ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #43: საქართველო 1:1 რუსეთი
1998 წლის მაისი ტკბილად მაგონდება: უნივერსიტეტში სწავლას სარბიელში მუშაობას ვუთავსებდი, სადაც საყვარელი საქმით გახლდით დაკავებული – ფეხბურთზე ვწერდი. კვირაში ერთხელ ევროთასების გადამწყვეტი მატჩები იმართებოდა და რადგან დღის მეორე ნახევარში მივდიოდი რედაქციაში, ღამით, ფინალების დასრულების შემდეგ, მოკლე მიმოხილვებს ვამზადებდი. სწორედ იქ, სამსახურის დიდ და მთავარ ოთახში ვნახე ინტერი-ლაციო, ჩელსი-შტუტგარტი, რეალი-იუვენტუსი…
გარდა ამისა, უცხოური ფეხბურთის განყოფილების თანამშრომლებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ თითოეულ ჯგუფზე სპეციალური ჩანართების მომზადება დავიწყეთ და დროგამოშვებით დამატებით რვაგვერდიან გაზეთს ვთავაზობდით მკითხველს: საფრანგეთი 1998-ის მონაწილეებს მიმოვიხილავდით, თითოეულ ფეხბურთელს ვაფასებდით, ისტორიებს ვიხსენებდით…
მთავარი ტურნირის მოახლოებასთან ერთად საინტერესოდ ვითარდებოდა ამბები ქართულ ფეხბურთშიც. ტუნისში სტუმრობის შემდეგ ვლადიმერ გუცაევის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთთან ამხანაგური მატჩისთვის დაიწყო მზადება, საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდებოდა, დროგამოშვებით ფედერაციის საზაფხულო ყრილობაც თავს გვახსენებდა და ფეხბურთს რომ თავი დავანებო, ჩვენი მორაგბეებიც რუსებთან სათამაშოდ ემზადებოდნენ. ამ ჯახსაც არანაკლები მოლოდინით ელოდნენ მაშინდელ თბილისში, რადგან რუსეთთან დაპირისპირება ყველგან საინტერესო იყო.
რაც შეეხებათ ჩვენს ლეგიონერებს, თემურ ქეცბაია ნიუკასლ იუნაიტედთან ერთად ლონდონის არსენალთან ასოციაციის თასის ფინალისთვის ემზადებოდა, შოთა არველაძის აიაქსს პსვ ეინდჰოვენთან გადამწყვეტი სათასო პაექრობა ელოდა, გიორგი ნემსაძე და მიხეილ ყაველაშვილი გრასჰოპერსის მაისურით შვეიცარიის ჩემპიონობას ზეიმობდნენ, კახი კალაძე კი ვალერი ლობანოვსკის იმ მაგარი კიევის დინამოს ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ლამის შეუცვლელად თამაშობდა. კარგ უცხოურ ჩემპიონატში მოთამაშე ჩვენებს მაისის მიწურულს გელა შეყილაძეც შეუერთდა – ბათუმის დინამოს საუკეთესო მცველმა ბელგიის ლიერსთან გააფორმა ხელშეკრულება…
ტუნისში შთამბეჭდავი თამაშის და დიდებული გოლის შემდეგ გიორგი ქინქლაძე ამსტერდამის აიაქსს შეუერთდა და ახლა რომ ვფიქრობ, ეს ტრანსფერი გულშემატკივრებს, მგონი, ყველაზე ძალიან გაგვიხარდა. გარიგების შესახებ სარბიელელებმა 8 მაისს შევიტყვეთ, მეორე დილით კი გულშემატკივრები აიაქსელი გიოს პირველ ინტერვიუს გაეცნენ:
„პირველებმა, მგონი, თქვენ გაიგეთ ეს ამბავი. ჯერ სიტის გულშემატკივრებმაც არ იციან აიაქსთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. სამს პლუს ერთზე შევთანხმდით, ხელმოწერას აიაქსის პრეზიდენტი, ფინანსურ საქმეთა გამგებელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაესწრო. მაისურის გადაცემა და ოფიციალური წარდგენა მოგვიანებით გაიმართება, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ“, – უთხრა გიომ კობა ინასარიძეს, ვინც ნიდერლანდების ყველაზე ტიტულიანი გუნდის ახალწვეულს ამსტერდამში შეეხმიანა.
აიაქსმა, რომელმაც აპრილში გაინაღდა ერედივიზიეს ჩემპიონის ტიტული, ქართველი გამთამაშებელი ჟურნალისტებს 10 მაისს, უტრეხტთან საშინაო თამაშის შემდეგ წარუდგინა. გიორგი ქინქლაძეს მეთერთმეტე ნომრით დამშვენებული თეთრ-წითელი საკლუბო მაისური მთავარმა მწვრთნელმა, დანიელმა სპეციალისტმა მორტენ ოლსენმა გადასცა.
მეორე დღეს, ორშაბათს, 11 მაისს, ვლადიმერ გუცაევმა რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გაგვაცნო:
მეკარეები – დავით გვარამაძე, ნიკა ტოგონიძე;
მცველები – ნუგზარ ლობჟანიძე, გელა შეყილაძე, გივი დიდავა, ლევან სილაგაძე, კახი ცხადაძე, მიხეილ ქობულაძე;
ნახევარმცველები – გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი;
თავდამსხმელები – შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, თემურ ქეცბაია, მიხეილ ფოცხვერია და… ზაზა ჯანაშია!
მოსკოვის ლოკომოტივის ლიდერს მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთი შანსი მისცა, ფოთის კოლხეთი 1913-ში მოთამაშე ქობულაძის შესახებ კი თქვა, რომ თანაშემწეები მას რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ახალგაზრდა მცველის შესახებ ფოთელთა თავკაცს, სოსო ფილიასაც გაესაუბრნენ და გამოცდაც გადაწყვიტეს. მოვლენებს წინ გავუსწრებ და დავწერ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილს შეკრება გაუცდა.
სამშაბათს, 12 მაისს, თბილისის დინამომ ლანჩხუთის გურია 6:0 გაანადგურა, უახლოესმა მდევარმა ბათუმის დინამომ რუსთავში დაკარგა ქულები (1:1) და მეცხრე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დედაქალაქური კლუბი ცხრაგზის ჩემპიონი გახდა.
ერთი დღის შემდეგ, როცა საქართველოში კიდევ ერთხელ შესვეს ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო და თვალზე ცრემლით მოიგონეს დიუსელდორფი და 13 მაისი, ლონდონის ჩელსიმ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჯანფრანკო ძოლას ერთადერთი გოლით დაამარცხა შტუტგარტი და ოცდარვა წლის შემდეგ პირველი საერთაშორისო ტიტული, თასების მფლობელთა თასი მოიგო.
20 მაისს რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა პოლონეთთან და საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოძახებული ფეხბურთელები გაგვაცნო, ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში ქართველთა ერთ-ერთმა მეტოქემ ნორვეგიამ კი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომ ემზადებოდა, მექსიკას 5:2 გადაურბინა. იმავე საღამოს ამსტერდამ არენაზე ჩემპიონთა თასის მორიგი მფლობელი გამოვლინდა: ჩემმა ფავორიტმა იუვენტუსმა ზედიზედ მეორე ფინალი წააგო, ამჯერად მადრიდის რეალთან – 0:1. სამეფო კლუბმა ოცდათორმეტი წლის შემდეგ პირველად მოიგო მთავარი საკლუბო ჯილდო, ისტორიული გოლი კი პრედრაგ მიატოვიჩმა გაიტანა.
20 მაისის მთავარი სპორტული მოვლენად ჩვენი მორაგბეების მიერ რუსთა ძლევა იქცა – კლოდ სორელის მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმში გატეხეს მეტოქე (პირველი ნახევარი 6:6 დასრულდა), 12:6 გაიმარჯვეს და უზომოდ გაახარეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი ოც ათასამდე გულშემატკივარი.
22 მაისს ოფიციალურად დასრულდა მეცხრე ეროვნული ჩემპიონატი, ფეხბურთის ფედერაციამ კი დაადასტურა, რომ 26 მაისს დანიშნული თასის ფინალი საღამოს გაიმართებოდა. რაც შეეხება რუსეთის ნაკრებს, გაირკვა, რომ მათ თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი ომარ თეთრაძე ვერ დაეხმარებოდა. იგნატიევის თქმით, გამოცდილ მცველს ძველი ტრავმა ისე გაუმიზეზდა, რომ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„ფედერაცია აბუჩად გვიგდებს“ – ასე დაასათაურა სარბიელმა (#77; 1998 წლის 25 მაისი) 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ გმირის ილია დათუნაშვილის ინტერვიუ. ვეტერანი ფეხბურთელი ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე დღით ადრე ოფიციალურად დარეგისტრირდა, კობა ინასარიძესთან საუბარში კი ზოგადად მიმოიხილა ჩვენი ფეხბურთი და მმართველ სახლს მუშაობის სტილი დაუწუნა. მან თქვა: „არავის ვეწინააღმდეგები. ვისაც ვინ უნდა, იმას მისცეს ხმა. პრეზიდენტობის იმედი რომ არ მქონდეს, კანდიდატურას არც წამოვაყენებდი. მანდატების მქონეთ ერთს ვურჩევ – სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, სანამ ხელს აწევენ. ჩემი სურვილი ფეხბურთისადმი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარეობს. პრეზიდენტობა შემიძლია, სურვილიც მაქვს და მოქალაქეთა კავშირის მხარდაჭერის იმედიც, მე ამ კავშირის წევრი ვარ“.
ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 მაისს იწყებდა შეკრებას, მაგრამ წლის მეხუთე ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაიწყო, თან არასრული შემადგენლობით. მცხეთაში, არმაზის სტადიონზე ვლადიმერ გუცაევის განკარგულებაში პირველ დღეს მხოლოდ რვა ფეხბურთელი იყო – კახი ცხადაძე, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, არჩილ არველაძე, დავით ჩალაძე და გიორგი ღუდუშაური. ამ უკანასკნელებს მთავარმა მწვრთნელმა მოგვიანებით უხმო. მეორე დღეს, 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, ნაკრებს გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილიც დაემატნენ. მცხეთის ვარჯიშებში თსუ-ს მეკარე ნიკურაძეც მონაწილეობდა.
საწვრთნელი პროცესი სახალისო რომ ყოფილიყო, მთავარმა მწვრთნელმა ასეთი რამ მოიფიქრა: თუ ბიჭები საჯარიმო ხაზიდან ათი ცდიდან სამ ბურთს მაინც გაუტანდნენ ახალწვეულს, ის ათჯერ აიზიდებოდა, საპირისპირო შემთხვევაში კი ფეხბურთელები დაისჯებოდნენ. პირველი ორი სერია ნიკურაძემ მოიგო, თუმცა მერე ბიჭები გაბრაზდნენ და…
ვარჯიშის მიწურულს გუცაევმა ნაკრები ორად გაყო. ერთ მხარეს ქეცბაია, ქინქლაძე, არველაძე და ცხადაძე მოხვდნენ, მეორე ოთხეულში კი ჯამარაული, გახოკიძე, ჩალაძე და ღუდუშაური. ნახევარსაათიანი მინი-ფეხბურთი 0:0 დასრულდა, რადგან ორი ბურთით დაწინაურებმა ვერცერთმა შეძლო. ერთი ბურთი კი არაფერს ნიშნავდა, ასეთი იყო წესი.
„1996 წელს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევდნენ. არ წავედი. მე ქართველი ვარ და საქართველოს ღირსებას უნდა ვიცავდე“, – უთხრა 19 წლის დავით ხმელიძემ სარბიელელ მამუკა კვანტალიანს, რომელმაც ახალგაზრდული ნაკრების ახალწვეული მეკარე ვერ იცნო. გიგლა იმნაძის ბიჭებიც მცხეთაში ვარჯიშობდნენ ეროვნულის მხარდამხარ და სოჭის ჟემჩუჟინის ქართველი გოლკიპერი ფეხბურთზე მწერალმა ჟურნალისტებმა საქართველოს ძველ დედაქალაქში იხილეს პირველად.
26 მაისს გუცაევის ნაკრების მომავალმა მეტოქემ ნორვეგიამ მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა – საუდის არაბეთს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა, რუსეთის ნაკრები კი პოლონეთთან დამარცხდა – 1:3.
მთავარი სანახაობა თბილისში, ეროვნულ სტადიონზე გათამაშდა – ბათუმის დინამომ თბილისის დინამო დამატებით დროში გატეხა და მეხუთე ცდით ისტორიაში პირველად მოიგო საქართველოს თასი! მანამდე მათ ზედიზედ სამი ფინალი წააგეს დავით ყიფიანის დინამოსთან.
აჭარლები ალექსანდრე კანტიძემ დააწინაურა მეთხუთმეტე წუთზე, ზუსტად ოც წუთში რატი ალექსიძემ წონასწორობა აღადგინა, დამატებითი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე კი დავით ჭიჭვეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1. ლანჩხუთის გურიის და თბილისის დინამოს შემდეგ ბათუმის დინამო მესამე კლუბი გახდა, რომელმაც საქართველოს თასი მოიგო.
„ნაკრები ახლა ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად აღმოვფხვრათ პრობლემები. ყოველმხრივ დაბალანსებული გუნდი უნდა შევქმნათ. ეს ნებისმიერს ეხება – მეკარიდან დაწყებული თავდამსხმელით დამთავრებული. ყველანი ვალდებულნი ვართ საქართველოს ღირსება დავიცვათ, სექტემბერს ყოველმხრივ მომზადებულნი უნდა შევხვდეთ.
აქვს თუ არა პოლიტიკური დატვირთვა ამ მატჩს? პოლიტიკა არაფერ შუაშია, უბრალოდ, მეტოქეს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მათზე ძლიერები ვართ. ისტორიაც რომ გავიხსენოთ, მოსკოვური გუნდების ჩამოსვლას სიმძაფრე არასდროს აკლდა“, – ეს სიტყვები ვლადიმერ გუცაევმა 28 მაისს, კრწანისის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს თამაშამდე ორი დღით ადრე შეხვდა.
სპორტული მედიის სტუმრობას ფეხბურთელებიც დაესწრნენ, მათ შორის შოთა არველაძე, რომელმაც აიაქსში სადებიუტო სეზონი თასის მოგებით დაასრულა, თან პსვ ეინდჰოვენის 5:0 განადგურებაში წვლილი გოლითაც შეიტანა.
„ვფიქრობ, ამ თამაშში არავითარი პოლიტიკა არ დევს. ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ მათზე კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. დავამტკიცოთ და მორჩა“, – თქვა შოთამ. ამავე საკითხზე ცხადაძემ და ქეცბაიამაც გამოთქვეს აზრი. შემდეგ გუცაევმა თქვა, დროა პოლიტიკაზე საუბარი დავასრულოთო, რასაც შოთას ხუმრობა მოჰყვა – მოდით ახლა ეკონომიკაზე გადავერთოთო.
რუსეთის ნაკრები იმავე საღამოს გვესტუმრა. მე პაატა თოთაძესთან ერთად მიმავლინეს აეროპორტში და სტუმართა დელეგაციას, ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს, უამრავ კოლეგასთან ერთად დავხვდით. უცნობი მიზეზის გამო რუსების დელეგაცია დაგეგმილზე ორი საათით გვიან ეწვია საქართველოს დედაქალაქს და ამის გამო პრესკონფერენცია გაუქმდა, მათ იქვე გავესაუბრეთ.
„ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში გერასიმენკო არ ითამაშებს, ის უკვე გავათავისუფლეთ. სხვები ჯანმრთელად არიან, ძირითად შემადგენლობას კი მატჩის დღეს, დილით მოვიფიქრებ. საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაში ვნახე, იტალიასთან და პოლონეთთან თბილისში და შემიძლია ვთქვა, რომ რთული შეხვედრა გველის. ბოლო მატჩში ბევრი ხარვეზი დავინახეთ, თუმცა ამხანაგური თამაშები სწორედ ამიტომაა, რომ ნაკლი დროულად შევნიშნოთ“, – გვითხრა რუსების მთავარმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა.
ფეხბურთელებს ბევრი არ უსაუბრიათ, მხოლოდ ის დამამახსოვრდა, რაც დმიტრი ალენიჩევმა და ანდრეი ტიხონოვმა მითხრეს: თბილისური პაექრობა, სავარაუდოდ, ფრედ დასრულდებაო. ალენიჩევმა ანგარიშიც გამოიცნო – 1:1. რუსეთის ნაკრები აეროპორტიდან პირდაპირ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ გაეშურა – სტუმრები საქართველოს ეროვნული ნაკრების სიახლოვეს მოასვენეს.
თამაშის დღეს, 30 მაისს, სარბიელმა გულშემატკივრებს ტრადიციული რეფერენდუმის შედეგები გააცნო და 1997-1998 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი წარუდგინა – შოთა არველაძე. მან მეორედ მოიგო სარბიელის გამოკითხვა, პირველად 1994 წელს.
აიაქსის ცენტრფორვარდის პირველობას ყველა ელოდა და ასეც მოხდა: 47 ჟურნალისტიდან 41-მა ის პირველ ნომრად დაასახელა. შოთამ 223 ქულა დააგროვა და საგრძნობლად აჯობა მეორე ადგილზე გასულს, წინა რეფერენდუმის გამარჯვებულ თემურ ქეცბაიას – 74 ქულა. შვეიცარიის ჩემპიონი გიორგი ნემსაძე 41 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.
იმ დღეს სარბიელმა პირველად გამოავლინა ეროვნული ჩემპიონატის რჩეულები. საუკეთესო სამეული ასეთი იყო – დავით მუჯირი (თბილისის დინამო), გელა შეყილაძე (ბათუმი) და ნიკა ტოგონიძე (ბათუმი).
ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცები და ფეხბურთელები კი ამბობდნენ, პოლიტიკა არაფერ შუაშიაო, მაგრამ ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ რუსებთან მატჩს ამხანაგური პირობითად ერქვა. როგორც უნდა გეცადა, პოლიტიკას გვერდს ვერ აუვლიდი. ამის ნათელი დასტურია დათო ტურაშვილის მცირე ჩანახატი – „აჰა, დიდგორი!“, რომელიც სარბიელის 30 მაისის ნომერში დაიბეჭდა:
„არ მინდა დავემსგავსო ლევან სანიკიძეს, თორემ მეც შევძლებდი ქრონოლოგიურად, თანმიმდევრულად ყველა იმ ტკივილის, სისხლისა თუ შეურაცხყოფის ჩამოთვლას, რაც საქართველომ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე რუსეთისგან დაპყრობის გამო იწვნია.
ამიტომ ვიტყვი მოკლედ: დღეს თქვენ წინააღმდეგ ითამაშებს თქვენი სამშობლოს დაუძინებელი, უბოროტესი, უსასტიკესი მტერი – ყველაზე დაუნდობელი და სისხლიანი მტერი, რაც კი საქართველოს ჰყოლია.
საქართველოს ისტორია ათასწლეულებს ითვლის და თქვენ სწორედ იმ ჯიშისა ხართ, იმ ათასწლეულებს რომ გაუძლო ყველაფრის მიუხედავად და თქვენ, ძველი იბერიელებისა და კოლხების ჩამომავალთ, უბრალოდ არ გაქვთ დამარცხების უფლება.
დღეს თქვენ ისევე უნდა დადგეთ, როგორც ქართველი მორაგბეები ათი დღის წინ და არ დაიჯეროთ, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა.
ტოტლებენიც ამხანაგი ეგონა ერეკლე მეფეს და ჩვენს ხელისუფლებასაც მეგობრები ჰგონია რუსები. რუსებმა კი მეგობრობა არ იციან, იციან როგორ წაგართვან და გვართმევენ კიდეც…
გვართმევენ ყველაფერს, რისი დაპატრონებაც შეუძლიათ და არავინ იცის, როდის მოგიწევთ ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩში გამოსვლა, რადგან ეგ მოედანიც, სადაც უნდა იბრძოლოთ, როგორც არასდროს, სინამდვილეში თქვენი სამშობლოს მიწაა და არა საფეხბურთო მოედანი. თუ რომელიმე თქვენგანი სხვაგვარად ფიქრობს, მოედანზე არგასვლა ჯობს რუსეთთან მარცხს.
რადგან უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ათასობით ქართველის იმედი ხართ, იმ ქართველებისა, ვისაც უჭირს, შია, წყურია და აყრილი პატივისა და დაკარგული სამშობლოს დაბრუნებაზე ოცნებობს.
მაინც ოცნებობს და მაინც იმედი აქვს, მაინც სჯერა, რომ ჩვენ მოვიგებთ.
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.
გაიმარჯვებს, რადგან თქვენ ქართველები ხართ!
გთხოვთ“.
ახალგაზრდა მწერლის მოწოდება გიგლა იმნაძის ნაკრებმა უკეთ შეისმინა – მათ რუს თანატოლებს გორში უმასპინძლეს და ისევე როგორც ერთი წლით ადრე, კვლავ დაამარცხეს მეტოქე, ამჯერად 2:1.
ნაკრები დავით მუჯირმა დააწინაურა დიდებული გოლით, რაც სარბიელელ მამუკა კვანტალიანსაც არ გამორჩა თამაშის მიმოხილვაში: „გორში მუჯირი შეუდარებელი გახლდათ. მუმუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში საუკეთესოს სახელი კანონიერად მიენიჭა. რუსებმა ჩვენს დირიჟორს ვერაფერი მოუხერხეს, ხოლო 35-ე წუთზე მუმუს საფირმო, ყუმბარისებურმა დარტყმამ მიზანს უწია. მიშჩუკი ადგილზე გახევდა და ბურთი რომ ბადეში იხილა, მერეღა გაწვა ზურგზე, გამწარებული“.
გორის სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა შვიდ ათასამდე გულშემატკივარმა 44-ე წუთზე მეორედ გაიხარა – მუჯირმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, იქ ალექსანდრე იაშვილმა ჩინებულად ითამაშა დასწრებაზე და თავური დარტყმით შეაგდო ბურთი. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს – 2:1. ეს იყო და ეს, შემდეგ ვერაფერი შეძლეს და მასპინძლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ექვსი ცვლილებით ჩაამთავრეს, მშვიდად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე.
ეროვნულმა გუნდმა კი ვერ მოიგო. მაგრამ არც წააგო და დაუმარცხებელი სერიაც რვა შეხვედრამდე გაიზარდა. კი, სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იმ ფრემ გამახარა. არაფრით გამორჩეული შეხვედრა გამოდგა. მსგავსი მას მერეც ბევრჯერ მინახავს ეროვნულ სტადიონზე, არადა დიდუბეში მეგობრებთან ერთად მიმავალი სხვა მუხტს, სხვა სანახაობას და სხვა შედეგს ველოდი. ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია თითქოს ყაიმი ორივე გუნდს საუკეთესო გამოსავლად მიაჩნდა. შესაძლოა ვცდები და ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ფაქიზ გრძნობებს უდიერად შევეხე, მაგრამ მხოლოდ ჩემს შთაბეჭდილებას განდობთ. ის აზერბაიჯანელი მსაჯებიც რაღაც ძალიან ხშირად და საეჭვოდ ცდებოდნენ ხან ჩვენს, ხან კი რუსების სასარგებლოდ…
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით პირველი საშინაო თამაში 18 საათზე დაიწყო. სტადიონზე მისულს ყველაზე ძალიან ის მესიამოვნა, რომ ტრიბუნები თითქმის ბოლომდე შეივსო – ამხანაგური მატჩის სანახავად სამოცდაათ ათასზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა. რამდენიმე დღის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე დაიჩივლებს: ტრიბუნები კი გაივსო, მაგრამ მხოლოდ ოცდაერთი ათასი ბილეთი გაიყიდა, დანარჩენები უბილეთოდ შეძვრნენ და ამის გამო ძალიან ვიზარალეთ, მატჩის ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯი, ორმოცი ათასი ლარი, სრულად ვერ ამოვიღეთო.
ნომერი ექვსი… ზაზა ჯანაშია! – როცა სტადიონის დიქტორმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა, ყველაზე მეტად მოსკოვის ლოკომოტივის ფორვარდის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა გამიკვირდა. ვიცოდი, რომ ის, ბოლოს და ბოლოს შეურთდა ნაკრებს, მაგრამ…
მოგვიანებით შევიტყვე, რომ უკანასკნელ ვარჯიშზე თემურ ქეცბაია შეუძლოდ გახდა, წვრთნა შეწყვიტა, მერე კი მაღალი ტემპერატურის გამო შეკრებაც დაასრულა. როგორც ჩანს, გუცაევმა ამიტომ გაამწესა ძირითადში ჯანაშია. ის შოთა არველაძეს შეუწყვილა, დანარჩენები კი ასე გაანაწილა: კარში ნიკა ტოგონიძე დაბრუნდა; დაცვაში მარჯვნიდან მარცხნივ გელა შეყილაძე, ლევან სილაგაძე, კახი ცხადაძე და გოგა გახოკიძე დადგნენ; მათ წინ გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ითამაშა, ნახევარდაცვის სამეულში კი ლევან კობიაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა და გიორგი ქინქლაძემ.
რუსების კარს პირველად სწორედ ქინქიმ შეუტია: მეორე წუთზე ფეხებსშუა გაუძვრინა ბურთი სტუმართა კაპიტანს ონოპკოს, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ლისაბონის ბენფიკის მეკარე სერგეი ოვჩინნიკოვიც იოლად დაეუფლა ბურთს.
ორ წუთში სტუმრები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ – კობიაშვილი-ნემსაძე-გახოკიძის კომბინაცია ამ უკანასკნელის უძლიერესი დარტყმით დასრულდა. ბურთმა რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუფრინა კარის ძელს.
მე-10 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა: ჩვენები თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნის დროს შეცდნენ, რუსებმა მარტივი კონტრიერიში გაშალეს და იგორ სიმუტენკოვმა წინ გამოსულ ტოგონიძეს ბურთი გადაავლო – 0:1.
მე-16 წუთზე ნემსაძე შესაცვლელი შეიქნა – მუხლი იტკინა, თამაში ვეღარ გააგრძელა და სამკლაური კახი ცხადაძეს გადაულოცა. გიორგის ნაცვლად გუცაევმა თბილისის დინამოს მცველი გივი დიდავა ჩართო თამაშში. 1996 წლის დეკემბერში ლიბანში გამართულ ორ არაფრისმომცემ მატჩს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ეს დიდავას დებიუტი იყო ეროვნულ ნაკრებში.
ნემსაძის დონის მოთამაშის ნაადრევად გამოკლება ნამდვილად პრობლემა იყო, თუმცა საბედნიეროდ, დიდავამ ჩინებულად შეცვალა გამოცდილი თანაგუნდელი, ბიჭებმა კი მალე საპასუხო გოლიც გაიტანეს: გახოკიძემ რუსების შეტევა ჩაჭრა და ბურთი ქინქლაძეს დაუგორა, მან შოთა მოძებნა, რომელმაც ჯანაშიას გადააწოდა. ეროვნული გუნდის ძირითადში გამოჩენა ოცდაორი წლის ფორვარდმა გოლით აღნიშნა – 1:1.
ორ წუთში ზაზამ კვლავ დიდებულად ითამაშა, ეფექტურად ჩამოიტოვა კოვტუნი და ჩუგაინოვი, ბურთი შოთას დაუგორა, თუმცა მას წამით დაასწრეს. კიდევ რამდენიმე წამში ქინქლაძის მეორე დარტყმა ვიხილეთ. ოვჩინნიკოვმა კვლავ საიმედოდ ითამაშა.
29-ე წუთზე ტოგონიძემ ერთხელაც დაადასტურა, რომ ბრწყინვალე ფორმაში იყო – ცხადაძე-სილაგაძის წყვილი უხეშად შეცდა, ბურთი ბესჩასტნიხს მიუვიდა, თუმცა მან მეკარეს ვერ აჯობა, ნიკამ ძალიან სახიფათო თავური დარტყმა მოიგერია. როგორც ასეთ მომენტებში იტყვიან ხოლმე, კარი გოლისგან იხსნა.
შესვენების შემდეგ სამივე სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს. პირველად შოთას არ გაუმართლა – სტუმართა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და კარი გადაარჩინა, წამში ტაჰირ სულეიმანოვმა საჯარიმოში ჯანაშიას წინააღმდეგ წესების აშკარა დარღვევა ვერ, ან არ დაინახა – თავდამსხმელი კოვტუნმა წააქცია, უკანასკნელ წუთებში კი ოვჩინნიკოვმა არც ცქიტიშვილი გაახარა, მორიგი რთული დარტყმა მოიგერია.
თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე დიქტორმა საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობა გვამცნო: სტუმართა შორის კაპიტანი ვიქტორ ონოპკო გამოარჩიეს, ქართველებიდან კი გოჩა ჯამარაული.
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა პრესკონფერენცია ასე დაიწყო: „მსურს მადლობა გადავუხადო ვლადიმერ გუცაევს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომლებმაც საშუალება მოგვცეს ისევ გვეთამაშა თბილისში, სავსე ტრიბუნების წინ. ასეთი მატჩი შემთხვევითობა კი არა, ტრადიცია უნდა იყოს“. ამის შემდეგ მან ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და მალე დატოვა დარბაზი, გუცაევი კი დიდხანს გაჩერდა:
„თავდაცვითი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ზოგი ფეხბურთელი ჩვენს მიერ მიჩენილ პოზიციაზე არ ჩამოდიოდა, საკუთარ ადგილს დროზე არ იკავებდა. მაგალითად შეყილაძე, თუმცა მეორე ტაიმში გელამ შეცდომები გამოასწორა. ვერც ჯამარაულმა და ვერც გახოკიძემ ითამაშეს დაცვაში კარგად, მათ ხომ მთლიანი ფლანგების კონტროლი დავავალეთ…
ხელოვნურ თამაშგარეს ბიჭები ჩვენი მითითებით ასრულებდნენ. ტაქტიკურ სქემას აუცილებლად დავხვეწთ. ჩვენ თამაშგარეს ხელოვნურად შექმნაც უნდა ვისწავლოთ და სხვა სტანდარტული მდგომარეობების შესრულებაც…
რაც შეეხება გიორგი ნემსაძეს, ტრავმა სერიოზულია, მუხლის არეში აქვს ტკივილები. აღდგენას ორი-სამი დღე დასჭირდება და მერე უფრო კარგად გვეცოდინება, რამდენად სერიოზულია ტრავმა…
ჯანაშიას რომ არ ვეძახდით, ეს განზრახ იყო. გვსურდა, გაბრაზებულიყო და მერე მთელი ძალით ეთამაშა. დღეს ბევრი იბრძოლა, გოლიც გაიტანა, ბოლოს კი დაიღალა, მაგრამ ეს არაფერი. ისიც ჩვენი გუნდის წევრია, ისევე როგორც ყაველაშვილი და ფოცხვერია. მის მიმართ არავითარი პირადი ინტერესი არ გაგვაჩნია…
მსაჯობაზე ლაპარაკი არ მჩვევია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს, ჯანაშიაზე კი ნაღდი პენალტი არ დაინიშნა“.
პრესკონფერენციის მიწურულს ვლადიმერ გუცაევმა კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრის შესახებ თქვა, 12 აგვისტოს აზერბაიჯანში, 19 აგვისტოს კი უკრაინაში ვითამაშებთო. მან ისიც დასძინა, რომ სამეზობლოში სათადარიგო შემადგენლობით გაემგზავრებოდა, მხოლოდ ორ-სამ ლეგიონერს თუ მიიწვევდა, სხვებს კი უკრაინასთან მატჩისთვის იხმობდა.
მეორე დღეს, 31 მაისს, გაზეთმა ალიამ სასტუმრო საქართველოში გამართულ სპეციალურ მიღებაზე სპორტის ჟურნალისტთა გამოკითხვის გამარჯვებულები დაასაჩუქრა. საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ვლადიმერ გუცაევს ერგო, წლის ლეგიონერად შოთა არველაძე დასახელდა, ახალგაზრდებს შორის დავით მუჯირი გამოარჩიეს, მის თანაკლუბელს ლევან ხომერიკს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა, ნომერ პირველ მეკარედ ნიკა ტოგონიძე აღიარეს, ულამაზესი გოლისთვის დაწესებული პრიზი გიორგი ქინქლაძეს უსახსოვრეს, ხოლო სპეციალური წოდება – ჯენტლმენი ფეხბურთელი, გოჩა ჯამარაულს უბოძეს.
ალიას დაჯილდოება, ისევე როგორც ჩვენი ფეხბურთი, მალე ყველას გადაგვავიწყდა – 10 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს XVI ჩემპიონატი, საფრანგეთი 1998.
* * *
30 მაისი, 1998. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 75 000
საქართველო 1:1 რუსეთი
გოლები: 0:1 იგორ სიმუტენკოვი (11), 1:1 ზაზა ჯანაშია (19, შოთა არველაძის პასით)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, გელა შეყილაძე, ლევან სილაგაძე, კახი ცხადაძე, გოგა გახოკიძე (არჩილ არველაძე 75), გიორგი ნემსაძე (კაპ) (გივი დიდავა 16), გოჩა ჯამარაული, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე (ლევან ცქიტიშვილი 82), ზაზა ჯანაშია (დავით ჩალაძე 70), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
რუსეთი: სერგეი ოვჩინნიკოვი, დმიტრი ხლესტოვი, იური კოვტუნი (ალბერტ ბორზენკოვი 61), იგორ ჩუგაინოვი, სერგეი სემაკი (ალექსანდრ გორშკოვი 89), ვიქტორ ონოპკო (კაპ), დმიტრი ალენიჩევი, ევგენი ვარლამოვი (ვლადისლავ რადიმოვი 46), ანდრე ტიხონოვი (არტურ პაგაევი 79), იგორ სიმუტენკოვი (დენის ზუბკო 46), ვლადიმირ ბესჩასტნიხი (ილია ციმბალარი 57)
მწვრთნელი: ბორის იგნატიევი
გაფრთხილება: იგორ ჩუგაინოვი, გივი დიდავა, ნიკა ტოგონიძე, იგორ სიმუტენკოვი, ვიქტორ ონოპკო
მსაჯი: ტაჰირ სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)
ლაშა გოდუაძე (2023 წლის 10 თებერვალი)
ფოტო: გაზეთები სარბიელი, საქართველოს სპორტი; ფუტბოლი (რუსეთი); თამაშის ბილეთი