ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #38: საქართველო 3:0 პოლონეთი

1997 წლის 11 ოქტომბერს, საფრანგეთი 1998-ის უკანასკნელი შესარჩევი მატჩის დღეს თბილისში პოლონეთის ნაკრებთან, სარბიელმა სენსაციური ინფორმაცია ამცნო გულშემატკივრებს:
„დღეს ყიფიანის ბოლო მატჩია ეროვნული გუნდის მწვრთნელის რანგში“ – ამ სათაურით დაიბეჭდა ჟურნალისტ კობა ინასარიძის წერილი. იტალიასთან თბილისში 0:0-ის და მსოფლიო შესარჩევში პირველი გასვლითი გამარჯვების შემდეგ (1:0 მოლდოვაში) ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ პოლონეთთან საშინაო თამაშით დავით ყიფიანი ეროვნულ გუნდს დაემშვიდობებოდა.
ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი ორ თვეში რეალობად იქცა: წლის დასაწყისში დანიშნული მთავარი მწვრთნელი წლის ბოლოს გუნდიდან წავიდა.

დავით ყიფიანმა სარბიელელ კობა ინასარიძეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სხვა ჟურნალისტებთან ერთად უმასპინძლა, თუმცა გუნდიდან წასვლის ამბავი რატომღაც მხოლოდ მას გაანდო. ეს 10 ოქტომბერს მოხდა, ახალგაზრდულ ნაკრებთა თამაშის წინ, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ვლადიმერ გუცაევის ბიჭების დიდებული გამარჯვებით დასრულდა – 5:1. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად დაასრულა შესარჩევი ჯგუფი მეორე ადგილზე და თან, უკან მოიტოვა ევროპის ბოლო სამი ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული იტალია, რომელთანაც საკვალიფიკაციოს სტარტზე საშინლად განადგურდა.

მიხეილ აშვეთიამ ორჯერ, ალექსანდრე იაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა და დავით მუჯირმა კი თითოჯერ გაახარეს ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები და ახალგაზრდული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება გამოჭედეს.

„10 ოქტომბერს უკანასკნელად ვითამაშებთ ამ შემადგენლობით და მაქსიმალურად ვეცდებით გულშემატკივრებს თავი დავამახსოვროთ“, – თქვა ვლადიმერ გუცაევმა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე და მისი სიტყვები, რატომღაც, განსაკუთრებით დამამახსოვრდა.

სტადიონის პრესლოჟაში მოკალათებულმა პირველივე წუთებიდან ვიგრძენი, რომ გუცაევის გუნდი რაღაც განსაკუთრებულს გვიმზადებდა და გულისთქმა ამიხდა კიდეც: ქართველებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს პოლონელი თანატოლები.

მე-16 წუთი: მუჯირის პასის შემდეგ შალვა ხუჯაძემ უძლიერესად დაარტყა. ბურთი პოლონელთა მეკარე ვიშნოვსკიმ კი მოიგერია, მაგრამ იქვე მდგარმა აშვეთიამ დროულად დაამატა – 1:0.

35-ე წუთი: მუჯირს მეკარესთან პირისპირ გაჰყავს აშვეთია და ისიც დუბლს ასრულებს – 2:0.

50-ე წუთი: ბაშინსკისთან და პოპეკთან ორთაბრძოლაში იაშვილი ბურთს ინარჩუნებს, წამში უძლიერესად არტყამს და ანგარიში 3:0 ხდება! პოლონელთა თავკაცი პაველ იანასი წონასწორობიდან გამოდის და გაცოფებული მინდორზე შევარდნას ლამობს.

86-ე წუთი: კომბინაცია ცქიტიშვილმა დაიწყო, ბურთი ლევან ქებაძეს გადააწოდა, რომელმაც მუჯირი მოძებნა, დათომ კი მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა, ცქიტიშვილი მეკარეს შეატოვა და იუბილარმაც მეოთხედ დააწყებინა პოლონელებს ცენტრიდან თამაში – 4:1! ლევანი იმ დღეს 21 წლის გახდა.

90-ე წუთი: დავით მუჯირი საუკეთესო იყო, ყველა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა, ორი შედეგიანი პასიც მიითვალა და ლოგიკურია, რომ მატჩს მან დაუსვა წერტილი, თან რა გოლით! ერთი მეორის მიყოლებით გააბითურა მაგერა და ბაშინსკი, შემდეგ კი მოჭრილი დარტყმით ბურთი თავზე გადაატარა მეკარეს – 5:1!

„ამ გოლმა ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული მომანიჭა, მით უმეტეს, რომ ის ძალიან ლამაზი გამოდგა. დღეს ჩემი თამაში სათუო იყო, მწვრთნელმაც მკითხა, შევძლებდი თუ არა მოედანზე გასვლას, მაგრამ თამაში მსურდა და მინდოდა ის გარდაცვლილი ბიძის, ზურაბ ვახტანგიშვილის ხსოვნისთვის მიმეძღვნა. მამაჩემმაც მთხოვა მთელი ოთხმოცდაათი წუთი საამისოდ დავხარჯულიყავი. გოლი რომ გავიტანე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მგონი, რაც მინდოდა გავაკეთე კიდეც“, – თქვა თამაშის შემდეგ დათო მუჯირმა. არანაკლებ გახარებულები იყვნენ სხვებიც, გამორჩევით კი კაპიტანი გიორგი კიკნაძე, რომელსაც თამაშის დაწყებამდე ვაჟი შეეძინა.

პრესკონფერენციის მიწურულს, როცა ვლადიმერ გუცაევმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ერთ-ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ იცით თქვენები ხვალაც რამე მსგავსის მოწყობას ხომ არ აპირებენო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა სტუმარს ასეთი პასუხი გასცა:

„ეროვნულ გუნდს ხვალინდელი თამაშის მოგება აუცილებლად სჭირდება. ყიფიანის ბიჭებს გულით ვუსურვებ შთამბეჭდავ გამარჯვებას. წარმატება ფსიქოლოგიურად ძალიან წაგვადგება და ვისურვებ, რომ კარგი და ლამაზი თამაშით გავიმარჯვოთ“.

ჟურნალისტებმა მწვრთნელი ტაშით გავაცილეთ. საბედნიეროდ, იგივე გავაკეთეთ 11 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ყიფიანის ბიჭებმაც შავი დღე აყარეს პოლონელებს. თუმცა დავაკონკრეტებ: თუ 10 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი გვესტუმრა, მეორე დღეს ყიფიანის თანაშემწემ, რევაზ ძოძუაშვილმა უპასუხა ჩვენს კითხვებს და ტაშიც მას ერგო.

პოლონელები თბილისს ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს, შუადღით ესტუმრნენ მოლდოვიდან. ოფიციალური დელეგაცია 101 წევრს ითვლიდა. ორი დღით ადრე თეთრ-წითლებმა ბოლოსწინა შესარჩევი მატჩი გამართეს კიშინიოვში და მოლდოვის დედაქალაქში იოლი გამარჯვებაც იზეიმეს – 3:0. მასპინძლებს ყველა გოლი ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადის საუკეთესო ბომბარდირმა ანჯეი იუსკოვიაკმა გაუტანა.

იმ ოლიმპიადაზე პოლონეთს იანუშ ვუიჩეკი წვრთნიდა და მან იმდენი მოახერხა, რომ გუნდი ფინალში გაიყვანა. პოლონელებმა ბარსელონა 1992-ის ოქროს მატჩი დასანანად წააგეს მასპინძლებთან, 90-ე წუთზე გაუშვეს მესამე გოლი – 2:3.

ოლიმპიური თამაშების შემდეგ ვუიჩეკმა ვარშავის ლეგია ჩაიბარა, შემდეგ სამი წელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმუშავა, თავდაპირველად მათ ოლიმპიურ გუნდს, მოგვიანებით კი ორ კლუბს წვრთნიდა, 1997 წლის ზაფხულში კი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას დათანხმდა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა. კიშინიოვური მატჩი მისი ოფიციალური დებიუტი იყო ახალ თანამდებობაზე, თბილისში კი მეორე თამაში ელოდა.

სარბიელის ჟურნალისტი მერაბ მამულაშვილი სტუმართა მთავარ მწვრთნელს სასტუმრო შერატონ პალასში (მეტეხს მცირე ხნით ადრე შეუცვალეს სახელი) დაბინავების შემდეგ შეხვდა:

„მოლდოვაში იოლ გამარჯვებას არ ველოდი და მით უმეტეს, თბილისშიც არ ველი გასეირნებას. ის, რომ თითქოსდა ქართველებს განადგურებით დავემუქრე, მოგონილია, ასეთი რამ არ მითქვამს. საქართველოს ნაკრებში ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოვიგონეთ, მათთან თამაში გაგვიჭირდება. ჩემი მიზანია იმ ხერხს მივაგნო, რომელიც სასურველ შედეგს მოგვიტანს“.

სტუმართა ეროვნულმა ნაკრებმა იმ საღამოს შევარდენზე ივარჯიშა, ახალგაზრდებმა კი ბორის პაიჭაძის სახელობის სარბიელს მიაშურეს. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ირჟი კოზინსკი მხოლოდ ვარჯიშის მიწურულს ეწვია ეროვნულ სტადიონს.

მასზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ კოზინსკი, მისდა უნებურად, ერთი სახალისო ამბის მთავარი გმირი გახდა: თბილისის აეროპორტიდან უკვალოდ გაუჩინარდა და გვარიანად ანერვიულა დამხვდურები! სტუმრებმა იფიქრეს რომ ვიცე-პრეზიდენტი ქართველმა კოლეგებმა წაიყვანეს, მაგრამ მალე გაირკვა, რომ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იცოდნენ კოზინსკის ასავალ-დასავალის შესახებ. პოლონეთის ფეხბურთის მაღალჩინოსანს ვერსად რომ მიაგნეს, საქმეში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. სტუმარი მხოლოდ გამთენიისას იპოვეს – უმოწყალოდ მთვრალს რუსთაველის პროსპექტზე, თავის ბარგზე გაწოლილს ეძინა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ პან კოზინსკი ჯერ კიდევ თვითმფრინავში დამთვრალა და თბილისში ჩამოსულსაც ამიტომ აებნა თავ-გზა…

წლის უკანასკნელი თამაშისთვის ყიფიანის ბიჭები დიღომში, დინამოს ბაზაზე ემზადებოდნენ. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სპორტულ მედიას ბაზის ჭიშკარი ორი საათით გაუღო. იმ დღეს ნაკრებმა მხოლოდ დილით ივარჯიშა, შუადღით ბიჭებმა დინამო-მერანის ამხანაგურ შეხვედრას ადევნეს თვალი, შემდეგ კი მთელი გუნდი ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩს დაესწრო. საღამოს ყიფიანმა თეორიული მეცადინეობა გამართა.

ის, რომ ლევან კობიაშვილი და აკაკი დევაძე პოლონელების წინააღმდეგ ვერ ითამაშებდნენ, 10 ოქტომბერს გაირკვა. ექიმებმა საბოლოოდ დაასკვნეს, რომ ლევანს ტრავმის მოსაშუშებლად მინიმუმ ერთი კვირა სჭირდებოდა, დევაძე კი დილის ვარჯიშზე დაშავდა – მუხლი შეიტრიალა.

ფეხი აწუხებდა გუნდის კაპიტანს კახი ცხადაძეს, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა დაგვაიმედა, რომ საგანგაშო არაფერი იყო და ვლადიკავკაზის ალანიის ერთ-ერთი ლიდერიც მოედანზე გასვლას შეძლებდა.

11 ოქტომბერს, მატჩის დღეს, გიო ახვლედიანმა საავტორო სვეტში „გამოუშვი ჟინი მუჭიდან“ (სარბიელი, #125) დაწერა:

„მოახლოვდა სეზონის ბოლო სანაკრებო მატჩის საათი. შაბათი დღეა და ფეხბურთიც, როგორც საფეხბურთო საშაბათო წესია ხოლმე, საღამოს პირზე გაიმართება. ამ შეხვედრით დროებით ვეთხოვებით ჩვენს ნაკრებს და, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ გამოზამთრების წინა გამოთხოვება ლამაზი იქნება. სხვაგვარი იმედი არც შეიძლება გვქონდეს.

ჩვენ ისეთი ბრიყვები არ გახლავართ, რომ რაღაც ოცნებებს გამოვეკიდოთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით ჩვენივე საყვარელი გუნდის გაქანება-აღმაფრენის ამბავი და მეორეც, ჩვენ თვალწინ გვაქვს მთელი საფეხბურთო წლის სანაკრებო სტატისტიკა, რომელშიც ფეხბურთის უცოდინარი პოლინეზიელიც კი ძალზე ცოტა სანუგეშო რამეს იპოვნის.

მაგრამ ეს ერთი მხარეა, „ცივ გონებას“ რომ დაარქმევენ ხოლმე. მეორე მხარე კი ცხელი გულია. იმ ტალახიან საღამოს შერცხვენილ გუნდს რევანში სწყურია. ძნელია იფიქრო ბევრ გოლზე, მაგრამ ვალდებული ხარ იფიქრო.

ვალდებული ხარ იფიქრო ისეთ გამარჯვებაზე, როგორიც გვჭირდება. ჩვენ, ტრიბუნაზე მსხდომი ხალხი ყველაფერს ვხედავთ და ბევრ რამეს ვხვდებით. ჩვენ იქ ცხელი გულით მივდივართ და გონებას სადღაც მუშტაიდის ახლოში ვტოვებთ. ჩვენ მივხვდებით, დავინახავთ თქვენს გარჯას. ჩვენ არამად არაფერს წამოვიყვირებთ. მთავარია ეს ხანმოკლე გამოთხოვება გამარჯვებით დაგვირგვინდეს.

საქართველოს ნაკრებს უკვე ჩაუწერია ორი-სამი სასახელო ფურცელი თავის ხანმოკლე ისტორიაში. მერე რა, რომ ამ კარგ თამაშებს ჩვენი ნაკრების საცხრილო მდგომარეობაზე დიდი არაფერი გავლენა მოუხდენია. ისინი ფეხბურთელთა და ქომაგთა გულშია ჩაბეჭდილი.

პოლონეთი ბალერონთა გუნდი როდია. ამ გუნდს ვერც სტალინურ პრემიას მიანიჭებდა კაცი. უბრალოდ, პოლონეთი ერთი ევროპული გუნდია, რომელიც არცთუ ლამაზად და შემოქმედებითად, მაგრამ მაინც ფეხბურთს თამაშობს. მოკლედ, პოლონეთი გუნდია, გინდა სუსტი დაუძახე, გინდა საშუალო, გინდა ძლიერი – გუნდია და გუნდურად იბრძვის. ნებისმიერი შემადგენლობით.

ჩვენ კი, იტალიელთა გამწარების შემდეგ, ხმაურის უფლება გვაქვს.

რა იყო მთავარი ამ უგოლო თამაშში? ახლა რომ ვფიქრობ ხმაჩახლეჩილ მალდინიზე და მისი გუნდისგან კარის მშრალად შენახვაზე, ასე მგონია, რომ მთავარი ორი რამ იყო: ფეხბურთელთა თავგანწირვა და საოცარი თანხვედრა მათი გუნება-განწყობისა და ოსტატობისა. ადრეც დავწერე – მწვრთნელი მართალი იყო სათამაშო პრინციპის არჩევისას. თუმცა თამაშის მიკროსურათებს ჩვენი მხრიდან დახვეწილობა და ვარჯიშზე გამოცდილი ხერხები აკლდა. ნულოვანმა ფრემ გაამართლა, მაგრამ რა მოხდებოდა მაშინ, საქართველოს ისე რომ დასჭირვებოდა მოგება, როგორც იტალიას?

დღეს ასეთი დღე გვაქვს – მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. რა იქნება მთავარი დღევანდელ ჯახში? ეს მწვრთნელებმა უკეთ იციან და ალბათ, დავთრებიც სავსე აქვთ.

ჩვენის ვიწრო გაგებით კი ის ჟინი, რომელიც იტალიასთან გამოჩნდა, მუჭში უნდა ყოფილიყო დამწყვდეული და სწორედ დღეს, 16 საათსა და 00 წუთზე უნდა გამოუშვან მინდორზე. ეს ტაქტიკისგარეთა ამბავია, მაგრამ ჩვენთვის, ქართველთათვის, ტაქტიკა ხომ ჯერაც არ ქცეულა მთავარ საქმედ.

ჟინი. სურვილი ღირსეულად გამოზამთრებისა – განა რაიმე სჯობს ამას?

პოლონეთიც არაა იტალია. მას არ აქვს მკვეთრი ფერები. ჩვენ კი აღმაფრენის წუთებში გვეხერხება მკვეთრი ფერების დადება მინდორზე.

შემოდგომა ქართველთა დროა. უნდა მოვიგოთ! ჩვენ მოგვენატრა მკვეთრი ფერებით დახაზული მოედანი“.

ვერ გეტყვით წაიკითხეს თუ არა ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებმა ეს წერილი, მაგრამ ის კი უნდა ვთქვა, რომ სარბიელის მესვეტის სურვილი ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს: მუჭში დაგროვილი ჟინი სრულად გამოუშვეს, ტრიბუნებზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივარიც აახმაურეს და ახალგაზრდულის მსგავსად გვარიანად დაჩაგრეს პოლონელები. და გუცაევის ბიჭებივით, მათაც დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 3:0!

შესვენებამდე გოლი არ გასულა, მაგრამ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ეპიზოდებში კი სახიფათოდაც უტევდნენ. ძალიან აქტიურობდა ნიდერლანდურ ბრედაში მოთამაშე არჩილ არველაძე, რომელმაც სანაკრებო შეკრებამდე ერედივიზიეში როტერდამის ფეიენოორდსაც გაუტანა გოლი. ის, ჩემი აზრით, საუკეთესო იყო ჩვენი გუნდიდან.

ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსი ჰქონდა მის ტყუპისცალს, თუმცა შოთას თავური ალექსანდერ კლაკმა ეფექტური ნახტომით მოიგერია. ეს მე-20 წუთზე მოხდა.

არჩილ არველაძის გარჯა 55-ე წუთზე დაფასდა, როცა ძმის პასით გახსნა ანგარიში.  შოთამ მარჯვენა ფლანგზე ჩაირბინა და საჯარიმოს მიახლოებულმა ბურთი დაახლოებით პენალტის ნიშნულთან მდგარ აჩიკოს გადააწოდა. მან ცრუმოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და ნახევარბრუნში კლაკს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა ბურთი – 1:0!

ხუთ წუთში პოლონელები ათნი დარჩნენ – სლოვაკმა არბიტრმა ლუბოშ მიხელმა მეორედ გააფრთხილა სლავომირ მაიაკი და გააძევა, თამაშის მიწურულს კი მის გზას გაუყენა მიხეილ ყაველაშვილი, ისიც მეორე ყვითელი ბარათით. ბარემ აქვე დავწერ, რომ რამდენიმე წელიწადში ლუბოშ მიხელი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრი გახდა და უეფამ 2003 წელს უეფას, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალები ანდო…

63-ე წუთზე ყიფიანმა გოგა გახოკიძე გოჩა ჯამარაულით შეცვალა და ამ უკანასკნელმაც ძალიან მალე საგოლე გადაცემა მიითვალა – საჯარიმოდან ბურთი ცხადაძეს მიაწოდა, კაპიტანმა კი ეფექტური თავურით მეორედ დალაშქრა პოლონელთა კარი – 2:0! ეს ჩვენი გუნდის პირველი თავური გოლი იყო ოფიციალურ მატჩებში.

„ხომ ამბობდნენ მოვიგებთო? ხომ ჩამოვიდნენ გაყოყოჩებულნი? საშინლად გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა თავაწეულებისთვის დიდი ანგარიშით მოგვეგო“! – იტყვის ცხადაძე მატჩის შემდეგ.

75-ე წუთზე სტუმრებმა მესამედ დაიწყეს ცენტრიდან თამაში და ეს ყველაზე ლამაზ კომბინაციას მოჰყვა: ჯამარაულმა შოთას აუგდო ბურთი, მან წამში ერთი შეხებით დაუგორა თემურ ქეცბაიას და ნიუკასლ იუნაიტედის ერთ-ერთმა ლიდერმაც ნაკრებში ჩატარებული ოცდამეხუთე თამაში ზუსტი დარტყმით აღნიშნა – 3:0!

მატჩის მიწურულს ყიფიანმა არჩილ არველაძე კახი გოგიჩაიშვილით, ხოლო ქეცბაია გიორგი კიკნაძით შეცვალა და მათ კუთვნილი აპლოდისმენტები მოასმენინა. ბოლოს იყო მიხელის სასტვენი, რითაც დასრულდა კიდეც ჩვენი გუნდის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ციკლი.

დიდი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა, პოლონეთს მხოლოდ ნაკლები გატანილი გოლის გამო ჩამორჩა. ბიჭებს ერთი ბურთიც რომ გაეტანათ, გუნდი მესამე ადგილზე გავიდოდა.

„ყიფიანმა გუშინ გამოაცხადა გადავდექიო, მაგრამ იმედი მაქვს, დათო და ფედერაცია კომპრომისს გამონახავენ. ის თვლის, რომ გუნდის აღმავლობისთვის მეტია საჭირო და ეს მართალია. მისი წასვლა ახლა, როცა ნაკრები პროგრესს განიცდის, არ შეიძლება“, – ასე დაასრულა რევაზ ძოძუაშვილმა პრესკონფერენცია, რომელსაც ჟურნალისტებზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

რაც შეეხება დავით ყიფიანს, ის ჯერ კიდევ თამაშის წინ დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში საგანგებო პრესკონფერენციას მოაწყობდა და ყველა კითხვას უპასუხებდა.

მან დანაპირები ახალი წლის წინ შეგვისრულა – 26 დეკემბერს გვიმასპინძლა დიღმის ბაზაზე.

იმ დროს მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა: ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 25 დეკემბერს ყიფიანის მემკვიდრედ ვლადიმერ გუცაევი დაამტკიცა.

თუმცა ეს იმ ზამთრის ერთადერთი მთავარი ამბავი არ იყო: ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ნაკრებში გუცაევის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე, 24 ნოემბერს, დეპარტამენტის თავმჯდომარემ კახი ასათიანმა საგანგებო ბრძანებით უფლებამოსილება შეუჩერა სფფ-ის პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს და გენერალურ მდივანს დავით კვინიკაძეს.

ასათიანის ბრძანებიდან ზუსტად ორ თვეში კი, 1998 წლის 24 იანვარს, ქართული ფეხბურთის მმართველი სახლი პრეზიდენტის გარეშე დარჩა – ნოდარ ახალკაცი, ჩვენი ფეხბურთის მთავარი გამარჯვების შემოქმედი, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ ამბებს მომდევნო წერილში გავიხსენებ.

* * *

11 ოქტომბერი, 1997. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 15 000
საქართველო 3:0 პოლონეთი
გოლები: 1:0 არჩილ არველაძე (55, შოთა არველაძის პასით), 2:0 კახი ცხადაძე (70, გოჩა ჯამარაულის პასით), 3:0 თემურ ქეცბაია (75, შოთა არველაძის პასით)
საქართველო
: ნიკა ტოგონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, მურთაზ შელია, კახი ცხადაძე (კაპ), გიორგი ჩიხრაძე, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი, თემურ ქეცბაია (გიორგი კიკნაძე 88), გოგა გახოკიძე (გოჩა ჯამარაული 63), შოთა არველაძე, არჩილ არველაძე (კახი გოგიჩაიშვილი 82)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
პოლონეთი: ალექსანდერ კლაკი, მარეკ იოზვიაკი, ტომაშ ლაპინსკი, მარეკ კოზმინსკი, პიოტრ სვიერჩევსკი (ადამ ლედვონი 63), ტომაშ ვალდოხი, იერჟი ბრჟეჩეკი (კაპ), სლავომირ მაიაკი, ტომაშ ივანი, რადოსლავ გოლევიჩი (კრშიშტოფ ბუკალსკი 74), ანჯეი იუსკოვიაკი (ცეზარი კუხარსკი 84)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი
გაფრთხილება: ტომაშ ივანი, ნუგზარ ლობჟანიძე, იერჟი ბრჟეჩეკი, მიხეილ ყაველაშვილი, გოგა გახოკიძე, სლავომირ მაიაკი, გიორგი ნემსაძე, სლავომირ მაიაკი, ტომაშ ლაპინსკი, მიხეილ ყაველაშვილი
გაძევება: სლავომირ მაიაკი (63), მიხეილ ყაველაშვილი (77)
მსაჯები: ლუბოშ მიხელი; რომან ჩაბაი, იგორ შრამკა (სლოვაკეთი)

 

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 10 იანვარი)
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; გაზეთი სარბიელი; ჯემალ კასრაძე; მატჩის ოფიციალური პროგრამა; მატჩის ბილეთი

ka_GEGeorgian