ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #47: ლატვია 1:0 საქართველო

ლატვიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ. სხვა შედეგის გაგონებაც არ მინდა. მხოლოდ გამარჯვება დამაკმაყოფილებს. ინფორმაციის სიმწირეს არ ვუჩივით, ყველა ჩვენს თანაჯგუფელზე მეტი ლატვიელებზე ვიცით. გვაქვს მათი რამდენიმე თამაშის ფირი, მალტაზე პირისპირაც შევხვედრივართ, აქ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების აზრსაც ვითვალისწინებთ. ნორვეგიელთა შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. ხვალ მაქსიმალურად მობილიზებულნი ვიქნებით, თავს დავდებთ და გავიმარჯვებთ…
ლატვიის გუნდში პახარსი, შტოლცერსი, ბაბიჩევსი და ბლეიდელისი გამოირჩევიან. სწორედ მათზეა აწყობილი მთელი თამაში, დანარჩენები შეტევაში ჩართვას ერიდებიან. შვიდი ფეხბურთელი თავს იცავს და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, ბურთს მათკენ გზავნის. კონტრშეტევაა მათი ხერხი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც ასე ითამაშებენ“.

ეს სიტყვები ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა ქართველ ჟურნალისტებს რიგაში, სასტუმრო რედისონში განუცხადა 1998 წლის 9 ოქტომბერს.

მეორე დღეს, 10 ოქტომბერს, ლატვიის დედაქალაქის მთავარმა სარბიელმა დაუგავამ ევრო 2000-ის შესარჩევ შეხვედრას უმასპინძლა. ქართველებმა მწვრთნელის მოთხოვნა საკადრისად ვერ შეასრულეს და სამი ქულაც მასპინძლებს დარჩათ.

ერთადერთი გოლი რიგის სკონტოს ოცდაორი წლის თავდამსხმელმა მარიანს პაჰარსმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. თამაშის ოქმის მიხედვით, მან მესამე წუთზე გახსნა ანგარიში. კონტრშეტევამდე საქმე არ მისულა: დაიწყო თუ არა მატჩი, ლატვიელებმა შეუტიეს, ქართველებმა კი ორივე თავდასხმის დროს ბურთი კუთხურზე მოიგერიეს – ჯერ კახი კალაძემ, შემდეგ დავით გვარამაძემ. პაჰარსის გოლით დასრულებული კუთხური მეკარის შეცდომით, პირით ხაზს იქით გადაგდებულ ბურთს მოჰყვა.

„ყველაზე მეტად რისიც გვეშინოდა, სწორედ ის მოხდა. ნორვეგია-ლატვიის მატჩის ფირი ბარე ათჯერ ვნახეთ. მეტოქე თითქოსდა ბოლომდე გვყავდა შესწავლილი, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო პირველი გოლი არ გაგვეშვა. ისიც ვიცოდით, რომ ამის მერე ლატვიელები დაცვაში ჩაჯდებოდნენ მთელი გუნდით. მოულოდნელმა გოლმა გაგვტეხა. თუნდაც ანგარიში მაინც რომ გაგვეთანაბრებინა, დარწმუნებული ვარ ლატვიას გადავუვლიდით“, – ეს უკვე გიორგი ქინქლაძის მატჩისშემდგომი სიტყვებია. ამსტერდამის აიაქსის ოცდახუთი წლის ქართველმა შემტევმა რიგაში შეუცვლელად კი ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა. მე-15 წუთზე გიომ ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა თემურ ქეცბაია, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ბურთი ლატვიელთა კარის ძელმა აისხლიტა.

ეს იყო ყველაზე სახიფათო მომენტი, რომელშიც ქინქლაძე მონაწილეობდა, ჩვენი გუნდის სხვა შეტევების მთავარი ორგანიზატორი კი გოჩა ჯამარაული გახლდათ. აკი აღნიშნა კიდეც თამაშის მიმოხილვაში სარბიელელმა კობა ინასარიძემ, რომ: „საყრდენ ნახევარმცველად მოთამაშე ჯამარაული შაბათს ორივე გუნდში საუკეთესო იყო“. ჟურნალისტი რიგაში გაჰყვა ნაკრებს და ქართველ მკითხველს არაერთი რეპორტაჟიც მიაწოდა.

გოჩამ პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე შექმნა, თუმცა მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ლატვიელთა კარს მცირე მანძილით აცდა. მანვე მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთხელ შეუტია მასპინძლებს, მაგრამ კვლავ მიზანმა უმტყუნა, 49-ე წუთზე კი ლამის მთელი ლატვიის ნაკრები მოატყუა და მიხეილ ყაველაშვილი მეკარეს შეატოვა. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელს სკონტოს ვეტერანმა გოლკიპერმა, ოცდაჩვიდმეტი წლის ოლეგს კარავაევსმა აჯობა, რომელიც უნდა აღვნიშნო, რომ იმ საღამოს უშეცდომო გახლდათ.

რომ არა კარავაევსი, 78-ე წუთზე ანგარიშს გიორგი დემეტრაძე გაათანაბრებდა. ვლადიკავკაზის ალანიის ოცდაორი წლის ფორვარდმა მეხუთედ ითამაშა ნაკრებში – გოგა გახოკიძის ნაცვლად შევიდა მინდორზე. მან ლატვიელთა კარის დალაშქვრა მაკრატელათი სცადა, ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ აკი დავწერე, მასპინძელთა მეკარე იმ საღამოს უშეცდომოდ იცავდა-მეთქი კარს. 88-ე წუთზე შოთა არველაძემ სცადა გოლის გატანა, მაგრამ მის მიერ ნახევარბრუნით გაგზავნილ ბურთს  კვლავ კარავაევსი გადაეღობა.

„მსაჯის სასტვენისთანავე მიხიჩამ თავის ადგილი დატოვა და იქაურობას გაეცალა, სადაც მასპინძლებმა ზედახორა მოაწყვეს. ძოძუაშვილი ნაღდი პროფესიონალია, მაგრამ არ სურდა გამარჯვებულთა სიხარულის თანამონაწილე ყოფილიყო. ის არც არავის გახსენებია. ქართველი მწვრთნელი იქით მარტო იდგა, ნაფასს ნაფასზე ურტყამდა… დანარჩენი ქართველებივით თავი მასაც ძირს დაეხარა. არადა, შაბათის მატჩის გმირი არც შტოლცერსია, არც კარავაევსი, არც ბაბიჩევსი, არავინ ძოძუაშვილის გარდა. თამაში რევაზ ძოძუაშვილმა მოიგო, სხვამ არავინ“, – კობა ინასარიძის რეპორტაჟიდან „იცოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ“ (სარბიელი, #184; 13 ოქტომბერი, 1998).

„თავის გამართლებას ვერ დავიწყებ. ჩვენ წავაგეთ. ამაში არც სველი მინდორია დამნაშავე, არც მსაჯი. უბრალოდ, მოედანზე დავალება არ შესრულდა. მეტოქის საჯარიმოში ვერ შევაღწიეთ. არადა, დავალების მიხედვით, მეკარემდე ახლოს მისვლა სრულიად შესაძლებელი იყო…

გვარამაძე ორჯერ უხეშად შეცდა. წაგებაზე ცოტა ამანაც იმოქმედა…

შესვენებაზე ბიჭებს მეტოქის მოედანზევე პერსონალურად თამაში ვთხოვე, შეტევა ლატვიელთა ნახევარზე უნდა დაგვეწყო“, – მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ გუცაევს დიდხანს არ უსაუბრია. ჯერ ერთი, რომ ბევრი არაფერი იყო სალაპარაკო და მეორეც: გუნდი ათენს მიემგზავრებოდა. ოთხ დღეში გუცაევის ბიჭებს საბერძნეთის ნაკრებთან პაექრობა ელოდათ.

10 ოქტომბერი, 1998. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. ლატვია, რიგა, დაუგავა. 1 900
ლატვია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 მარიანს პაჰარსი (3)
ლატვია: ოლეგს კარავაევსი, ვიქტორს ლუკაშევიჩსი, ვიტალის ასტაფიევსი (ალექსანდრს ისაკოვსი 75), მიჰაილს ზემლინსკისი, ვალენტინს ლობანოვსი, ალექსეის შარანდო, ვალერის ივანოვსი, იმანტს ბლეიდელისი (იურის ლაიზანსი 51), მარიანს პაჰარსი (როლანდს ბულდერსი 86), ვლადიმირს ბაბიჩევსი (კაპ), ანდრეის შტოლცერსი
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი (საქართველო)
საქართველო: დავით გვარამაძე, გელა შეყილაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, გოგა გახოკიძე (გიორგი დემეტრაძე 60), შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ნემსაძე
მსაჯები: კონსტანტინ დან ზოტა; იონ დუმიტრიცა, სილვიუ ვერონელ იოანი (რუმინეთი)

 

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 10 მარტი
ფოტო: გაზეთი სარბიელი; მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი

ka_GEGeorgian