთდება.

ქართველთა მესამე შემტევი ძალაა შოთა არველაძე, რომელმაც სომხებთან თამაშისას გვაგრძნობინა, თუ რა უნდა უემბლიზე…

ახლა პრესაში ტრადიციული ბჭობაა – ყველა მატჩი ძნელია, ბურთი მრგვალია და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი ერთია: ეს თამაში უნდა მოვიგოთ. მართალია, ჩვენ კარგად ვიცით, რეალურად რა ძალუძთ ქინქლაძესა და კომპანიას, მაგრამ ოთხშაბათის ინგლისის ნაკრების არტილერია უფრო ძლიერი იქნება – შირერი და შერინგემი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად შეწყვილდებიან. ისე, მთავარია უკანმოუხედავად არ შევუტიოთ – ერთი გოლი და სამი ქულა სავსებით საკმარისია“.

ეს რამდენიმე აბზაცი გაზეთ თაიმსში გამოქვეყნებული წერილიდანაა თარგმნილი. ზურაბ მეძველიამ და სარბიელის ლონდონელმა კორესპონდენტმა დავით მჭედლიშვილმა ინგლისური პრესის მიმოხილვა 29 აპრილის ნომერში შემოგვთავაზეს.

თბილისში მეორე გოლის ავტორმა ლეს ფერდინანდმა სანდი მირორთან ინტერვიუში თქვა:

„კარგად ვიცი ქართველების ძალა, ვიცი, რა შეუძლია გიორგი ქინქლაძეს. თანაც, ამჯერად მოედანი, თბილისურისგან განსხვავებით, საუკეთესო იქნება, რაც ქართველებს თავისი თამაშის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. მიუხედავად ამისა, ჩვენები პერსონალურად არავის აიყვანენ და ალბათ, ისევ ბეტისა და ინსის წყალობით ვეცდებით ნახევარდაცვაში ვითარების გაკონტროლებას. ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს, ბოლო-ბოლო, იტალიამაც მხოლოდ ერთი ბურთით მოუგო საქართველოს. მთავარია სამი ქულა“.

დეილი მეილში გიორგი ქინქლაძესთან დევიდ უოქერის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნდა, გვერდების უმეტესობა კი მასპინძელთა მზადებას დაეთმო. სწორედ ამ გამოცემიდან შევიტყვეთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს გლენ ჰოდლისთვის 21 წლის დევიდ ბექემის დასვენება უთხოვია, დაღლილია და საქართველოსთან მატჩისთვის, იქნებ, არ გამოიძახოო.

ჰოდლს ასეთი პასუხი გაუცია: „თუ დევიდის ნაკრების დონის ფეხბურთელად გაზრდა გვინდა, ყველა შეხვედრაში უნდა ვათამაშოთ, თორემ ჩემსავით მოუვა, მისი ხნისა რომ ვიყავი და სამ მატჩში ერთხელ მათამაშებდნენ, რის გამოც ყოველი მომდევნო შეხვედრა დებიუტივით მქონდა“.

იქვე ისიც ეწერა, რომ ტრავმების გამო უემბლიზე მეკარე იან უოქერის, გამოცდილი მცველის სტიუარტ პირსის, ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის, ლივერპულელი სტივ მაკმანამანის და მისი თანაკლუბელის, შემტევი რობი ფაულერის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა.

დეილი მეილმა თამაშის სხვადასხვა ფსონიც შესთავაზა მკითხველს. ინგლისელთაგან გოლის გატანის ნომერ პირველ კანდიდატად ალან შირერი მიიჩნიეს და კოეფიციენტად 3,25 დაადგინეს, ქართველთაგან კი ყველაზე დაბალი ფსონი (შესაბამისად, მთავარი მეგოლე) ქეცბაიას დაუწერეს – 12.

რაც შეეხება ანგარიშებს, საინტერესო ის იყო, რომ საქართველოს ნაკრების 2:0 გამარჯვება და მასპინძელთა 9:0 ტრიუმფი ერთნაირი კოეფიციენტით შეფასდა – 81…

I ნაწილის დასასრული

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 24 ნოემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი

ka_GEGeorgian