ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #52: საქართველო 1:4 ნორვეგია

„ნაკრებში დათბა: გუცაევმა ქეცბაიას უხმო“. სარბიელმა ნორვეგიასთან მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გულშემატკივრებს ამ სათაურით ამცნო.
ნიუკასლ იუნაიტედში მოთამაშე ქეცბაია, ლატვია-საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ, პირველად მოხვდა ნაკრების შემადგენლობაში. მის გარდა მწვრთნელმა კიდევ ოც ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: აკაკი დევაძე (აშდოდი, ისრაელი), სოსო გრიშიკაშვილი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი)

მცველები: ლევან სილაგაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი (ორივე რიგის სკონტო, ლატვია), მამუკა წერეთელი (ალანია, რუსეთი), ზურაბ ფოფხაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია), ვაჟა თარხნიშვილი (ტირასპოლის შერიფი, მოლდოვა)

ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი (ორივე ფრაიბურგი, გერმანია), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი კიკნაძე (თბილისის დინამო), გიორგი ქინქლაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), გიორგი ნემსაძე (რეჯანა, იტალია)

თავდამსხმელები: გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), მიხეილ ფოცხვერია (დნეპროპეტროვსკის დნეპრი, უკრაინა), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), შოთა არველაძე (აიაქსი, ნიდერლანდები).

სიაში ერთადერთი დებიუტანტი იყო, რიგის სკონტოს მცველი ალექსანდრე რეხვიაშვილი, რომელიც გუცაევმა რევაზ ძოძუაშვილის რეკომენდაციით მიიწვია. საბოლოოდ რეხვიაშვილი ძირითად შემადგენლობაშიც მოხვდა – მან მხოლოდ თამაშის მიწურულს დაუთმო ადგილი გუცაევის დროინდელი ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანს გიორგი კიკნაძეს.

16 აპრილის სარბიელში ისიც დაიწერა, რომ სკანდინავიელებთან შეხვედრას უნგრელი მსაჯები მოემსახურებოდნენ შანდორ პულის ხელმძღვანელობით. 90-იან წლებში პული ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მსაჯი გახლდათ, ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით 1994-1997 წლებში მან ზედიზედ ოთხჯერ მოიგო წლის არბიტრის წოდება. 1994 წელს ფიფამ შანდორ პულს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ანდო, ბრაზილია-იტალიის დაპირისპირება, სამი წლის შემდეგ კი უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დანიშნა დორტმუნდის ბორუსიის და ტურინის იუვენტუსის მატჩზე…

ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე სცენაზე გამოჩნდა ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი იოჰან ბოსკამპი, რომელიც პირველ რიგში თბილისის დინამოს დაუკავშირეს. საქმეში ჩახედული ხალხი ამბობდა, რომ მალე ბოსკამპი დინამოს მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, თბილისური კლუბის თავკაცი მურთაზ ხურცილავა კი ახალგაზრდული ნაკრების მესაჭედ გადაინაცვლებდა.

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოსკამპი კი არა, კრუიფი რომ მოიყვანო, ისიც ბევრს ვერაფერს შეცვლის. შინდისფერები თამაშობდნენ და თამაშობენ თავიანთ ფეხბურთს. ისინი უმალ მწვრთნელს მოჭრიან თავიანთ თარგზე, ვიდრე მწვრთნელის თარგზე მოიჭრებიან.

ამიტომაც, სანამ შინდისფერების ეს თაობა იქნება ნაკრების ძირითადი ბირთვი და ხერხემალი, გუცაევს ნაკრებში აღარაფერი ესაქმება“, – ამ სიტყვებს კონსტანტინე გოგიშვილის წერილში ამოიკითხავდით, რომელიც სარბიელში 1999 წლის 9 აპრილს დაიბეჭდა.

„რატომ არ უნდა წავიდეს ნაკრებიდან გუცაევი“- ასე ერქვა ჩანახატს, რომელიც ეროვნული გუნდიდან მთავარი მწვრთნელის მოსალოდნელ წასვლას ეხებოდა. დიდი დინამოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა სლოვენიასთან თბილისში 1:1-ის შემდეგ განაცხადა, რომ 28 აპრილს, ეროვნულ სტადიონზე ნორვეგიასთან გასამართი ევროშესარჩევი მატჩი, შედეგის მიუხედავად, მისთვის უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა იქნებოდა. მწვრთნელმა გადაწყვეტილების მიზეზზეც ისაუბრა, რომ მობეზრდა მუდმივად სტრესულ სიტუაციაში ყოფნა. სარბიელის ჟურნალისტი იმავე წერილში წერდა:

„ყველასთვის ნათელია, რომ ნორაკიძისეული, მართლაც რომ ნაკრების შემდეგ, შინდისფერი ლეგიონის მთელი ისტორია არის ისტორია თბილისის დინამოს იმ თაობისა, რომელიც ამჟამად ევროპის სხვადასხვა გუნდებშია გაბნეული.

ეს თაობა კი, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ჭირვეული და თავის თავში დარწმუნებული აღმოჩნდა. იმდენი უძახეს ამ ნიჭიერ და პერსპექტიულ ბიჭებს, ვარსკვლავები ხართო, რომ ვარსკვლავური ავადმყოფობა შეჰყარეს და ამას თავი დავანებოთ, ერთ დონეზეც გაყინეს.

შეძახილით ხე გახმაო – ხომ ქართულია? ჰოდა, ზუსტად ასე მოხდა. პატივმოყვარეობაში გადაზრდილმა თავმოყვარეობამ კი ის ქნა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვერც ერთ შესარჩევ ტურნირში ვერ მოახერხა რამე“.

იმ დღეს, როცა საქართველოს და სლოვენიის ნაკრებმა გუნდებმა თბილისში ქულები გაიყვეს, ნორვეგიელებმა ათენში ბერძნები დაამარცხეს – 2:0. ეს სკანდინავიელთა მეორე გამარჯვება იყო ევრო 2000-ის შესარჩევში სლოვენიაში 2:1-ის შემდეგ და მეორე მოგება 1999 წელს გამართულ მეოთხე შეხვედრაში. 20-22 იანვარს მათ თელ ავივში ითამაშეს – ჯერ ისრაელი დაამარცხეს (1:0), შემდეგ კი ესტონეთთან ფრეს დასჯერდნენ (3:3). 10 თებერვალს ჩრდილოელები იტალიელებს პიზაში ესტუმრნენ. კვლავ ფრე – 0:0. ნორვეგიელები აღარ მალავდნენ, რომ ათენში მოგების შემდეგ თბილისშიც გამარჯვება სურდათ, უკიდურეს შემთხვევაში შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერიის გაგრძელება.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ნილს იოჰან სემბმა რჩეულ მოთამაშეთა სია 22 აპრილს, მატჩამდე ერთი კვირით ადრე გამოაქვეყნა:

მეკარეები: თომას მირე (ლივერპულის ევერტონი, ინგლისი), ფროდ ოლსენი (სტაბეკი)

მცველები: რონი იონსენი, ჰენინგ ბერგი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ერიკ ჰოფტუნი, ანდრე ბერგდოლმო (ორივე ტრონჰეიმის რუსენბორგი), ვეგარდ ჰეგემი (ლივერპული), ალფ ინგე ჰოლანდი (ლიდს იუნაიტედი, ინგლისი), ტორე პედერსენი (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია)

ნახევარმცველები: ერიკ მიუკლანდი (ათენის პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ვიდარ რისეტი (გლაზგოს სელტიკი, შოტლანდია), პეტერ რუდი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), სტალე სოლბაკენი (ოლბორგი, დანია), სტეფენ ივერსენი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი)

თავდამსხმელები: ოლე გუნარ სულშერი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ტორე ანდრე ფლო (ლონდონის ჩელსი, ინგლისი), როარ სტრანდი (რუსენბორგი).

იმავე დღეს გაზეთმა ლელომ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, ვალერი ჩოლარიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. „ვაი, ჩვენო ბორკილდადებულო ქართული ფეხბურთო“! – ამ სათაურით გამოქვეყნდა სფფ-ის ერთ-ერთი მმართველის და ლელოს მთავარი რედაქტორის თენგიზ გაჩეჩილაძის საუბრის ჩანაწერი. მოგვიანებით ეს ინტერვიუ ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ბიულეტენში, ყოველთვიურ ჟურნალად ქცეულ „ქართული ფეხბურთის“ აპრილის ნომერშიც დაიბეჭდა.

ვალერი ჩოლარია არაერთ თემას შეეხო, მათ შორის ყადაღადადებულ საბანკო ანგარიშებს, ეროვნული ჩემპიონატის ახალ ფორმატს (XI ეროვნული ჩემპიონატის, 1999-2000 წლების გათამაშების პროექტი „ქართული ფეხბურთის“ იმავე ნომერში გამოქვეყნდა), კომპანია ტელესპორტთან განახლებულ ხელშეკრულებას, ფედერაციის წინა ხელმძღვანელობისგან დატოვებულ ვალებს…

ჩოლარიამ ესეც თქვა: „ერთი რამ ცხადზე უცხადესია, იმ ვითარებაში, რომელშიაც დღეს ვიმყოფებით, ყველა მიზანი და ოცნება განუხორციელებელი დარჩება. ვიმეორებ, თუ ასე გაგრძელდა, საფეხბურთო მეურნეობას ჩვენში კრახი არ ასცდება“.

ორი დღის შემდეგ ნორვეგიულმა დაგბლადეტმა დაწერა, რომ სემბს მანჩესტერ იუნაიტედში მოთამაშე ჰენინგ ბერგი ვეღარ დაეხმარებოდა. გამოცდილი მცველი 7 აპრილს, ოლდ ტრაფორდზე, იუვენტუსთან ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში დაშავდა, რის გამოც ბერგმა ვერც საპასუხო მატჩში ითამაშა. მისმა კლუბმა ტურინში, სტადიო დელე ალპიზე საოცარი თამაში მოუგო იტალიური ფეხბურთის ბებერ ქალბატონს. სწორედ ტურინული თამაშის შემდეგ გამოირიცხა ბერგის ნაკრებში გამგზავრება.

ნორვეგიის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები თბილისს მატჩამდე ორი დღით ადრე, 26 აპრილს, შუადღით ესტუმრნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ქართველ ჟურნალისტებთან ერთად ნორვეგიელებს მათივე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, იმავდროულად უეფას ვიცე-პრეზიდენტი პერ რავნ ომდალიც დახვდა. სფფ-ის თანამშრომელი დავით პეტრიაშვილი მას გვერდიდან არ სცილდებოდა.

პერ რავნ ომდალს სწორედ დათოს დახმარებით გავესაუბრე. მახსოვს, იმ დღეს HH-ის ქურთუკი მეცვა და პერ რავნ ომდალმა პირველად სწორედ ეს მკითხა, რამე თუ იცი მაგ კომპანიის შესახებო. არა-მეთქი, ვუთხარი. მაშინ იცოდე, რომ HH იგივე Helly Hansen-ია და სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული ნორვეგიული კომპანიააო.

„ნორვეგიული ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარმატებები ორი რამით აიხსნება – ბევრი ფულით, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ გაუჩნდათ კლუბებს, და დიდი შრომისმოყვარეობით, რაც მანამდეც არ გვაკლდა. ესაა და ეს. რაც შეეხება თბილისში მატჩს, როგორც ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდი მოიგებს, ხოლო როგორც უეფას ვიცე-პრეზიდენტი, კარგ თამაშს ველი“, – მითხრა მან ხანმოკლე საუბრის დროს.

ომდალი რამდენიმე დღით ადრე იმიტომ ესტუმრა თბილისს, რომ როგორც უეფას ვიცე-პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა სურდა. ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ნორვეგიელთა უმეტესობა თბილისის მატჩზე თავშეკავებულად საუბრობდა. უმეტესობა არც მალავდა, რომ შინ ქულით დაბრუნებაც საქმე იქნებოდა.

„პროგნოზისგან თავს შევიკავებ, ისე კი, ფრეზე თანახმა ვარ“, – ნილს იოჰან სემბი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

„მას შემდეგ, რაც დინამომ დაგვამარცხა, ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია. სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ. რაც შეეხება თამაშს, მგონი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ თბილისშია და ამიტომ, ფრეზე თანახმა ვარ“, – განაცხადა შეფილდ უენსდის ნახევარმცველმა პეტერ რუდიმ, რომელმაც თბილისში პირველად სამი წლით ადრე, 1996-ის აგვისტოში ითამაშა მიოლდეს მაისურით. იმ ზაფხულს, უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამომ რუდის კლუბს 2:1 მოუგო.

„ქართველები ბევრჯერ მინახავს, არაერთი კარგი ფეხბურთელი გყავთ და ამიტომაც მგონია, რომ გაგვიჭირდება. ფრით კმაყოფილი ვიქნები“, – სტუმართა გამთამაშებელი ერიკ მიუკლანდი.

„თუ ყველა ქართველი ქეცბაიასავით ძლიერია, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. თემური მაღალი კლასის ფეხბურთელია, მან ჩემს ტოტენჰემს მნიშვნელოვანი გოლიც გაუტანა… ფრე იდეალური იქნება“, – თქვა ლონდონელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა სტეფენ ივერსენმა.

„სამწუხაროდ, ქართველებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ჩემი ცოდნა ქართულ ფეხბურთზე მხოლოდ ქეცბაიათი და ქინქლაძით ამოიწურება. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ერთი რამ უდავოა, მოედანზე პირველივე წუთებიდან უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდება“, – ეს უკვე ალფ ინგე ჰოლანდის სიტყვებია. ევროპის ოქროს ბუცის მფლობელის ერლინგ ჰოლანდის მამა იმ დროს ლიდს იუნაიტედში თამაშობდა.

ნორვეგიელები სასტუმრო შერატონში დაბინავდნენ. მათ ასზე მეტი ნომერი დაიკავეს. იმავე სასტუმროში ცხოვრობდა ჩვენი ეროვნული ნაკრები, თუმცა უფრო მოკრძალებულად, მხოლოდ ოცდაექვს ნომერში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება განწყობის ასამაღლებლად მიიღო და გუნდს ქალაქის მთავარი სასტუმროს ნომრები სამი დღით დაუქირავა – 26, 27 და 28 აპრილს.

ნილს იოჰან სემბმა ბოლო ვარჯიში დიდუბეში კი დაგეგმა, მაგრამ ეროვნულ სტადიონზე მისულ მთავარ მწვრთნელს მინდვრის საფარი არ მოეწონა და მთელმა გუნდმა შევარდენისკენ გასწია. იქ მათ საათზე დიდხანს ივარჯიშეს, რის შემდეგაც გულახდილად უპასუხეს თანამემამულე და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს. მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელს ოლე გუნარ სულშერს სარბიელელი პაატა კვანტალიანი სწორედ შევარდენის სტადიონზე გაესაუბრა. ინტერვიუ მატჩის დღეს, 28 აპრილს გამოქვეყნდა:

„ყველა მეტოქეს პატივს ვცემ, გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრებია. ვიცი, რომ ბევრი კარგი მოთამაშე გყავთ, თუმცა ჩვენ წარმატებაში მაინც დარწმუნებული ვარ! თანაც, მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არც შინაური კედლების ფაქტორს ვანიჭებ. ნორვეგიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სტუმრად საუკეთესოა“, – თქვა ოლდტრაფორდელთა ბომბარდირმა, რომელმაც სარბიელის ჟურნალისტის არაერთ საინტერესო კითხვას უპასუხა.

„ვეცდები, იმდენი გოლი გავიტანო, რამდენიც მატჩის მოსაგებად იქნება საჭირო. ქართველებს თამაში შეგიძლიათ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ჩვენც ბოლომდე ვეცდებით ჩვენსას“, – ეს უკვე ტორე ანდრე ფლოს სიტყვებია. სხვათა შორის, ერთი დღით ადრე, სასტუმრო შერატონში გამართულ პრესკონფერენციაზე, სემბმა განაცხადა, რომ ფლოს და სულშერის ძირითად შემადგენლობაში მხარდამხარ თამაში სათუო იყო…

თემურ ქეცბაია, რომლის დაბრუნებასაც ასე ელოდნენ, ეროვნულ გუნდს მატჩის წინა დღეს, დილით შეუერთდა. ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ისე ჩაერთო შეკრებაში, თითქოს ბოლო თვეებში არაფერი მომხდარა.

ქეცბაია კი დაბრუნდა, მაგრამ გუცაევმა ნაკრების მთავარი ბომბარდირი შოთა არველაძე მოისაკლისა. ამსტერდამის აიაქსის გოლეადორი ტრავმის გამო დააკლდა ნაკრებს.

შეკრების უკანასკნელ დღეს ვლადიმერ გუცაევი ფიზიკურ დატვირთვებს მოერიდა და ბოლო ვარჯიში მხოლოდ ორკარას დაუთმო. ბიჭები ბურთის სწრაფ გათამაშებას ცდილობდნენ და კომბინაციებს ამუშავებდნენ.

28 აპრილს, შუადღით, შევარდენს მივაკითხე. ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩიც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ იმ შეხვედრიდან კარგი არაფერი მახსენდება. სტუმრებმა აშკარად დაჯაბნეს მასპინძლები. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ნორვეგიამ თავის გემოზე ივარჯიშა – 3:0. კიდევ ის მახსოვს, რომ ძლიერად ითამაშა იონ არნე რიისემ, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა სერგო ჭურაძის კარში. ჟღალთმიანი გარემარბი ფლანგზე უბრალოდ შეუჩერებელი იყო და ცენტრიდანაც ბევრი პრობლემა შეუქმნა დამხვდურებს. იმ დროს ის ჯერ კიდევ მონაკოში თამაშობდა, წელიწადნახევარში კი ლივერპულში გადაინაცვლა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიგლა იმნაძე პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილა, ჟურნალისტების კითხვებს მის ნაცვლად ოთარ გაბელიამ უპასუხა. როგორც ჩანს, იმნაძემ ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ნორვეგიასთან მატჩით მისი სანაკრებო კარიერა დასრულდა.

ეს ამბავი უკვე ეროვნულ სტადიონზე გავიგე, რადგან შევარდენიდან საფინალო სასტვენისთანავე წავედი. მთავარი მატჩი ჩვენი დროით 21 საათზე კი იყო დანიშნული, მაგრამ საცობებში დროის დაკარგვა არ მსურდა და დინამოსაც ამიტომ მივაკითხე ორი საათით ადრე. დარჩენილი დრო მალე გაილია და როცა საღამოს ცხრა საათს წუთები დააკლდა, შანდორ პული მეტოქეებს მინდორზე შეუძღვა. ჩვენი გუნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ იმ დღეს მეორმოცედ მოირგო ნაკრების მაისური, პირველმა ნაკრების ისტორიაში. შემდეგ იყო მისალმება, ჰიმნები, მოედნის ნახევრის არჩევა, მსაჯის სასტვენი და…

მე-17 წუთი: ნორვეგიელებმა აუტიდან მოაწოდეს ბურთი, ქართველები კი, მეკარე ნიკა ტოგონიძის ჩათვლით, უხეშად შეცდნენ. ბურთი გელა შეყილაძეს მოხვდა და კარში შევარდა – 0:1.

27-ე წუთი: მორიგი არეულობა საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზში, ბურთი ტორე ანდრე ფლოსთან მიდის და ისიც, ტოგონიძესთან პირისპირ დარჩენილი, უძლიერესად და ზუსტად ურტყამს – 0:2. ჩელსის ფორვარდმა ლამის კარის ბადე გახია!

35-ე წუთი: მორიგი შეცდომა დაცვაში, რის შემდეგ ოლე გუნარ სულშერს ნაკრებში ჩატარებულ ოცდამეორე მატჩში მეთერთმეტე ბურთი გააქვს – 0:3.

38-ე წუთი: კიდევ ერთი კატასტროფული შეცდომა და ფლოს დუბლი – 0:4!

შესვენების შემდეგ სტუმრები ცოტა დამშვიდდნენ. ერთადერთი, რაც ქართველებმა მოახერხეს, ზაზა ჯანაშიას საპასუხო გოლი იყო – რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა თავდამსხმელმა, სულშერივით, ზედიზედ მეორე სანაკრებო მატჩში გაიტანა გოლი – 1:4. 0:4-ზე გატანილი გოლი ჯანაშიამ, რატომღაც, მალაყით აღნიშნა.

საგოლე გადაცემა კი გოჩა ჯამარაულმა შეასრულა, რომელიც იმ საღამოს საუკეთესო იყო ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. საგოლე პასის გარდა, მისი დარტყმების შემდეგ ბურთი ორჯერ მოხვდა ნორვეგიელთა კარის ძელს, ჯერ პირველ ტაიმში, შემდეგ თამაშის მიწურულს.

1:4! თან თბილისში!

ნაკრებმა ყველაზე მწარე საშინაო მარცხი იწვნია!

ნაკრები პირველად დამარცხდა შინ სამი და მეტი ბურთის სხვაობით!

ნაკრებმა პირველად გაუშვა ერთ ტაიმში ოთხი ბურთი!

„ეს არ არის მარტო წაგება! ეს არ არის მარტო დიდი ანგარიშით წაგება! ეს არ არის მარტო შერცხვენა! ეს არის დიაგნოზი: ქართულ ფეხბურთს დამბლა დაეცა“! – ეს სიტყვები ეწერა მეორე დღეს, 29 აპრილს დაბეჭდილი სარბიელის პირველ გვერდზე, თამაშის მიმოხილვას კი ასეთი სათაური ჰქონდა: „ნუ ესვრით მასხარას“!

კონსტანტინე გოგიშვილი წერდა:

„ეტყობა, ხუმრობდა ვლადიმერ გუცაევი, ნორვეგიის ნაკრებთან თამაშით კარის გაჯახუნებას რომ აპირებდა.

ეტყობა, ხუმრობდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, როცა ამბობდნენ, სკანდინავიელებს მოვუგებთო.

ეტყობა, ვხუმრობდით ჩვენც, ჟურნალისტები, როცა ამ ფეხბურთზე, ქართულ ფეხბურთზე ვწერდით და გვეგონა, საქმეს ვაკეთებდით.

ფედერაციის ახალი შემადგენლობაც ხუმრობდა, ეტყობა, როცა სათავეში მოსვლის შემდეგ ქართულ ფეხბურთში საქმიან-ფულიანი ხალხის მოზიდვას და მის უეცარ აღორძინებას გვპირდებოდა.

ქომაგი? რა თქმა უნდა, ქომაგიც ხუმრობს, როცა ეროვნული ნაკრების მატჩის საყურებლად ათ ლარს იხდის.

ამიტომაა, მასხარებით გაივსო ქართული ფეხბურთი და უცხოელებსაც სამასხროდ გაუხდიათ მისი დონე.

ერთი სიტყვით, ხუმრობს ყველა. ჰოდა, ნუ ესვრით მასხარას, ხუმრობს, როგორც შეუძლია“.

ნორვეგიის ნაკრებმა ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოიგო და ჯგუფში დაწინაურდა. გამარჯვებულთა თავკაცი პრესკონფერენციაზე თავდაჭერილი იყო, არავითარი ნიშანი იმისა, რომ მისმა ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს და გასვლითი შეხვედრა შთამბეჭდავი ანგარიშით მოიგეს:

„პირველ ნახევარში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ჩემთვის მოულოდნელად, თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა. ამან ცოტა დაგვღალა კიდეც. მინდოდა ბიჭებს მეორე ტაიმშიც პრესინგი ეთამაშათ და ამის გაკეთებისკენ მოვუწოდებდი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პირველ ნახევარში ბრწყინვალედ თამაშმა ისინი დაღალა და ვეღარ მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება…

მინდა გითხრათ, რომ მოგება არასდროსაა ადვილი. მხოლოდ ოცნება შეიძლება ისეთ მომენტებზე, როგორიც შევქმენით და გამოვიყენეთ…

სათადარიგოთა სკამიდან დანახული მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეზე საუბარი არ მიმაჩნია მართებულად“…

არავის გაჰკვირვებია, რომ ვლადიმერ გუცაევი პრესკონფერენციაზე არ მოვიდა. ამჯერად არც სერგო კუტივაძე გამოჩნდა. მათ ნაცვლად მთავარი მწვრთნელის მეორე თანაშემწე ვლადიმერ პანოვი გვესტუმრა. ჩვენ ყველაზე ძალიან ის გვაინტერესებდა, თუ რატომ შეცვალა გუცაევმა ქეცბაია: „თემურის შეცვლა მწვრთნელმა გადაწყვიტა. ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რატომ არ ისურვა თემურმა თამაში, მაგრამ მე რომ გასახდელში შევედი, მას მაისური გახდილი ჰქონდა“.

30 აპრილის სარბიელის პირველი ოთხი გვერდიც ნორვეგიასთან განადგურებას დაეთმო:

„1:7?! ქართული ფეხბურთის პოლარული ღამე.

წავაგებთ და ვიტყვით, ქართულ ფეხბურთს შავი დღე გაუთენდაო. შავი დღე ვის არ დასდგომია, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედით გადაუტანია.

ჩვენ კი ჩამოგვიღამდა, კარგა ხანია ბნელა და ამ წკვარამის გამტეხველი ცეცხლიც გაგვიქრა.

ბნელა და არც ვინმეა, კვესს აბედი გაჰკრას, ნაპერწკალი გაგვიჩინოს და წყვდიადის მძლეველი სინათლე გვაჩუქოს. ასეთ საჩუქარს, ეტყობა, არ ვიმსახურებთ. რისი ღირსნიც ვართ, განგება იმასვე მოგვაგებს.

ამასაც მოვესწარით, ქართული ფეხბურთი „მოთხილამურეთა“ ფეხქვეშ ითელება – საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიასთან 1:4 აგებს, ახალგაზრდული კი ჩრდილოელ თანატოლებთან – 0:3.

გნებავთ ცალკე და, გნებავთ, ერთად აღებული, სამარცხვინოდ წაგებულები ვართ. ქართველები ერთ გოლს დავჯერდით, ნორვეგიელებმა შვიდი გაგვიტანეს“!

იგივე მოხდა 1 მაისსაც, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების არნახულ საშინაო მარცხებს სარბიელმა კვლავ ოთხი გვერდი დაუთმო. „განტევების… ფარა“ – ასე დაასათაურა ვრცელი წერილი კონსტანტინე გოგიშვილმა, რომლის წინასიტყვაობაში ეწერა:

„ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა არ არის მხოლოდ ერთი კაცის, თუნდაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ბრალი.

ეროვნული ნაკრები მხოლოდ სარკეა და სურათი იმ სიტუაციისა, რაც ამჟამად ქართულ ფეხბურთში ხდება. ამიტომაც, უნდათ თუ არ უნდათ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ ქართული ფეხბურთის ბედით დაინტერესებულ ადამიანებს, დასკვნა ასეთია:
შეცდომაა: ნაკრების წარუმატებლობაში დამნაშავეა მხოლოდ გუცაევი.

სწორია: დამნაშავეა ყველა, ვისაც კი ფუნქციურად ქართული ფეხბურთის მოღვაწე ჰქვია.

ერთი სიტყვით, განტევების ვაცი არა და, განტევების ფარა უფროა საძებარი“.

იმავე ნომერში დაიბეჭდა ვახტანგ ბზიკაძის წერილი „სწავლა უსწავლელთა“:

„ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს, იგივე ქართული ფეხბურთის ქომაგებს, გვიწევს იმის აღიარება, რომ ჩვენი ნაკრების, მთლიანად ჩვენი ფეხბურთის წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელთა სინდისზე არაა. ახლა ცხადია, რომ საქმეს ჩივაძის ყიფიანით, ყიფიანის გუცაევით, გუცაევის ძოძუაშვილით თუ ყიფიანითვე შეცვლა აღარ უშველის.

ნორვეგიელებთან, უარესიც – ლატვიელებთან ასე მწარე მარცხმა დაგვარწმუნა, რომ ქართველებს თამაში დაგვვიწყებია.

ერთმანეთს ბურთს ვერ ვაწვდით, კარში ვერ ვურტყამთ და, ცხადია, ვერც გაგვაქვს. ვერ ვიგერიებთ, ერთმანეთს ვერ ვაზღვევთ და ბურთს ჩვენ კარში იოლად ვუშვებთ.

ქართველ ფეხბურთელებს, მოძრაობა-გახსნაზე რომ არაფერი ვთქვათ, პასის კულტურაც აღარ აქვთ. პირველი, ბოლო, გრძელი, მოკლე, საშუალო – ყველანაირი პასი ქართველთათვის პრობლემად ქცეულა.

მარადონობას არც არავის ვთხოვთ, მაგრამ მიუკლანდობა კი უნდა შევძლოთ. ნორვეგიელმა თუ ისწავლა ფეხბურთის თამაში (და ხომ ნათელია რომ ისწავლა), ქართველებს რა ღმერთი გაგვიწყრა?

სწავლა მონდომებაზე და კიდევ, ნიჭზე ჰკიდია. რაც ჩვენს ფეხბურთელებს აკლია, სასწავლია. მაგრამ საქართველოს ნაკრების დღევანდელ თაობას, რომელიც უკვე გუშინდელად ქცეულა, სწავლა გაუჭირდება“.

ვახტანგ ბზიკაძის ამ წერილის გვერდით გამოქვეყნდა მიხეილ სურგულაძის პატარა ჩანახატი „ბექემი ჩემს ეზოში“, რომელიც ძალიან მომეწონა:

„თბილისის ერთ, ჩვეულებრივ ეზოში, ორ საცხოვრებელ კორპუსს შორის მიწის პატარა ნაკვეთია შემოღობილი და შიგ, აქეთ-იქით, საფეხბურთო კარების მაგვარი რაღაც დგას. მერე რა?

იქ ბავშვები თამაშობენ. ზოგს ეხერხება ბურთის გორება, ზოგს არა, მაგრამ ყველა გატაცებით დარბის და „ჟილკობს“: ჯარიმა იყო, არ ითვლება… დიდი ამბავი.

იმ საღამოს, დღის შუქი რომ შავდებოდა, ბავშვები არ ნებდებოდნენ: ექვსით ოთხია, ბიჭო!

ცხრას ორი-სამი წუთი აკლდა. ვიფიქრე, აივანზე ერთ სიგარეტსაც მოვწევ და ტელევიზორს ჩავუჯდები, მეთქი. ჩქარა ვეწეოდი და ბავშვებს დავცქეროდი. გამიკვირდა, პადკატებსაც უკეთებდნენ ერთმანეთს.

მერე? მერე ის, რომ სულ ფეხებზე ეკიდათ ცხრა საათი რომ სრულდებოდა და ქუჩის გადაღმა, სტადიონზე, მათი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოში ცნობილ ნორვეგიას ეთამაშებოდა. ფეხებზე ეკიდათ, რადგან ის, რასაც ბავშვები სტადიონზე უნდა წაეყვანა მკვდარია, სწორედ ნაკრებმა მოკლა. ბავშვებს მოუკლა.

არადა, როგორ გინდა უფეხბურთოდ. როგორ გინდა არ დაიყვირო – გოლ!

კი მაგრამ, სად?

სად და ეზოში. აბა, შველის სათხოვნელად მკვლელთან ხომ არ წახვალ?

მერე – მე დევიდ ბექემი, ვარ – დაიძახა ერთმა. ასე, შვიდი წლის იქნებოდა. იმედი მომეცა.

დევიდ, მგონი, შენ ჩემი ეზოს ბავშვები მკვლელისგან იხსენი“.

1 მაისს, შუადღით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელები, მათი თანაშემწეები, სამწვრთნელო შტაბის წევრები, ექიმები და მომსახურე პერსონალი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

იმ დღეებში გუცაევის შემცვლელად დავით ყიფიანს, გივი ნოდიას, მურთაზ ხურცილავას, თემურ მახარაძეს და იოჰან ბოსკამპს ასახელებდნენ. ამბობდნენ იმასაც, რომ ახალი მწვრთნელი გუნდს მხოლოდ შესარჩევი ციკლის ბოლომდე, ანუ ახალ წლამდე ჩაიბარებდა.

მალე გაირკვა, რომ ბოსკამპი თბილისის დინამოს წინადადებას დათანხმდა და, ფრანგ თანაშემწესთან ერთად, საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი ჩაიბარა. ნიდერლანდელმა დინამოში მურთაზ ხურცილავას ადგილი დაიკავა, რომელიც ფედერაციამ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიიწვია.

ნოდიას და მახარაძის კანდიდატურები მალევე გამოირიცხა და დარჩა მხოლოდ დავით ყიფიანი, თუმცა საბოლოოდ მანაც იუარა ექვსთვიანი კონტრაქტი.

6 მაისს, სასტუმრო შერატონში, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა. რამდენიმე საათის შემდეგ ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი დამტკიცდა – იოჰან ბოსკამპი, საქართველოს ნაკრების პირველი უცხოელი თავკაცი.

* * *

28 აპრილი, 1999. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 20 000
საქართველო 1:4 ნორვეგია
გოლები: 0:1 გელა შეყილაძე (17, სკ), 0:2 ტორე ანდრე ფლო (27), 0:3 ოლე გუნარ სულშერი (35), 0:4 ტორე ანდრე ფლო (38), 1:4 ზაზა ჯანაშია (58, გოჩა ჯამარაულის პასით)
საქართველო: ნიკა ტოგონიძე, კახი კალაძე, გივი დიდავა, გელა შეყილაძე (ზურაბ ფოფხაძე 46), მამუკა წერეთელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი (გიორგი კიკნაძე 82), ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია (გიორგი დემეტრაძე 46), ზაზა ჯანაშია
მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
ნორვეგია: თომა მირე, ანდრე ბერგდოლმო, ერიკ ჰოფტუნი, ტორე პედერსენი, ალფ ინგე ჰოლანდი, ერიკ მიუკლანდი, სტალე სოლბაკენი (კაპ), სტეფენ ივერსენი, პეტერ რუდი (ვიდარ რისეთი 83), ტორე ანდრე ფლო (იონ კარეუ 87), ოლე გუნარ სულშერი (როარ სტრანდი 46)
მწვრთნელი: ნილს იოჰან სემბი
მსაჯები: შანდორ პული; ბელა მეცო, ტიბორ დიარმატი (უნგრეთი)

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 26 ოქტომბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი ფრედრიკსტად ბლადი (ნორვეგია); ჟურნალი ქართული ფეხბურთი; თამაშის ბილეთი

ka_GEGeorgian