ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #45: უკრაინა 4:0 საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი სტუმრობა უკრაინის დედაქალაქში ჩვენი გუნდის განადგურებით დასრულდა. იოჟეფ საბოს ბიჭებმა, რომლებმაც ერთი თვით ადრე, 1998 წლის 15 ივლისს კიევში პოლონელებთან ამხანაგური თამაში 1:2 წააგეს, ქართველებს უშანსოდ აჯობეს – 4:0.
ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი ოთხბურთიანი წაგება ნიგერიაში 1:5-ის შემდეგ და ისტორიაში მეხუთე მარცხი სამი ან მეტი ბურთის სხვაობით.
ალბანეთთან ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო თამაშის წინ კიევში განადგურებამ ძალიან დაამწუხრა ქომაგები, თამაშიდან გამომდინარე კი ბევრმა ისიც თქვა, რომ არაერთი ფეხბურთელი ბოლომდე არ იხარჯება და სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება, საქმეს არაფერი ეშველება.
„ახლა ისეთი დროა, რომ უფლება არ გვაქვს ნაკრებში გამოცდილ ფეხბურთელებს უნდობლობა გამოვუცხადოთ. უკრაინასთან მატჩმა დამარწმუნა – იქ მოთამაშე ახალგაზრდების უმეტესობა არაა უმაღლეს დონეზე მომზადებული“, – ეს სიტყვები ვლადიმერ გუცაევმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
კიევში დანიშნული მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია მან ხუთშაბათს, 6 აგვისტოს გაავრცელა. მწვრთნელმა მხოლოდ ლეგიონერები შეარჩია და დასძინა, რომ 12 აგვისტოს, აზერბაიჯანში გიგლა იმნაძის ექსპერიმენტული გუნდის თამაშის შემდეგ ჩამონათვალს კიდევ ხუთ მოთამაშეს დაუმატებდა:
მეკარეები – ნიკა ტოგონიძე (ბათუმის დინამო), დავით გვარამაძე (თბილისის დინამო);
მცველები – კახი ცხადაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), მამუკა წერეთელი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), ლევან კობიაშვილი (თბილისის დინამო);
ნახევარმცველები – გოგა გახოკიძე (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), გიორგი ნემსაძე (ციურიხის გრასჰოპერსი, შვეიცარია), გიორგი ქინქლაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი);
თავდამსხმელები – შოთა არველაძე (აიაქსი, ნიდერლანდები), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი).
მოგვიანებით მათ თბილისის დინამოდან ლევან ცქიტიშვილი და გივი დიდავა, რიგის სკონტოდან ლევან სილაგაძე და აგვისტოს შუა რიცხვებში შვეიცარიულ ციურიხში გადასული გოჩა ჯამარაული დაემატნენ.
თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ შოთა არველაძე და ზაზა ჯანაშია გუნდს ვერ დაეხმარებოდნენ. უკრაინასთან ამხანაგური ორივემ გამოტოვა, არადა კიევში თამაშის წინ და შემდეგ მათ კლუბების შემადგენლობაში ითამაშეს – შოთა არველაძემ ნიდერლანდების პსვ ეინდჰოვენთან, შემდეგ კი ტილბურგის ვილემ II-თან (ამ შეხვედრაში მან გოლიც გაიტანა), ზაზამ კი რუსეთის ჩემპიონატში. ეს ფაქტი არავის გამორჩა და რამდენიმე ჟურნალისტმა დაწერა კიდეც, რომ თავდამსხმელები არაფრისმომცემ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმებს მოერიდნენ.
კიევური კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვლადიმერ გუცაევმა სარბიელელ კობა ინასარიძესთან ინტერვიუში განაცხადა:
„შოთასი მართლა მჯერა, ეჭვი არ მეპარება, მას საზარდული აწუხებს. კიევში მე და გუნდის ექიმი შოთას ერთად ვესაუბრეთ. გვითხრა, ისეთ დღეში ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ გავაკეთებ, 5 სექტემბრისთვის კი, ალბათ, გამოვჯანმრთელდები, წამლებს თბილისში ჩამოვიტან და თქვენს თვალწინ ვიმკურნალებო. ვნახოთ.
ჯანაშიამ კი მითხრა, ტკივილგამაყუჩებლებით ვითამაშე ლოკომოტივში, კლუბის ხელმძღვანელობამ ამხანაგური მატჩისთვის ვერ გამიმეტა, არადა, ეროვნულ გუნდში თამაში მინდაო. აგვისტოს ბოლოს ის თბილისში ჩამოვა, ასეთი საქციელისთვის კი პასუხს ლოკომოტივს ვაგებინებთ“.
საქართველოს დელეგაცია უკრაინას 17 აგვისტოს ესტუმრა. ერთი დღის შემდეგ გიგლა იმნაძის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა გუნდმა კიევის დინამოს სტადიონზე უკრაინელ თანატოლებთან ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი დარასელიას გოლით იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.
ეროვნულ ნაკრებთა თამაში კი უშველებელ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მასპინძლები რუსების სტუმრობისთვის ემზადებოდნენ, ისინი ხომ ევრო 2000-ის ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ.
სარბიელმა კიევში ჟურნალისტი ვახტანგ ბზიკაძე მიავლინა, რომელმაც 26 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ ჩანახატში „თბილი ბორჯომი და ცივი შხაპი“ აღნიშნა:
„სასტუმროს თვრამეტსართულიან შენობას თავს გრანდიოზული ოლიმპიისკი წარმოდგომოდა. ქართველთა და უკრაინელთა სამზადისს ერთდროულად შევესწარი. არ იფიქროთ სამატჩოდ ორივე ნაკრები, მასპინძლებისაც და ჩვენიც, სტუმრებისა, ერთ მინდორზე ემზადებოდნენ. არა. კიეველებს ასე გამალებით სხვა სამზადისი გაეჩაღებინათ – რუსეთთან 5 სექტემბრის მატჩისთვის ეროვნული სპორტკომპლექსის ტრიბუნებზე ინდივიდუალურ სკამებს ამონტაჟებდნენ.
აუთვისებელი მესამედიღა დარჩენილიყო და… იმ წამს არა და, მეორე საღამოს, თამაშის საცქერლად მისულმა კი ვინატრე, ახლა აქ ის ხალხი დასვა, ვინც ჩვენი ეროვნული სტადიონის განახლებას ხელმძღვანელობს, რომ ნახონ მუშაობა როგორი ტემპებით შეიძლება-მეთქი.
ნუ იფიქრებთ, რომ უკრაინელებმა ტემპს ხარისხი შესწირეს. მათ უკვე ოცდათორმეტი მილიონი დაუხარჯავთ სტადიონის რეკონსტრუქციისთვის. ამ თანხით კიეველებს მხოლოდ ინდივიდუალური სკამები როდი დაუდგამთ – ჩინებული პრესისა თუ ვიპ-ლოჟაც მოუწყვიათ და იქ მოსახვედრი სამსართულიანი ლიფტიც. პრესლოჟაში, რომელიც გარე სამყაროსგან უზარმაზარი შუშებითაა იზოლირებული, ასორმოცდაათამდე ინდივიდუალური მაგიდაა, აქედან ორმოცდაათამდე პირველ რიგში.
სხვა საქმეა, რომ ამ მაგიდებზე, ისიც თითოს გამოტოვებით, ორგანიზატორებმა თბილი ბორჯომი დაგვახვედრეს და სატელეფონო საუბრისთვისაც ტარიფი, როგორც ორ საათში დავრწმუნდი, ხუთმაგი, საკუთარი შეხედულებისამბერ დაგვიდგინეს“.
იმ ჩანახატში სარბიელის ჟურნალისტი მეტწილად თამაშამდე და შემდგომ ამბებზე წერდა, თორემ მინდორზე განვითარებულ ამბებზე ბევრი არაფერი იყო სათქმელი. უკრაინელებმა პირწმინდად აჯობეს ქართველებს და ოთხი გოლის გარდა კიდევ ერთი ამდენი მომენტი ვერ გამოიყენეს.
არველაძის და ჯანაშიას არყოფნაში ვლადიმერ გუცაევმა ერთადერთი თავდამსხმელით დაიწყო თამაში – ოცი წლის ალექსანდრე იაშვილი იმ დღეს მეექვსედ გამოჩნდა ეროვნულ გუნდში.
მის უკან გიორგი ქინქლაძე ვიხილეთ, ნახევარდაცვის სამეულში კი, მარჯვნიდან მარცხნივ თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული და ლევან კობიაშვილი. მათ უკან, საყრდენი ნახევარმცველების პოზიციაზე გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ და გელა შეყილაძემ ითამაშეს, ნიკა ტოგონიძის კარის დაცვა კი მარჯვნივ გივი დიდავას, ცენტრში კახი კალაძეს, ხოლო მარცხნივ ლევან ცქიტიშვილს დაევალათ. შედეგი მიგვანიშნებს, რომ ტაქტიკამ არ გაამართლა.
ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა. კალაძემ უმისამართოდ მოიგერია ბურთი, მასპინძელთა კაპიტანმა იური კალიტვინცევმა ვიტალი კოსოვსკის გაუთამაშა, რომელმაც მალევე მოძებნა სერგეი რებროვი. პენალტის ნიშნულსა და საჯარიმოს ხაზს შორის მყოფ კიევის დინამოელს ბევრი არ უფიქრია და პირდაპირ კარში დაარტყა. ტოგონიძემ ბურთი ვერ მოიგერია – 1:0.
უკრაინელთა მთავარი კლუბი ვახსენე და აქვე შევნიშნავ, რომ იოჟეფ საბომ ძირითად შემადგენლობაში კიევის დინამოს ცხრა ფეხბურთელი ათამაშა, მხოლოდ ორი იყო ლვოვის კარპატიდან – ოლექსანდრ ევტუშოკი და ვლოდიმირ მიკიტინი.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქის ძირითად შემადგენლობაში ერთი კლუბის უფრო მეტმა ფეხბურთელმა მხოლოდ ორჯერ ითამაშა: 1990 წლის 27 მაისს, თბილისის ეროვნულ სტადიონზე გასული თერთმეტი ლიეტუველიდან ათი ვილნიუსის ჟალგირისის წევრი გახლდათ, 1991 წლის 2 ივლისს კი, მოლდოვაში, მასპინძელთა საწყის შემადგენლობაში კიშინიოვის ზიმბრუს ათი ფეხბურთელი მოხვდა…
ანგარიშის გახსნიდან ათ წუთში გიორგი ქინქლაძემ პირველად დაარტყა ალექსანდრ შოვკოვსკის კარისკენ, მოგვიანებით კი ჯამარაულმა იაშვილი გაიყვანა კარგ პოზიციაზე, თუმცა ფრაიბურგის ფორვარდმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
ეს იყო და ეს, ჩვენებს ხეირიანად აღარ შეუტევიათ, მასპინძლები კი ტემპის დაგდებას არც ფიქრობდნენ.
შესვენებამდე სამი წუთით ადრე რებროვმა დუბლი შეასრულა. კიეველთა ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ქართველებმა ვერც ამჯერად შეუშალეს ხელი – 2:0. სათქმელია, რომ იმ ეპიზოდში ტოგონიძეც შეცდა, კარიდან ძალიან წინ გამოვიდა.
57-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახდა. მოსკოვის ტორპედოელმა სერგეი სკაჩენკომ, რომელიც მეორე ტაიმში გამოჩნდა კაპიტნის ნაცვლად, კუთხურის შემდეგ გაახარა ტრიბუნებზე შეკრებილი მცირერიცხოვანი ქომაგები.
75-ე წუთზე სერგეი კოვალიოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0. და ამით ერთი უცნაური ფაქტიც დაფიქსირდა: საქართველოს ნაკრების კარში ყველა გოლი ერთი და იმავე სახელის ფეხბურთელებმა შეაგდეს – სერგეი რებროვმა (ორი), სერგეი სკაჩენკომ და სერგეი კოვალიოვმა.
ამ უკანასკნელმა, რომელიც დონეცკის შახტარის წევრი გახლდათ, იმ დღეს პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. დებიუტანტი ქართველებსაც ჰყავდათ – ვლადიკავკაზის ალანიის ცხრამეტი წლის მცველი მამუკა წერეთელი, რომელმაც ნემსაძის ადგილი შესვენების შემდეგ დაიჭირა.
დაკვირვებული თვალი თამაშის ოქმიდან შეამჩნევს, რომ უკრაინელებმა ბოლო ორი გოლი დავით გვარამაძეს გაუტანეს. ტოგონიძის თამაშით უკმაყოფილო ვლადიმერ გუცაევმა ბათუმელი გოლკიპერი მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალა.
„სხვა მომენტებს ვეღარ აღვწერ. მასპინძლებისას თვლა არ ჰქონდა, ჩვენი ერთი-ორი და უკბილო კი, რა სათვალაში ჩასაგდებია“, – წერს ვახტანგ ბზიკაძე კიევიდან გამოგზავნილ რეპორტაჟში („უკრაინამ სარკეში ჩაგვახედა“; სარბიელი, #146; 1998 წლის 20 აგვისტო).
„აშკარაა და არა დაუჯერებელი, რომ გუცაევმა ეროვნულს ის სული ვერ შთაბერა, რომელმაც ახალგაზრდული ნაკრები, სხვები რა სახსენებელია, თვით იტალიელებზე აღამაღლა და შესარჩევ ჯგუფში ინგლისის კუდში, მეორე ადგილზე გაიყვანა…
ქართული ფეხბურთის ის თაობა, რომელიც ნაკრების ბირთვს წარმოადგენს და ფეხბურთის ენაზე უკვე ვეტერანად იწოდება, თავდაღმართშია. დაცემას აღზევება მოსდევს, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა თავქვე ეშვება…
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ, მგონი, ესეც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ გუცაევის საბერველი რაგინდ დიდი იყოს, ნაკრების მინავლებული ნაკვერჩხლისგან ცეცხლს ძნელად თუ დაანთებს“, – ამონარიდები ვახტანგ ბზიკაძის კიდევ ერთი კიევური რეპორტაჟიდან „დაისი და საბერველი. თუ ნაკრებმა არ იფრინა, გულშემატკივარი გააფრენს“ (#147; 1998 წლის 21 აგვისტო).
სარბიელის მითითებული ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებაც, რომელიც ნაკრების მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელგრადის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გაგრძელება იყო.
თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბელგრადის პარტიზანის და ბათუმის დინამოს თამაშის გასაშუქებლად სარბიელმა კობა ინასარიძე მიავლინა. მან საქართველოდან სერბეთამდე, მოსკოვის გავლით, ბათუმელებთან ერთად იმგზავრა. ბელგრადის აეროპორტში, საბაჟო კონტროლის გავლამდე, როცა ინასარიძე აჭარელთა მთავარ მწვრთნელს შოთა ჭეიშვილს ესაუბრებოდა, დელეგაციის ხელმძღვანელი თენგიზ ბაკურიძე უხეშად ჩაერია პოლემიკაში. სიტყვა-პასუხი ხმამაღალ საუბარსა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბაკურიძემ იოლი გამოსავალი მოძებნა და ჟურნალისტი მესაზღვრეთათვის წარსადგენი სიიდან ამოშალა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ზემოხსენებლ განცხადებაში ეწერა: „ოცდაათკაციან დელეგაციაში, სამწუხაროდ, ისეთი არავინ აღმოჩნდა, ჩვენს სარბიელელ კოლეგას გამოქომაგებოდა და აბობოქრებული ბაკურაძისთვის „განაჩენის“ გადასინჯვა ეთხოვა. ჩვენებურთაგან განწირული ჟურნალისტი იუგოსლავიელმა მესაზღვრეებმა დაინდეს და ნახევარსაათიანი ახსნა-განმარტების შემდეგ ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცეს.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია პროტესტს უცხადებს ბათუმის დინამოს საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობას, მთავარ მწვრთნელს, დელეგაციის მეთაურს თენგიზ ბაკურიძეს კი ბრალს სდებს იმისთვის, რომ:
პირადი ანგარიშსწორების მიზნით ბოროტად გამოიყენა დელეგაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება;
საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოქალაქის თავისუფლებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;
ცინიკურად და უცერემონიოდ ხელი შეუშალა ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
აბუჩად აიგდო გაზეთის რედაქცია და ათასობით მკითხველი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კორპუსი.
ასეთი საქციელისთვის, ჩვეულებრივ, პასუხს აგებენ.
იმის იმედიც გვაქვს, რომ ამგვარი ინციდენტი არასდროს გამეორდება“.
ეს შემთხვევა სპეციალურად გავიხსენე, რადგან სპორტულ ჟურნალისტებთან ნორმალური, საქმიანი ურთიერთობა მაშინდელი ქართული ფეხბურთის ზოგიერთ წარმომადგენელს უჭირდა. სამწუხაროდ, ასოციაციის სურვილი არ გამართლდა და კლუბების წარმომადგენელთა მხრიდან უტიფარი დამოკიდებულება კიდევ არაერთხელ ვიხილეთ. და რაც უფრო გულდასაწყვეტია, რამდენჯერმე თავად ფეხბურთელებიც დაემუქრნენ ჟურნალისტებს. ვერ გეტყვით რაზე ფიქრობდნენ ისინი, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ უტვინობით მხოლოდ საკუთარ თავს ავნეს.
დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი მეც უკრაინასთან მატჩიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, როცა სარბიელმა ნიდერლანდებში მიმავლინა თბილისის დინამოს და ტილბურგის ვილემ II-ის თამაშის გასაშუქებლად. 15 სექტემბერს გამართული უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალის პირველი შეხვედრა მურთაზ ხურცილავას გუნდმა 0:3 წააგო, მე კი დავწერე რაც ვნახე და საჭიროდ ჩავთვალე. დინამოელთა ერთ-ერთ მაშინდელ ხელმძღვანელს წაკითხული არ მოეწონა და თავი „მოვალედ ჩათვალა“ პირადად ეთქვა საყვედური. ცხადია, საკადრისი პასუხი მიიღო. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, 29 სექტემბერს, საპასუხო თამაში თბილისში, ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. დინამო კვლავ სამი უპასუხო ბურთით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები იმ დროს ევრო 2000-ის შესარჩევ ჯგუფში სამი ქულით იწონებდა თავს. ალბანელებთან მოგებულ მატჩს მომდევნო წერილში გავიხსენებ.
* * *
19 აგვისტო, 1998. ამხანაგური. უკრაინა, კიევი, ოლიმპიური. 8 000
უკრაინა 4:0 საქართველო
გოლები: 1:0 სერგეი რებროვი (1), 2:0 სერგეი რებროვი (42), 3:0 სერგეი სკაჩენკო (57), 4:0 სერგეი კოვალიოვი (75)
უკრაინა: ალექსანდრ შოვკოვსკი (ვალერი ვორობიოვი 46), ოლეგ ლუჟნი (მიხაილო სტაროსტიაკი 72), ოლექსანდრ ევტუშოკი (სერგეი კოვალიოვი 46), ოლექსანდრ გოლოვკო, ვლადისლავ ვაშჩუკი, ანდრეი გუსინი, ვლოდიმირ მიკიტინი, იური კალიტვინცევი (კაპ) (სერგეი სკაჩენკო 46), ვიტალი კოსოვსკი (რომან მაქსიმიუკი 42), ანდრეი შევჩენკო, სერგეი რებროვი (სერგეი კონოვალოვი 78)
მწვრთნელი: იოჟეფ საბო
საქართველო: ნიკა ტოგონიძე (დავით გვარამაძე 46), ლევან ცქიტიშვილი, კახი კალაძე, გივი დიდავა (ლევან სილაგაძე 73), გელა შეყილაძე, გიორგი ნემსაძე (მამუკა წერეთელი 46), თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი (გიორგი დემეტრაძე 61)
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: კახი კალაძე, გელა შეყილაძე, თემურ ქეცბაია
მსაჯი: რომანს ლაიუკსი (ლატვია)
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 24 თებერვალი
ფოტო: გაზეთები სარბიელი და ახალი ქართული გაზეთი – სპორტი; სააგენტო როიტერი