ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #51: საქართველო 1:1 სლოვენია
საქართველოს და უკრაინის ამხანაგურ მატჩს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის როჟე ლემერის და მისი თანაშემწის, რაიმონ დომენეკის გარდა, ჩვენი გუნდის მომავალი მეტოქის, სლოვენიის თავკაცი სრეჩკო კატანეციც დაესწრო.
90-იანი წლების მიწურულს ის არცთუ ურიგო ფეხბურთელი გახლდათ. ხუთი სეზონი გაატარა იტალიის სერია ა-ში, სამპდორიაში და გენუურ კლუბთან ერთად თასების მფლობელთა თასი მოიგო, 1992 წელს კი ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშა. მანამდე კატანეცი ბუნდესლიგაში, შტუტგარტში თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში უეფას თასის ფინალამდე მივიდა.
1994 წელს, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, კუნძულ მალტაზე, როთმენსის თასის გათამაშებაში, კატანეცი სლოვენიის ნაკრებს კაპიტნობდა. ამ და სხვა მიზეზთა გამო, მით უმეტეს თბილისური მატჩის წინ, მასთან საუბარი საინტერესო იქნებოდა და სარბიელის კორესპონდენტმა კობა ინასარიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა, მწვრთნელს ლიუბლიანაში დაუკავშირდა:
„საქართველოსა და უკრაინის თამაშის ვიდეოფირი გვაქვს, თუმცა ჯერ არ გაგვირჩევია. ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ჩემი დაკვირვებით, თქვენ ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშეთ. გუცაევმა, ასე ვთქვათ, თამაში „დამალა“…
რაც ვნახე, იმის მიხედვით რთულია რაიმე კონკრეტულის თქმა. აშკარად გამოჩნდა რგოლებს შორის შეუთამაშებლობა, მცველები ერთმანეთის დაზღვევას აგვიანებდნენ, ნახევარმცველები თავდამსხმელებს ვერ ეხმარებოდნენ, თქვენებურები ბურთის ართმევაშიც მოიკოჭლებდნენ…
ძალიან ტექნიკური და ჟინიანი ფორვარდია დემეტრაძე. მომეწონა კობიაშვილიც, მისგან ბევრ ხიფათს უნდა ველოდეთ, საუკეთესო კი კალაძე იყო. აგრესიული და გონიერი მცველია, შეტევებშიც ხშირად მონაწილეობდა…
დამარცხდით, მაგრამ არ უნდა წაგეგოთ. მატჩის დასაწყისშივე რომ გამოგეყენებინათ ის რეალური მომენტი, ვინ იცის, ეგებ, დიდი ანგარიშითაც მოგეგოთ. მეტოქემ ფიზიკური მომზადებით დაგჩაგრათ, მეორე ტაიმის შუაგულიდან უკვე იგრძნობოდა, რომ ქართველები მეტს ვეღარ მოუმატებდნენ. ისე კი, თქვენ ტაქტიკურად არ წაგიგიათ, გოლიც შემთხვევითი იყო. აი, ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელს რომ ეთამაშა, იგივე ჯამარაულს, ქინქლაძეს, შოთა არველაძეს, ქეცბაიას, შედეგი სხვაგვარი იქნებოდა“.
ეს ინტერვიუ 25 მარტის სარბიელში გამოქვეყნდა, ორი დღით ადრე კი, როცა სლოვენიელთა სტუმრობამდე სულ სამი დღე იყო დარჩენილი, დიდუბის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო. საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ალავიძემ განაცხადა, რომ სფფ-ს ბიუჯეტის ვალი ჰქონდა, დაახლოებით სამასი ათასი ლარი და სანამ არ გადაიხდიდა, ყადაღა არ მოიხსნებოდა.
სფფ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია ასე გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას: „ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი! უკრაინის ნაკრები ორი დღის გასტუმრებული გვყავს, სლოვენიელების სამასპინძლოდ ვემზადებით და უცბად ასეთი სიურპრიზი მოგვიწყვეს! თუ ორ დღეში ყადაღა არ მოიხსნა, ფედერაცია ყველანაირ პასუხისმგებლობას მოიხსნის. ეს ძველი ხელმძღვანელების ვალია, მაგრამ რადგან მათი სამართალმემკვიდრეები ვართ, ვალის გადახდაზე უარს არ ვამბობთ, ის აუცილებლად დაიფარება, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საშუალება არ გვაქვს. როგორმე უნდა გვადროვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩის ჩაშლა რეალურია“.
საორგანიზაციო პრობლემების მიუხედავად, ეროვნული გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა. უკრაინასთან მარცხის შემდეგ ვლადიმერ გუცაევმა ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა, 22 მარტიდან კი ვარჯიშები განახლდა.
მეორე დღეს ქუთაისში ჩაფრინდა მოსკოვის ლოკომოტივის ფორვარდი ზაზა ჯანაშია, რომელიც 24 მარტს თბილისში ჩამოვიდა და პირდაპირ ნაკრებს შეუერთდა. რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ეროვნული გუნდის ექიმებმა გასინჯეს და მთავარ მწვრთნელს მოახსენეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო, თავად ჯანაშია კი ყველას ეფიცებოდა, რომ მცირე ტრავმა ჰქონდა და ამიტომ არ ჩამოვიდა უკრაინასთან მატჩის წინ.
24 მარტს, დილით, ვარჯიშის დროს მიხეილ ფოცხვერია დაშავდა, ერთ-ერთი ვარდნის დროს მუხლი შეიბრუნა, არჩილ არველაძე კი გაცივდა და მაღალი ტემპერატურის გამო გამოაკლდა გუნდს.
საღამოს ვარჯიშამდე გიგლა იმნაძის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისის დინამოსთან ამხანაგურად ითამაშა, შემდეგ კი გუცაევის გუნდის ჯერი დადგა, მწვრთნელმა ბიჭებს ორკარა ათამაშა. პირველ გუნდში აკაკი დევაძე, გიორგი დარასელია, ლევან სილაგაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გოგა გახოკიძე, რატი ალექსიძე, გიორგი ქინქლაძე, გიორგი დემეტრაძე და დავით ჯანაშია მოხვდნენ, ასევე მეკარე დავით ჯანელიძე, რომელმაც წინ ითამაშა. მეორე გუნდი სოსო გრიშიკაშვილმა, გიორგი ბალაშვილმა, ვაჟა თარხნიშვილმა, ლევან კობიაშვილმა, მამუკა წერეთელმა, გია ჩხაიძემ, კახი კალაძემ, შოთა არველაძემ, გიორგი ნემსაძემ და გოჩა ჯამარაულმა „დააკომპლექტეს“. პირველებმა 4:3 მოიგეს. გოლები გახოკიძემ (ორი), ქინქლაძემ და დემეტრაძემ შეაგდეს, ხოლო დამარცხებულთაგან ჯამარაულმა (ორი) და კობიაშვილმა.
25 მარტს, მატჩამდე ორი დღით ადრე, ყადაღადადებულ საბანკო ანგარიშთან და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა. შეხვედრაში ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია, სფფ-ის საინფორმაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ქლიბაძე, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ეროვნული სტადიონის დირექტორი ნუკრი კაკილაშვილიც მონაწილეობდნენ.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინასთან ამხანაგური შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი იყო, როცა ათასობით უბილეთო გულშემატკივარი შევიდა, რომელთა ნაწილმა აკრედიტებული ჟურნალისტების ადგილები დაიკავა.
„ვიცი, რომ მსგავს ფაქტებს, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა. ეს არ უნდა მომხდარიყო. თამაშის წინ შევხვდი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს და მასთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სსჟა-ს მიერ გაცემული აკრედიტაციები ამ შესარჩევი ციკლის ბოლომდე ძალაში დარჩებოდა, შესაბამისი მითითებებიც გავეცი. სამწუხაროდ, ჟურნალისტთა ნაწილს თავის ადგილზე მისაღწევად ბევრი პრობლემა შეხვდა, რაც ძალიან ცუდია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინასთან მატჩს რამდენიმე ათეულ ათასი მაყურებელი ჰყავდა, არადა ოფიციალურად შვიდი ათასი ბილეთი და მხოლოდ რვაასი აბონემენტი გაიყიდა. სლოვენიის ნაკრებთან მატჩის წინ შესაბამის სამსახურებს მეტ ყურადღებას მოვთხოვთ, ვეცდებით პრესას პრობლემები არ შეექმნას, უეფას კი ვაცნობებთ, რომ მატჩზე დასწრების მსურველი გაცილებით მეტია და ვთხოვთ, რომ დამატებითი ბილეთების გაყიდვის უფლება მივიღოთ“, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა. როგორც ჩანს, თათბირმა სასურველი შედეგი გამოიღო, თამაშზე უბილეთოდ თითქმის ვერავინ შევიდა და ჟურნალისტებმაც თავისუფლად მივაღწიეთ მედიისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე.
იმ დროს, როცა მერიაში სლოვენიასთან მატჩის შესახებ თათბირობდნენ, საქართველოს პარლამენტის პრეს-კაფეში პარლამენტარები კოლეგას, ვეტერან ფეხბურთელს მანუჩარ მაჩაიძეს 50 წლის იუბილეს ულოცავდნენ. დინამოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კაპიტანს სონის ფირმის ტელევიზორი უსახსოვრეს, თამადა კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კობახიძე (პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მამა) გახლდათ.
იმავე საღამოს, ეროვნულმა ნაკრებმა, დიღმის ნაცვლად, შევარდენზე ივარჯიშა. იმის გამო რომ საწვრთნელი თამაშის დროს შოთა არველაძე და მიხეილ ყაველაშვილი დაშავდნენ, გუცაევმა ახალგაზრდული ნაკრებიდან ოთხი მოთამაშე დაიმატა – გივი კვარაცხელია, კობა ნინუა, თორნიკე რუხაძე და არჩილ სახვაძე. შევარდენული „დაპირისპირება“ იმ გუნდმა მოიგო, რომელმაც იასამნისფერი გადასაცმელებით ითამაშა: დევაძე, ბალაშვილი, თარხნიშვილი, წერეთელი, ჩხაიძე, ჯამარაული, ნემსაძე, კალაძე, კობიაშვილი, არველაძე, დემეტრაძე…
26 მარტს, დილით, საბოლოოდ გაირკვა, რომ ევროშესარჩევ თამაშამდე სფფ-ის საბანკო ანგარიშიდან ყადაღა არ მოიხსნებოდა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა დელეგაციის მიღება სფფ-ის რამდენიმე თანამშრომლის პირადი დანაზოგებით და ავიაკომპანია ეარ ჯორჯიას გამოყოფილი სესხით გადაწყვიტეს.
ბოინგი, რომელმაც სლოვენიის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები, ასევე ოფიციალური პირები საქართველოში ჩამოიყვანა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შუადღის ორ საათზე დაეშვა.
სრეჩკო კატანეცმა პირველი კომენტარი იქვე გააკეთა: „რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ თბილისში ფრეზეც თანახმა ვიქნებოდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ მხოლოდ ქულის მოსაპოვებლად ვითამაშებთ. ქართველებს კარგი გუნდი გყავთ, ფეხბურთელებიც სახელგანთქმულ კლუბებში თამაშობენ… აქედან გამომდინარე, რთული მატჩი გველის, მაგრამ ხვალ ჩვენი მიზანი მხოლოდ სამი ქულა იქნება“.
ქართველი ჟურნალისტები სლოვენიის ნაკრების ლამის ყველა ლიდერს გაესაუბრნენ, მათ შორის პორტუს ბომბარდირს ზლატკო ზაჰოვიჩს, მირან პავლინს, საშო უდოვიჩს, დარკო მილანიჩს, ნახევარმცველ მილენკო აჩიმოვიჩს კი ერთი წლის წინანდელი მატჩი შეახსენეს, რომელიც ფოთში გაიმართა და სადაც მისმა ცრვენა ზვეზდამ, უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოლხეთი 1913 4:0 გაანადგურა. იმ მატჩს, ფაზისზე რომ გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან მცირე ხანში, მეც დავესწარი აკრედიტებული ჟურნალისტის სტატუსით.
„მიკვირს, ამას რომ მეკითხებით. თქვენები ხომ მაშინ, მომიტევეთ და, გავაბითურეთ. მეტოქეზე მეტად ქართველთა სტუმარ-მასპინძლობა მახსოვს, გულთბილად მიგვიღეთ და თქვენზე მხოლოდ კარგი შთაბეჭდილება შემექმნა. მჯერა, ახლაც იგივე განმეორდება. რაც შეეხება ჩვენ შანსებს, დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ვიცი: თუ თბილისში წარმატებით გამოვედით, უკვე არცთუ უსაფუძვლო ამბიციები გაგვიჩნდება“, – თქვა აჩიმოვიჩმა.
ავლაბარში შემოსული სლოვენიელთა დელეგაცია ორად გაიყო: ეროვნული ნაკრები შერატონში დაბინავდა, ახალგაზრდულმა კი სასტუმრო აჭარას მიაშურა. რამდენიმე საათის შემდეგ კატანეცი და მისი გუნდი ეროვნულ სტადიონს ეწვია.
საღამოსვე შევიტყვეთ, რომ ვერ ითამაშებდა აკაკი დევაძე. ნაკრების ძირითადი მეკარე გუნდს ვარჯიშზე დაშავდა, მხარი იტკინა. ისიც ითქვა, რომ გუცაევს, შესაძლოა, ვერც ნემსაძე დახმარებოდა. კაპიტანი მოიწამლა, თუმცა გიორგი მომჯობინდა და საბოლოოდ სწორედ მან გაიყვანა გუნდი მინდორზე.
„ვფიქრობ, ძალიან დაძაბული და ძნელი თამაში გველის. ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ მოვიგოთ. ბიჭებიც არ გამოიყურებიან ურიგოდ, არც სათამაშო პრაქტიკის უქონლობას ვუჩივით“, – თქვა გოჩა ჯამარაულმა უკანასკნელი ვარჯიშის შემდეგ.
„როგორც უნდა დასრულდეს დღევანდელი მატჩი, ფინალურ ეტაპზე გასასვლელად მაინც ვიბრძოლებთ, მაგრამ თუ გავიმარჯვებთ, შანსები ერთიორად გაგვეზრდება. გვჯერა, მოვიგებთ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი გვაქვს და განწყობაც შესაბამისია“, – ეს კი გიორგი ქინქლაძის სიტყვებია.
27 მარტს, საქართველოს დროით 16 საათზე, შევარდენის სტადიონზე ახალგაზრდულ ნაკრებთა თამაში დაიწყო. ფავორიტად ჩვენი გუნდი ითვლებოდა, რადგან სლოვენიელები ექვსგუნდა ჯგუფში ბოლო ადგილზე იყვნენ. მოლოდინი არ გამართლდა, იმნაძის შერჩეულმა ბიჭებმა მძიმედ ითამაშეს, მაჩანჩალა მეტოქეს ვერაფერში აჯობეს და მხოლოდ ქულა მოიპოვეს – 0:0.
ოთხ საათში, ეროვნულ სტადიონზე, პირველი ნაკრები გუნდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ვლადიმერ გუცაევმა საყვარელ ტაქტიკას არ უღალატა: დაცვა გიორგი ბალაშვილს, კახი კალაძეს, მამუკა წერეთელს და გია ჩხაიძეს მიანდო, მათ წინ ლევან კობიაშვილი გაამწესა, ნახევარდაცვაში კი გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე და რატი ალექსიძე, ხოლო თავდასხმაში გიორგი დემეტრაძეს ამჯერად ზაზა ჯანაშია შეუწყვილა.
თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო. ჯერ საშო უდოვიჩმა, შემდეგ კი ზლატკო ზაჰოვიჩმა შეუტიეს სოსო გრიშიკაშვილის კარს, თუმცა პირველის დარტყმის შემდეგ ბურთის პირით ხაზს მიღმა გადავარდა, მეორე შემთხვევაში კი მეკარემ ივარგა.
მე-20 წუთზე კვლავ გრიშიკაშვილმა იყოჩაღა. იმ მომენტში მან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა – ნემსაძის შეცდომის შემდეგ ზაჰოვიჩი მარცხენა ფლანგიდან შევარდა საჯარიმოში და ძლიერად დაარტყა, თუმცა მეკარემ აჯობა. ორ წუთში სოსომ რუდონიას დარტყმაც მოიგერია.
საქართველოს ნაკრებმა პირველი სახიფათო მომენტი 23-ე წუთზე შექმნა. ჯამარაულმა მარცხენა ფლანგზე მოძებნა ალექსიძე, მან საჯარიმოში ჩაწოდებით გააგრძელა შეტევა, ჯანაშიამ კი დასწრებაზე ითამაშა და თავით დაარტყა, მაგრამ მეკარეს ხარიხა დაეხმარა.
27-ე წუთზე ამჯერად კალაძე შეცდა, რითაც მირან პავლინმა ისარგებლა, თუმცა მისი ძლიერი, დაბალი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა.
ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა: ჯამარაულმა აუტიდან მიაწოდა ბურთი ნემსაძეს, კაპიტანმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი უნაკლოდ ითამაშა ჯანაშიამ, სიმეუნოვიჩს შანსი არ დაუტოვა – 1:0!
მეორე ტაიმი შედარებით უსახური გამოდგა, მეტოქეები ხშირად ცდებოდნენ და სამწუხაროა, რომ ამით მხოლოდ სლოვენიელებმა ისარგებლეს. მანამდე უშეცდომოდ მოთამაშე გრიშიკაშვილი 52-ე წუთზე კარიდან ნაადრევად გამოვარდა, არეულობაში კი ყველაზე სწრაფად ალექსანდერ კნავსი გაერკვა, რომელმაც დამატებაზე იხეირა – 1:1.
დარჩენილ დროში ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა და ორივე შემთხვევაში გუცაევის გუნდმა იყოჩაღა: ჯერ კობიაშვილის უძლიერესი და ზუსტი დარტყმა მოიგერია თავგანწირული ნახტომით სიმეუნოვიჩმა, მოგვიანებით კი ჯანაშიამ სცადა „მაკრატელათი“ გოლის გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა.
„შემიძლია ვთქვა, რომ თამაში ჩვენთვის სასურველი ანგარიშით დასრულდა, ორი ქულა კი არ დავკარგეთ, პირიქით, ქულა მოვიპოვეთ…
პირველი ნახევარი კი წავაგეთ, მაგრამ როცა შესვენებაზე გასახდელისკენ მივდიოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტაიმში აუცილებლად გავიტანდით გოლს…
ქართველებიდან არავის გამოვარჩევ, იმდენად ვიყავი ჩემი გუნდის თამაშზე კონცენტრირებული, რომ თქვენ ცალკეულ მოთამაშეებს ნაკლებად ვაკვირდებოდი. ყველაზე მეტი პრობლემა, მგონი, მეთერთმეტე ნომერმა (გიორგი დემეტრაძე – ლ.გ.) შეგვიქმნა“, – პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს პირველად სლოვენიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სრეჩკო კატანეცმა უპასუხა.
გუცაევი არ გამოჩენილა. მის ნაცვლად სერგო კუტივაძე შეგვხვდა:
„უცნაური თამაში გამოდგა, პირველ ტაიმში სლოვენიელებმა გვაჯობეს, მაგრამ გოლი ჩვენ გავიტანეთ, შესვენების შემდეგ კი, როცა უკეთ ავთამაშდით, პირიქით, ბურთი მივიღეთ. მე, მაგალითად, მადლობელი ვარ, რომ არ დავმარცხდით…
აშკარად ჩამოვრჩით თანამედროვე ფეხბურთს. სლოვენიაც კი ერთი თავით ჩვენზე მაღლა დგას. ვგულისხმობ გუნდურ თამაშს, მოედანზე სწრაფ მოქმედებას, ფიქრის დროს არავინ იძლევა, ყველაფერი წამის მეასედებში ხდება…
ყველა შეხვედრაში ახალ ფეხბურთელებს ვსინჯავთ, რადგან ნორმალური შემსრულებლები, ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ათასნაირ ვარიანტზე ვმუშაობთ, ამიტომ, რაც ხდება, ლოგიკურია. ფეხბურთში ნაკლებადაა სიურპრიზები…
სანამ ნორმალური ფეხბურთელები არ გვეყოლება, ყოველთვის ამ სიტუაციაში ვიქნებით, ყოველი შესარჩევის წინ ახალი გუნდის აშენება მოგვიწევს. ჩვენც გვინდა კარგი გუნდი, მაგრამ არ გამოდის. კი ბატონო, წავალთ ჩვენ, მწვრთნელები და მოვიდეს ვისაც უნდა, მაგრამ განსხვავებული შედეგის მიღწევა ძალიან გაუჭირდება“.
თამაშს ნორვეგიის და საბერძნეთის ეროვნული გუნდების მთავარი მწვრთნელის ასისტენტები ალფ გუსტაფსონი და კონსტანტინ პოლიქრონიუც დაესწრნენ. „გამკვირვებია ქართველების, ამდენი ძლიერი ფეხბურთელი გყავთ და ქულებს ქულებზე კარგავთ. ამ ფეხბურთელების პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გუნდმა არ იცის, რა აკეთოს“, – განაცხადა გუსტაფსონმა, პოლიქრონიუმ კი ჯანაშიას, ნემსაძის და კობიაშვილის კარგი თამაში აღნიშნა.
„რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ უსაშველოდ ჩამორჩა ქართული ფეხბურთი. მახინჯად ვითარდება ყოველივე – საქმისადმი მიდგომით დაწყებული, უბრალოდ, კარში დარტყმით დამთავრებული…
ცუდი შედეგი… ცუდი ტაქტიკა… ცუდი გუნდი… ცუდი პირობები… ცუდი, ცუდი, ცუდი…
რა ნაცნობია ყოველივე ეს ჩვენთვის, ქართული ფეხბურთით დაინტერესებულთათვის…
ცუდია ის, რომ თანდათანობით საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდი ალანია ხდება. 27 მარტს მინდორზე ოთხი ახლანდელი და ოთხიც ყოფილი ალანიელი ირჯებოდა…
სლოვენიასთან ფრის შემდეგ ჩვენი ნაკრები ბელგია-ჰოლანდიის მატარებელსაც ჩამორჩა, ბოლო მატარებელს ამ საუკუნეში. ეს კი ცუდია, ძალიან ცუდი“, – სარბიელმა თამაშის მიმოხილვა ჟურნალისტ კონსტანტინე გოგიშვილს მიანდო.
ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქემ, ნორვეგიის ნაკრებმა იმავე დღეს ათენში 2:0 გაიმარჯვა. ორივე ბურთი მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ოლე-გუნარ სულშერმა გაიტანა. ამ მოგებით ნორვეგია ჯგუფში დაწინაურდა, ბერძნებმა კი ძალიან გაირთულეს მდგომარეობა, მესამე ადგილამდე დაქვეითდნენ და ლატვიასაც ჩამორჩნენ, რომლის მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი გახლდათ.
რამდენიმე დღეში სარბიელმა მამუკა კვანტალიანის წერილი დაბეჭდა სათაურით „იქნებ წასვლის დროა, ბატონო ვოვა?!“
„ბელგია-ჰოლანდიაში მოსახვედრად გუნდები იბრძვიან, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი, თავისი არსებობის ცხრა წლის თავზე, აღარ არის გუნდი.
როგორ შეიძლება გუნდი ეწოდოს იმ კრებულს, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია? მწვრთნელთა კორპუსი ცალკეა, ფეხბურთელები – ცალკე, ხოლო ფეხბურთის ფედერაციას არც ერთის სწამს. ისეთი დომხალია ატეხილი, ეშმაკიც ვერაფერს გაარჩევს.
იქნებ წასვლის დროა, ბატონო ვოვა?! რატომღაც მგონია, რომ უკეთეს მომენტს თქვენ ვერ იპოვით. ერთი თვის შემდეგ ჩამოვა ნორვეგიის ნაკრები, მშვიდად მოგვიგებს და ფეხბურთის ფედერაციაც თქვენი გათავისუფლების ფურცელს დაუფიქრებლად დაჰკრავს ბეჭედს“, – ასე იწყებოდა მამუკა კვანტალიანის ვრცელი წერილი.
ვერ გეტყვით წაიკითხა თუ არა გუცაევმა სარბიელის ის ნომერი, მაგრამ ამავე გაზეთმა ექვს დღეში უკვე მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა: „გუცაევმა შეცვლა ითხოვა“.
წინასიტყვაობაში ეწერა: „ნორვეგიასთან 28 აპრილის მატჩის შემდეგ, შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შევთავაზე ჩემი შემცვლელი აქედანვე ეძებოს, განაცხადა გუშინ ვლადიმერ გუცაევმა სარბიელის კორესპონდენტთან ინტერვიუში“. კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახვეულ მწვრთნელს კობა ინასარიძე შინ ესტუმრა:
„ეს იყო წუხელ – საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი და მისი კოლეგა-მეტოქე, ამჟამად ლატვიის ეროვნული გუნდის თავკაცი რევაზ ძოძუაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. მწვრთნელი, რომელსაც ბოლო ხანს უამრავი კრიტიკოსი და საქმიანობის დამწუნებელი გამოუჩნდა და მწვრთნელი, რომელმაც ლამის მთელი ევროპა აალაპარაკა. დაგვეთანხმებით, საევროპისჩემპიონატო შესარჩევ ჯგუფში ლატვიელთა ლიდერობას ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა.
ორივეს წუხელვე გუცაევის ოჯახში ვესაუბრე, ერთი რომ კვირის წინანდელ ნაღველს იქარვებდა, მეორე რამდენიმე საათის ჩამოფრენილი იყო რიგიდან“.
ვლადიმერ გუცაევმა გულღიად ისაუბრა:
„ნორვეგიასთან მატჩის მერე თანამდებობას ვტოვებ. შედეგის მიუხედავად, მოვიგებთ თუ წავაგებთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფედერაციას ვთხოვ, ჩემს შემცვლელზე ფიქრი აქედანვე დაიწყოს. 28 აპრილის საღამოს, იცოდეთ, ვლადიმერ გუცაევი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება. გადაწყვეტილებას არ შევცვლი. დღეს ჩემი ნაკრებში მუშაობა შეუძლებელია, აღარ შემიძლია. დრო გვანახებს ყველაფერს, მართალი ვიყავი თუ მტყუანი, სამართლიანი თუ უსამართლო…
ამჟამინდელ ნაკრებში ცუდი ვითარებაა, ზოგიერთი ფეხბურთელი ცდილობს, თავისი გაიტანოს, მე ჩემსას ვცდილობ. ისინი არ მომყვებიან. ჰოდა, იძულებული ვარ, წავიდე. ვიმეორებ, პასუხისმგებლობას არ ვიცილებ…
ამბიცია მქონდა, მჯეროდა, სწორ გზას მივყვებოდი. ვიფიქრე, დროებითი ჩავარდნაა, გამოსწორდება-მეთქი, მაგრამ უკრაინასთან და სლოვენიასთან მატჩების შემდეგ დავრწმუნდი – სჯობს წავიდე! როცა საბოლოოდ შევატყვე, რომ ფეხბურთელები ჩემს მითითებებს არ ასრულებენ, როცა ყველა თავისაზე ფიქრობს, დავასკვენი – ჩემი ნაკრების მწვრთნელობა ამჟამად უაზრობაა…
უშეცდომო კაცი არ არსებობს. მეც შევმცდარვარ, მაგრამ არა მგონია, საბედისწეროდ. დრო მოვა და ამაზეც ვილაპარაკებ. ყოფილი მწვრთნელისთვის უფრო იოლი იქნება წარსულის შეფასება…
ყველა მწვრთნელს ხელშეწყობა უნდა. აგერ, ჩივაძე წავიდა, მას ყიფიანი მიჰყვა. ახლა გუცაევი. ვინ იცის მომავალში რა იქნება? მწვრთნელმა ნაკრებში ის უნდა აკეთოს, რაც თავად სურს, მისი სიტყვა კანონი უნდა იყოს“!
აპრილის მიწურულს თბილისს ჩვენი ჯგუფის ლიდერი ნორვეგია ესტუმრა. იმ დროს უკვე ეროვნული გუნდის ახალ თავკაცებზე საუბრობდნენ, კანდიდატებს შორის უცხოელი სპეციალისტებიც ახსენეს.
გუცაევმა წინასწარ კი თქვა, რომ ნორვეგიასთან მატჩით ეროვნულ გუნდს დაემშვიდობებოდა, მაგრამ ასეც რომ არ მოქცეულიყო, 28 აპრილის შემდეგ გუნდის და მთავარი მწვრთნელის გზები ყველა შემთხვევაში გაიყოფოდა. იმ საღამოს ნორვეგიელებმა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს მასპინძლებს და არნახული საშინაო მარცხი აგემეს.
27 მარტი, 1999. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 12 000
საქართველო 1:1 სლოვენია
გოლები: 1:0 ზაზა ჯანაშია (42, გიორგი ნემსაძის პასით), 1:1 ალექსანდერ კნავსი (52)
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი ბალაშვილი, მამუკა წერეთელი, კახი კალაძე, გია ჩხაიძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული (გიორგი დარასელია 84), გიორგი ნემსაძე (კაპ), რატი ალექსიძე (გიორგი ქინქლაძე 46), გიორგი დემეტრაძე (მიხეილ ყაველაშვილი 73), ზაზა ჯანაშია
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
სლოვენია: მარკო სიმეუნოვიჩი, სპასოიე ბულაიჩი, ამირ კარიჩი, დარკო მილანიჩი (კაპ), ალექსანდერ კნავსი, ჟელკო მილინოვიჩი, მლადენ რუდონია (ჟელკო მიტრაკოვიჩი 90), ალეს ჩეჰი, საშო უდოვიჩი (მილენკო აჩიმოვიჩი 60), ზლატკო ზაჰოვიჩი, მირან პავლინი (რუდი ისტენიჩი 77)
მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი
გაფრთხილება: დარკო მილანიჩი, გიორგი ბალაშვილი, ჟელკო მილინოვიჩი, მირან პავლინი, მლადენ რუდონია
მსაჯები: ალენ ჰამერი; ჟ.პოჯი, ფ.მენგენი (ლუქსემბურგი)
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 19 ოქტომბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი