ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #36: საქართველო 0:0 იტალია (II)

9 სექტემბერს, მატჩის წინა დღეს, დადასტურდა, რომ თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით ვერ გადაიცემოდა. მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ტრანსლაციის სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მოითხოვა, მაუწყებელს კი ეს თანხა არ აღმოაჩნდა.

თბილისელი გულშემატკივრების იმ ნაწილმა, რომლებმაც ბილეთში 10, 20 და 30 ლარი ვერ გადაიხადა, თუმცა სხვადასხვა საკაბელო ტელევიზიების მომსახურებით სარგებლობდა, თამაში იტალიური RAIUNO-ს ეთერში იხილა, დანარჩენები კი ტელეეკრანებს საათის დაგვიანებით მიუსხდნენ, რადგან პირველმა არხმა თამაშის ჩვენება 22 საათიდან დაიწყო, როცა გუნდები გასახდელიდან მეორე ტაიმისთვის გამოვიდნენ.

„ოთხშაბათს საქართველოში იტალიელთა შეტევას, ალბათ, ჯანფრანკო ძოლა გაუძღვება. იტალიის ნაკრებს სამი ქულა სჭირდება, რათა ოქტომბერში, რომში, ინგლისთან ფრეზეც თანახმა იყოს.

ჩეზარე მალდინის მეტოქე აღელვებს. ეს ის მეტოქეა, რომელსაც ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, პერუჯაში, ბედმა არ გაუღიმა, თორემ ფრეს ითამაშებდა. მაშინ იტალიის ძლივს მოგებულმა 1:0-მა მალდინის წინამორბედის, არიგო საკის გადადგომა დააჩქარა.

იტალიელები თვლიან, რომ გარდა თბილისის შემაშინებელი სტადიონის უპირატესობისა, საქართველოს ერთი წლის წინანდელზე უკეთესი გუნდიც ჰყავს, რადგან კარგ უცხოურ კლუბებში ახლა მეტი ფეხბურთელი თამაშობს.

საგანგებო ყურადღებას მანჩესტერ სიტის გამთამაშებელი გიორგი ქინქლაძე მოითხოვს, თუმცა იტალიელები ნიუკასლ იუნაიტედის შემტევ ნახევარმცველ თემურ ქეცბაიასაც უნდა უფრთხოდნენ. მასპინძელთა გუნდი გასულ წელზე უკეთ თამაშს შეეცდება – პერუჯაში ქართველებს მხოლოდ მეკარის საიმედო თამაშმა შეუშალა ანგარიშის გათანაბრებაში ხელი“, – ეს მოკლე ცნობა სამშაბათს, 9 სექტემბერს, სააგენტო როიტერმა გაავრცელა.

სარბიელის ჟურნალისტებმა თამაშის წინ სავარაუდო შემადგენლობებიც შევთავაზეთ მკითხველს და გარკვეულწილად გავიზიარეთ როიტერის აზრი – ჯანფრანკო ძოლა ძირითად შემადგენლობაში დავასახელეთ, თუმცა ლაციოელ პიერლუიჯი კაზირაგისთან ერთად. ასეთი შემადგენლობები ავირჩიეთ:

საქართველო – ნიკა ტოგონიძე, გელა შეყილაძე, მურთაზ შელია, კახი ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე;

იტალია – ანჯელო პერუცი, კრისტიან პანუჩი, ალესანდრო ნესტა, ჩირო ფერარა, პაოლო მალდინი, დინო ბაჯო, რობერტო დი მატეო, ანტონიო კონტე, ანჯელო დი ლივიო, ჯანფრანკო ძოლა, პიერლუიჯი კაზირაგი.

სარბიელელებმა ჩვენების სასტარტო თერთმეტეული გამოვიცანით, მაგრამ სტუმართა შორის სამ ფეხბურთელში შევცდით. ჩეზარე მალდინიმ ძირითად შემადგენლობაში მარჯვენა მცველად ფაბიო კანავარო ათამაშა „ჩვენი“ კრისტიან პანუჩის ნაცვლად, ანტონიო კონტეს ადგილი უფრო გამოცდილ ატილიო ლომბარდოს ანდო, ხოლო ძოლას მეწყვილედ კაზირაგი კი არა, ატლეტიკოელი კრისტიან ვიერი დაასახელა…

ეროვნული ნაკრების პარალელურად, იტალიასთან სათამაშოდ ემზადებოდა ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილი ახალგაზრდული გუნდი. ისინიც დიღომში შეიკრიბნენ, საკალათბურთო დინამოს ბაზაზე, თუმცა სავარჯიშოდ მცხეთაში დაიარებოდნენ.

რაც შეეხება იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს, ევროპის ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებულებმა მატჩამდე ორჯერ ივარჯიშეს: 8 სექტემბერს რუსთავში, თამაშის მასპინძელ ფოლადზე, 9 სექტემბერს კი თბილისში, შევარდენზე.

10 სექტემბერს, შუადღით, ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, ფოლადის ტრიბუნები კი სრულად შეივსო.

ვლადიმერ გუცაევმა ასეთი შემადგენლობა დაუპირისპირა იტალიას: დავით გვარამაძე, ლევან სილაგაძე, ლევან ცქიტიშვილი, გივი დიდავა, შალვა ხუჯაძე, ზაზა ზირაქიშვილი, კაპიტანი გიორგი კიკნაძე, რატი ალექსიძე, დავით მუჯირი, მიხეილ ფოცხვერია და მიხეილ აშვეთია.

როსანო ჯიამპალიას თერთმეტეული ასეთი იყო: ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო პისტონე, ფრანჩესკო კოკო, ალესიო ტაკინარდი, ლუიჯი სარტორი, ალესანდრო გრანდონი, მასიმო ამბროზინი, ჯონათან ბაკინი, კრისტიანო ლუკარელი, სტეფანო ფიორე და კლაუდიო ბელუჩი.

ალექსიძემ და ზირაქიშვილმა პირველად ითამაშეს ძირითად შემადგენლობაში. თუ რატიმ მწვრთნელის ნდობა გაამართლა, ზაზას თამაში არ წაუვიდა და გუცაევმაც მეოცე წუთზე შეცვალა ლევან ქებაძით. თამაშს მიწურულს ედიკ საჯაია გამოჩნდა ალექსიძის ნაცვლად, 78-ე წუთზე კი ალეკო გოგობერიშვილმა ჩაანაცვლა მუჯირი.

იმ დროისთვის ჩვენი გუნდი უკვე ორი ბურთით იგებდა: 59-ე წუთზე გიორგი კიკნაძემ დალაშქრა ბუფონის კარი – ეფექტური გოლი გაუტანა პარმის კარის დარაჯს, ხუთ წუთში კი მისი პასით ქებაძემ მეორედ დაამწუხრა იტალიელები.

68-ე წუთზე ფოცხვერიამ და კოკომ იჩხუბეს, რის გამოც შვეიცარიელმა მსაჯმა ორივე მიაბრძანა მინდვრიდან. 89-ე წუთზე სტუმრები საერთოდ ცხრა მოთამაშით დარჩნენ – ამჯერად ბაკინიმ ვერ მოთოკა ნერვები და წითელი ბარათიც აუფრიალეს.

პრესკონფერენცია არ გაიმართა, რადგან ორივე გუნდს თბილისში, ეროვნულ ნაკრებთა მატჩზე მიეჩქარებოდა, გუცაევის მოკლე კომენტარი კი ასეთი იყო: „ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩემი დავალება, ფაქტობრივად, უნაკლოდ შეასრულეს. ყურადღება უმთავრესად ბრძოლაზე გავამახვილეთ, შესაბამისად, არაფერს ვუთმობდით იტალიელებს და მომენტებში ვაჯობეთ კიდეც. დღევანდელი შედეგი იმის დასტურია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდობა გვეზრდება“.

სარბიელის ჟურნალისტმა ვახტანგ ბზიკაძემ თამაშის მიმოხილვაში თქვა: „მაშინ, როცა ამ სტრიქონებს ვწერდი, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ იტალიას უძალიანდებოდა.

სიმართლეს ვიტყვი, დიდი ვერაფერი ხვედრი გახლდათ: წლები გაივლის, იქნებ ათწლეულებიც და იტალიელები მეორედ ან გვეწვევიან, ან – არა. იმ წუთებში კი ცხრა მთის იქიდან თბილისს მოახლოებული იტალიელები ჩემგან ათამდე კილომეტრით თუ იყვნენ დაშორებულნი და გნებავთ დამძრახეთ, არ ვნანობდი. მიზეზი? ის დიდი სიხარული, რომელიც გუცაევმა და მისმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გვაჩუქა, ის სიამაყე, რასაც მეც შევუერთდი.

მოგებას წინ ბევრი ოფლისღვრა, არაერთი ღამის ტეხვა და ფიქრიანი შრომა უძღოდა. მაინც კი ისე გამოჩნდა, თითქოს ამ გამარჯვების რწმენა მინდორზევე წამიწამ შეძენილი თავდაჯერებით ჩამოიქნა და თავდაუზოგავი ბრძოლით გამოიჭედა. სხვაგვარად არც იქნებოდა.

მეოთხე წუთზე მუჯირის შორეული დარტყმა, ოცდამეოთხეზე ძელს გარტყმული ჯარიმა, ოცდამეათეზე ბუფონის ხელიდან გავარდნილი ქებაძის ჩაწოდება, ათ წუთში აშვეთიას მიერ აცილებული თავური და ბოლოს ხუჯაძის აცდენილივე ჯარიმა დღეს უკვე აღარავის ემახსოვრება, ისევე, როგორც გვარამაძის მიერ მოგერიებული ლუკარელის ჯარიმა, ბელუჩის დარტყმული და ფიორეს დამატებული, ამათი კომბინაციის ბოლო – ბელუჩის თაური და ტაიმის მიწურულს ტაკინარდის შორეული, აცილებული დარტყმა…

ამ თამაშს ბევრი გმირი ჰყავს. ბევრი კი არა, უკლებლივ ყველა. ყველამ მოიგო ეს თამაში: მშვიდმა, სანდო-საიმედო გვარამაძემ, ლუკარელიზე აკრულმა სილაგაძემ, დამზღვევმა და თითქმის გაუვალმა ცქიტიშვილმა, ყველგანმყოფმა დიდავამ და ხუჯაძემ, შეცვლაზე ბრწყინვალედ ჩართულმა, თამაშში სიმწვავის შემტანმა ქებაძემ, ორი გოლის შემოქმედმა კიკნაძემ, ბოლომდე დახარჯულმა ალექსიძემ, დამრტყმელმა და მოპასე მუჯირმა, რვაფეხა დრიბლიორმა ფოცხვერიამ, უგოლოდ გარჯილმა მეგოლე აშვეთიამ და სხვებმაც, თავის გამოსაჩენად ნაკლები დრო რომ ჰქონდათ“.

იმ საღამოს სარედაქციო დავალებისგან თავისუფალი ვიყავი და ვახოსგან განსხვავებით, იტალიასთან მატჩის სანახავად ეროვნულ სტადიონზე წავედი, თან მეგობრებთან ერთად – ბილეთები სამხრეთი ტრიბუნის პირველ იარუსზე გვქონდა, დაახლოებით იმ თაღის თავზე, სადაც სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები ჩერდებიან.

ჩვენი ადგილი ამიტომ დავაკონკრეტე: მატჩის წინ ტრიბუნებზე ადიდასის ბურთები ისროლეს, რომელსაც წარწერა „მაგთი“ და ნომრები – 25 00 00 და 25 11 11 ამშვენებდა. მაგთიმ იმ დღეებში დაიწყო ოპერირება საქართველოში და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონების ვიზიტი სარეკლამოდ გამოიყენა.

ერთ-ერთი ჩვენსკენ ამოაგდეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთმანეთს ხელი უფრო შევუშალეთ, ვიდრე დავეხმარეთ. საბედნიეროდ, ჩემმა მეგობარმა მაინც დაიჭირა ბურთი, რომელიც თამაშის შემდეგ ჯანფრანკო ძოლას, ალესანდრო ნესტას, ჩირო ფერარას (ეს სამი ნამდვილად მახსოვს) და სხვა იტალიელების ავტოგრაფებითაც დავამშვენეთ.

მიშამ, ჩემმა მეგობარმა, კი თქვა ამ ბურთს ხელს ვერავინ დააკარებსო, მაგრამ პატარა ბიჭების ამბავი მოგეხსენებათ – როცა მიშა შინ არ იყო, მისი ვაჟი, როკო, ეზოში მეგობრებთან ერთად თამაშობდა და ის ბურთიც გვარიანად გაცვდა. წლების შემდეგ, როცა ჩვენი საერთო მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მცირე ხნით დაბრუნდა, ძმაკაცები ჩემთან შევიკრიბეთ და მიშამაც სამუდამოდ მისახსოვრა ის ბურთი, შენთან უკეთესად შეინახებაო. სუვენირის გადაცემის „საზეიმო ცერემონია“ მატჩიდან თითქმის ოცი წლის თავზე შედგა და მას შემდეგ მაგთის ის ადიდასიც ჩემი საფეხბურთო კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია.

1997 წლის 10 სექტემბერს კი ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი 51 117 მაყურებელი და ტელეეკრანებთან მოკალათებული კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი ისტორიული შედეგის მოწმე გახდა – საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონთან გამართულ მეექვსე ჭიდილში. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ევრო 1996-ის შესარჩევში ჩვენი გუნდი ორჯერ დამარცხდა გერმანიასთან, სკუადრა აძურასთან იმ საღამოს 0:0-მდე კი ქართველებს ჯერ იტალიელებმა, შემდეგ კი ინგლისელებმა (ორჯერ) გვაჯობეს.

და რაც არანაკლებ საინტერესოა: ეს იყო ჩვენი ეროვნული გუნდის პირველი ფრე შესარჩევ ტურნირებში. სადებიუტო ევროსაკვალიფიკაციოში ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ხუთი თამაში მოიგო და ამდენივე წააგო, საფრანგეთი 1998-ის შესარჩევში კი, იტალიელთა სტუმრობამდე, ქართველებმა ერთხელ გაგვახარეს, ოთხჯერ კი გული დაგვწყვიტეს.

„ძალიან მომეწონა ქართველთა გუნდი. მათი კარგი თამაში ჩვენთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო“, – თქვა თამაშის შემდეგ ჯანფრანკო ძოლამ, რომელიც იმ საღამოს ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. სხვა თუ არაფერი, თამაშის სტარტზევე ჩვენი კარის ხარიხა შეაზანზარა და საფინალო სასტვენამდე გვარიანი პრობლემები შეუქმნა მცველებს.

საქართველოს ნაკრების მცველები კი იმ საღამოს, უნდა ვაღიარო, საიმედონი იყვნენ. დავით ყიფიანმა კვლავ ნაცადი ტაქტიკური განლაგება აირჩია: მარჯვენა ფრთაზე გელა შეყილაძე ათამაშა, ცენტრში მურთაზ შელია, მარცხნივ გიორგი ჩიხრაძე, ხოლო მათი დაზღვევა კაპიტანს, კახი ცხადაძეს დაავალა. ამ უკანასკნელმა იმ დღეს ოცდამეორედ ითამაშა ნაკრებში და მეოცედ უკაპიტნა გუნდს.

სამწუხაროდ, ცხადაძე მალე დაშავდა და მე-13 წუთზე კახი კალაძემ შეცვალა. დინამოელი ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთ იმედად ითვლებოდა, სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იტალიასთან მატჩში კალაძე ჩინებული იყო – ყიფიანმა ვიერის მეურვეობა დაავალა და მანაც ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას.

ილია ბაბუნაშვილი თამაშის მიმოხილვაში კალაძის შესახებ წერს (გაზეთი სარბიელი; 1997 წლის 11 სექტემბერი, #108): „ქება და დიდება ოცი წლის ბიჭს, რომელიც ეროვნულ გუნდში სულ მეორედ ათამაშეს (ეს კახის მეორე ოფიციალური მატჩი იყო ნაკრებში, ამხანაგურების ჩათვლით კი მეხუთე – ლ.გ.), თანაც, შეცვლაზე შესულს ურთულესი ამოცანა დააკისრეს – კრისტიან ვიერის გაუფერულება. კახამ უშიშრად და ზუსტად იმოქმედა. შეიძლება ახლავე ითქვას, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ძლიერი და საიმედო მცველი ეზრდება“.

ჩვენი გუნდის დაცვას მეორე ნახევარში უფრო დიდი ჯაფა დაადგა, რადგან შესვენების შემდეგ ჩეზარე მალდინის ბიჭები მხოლოდ უტევდნენ, მასპინძლები კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავს იცავდნენ.

მატჩის დაწყებიდან ერთ საათში, რომ შეატყო ვიერი გოლის გამტანი არ იყო, ჩეზარე მალდინიმ მადრიდის ატლეტიკოს ოცდაოთხი წლის თავდამსხმელი პიერლუიჯი კაზირაგით შეცვალა.

ამ უკანასკნელს მალევე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მას შემდეგ რაც ნიკა ტოგონიძემ ცუდად მოიგერია ანჯელო დი ლივიოს მიერ მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებული (თუ გნებავთ დარტყმული) ბურთი, მაგრამ კაზირაგის მცდელობას კვლავ მეკარე გადაეღობა.

73-ე წუთზე სტუმართა თავკაცმა რობერტო ბაჯოც ჩართო თამაშში. ლეგენდარული ათიანის გამოჩენით იტალიელთა თავდასხმები უფრო სახიფათო გახდა. მორიგი მწვავე იერიში სწორედ ბაჯომ დაიწყო, კიდევ ერთხელ ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, ხოლო მას შემდეგ, რაც ლევან კობიაშვილმა თავით გამოიტანა, ფილიპო ინძაგიმ ერთი შეხებით დაამატა. ტოგონიძე ისევ საიმედო იყო. ინძაგი, ვინც ორი თვით ადრე შეუერთდა ტურინის იუვენტუსს ბერგამოს ატალანტადან, ძოლას ნაცვლად ჩაერთო თამაშში.

„საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ასეთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მობილიზება ძნელი რომ არის, ვფიქრობ, არავისთვისაა საეჭვო. თანაც, ბოლო დროს ბათუმის წარუმატებლობა ჩემზე გარკვეულწილად გავლენას ახდენდა, მაგრამ შეკრებაზე ნაკრებში ისეთი განწყობა შეიქმნა, რომ თითოეული ჩვენგანი კარგად შეემზადა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. მადლიერი ვარ ირაკლი ზოიძის და ნიკა ჩხეიძის, მათი თანადგომა ასეთი შეხვედრის წინ ბევრს ნიშნავდა და მეც მატჩისთვის მობილიზება შევძელი“, – ბათუმელთა ოცდაექვსი წლის მეკარემ ნიკა ტოგონიძემ იმ დღეს მეოთხედ ითამაშა ნაკრებში, პირველად შესარჩევ ეტაპზე და ოფიციალურ თამაშში დებიუტი შესანიშნავად აღნიშნა.

ოცდაოთხი წლის შოთა არველაძე კი ოცდამეოთხედ ვიხილეთ ეროვნულ გუნდში. ის იმ ზაფხულს შეუერთდა ამსტერდამის აიაქსს და დიდებულად დაიწყო ერედივიზიე – გოლი გოლზე გაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ანჯელო პერუცი ვერ დაამწუხრა, ტყუპისცალ აჩიკოსთან ერთად გვარიანად შეაწუხა გამოცდილი იტალიელები. ავტობიოგრაფიაში „გუშინ“ შოთა სკუადრა აძურასთან თამაშს ასე იხსენებს:

„ყიფიანმა ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად მოგვამზადა. აქცენტი უფრო ამ ასპექტზე გადაიტანა, ვიდრე ტაქტიკაზე, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ საქართველოს ნაკრების ძალა ინდივიდუალიზმი იყო და მოკლე დროში გუნდის სტილის შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა.

საქართველო მაშინაც დაულაგებელი ქვეყანა იყო. თბილისი, აეროპორტიდან სასტუმრომდე, ჩაბნელებული დაგვხვდა. იტალიის ნაკრები სასტუმრო მეტეხში ცხოვრობდა და როგორც კი შენობაში შევიდნენ, სასტუმროც გაანათეს…

იტალიას მართლაც ღირსეულად ვეთამაშეთ. პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, რობერტო ბაჯო და კრისტიან ვიერი… ამ დიდებულ გუნდს არაფერი დავუთმეთ და მათთვის ძალიან საჭირო ორი ქულა წავართვით. პირველ ტაიმში კახა ცხადაძე ისე დაშავდა, რომ შეცვალეს და ყიფიანმა მის მაგივრად ცხრამეტი წლის კახა კალაძე შეუშვა მინდორზე. კახა მაშინ თბილისის დინამოს ფეხბურთელი იყო და ნაკრებში ერთი-ორი მატჩი თუ ექნებოდა ჩატარებული, მაგრამ კრისტიან ვიერის წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა…

იტალიელთა კართან რამდენიმე მწვავე იერიში მივიტანეთ, აჩიმ ერთხელ „დირკა“ გაუძვრინა პაოლო მალდინის, ერთხელაც მე და აჩიმ „კედელი“ გავითამაშეთ და ჩემი დარტყმა სულ ცოტათი ასცდა კარს. გულშემატკივრებს ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს მაღალ დონეზე თამაში შეუძლია…

იტალია ფლეი ოფში რუსეთთან სათამაშოდ გავუშვით, ხალხმა კი მაგრად გაიხარა, მთელი სტადიონი ფეხზე დამდგარი გვიკრავდა ტაშს და ასე გვაცილებდა მინდვრიდან“.

მატჩის მიმოხილვაში სარბიელელი ილია ბაბუნაშვილი წერს:

„რეალისტი გამხდარა ქართველი ხალხი. აბა, რას მივაწეროთ ის ოვაცია, საფინალო სასტვენის შემდეგ რომ გაიმართა?! შინ ფრედ ვითამაშეთ, ხალხმა კი ჩირაღდნები აანთო. გინახავთ, ადრე თბილისის სტადიონზე ვინმეს ფრე გაჰხარებოდეს? ახლა გაუხარდათ და ამ სიხარულის საბაბი სრულიად გასაგებია: შეურაცხმყოფელი და დამღლელი წაგებების შემდეგ ფრე, თან იტალიასთან.

თამაშის წინა დღეებში ყველა იმას ამბობდა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონები ჩამოდიანო. უცნაური რამ გამოდის: ერთი მხრივ, ამის მთქმელთ კარგად მოგვეხსენებოდა, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იმ იტალიელ ბიჭებს შორის, ჩვენს ეროვნულზე რომ უნდა ეთამაშათ, არავინ იყო. იტალია მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახლდათ 1934, 1938 და 1982 წლებში. ასე რომ, სამჯერ ჩემპიონობაზე თქმული, ბუნებრივია, პირობითობა გახლდათ. მეორე მხრივ, ქვეყანა, რომლის ნაკრები სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონია, კლუბები კი ყველაფრის უამრავჯერ მფლობელნი არიან, დიახაც ძლიერია, ძალიან ძლიერი.

იტალია ის ქვეყანაა, რომელსაც დედამიწაზე ერთი-ორი თუ ჰყავს თანასწორი. იტალია ის ქვეყანაა, რომელიც, როგორც წესი, იმარჯვებს. და მაინც, უნდა გაგვხარებოდა?“

ვერ გეტყვით ვინმეს ეწყინა თუ არა, მაგრამ მე კი ძალიან გამიხარდა ის 0:0. და დღესაც, მეოთხედი საუკუნის შემდეგაც ვთვლი, რომ იტალიის ნაკრებთან ის არწაგებული თამაში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. იმიტომ რომ, ჩემდა სამწუხაროდ, ნაკრებს მას შემდეგ ბევრი არაფრით გამოუჩენია თავი და შედეგები, მეტწილად, უარყოფითი იყო.

თბილისური თამაშის შედეგმა ჩემზე არანაკლებ ინგლისელები გაახარა. როცა ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე საფინალო სასტვენი გაისმა, გლენ ჰოდლის ბიჭები უემბლის გასახდელში იდგნენ და მოლდოვასთან მატჩისთვის ემზადებოდნენ. მინდორზე გასვლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ თუ იმ საღამოს სამ ქულას აიღებდნენ, 11 ოქტომბერს, უკანასკნელი შესარჩევი მატჩის წინ რომში, ოლიმპიკოზე, იტალიასთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ – ფრე მათ წისქვილზე დაასხამდა წყალს.

ინგლისმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ოთხი გოლი მიართვა მოლდოვის ნაკრებს. პირველ ტაიმში პოლ სქოულზმა და იან რაიტმა გაახარეს ფანები, შესვენების შემდეგ კი პოლ გესქოინმა და იმავე რაიტმა. 4:0 – მეექვსე გამარჯვება, 18 ქულა და პირველი ადგილი ჯგუფში.

„ადრე ვთქვი ქართველების დიდი იმედი მაქვს, იტალიას თბილისში ქულებს დააკარგვინებენ-მეთქი, მაგრამ მართალი გითხრათ, ამისა ნაკლებად მჯეროდა. თუმცა მოხდა ის, რასაც ახლა ყოველი ჩვენგანი ისურვებდა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რაოდენ საჭირო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ინგლისმა თბილისში“, – თქვა ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა მოლდოველებთან გამარჯვების და ჯგუფში დაწინაურების შემდეგ.

იტალიასთან მატჩს დეილი სტარიც გამოეხმაურა: „ქეცბაია სიტყვის კაცი ყოფილა – თემური ნიუკასლელებს დაპირდა, იტალიელებს ქულებს დავაკარგვინებთო და სიტყვა შეასრულა კიდეც“.

თუ ინგლისელი ჟურნალისტები სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყვნენ, იტალიური გამოცემები ნაკრებს და მთავარ მწვრთნელს არ ინდობდნენ. იქაური პრესის მიმოხილვა სარბიელის მორიგი ნომრისთვის მოვამზადე სათაურით „ვისთვის შოკი, ვისთვის შვება – იტალიური და ინგლისური პრესა თბილისის მატჩზე“:

„თბილისში დაკარგულმა ორმა ქულამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის მებრძოლ იტალიას საქმე ძლიერ რომ გაუფუჭა, ამაზე არც ღირს საუბარი – ისედაც ყველამ იცის. ქართველებმა აპენინელებს კი წაუხდინეს ხასიათი, მაგრამ სამაგიეროდ, ინგლისელებს ერთიორად გამოუკეთეს გონება.

აი ჩეზარე მალდინის კი, რაც სკუადრა აძურა ჩაიბარა, ასეთი კრიტიკა თავს არ დასტეხია. თითქმის ყველა საქმეში ჩახედული იტალიელი მას გადამეტებული დაცვისთვის აკრიტიკებს, უფროსი მალდინი კი თავისას არ იშლის. ისე, ფაქტი ჯიუტია: რაც ის მთავარი მწვრთნელია, იტალიას შესარჩევში გოლი რაა, ის არ გაუშვია – ზედიზედ ხუთი ოფიციალური მატჩია ანჯელო პერუცის კარის ბადეს მხოლოდ ნიავი არხევს.

პრესა ჩეზარე მალდინის კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს. ყველაზე პოპულარულმა გამოცემა გაძეტა დელო სპორტმა პირველ გვერდზე დიდი შრიფტით დაწერა, რომ პოლონეთსა და საქართველოში დაკარგულმა ქულებმა უემბლიზე ინგლისელებთან გამარჯვებას ფასი დაუკარგა: „იტალიამ ჩეზარეს გამო ოთხი ქულა უაზროდ დაკარგა, ხოლო ინგლისმა იმავე მეტოქეებთან მაქსიმუმი აიღო. ამით ჰოდლმა და მისმა ბიჭებმა ირიბი, თუმც კი სრულფასოვანი რევანში აიღეს იტალიასთან და გადამწყვეტი მომენტის წინ ჩამოიტოვეს მეტოქე“. იქვე ისიც ეწერა, ჩეზარეს დაავიწყდა, რომ თბილისში ფრე და წაგება ერთი და იგივე იყოო.

რომში გამოცემულმა ლა რეპუბლიკამ შედარებით დიპლომატიური ტონი ირჩია: „მართალია ორი ქულა დაკვარგეთ, მაგრამ იტალია ჯერ არ დაღუპულა, შანსები კიდევ გვაქვს, ამიტომ წინასწარ ვაი-ვიშს სჯობს 11 ოქტომბრისთვის გვარიანად მოვემზადოთ“.

დედაქალაქელებისგან განსხვავებით ტურინის ტუტოსპორტმა არც აცია, არც აცხელა და ჩეზარე არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა – მცველი იყო და გასაგებია კარის უსაფრთხოება რომ ევალებოდა, მაგრამ მწვრთნელია და გაუგებარია გოლის შიში რატომ ვერ მოიშალაო. იმავე გამოცემის თქმით, ჩეზარემ ფეხბურთელებს გაშვებული გოლის ისეთი სინდრომი შეჰყარა, პირველ წუთებზე ჩამორჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, იტალიამ თამაში ვეღარც გადაარჩინოსო“.

ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მატჩები 11 ოქტომბერს დასრულდა: თბილისში ქართველებმა პოლონელები გაანადგურეს, რომში კი იტალია ინგლისს დაუხვდა. დავით ყიფიანის გუნდის შთამბეჭდავ მოგებაზე ცალკე დავწერ, ამჯერად კი მხოლოდ მარადიულ ქალაქში გათამაშებულ საფეხბურთო კლასიკას შეგახსენებთ.

ჩეზარე მალდინის იტალიამ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კარგად ორგანიზებული ინგლისელთა დაცვა ვერ გაარღვია და მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ მეექვსე შესარჩევ მატჩში არ გაუშვა გოლი, ვერც თავად გაიტანა – 0:0 და ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა.

ინგლისმა რვა შეხვედრაში მოპოვებული ცხრამეტი ქულით გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა, იტალიამ კი, ვინც კონკურენტს ქულით ჩამორჩა, ფლეი ოფში გადაინაცვლა.

1997 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩეზარე მალდინის გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა. სკუადრა აძურას მეტოქედ რუსეთი ერგო, რომელთანაც პირველი მატჩი 29 ოქტომბერს შედგა მოსკოვში, სიცივესა და თოვლში, საპასუხო კი 15 ნოემბერს ნეაპოლში, სან პაოლოზე.

მოსკოვური ჭიდილი 1:1 დასრულდა: კრისტიან ვიერიმ 49-ე წუთზე კი გახსნა ანგარიში, მაგრამ დინამოს სტადიონის ტაბლოზე სამ წუთში საყაიმო ანგარიში ენთო – ფაბიო კანავარომ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში.

ნეაპოლური მატჩის წინ ტიფოზებს ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდათ. ევრო 1996-ზე განცდილი კრახის შემდეგ (არიგო საკის გუნდი ჯგუფში ჩარჩა) არავის სურდა მეორე დიდი ტურნირის ჩაგდება. მათდა საბედნიეროდ, იტალიამ გაიხარა – 53-ე წუთზე პიერლუიჯი კაზირაგიმ სერგეი ოვჩინნიკოვს ერთადერთი გოლი გაუტანა და გუნდიც ფინალისტებს შეუერთდა…

საქართველო-იტალიის პირველი თბილისური თამაშის მიმოხილვას კი გიო ახვლედიანის საავტორო სვეტით დავასრულებ. Forza Georgia! მატჩის შემდეგ გამოქვეყნდა სარბიელში:

„ალბათ, არავის გაუკვირდება – ეს ზღაპრული ოთხშაბათი იყო. გამოსულა ხოლმე-მეთქი, ვწერდი წინა შაბათის სვეტში. გამოსულა ხოლმე-მეთქი და გამოვიდა. რა სჯობია ამას? რა თქმა უნდა, არაფერი.

რამდენი ხანია არ ყოფილა ასე. რამდენი ხანია არავისთვის შეგვიშლია ხელი. რამდენი ხანია გაზეთებისთვის ცეცხლი არ წაგვიკიდებია თამაშის შემდეგ და რამდენი ხანია ასე არ გვიყვირია.

გოლი არ გასულა, მაგრამ თავდაცვა იყო თავგანწირული და თავდადებული. ვგრძნობდი, ვერ გავიტანდით, მაგრამ რომ არ გავუშვით, ეს ზღაპრული იყო. მე მგონია, რომ ეს დიდი გამარჯვება იყო – არაადამიანური ძალების ხარჯვით მოპოვებული. გამოვიდა.

გვარიანად ჩავუფლავეთ საქმე დიდი საფეხბურთო ქვეყნის გუნდს. იტალიელთა კვალიფიკაცია, მათი ოსტატობა, ფეხბურთის ცოდნა მისაბაძია. ჩვენს ნაკრებს ერთადერთი შანსი უნდა ჰქონოდა – არ გაეშვა და ასეც მოხდა.

ეს ისტორიული ფრეა. პირველი ფრე, რაც საქართველოს გუნდი შესარჩევებს თამაშობს.

არა, არა, ეს საუცხოო იყო. ამგვარი მონდომება, ამგვარი ცდა საკუთარი ოსტატობის წარმოჩენისა ფეხბურთელთა მხრიდან ბოლოს როდის იყო, აღარც კი მახსოვს. და ეს მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად დაუხვეწავი და შეუთამაშებელი გუნდია, რომელსაც არსენალში არანაირი საფეხბურთო ფანდი არა აქვს, გარდა მოთამაშეთა პირადი ფანდებისა.

მაგრამ მოთამაშეც არის და მოთამაშეც – ჯანი ჩვენს ბიჭებს აშკარად მეტი აქვთ, ვიდრე ჰქონდათ და ახლა მე არ მოვყვები, ვინ როგორ ითამაშა, ვის გამოცვლას მოითხოვდა ფანობა და ვის თამაშს, ვინ ივარგა და ვინ გაიბლანდა. გუნდმა თავი დადო. ზოგადად, არჩევანი სწორი იყო – იტალიელებს არ უყვართ, როცა კარში ჩაუდგებიან ხოლმე, მაგრამ არჩევანი მხოლოდ ზოგადად იყო სწორი.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა გვარიანი ჩხვლეტები გასწია. სხვა საკითხია მეორეში ვეღარ გასწვდა ამას, რაც ჩვენი ფიზიკური და ტაქტიკური ჩამორჩენის ბრალია. ჩვენს ტექნიკურ ილეთებში იყო ძალიან ბევრი წუნი, თუმცა იყო ლამაზი ფინტებიც. ფინტი, თავისთავად, დიდებული რამ არის, მაგრამ ფინტი არ არის ფერწერული ტილო, ფინტი – ერთი მონასმია და მას გაგრძელება უნდა.

კარგი ფორმა თითქმის ყველა ქართველმა აჩვენა. თავგანწირვა – ყველამ. ეს მგონი პირველად იყო, რომ ყველა ქართველი ერთმანეთს ეხმარებოდა. ეს გუნდური თავგანწირვა და ჯიგარი იყო.

და ამათ გვერდით იყო ქართველი ფანობა, რომელმაც იქომაგა ჯიგრიანად, ღირსეულად და როგორც იქნა, ნელ-ნელა და მძიმედ, მაგრამ მაინც შეუდგა ნამდვილი ქომაგობის გზას.

ჩვენს გუნდში იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელმაც პრაქტიკურად უშეცდომოდ და მაღალ დონეზე ითამაშა.

გელა შეყილაძე და მურთაზ შელია, ალბათ, საუკეთესონი იყვნენ. და საერთოდ, ჩვენს მცველებს ხოტბა ეკუთვნით. ქება ეკუთვნით იმათაც, ვინც მცველებს ეხმარებოდა. და ცალ-ცალკე ყველა საქებარია.

პუბლიკა ყაველას აკრიტიკებდა. მას მართლაც ბევრი წუნი ჰქონდა, ბევრი კარგად წამოწყებული შეტევა ჩაშალა ამ უზუსტობებმა, მაგრამ ყაველა წამით არ გაჩერებულა – მან ძალიან ბევრი იმუშავა.

და კიდევ ერთი რამ: აჩი ნამდვილი აღმოჩენა იყო. ასეთი აჩი მე არ მინახავს. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმს ბოლომდე ვერ გაწვდა და შეცვლა ითხოვა. მაგრამ ეს არაფერი – აჩი საუცხოო იყო. ერთხელ შოთამ თქვა, აჩის ყოველთვის ჩემზე უკეთესი მონაცემები ჰქონდა, უბრალოდ ბედმა უმუხთლაო. ძმამ ძმისა უკეთ იცის. აჩიმ კი მართლაც საუცხოოდ ითამაშა.

ნიკა ტოგონიძე პირველად იდგა ნაკრების კარში ოფიციალურ თამაშში. მას ნევრიულობა ეტყობოდა, მაგრამ გასაოცარი ჯიგრითა და მონდომებით ირჯებოდა. მთლად დახვეწილი არ იყო, მაგრამ ბურთს უხვდებოდა და გვიხსნა კიდეც.

ეს ფრე სასახელო და დიადი იყო ჩვენი საფეხბურთო ფსიქოლოგიისთვის.

Forza Georgia!

გუცაევის მშვენიერი გუნდი კი, ნამდვილი, ჭკვიანი, მოხერხებული და ვაჟკაცური გუნდი, ცალკე სვეტის თემაა“.

10 სექტემბერი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 51 117
საქართველო 0:0 იტალია
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, გელა შეყილაძე, მურთაზ შელია, კახი ცხადაძე (კახი კალაძე 13), გიორგი ჩიხრაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ქინქლაძე (კახი გოგიჩაიშვილი 65), არჩილ არველაძე (გიორგი დარასელია 79), შოთა არველაძე
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
იტალია: ანჯელო პერუცი, ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, ჩირო ფერარა, პაოლო მალდინი (კაპ), ანჯელო დი ლივიო, ატილიო ლომბარდო (რობერტო ბაჯო 73), რობერტო დი მატეო, დინო ბაჯო, კრისტიან ვიერი (პიერლუიჯი კაზირაგი 64), ჯანფრანკო ძოლა (ფილიპო ინძაგი 80)
მწვრთნელი: ჩეზარე მალდინი
გაფრთხილება: გელა შეყილაძე, არჩილ არველაძე, რობერტო დი მატეო, ფაბიო კანავარო
მსაჯები: რუნე პედერსენი; ტორე ალანდი, ოლა ბიერსენი (ნორვეგია)

 

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 17 დეკემბერი)
ფოტო: გაზეთი სარბიელი / ბადრი კეთილაძე; ელდარ მალხაზიშვილი; მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; L’Unita (იტალია)

ka_GEGeorgian