ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #49: საქართველო 3:1 ესტონეთი
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მერაბ ჟორდანიას გამარჯვების შემდეგ ნაკრებმა პირველად 1998 წლის 18 ნოემბერს, ეროვნულ სტადიონზე ითამაშა. მეტოქე ესტონეთის ნაკრები იყო, რომელიც კავკასიურ ტურნეს თბილისით იწყებდა. ქართველების შემდეგ ბალტიისპირელებს სომხეთთან, ბოლოს კი აზერბაიჯანთან უნდა ეთამაშათ. ესტონეთის ნაკრებს ტალინის ფლორაც თან ახლდა, რომელიც ნაკრებთა მატჩის შემდეგ თბილისის დინამოს გაეჯიბრა.
ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის რიგით მეორე თავკაცმა სანაკრებო მატჩამდე საზოგადოებას ფედერაციის ახალი გენერალური მდივანი წარუდგინა – ვალერი ჩოლარია, 1981-1988 წლებში სპორტსაზოგადოება დინამოს სამმართველოს უფროსი, შემდგომში დინამოს ვიცე-პრეზიდენტი, ბოლო წლებში კი კახი ასათიანის მოადგილე სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩოლარია ახალ თანამდებობაზე 27 ოქტომბერს დაინიშნა, სამი დღის შემდეგ გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე კი ოფიციალურად დამტკიცდა.
„მოულოდნელი წინადადება იყო, მაგრამ როცა შემომთავაზეს, დავთანხმდი. დარწმუნებული ვარ ქართული ფეხბურთისთვის სიკეთის მოტანა შემიძლია. მთელი ცხოვრება სპორტში ვმუშაობ, ფეხბურთშიც ჩახედული ვარ და მერაბ ჟორდანიასაც გვერდში დავუდგები“, – განაცხადა ვალერი ჩოლარიამ კობა ინასარიძესთან ინტერვიუში (სარბიელი, #195; 1998 წლის 28 ოქტომბერი). მანვე ისიც დასძინა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ფეხბურთის ფედერაცია ახალ წლამდე ძველი შემადგენლობით გააგრძელებდა მუშაობას, იანვრიდან კი ძირეული ცვლილებები დაიწყებოდა.
ამასობაში ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა ამხანაგური შეხვედრის ახალგაზრდების, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეთა და იმ რამდენიმე ლეგიონერის გამოსაცდელად გამოყენება გადაწყვიტა, რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლეოდათ. შერჩეული ფეხბურთელების სია გუცაევმა ნოემბრის პირველ რიცხვებში გაავრცელა:
მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი (რიგის ვენტსპილსი, ლატვია), გიორგი ლომაია (თბილისის მერანი 1991)
მცველები: გივი დიდავა, ზვიად ჯელაძე (ორივე თბილისის დინამო), გია ჩხაიძე (ქუთაისის ტორპედო), გიორგი ბალაშვილი (თბილისის ლოკომოტივი), მიხეილ ქობულაძე (ფოთის კოლხეთი 1913), მამუკა წერეთელი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), ზურაბ ფოფხაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი)
ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე (ორივე დინამო), გიორგი ღუდუშაური (ლოკომოტივი), კახა კვეტენაძე (ტორპედო), გიორგი დარასელია (ზაფრირიმი, ისრაელი), გიორგი რევაზიშვილი (კრილია სოვეტოვი, რუსეთი)
თავდამსხმელები: რატი ალექსიძე, მიხეილ აშვეთია (ორივე დინამო), დავით ჯანაშია (ტორპედო), გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი), მიხეილ ფოცხვერია (დონეცკის შახტარი, უკრაინა).
ეროვნული გუნდის შემადგენლობასთან ერთად ფეხბურთის ფედერაციამ ისიც გვამცნო, რომ ამხანაგურ მატჩს ქართველ მსაჯთა ოთხეული მოემსახურებოდა მთავარი არბიტრის მერაბ მალაღურაძის, თანამსაჯების, ლევან მიქელაძის და მამუკა ელიკაშვილის, და სათადარიგო სერგო კვარაცხელიას შემადგენლობით. მატჩის დელეგატად კარლო ყრუაშვილი დამტკიცდა.
გუცაევმა იძულებითი ცვლილებები ვერ აიცილა, შერჩეულთაგან რამდენიმემ ტრავმა მიიღო და შეკრებაზე ვერ გამოცხადდა. ნაკრებს გიორგი დარასელია, მიხეილ ქობულაძე, მისი სეხნია ფოცხვერია, მამუკა წერეთელი და გიორგი ღუდუშაური დააკლდნენ, ლევან ცქიტიშვილმა კი კოჭი თამაშის წინა დღეს, ვარჯიშზე იტკინა. ტრავმირებულთა ნაცვლად გუცაევმა თბილისის ლოკომოტივიდან ვაჟა თარხნიშვილს და ყოფილი თანაგუნდელის, დავით მუჯირის ვაჟს, დინამოელ უმცროს დათოს უხმო.
საქართველოს ეროვნული გუნდი სასტუმრო მესაზღვრეში იყო დაბანაკებული და იქიდან სტუმრობდა დიღმის საწვრთნელ ბაზას. რაც შეეხება ესტონელებს, ისინი თბილისს თამაშის წინა დღეს, დილით ესტუმრნენ და სასტუმრო აჭარაში განთავსდნენ.
„ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი მოვისაკლისეთ. ლენსალუ და პერუხო ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ, ორივე ტალინში დარჩა, ჩვენი კაპიტანი მარტინ რეიმი კი ოჯახური მიზეზის გამო ვერ გამოგვყვა…
ვიცი, რომ გუცაევმა ახალგაზრდულ შემადგენლობას უხმო, თუმცა მჯერა, რომ ეს ბიჭებიც მთელი ძალით ითამაშებენ…
წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, ძალისმიერ თამაშს ვიხილავთ. საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრები არ მინახავს, მხოლოდ თბილისის დინამო ვიხილე საქმეში, ისიც ფლორასთან ამხანაგურ შეხვედრებში“, – განაცხადა ესტონელთა ისლანდიელმა მწვრთნელმა ტეიტურ თორდარსონმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ.
ქართველი ჟურნალისტების ყველაზე დიდი ინტერესი ესტონელთა მეკარემ მარტ პოომმა დაიმსახურა. ის ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდა, დერბი ქაუნთის მეკარე გახლდათ.
„ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან მახსოვს, თბილისის დინამო პირველად საკავშირო ჩემპიონატში ვნახე. ბოლო წლებზე კი ვერაფერს გეტყვით. ამ შეკრებაზე მწვრთნელებმა მხოლოდ საქართველო-ინგლისის თბილისური თამაშის ვიდეოჩანაწერი გვაჩვენეს…
მსმენია, რომ ქართველები ტექნიკურები არიან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმ ჩანაწერით ამას ვერ ვიტყვი, ინგლისელები უფრო მრავალფეროვნად თამაშობდნენ და ათლეტურადაც გამოიყურებოდნენ…
პროგნოზი? თავს შევიკავებ, მაგრამ საინტერესო თამაშს ველი. იმიტომ, რომ ის ბიჭები, რომელსაც თქვენმა მწვრთნელმა უხმო, თავს არ დაზოგავენ. მოკლედ, საინტერესო თამაში იქნება“, – თქვა პოომმა.
ესტონელთა უკანასკნელი ვარჯიშის სანახავად ეროვნულ სტადიონს საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ეწვია, მაგრამ ფეხბურთელები მალევე დაბრუნდნენ სასტუმროში, გუცაევი და მისი თანაშემწეები კი ბოლომდე დარჩნენ.
მეორე დღეს ტრიბუნები სანახევროდაც არ შეივსო. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლის 18 ნოემბერს თბილისში მშვენიერი ამინდი იდგა, ეროვნულ სტადიონს მოსალოდნელზე ცოტა გულშემატკივარმა მიაშურა – ოფიციალურ ოქმში 28 ათასი მაყურებელი ჩაწერეს.
ვლადიმერ გუცაევმა 4-4-2 განლაგებით დაიწყო თამაში. კარი სოსო გრიშიკაშვილს ანდო, მის წინ ვაჟა თარხნიშვილი გაამწესა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე გიორგი ბალაშვილი, ხოლო მარცხნივ გია ჩხაიძე, ამათ წინ კი, ლიბეროდ, გივი დიდავა დადგა.
ნახევარდაცვის ოთხეული ასეთი იყო: გიორგი რევაზიშვილი, გიორგი კიკნაძე, კახა კვეტენაძე და რატი ალექსიძე, ხოლო თავდასხმაში ქუთაისელი დავით ჯანაშია და ყოფილი ტორპედოელი მიხეილ აშვეთია გამოჩნდნენ. ძირითადი თერთმეტეულიდან ხუთი დებიუტანტი გახლდათ – ბალაშვილი, თარხნიშვილი, ჩხაიძე, რევაზიშვილი და ალექსიძე, აშვეთია და კვეტენაძე კი მხოლოდ მეორედ თამაშობდნენ ნაკრებში. ჩვენ გუნდში ყველაზე გამოცდილი კაპიტანი გიორგი კიკნაძე გახლდათ, რომელმაც მეათედ მოირგო ნაკრების მაისური.
პირველი საგოლე მომენტი ჯანაშია-აშვეთიას წყვილმა შექმნა: მე-5 წუთზე დათომ ურმას როობას აართვა ბურთი და კარის გასწვრივ ჩააწოდა, თუმცა მეწყვილემ დაიგვიანა.
მე-9 წუთზე მასპინძლები გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა. სტუმართაგან ყველაზე გამოცდილმა, ნახევარმცველმა მარკო კრისტალმა (თბილისში მან 75-ედ მოირგო ნაკრების მაისური) საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, ესტონელთა კაპიტანმა სერგეი ხოხლოვ-სიმსონმა მცველებს აჯობა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა.
22-ე წუთზე ჯანაშიამ კიდევ ერთხელ აჯობა მეტოქეს და მეკარის საჯარიმოსთან სახიფათოდ ჩააწოდა. ამჯერად აშვეთია ბურთს შეწვდა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ესტონელებს ხარიხა „დაეხმარა“.
გოლები შესვენების შემდეგ გავიდა, მაგრამ სანამ ესტონელთა კარის ბადე პირველად შეირხეოდა, საქართველოს ნაკრებმა სამჯერ სახიფათოდ შეუტია. მათგან ბოლო, 58-ე წუთზე გათამაშებული დინამოური კომბინაცია – მუჯირი-კიკნაძე-აშვეთია – უკანასკნელის დარტყმით და ძელს მოხვედრილი ბურთით დასრულდა.
65-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: გია ჩხაიძემ ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, აშვეთიამ დასწრებაზე ითამაშა და თავურით დალაშქრა პოომის კარის ბადე – 1:0. თბილისის დინამოს თავდამსხმელი ოცდამეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა.
72-ე წუთზე ჯანაშიამ, ვინც საუკეთესო იყო იმ დღეს, კიდევ ერთხელ აჯობა მეურვეს, საჯარიმოში შეიჭრა და მეკარისგან შორეულ, მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0. ეს დათოს მესამე გოლი იყო ეროვნულის მაისურით. 1994 წელს მან ლატვიელები დაამწუხრა, ერთი წლის შემდეგ კი მოლდოველები.
82-ე წუთზე ესტონელები მესამე გოლს გადაურჩნენ. ალექსიძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ჯანაშიამ იოლად მოატყუა ორი მეტოქე და უძლიერესად დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა.
სტუმართა კარში მესამე გოლი მაინც გავიდა: ალექსიძის პასის შემდეგ აშვეთიამ ნახევარბრუნში, უძლიერესად დაარტყა და პოომი უშანსოდ დატოვა, ახლო კუთხეში გაუტანა გოლი – 3:0. გამოცდილი მეკარე აშკარად შეცდა. რაც შეეხება აშვეთიას, ის გახდა მეექვსე, რომელმაც ნაკრებში დუბლი მიითვალა. სხვათა შორის, ეს ქართველების მესამე დუბლი იყო 1998 წელს, ზუსტად იმდენი, რამდენიც ეროვნული გუნდის არსებობის წინა შვიდი წლის მანძილზე დაფიქსირდა.
88-ე წუთზე სტუმრებმა ერთი გოლი გაქვითეს. არგო არბეიტერმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა დებიუტანტმა გიორგი ლომაიამ კი ნახტომი დააგვიანა – 3:1. იმხანად თბილისის მერანი 1991-ში მოთამაშე ლომაიამ ორიოდ წუთში შეცდომა გამოასწორა, პირისპირ გასულ ივან ო’კონელ-ბრონინს აჯობა.
„შედეგით და მსაჯობით უკმაყოფილო ვარ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არბიტრებმა არ იცოდნენ, როგორი გადაწყვეტილება მიეღოთ. უფრო სწორად, ისინი ორჭოფობდნენ, თუმცა არ ვამბობ, რომ სწორედ მსაჯობის გამო დავმარცხდით“, – ასე დაიწყო პრესკონფერენცია ესტონელთა ისლანდიელმა დამრიგებელმა.
რაც შეეხება გუცაევს, მან შედეგით, თამაშით და ახალწვეულებით კმაყოფილება ვერ დამალა:
„ფეხბურთში ანგარიში გადამწყვეტია და დღევანდელი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. მოვიგეთ, მაგრამ უკეთესი ისაა, რომ საქართველოში მოთამაშე ბიჭები საქმეში გამოვცადე და ყველა მათგანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა…
არ მინდა ეს გუნდი ეროვნულ ნაკრებს შევადარო, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ამ ბიჭებმა უფრო დიდი ბრძოლისუნარიანობა აჩვენეს და მოგებისთვის ყველაფერი გაიღეს. მათი თამაშით ვისიამოვნე: იყო ბრძოლა, კომბინაციები, ლამაზი გოლები…
კმაყოფილი ვარ ბალაშვილის, რომელსაც მხოლოდ გამოცდილება აკლია. მომეწონა ჩხაიძეც – ის ხომ ასეთი სწრაფი ფეხბურთელია, ჩვენ კი, რატომღაც, მას ყურადღებას არ ვაქცევთ. სისწრაფე ხომ მთავარია თანამედროვე ფეხბურთში…
მშვენიერი იყო ჯანაშიაც, მეორე გოლი ხომ ნახეთ? დათომ სისწრაფის წყალობით გამოგლიჯა ბურთი მცველს და ისე შეაგდო…
კიკნაძემ გვიჩვენა, რომ ნელ-ნელა გაიზარდა. ალექსიძეზე და აშვეთიაზეც შემიძლია იგივეს თქმა. რაც შეეხება მუჯირს, ის იმიტომ შევიყვანე, რომ ყველაფერთან ერთად ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს და როცა გოლი მწიფდებოდა, ასეთი კაცი აუცილებლად საჭირო იყო. თუმცა კვეტენაძის თამაშითაც კმაყოფილი ვარ, ამ ბიჭმაც კარგად იბრძოლა…
არავინ იფიქროს, რომ რადგან ბევრმა ქუთაისელმა ითამაშა, ქუთაისურ ნაკრებს ვაკეთებ. მე არც ქუთაისის და არც დინამოს ნაკრებს ვქმნი. დღესდღეობით საუკეთესოდ ვინც მიმაჩნია, ისინი დავაყენე. ჩემი მთავარი მიზანი მებრძოლი გუნდის შექმნაა“.
წლის უკანასკნელ შეხვედრაში გამარჯვებით პრესაც კმაყოფილი დარჩა, სარბიელელმა გიო ახვლედიანმა კი 21 ნოემბრის საავტორო სვეტი ესტონელებთან მატჩს მიუძღვნა და ჩანახატი სახელად „ოთხშაბათის თამაში“ ასე დაასრულა:
„საქართველოს ნაკრები მოძრაობდა და იბრძოდა. რამდენი ხანია ასეთი რამ აღარ გვინახავს? წინ მთელი ზამთარია და ნაკრები არ უნდა შეჩერდეს. იმ აზრით, რომ ექსპერიმენტი უნდა გაგრძელდეს. ეს აუცილებელია არა მხოლოდ სახვალიო შედეგისთვის, არამედ საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებისთვისაც. ყოველთვის უნდა არსებობდეს არჩევანის საშუალება. თუ არ არსებობს, უნდა შექმნა. როცა არჩევანი არ გაქვს, გარემოებათა მსხვერპლი ხდები. გარემოებანი კი იშვიათადაა ისეთი, შენს საქმეს რომ ეხმარება“.
ერთ კვირაში, 25 ნოემბერს, ქართველები და ესტონელები კვლავ დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, თუმცა ამჯერად საკლუბო დონეზე – დინამომ ფლორას უმასპინძლა. ისევე როგორც გუცაევი, თბილისელთა თავკაცი მურთაზ ხურცილავაც ახალგაზრდებს დაეყრდნო: ძირითადში გიორგი ნიკურაძემ, თორნიკე რუხაძემ, გიორგი შაშიაშვილმა, ედიკ საჯაიამ, ვალერი აბრამიძემ, ოლეგ გველესიანმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, ლადო ბურდულმა, თორნიკე აფციაურმა, გიორგი მიქაძემ და ვალერი გაგუამ ითამაშეს, შეცვლაზე კი დავით ტყებუჩავა, ირაკლი შენგელია, ბორის გონჩაროვი, ირაკლი ვაშაკიძე და ოთარ ხიზანეიშვილი შევიდნენ. დინამო 2:1 მოიგო, გოლები რუხაძემ და ხიზანეიშვილმა შეაგდეს…
ევრო 2000-ის მომდევნო შესარჩევი მატჩი გუცაევის გუნდს 1999 წლის 27 მარტს ელოდა – თბილისში, სლოვენიასთან. მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით, მანამდე მინიმუმ ერთი ამხანაგური შეხვედრა აუცილებლად უნდა გამართულიყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ ისრაელში ამხანაგური მატჩი თითქმის შეათანხმა, მაგრამ 27 ნოემბერს თბილისში ფაქსი მოვიდა, სადაც მასპინძელი მხარე იტყობინებოდა, რომ 9 დეკემბრისთვის დაგეგმილი პაექრობა აღარ გაიმართებოდა.
დეკემბერში პრესა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ჩეხეთთან შესაძლო სპარინგზეც წერდა, თუმცა არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე.
23 დეკემბერს ფიფას განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. ესტონეთთან მოგება საქართველოს ეროვნულ გუნდს მცირედით შეეწია და ნაკრებმა 1998 წელი 44.28 ქულით 52-ე პოზიციაზე დაასრულა – ტრინიდადსა და ტობაგოს უკან და საბერძნეთზე წინ. 1997 წლის დეკემბრის რეიტინგთან შედარებით ჩვენი გუნდის პოზიცია ჩვიდმეტი(!) საფეხურით გაუმჯობესდა.
ერთი დღის შემდეგ თბილისში მერაბ ჟორდანია და ვალერი ჩოლარია დაბრუნდნენ. ისინი უეფაში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით. მათი ჩამოსვლიდან ორ დღეში ქართული სპორტის თავკაცებს და, მათ შორის, ფედერაციის პირველ პირებს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თანაშემწეებთან ერთად კანცელარიაში უმასპინძლა. მთავარი საკითხი ქართული სპორტის და ქართული ფეხბურთის დაფინანსება იყო. შეკრება უსიამოვნო პასუხით დასრულდა – ბიუჯეტში გარღვევაა, სპორტისთვის ფული არ გვაქვს, ქართულ ფეხბურთს კი ვალებს ვერ ჩამოვაწერთ, ფული უნდა დაბრუნდეს!
* * *
18 ნოემბერი, 1998. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 28 000
საქართველო 3:1 ესტონეთი
გოლები: 1:0 მიხეილ აშვეთია (65, გია ჩხაიძის პასით), 2:0 დავით ჯანაშია (72), 3:0 მიხეილ აშვეთია (85, რატი ალექსიძის პასით), 3:1 არგო არბეიტერი (88)
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი (გიორგი ლომაია 76), გიორგი ბალაშვილი, ვაჟა თარხნიშვილი (ზურაბ ფოფხაძე 64), გია ჩხაიძე (ზვიად ჯელაძე 72), გივი დიდავა, გიორგი რევაზიშვილი (გიორგი ღუდუშაური 62), კახა კვეტენაძე (დავით მუჯირი 56), გიორგი კიკნაძე (კაპ), რატი ალექსიძე, დავით ჯანაშია, მიხეილ აშვეთია
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
ესტონეთი: მარტ პოომი, ურმას კირსი (ერკო სავიაუკი 74), იანეკ მეეტი, სერგეი ხოხლოვ-სიმსონი (კაპ), ურმას როობა, ვიქტორ ალონენი, მაქსიმ სმირნოვი, მარკ შვეცი (კრისტენ ვიიკმიაე 80), მარკო კრისტალი (ტეეტ ალასი 90), ანდრეს ოპერი (ივან ო’კონელ-ბრონინი 85), ინდრეკ ზელინსკი (არგო არბეიტერი 53)
მწვრთნელი: ტეიტურ თორდარსონი
გაფრთხილება: ინდრეკ ზელინსკი, დავით ჯანაშია, გია ჩხაიძე, მაქსიმ სმირნოვი
მსაჯები: მერაბ მალაღურაძე; ლევან მიქელაძე, მამუკა ელიკაშვილი
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 4 ოქტომბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი