ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #53: ნორვეგია 1:0 საქართველო
1999 წლის 11 მაისს, ბათუმში, დინამოს ძველ სტადიონზე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საპასუხო შეხვედრაში 2:1 დაამარცხა ჩეხი თანატოლები და ევროპირველობაზე თამაში გაინაღდა.
ორი კვირით ადრე, ქალაქ ოპავაში, მეტოქეები 2:2-ით დაშორდნენ ერთმანეთს, ჩეხეთში ორივე გოლი ლაშა ჯაკობიამ გაიტანა. საპასუხო შეხვედრის წინ ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდს 0:0 და 1:1-იც აწყობდა, თუმცა მწვრთნელმა თქვა, რომ ბიჭები მხოლოდ მოსაგებად ითამაშებდნენ. ასეც მოხდა: მე-18 წუთზე დავით დიღმელაშვილმა გახსნა ანგარიში, 78-ე წუთზე კი ვალერი გაგუამ გამარჯვების ბურთი შეაგდო.
18-წლამდელების ბათუმური მატჩიდან ერთ კვირაში საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა, ნორვეგიის და საბერძნეთის ნაკრებ გუნდებთან ევროშესარჩევი მატჩებისთვის, შემადგენლობა დაასახელა. მის რჩეულთა შორის 17 წლის ზურაბ ხიზანიშვილიც მოხვდა, რომელმაც კოპალეიშვილის გუნდში, ჩეხების წინააღმდეგ, შეუცვლელად ითამაშა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა 18 მაისს გაავრცელა. ისიც ითქვა, რომ პირველი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ოსლოში 28 მაისს, დილით გაემგზავრებოდნენ, სამშობლოში კი თამაშის დასრულებისთანავე დაბრუნდებოდნენ.
ბოსკამპმა ამ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: დავით გვარამაძე (თბილისის დინამო), აკაკი დევაძე (აშდოდი, ისრაელი)
მცველები: გივი დიდავა, ზურაბ ხიზანიშვილი, ვალტერ გუჩუა (ყველა დინამო), ბადრი ახვლედიანი (ქუთაისის ტორპედო), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), მამუკა წერეთელი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), ზურაბ ფოფხაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი)
ნახევარმცველები: რატი ალექსიძე (დინამო), დავით ჭიჭვეიშვილი (ბათუმი), ლევან ცქიტიშვილი, ლევან კობიაშვილი (ორივე ფრაიბურგი, გერმანია), გიორგი ნემსაძე (რეჯანა, იტალია), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია)
თავდამსხმელები: მიხეილ აშვეთია (დინამო), შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხის გრასჰოპერსი, შვეიცარია), გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი).
ახალ სანაკრებო შეკრებას თბილისის დინამოელები საქართველოს ჩემპიონის მორიგი ტიტულით შეხვდნენ. 15 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, დინამომ 7:1 გაანადგურა გურია და ზედიზედ მეათედ მოიგო უძლიერესის წოდება. ლანჩხუთელთა წინააღმდეგ ბოსკამპის ყველა რჩეულმა ითამაშა, აშვეთიამ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ზედიზედ მეათედ მოგებული ტიტულით თბილისელებმა ბუდაპეშტის მტკ-ს და აღმოსავლეთ ბერლინის დინამოს ევრორეკორდი გაიმეორეს. მტკ 1914-1925 წლებში გახდა უნგრეთის საუკეთესო კლუბი (პირველი მსოფლიო ომის გამო 1915 და 1916 წლებში ჩემპიონი არ გამოვლენილა), ბერლინელებმა კი 1979-1988 წლებში მოიგეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ობერლიგა.
17 მაისს თბილისში ჩამოვიდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი. მსოფლიო სპორტის მაღალჩინოსანმა ჯერ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დააჯილდოვა სოკ-ის ორდენით, შემდეგ კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.
19 მაისს, ბირმინგემის ვილა პარკზე, თასების მფლობელთა თასის უკანასკნელი მფლობელი გამოვლინდა: რომის ლაციომ 2:1 დაამარცხა მაიორკა. ესპანელებს არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა, რომელმაც წლების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
20 მაისს, შუადღით, რჩეული მოთამაშეები დაასახელა ახალგაზრდული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მურთაზ ხურცილავამ. მან თანამდებობაზე დანიშვნისთანავე განაცხადა, რომ ახალ გუნდს თბილისის დინამოს ბაზაზე შექმნიდა. ასეც მოიქცა, მის მიერ შერჩეულ ოც ფეხბურთელს შორის მხოლოდ ხუთი იყო ისეთი, რომელსაც დინამოს სკოლა არ გაუვლია:
მეკარეები: გიორგი ლომაია (თბილისის მერანი 1991), ზურაბ ბათიაშვილი (თბილისის დინამო 2), დავით ხმელიძე (სოჭის ჟემჩუჟინა, რუსეთი)
მცველები: არჩილ სახვაძე (თბილისის დინამო), თორნიკე რუხაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ვალერი აბრამიძე (ყველა დინამო 2), გიორგი შაშიაშვილი (თბილისის თსუ), ჯაბა მუჯირი (თბილისის ვიტ ჯორჯია)
ნახევარმცველები: გივი კვარაცხელია (დინამო), ედიკ საჯაია, ოლეგ გველესიანი, ლადო ბურდული, ლევან მელქაძე (ყველა დინამო 2), რევაზ ქემოკლიძე (ვიტ ჯორჯია), ლევან შავგულიძე (ფოთის კოლხეთი 1913)
თავდამსხმელები: კობა წიტაიშვილი (დინამო), გიორგი შენგელია (წყალტუბოს სამგურალი), გია იმედაძე (ქუთაისის ტორპედო), ლაშა ჯაკობია (ლიეჟის სტანდარდი, ბელგია).
იმავე საღამოს ქართველთა მეტოქე ნორვეგიამ ოსლოში, იამაიკასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. ნილს იოჰან სემბის გუნდმა 6:0 გაიმარჯვა. ტორე ანდრე ფლომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ივერსენმა, ლეონარდსენმა, დალუმმა და ლუნდმა შეაგდეს.
22 მაისს თემურ ქეცბაიამ ზედიზედ მეორედ ითამაშა უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში. ერთი წლის წინანდელის მსგავსად, მისი ნიუკასლ იუნაიტედი კვლავ დამარცხდა, ამჯერად სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედთან. ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, მხოლოდ მატჩის მიწურულს დატოვა მინდორი.
23 მაისს ოფიციალურად დასრულდა X ეროვნული ჩემპიონატი. იოჰან ბოსკამპის მომზადებულმა დინამომ უკანასკნელ ტურშიც შთაბეჭდავად გაიმარჯვა – 6:0 დაამარცხა წყალტუბოს სამგურალი. მიხეილ აშვეთია ისევ შეუჩერებელი იყო, პირველობის ბომბარდირმა იმ დღეს დუბლი მიითვალა. არანაკლებ სასიამოვნო იყო ეროვნული გუნდის 17 წლის ახალწვეულის, ზურაბ ხიზანიშვილის კარგი თამაში – 85-ე წუთზე მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
25 მაისს, საღამოს, საქართველოს ნაკრები პირველად შეიკრიბა იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით. დიღომში, დინამოს საწვრთნელ ბაზაზე, არასრულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი: კახი კალაძე გვიან საღამოს შეუერთდა ბიჭებს, პირდაპირ აეროპორტიდან, ქუთაისის ტორპედოელებს ბოსკამპი თასის ფინალის შემდეგ ელოდა, მოსკოვის ლოკომოტივში მოთამაშე ზაზა ჯანაშია კი არ ჩანდა.
„ჯანაშიას ჩამოუსვლელობის მიზეზზე ვერაფერს მოგახსენებთ. გამოვიძახეთ, მაგრამ ახლა ბაზაზე არ არის. არც ის ვიცი, როდის შემოგვიერთდება…
რატომ არ გამოვიძახე ქინქლაძე და გახოკიძე? ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა დიდი ხანია თავიანთ კლუბებში ჯეროვნად არ უთამაშიათ. მე კი ვთქვი, რომ უთამაშებლებს ნაკრებში არ მივიწვევ…
ჩემ გუნდში რეკომენდაციით მოხვედრა გამორიცხულია. ყველა, ვინც დღეს შეკრებაზეა, პირადად ვნახე საქმეში. სხვათა შორის, დევაძის ნაცვლად გია ჭანტურიას ამიტომ ვუხმე…
შოთა და არჩილ არველაძეებს მცირე ტრავმები აწუხებთ. დიდი ალბათობით, ისინი ნორვეგიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ…
ჩემი წინამორბედების მუშაობაზე კომენტარს არასდროს ვაკეთებ და არც ახლა ვიტყვი, რა ნაკლი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან თბილისში…
მარტივი ტაქტიკა მაქვს – ათი კაცი შეტევაში და ათი კაცი დაცვაში! თუმცა, ჯერ არ გადამიწყვეტია, რამდენი თავდამსხმელით ვითამაშებთ ნორვეგიაში…
ბიჭებს საბრძოლველად ვამზადებ. ახლა ერთი მიზანი გვაქვს – ნორვეგიიდან სამი ქულით უნდა დავბრუნდეთ“! – იოჰან ბოსკამპმა ეს სიტყვები პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ განაცხადა. მწვრთნელმა მწერალი ჟურნალისტები ბაზის ტერიტორიაზე მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ შეუშვა, ტელეოპერატორებს და ფოტოკორესპონდენტებს კი მანამდე დართო მუშაობის უფლება.
ახალგაზრდული ნაკრების შესახებ მან თქვა: „ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგულია, ამიტომ, სჯობს მწვრთნელმა დარჩენილი შეხვედრები ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია შემადგენლობის გადახალისება. რაც შეეხება ზურაბ ხიზანიშვილს, ახალგაზრდაა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშს უკვე იმსახურებს. ამ ბიჭის დიდი იმედი მაქვს, მომავალში მისგან კარგი მოთამაშე დადგება“.
26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს თასის „იმერული ფინალი“ გაიმართა – ქუთაისის ტორპედომ წყალტუბოს სამგურალს პენალტების სერიაში 4:2 სძლია. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. ქუთაისელთა კაპიტანს კახა კვეტენაძეს თასი სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ გადასცა.
შესვენების დროს სტადიონის დიქტორმა სასიხარულო ამბავი ამცნო გულშემატკივრებს: ქართველ მთამსვლელთა ხუთეული გია თორთლაძის (ექსპედიციის ხელმძღვანელი), მერაბ ნემსიწვერიძის, ირაკლი უგულავას, ირაკლი ციხისელის და მერაბ ხაბაზის შემადგენლობით, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ჯომოლუნგმაზე ავიდა!
26 მაისი ზღაპრული ფეხბურთით დასრულდა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ბარსელონაში, კამპ ნოუზე, მანჩესტერ იუნაიტედმა უკანასკნელ წამებზე გამოგლიჯა თასი მიუნხენის ბაიერნს – 2:1. გამარჯვების გოლი ოლე-გუნარ სულშერმა გაიტანა, ოლდტრაფორდული კლუბის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა. საბოლოოდ მან ქართველების წინააღმდეგ ვერ ითამაშა, მცირე ტრავმა გაუმიზეზდა და მწვრთნელმა დაასვენა.
27 მაისს, დილით, საბოლოოდ გაირკვა, რომ შოთა და არჩილ არველაძეები ნორვეგიაში ვერ ითამაშებდნენ. ერთი დღით ადრე ტყუპებმა მხოლოდ იძუნძულეს, შემდეგ კი ორივეს მტკივანი ფეხი გაუსივდა და, მწვრთნელთან შეთანხმებით, შეკრება დატოვეს.
დილითვე გამოჩნდა ზაზა ჯანაშიაც. გაირკვა, რომ ის საკუთარი ავტომობილით წამოვიდა მოსკოვიდან და ამიტომ დაიგვიანა სამი დღით. ჯანაშია შეკრებაზე კი მივიდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ვარჯიშზე არ დაუშვა.
„თავნებობა არავის გაუვა! თუ ის ასეთ საქციელს მიჩვეულია, დროა გადაეჩვიოს! ზაზა გათავისუფლებულია შეკრებიდან და თუ მას საბერძნეთის ნაკრებთან თამაში სურს, 1 ივნისს უნდა გამოცხადდეს ბაზაზე“, – ასეთი იყო ბოსკამპის პოზიცია.
შუადღით, სტოკჰოლმში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ცერემონიაში მასპინძელი ქვეყნის, შვედეთის ნაკრების მეკარე თომას რაველი და უეფას შვედი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი მონაწილეობდნენ. ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდის მეტოქეები სწორედ მათ გვამცნეს: ესპანეთი, იტალია და ირლანდია…
საღამოს ბოსკამპმა ბიჭები ეროვნულ სტადიონზე წაიყვანა. გუნდმა მსუბუქად ივარჯიშა, შემდეგ ბაზაზე დაბრუნდა, დაისვენა და გამთენიისას ნორვეგიისკენ აიღო გეზი.
ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ოსლოდან ორმოცდაათი კილომეტრით დაშორებულ დაბა ბიერკეში დაბინავდნენ. ბიჭებმა პირველად სწორედ იქ ივარჯიშეს, გვერდიგვერდ მოედნებზე.
„ბოსკამპმა სამ ნაწილად, თეთრებად, ლურჯებად და წითლებად დაჰყო ფეხბურთელები, მოედნის მეოთხედი მოუზომა და ბურთის ჯგუფურად ართმევაზე ამუშავა. უჩვეულოდ დინამიური ვარჯიში, ისიც მცირე მონაკვეთზე, სიქას აცლიდა ფეხბურთელებს…
ქეცბაიაზე ცალკე უნდა ითქვას. ის მეტად პოპულარულია ბიერკეშიც კი. ნეტავ გენახათ, როგორ მღეროდნენ ნორვეგიელი ბიჭუნები მასზე სახელდახელოდ შექმნილ სიმღერას. ავტოგრაფის თხოვნისას ხომ კინაღამ გადათელეს თემური…
ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერეც უჩვეულოდ მოწყალედ გვექცეოდა ბოსკამპი ჟურნალისტებს. იქვე, მოედანზე, ათწუთიანი მინი-პრესკონფერენცია მოაწყო:
კვირას ქეცბაია ითამაშებს…
მართალია ჯერ ყაველას და ქეცბას მიაქვთ მოთამაშეებამდე ჩემი დარიგებები, მაგრამ მალე სხვებიც გამიგებენ, საფეხბურთო ენა ყველგან ერთია…
თქვენთან თუ ვარ, თქვენებური, ქართული მენტალიტეტი უნდა შეგიცვალოთ! ან ჯანაშიას საქციელი რას ჰგავს, ან საერთო დისციპლინა?..
ბოლოს ბოსკამპმა ქართველ ჟურნალისტებთან ჯგუფური ფოტო გადაიღო და დაგვპირდა, ხვალ დილით საქართველოს ნაკრების შემადგენლობას უსათუოდ გაახლებთო“, – წერდა სარბიელის კორესპონდენტი კონსტანტინე გოგიშვილი 29 მაისს, ნორვეგიიდან გამოგზავნილ პირველ რეპორტაჟში.
სარბიელმა ოსლოში ფოტოკორესპონდენტი ბადრი კეთილაძეც მიავლინა. თუ არ ვცდები, ეს იყო პირველი შემთხვევა ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკის ისტორიაში, როცა ეროვნული ნაკრების გასვლითი თამაში ქართული გამოცემის ფოტოკორესპონდენტმა გადაიღო.
30 მაისს, ადგილობრივი დროით 13 საათზე, ლილესტრიომში, ორესენზე, ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი დაიწყო. მასპინძლები დიდ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ საიმედოდ მოთამაშე გიორგი ლომაიას კარი ერთხელაც ვერ დალაშქრეს – 0:0.
გავიდა ხუთი საათი და ოსლოში, ულევაალზე, ეროვნული ნაკრები გუნდები დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ტაბლოზე 1:0 ენთო მასპინძელთა სასარგებლოდ. ერთადერთი გოლი ტოტენჰემ ჰოთსფურში მოთამაშე სტეფენ ივერსენმა გაიტანა მე-4 წუთზე. გემახსოვრებათ: მან თბილისშიც გაიტანა გოლი, თუმცა იმის გამო, რომ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი გელა შეყილაძეს მოხვდა და ამის შემდეგ შევარდა კარში, ამიტომ ჩაიწერა ქართველი მცველის ავტოგოლად.
ივერსენმა გუნდი მცველების ორი უხეში შეცდომის წყალობით დააწინაურა. ჯერ იყო და ჩვენებმა ბოლომდე არ მისდიეს ტორე ანდრე ფლოს, იფიქრეს ბურთს ვერ დაეწევა, აუტი იქნებაო. თავდამსხმელმა კი ბურთსაც მიუსწრო და საჯარიმოშიც ზუსტად ჩააწოდა – თავზე დაასვა ბურთი ივერსენს. ამ უკანასკნელს ხელი ვერავინ შეუშალა, რადგან ცენტრალური მცველები, რატომღაც, მოშორებით აღმოჩნდნენ.
თამაშის დასაწყისშივე გაშვებული ბურთი, თითქოს, განადგურების წინაპირობად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ავად თუ კარგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისურ მატჩზე უკეთესად ითამაშა და, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ მაინც უქულოდ დატოვა ნორვეგია, სპეციალისტები და ჟურნალისტები დადებითად განაწყო.
„ბოლო თვეებში, წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების სახით მინდორზე იყო გუნდი, რომელსაც გააჩნდა ტაქტიკა, სქემა, მონახაზი და, რაც მთავარია, საფეხბურთო მენტალიტეტი…
ნორვეგიასთან საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია თავის საუკეთესო მატჩი. საუკეთესო ვერც ცალკეული ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ მაინც, ეს არ იყო თბილისური ფიასკოს მსგავსი საშინელება. გუნდი იბრძოდა, თავს იცავდა, უტევდა, ზოგჯერ კი ფეხბურთსაც თამაშობდა (განსაკუთრებით მეორე ტაიმში)…
ბოსკამპის ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და უკვე ნათელია, რომ ამ გუნდის ლიდერი თემურ ქეცბაიაა, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს არა მარტო გუნდისთვის, მწვრთნელისთვისაც – ვარჯიშებისას ქეცბაია თითქმის ბოსკამპის ასისტენტია…
შეიძლებოდა კი ულევაალზე შინდისფერებს თუნდაც ფრისთვის მიეღწიათ? ვეჭვობ, ნორვეგიელები აშკარად ძლიერნი ჩანან ამ ეტაპზე. გავიხსენოთ რამდენი საგოლე მომენტი შეიქმნა მათ კართან? ორიოდე, რომელთაგან საუკეთესო ქეცბაიას ოცდახუთი მეტრიდან დარტყმული იყო…
კალაძის წაქცევისთვის შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა, მაგრამ „შეიძლებოდაზე“ თუ ვიარეთ, მარტო ივერსენს „შეიძლებოდა“ კიდევ ორი გოლი გაეტანა. „შეიძლებოდა“ ფლოს, მიუკლანდს გაეტანათ. ბოროტ მსაჯს „შეიძლებოდა“ სოლბაკენის გატანილი და არჩათვლილი გოლიც ჩაეთვალა“, – წერდა კონსტანტინე გოგიშვილი თამაშის მიმოხილვაში „ახალი და ძველი“ (სარბიელი; 1999 წლის 1 ივნისი).
„თბილისური შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს გაცილებით განსწავლული მეტოქე გვყავდა. მართალია მომენტები 28 აპრილს უფრო ნაკლები გვქონდა, მაგრამ მაშინ ხომ მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადავწყვიტეთ. იმ შეხვედრის 8:1 მოგებაც შეგვეძლო. დღეს პირიქით, მომენტები მრავლად გვქონდა, გოლი კი ერთი გავიტანეთ…
საქართველოს ნაკრებს აქვს პერსპექტივა. მასში მომავლის ფეხბურთელები თამაშობენ, ახალმა მწვრთნელმა კი უკვე დაატყოთ ხელი. დღეს სხვანაირად ორგანიზებულები იყვნენ“, – განაცხადა ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ნილს იოჰან სემბმა. ქართველთა დამრიგებელი ჟურნალისტებს არ შეხვდა. სემბს, მის ნაცვლად, ბოსკამპის თანაშემწემ, გია გეგუჩაძემ მიულოცა გამარჯვება.
დასრულდა თუ არა ეროვნული გუნდების მატჩი, საქართველოს ორივე ნაკრები აეროპორტისკენ დაიძრა. თბილისში დაბრუნებულმა ბიჭებმა 31 მაისს დაისვენეს, 1 ივნისს კი შეკრება კონფლიქტით განახლდა: იოჰან ბოსკამპმა ზაზა ჯანაშია ვარჯიშზე დაუშვა, მაგრამ მალე ღრიალით დაითხოვა.
30 მაისი, 1999. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. ნორვეგია, ოსლო, ულევაალი. 18 236
ნორვეგია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 სტეფენ ივერსენი (4)
ნორვეგია: ფროდე ოლსენი, ანდრე ბერგდოლმო, ერიკ ჰოფტუნი, ტორე პედერსენი, ვეგარდ ჰეგემი, ერიკ მიუკლანდი, სტალე სოლბაკენი (კაპ), სტეფენ ივერსენი (ტორე ანდრე დალუმი 84), ოივინდ ლეონარდსენი (პეტერ რუდი 46), ვიდარ რისეთი (კიეტილ რეკდალი 70), ტორე ანდრე ფლო
მწვრთნელი: ნილს იოჰან სემბი
საქართველო: დავით გვარამაძე, ვალტერ გუჩუა (დავით ჭიჭვეიშვილი 62), კახი კალაძე, გივი დიდავა (ზურაბ ფოფხაძე 46), მამუკა წერეთელი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი დემეტრაძე (მიხეილ აშვეთია 76)
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი (ნიდერლანდები)
გაფრთხილება: კახი კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ტორე პედერსენი
მსაჯები: ლუკ ჰიუგი; როლანდ ვანილვენი, პატრიკ დემულენერი (ბელგია)
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 10 ნოემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი; გაზეთი ფრედრიკსტად ბლადი (ნორვეგია); გაზეთი დაგსავისენი (ნორვეგია); გაზეთი დრამენსბლადი (ნორვეგია); მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი