ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #55: სლოვენია 2:1 საქართველო

„ამიერიდან, ვინც კი ფეხბურთის ფედერაციის მისამართით რამე არაკორექტულს იტყვის, ცილს დაგვწამებს და მისთანები, პირობას ვიძლევი, უმკაცრესად დაისჯება. გუნდის პრეზიდენტი იქნება, ფეხბურთელი თუ სხვა ვინმე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ან სასამართლოში ვუჩივლებთ, ან დავაჯარიმებთ, ანაც, საერთოდ ავუკრძალავთ ფეხბურთში მოღვაწეობას. ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

ეს სიტყვები ჟურნალისტებმა 1999 წლის 15 ივლისს მოისმინეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას და გენერალური მდივნის ვალერი ჩოლარიას პრესკონფერენციაზე.

ქართული ფეხბურთის მაღალჩინოსნები ორიოდ დღით ადრე დაბრუნდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც ფიფას კონგრესს დაესწრნენ. ზუსტად იმ დღეს, 13 ივლისს, ფეხბურთის ფედერაციამ დიდუბის რაიონის საგადასახადო ინსპექციიდან წერილი მიიღო, რომლის თანახმად, თუ სფფ 20 ივლისამდე სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებას არ დაფარავდა, ფედერაციის უძრავ-მოძრავი ქონება, შესაბამისი წესით, აუქციონზე გაიყიდებოდა.

„საგადასახადოდან წერილი მივიღეთ. რამდენადაც ვიცი, ქონების გაყიდვით გვემუქრებიან. მე ეს წერილი არ მაინტერესებს, არც წამიკითხავს, საზრუნავი უამისოდაც ბევრი მაქვს. ჩვენ ერთხელაც გავიმეორებთ – ცოტა სული მოგვათქმევინეთ, გადასახადს უეჭველი გადავიხდით, არსად გავრბივართ“, – ასეთი იყო ფედერაციის გენერალური მდივნის პასუხი.

რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა: „სახელმწიფოს ბევრს არაფერს ვთხოვთ, მხოლოდ საგადასახადო ვალის რესტრუქტურიზაციას და გრანტების არდაბეგვრას. ამ მიმართვას ქვეყნის პრეზიდენტის რეზოლუციაც ადევს. სამწუხაროდ, ჯერ არც ერთ საკითხს ეშველა, არც მეორეს, საგადასახადო ინსპექცია კი, თურმე, სულაც ჩვენი, იამანიძის ქუჩაზე მდებარე შენობის აუქციონზე გაყიდვას აპირებს. ფეხბურთის ფედერაციას აღარ ეკითხებიან! აი დიდუბეში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის გეგმა, პროექტიც აქვეა, უახლოეს მომავალში იქაურობას ვეღარ იცნობთ“.

იმავე პრესკონფერენციაზე სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრეს: ეროვნული სტადიონის რემონტზე, ნაკრები გუნდების მომავალ ტექნიკურ სპონსორზე, მსაჯთა კორპუსზე და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომლის დაწყებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი.

15 ივლისს, შუადღით, ჟურნალისტთა ნაწილმა და ოფიციალურმა პირებმა სპორტკომპლექს ქარიშხალას მიაკითხეს, სადაც მინი-ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა ახალი მწვრთნელის, ლევან ყიფიანის ხელმძღვანელობით. დავით ყიფიანის უფროსმა ვაჟმა, რომელიც სფფ-ში ბავშვთა ფეხბურთის კომიტეტის ხელმძღვანელიც გახლდათ, ამ თანამდებობაზე ირაკლი ქავთარაძე შეცვალა.

ქართველებმა შანსი არ დაუტოვეს სომხებს – 20:3! ყიფიანის სადებიუტო თამაში, რომელიც იქვე შედგა ერთი დღით ადრე, შედარებით მოკრძალებული გამარჯვებით დასრულდა – 8:4.

16 ივლისს 18-წლამდელთა ნაკრები, ანუ „კოპალას ბიჭები“, როგორც მაშინ ეძახდნენ იმ გუნდს, შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა. ეროვნული ნაკრების საერთაშორისო თამაშებისადმი მიძღვნილ წერილებში მაშინდელ ამბებს იმიტომ აღვნიშნავ, რომ ეს იყო საქართველოს პირველი ნაკრები, ნებისმიერი ასაკისა, რომელიც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდმა 19, 21 და 23 ივლისს ითამაშა ჯგუფში. სადებიუტო შეხვედრაში ჩვენები 0:2 დამარცხდნენ იტალიასთან, მეორე ტურში 3:3 ითამაშეს ირლანდიასთან (ვალერი გაგუას დუბლი, ზურაბ მენთეშაშვილი), დასკვნით მატჩში კი ვერას გახდნენ ესპანელებთან – 1:4 (გაგუა). ევროპის ის ჩემპიონატი A ჯგუფის გამარჯვებულმა პორტუგალიამ მოიგო, რომელმაც ფინალში იტალიას სძლია, საუკეთესო ბომბარდირის ტიტული კი, 3 გოლით, ვალერი გაგუას ერგო.

23 ივლისს ჟენევაში ჩემპიონთა ლიგის მესამე შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ თბილისის დინამოსა და კიშინიოვის ზიმბრუს შორის გამარჯვებული პსვ ეინდჰოვენს დაუპირისპირდებოდა. მანამდე ისიც შევიტყვეთ, რომ ფედერაციას ვალის გადახდა გადაუვადეს.

„უკმაყოფილო არ ვარ. შესაძლო იყო, ზიმბრუსთან მოგების შემთხვევაში, გაცილებით ძლიერი მეტოქე შეგვხვედროდა. რა თქმა უნდა, პსვ-ზე საკმაო ინფორმაცია მაქვს, კარგად ვიცი მათი ნაკლიც და ღირსებაც, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ ზიმბრუ უნდა დავამარცხოთ. ღმერთმა ქნას, კიშინიოველებს გავცდეთ, რისი დიდი იმედიც მაქვს და ჰოლანდიელებზე უფრო ვრცლად მერე გეტყვით“, – ასე შეაფასა ბოსკამპმა წილისყრის შედეგები. იმ დღეებში ის ნიდერლანდებში გახლდათ დინამოსთან ერთად, ბიჭებს მოლდოველებთან სათამაშოდ ამზადებდა.

28 ივლისს, თბილისში, დინამომ 2:1 მოუგო ზიმბრუს, არადა საფინალო სასტვენამდე რვა წუთით ადრე აგებდა. 82-ე წუთზე კლიმენტი წიტაიშვილმა გაათანაბრა ანგარიში, გამარჯვების გოლი კი 90-ე წუთზე შეაგდო ლევან ხომერიკმა. ბოსკამპმა ორივე 63-ე წუთზე ჩართო თამაშში – ხომერიკმა არჩილ სახვაძე შეცვალა, ხოლო წიტაიშვილმა ბრაზილიელი ლეგიონერი ანდრე დე სოუზა, რომელიც სეზონისწინა შეკრებაზე შეუერთდა გუნდს.

შესაძლოა არ გახსოვდეთ: ეს იყო დინამოს პირველი ევრომატჩი თასების მფლობელთა თასის 1981 წლის ფინალის შემდეგ, როცა გუნდი აგებდა, მაგრამ მაინც მოახერხა მეტოქის დამარცხება.

გავიდა ერთი კვირა და დინამოს ევროსეზონი დასრულდა. ბოსკამპის ბიჭები 0:2 დამარცხდნენ მოლდოვის დედაქალაქში. ნიდერლანდელი გუნდთან ერთად დაბრუნდა თბილისში, კლუბის დირექტორატის წევრებს შეხვდა, მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და სამშობლოში გაემგზავრა. მასთან ერთად დატოვა კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების და დინამოს ისტორიაში პირველმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა დე სოუზამ, რომელმაც ზიმბრუსთან მატჩებში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. რაც შეეხება დინამოს ბელგიელ გოლკიპერს დენიდ დონდტს, რომელიც დე სოუზასთან ერთად შეუერთდა დედაქალაქურ კლუბს, ის კიდევ მცირე ხნით დარჩა საქართველოში, შემდეგ კი მანაც სამშობლოს მიაშურა.

XI ეროვნული ჩემპიონატი 15 აგვისტოს დაიწყო და დინამომ პირველად ბათუმში ითამაშა. ბოსკამპის წასვლის შემდეგ თბილისელებს მისმა თანაშემწემ, გია გეგუჩაძემ უხელმძღვანელა, თუმცა ბათუმში მასპინძლებმა გაიმარჯვეს – 1:0. გემახსოვრებათ: ეს იყო სადებიუტო თამაში აჭარელთა იტალიელი მწვრთნელისთვის, ჯანი კარნევალესთვის.

დედაქალაქურმა კლუბმა ბოსკამპის შემცვლელი 19 აგვისტოს წარადგინა: დინამოს, გურიის და ტორპედოს ვეტერანი ფორვარდი, საქართველოს თასის პირველი გათამაშების გამარჯვებული და მესამე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი ლანჩხუთელთა შემადგენლობაში, ოთარ კორღალიძე. დინამოს ვერც ამ ცვლილებამ უშველა. 21 აგვისტოს, თბილისურ დერბიში არსენალთან, კორღალიძის ბიჭები 0:2 დამარცხდნენ. ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში, დინამომ პირველად წააგო ორი სასტარტო თამაში!

22 აგვისტოს ბრიტანულ პრესაში საინტერესო წერილი გამოქვეყნდა: ევროფეხბურთზე მწერალმა ჟურნალისტებმა 1998-1999 წლების სეზონი შეაჯამეს და ათი უარესი ტრანსფერი დაასახელეს. ყველაზე მძიმე შეცდომად სან პაულუდან სევილიის ბეტისში ბრაზილიელი დენილსონის გადასვლა დასახელდა, გიორგი ქინქლაძის აიაქსში გამოჩენა კი ექსპერტებმა მერვე უარეს გარიგებად მიიჩნიეს.

23 აგვისტოს, დილით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – ალექსანდრს სტარკოვსი, რომელმაც მცირე ხნით ადრე წასული რევაზ ძოძუაშვილის ადგილი დაიკავა. ოფიციალური ინფორმაციით, სტარკოვსმა ევრო 2000-ის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე ჩაიბარა ნაკრები.

იმავე საღამოს გავრცელდა ჩვენი გუნდის წინასწარი შემადგენლობა. სლოვენიასთან გასვლით და ლატვიასთან საშინაო თამაშებისთვის ბოსკამპმა ოცდაერთ ფეხბურთელს უხმო, მათ შორის ორ დებიუტანტს – ვიტ ჯორჯიას ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ნახევარმცველს დავით დიღმელაშვილს და თენგიზ სიჭინავას თბილისის დინამოდან. სანაკრებო სიაში ასევე მოხვდნენ:

მეკარეები: დავით გვარამაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გრიგოლ ჭანტურია (ქუთაისის ტორპედო)

მცველები: გივი დიდავა (თბილისის დინამო), ბადრი ახვლედიანი (ტორპედო), მამუკა წერეთელი, დავით ჭიჭვეიშვილი (ორივე ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია)

ნახევარმცველები: ლევან ცქიტიშვილი, ლევან კობიაშვილი (ორივე ფრაიბურგი, გერმანია), გიორგი ნემსაძე (უკლუბოდ), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია), თენგიზ სიჭინავა (დინამო), დავით დიღმელაშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია)

თავდამსხმელები: მიხეილ აშვეთია (დინამო), შოთა არველაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია), მიხეილ ფოცხვერია (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი).

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შეკრება 30 აგვისტოს დაინიშნა დიღომში, დინამოს საწვრთნელ ბაზაზე.

29 აგვისტოს, ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში, ოთარ კორღალიძის დინამომ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოუგო რამაზ მუმლაძის თბილისს – 3:2. ვინც იმ მატჩს დაესწარით, თამაშის მიწურულს ხელჩართული ჩხუბიც გემახსოვრებათ, რომელიც ოთარ გუნთაძის მიერ თბილისის კარში დანიშნულ პენალტს მოჰყვა. იმ დროს ანგარიში 2:2 იყო და პენალტმა, ცხადია, ძალიან გააღიზიანა თბილისის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივრები. რატი ალექსიძემ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი და დინამოელებმაც პირველად გაიხარეს ახალ სეზონში.

„თუ საქართველოს მოვუგებთ, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. ამიტომ, მათ აუცილებლად უნდა მოვუგოთ“! – სლოვენიელთა მთავარ მწვრთნელს სრეჩკო კატანეცს 4 სექტემბრის თამაშის წინ ბევრი არ უსაუბრია, მიწვეული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა და თქვა, რომ ნაკრების ერთადერთი მიზანი სამი ქულა იყო.

31 აგვისტოს ბოსკამპმა ორჯერ ავარჯიშა გუნდი, 1 სექტემბერს კი, შუადღით, ჟურნალისტები სტუმრად მიიწვია:

„სლოვენიის და ალბანეთის ნაკრებთა თამაშს დავესწარი. ძლიერი მეტოქე გვყავს, მათი ლიდერი კი ზლატკო ზაჰოვიჩია, რომელმაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა…

მამუკა წერეთელი და გიორგი ნემსაძე ორ-ორი ყვითელი ბარათის გამო ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა ისინი ჩვენთან ერთად წამოვლენ სლოვენიაში. რაც შეეხებათ თემურ ქეცბაიას და არჩილ არველაძეს, მათ მცირე ტრავმები აწუხებთ და, შესაძლოა, თბილისში დარჩნენ…

ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და ამ ორ შეხვედრაშიც ექვს ქულას ვგეგმავთ. მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა…

გიორგი ქინქლაძე არც აიაქსის პირველ გუნდშია და არც მეორეში. ასეთ შემთხვევაში, მიპასუხეთ, რა აზრი აქვს მის გამოძახებას?..

გოგა გახოკიძე მოვიწვიეთ და როგორც ვიცი, ის პირდაპირ ლიუბლიანაში შემოგვიერთდება…

გელა შეყილაძის თამაში ორჯერ ვნახე. ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ მას პირადად ვესაუბრე. ახლაც გამოძახებულია, მაგრამ არ ჩამოსულა. არ მესმის რატომ ვაწყდები ასეთ პრობლემებს…

სანამ ეროვნულ ნაკრებში ვარ, ზაზა ჯანაშიას არ მოვიწვევ. ჩემ გუნდში მისი ადგილი არ არის…

ოთარ ხიზანეიშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი ამჯერად იმიტომ არ გამოვიძახე, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი იმედი აღარ მაქვს. ისინი პერსპექტიული ბიჭები არიან და კიდევ ბევრჯერ ითამაშებენ ეროვნულ გუნდში, ახლა კი ახალგაზრდულს დაეხმარებიან“.

ბოსკამპმა პრესკონფერენცია კიშინიოვში, ზიმბრუსთან დინამოს მარცხით დაასრულა. მწვრთნელმა თქვა, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა დააღალატა. „თითოეულს პერსონალურად ვუთხარი სათქმელი, ასეთი წესი მაქვს“, – თქვა დინამოს ყოფილმა დამრიგებელმა.

2 სექტემბერს, დილით, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები სლოვენიაში გაემგზავრნენ. ბოსკამპმა ქეცბაია და არჩილ არველაძეც თან იახლა.

თბილისთან დამეგობრებულ ლიუბლიანაში ჩასული ჩვენი ნაკრები სასტუმრო ჰოლიდეი ინში დაბინავდა. მწვრთნელს იქ დახვდა გოგა გახოკიძე, მცირე ხანში კი გუნდს გელა შეყილაძეც შეუერთდა. საღამოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ კი მწვრთნელმა ისიც შეიტყო, რომ მასპინძლებს კაპიტანი, გრაცის შტურმის მცველი დარკო მილანიჩი ვერ დაეხმარებოდა.

„სლოვენიური პრესა ადგილობრივ გულშემატკივარზე კატეგორიულია. ამ მხრივ, ყველაზე მეტად, ყოველდღიური სპორტული გამოცემა ეკიპა გამოირჩევა, რომლის პარასკევის ნომრის პირველ გვერდს დიდი სათაური ამშვენებს: საქართველო ბეზიგრადში ჯოჯოხეთს იხილავს! ბეზიგრადი ლიუბლიანის ის უბანია, რომელშიც ცენტრალური სტადიონია. მატჩი სწორედ იქ გაიმართება. ამასთან შედარებით, ფრაიბურგში ლევან ცქიტიშვილის და ლევან კობიაშვილის პარტნიორის, ამჟამად კი სლოვენიის ნაკრების ნახევარმცველის მირან პავლინის ინტერვიუ სააღდგომო ეპისტოლედ მოგეჩვენება. იგი აქებს ჩვენ გუნდს და ბოლოს აყოლებს, ვიცით, რაც უნდა გავიყოთ და ისიც ვიცით, როგორ უნდა მოვიგოთ. გაზეთი მეტად კმაყოფილია იმით, რომ ლიუბლიანაში არ ჩამოვიდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი და უძლიერესი მეგოლე (ასე ახასიათებენ) ზაზა ჯანაშია. მისი არყოფნა კიდევ უფრო ზრდის ჩვენს შანსებსო“, – წერდა სარბიელის კორესპონდენტი მერაბ რატიშვილი 3 სექტემბერს გამოგზავნილ რეპორტაჟში.

„სლოვენიაში მეორედ ვარ. პირველად რამდენიმე წლის წინ გახლდით. მაშინ ათენის აეკ-ში ვთამაშობდი და ლიუბლიანის ოლიმპიას 2:0 მოვუგეთ. კარგი იქნება, თუ ხვალინდელი შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდება და ისევ ჩემი გუნდის სასარგებლოდ. სერიოზულად კი, მძიმე მატჩი გველის, სლოვენიის ნაკრების დარ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„საშემოდგომო ფონი არცთუ სასიამოვნოა. ნაკრების მწვრთნელად დარჩენილ ბოსკამპს მომავალზე საუბარი უყვარს. იმ დღესაც გააბა – ახალი ციკლისთვის მზადებას აქედანვე ვიწყებთო. ჩანს, ბოსკამპი არ ფიქრობს იმის გამო, რომ თანდათან იქცევა ყბადაღებულ კაცად და დღევანდელი ვითარების მიხედვით ძალიან ძნელი წარმოსადგენია ახალ ციკლში მისი ნაკრების სათავეში ხილვა“, – ეს უკვე სარბიელის მესვეტის, გიო ახვლედიანის სიტყვებია („მეოთხე კალათის ხალხი“; 1999 წლის 4 სექტემბერი).

4 სექტემბერს, სლოვენიის დროით 15 საათზე, ლიუბლიანაში, სტადიონ კოდელიევოზე, ახალგაზრდულმა გუნდებმა ითამაშეს. გიორგი შენგელიას და რატი ალექსიძის ზუსტი დარტყმებით მურთაზ ხურცილავას ნაკრები 85-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ქულა მაინც გადაარჩინეს – 2:2. სლოვენიელებმა თამაში ცხრა მოთამაშით დაასრულეს: ლუქსემბურგელმა არბიტრმა 37-ე წუთზე რისტიჩი და ვალერი აბრამიძე გააძევა, 53-ე წუთზე კი სანკოვიჩი.

ეროვნული გუნდების მატჩი 20 საათზე დაიწყო. საქართველოს ნაკრები, დისკვალიფიცირებული გიორგი ნემსაძის არყოფნაში, კახი კალაძემ გაიყვანა მინდორზე. კიევის დინამოს ოცდაერთი წლის მცველისთვის ეს პირველი სანაკრებო მატჩი იყო გუნდისთავის რანგში. ჯვაროსნების ისტორიაში ის მეცხრე კაპიტანი გახდა.

სლოვენიასთან თამაშს საკალათბურთო სლოვანის ოთხივე ქართველი ლეგიონერი დაესწრო: ვლადიმერ ბოისა, დავით უგრეხელიძე, ნიკა ცქიტიშვილი და ირაკლი კეიდია.

პირველმა ტაიმმა მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა, გოლები კი მხოლოდ შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში შეცვლაზე შესულმა მილენკო აჩიმოვიჩმა გახსნა.

48-ე წუთი: აჩიმოვიჩმა საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი, სწრაფად ჩამოიტოვა ლევან კობიაშვილი, შემდეგ გივი დიდავას მარცხნიდან შემოურბინა, ბურთი კი მარჯვენა მხრიდან შემოატარა. სლოვენიელი გვარამაძესთან პირისპირ გავიდა. დათომ პირველი დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ აჩიმოვიჩს მიუგორდა და მანაც მახვილი კუთხიდან გახსნა ანგარიში – 1:0.

56-ე წუთი: მასპინძელთა მცველები თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნის დროს შეცდნენ და შოთა არველაძემაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1. აიაქსის ფორვარდმა გოლი ძმის, არჩილის პასით გაიტანა. ეს შოთას მეთორმეტე ბურთი იყო ეროვნული ნაკრების მაისურით და კვლავ ნომერ პირველი ბომბარდირი გახდა.

მისი გოლის შემდეგ სლოვენიელები ჯერ მსაჯს, შემდეგ კი თანამსაჯს მივარდნენ, თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. მეტიც, იან ვილემ ვეგერეეფმა მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს სრეჩკო კატანეცს ბილწსიტყვაობა არ აპატია და წითელი ბარათი უჩვენა.

81-ე წუთი: ჯონი ნოვაკმა, რომელიც მარჯვენა ფლანგზე შეუჩერებელი იყო, კიდევ ერთხელ ჩააწოდა საჯარიმოში. ზლატკო ზაჰოვიჩმა მარტივად მიიღო ბურთი და წამში გვარამაძის კარიც დალაშქრა, მეკარისგან შორეულ კუთხეში შეაგდო ბურთი – 2:1.

„საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში მესამედ და, კაცმა არ იცის, უკანასკნელად თუ არა, დამარცხდა ჰოლანდიელი მწვრთნელის, იოჰან ბოსკამპის ხელმძღვანელობით. წინა ორი მარცხის მსგავსად, ამჯერადაც მინიმალური სხვაობით, ოღონდ მოგების შანსი რომ არ იყო, ისე. მეტიც, არათუ მოგების, მეორე გოლის გატანის პერსპექტივაც არ გამოჩენილა. მოხდა რაიმე განსაკუთრებული? არაფერი ისეთი, რაც ამ ბოლო დროს არ მომხდარა“, – წერდა მერაბ რატიშვილი სარბიელში გამოქვეყნებულ რეპორტაჟში („სლოვენიამ თამაშამდე მოგვიგო“; 1999 წლის 7 სექტემბერი).

იოჰან ბოსკამპი კვლავ არ გამოცხადდა პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტებს ისევ მისი თანაშემწე გია გეგუჩაძე შეხვდა. საფინალო სასტვენიდან რამდენიმე საათში ჩვენი დელეგაცია თბილისში დაბრუნდა.

ქართველებს ლატვიელებთან მატჩები ელოდათ. 4 სექტემბერს ბალტიისპირელებმა პირველად ითამაშეს ახალი მწვრთნელის, ალექსანდრს სტარკოვსის ხელმძღვანელობით და ტირანაში, ალბანეთთან სამი ქულა უკანასკნელ წამებზე დაკარგეს – 3:3.

* * *

4 სექტემბერი, 1999. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. სლოვენია, ლიუბლიანა, ბეჟიგრადი. 8 000
სლოვენია 2:1 საქართველო
გოლები: 1:0 მილენკო აჩიმოვიჩი (48), 1:1 შოთა არველაძე (56, არჩილ არველაძის პასით), 2:1 ზლატკო ზაჰოვიჩი (81)
სლოვენია: მარკო სიმეუნოვიჩი, მილან ოსტერცი (მილენკო აჩიმოვიჩი 46), მლადენ რუდონია, ჟელკო მილინოვიჩი, მარინკო გალიჩი, ალექსანდერ კნავსი, ჯონი ნოვაკი, ალეს ჩეჰი (კაპ), საშო უდოვიჩი (ამირ კარიჩი 77), ზლატკო ზაჰოვიჩი (რუდი ისტენიჩი 88), მირან პავლინი
მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი
საქართველო: დავით გვარამაძე, ბადრი ახვლედიანი (გელა შეყილაძე 46), გივი დიდავა, კახი კალაძე (კაპ), ლევან კობიაშვილი, თენგიზ სიჭინავა, ლევან ცქიტიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ ფოცხვერია, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი (ნიდერლანდები)
გაფრთხილება: ბადრი ახვლედიანი, მარინკო გალიჩი, ლევან ცქიტიშვილი
გაძევება: სრეჩკო კატანეცი (57)
მსაჯები: იან უილიამ ვეგერეეფი; ჰანს ფუურმანი, იან ვან დაიკი (ნიდერლანდები)

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 24 ნოემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი; მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი

ka_GEGeorgian