ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #48: საბერძნეთი 3:0 საქართველო
ჩვენ ეროვნულ ნაკრებს არაერთი თამაში წაუგია, მაგრამ მათ შორის არის რამდენიმე, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად განვიცადე და დღემდე ძალიან სამარცხვინოდ მიმაჩნია.
ასეთთა შორისაა 1998 წლის 14 ოქტომბერს ათენში, სპიროს ლუისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე საბერძნეთთან 0:3 მარცხი ევრო 2000-ის შესარჩევ მატჩში. ბერძნებმა ყველა გოლი პირველ ოცდათექვსმეტ წუთში გაიტანეს, დარჩენილ დროში კი თავი აღარ მოუკლავთ.
ვინც ათენური ტელერეპორტაჟი ნახა (თამაშს თბილისში საკაბელო ტელევიზია აიეტის ერთ-ერთ არხზე, ESPN-ზე ვუყურეთ), დამეთანხმება, რომ ეს იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში.
ოთხი დღით ადრე ლატვიაში წაგებით გულმოკლულმა, ვიფიქრე, ათენში ბიჭები ყველაფერს იღონებენ და გულშემატკივრებს ზედიზედ მეორედ არ გაგვაწბილებენ-მეთქი. აღარ მახსოვს რატომ ვფიქრობდი ამას, მაგრამ ნამდვილად ასე იყო და თამაშის დღეს, დილით, ერთ-ერთ ტოტალიზატორს მივაკითხე და ჩვენების არწაგებაზე ათი ლარი დავდე. საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის საგაზეთო მიმოხილვებთან ერთად იმ ქვითარს დღემდე ვინახავ, ტოტალიზატორების კარი კი მას შემდეგ აღარც შემიღია.
ლატვიაში მარცხმა დამარწმუნა, რომ ნაკრების ხელმძღვანელებსა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. სხვათა შორის, ეჭვები ამის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში, თბილისში ალბანეთთან მოგების შემდეგ გამოითქვა. იმასაც ვხვდებოდი, რომ მწვრთნელსა და ერთ-ორ მოთამაშეს შორის არსებული უსიამოვნება გარკვეული დოზით სხვებსაც შეეხებოდათ. ბერძნებთან მატჩის წინ ვლადიმერ გუცაევის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა კი ყველაფერს ბეჭედი დაუსვა: სანაკრებო სიტუაცია საბოლოოდ გაფუჭდა და განხეთქილება მხოლოდ დროის ამბავი იყო.
„სანამ ნაკრების მწვრთნელი ვარ, გპირდებით რაც უკვე არაერთხელ მითქვამს – მე ჩემსას გავაკეთებ! ლატვიასთან წაგებით, შეიძლება, ბევრს ეჭვიც შეეპაროს ჩემი მეთოდის სისწორეში, მაგრამ ნელ-ნელა დავამტკიცებ, რომ საკეთებელს საჭიროებისამებრ ვაკეთებ. მე კომპრომისზე არ წავალ, არავის დავუთმობ, მწვრთნელი ვარ და აქეთ დამითმონ…
ლატვიაში თამაშისას ყველაფერი ერთ დარტყმას შეეძლო გადაეწყვიტა, ქეცბაიაც ამიტომ დავტოვე შეუცვლელი, გამოცდილია და, ეგებ, რაიმე ეღონა. ალბანეთთან შეცვლა კი, ეწყინა თუ არა თემურს, ეს ჩემი საქმე არაა. როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ისე მოვიქცევი. გიმეორებთ, სანამ მწვრთნელი ვარ, ჩემსას გავაკეთებ. ზოგი მეჭიდავება, მაგრამ ვერ წამაქცევენ. ვისაც ჩემი საქმიანობა არ მოსწონს, ძალად არავის ვეპატიჟები, შეუცვლელი არავინაა…
მე კარგი გუნდის გაკეთება მინდა. გთხოვთ, დამეხმაროთ, თორემ თავს კარცერში ვგრძნობ“.
ეს სიტყვები ვლადიმერ გუცაევმა ქართველ ჟურნალისტებს ათენში ჩასვლის მეორე დღეს, სასტუმრო კარაველაში შეხვედრის დროს განუცხადა. ჩვენი ეროვნული გუნდი იქ დაბინავდა, ახალგაზრდულ ნაკრებს კი ბერძნებმა მოშორებით, სასტუმრო გოლდენ ეგში უმასპინძლეს.
ათენიდან გამოგზავნილ რეპორტაჟში „ბერძნები ქეცბაიას უფრთხიან და მახლასისა არ ეიმედებათ“ (სარბიელი, #184; 13 ოქტომბერი, 1998) ჟურნალისტი კობა ინასარიძე წერს:
„გუცაევმა დიდი კრება ჩაატარა, ძირითადად ლატვიაში მარცხზე ისაუბრეს, სასაყვედურომ საყვედური მიიღო, საქები აქეს, მაგრამ მთლიანობაში რიგის მატჩი საკმაოდ მკაცრად შეფასდა, ეს არ უნდა მოგსვლოდათო. ორსაათიანი განსჯის მერე ფეხბურთელებმა მწვრთნელებს სთხოვეს, თქვენ გაბრძანდით, ჩვენ ვეტყვით ერთმანეთს სათქმელსო. ისინი მარტო დარჩნენ, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გეგონებოდათ, პარლამენტის სხდომაზე კამათისგან გაოფლილი დელეგატები გამოდიან დარბაზიდანო. ეტყობოდათ, მართლაც მწვავედ აღიქვეს წაგება“.
მას შემდეგ, რაც ზაზა ჯანაშიას, არჩილ არველაძის და ალექსანდრე იაშვილის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა – ათენში ვერცერთი მათგანი ჩავიდა, გუცაევმა ახალგაზრდული ნაკრებიდან რატი ალექსიძე დაიმატა, თუმცა სარბიელის მიერ შერჩეულ სავარაუდო შემადგენლობაში ის მაინც ვერ მოხვდა.
სპორტულმა გამოცემამ ჩვენი გუნდის ასეთი შემადგენლობა ივარაუდა: კარში ნიკა ტოგონიძე, დაცვაში გელა შეყილაძის, გიორგი ნემსაძის, მურთაზ შელიას და კახი კალაძის ოთხეული, ნახევარდაცვაში ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული და გოგა გახოკიძე, ერთადერთ ფორვარდად შოთა არველაძე, მის უკან კი გიორგი ქინქლაძე.
სარბიელმა ათი მოთამაშე გამოიცნო. ვლადიმერ გუცაევმა მხოლოდ გახოკიძე არ ათამაშა. მის ნაცვლად შოთა არველაძეს მიხეილ ყაველაშვილი შეუწყვილა.
საკადრო პრობლემების გათვალისწინებით გუცაევმა, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო შემადგენლობა შეარჩია. მაგრამ იმ ფეხბურთით, რაც ჩვენმა გუნდმა აჩვენა ათენში, თერთმეტი საუკეთესო ქართველი კი არა, მსოფლიოს ნაკრებიც ვერაფერს გახდებოდა. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას: ჩვენების მოქმედებას ფეხბურთი ნამდვილად არ ეთქმოდა.
თამაშის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ფრე დიდებული შედეგი იქნებოდა, საწყისი ნახევარი საათის შემდეგ კი მხოლოდ იმას ვოცნებობდი, ქართველები ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით არ განადგურებულიყვნენ. 37-ე წუთისთვის ათენის ოლიმპიური სტადიონის ტაბლოზე 3:0 ეწერა მასპინძელთა სასარგებლოდ!
მე-12 წუთზე ბერძენთა გუნდისთავმა ნიკოს მახლასმა გახსნა ანგარიში. კარიდან გამოსვლისას ტოგონიძე უხეშად შეცდა, დაზღვევაზე ვერც კალაძემ ივარგა და არნემის ვიტესის ოცდახუთი წლის ფორვარდმა ბურთი ჩვენი გუნდის კარში შეაგორა – 1:0.
მე-15 წუთზე ბერძენმა გულშემატკივრებმა მეორედ გაიხარეს. კოსტას ფრანცესკოსმა მეურვის გარეშე დარჩენილ ნიკოს ლიბეროპულოსს მიაწოდა ბურთი და მანაც წამში მეორედ დალაშქრა ტოგონიძის კარი – 2:0.
36-ე წუთზე ფრანცესკოსმა მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა: საჯარიმოში ჩააწოდა, სტუმართა მცველები კიდევ ერთხელ შეცდნენ და მარინოს უზუნიდისმაც თავური დარტყმით იოლად დალაშქრა ქართველთა კარი – 3:0.
გაშვებული გოლების მიუხედავად, ნიკა ტოგონიძე საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რადგან ორჯერ მეტი სახიფათო დარტყმა მოიგერია, 74-ე წუთზე კი მას კალაძეც დაეხმარა, როცა მახლასის თავდასხმის შემდეგ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
ადიდასის თეთრი მაისურებით მოთამაშე ქართველებმა მხოლოდ სამი სახიფათო მომენტი შექმნეს, გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი კი გოჩა ჯამარაულს ჰქონდა. მე-17 წუთზე, ბერძენი მცველების შეცდომის შემდეგ, გოჩა მეკარე ელიას ატმაციდისთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
„ვულოცავ საბერძნეთს ბრწყინვალე გამარჯვებას. ვუსურვებ, ასევე გაეგრძელებინოს. მწვრთნელის ხელი ბერძნებს აშკარად ეტყობათ, ჩვენს ნაკრებში კი ძირეული ცვლილებების დრო დადგა. გუნდში ახალგაზრდა, პრესპექტიული ბიჭები გამოჩნდნენ, რომლებსაც ფეხბურთის თამაში უნდათ. სხვები კი, ეტყობა, კმაყოფილები არიან ცხოვრებითა და თამაშის დონით“, – განაცხადა სერგო კუტივაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. წაგებით და ცუდი თამაშით გაწბილებული ვლადიმერ გუცაევი ჟურნალისტებს არ შეხვდა და ამიტომ შეცვალა თანაშემწემ.
„ჩვენები გათახსირდნენ, მოკლედ და კონკრეტულად.
წერა მატჩის მიმდინარეობისას მიხდება. ქართველი ჟურნალისტები სტადიონის პრესლოჟაში ვსხედვართ და გვრცხვენია, ზემოთ რიგებში აქაური ჟურნალისტები სიცილით იჭაჭებიან, ქართველები არც ვლაპარაკობთ…
ეს საშინელებაა, ჩვენი გუნდი არარაობაა. ვაი ჩვენს თავს, როგორ უნდა ვთქვათ, ფეხბურთი ვიცითო…
ქართველების მხარდასაჭერად სტადიონზე აქ მცხოვრები ჩვენებურებიც მოვიდნენ. დაახლოებით ორმოცდაათ კაცამდე იქნებოდნენ ეროვნული დროშებით ხელდამშვენებულნი. პირველ ოც წუთს ქომაგობდნენ თანამემამულეთ, მაგრამ როცა მათი უსუსურობა დაინახეს, ისინიც გაყუჩდნენ“, – კობა ინასარიძის რეპორტაჟიდან „ქართველებს დასცინიან“ (სარბიელი; 1998 წლის 15 ოქტომბერი).
იმავე ნომრის მეორე გვერდზე გამოქვეყნდა კონსტანტინე გოგიშვილის წერილი „უსათაუროდ“ და ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი ეროვნული გუნდის ოფიციალური მატჩის პირველი მიმოხილვა, რომელშიც სპორტულმა ჟურნალისტმა წაგების მთავარ მიზეზად მწვრთნელი და მისი შეცდომები კი არა, ფეხბურთელები მიიჩნია. გოგიშვილის წერილი ასე იწყებოდა:
„ნოდარ დუმბაძის Hellados გამახსენდა.
იქაც ბერძენი და ქართველი. იქაც ბრძოლა პირველობისთვის. იქაც გულისტკენა და გაცრუებული იმედები. „შენი დედა ვატირე იანგული“! და „ი მანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ“! და იქაც ბერძენი დარჩა გამარჯვებული, მოცილეს მკვდარი დედა არ შეაგინა და იმიტომ.
ბერძნების ვაჟკაცმა ნაკრებმაც დაინდო მეორე ტაიმში უსუსური ქართველები. პირველ ტაიმში კი… სირცხვილი, სირცხვილი და კიდევ სირცხვილი – ეს მოედანზე.
სამშობლო კი უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით – როგორც იანგული ალექსანდრიდი ამბობდა.
არ იზომება სამშობლოს სიდიდე ერთი სირცხვილით. არც საფეხბურთო საქართველოს დიდიდე იზომება საბერძნეთის ნაკრებთან 0:3 წაგებული ერთი მატჩით.
აი, ჩვენი ფეხბურთელების დონე და კლასი კი ერთხელაც დავინახეთ. ისიც ჭეშმარიტებაა, თავმოყვარე ფეხბურთელი ასეთი შეხვედრის მერე ბევრ რამეს გადააფასებს და თავის ფეხბურთელობასაც ეჭვის თვალით შეხედავს“…
ლატვიასა და საბერძნეთში განცდილმა სირცხვილმა ყველა მიგვახვედრა, რომ ჩვენი ფეხბურთი ძირეულ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სასწრაფო ცვლილებებს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია სულ უფრო დამძიმდებოდა. სანაკრებო კატასტროფის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი და ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ახალი ხალხი გამოჩნდა – ორჯერ გადადებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის კარი ახალმა კაცმა, მერაბ ჟორდანიამ და მისმა გუნდმა შეაღო.
14 ოქტომბერი, 1998. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. საბერძნეთი, ათენი, სპიროს ლუისის სახელობის ოლიმპიური სტადიონი. 12 681
საბერძნეთი 3:0 საქართველო
გოლები: 1:0 ნიკოს მახლასი (12), 2:0 ნიკოს ლიბეროპულოსი (15), 3:0 მარინოს უზუნიდისი (36)
საბერძნეთი: ელიას ატმაციდისი, ნიკოს დაბიზასი, დიმიტრის მარკოსი, მარინოს უზუნიდისი, გიანის კალიცაკისი, ელიას პურსანიდისი, თეოდოროს ზაგორაკისი, კოსტას ფრანცესკოსი (ვასილის ციარტასი 75), ნიკოს მახლასი (კაპ) (დიმიტრის მავროგენიდისი 84), ნიკოს ლიბეროპულოსი (სტელიოს გიანაკოპულოსი 68), გრიგორის გეორგატოსი
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ (რუმინეთი)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, კახი კალაძე, მურთაზ შელია, გელა შეყილაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი (გოგა გახოკიძე 59)
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
გაფრთხილება: კახი კალაძე, თემურ ქეცბაია, დიმიტრის მარკოსი
მსაჯი: ათანას უზუნოვი (ბულგარეთი)
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 17 მარტი
ფოტო: ჟურნალი World Soccer (ინგლისი); თამაშის ბილეთი