ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #44: აზერბაიჯანი 1:0 საქართველო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში რამდენიმე გაუგებარი თამაშია, რომელიც რატომ ჩატარდა ან რას ემსახურებოდა, რთული ასახსნელია. ყოველ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ქვეყნის მთავარ გუნდზე ზრუნვა, ასეთი მატჩების შესახებ დასაბუთებულად არაფერი უთქვამთ.

ჩემთვის ეროვნული გუნდის გაუგებარი თამაშების ჩამონათვალი 1993 წლის 25 მაისს, აზერბაიჯანში, განჯაში მეზობლებთან მარცხით იწყება. მეორე დღეს, 26 მაისს, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე საქართველოს თასის ფინალი იყო დანიშნული და ამიტომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდი განჯაში თბილისის და ბათუმის დინამოელების გარეშე გაემგზავრა. ნაკრები შინ 0:1-ით დაბრუნდა.

შემდეგია 1996 წლის დეკემბრის ტურნე ლიბანში. იმხანად ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე ფეხბურთელი იახლა, ფედერაციის მავანმა თანამშრომელმა (ან თანამშრომლებმა) კი ეს გუნდი ეროვნულ ნაკრებად მოიხსენიეს საბუთებში და დღეს ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის ისტორიაში ის ორი მარცხიც შედის – 2:4 და 2:3.

მეოთხე გაუგებარ მატჩად კი 1998 წლის 12 აგვისტოს იმავე განჯაში შემდგარი ამხანაგური შეხვედრა მიმაჩნია. ეს თამაში რომ დაიგეგმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა ჯერ კიდევ მაისში, რუსებთან თბილისური 1:1-ის შემდეგ გვაცნობა. ჟურნალისტებმა ვიცოდით, რომ გუნდის თავკაცი აზერბაიჯანში კანდიდატების გამოცდას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ თამაშს თავად მწვრთნელი არ დაესწრო, მიწვეულ ფეხბურთელთაგან კი უმრავლესობას ნაკრების კანდიდატი ძნელად თუ ეთქმოდა.

გუცაევის გადაწყვეტილებით და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თანხმობით, აზერბაიჯანში ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდების მთავარმა მწვრთნელმა გიგლა იმნაძემ უხელმძღვანელა. რჩეულ ფეხბურთელთა სია მან ზემოდგომებთან შეთანხმების შემდეგ გამოამზეურა:

მეკარეები – სოსო გრიშიკაშვილი (ვენტსპილსი, ლატვია), გიორგი გაბელია (თბილისის თსუ);
მცველები – გიორგი ჭანკოტაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია), ირაკლი გემეზაშვილი (თბილისის არსენალი), ირაკლი ვაშაკიძე (ქუთაისის ტორპედო), გიორგი დავითნიძე (თბილისის მერანი 1991), მამუკა წერეთელი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), ზურაბ ფოფხაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი);
ნახევარმცველები – გია ჩხაიძე, კახა კვეტენაძე (ორივე ტორპედო), ლაშა მონასელიძე (თბილისის ლოკომოტივი), ლევან კობიაშვილი (თბილისის დინამო), გოჩა ჯამარაული (უკლუბოდ), გიორგი ღუდუშაური (უკლუბოდ), გიორგი რევაზიშვილი (კრილია სოვეტოვი, რუსეთი);
თავდამსხმელები – გია მეგრელაძე, გიორგი ყიფიანი (ორივე ტორპედო), ალექსანდრე კაიდარაშვილი (გორის დილა), გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი).

თბილისის და ბათუმის დინამოელები იმნაძის სიაში საპატიო მიზეზით ვერ მოხვდნენ. მურთაზ ხურცილავას გაწვრთნილი დედაქალაქელები, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ვლაჟნიასთან გვარიანი ნერვიულობის შემდეგ, ესპანეთის ვიცე-ჩემპიონ ბილბაოს ატლეტიკთან ორმატჩიანი დაპირისპირებისთვის ემზადებოდნენ. ბათუმელებს კი თასების მფლობელთა თასის უკანასკნელი, 1998-1999 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის პარტიზანთან თამაშები ელოდათ. აქვე შეგახსენებთ, რომ 1998 წლის სუპერთასი 2 აგვისტოს სწორედ მათ გაითამაშეს და ისევე როგორც თასის ფინალი, ეს შეხვედრაც ბათუმელებმა მოიგეს.

ეროვნული და 18-წლამდელთა ნაკრები გუნდები აზერბაიჯანს მატჩის წინა დღეს, 11 აგვისტოს ესტუმრნენ. ოფიციალურ დელეგაციაში იყვნენ ვლადიმერ გუცაევის თანაშემწეებიც, სერგო კუტივაძე და ვლადიმერ პანოვი. ეს უკანასკნელი ივნის-ივლისში, მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ხშირად გვიზიარებდა საკუთარ მოსაზრებებს, ასე ვთქვათ, მიწვეული ექსპერტი გახლდათ.

უშუალოდ განჯის მატჩზე ბევრი არაფერია სათქმელი და მეც მხოლოდ იმას დავწერ, რაც ზოგადი წარმოდგენის შექმნაში დაგვეხმარება. გიგლა იმნაძემ კარი სოსო გრიშიკაშვილს ანდო, ვინც იმ დღეს მხოლოდ მეორედ ითამაშა ნაკრებში. ოცდაოთხი წლის გოლკიპერის დებიუტი ქვეყნის პირველ გუნდში ოთხი წლით ადრე, 1994 წლის 11 ივნისს შედგა ნიგერიაში და იმ მატჩში სოსომ პენალტიც მოიგერია.

მინდვრის მოთამაშეთა ტაქტიკური განლაგება ასეთი იყო: დაცვის ფლანგებზე, მარჯვნივ და მარცხნივ, შესაბამისად ზურაბ ფოფხაძემ და კახა ჩხეტიანმა ითამაშეს, ცენტრში კი სეხნიების, გიორგი ჭანკოტაძის და გიორგი დავითნიძის წყვილმა.

საყრდენ ნახევარმცველად გერმანიიდან თბილისის დინამოში დროებით დაბრუნებული ლევან კობიაშვილი დადგა, მის წინ, გამთამაშებლად, ყველაზე გამოცდილი, მაგრამ იმხანად უკლუბო გოჩა ჯამარაული მოქმედებდა, ხოლო მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე გიორგი ღუდუშაური და ირაკლი გემეზაშვილი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით თავდასხმაში გია მეგრელაძემ და ალექსანდრე კაიდარაშვილმა ითამაშეს.

გუნდის კაპიტანი ჯამარაული გახლდათ, რომელმაც იმ დღეს ოცდამეცხრედ ითამაშა ნაკრებში და ამ მხრივ გაცილებით უსწრებდა ყველა დანარჩენს. საქმე ისაა, რომ განჯის მინდორზე გასული თოთხმეტი ქართველიდან თერთმეტმა პირველად ითამაშა ნაკრებში. ჯამარაულის, კობიაშვილის, გრიშიკაშვილის და ღუდუშაურის გარდა სანაკრებო გამოცდილებით ვერავინ დაიკვეხნიდა!

თამაშში ერთადერთი გოლი გავიდა და მასპინძლებმა ის მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდეს – მახაჩყალის ანჟიში მოთამაშე აგაევმა მარჯვნიდან შეუტია, მცველები შეცდნენ, აზერბაიჯანელი პირისპირ დარჩა გრიშიკაშვილთან და იშვიათი შანსი ხელიდან არ გაუშვა, 1:0. გაზეთ ქართული ფეხბურთის მიმომხილველი დავით ბერიაშვილი, რომელიც ნაკრებ გუნდებს ახლდა, 14 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ აგაევმა უხეშად ითამაშა მეკარის წინააღმდეგ, თუმცა მსაჯმა, რომელიც ასევე აზერბაიჯანელი გახლდათ, წესის დარღვევა ვერ, ან არ შენიშნა.

საბოლოოდ 0:1 და ამ გაუგებარი თამაშით დასრულებული დაუმარცხებელი სერია!

იმავე დღეს, 12 აგვისტოს, საღამოს, თბილისის დინამომ ატლეტიკი 2:1 დაამარცხა და ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგას. 13 აგვისტოს სარბიელის მთავარი თემა სწორედ ბასკებთან გამარჯვება იყო. „ლხინი აქა! დინამო 2:1 ატლეტიკი“ – ასეთი ტექსტი ამშვენებდა იმდღევანდელი გამოცემის პირველ გვერდს, დაბლა, წვრილი შრიფტით კი ეწერა: განჯაში ისევ სირცხვილი ვჭამეთ.

„გუნდის თამაშით ნამდვილად უკმაყოფილო ვარ, უამრავი ხარვეზი დავინახე. ჩემი ძირითადი საზრუნავი ახალგაზრდული ნაკრების წევრებზე დაკვირვება იყო. ჩხეტიანმა, ჭანკოტაძემ და დავითნიძემ ასე თუ ისე კარგად წარმოაჩინეს თავი. რაც შეეხება გემეზაშვილს, მას ტრავმის გამო თითქმის ორი თვე გაუცდა და ამ მატჩში სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ სამომავლოდ მისი იმედიც გვაქვს. ძალიან უკმაყოფილო ვარ მეგრელაძის თამაშით“, – განაცხადა გიგლა იმნაძემ სარბიელელ პაატა კვანტალიანთან ინტერვიუში (#142; 1998 წლის 14 აგვისტო).

მომდევნო, 15 აგვისტოს სარბიელში აზერბაიჯანში წაგებას კონსტანტინე გოგიშვილის ვრცელი წერილი მიეძღვნა „ვინ არის შენი ამხანაგი“? წინასიტყვაობა ასეთი იყო: „12 აგვისტოს განჯაში საქართველოს „გადაზრდილი“ ახალგაზრდული თუ კლუბების ნაკრების სამარცხვინო მარცხმა დინამოსგან ესპანეთის ვიცე-ჩემპიონის ძლევა ჩაგვიშხამა. წაგებაცაა და წაგებაც, ვისთან ვაგებთ, ან ვის ვეთამაშებით და ვეამხანაგებით“?!

ჟურნალისტმა წერილი ასე დაასრულა: „ასეთი (ლიბანური და მისი მსგავსი) ტურნეები არაფრად გვჭირდება. მსგავსი რაღაცეები ადრინდელ „გეგმიანობას“ გვახსენებს, როცა მთავარი იყო გეგმის შესრულება (გახსოვთ?). წავიდა ის დრო, ხალხო, და თუ მაინც და მაინც ძველებურად გსურთ გაუტიოთ, მაშინდელ ლოზუნგს მაინც დაუჯერეთ, მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა, რომ გვასწავლიდა.

ასეცაა, ჯობს ერთხელ ეთამაშო ატლეტიკს ჩემპიონთა ლიგაში შესასვლელად, ვიდრე ასჯერ ისპარინგო განჯაში დაბალ დონეზე.

ეს ისეთი ჭეშმაერიტებაა, დრო რომ ვერაფერს აკლებს – ძველადაც და ახლაც ჭეშმარიტებად რჩებოდა და რჩება.

იმათ კი, ვისთვისაც განჯური ვოიაჟები ფასეულია, ასე მივმართავთ – გუ-გუ, ბატონებო, უკვე გათენდა“.

აზერბაიჯანულ სირცხვილზე ჩვენი ფეხბურთის მაშინდელ მესვეურებს დიდად არ უდარდიათ. ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის მაღალჩინოსნები ნაკრების კიევში ვიზიტისთვის ემზადებოდნენ.

საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა გუნდებმა უკრაინის დედაქალაქში ერთ კვირაში ითამაშეს. ვლადიმერ გუცაევმა იქ საუკეთესო შემადგენლობა კი შეკრიბა, მაგრამ ზედიზედ მეორე სირცხვილი თავიდან ვერ აიცილა…

* * *

12 აგვისტო, 1998. ამხანაგური. აზერბაიჯანი, განჯა, მერკეზი. 5 000
აზერბაიჯანი 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 ემინ აგაევი (49)
აზერბაიჯანი: ჰუსეინ მაჰამადოვი, ემინ აგაევი, ფაიქ ჯაბაროვი, დენი ქაისუმოვი, ვიაჩესლავ ლიჩკინი, რასიმ აბუშევი (კაპ) (ხალიქ მერდანოვი 75), ასლან ქარიმოვი, არიფ ასადოვი (ფარუხ ისმაილოვი 87), ყურბან ყურბანოვი (ვიდადი რზაევი 71), ველი ქასიმოვი (ნაზიმ სულეიმანოვი 81), მახმუდ ყურბანოვი (იუნის ჰუსეინოვი 58)
მწვრთნელი: ვაგიფ სადიქოვი
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი, ზურაბ ფოფხაძე, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი დავითნიძე (ირაკლი ვაშაკიძე 81), კახა ჩხეტიანი, გიორგი ღუდუშაური (კახა კვეტენაძე 76), ირაკლი გემეზაშვილი (გიორგი ყიფიანი 71), გოჩა ჯამარაული (კაპ), ლევან კობიაშვილი, გია მეგრელაძე (ლაშა მონასელიძე 46), ალექსანდრე კაიდარაშვილი
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
გაფრთხილება: ზურაბ ფოფხაძე, არიფ ასადოვი, გიორგი დავითნიძე
მსაჯი: ასიმ ხუდიევი (აზერბაიჯანი)

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 17 თებერვალი)
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; გაზეთი სარბიელი

ka_GEGeorgian