ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #50: საქართველო 0:1 უკრაინა

„ფედერაციას არც ფული აქვს, არც ვალი“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა 1998 წლის 25 დეკემბრის სარბიელში ჟურნალისტ კობა ინასარიძის ინტერვიუ ვალერი ჩოლარიასთან. ფეხბურთის ფედერაციის ახალი გენერალური მდივანი, პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან ერთად, ორი დღით ადრე დაბრუნდა შვეიცარიიდან, სადაც უეფას მაღალჩინოსნებს შეხვდა.
ინტერვიუს მიწურულს, არაერთი საკითხის მიმოხილვის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე, გვაძლევთ თუ არა გარანტიას, რომ 1999 წელი გულშემატკივრებისთვის უკეთესი იქნებაო, ჩოლარიამ უპასუხა: „აბა, აქ რატომ ვმუშაობთ“?
სამწუხაროდ, მომდევნო თორმეტი თვე ძალიან წარუმატებელი გამოდგა – 1993 წლის შემდეგ, პირველად, ეროვნულმა ნაკრებმა კალენდარული წელიწადი გამარჯვების გარეშე დაასრულა.

25 დეკემბერს, როცა სარბიელში ვალერი ჩოლარიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სფფ-ის ახალი ხელმძღვანელები ქართული სპორტის მაღალჩინოსნებთან ერთად კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ზაზა შენგელიას კაბინეტში შეიკრიბნენ.

მასპინძლის, ჟორდანიას და ჩოლარიას გარდა, იმ შეხვედრაში პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ ამაღლობელი, პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე მანუჩარ მაჩაიძე, პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი გურამ ძაგანია, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახი ასათიანი და მისი მოადგილე ლერი ხაბელოვი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ გერგედავა, აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ამირან ზუხბაია, სახელმწიფო კანცელარიის სოციალური სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების უფროსი დაზმირ ჯოჯუა და ამავე განყოფილების რეფერენტი ეზეკი ინწკირველი, სპორტის სამმართველოს უფროსი ამირან აბესაძე, სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სპეციალისტი თემურ მირიანაშვილი და პარლამენტის წევრი, საფეხბურთო კლუბ ცხუმის პრეზიდენტი გია გვაზავა მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ოთხი ძირითადი საკითხი განიხილეს: საქართველოში ფეხბურთის განვითარების და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის პროგრამის შემუშავება (მომხსენებელი მერაბ ჟორდანია), ფეხბურთის ფედერაციაში არსებული საფინანსო მდგომარეობის შემოწმების მიმდინარეობა (კახი ასათიანი), კანონპროექტი ლატარიის შესახებ (კახი ასათიანი) და ცხუმის საფინანსო მდგომარეობა (გია გვაზავა).

მერაბ ჟორდანიამ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, საკუთარი, ორასგვერდიანი საპრეზიდენტო პროგრამით იხელმძღვანელა და მთავარ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ის, ძირითადად, გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვდა, მათ შორის: სფფ-ის პირდაპირი შემოსავლების, ფიფა-უეფას გრანტების და სხვადასხვა დახმარებების; ეროვნული ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხის; ეროვნული ნაკრების და ქართული კლუბების მატჩების ტელეტრანსლაციიდან შესული თანხის; ეროვნული ნაკრების წევრთა პრემიების; ასევე უცხოელი პარტნიორებისგან მიღებული ინვენტარის და საჩუქრების საბაჟოებზე დაუბეგრავად გატარებას.

ამას გარდა, პრეზიდენტმა სკოლების ბაზებზე ფეხბურთის სპეცკლასების შემოღება მოითხოვა, ასევე თბილისიდან ოცდაათი კილომეტრის რადიუსში მიწის ნაკვეთის გამოყოფა ნაკრებისთვის ბაზის ასაშენებლად. ჟორდანია ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქციის დაჩქარებას, 2000 წელს ქართული ფეხბურთის საუკუნოვანი იუბილეს სახელმწიფო დონეზე აღნიშვნას, ტელერადიოკორპორაციისთვის სახელმწიფო დოტაციის გამოყოფას (რაც მიზანმიმართულად, ფეხბურთის ფედერაციისგან მატჩების ტელეტრანსლირების უფლებების შეძენას მოხმარდებოდა) და ყველაზე საინტერესო: ქვეყანაში გათამაშებული ლატარიების მოგების ნახევრის, ორმოცდაათი პროცენტის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემასაც ითხოვდა.

დაასრულა თუ არა ჟორდანიამ მოხსენება, სახელმწიფო მინისტრის და ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა, თითქოს პირი შეკრესო, ლამის ერთდროულად ხაზი გაუსვეს ბიუჯეტის კატასტროფულ მდგომარეობას და სამას მილიონიან გარღვევას. შენგელიას და ხანიშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქართული ფეხბურთის ბიუჯეტის იმედად ყოფნა „საქმისადმი არასერიოზული მიდგომა“ იქნებოდა.

მომდევნო მომხსენებელმა კახი ასათიანმა ფეხბურთის ფედერაციის ძველი მესვეურები სამასი ათასი დოლარის „შეჭმაში“ დაადანაშაულა. სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ის თანხა იყო, რომელიც, ოფიციალური ხარჯთაღრიცხვით, ეროვნულ სტადიონზე ინდივიდუალური სკამების დასამონტაჟებლად დაიხარჯა, რეალურად კი საქმეს გაცილებით ნაკლები მოხმარდა.

თითქმის ორსაათიანი შეხვედრა ზაზა შენგელიამ დაასრულა: „ტყუილად გეიმედებათ ბიუჯეტის, მას თავისი გასჭირვებია. ფეხბურთს და სპორტს რომ ეშველოს, კანონები უნდა ამოვიყენოთ გვერდში. მოვამზადოთ, შევიტანოთ პარლამენტის სესიაზე კანონები ქველმოქმედების, სპორტული ლატარიის შესახებ და, თუ გავიტანთ ჩვენსას, სპორტსაც ეშველება. კანონით ვებრძოლოთ სიდუხჭირეს! როცა ბიზნესმენი მიხვდება, რომ ქველმოქმედება უფრო იაფია, ვიდრე ბიუჯეტისთვის გადასახადის გადახდა, იგი აუცილებლად ითანამშრომლებს სპორტთან. როგორმე თებერვლამდე მოამზადეთ სამუშაო პროექტები, მანამდე კიდევ შევხვდეთ და ვითათბიროთ ქართული სპორტის საკეთილდღეოდ. გაითვალისწინეთ, ამით პრეზიდენტია დაინტერესებული“.

შობა-ახალი წელი, ძველით ახალი წელი და სხვა დღესასწაულები ისე გაილია, რომ ქართულ სპორტში, მათ შორის ფეხბურთში, დიდი ძვრა არ მომხდარა – ფეხბურთის ფედერაცია ამაოდ ცდილობდა ეროვნული გუნდისთვის ღირსეული სპარინგ-პარტნიორის მოძებნას, კარგ გუნდებს კალენდარი კარგა ხნის შედგენილი ჰქონდათ.

ძველით ახალი წლის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური ბიულეტენის, ქართული ფეხბურთის პირველი ნომერი დაბეჭდა. სფფ-ის გაზეთი ამჯერად ჟურნალის სახით გამოიცა და ითქვა, რომ ამიერიდან ის ამ სახით გავრცელდებოდა.

იანვრის მიწურულს, კონკრეტულად კი 25 იანვარს, ერთი გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულდა – დიდუბის რაიონულმა სასამართლომ ოთხივე განსასჯელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი და თბილისის დინამოს ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, დინამოს დირექტორატის წევრები მერაბ რატიანი და ვალერი შალიკაშვილი, ასევე კლუბის ბუღალტერი ნაზი მამიანი გაამართლა. გამოძიება მათ დინამოს თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა. საუბარია სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 21 ივნისის #251 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით დინამოს 2000 წლის ბოლომდე საგადასახადო შეღავათები მიეცა. დინამოს მესვეურებმა პრეზიდენტის კეთილი ნებით და ბრძანებით პირველი ოთხი თვის განმავლობაში ისარგებლეს, შემდეგ კი კლუბის საქმიანობით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამომძიებლო დეპარტამენტი დაინტერესდა.

„საქმე ისეთი მარტივი იყო და ჩვენს მიმართ წაყენებული ბრალდება იმდენად აბსურდულად მიგვაჩნდა, რომ ადვოკატის დაქირავება არც გვიფიქრია. მომჩივანთათვის პასუხის გაცემა ჩვენც თავისუფლად შეგვეძლო. დინამოს საპარტნიორო ფონდში ფული კომერციული საქმიანობით უნდა შეგვეტანა, რასაც ვაკეთებდით კიდეც“, – თქვა მერაბ ჟორდანიამ გამართლების შემდეგ.

5 თებერვალს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასმა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას უმასპინძლა. იმ დღეს ცამეტი კომიტეტის ხელმძღვანელი და 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ გაგუა დაამტკიცეს. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, ჟორდანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ვლადიმერ გუცაევის და თემურ ქეცბაიას დაპირისპირებაზე და თქვა, რომ პირველ რიგში თავად ფეხბურთელმა უნდა შეიცვალოს აზრი.

„მიმდინარე და მომდევნო შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა უცხოურ შეკრებას შვეიცარიული ტელესპორტი დააფინანსებს. რაც შეეხება უახლოეს ოფიციალურ მატჩებს, სლოვენიის და ნორვეგიის წინააღმდეგ, გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პრემიას მიიღებს…

ვლადიმერ გუცაევს სრული თავისუფლება აღვუთქვით, მას ყველაფრის უფლება აქვს. მისი პრეროგატივაა, კონკრეტული მატჩისთვის ვის გამოიძახებს, ვის – არა…

მინდა ყველამ იცოდეს: ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ნაკრებს უმნიშვნელო პრობლემაც არ ექნება“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.

აღმასკომზე ისიც ითქვა, რომ XII ეროვნული ჩემპიონატიდან უმაღლეს ლიგაში კლუბების რაოდენობა შემცირდებოდა. რამდენით, ეს არ თქმულა, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ მათი გეგმა უეფაშიც მოიწონეს.

10 თებერვალს სპორტულ პრესაში საინტერესო ცნობა გაჩნდა: ეროვნული ნაკრები თვის მიწურულს, შესაძლოა, ტაილანდში, მეფის თასზე სათამაშოდ გამგზავრებულიყო. ფედერაციასთან დაახლოებული პირები ამბობდნენ, რომ სფფ-ს ამ საქმეში ფიფას ლიცენზირებული აგენტი, ვინმე ვილი კონრადი ეხმარებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ტაილანდელებმა ჩვენი ეროვნული გუნდის ნაცვლად ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრები მიიპატიჟეს, რომელმაც მოიგო კიდეც მთავარი პრიზი.

„უკრაინელებთან შარშანდელი ანგარიშები გვაქვს, სასტიკად უნდა ვიძიოთ შური. გახსოვთ, კიევში როგორ მოგვიგეს? იმ მარცხს არ შევარჩენთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოვუგებთ. თუ ბიჭები იბრძოლებენ, რაც მათთვის არაერთხელ მითქვამს, თავს დადებენ და გამომყვებიან, შეუძლებელი არაფერია. დავალება ბოლომდე უნდა შეასრულონ და თავადაც კმაყოფილი დარჩებიან. რომელი ერთია შევჩენკოზე, ანაც რებროვზე ნაკლები? უნდა მოინდომონ“! – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა კობა ინასარიძესთან საუბარში. ინტერვიუ 18 თებერვლის სარბიელში გამოქვეყნდა.

მთავარმა მწვრთნელმა სლოვენიის ნაკრებთან ევროშესარჩევ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინასთან ამხანაგური დაპირისპირების შემდეგ, ერთ კვირაში იყო დაგეგმილი: „ბერძნებთან და ლატვიელებთან სლოვენიელთა თამაშის ვიდეოფირს ამ რამდენიმე დღის წინ ვუყურე და დავასკვენი, რომ მეტოქე საშუალო ევროპული კლასის გუნდია. თამაშობენ ათლეტურ, ძალისმიერ ფეხბურთს. სლოვენიის უპირველესი იარაღი სწრაფი კონტრშეტევაა“.

ერთი კვირის შემდეგ ვალერი ჩოლარიამ ზაფხულში კოლუმბიის ნაკრებთან თბილისში შესაძლო ამხანაგურ მატჩზე განაცხადა. „ერთ-ერთი იტალიელი აგენტი, რომელიც კოლუმბიელებს ევროპაში ამხანაგური თამაშების ორგანიზებაში ეხმარება, ფაქსით შეგვეხმიანა და მოგვწერა, რომ თუ ჩვენი სურვილი იქნება, სამხრეთამერიკელებს ჩამოიყვანს. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, გაზაფხულზე ბევრი რამ უკეთ გვეცოდინება“, – თქვა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა. ტაილანდის ტურნირის არ იყოს, არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე.

თებერვლის მიწურულს სფფ-ის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ 20 მარტს, საქართველო-უკრაინის ამხანაგურ შეხვედრას საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი როჟე ლემერი და მისი თანაშემწე რაიმონ დომენეკი დაესწრებოდნენ. საქმე ისაა, რომ თბილისში სტუმრობიდან ერთ კვირაში უკრაინას მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ევროშესარჩევი შეხვედრა ელოდა სტად დე ფრანსზე, ლემერს კი მომავალი მეტოქის საქმეში ხილვა სურდა.

4 მარტს, მორიგი ევროპული მივლინებიდან დაბრუნებისთანავე, მერაბ ჟორდანიამ კიდევ ერთხელ უმასპინძლა ჟურნალისტებს. საუბარი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის ნიუკასლში თემურ ქეცბაიასთან შეხვედრას. ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორი გუნდს შემოდგომით განუდგა და განაცხადა, რომ გუცაევის მწვრთნელობის პერიოდში ნაკრებში აღარ ითამაშებდა.

„მე მას შევახსენე, რომ ნაკრებში თამაში ყველასთვის საამაყოა და რომ მთავარ გუნდში მას მხოლოდ მწვრთნელი არ იწვევს, მისი მთელ საქართველოს ეიმედება. ასეთ დროს სამშობლოს უმტყუნო, დაუშვებელია. მჯერა, თემური ნაკრებს დაუბრუნდება“, – განაცხადა ჟორდანიამ.

გუცაევმა სფფ-ის პრეზიდენტის სიტყვების კომენტარისგან თავი შეიკავა, მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ვლადიმერ პანოვმა კი თქვა: „ჩვენ გუნდის გაახალგაზრდავებას ვაპირებთ. ნახავთ უკრაინასთან და სლოვენიასთან მატჩებისთვის რამდენ ახალწვეულს მოვიწვევთ. ქეცბაიას ღირსეული კონკურენტები გამოუჩნდნენ. ინგლისის პრემიერლიგაში რამდენიმე გოლის გატანა სულაც არ ნიშნავს, რომ ქეცბაია სანაკრებო ფორმაშია. თუმცა კი, ჩემ ნათქვამს სხვანაირად ნუ გაიგებთ, თუ დაგვჭირდება, ქეცბაიას გამოვიძახებთ“ (გაზეთი სარბიელი, 1999 წლის 5 მარტი).

მთავარი მწვრთნელის და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის დაპირისპირებას გამოეხმაურა ჟურნალისტი კონსტანტინე გოგიშვილი 11 მარტს, სარბიელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში „რა იყო, რა არის, რა იქნება“:

„კონფლიქტი გუნდში დელიკატური საკითხია და დელიკატურადაც უნდა მივუდგეთ. ჟურნალისტიკა კრიტიკისთვის კი არის მოწოდებული, მაგრამ არც ისეა საქმე, ცეცხლზე ნავთი დავასხათ და გვერდიდან ვუკრათ ტაში – საქართველოს ეროვნულ გუნდში ამჟამად არსებული მდგომარეობით ქართული მასმედიაც სისხლხორცეულად უნდა იყოს დაინტერესებული (არის კიდეც) და ღმერთმა ნუ ქნას, ძველებურად განვითარდეს მოვლენები. ის კი, მწვრთნელს ვიღაცასთან უკმაყოფილება რომ მოუვიდა, არაფერი საგანგაშოა, კონფლიქტები დროის დინებას ემორჩილებიან. ჩვენს, ქართულ შემთხვევაშიც, ასე მოხდა. ჩაერია სფფ-ის პრეზიდენტი გაუგებრობაში, მოიშველია წონა-ავტორიტეტი და საქმეც სასიკეთო გზას გაუყვა – მიუხედავად სიმპათია-ანტიპათიებისა, ყველაზე მაღლა ქვეყნის, ქომაგის, გუნდის ინტერესები დადგა (ბოლო მონაცემებით) და კონფლიქტიც თუ არ მოგვარდა, ნაცარი წაეყარა მაინც“.

გავიდა კიდევ ხუთი დღე და ვლადიმერ გუცაევმა უკრაინასთან და სლოვენიასთან თამაშებისთვის ეროვნულ გუნდში მიწვეული ფეხბურთელები დაასახელა. მის რჩეულთა შორის ქეცბაია კვლავ ვერ მოხვდა. „არ ჩავთვალე საჭიროდ. ჯერ უმისოდაც შეგვიძლია“, – მთავარი მწვრთნელი ერთი წინადადებით შემოიფარგლა. მისი ახალი სანაკრებო სია კი ასეთი იყო:

მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), დავით ჯანელიძე (თბილისის ლოკომოტივი)

მცველები: გიორგი ბალაშვილი (ლოკომოტივი), მამუკა წერეთელი, გია ჩხაიძე (ორივე ალანია, რუსეთი), ლევან სილაგაძე (რიგის სკონტო, ლატვია), ვაჟა თარხნიშვილი (ტირასპოლის შერიფი, მოლდოვა), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა)

ნახევარმცველები: რატი ალექსიძე (თბილისის დინამო), დავით ჯანაშია (ქუთაისის ტორპედო), გიორგი ნემსაძე (რეჯანა, იტალია), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), გოგა გახოკიძე (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), გიორგი ქინქლაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები)

თავდამსხმელები: გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), შოთა არველაძე (აიაქსი, ნიდერლანდები), მიხეილ ფოცხვერია (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი)

იმის გამო, რომ უკრაინასთან ამხანაგური მატჩი უეფას მიერ ნაკრებებისთვის გამოყოფილ დღეს არ იმართებოდა, მწვრთნელმა აკაკი დევაძეს, გიორგი დარასელიას, გოჩა ჯამარაულს და მიხეილ ყაველაშვილს ვერ უხმო, თუმცა განაცხადა, რომ ისინი გუნდს სლოვენიასთან ოფიციალური მატჩის წინ დაემატებოდნენ.

უკრაინის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები თბილისს თამაშის წინა დღით, 19 მარტს, შუადღით ეწვივნენ. ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ უძლიერესი შემადგენლობა იახლა, მათ შორის კიევის დინამოს ის ფეხბურთელები, რომლებმაც ორი დღით ადრე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშეს.

რჩეულთა შორის იყო ანდრეი შევჩენკოც, რომელმაც ორ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რეალს სამი გოლი გაუტანა, მათ შორის ორი 17 მარტს, კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე. ის თამაში დინამომ 2:0 მოიგო. იმ დროს შევჩენკო ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი გახლდათ და ლიგის ბომბარდირთა სიასაც ლიდერობდა ექვსი გოლით. მანჩესტერის ტრინიდადელ თავდამსხმელ დუაიტ იორკთან ერთად.

უკრაინის ნაკრებთან ერთად ჩამოვიდა შევჩენკოს თანაკლუბელი კახი კალაძე, მოსკოვის ლოკომოტივის მთავარ ფორვარდს ზაზა ჯანაშიას კი ნაკრების ხელმძღვანელობა ამაოდ ელოდა. თასების მფლობელთა თასის პირველ მეოთხედფინალში, ჰაიფას მაქაბისთან მოსკოვურ შეხვედრაში, ზაზამ ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეთანხმების მიხედვით, ის თბილისში საპასუხო მეოთხედფინალის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ:

„ამ დილით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფაქსი გამოვაგზავნეთ და თქვენებურებს ვაცნობეთ, რომ ჯანაშიას წვივი აწუხებს, ის ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არის. ზაზა ახლა ლოკომოტივის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს. მისთვის დატვირთვა არ შეიძლება, უნდა დაისვენოს. თუმცა, თუ ნაკრების ხელმძღვანელობამ კატეგორიულად მოითხოვა ჯანაშიას თბილისში ჩამოსვლა, ხვალვე ავუღებთ ბილეთს და გამოვამგზავრებთ“, – განაცხადა ლოკომოტივის უფროსმა ვლადიმირ კოროტკომ. მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის არყოფნაში, გაზეთ სარბიელის კითხვებს მან უპასუხა. სიომინი იტალიაში გახლდათ, სადაც თასების თასის ნახევარფინალში მომავალი მეტოქის, რომის ლაციოს თამაშს დაესწრო.

20 მარტს, ეროვნულების მატჩამდე ოთხი საათით ადრე, თბილისში, შევარდენზე, ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს. გიგლა იმნაძის ბიჭებმა 1:0 გაიმარჯვეს, ერთადერთი ბურთი კლიმენტი წიტაიშვილმა 55-ე წუთზე შეაგდო.

საღამოს რვა საათზე კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში ორმოცდამეათე საერთაშორისო თამაში დაიწყო. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ გიორგი ქინქლაძეს და ანდრეი შევჩენკოს იხილავდნენ, მაგრამ ორივემ მწვრთნელთან შეთანხმებით არ ითამაშა. ქინქლაძემ იმის გამო, რომ ბოლო ხანებში საერთოდ არ გასულა მინდორზე, შევჩენკო კი პირიქით, მძიმე მატჩების შემდეგ გადაღლილი იყო და მწვრთნელმა დაასვენა.

ვლადიმერ გუცაევმა ექსპერიმენტები განაგრძო: ბალაშვილი-თარხნიშვილი-წერეთელი-ჩხაიძის დაცვის ოთხეულის წინ, ჩამშლელად, კალაძე ათამაშა, მის წინ, ნახევარდაცვაში, კაპიტანი გიორგი ნემსაძე გაამწესა, ფლანგებზე ესტონეთთან ამხანაგურში თავგამოჩენილი დავით ჯანაშია და ლევან კობიაშვილი, თავდასხმაში კი გიორგი დემეტრაძეს მიხეილ ფოცხვერია შეუწყვილა.

პირველი საგოლე მომენტი ამ უკანასკნელს ჰქონდა, ნემსაძის ჩინებული პასის შემდეგ, მაგრამ ვალერი ვორობიოვთან პირისპირ გასულმა ბურთი მეკარეს მოარტყა.

მე-16 წუთზე დემეტრაძემ შეუტია უკრაინელთა კარს, თუმცა ვორობიოვმა კიდევ ერთხელ ითამაშა საიმედოდ. 39-ე წუთზე სტუმართა კარის დარაჯმა მეორედ აჯობა დემეტრაძეს, რომელმაც კარში დარტყმამდე რამდენიმე მცველი გააბითურა.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს, 77-ე წუთზე კი გამარჯვების გოლიც შეაგდეს: კიევის დინამოელმა სერგეი კონოვალოვმა, რომელიც მეორე ტაიმში გამოჩნდა თანაკლუბელი ვასილი კარდაშის ნაცვლად, შორი მანძილიდან დაარტყა და გაიტანა. გრიშიკაშვილი შეცდა, გადახტომა დააგვიანა და მიუხედავად იმისა, რომ ბურთს თითები წაატანა, კარი გოლისგან ვერ იხსნა – 0:1. მატჩი ასეც დამთავრდა, უკრაინის ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო.

საბოს ნაცვლად პრესკონფერენციაზე მისი თანაშემწე ლეონიდ ბურიაკი მოვიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარი კიეველებზე კომენტარით დაიწყო: „სამი დღის წინ დინამომ ძალიან მძიმე შეხვედრა გადაიტანა მადრიდის რეალთან. ზოგმა მცირე ტრავმა მიიღო, რამდენიმემ ძალების აღდგენა ვერ მოასწრო… დინამოელები ჩვენი ნაკრების ძირითად ბირთვს შეადგენენ და სწორედ ამიტომ ვათამაშეთ სათადარიგოები. უშუალოდ მატჩზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, ჩემი აზრით ძალიან ხისტი თამაში გამოდგა… ქართველებიდან კალაძეს და დემეტრაძეს გამოვყოფდი“.

ვლადიმერ გუცაევმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ თამაში უეფას მიერ გამოყოფილ დღეს არ გაიმართა, რის გამოც კლუბებმა ფეხბურთელები არ გაათავისუფლეს. მწვრთნელმა პრესკონფერენცია ასე დაასრულა: „ამ მატჩმა ბევრი რამ დაგვანახა, მათ შორის ის, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა ჩვენი იმედები ვერ გაამართლა“.

თამაშის მიმოხილვაში „უკრაინას ვერ ვუპასუხეთ – საკონტროლო გასროლა“, სარბიელელმა ვახტანგ ბზიკაძემ აღნიშნა:

„შაბათს ბნელოდა და ცუდად ჩანდა გუცაევი-ტაქტიკოსი. ვერ ვიტყვით, რომ იგი ცხადად ხშირად გვინახავს, მაგრამ ვერ ვნახეთ შაბათს. სამაგიეროდ, ისევე როგორც ესტონეთთან (მეტადაც), ვიხილეთ ის, რაც აქამდე ასე აკლდა ჩვენებურთა მატჩებს. ეს იყო ბრძოლა, თავგანწირული და თავდაუზოგავი, მაგრამ ერთი შეხედვით უსტრატეგიო. უკრაინელებთან ჩვენები უფრო იბრძოდნენ, ვიდრე თამაშობდნენ. ფეხბურთი კი უპირველესად თამაშია, და უამისოდ ვერ მოიგებ, დიდი-დიდი ქულას გამოჰკრა ხელი, ეს კი ცოტაა, თუმცა ზოგჯერ ასე საჭირო“.

20 მარტისგან განსხვავებით, 27 მარტს სამი ქულა გათამაშდა, მაგრამ გუცაევის ბიჭებმა ვერც იქ ივარგეს, მხოლოდ ქულა მოიპოვეს. წაგებული ამხანაგურის შემდეგ რამდენად სასიხარულო იყო ფრე ოფიციალური თამაში, რთული სათქმელია. მეც და, ალბათ ყველას, სამი ქულა უფრო გაგვახარებდა.

20 მარტი, 1999. ამხანაგური. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 40 000
საქართველო 0:1 უკრაინა
გოლი: 0:1 სერგეი კონოვალოვი (77)
საქართველო: სოსო გრიშიკაშილი, გიორგი ბალაშვილი, მამუკა წერეთელი, ვაჟა თარხნიშვილი, გია ჩხაიძე, კახი კალაძე, დავით ჯანაშია (რატი ალექსიძე 25), გიორგი ნემსაძე (კაპ) (გოგა გახოკიძე 75), ლევან კობიაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ ფოცხვერია (მიხეილ აშვეთია 54)
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
უკრაინა: ვალერი ვორობიოვი (ალექსანდრ შოვკოვსკი 46), ალექსანდრ კირიუხინი, ალექსანდრ გოლოვკო (ვლადისლავ ვაშჩუკი 61), ოლექსანდრ კოვალი, ვოლოდიმირ მიკიტინი, სერგეი პოპოვი, ვასილი კარდაში (სერგეი კონოვალოვი 46), იური კალიტვინცევი (კაპ) (ანდრეი გუსინი 46), სერგეი კოვალიოვი, სერგეი ნაგორნიაკი (ედუარდ ციხმეისტრუკი 75), სერგეი სკაჩენკო (სერგეი მიზინი 80)
მწვრთნელი: იოჟეფ საბო
გაფრთხილება: ვლადისლავ ვაშჩუკი
მსაჯები: სლავიკ კაზარიანი; კარენ ნალბანდიანი, გევორქ ოჰანესიანი (სომხეთი)

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 12 ოქტომბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; ჟურნალი ქართული ფეხბურთი (#1; 1999); თამაშის ბილეთი

ka_GEGeorgian