ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #33: ინგლისი 2:0 საქართველო (II)
29 აპრილს, ლონდონში, ჩარლტონ ატლეტიკის მშვენიერ სარბიელზე ახალგაზრდულ ნაკრებთა თამაში გაიმართა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა მეკარე დავით გვარამაძის თავგანწირული თამაშის და გუნდური თავდადების წყალობით, ვლადიმერ გუცაევის ბიჭებმა ევრო 1998-ის შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვეს – 0:0. სხვათა შორის, ეს იყო ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების პირველი ქულა წინა საკვალიფიკაციოს სტარტზე სტარტზე, თბილისში მოლდოვასთან 3:0 მოგებული თამაშის შემდეგ.
მამუკა კვარაცხელიამ ლონდონურ რეპორტაჟში აღნიშნა (სარბიელი; 1997 წლის 1 მაისი):
„პირველი ტაიმი, რომ არ გცოდნოდა ვინ თამაშობდნენ, ინგლისის პრემიერლიგის მატჩი გეგონებოდა: სისწრაფე, ათლეტური ბრძოლები, ხისტი თამაში…
უნდა ითქვას, ჩვენებმა პირველ ტაიმში ტოლი არ დაუდეს მასპინძლებს, მეტიც, ზოგჯერ სჯობდნენ კიდეც. წინ მიხეილ ფოცხვერია და ალექსანდრე იაშვილი სწრაფი გადაადგილებით იკლებდნენ მცველებს, ამათ უკან მოთამაშე აუგსბურგელი მიხეილ საჯაია ბურთს იჭერდა და გარღვევაზე გაჰყავდა ჩვენი ნახევარმცველები, დაცვაში კი ჩინებულად მოქმედებდა ლევან სილაგაძე – მგონი, ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ისე ხისტად თამაშობდა, თითქოს ფეხბურთი რუსთავში კი არა, ლონდონის გარეუბანში ესწავლოს…
თამაშის მიწურულს ინგლისელთა უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ იჩინა თავი და მთავარი იყო გაგვეძლო. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ჩვენები გასავათებულები იყვნენ, ინგლისელებს კი, რომ შევხედე, კიდევ ერთ მატჩს ითამაშებდნენ“.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა, კითხვას, ეს თქვენი ბიჭების მაქსიმუმი იყო თუ მეტიც შეგიძლიათო, ასე უპასუხა: „ჩვენ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი გვაკლდა: გოგა გახოკიძე დავით ყიფიანმა მიიწვია ეროვნულ ნაკრებში, ვახტანგ იაგორაშვილს ტრავმა გაუმიზეზდა, კახი კალაძე და გიორგი დემეტრაძე კი დისკვალიფიცირებულნი არიან… მოკლედ, მომავალში მოგებებზე უნდა ვიფიქროთ“.
იმავე დღეს ეროვნულმა ნაკრებმა უკანასკნელად ივარჯიშა სასტუმროდან ოცი კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბორემის სტადიონზე, რომელიც ბორემ ვუდ ფუტბოლ ქლაბს ეკუთვნოდა. ბორემ ვუდი ინგლისის მეოთხე დივიზიონიდან ორი დონით დაბალ ლიგაში თამაშობდა, მოყვარულთა შორის, ქალაქი კი იმით იყო პოპულარული, რომ იქ ზედიზედ მეჩვიდმეტე წლის განმავლობაშ იღებდნენ სერიალ ისტენდერზს. საქართველოს ეროვნული ნაკრების სტუმრობის დღეებში იქვე მუშაობდა სუპერპოპულარული „ვარსკვლავური ომების“ გადამღები ჯგუფი – მეოთხე სერიის ეპიზოდებს იღებდნენ…
„ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის პირველი ათი-თხუთმეტი წუთი იქნება, აუცილებლად უნდა გავძლოთ“, – ასეთი იყო ყიფიანის უკანასკნელი კომენტარი უემბლიზე თამაშის წინ. ბორემში გამართულ ვარჯიშს, ქართველი და ინგლისელი ჟურნალისტების გარდა, არაერთი თურქი და რუსი კორესპონდენტიც დაესწრო. რუსები ტელეკომპანია ნტვ-ს გამოეგზავნა, სპეციალურ გადაცემას ამზადებდნენ ჩვენ გუნდზე, თურქები კი ტრაბზონიდან იყვნენ და ტრაბზონსფორში მოთამაშე ქართველებზე მუშაობდნენ…
ამასობაში კი მასპინძლებმა უემბლიზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს: მატჩამდე 48 საათით ადრე სტადიონის ტერიტორიაზე შესვლის მსურველთათვის საგანგებო კონტროლი დაწესდა, უემბლის მისადგომებს ცხენოსანი პოლიციის გაძლიერებული რაზმები და სპეციალურად გაწვრთნილი ნაგაზები იცავდნენ. ითქვა ისიც, რომ თამაშის ყველა დამსწრე საგანგებოდ გაიჩხრიკებოდა.
ეს ყველაფერი იმის გამო არ გაკეთდა, რომ ინგლისელები ქართველებისგან განსაკუთრებულ საფრთხეს ელოდნენ. საქმე ისაა, რომ თამაშის მეორე დღეს, 1 მაისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნები იყო დანიშნული და რადგან ირლანდიის რესპუბლიკური პარტიისგან ტერორისტული აქტი სულაც არ იყო გამორიცხული, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ნაბიჯებს დგამდნენ. ბარემ აქვე დავწერ: გამარჯვებისთვის ლეიბორისტი ტონი ბლერი და კონსერვატორი ჯონ მეიჯორი იბრძოდნენ.
30 აპრილს, თამაშის დღეს, ლამის ყველა გაზეთის პირველ გვერდს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთა ფოტოები ამშვენებდა, მხოლოდ დეილი მირორმა გამოჭიმა ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცი წარწერით: ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰოდლს!
რაც შეეხება ივნინგ სტანდარტს, ამ გამოცემამ ასე დაასათაურა წინასამატჩო წერილი: „იყიდება საქართველო“. იქ ეწერა, რომ მატჩს პრემიერლიგის არაერთი კლუბის ხელმძღვანელები დაესწრებოდნენ, რათა საქმეში ეხილათ ქართველი ფეხბურთელები.
თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე საბოლოოდ გამოირიცხა კახი გოგიჩაიშვილის და ნუგზარ ლობჟანიძის თამაში – პირველი გორში, დილასთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო ვერ გავიდა უემბლიზე, ლობჟანიძეს კი მაღალი სიცხე მისცა.
სწორედ ამიტომ მოხვდა დაცვის ხუთეულში ბათუმელი გელა შეყილაძე, რომელმაც უემბლიზე მხოლოდ მეორედ ითამაშა ეროვნული გუნდის მაისურით. ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით გელა ყველაზე გამოუცდელი გახლდათ კიდევ ერთ მცველთან, თბილისის დინამოელ მამუკა მაჭავარიანთან ერთად, რომელმაც იმ დღეს მესამედ ითამაშა ნაკრებში. შეყილაძე დაცვის ცენტრში შელიას შეუწყვილდა, მაჭავარიანმა და გიორგი ჩიხრაძემ ფლანგები გაამაგრეს, ცენტრალური მცველების უკან კი გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე დადგა.
რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ შორის ყველაზე გამოუცდელები მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავი, 21 წლის დევიდ ბექემი და ტოტენჰემ ჰოთსფურის 22 წლის ცენტრალური მცველი სოლ კემპბელი იყვნენ, ქართველებთან მატჩი ორივესთვის მეხუთე სანაკრებო შეხვედრა იყო.
„შოუ… ეს საქმე ინგლისელებს ეხერხებათო რომ ვთქვა, მკრეხელობა იქნება. ეს საქმე ამ ქვეყანაში ვირტუოზულად იციან. უბრალო, ჩვეულებრივი დისკოთეკა ისეა მომზადებული, იქ შესულმა ადამიანმა (თუ აჰყვა), ექსტაზისგან, შესაძლოა, კივილი მორთოს და დიდი, ძვირფასი შოუ რაღა იქნება?
შოუზე იმიტომ ჩამოვაგდე სიტყვა, რომ ის, რაც ინგლის-საქართველოს მატჩზე მსაჯის სასტარტო სასტვენამდე ხდებოდა, მეტი არაფერი იყო, თუ არა შოუ, თავისი შოუმენით, რომელიც დამსწრე საზოგადოებას თანდათან ახურებს.
თამაშამდე საათი და ათი წუთია. საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მოთელვამდე მინდვრის გასატკეპნად არიან მოედანზე გასული. თითოდ თუ ორ-ორად ინგლისელი ფეხბურთელებიც საამისოდ გამოდიან გასახდელიდან. დინამიკებში შემხურებელი მუსიკა გუგუნებს. შოუმენიც მოედანზეა, მიკროფონით ხელში.
ვინ მოიგებს, ინგლისი თუ საქართველო? მოედნიდან ფეხბურთელებმა რატომღაც ცისკენ დაიწყეს ცქერა. ჯერ ვერ ვხვდები რა ხდება. ინგლისი თუ საქართველო – ჯიუტად იმეორებს შოუმენი და უკვე ტრიბუნებს შორის პარაშუტისტი ეშვება, თეთრი ჯემპრი აცვია, ცდილობს მოედნის ცენტრში დაჯდეს – ვერა, უფრო საჯარიმოსკენ ეშვება. მეორე პარაშუტისტი შინდისფერშია გამოწყობილი, ესეც ცენტრს უმიზნებს – ცოტათი გაცდა. შემდეგი ისევ თეთრია… შოუმენი გაილექსა, ტრიბუნებზე ხალხი ახმაურდა…
ამასობაში ფეხბურთელები მეორედ, ახლა უკვე მოთელვაზე გამოდიან. ქართველები ჩვეულებისამებრ გუნდურად მორბიან, მოედნის ცენტრში გროვდებიან, ხალხს ტაშით ესალმებიან, მათგანაც ტაში…
უკაცრავად, ამ დროს გვირაბიდან რამდენიმე ინგლისელი გამოდის და სტადიონზე ემოციის ვულკანი ხეთქავს. დინამიკებში უპოპულარულესი საფეხბურთო სიმღერა It’s Coming Home ისმის! ფეხბურთი შინ ბრუნდება – ეს ჰიტი გასულ ზაფხულს, ევრო 96-თვის შეიქმნა, ტრიბუნებზე ხალხი დროშებმა დაფარა…
ინგლისელი ფეხბურთელები, თითქმის ყველანი, მოედანზე არიან. აქეთ ჩვენები ხურდებიან, იქით ისინი და ამ დროს ნელი ნაბიჯით გვირაბიდან დევიდ სიმენი გამოდის. ქალბატონებო და ბატონებო, მისტერ დევიდ სიმენი! – შოუმენის აღფრთოვანებულ შეძახილს სტადიონის ენითაუწერელი აფეთქება მოსდევს – ულვაშა, ბაკენბარდებიანი მეკარე კლასიკური ინგლისელია. ის ჯენტლმენია, მას მისტერად იხსენიებენ და რამდენიმე წელიწადში, ალბათ, სერ დევიდ სიმენსაც უწოდებენ…
მოთელვა დამთავრდა. ფეხბურთელები ისევ გასახდელში ბრუნებიან. ახლაა მთავარი, მოედანზე მესამე გამოსვლა. სტადიონი დასაქცევად ემზადება. პრესლოჟის მონიტორებში აჩვენებენ მსაჯებს და მათ უკან ჩამწკრივებულ გუნდებს. ნეტავ ვცდებოდე – ჩვენებს უფრო დაძაბული გამომეტყველება შევნიშნე, თუმცა ლაღად არც ინგლისელები არიან…
აი, მოდიან. მზერა მონიტორიდან გამოსასვლელისკენ გადამაქვს, სტადიონი იქცევა, We Will Rock You – გუგუნებს დინამიკებში ფრედი მერკურის სიმღერა.
ჰიმნები. თუკი ოდესმე ნაკრების საგარეო თამაშზე ვყოფილვარ, ამ მომენტისთვის ყოველთვის საგანგებო ყურადღება მიმიქცევია. მახსოვს, ბულგარელებმა საქართველოს ჰიმნს უსტვინეს – ჩახშობას ლამობდნენ; იტალიელები მტრულად არ იყვნენ განწყობილნი, თავისას მღეროდნენ რაღაცას…
აქ ხალხი გაჩუმდა. „დიდება“ პატივით ისმინა და ტაშიც დაუკრა. სხვათა შორის, ლონდონელმა ქართველებმა, უემბლიზე ხშირად რომ ყოფილან, გაოცებით მითხრეს, ასეთი რამ ჩვენც არ გვინახავს, როგორც წესი, მეტოქის ჰიმნისას ესენიც რაღაც თავისას მღერიანო. ვერ გეტყვით რა მოხდა“, – ეს რამდენიმე აბზაცი ილია ბაბუნაშვილის ვრცელი ჩანახატიდანაა. „გრძნობათა იმპერია – უემბლის კორიდა“ სარბიელის 1997 წლის 3 მაისის ნომერში გამოქვეყნდა და მთლიანად ლონდონურ თამაშს, მატჩისწინა და შემდგომ ამბებს დაეთმო.
არანაკლებ საინტერესო იყო სპორტ-რეზონანსის კორესპონდენტების სოლომონ გულისაშვილისა და ირაკლი გამყრელიძის რეპორტაჟები, რომელიც 6 მაისის ნომერში გამოქვეყნდა.
სოლომონ გულისაშვილი წერდა: „მე და ჩემი კოლეგა უემბლიზე სამი საათით ადრე მივედით. ამ დროს იქაურ გულშემატკივართა მთავარი არმია ჯერ კიდევ პაბებში იჯდა, ლუდს წრუპავდა და მომავალი თამაშის შესახებ მსჯელობდა. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, უკვე სტადიონისკენ რომ დაძრულიყვნენ და ნაირფრად მოხატულნი, მაისურებითა და დროშებით მეტროში თავისი ეროვნული გუნდის საგალობლებს მღეროდნენ.
სტადიონის მისადგომებთან, რომელსაც ზოგადად უემბლი პარკს უწოდებენ, უამრავი ხალხი ირეოდა. იქ იყვნენ უკვე ლუდნაყლაპი ფანები, თინეიჯერთა მთელი არმია და, უბრალოდ, გულშემატკივრები, რომლებიც მთელი ოჯახით წამოსულიყვნენ თამაშის სანახავად.
იქვე, კედელზე, დიდი ნაჭრის პლაკატი იყო აკრული წარწერით: „ღმერთი შვიდ დღეს ქმნიდა სამყაროს, მერვე დღეს კი შირერი შექმნა“. ალან შირერი იქაურთა ნამდვილი კერპია, ფანები გულისფანცქალით ელოდნენ ტრავმის შემდეგ ნაკრებში მის გამოჩენას და უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა სტადიონზე, როცა დიქტორმა შემადგენლობაში მისი გვარი გამოაცხადა“…
საქართველოს დროით 23:45 საათზე ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ლონდონიდან შეპირებული ტელერეპორტაჟი დაიწყო და გოგი ქავთარაძისა და გიგა ბოკერიას კომენტარებით ქართველმა გულშემატკივრებმა ჩვენი გუნდის თამაში იხილა.
ზურაბ მეძველია მატჩის მიმოხილვაში წერდა (სარბიელი, #49, 1997 წლის 1 მაისი):
„თამაში ურთიერთდაზვერვით კი დაიწყო, მაგრამ ინგლისელებმა სწრაფადვე გვიჩხვლიტეს. ქართველთა ნახევარზე ბექემმა ქეცბაიას და ქინქლაძის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და კარის გასწვრივ ჩააწოდა, მაგრამ ბურთი და შერინგემი ერთმანეთს ასცდნენ.
მეათე წუთზე ქართველებმა შეუქანეს გული მასპინძლებს. ქინქლაძემ მინდვრის სიღრმიდან ქეცბაიას მიაწოდა, ამან შოთას, მის დარტყმულს კი, კემპბელის ფეხიდან რომ ასხლტა, ნემსაძე არ ელოდა და არც არაფერი გამოუვიდა.
ინგლისელებმა საკადრისი წინააღმდეგობა რომ იგრძნეს, მეტი მონდომებით შეუტიეს და ინსის ჩაწოდებაზე შერინგემისთვის შეყილაძეს რომ არ შეეშალა ხელი, ადრევე იხეირებდნენ.“
დავით ყიფიანი ყველაზე ძალიან საწყის თხუთმეტ წუთს უფრთხოდა, თუმცა გუნდმა გაძლო, რამდენჯერმე თავადაც შეუტია მასპინძელთა კარს და ნახევარ საათში, ერთი შეხედვით თანაბრად ეთამაშა ინგლისს. სამწუხაროდ, ოცდამეათე წუთიდან გლენ ჰოდლის გუნდი საბოლოოდ დაეუფლა ინიციატივას.
32-ე წუთზე ყიფიანმა იძულებითი ნაბიჯი გადადგა: დევიდ ბექემმა მამუკა მაჭავარიანს ფეხში ჩაარტყა, დინამოელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მთავარმა მწვრთნელმაც ხუთკაციანი დაცვა ერთ ხაზზე გადააწყო – მაჭავარიანი გოჩა გოგრიჭიანით შეცვალა, შეყილაძემ მარცხენა ფლანგზე მამუკას ადგილი დაიჭირა, ცხადაძე კი ცენტრში შელიას შეუწყვილდა.
„საჯარიმოდან გამოტანილი ბურთისთვის ვიბრძოდი, ბურთიც თითქმის ჩემი იყო, უკნიდან რომ ჩამარტყა ბექემმა. მაინც და მაინც ის მუხლი დამიზიანდა, ადრე რომ მტკიოდა. ტრავმის მიღებისთანავე სტადიონის მედპუნქტში გამაქანეს. ექიმები რომ ყველაფერს მორჩნენ, თამაშის დამთავრებას ორი წუთი აკლდა. მატჩის ჩანაწერი მოგვიანებით ვნახე“… – თქვა მამუკამ თბილისში დაბრუნების შემდეგ.
იმის გამო, რომ არბიტრმა ბექემი არ გააფრთხილა, ინგლისელებმა უხეშობას უმატეს, თუმცა ფრანგმა მსაჯმა რემი არელმა გრემ ლე სოს მომდევნო ეპიზოდში არაფერი აპატია და ყვითელი აუფრიალა, მალე ასევე დასაჯა გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძეს კი მხოლოდ იმიტომ უჩვენა ბარათი, რომ მან მასპინძელთა უხეში თამაშის გამო შესჩივლა.
„ინგლის-საქართველოს შესარჩევი მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათი იქნებოდა გასული, მე კი რატომღაც ვიფიქრე, რომ ჰოდლის გუნდს ამ თამაშის მოგება გაუჭირდებოდა.
ინგლისელები უტევდნენ, ჩვენები იჩხვლიტებოდნენ… მე მომწონდა საქართველოს ნაკრები. არ ვიცი როგორ ჩანდა აქ ტელევიზორში, მაგრამ იქ ერთი ჩვეულებრივი თამაში იყო. მასპინძლებს, ისევე როგორც იტალიასთან, აკლდათ ნაპერწკალი – ღიპდადებული გაზა.
თამაშის წინ არავინ მალავდა, რომ ჰოდლს უკანდასახევი გზა არ ჰქონდა, სამი ქულის გარეშე მას კატასტროფა ელოდა. ვესტ ჰემ იუნაიტედის მწვრთნელი ჰარი რედნაპი პირდაპირ აცხადებდა სანდი სპორტში, ინგლისი საქართველოს მოუგებს, რადგან არმოგების შანსი ნულს უდრისო. ტერი ვენეიბლზიც ამბობდა, საქართველო იმ ყაიდის გუნდია, ორ წელიწადში ერთხელ რომ ახდენს სასწაულს, მაგრამ არა მგონია ამგვარი რამ საოთხშაბათოდ ჰქონდეთ დაგეგმილიო.
ინგლისის ნაკრებს ერთი თვისება აქვს: ფეხბურთელთა უარყოფითი ემოციები მათ თამაშს მეტად პრიმიტიულს ხდის ხოლმე. სწრაფი გოლი არ შედგა, თბილისური ვარიანტი არ გათამაშდა და ინგლისელებიც აღელდნენ“, – წერს ირაკლი გამყრელიძე ჩანახატში „უემბლის სურათები“ (სპორტ-რეზონანსი; #17, 1997 წლის 6 მაისი).
მე-40 წუთზე არბიტრი მეორე ინგლისელს აფრთხილებს: მექსიკასთან ამხანაგური თამაშის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული რობერტ ლი შელიასთან ორთაბრძოლისას სიმულანტობს და სამართლიანად იღებს ყვითელ ბარათს.
ამის შემდეგ მასპინძლებმა ზედიზედ შექმნეს ორი სახიფათო მომენტი – ლე სოს დარტყმა ხარიხამ აისხლიტა, ინსის მაკრატელა კი კარს აცდა. აშარაა, ინგლისელებს შესვენებამდე სურთ დაწინაურება და სამწუხაროდ, საწადელს აღწევენ კიდეც: ალან შირერმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, მურთაზ შელიას ტედი შერინგემმა დაასწრო და თავურით გახსნა ანგარიში – 1:0.
ეს ბურთი რაღაცით ჰგავდა ფაბრიციო რავანელის გოლს, რომელიც იტალიელმა საქართველოს ნაკრებს პერუჯაში გაუტანა. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ირაკლი ზოიძე ამჯერად აღარ გამოვიდა კარიდან, თუმცა ხაზზე დარჩენილმაც ვერ იხსნა გუნდი.
პირველი ტაიმის მიწურულს მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო გიორგი ქინქლაძემ. ექიმებმა მინდვრიდან გასვლა ურჩიეს, თუმცა მან ტაიმი მაინც ჩაამთავრა. დავით ყიფიანი გოგა გახოკიძით აპირებდა მის შეცვლას, ამ უკანასკნელმა შესვენებაზე გახურებაც დაიწყო, თუმცა ქინქლაძემ თამაში გარისკა, ტაიმიც დაიწყო, მაგრამ 62-ე წუთზე მაინც შესაცვლელი გახდა.
„მან მარჯვენა ფეხის კუნთი იტკინა და ამიტომ შევცვალე. სერიოზული არაფერია, უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ტრავმის გამო ასეთ მნიშვნელოვან თამაშში მეშვიდე ფეხბურთელი დავკარგეთ“, – ასე უპასუხა ყიფიანმა იმ ჟურნალისტს, რომელიც თამაშის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ქინქლაძის გამოცვლის მიზეზზე შეეკითხა.
ირაკლი გამყრელიძე სპორტ-რეზონანსში დასტამბულ ზემოხსენებულ ჩანახატში წერს:
„თამაშის დღეს მეგაზეთემ სანდი სპორტი გადმოაბრუნა და უკანა გვერდზე უშველებელი ფოტო დამანახა: აი, შენიანი, დალგლიში ყიდულობს!
ქინქლაძე ტაბლოიდების გმირი იყო: ჯიბის გენიოსი… პატარა ქართველი… კაცი, რომელიც ინგლისის დანგრევას აპირებს… ნიუკასლის ჩემპიონობის პირობა…
მე მგონია, რომ მეორე ტაიმში თუ საქართველომ დაკარგა მოწინააღმდეგის ნახევარზე საქმის გართულების უნარი და საშუალება, ამაში ქინქლაძის არყოფნამაც ითამაშა გადამწყვეტი როლი.
თემურ ქეცბაია წლის საუკეთესო ფეხბურთელია – თამაშის გარდა, ამას ტრანსფერიც ადასტურებს, მაგრამ ინგლისელებზე სხვაგვარად მოქმედებს ქინქლაძის სახელი. პირველ ტაიმში იყო ერთი კომიკური მომენტი, როცა ქინქლაძე მარცხენა ინსაიდის ალაგას იდგა და ბურთი ფეხზე ჰქონდა მიკრული. სამი ინგლისელი, ამათ შორის ინსი, გაქვავებული ელოდა მის მოძრაობას და იგრძნობოდა მსუბუქი პანიკა. ეს ეპიზოდი სულ სამ-ოთხ წამს გრძელდებოდა და თუ ვინმე მოელოდა, რომ ქინქი შევიდოდა შვიდ კაცში, ბურთს თავზე გადაუგდებდა სიმენს და ინგლისელებს ლაფში ამოსვრიდა, მე ამას არ ველოდი.
ქინქლაძემ საუცხოო ავანსები მიიღო ინგლისური მედიისგან. მეორე მწვრთნელმა გორმენმა ისიც თქვა, მინდა ქინქიმ ყველაზე ცუდად ითამაშოსო…
მაგრამ ერთია, როცა ეთამაშები ქოვენთრის, რიდინგსა და ვესტ ბრომვიჩს და მეორე, როცა ინგლისელთა და იტალიელთა ნაკრებებს.
რატომღაც ჰგონიათ, რომ მან სასწაული უნდა მოახდინოს. რატომღაც მისი ლამაზი გოლები პრემიერლიგასა და პირველ დივიზიონში წარმოშობს აზრს, რომ ამ კაცს ყველაფერი შეუძლია. ქინქლაძეს ადიდებენ და შემდეგ ლანძღავენ და დასცინიან.
მას ბევრი რამ შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ მას ისეთი რაღაცები გაუკეთებია მინდორზე, რაც არ გაუკეთებია დღეს მოთამაშე არც ერთ ქართველ ფეხბურთელს.
მეორე ტაიმი რომ იწყებოდა, ქინქლაძე უკვე შეცვლილი იყო. ის მაინც გავიდა მინდორზე და სცადა ეთამაშა. მან ყოველ ჩვენგანზე კარგად იცოდა, რომ მისი კარიერისთვის ეს გარდამტეხი თამაში უნდა ყოფილიყო. ამას რომ თავი დავანებოთ, ნაკრები აგებდა.
ქინქის დღეს არ შედგა.
ჩემი თვალით დავინახე, ქინქლაძის მოედნიდან გასვლის შემდეგ, ზუსტად ორ წუთში, როგორ წამოდგნენ ნიუკასლ იუნაიტედის თავკაცები დალგლიში და მაკდერმოტი და გასასვლელში გაუჩინარდნენ. ისინი აღარ დაბრუნებულან, მათთვის თამაში საინტერესო არ იყო, რადგან ვინც აინტერესებდათ, ის აღარ თამაშობდა.
შვიდი მილიონი გირვანქა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში ფანტასტიკური თანხაა. მაგრამ ინგლისურ პრესას უყვარს მოვლენათა გაბუქვა, ინგლისური კლუბი კი ის ადგილი არ არის, კვირაში ოცი ათასი გაზეთის დაძახილზე გადაგიხადოს“.
ქინქლაძის გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო გაუჭირდა ინგლისელთა ნახევარზე გაჩერება, 68-ე წუთზე კი მეორე გოლს გადაურჩა: შირერის მეორე სახიფათო ჩაწოდებას შერინგემი ვერ შეწვდა.
76-ე წუთზე ყიფიანმა გოგრიჭიანი არჩილ არველაძით შეცვალა. მაჭავარიანის ნაცვლად თამაშში ჩართულმა გოჩამ მოლოდინი ვერ გაამართლა, შეცვლის გამო კი გაღიზიანდა, უწმაწური რეპლიკა ესროლა მწვრთნელს და…
„ჩათვალეთ, რომ მან ამით დაასრულა კარიერა საქართველოს ნაკრებში, რადგან უკმაყოფილება გამოთქვა. არადა, რობერტო ბაჯოს ცვლიდნენ და არ ათამაშებდნენ, როცა საჭირო იყო“, – ასეთი იყო დავით ყიფიანის კომენტარი.
თამაშის მიწურულს სტუმრებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს: მურთაზ შელიას მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ინგლისელთა კარს მხოლოდ იმიტომ ასცდა, რომ მცველს მოხვდა და მიმართულება იცვალა, კახი ცხადაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ კი ბურთი სიმენის კარის ხარიხას გაეხახუნა.
89-ე წუთზე ზოიძემ კაპიტნის დაგორებული ბურთი ხელში აიღო და მსაჯმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა. ერთი შეხედვით ქართველები სწორად დადგნენ ცოცხალ კედელში, მაგრამ შირერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფორვარდი იყო – ზუსტად განსაზღვრა მიმართულება და მეორე ბურთი შეაგდო – 2:0. ინგლისელთა კაპიტანმა იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ ხმა ტელერეპორტაჟის დროს ძალიან მკაფიოდ გავიგონე. ეს შირერის მეთოთხმეტე გოლი იყო ნაკრებში.
„პირველი ბურთი კარგი კომბინაციის შემდეგ გავიტანეთ, მეორე ტაიმის პირველი ოცი წუთის მანძილზე კი ძალიან ცუდად ვითამაშეთ…
რაც შეეხება მეორე გოლს, არ მომწონს ეს წესი, მაგრამ ფაქტია, საჯარიმო დარტყმა გვეკუთვნოდა…
საქართველოს ნაკრებზე იგივე აზრის დავრჩი, როგორისაც ამ ცოტა ხნის წინ ვიყავი: მას ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს, მეტად ტექნიკური ქინქლაძის, ქეცბაიას და ჯამარაულის სახით. მოკლედ, ამ გუნდის თამაშის ხილვა ნამდვილად ღირს“, – გლენ ჰოდლს ქართველების შესახებ დიდხანს არ უსაუბრია. ის ყიფიანის შემდეგ შეხვდა ჟურნალისტებს.
ჰოდლის ტყვიამფრქვევები – ასე დაასათაურა გაზეთმა სანმა თამაშის მიმოხილვა, სადაც ჟურნალისტმა მარტინ სემუელმა აღნიშნა:
„გლენ ჰოდლი ფიქრობს, რომ ინგლისელთა თავდასხმაში არასდროს ყოფილა ისეთი დუეტი, როგორსაც ალან შირერი და ტედი შერინგემი ქმნიან. და ალბათ, ის მართალია. მწვრთნელი ფიქრობს, რომ ეს წყვილი გუნდს საფრანგეთში ჩაიყვანს.
მაჩვენებლები მართლაც შთამბეჭდავია. შერისა და შირას პარტნიორობამ სტატისტიკაშიც გვარიანი კვალი დატოვა. ინგლისის მაისურში ისინი ერთად ათჯერ გასულან მოედანზე და თავიანთი გოლებით ჯეფრი ჰერსტისა და როჯერ ჰანტის ლეგენდარულ წყვილს გადაუსწრეს.
ისინი შეუცვლელები იქნებიან დარჩენილ შესარჩევ თამაშებში. ათ შეხვედრაში ორივემ ერთად ცამეტი გოლი გაიტანა. რატომ უნდა შეცვალონ?
ჰოდლი იმედოვნებს, რომ ამ წყვილს ყველაფერი წინ აქვს. ის ამბობს: „ეს ბრწყინვალე ბალანსია. განსხვავება მათი თამაშის მანერაში იდეალურია მათი ერთობლიობისთვის. ტედი ძალიან თავისებური მოთამაშეა – მას საუცხოო გონება აქვს. ის იმგვარ ფეხბურთელებს განეკუთვნება, ვარჯიშებზე ნათქვამი რომ მოედანზე ახსოვთ. ერთმანეთს ორი ასე კარგად მორგებული კაცი ძნელი საპოვნელია, განსაკუთრებით საერთაშორისო ფეხბურთში“.
ჩვენი დელეგაცია – ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები, ჟურნალისტები, ოფიციალური პირები – თბილისში 3 მაისს, შუაღამით დაბრუნდა. არ ჩამოსულან ლეგიონერები, აეროპორტში მისული ჟურნალისტები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს გაესაუბრნენ.
იმ დროს უკვე ვიცოდით, რომ შოთა არველაძე ზაფხულში ტრაბზონსფორს აუცილებლად დატოვებდა და კარიერას ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ კლუბში გააგრძელებდა.
ავტობიოგრაფიაში „გუშინ“ შოთა უემბლიზე თამაშს ასე იხსენებს:
„ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, როდესაც სავსე უემბლიმ ერთ ხმაში ნაციონალური ჰიმნის შესრულება დაიწყო, ფეხები ამიკანკალდაო… ჩვენთვისაც საპატიო იყო ასეთ სტადიონზე თამაში. მალდინის სიტყვები კარგად მახსოვდა და ინგლისის ჰიმნის დაწყებას მოუთმენლად ველოდი, მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ამხელა ფეხბურთელის სიტყვები. გაგონილმა და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მაშინ ვინატრე, რაც იქ ხდებოდა, თბილისში, ჩვენი შესრულებით მენახა, ოღონდ ჩემი უშუალო მონაწილეობით. ისიც კი ვიფიქრე, აქ მათ, ალბათ, ვერასდროს ვერავინ დაამარცხებს-მეთქი. სასწაული სანახავია ერი, რომელიც ასე ამაყობს თავისი გუნდით, ყველას ერთად შეუძლია იმღეროს ჰიმნი და დიდი გამარჯვების მონაწილე გახდეს…
ინგლისელები თავიდანვე გვიტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხეს, რომელიც ტედი შერინგემმა გაგვიტანა…
ჩვენ ორი საგოლე მომენტის შექმნა მაინც მოვახერხეთ. ერთი გოჩა გოგრიჭიანმა ვერ გამოიყენა, შეეძლო ჩემთვის მოეცა პასი, მაგრამ კარიდან გამოსულ მეკარეს მოარტყა ბურთი. გიო ქინქლაძემ ერთხელ მაინც შეძლო ინგლისელი მცველების დაწიოკება, დაარტყა კდიეც, მაგრამ სიმენმა მოიგერია…
მატჩის ბოლოს ალან შირერმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და 0:2 დავმარცხდით. მაგრამ იქ არსებულმა ატმოსფერომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაგვიტოვა…
ინგლისში მთელი ჩემი ოჯახი იყო ჩამოსული. თამაშის შემდეგ გიოსთან ერთად ქალაქში დავსეირნობდით. ის ხომ ინგლისის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყო, მე კი ვაბრაზებდი, ლონდონში შოთა არველაძეს უფრო იცნობენ, ვიდრე გიო ქინქლაძეს-მეთქი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მე და გიო დავნიძლავდით – წაგებულს ვახშამი უნდა ეკისრა. საკმაოდ ბევრი ვიყავით და საინტერესო იქნებოდა, ვინ გადაიხდიდა ვახშმის ფულს ლონდონში.
ნიძლავის პირობა ასეთი იყო – ქუჩაში უნდა გავსულიყავით და ვისაც პირველს იცნობდნენ, ნიძლავსაც ის მოიგებდა. მართლაც, ქუჩაში გავედით და როგორც კი დიდი, შავულვაშიანი კაცი დავინახე, ეგრევე იმისკენ წავედი, თან თვალებში ვუყურებდი. გულმა მიგრძნო, რომ თურქი იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა – ლა მერაბა… შოთა… კარდეშ! – იყვირა ულვაშამ, – შოთას გაუმარჯოს, ჩვენ ძმასო და… ერთი სიტყვით, გიო ორ ათას ფუნტში გადავარდა…
ვენაცვალე თურქებს, ეგენი რომ არ მყავდნენ, რა მეშველებოდა“.
ეროვნულმა ნაკრებმა მომდევნო შეხვედრა 7 ივნისს ბათუმში გამართა – მოლდოვას 2:0 სძლია. თბილისის დინამოს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას მოწვევით, თამაშს ამსტერდამის აიაქსის მთავარი მწვრთნელი, ახლო წარსულში სახელოვანი დანიელი ფეხბურთელი მორტენ ოლსენიც დაესწრო. მისი ვიზიტის მიზანი ყველამ იცოდა – მწვრთნელი აიაქსის თავდასხმის გაძლიერებას შოთა არველაძეთი გეგმავდა…
30 აპრილი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. ინგლისი, ლონდონი, უემბლი. 71 208
ინგლისი 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 ტედი შერინგემი (43), 2:0 ალან შირერი (90)
ინგლისი: დევიდ სიმენი, გარი ნევილი, სოლ კემპბელი, პოლ ინსი (ჯეიმი რედნაპი 78), ტონი ადამსი (გარეთ საუთგეიტი 87), გრემ ლე სო, დევიდ ბეტი, დევიდ ბექემი, რობ ლი, ალან შირერი (კაპ), ტედი შერინგემი
მწვრთნელი: გლენ ჰოდლი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, გიორგი ჩიხრაძე, მურთაზ შელია, კახი ცხადაძე (კაპ), გელა შეყილაძე, მამუკა მაჭავარიანი (გოჩა გოგრიჭიანი 32, არჩილ არველაძე 76), გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე (გოგა გახოკიძე 62), შოთა არველაძე
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
გაფრთხილება: გრემ ლე სო, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე, რობ ლი, გოჩა გოგრიჭიანი, მურთაზ შელია
მსაჯები: რემი არელი; ჟაკ პოდევინი, ალან გურდე (საფრანგეთი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 25 ნოემბერი)
ფოტო: Reuters; გაზეთი სარბიელი; გაზეთი სპორტ-რეზონანსი; მატჩის ბილეთი; თამაშის ოფიციალური პროგრამა