ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #56: საქართველო 2:2 ლატვია

„საზარელი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. შენობა შენობად აღარ ვარგა, მაგრამ ამას მოევლება, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კაცი დაიღუპა. ძნელია ახლა ამტკიცო, ხანძარი შემთხვევით გაჩნდა თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს. ცუდია, რომ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო: იქეთ ბაზის დაყაჩაღება, აქეთ – ხანძარი… როგორმე უნდა გადავიტანოთ. ჩვენი სიძლიერე ის იქნება, რომ მიუხედავად ყველა უბედურებისა, ბერძნებთან თამაშს არა სადმე სხვაგან, არამედ აქ, ქუთაისში ჩავატარებთ. შენობის აღსადგენად ათი დღე დაგვრჩენია. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა მოვასწროთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ერთიანი ძალისხმევით ამას შევძლებთ“.

ასე გამოეხმაურა ტორპედოს ვიცე-პრეზიდენტი შედან ნანიკაშვილი გივი კილაძის სახელობის სტადიონზე გაჩენილ ხანძარს. სლოვენიის და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ევროშესარჩევი მატჩიდან რამდენიმე საათში, 5 სექტემბერს, გამთენიისას, იმერული კლუბის სარბიელს ცეცხლი მოედო. განადგურდა სტუმართათვის განკუთვნილი გასახდელი, სანიტარული კვანძები, დირექტორის და კანცელარიის კაბინეტები, მატჩის დელეგატისთვის განკუთვნილი ოთახი, ტრიბუნის მცირე ნაწილი… უარესი კი ის იყო, რომ ხანძარს ადამიანი შეეწირა – ერთ-ერთი ოთახში გარდაცვლილი იპოვეს სტადიონის დაცვის უფროსი, 59 წლის ელდარ ცერცვაძე.

ტორპედოს ხელმძღვანელობამ ყველაფერი იღონა და უეფას თასის 1/64-ფინალის პირველი შეხვედრა, 16 სექტემბერს, კლუბმა საშინაო არენაზე გამართა. სამწუხაროდ, ტორპედო დამარცხდა – ათენის აეკმა საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე გაიტანა ერთადერთი გოლი.

იმავე დღეს დედაქალაქში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ითამაშა მეორე ბერძნულმა კლუბმა. პაოკმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა ლოკომოტივთან მატჩის ბედი – სამი უპასუხო გოლი გაუტანა თბილისურ კლუბს, ხოლო როცა არბიტრმა თამაში დაასრულა, ოფიციალურ ოქმში ანგარიშის გრაფაში 7:0 ჩაიწერა.

ლოკომოტივის საშინაო განადგურებამდე რვა დღით ადრე იმავე მინდორზე ითამაშა საქართველოს ნაკრებმა. ლატვიასთან ორი ტაიმის შემდეგ ეროვნული სტადიონის ტაბლოზე საბოლოო შედეგი, 2:2 ენთო. ერთი მხრივ, ეს დადებითი შედეგი იყო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯვაროსნებმა წინა ოთხი თამაში წააგეს. ფრე, ალბათ, იოჰან ბოსკამპსაც ესიამოვნა, რადგან ჩვენმა გუნდმა პირველი ქულა მოიპოვა მისი ხელმძღვანელობით. მეორე მხრივ კი ფრეს გამართლება არ ჰქონდა, რადგან გუნდმა საშინლად ითამაშა, შინ ვერ გაიმარჯვა, თან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა.

მახსოვს, რომ მაშინ ბევრი საუბრობდა ქართული ფეხბურთის სიკვდილზე, მაგრამ ის ამბები დიდად არ მაღელვებდა, ხავერდოვანი შემოდგომის ზღვით ვტკბებოდი, საქორწილო მოგზაურობაში გახლდით. ისე კი, საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩს მხოლოდ მეორედ ვერ დავესწარი. პირველი, 1992 წლის 17 სექტემბერს გურჯაანში აზერბაიჯანელებთან გამართული, საპატიო მიზეზის გამო გამოვტოვე – სკოლის მოსწავლე გახლდით…

საქართველოს და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩამდე ერთი დღით ადრე ახალგაზრდებმა შევარდენზე ითამაშეს. მას შემდეგ, რაც მურთაზ ხურცილავამ ჩაიბარა ოცდაერთწლამდელები, გუნდმა ზედიზედ სამჯერ ითამაშა ფრედ – ნორვეგიაში, შინ საბერძნეთთან და სლოვენიაში. 7 სექტემბერს ბიჭებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს – 4:2. პირველი ორი გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა და გიორგი შენგელიამ გაიტანეს, მეორე ტაიმში კი დუბლი შეასრულა რატი ალექსიძემ. მურთაზ ხურცილავას გუნდი მესამე ადგილზე აღზევდა, ეროვნული ნაკრები კი…

„მაშ ასე: ნორვეგია ბელგია-ჰოლანდიაში. სლოვენია, ალბათ, ბელგია-ჰოლანდიაში. საბერძნეთი მეორე ან მესამე კალათაში. ლატვია მეოთხე კალათაში. ალბანეთი, ალბათ, მეოთხე კალათაში. საქართველო, ქართული ფეხბურთი… ურნაში.

იმ ფეხბურთისთვის, რომელიც იმდენსაც ვერ აკეთებს, რამდენსაც ესტონეთი, სომხეთი ანაც ლიხტენშტაინი, სწორედ ურნაა ზედგამოჭრილი. ვისაც სხვა აზრი ან შეხედულება გააჩნია, ადგეს და ტოტო ლატარიის ახალი პირმშო, ტოტო ფეხბურთი ითამაშოს, რათა გათამაშებას ფული შეუვიდეს და ამ ფულის ოცი პროცენტი ქართულ ფეხბურთს მოხმარდეს.

ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უკვე ლეშის სუნი აუვიდა.

გუშინ, პაიჭაძეზე, ერთხელაც დამტკიცდა ეს – ლატვიის ეროვნულმა ნაკრებმა ქართული ფეხბურთის გვამს გადაალაჯა და კვლავ დაგვანახვა ურყევი საფეხბურთო ჭეშმარიტება – ფეხბურთს ტრადიცია და გვარ-სახელი არა, ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ.

ქართული ფეხბურთისგან კი მართლა მხოლოდ ტრადიცია და გვარ-სახელი დარჩენილა“.

ამ სიტყვებს 1999 წლის 9 სექტემბრის სარბიელის მეორე გვერდზე ამოიკითხავთ კონსტანტინე გოგიშვილის მიერ დაწერილ მიმოხილვაში „უფლებამოსილნი ვართ ვამხილოთ“! ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერილია, რაც კი ჩვენი ეროვნული ნაკრების ოფიციალური თამაშების შესახებ დაწერილა 1994-1999 წლებში. ავტორმა იოჰან ბოსკამპსაც მიმართა:

„დათა თუთაშხია რომ გააცოცხლა, ზუსტად ჯინჭოლიასავით გეტყოდა ჩვენს ვერამშენებელს (და ალბათ დამაქცევარსაც) – ტუტუცი ხარ, შენ ბიძიკოო…

მაგრამ შებერტყილი ვინმეც ხარ. გოლი გაიტანეს თუ არა ქართველებმა, როგორ გამოვარდი ხალხის დასანახად გვერდით ხაზთან?! აქამდე გვეგონა, ასეთი რამ მარტო ქართველმა მწვრთნელებმა იცოდნენ. თურმე გცოდნია და რომც არ გცოდნოდა, ამდენ წაგებასა და ვაი-უშველებელში ისწავლიდი, აბა, რა ჯანდაბა მოგივიდოდა.

შე კაცო, ლატვიამ ფეხბურთი ისწავლა და შენ, ბოსკამპი, სამწვრთნელო მამაძაღლობას ვერ ისწავლიდი?

ისევ დათა თუთაშხიას დავესესხები – წადი, იოჰან, ბიძიკო, შენს გზაზე“.

თამაშის მიმდინარეობას არ შეგახსენებთ, მხოლოდ ჩვენების ორ გოლზე დავწერ. ლიუბლიანაში შეგდებული ბურთის შემდეგ კვლავ გაგვახარა შოთა არველაძემ, რომელმაც საჯარიმოს გარედან დარტყმით გახსნა ანგარიში – 1:0.

აიაქსის ბომბარდირმა მეორე გოლშიც შეიტანა წვლილი – ლევან კობიაშვილს დაუგორა ბურთი, ოცდაორი წლის ფრაიბურგელმა კი, ოცდამეორედ რომ თამაშობდა ნაკრებში, პასი კი მიიღო, მაგრამ იქვე მიხეილ ყაველაშვილს დაუგორა ბურთი და ციურიხის თავდამსხმელმაც მეორედ შეარხია ბალტიისპირელთა კარის ბადე – 2:0.

სამ წუთში ლევანს მესამე ბურთის გატანა შეეძლო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა, მერე კი… 61-ე წუთზე ლატვიელებმა პირველი საპასუხო გოლი გაიტანეს, ძირითადი დროის უკანასკნელ წამებზე კი ჩვენმა მცველებმა ცუდად მოიგერიეს შეტევა და იგორს სტეპანოვსმაც ზუსტად დაარტყა – 2:2. იმ დროისთვის მასპინძლები ათი ფეხბურთელით თამაშობდნენ – ანგარიშის გათანაბრებამდე ათი წუთით ადრე იუგოსლავიელმა არბიტრმა მეორედ გააფრთხილა და, შესაბამისად, გააძევა ვლადიკავკაზის ალანიის ოცი წლის მცველი მამუკა წერეთელი.

„წავიდა ჩივაძე, წავიდა ყიფიანი, წავიდა გუცაევი, წავა ბოსკამპიც… ვინ დარჩა? ვინ მოვა?

ხურცილავა? ნოდია? ძოძუაშვილი? ან სხვა უცხოელი? რა გარანტიაა, რომ იგივე არ მოხდება? რა გარანტიაა, რომ სხვებსაც წინამორბედების ბედი არ ელით?

ეს წყალნი (მწვრთნელები) კი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი (ფეხბურთელები) დარჩებიან, მაგრამ ამასობაში ქართული ფეხბურთიც რომ მიისილა?!

სანამ საფეხბურთო საქართველო (კერძოდ სფფ) თავისი მორიგი გადაწყვეტილების შესახებ გვამცნობს, მანამ ჩვენ ჩვენსას ვეტყვით: სარბიელი უფლებამოსილია ამხილოს – მწვრთნელიც, ფეხბურთელიც, ჩინოსანიც ვერ აკეთებს საქმეს ღირსეულად.

საქართველო ჯგუფის აუტსაიდერია. არ არის შედეგი. მაშასადამე, მცდარია ქართული ფეხბურთის სტრატეგიული კურსი.

მხილებას კი ვაჟკაცი ლატვიელი მსაჯის, მიკელის რუბენისის სიტყვებით დავამთავრებ – ეს არც წარუმატებლობაა, არც უიღბლობა. ეს არის ტრაგედია ქართული ფეხბურთისა. ამ კაცის კი ჭაღარასაც დაეჯერება“, – ასე სრულდება კონსტანტინე გოგიშვილის ზემოხსენებული მიმოხილვა.

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მთავარი არბიტრი მიკელის რუბენისი ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნის რანგში ესტუმრა თბილისს, ანგარიშით გახარებულმა კი, მწვრთნელების პრესკონფერენციამდე, თქვა:

„თქვენებმა გამაოცეს! ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები კი არიან, მაგრამ გუნდი არ გყავთ. აიღეთ და თითოეული ქართველი ნებისმიერ ლატვიელს შეადარეთ, ათი თავით სჯობიან თქვენები! მაგრამ რად გინდა? ვერც კი ვიჯერებ, რომ დღეს ქულა მოვიპოვეთ. როგორ შეიძლება თქვენნაირი გუნდი 2:0-ს იგებდეს და საბოლოოდ ფრეს დასჯერდეს? ეს მატჩი 3:0, ან 4:0 მაინც უნდა მოგეგოთ, მაგრამ თქვენებმა საშინელი შეცდომები დაუშვეს“.

იოჰან ბოსკამპი პრესკონფერენციაზე კვლავ არ მოვიდა. ლატვიელთა ინგლისელი თავკაცის გარი ჯონსონის მხარდამხარ, დარბაზში ბოსკამპის თანაშემწემ გია გეგუჩაძემ შეაბიჯა. მას შემდეგ, რაც სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ყველა კითხვას უპასუხა, გეგუჩაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, შემდეგ კი ქართველმა ჟურნალისტებმა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს.

„ბატონი გიას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მას დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ბოსკამპი არად გვაგდებს და ჩვენთან შეხვედრას არ კადრულობს. ამიტომ, იძულებულნი ვართ დემარში მოვაწყოთ“, – ჟურნალისტების ამ განცხადებით დასრულდა ის პრესკონფერენცია, დარბაზი უმალ დაცარიელდა.

„ბოსკამპანია დასრულდა“ – კონსტანტინე გოგიშვილის მორიგი წერილი ამ სათაურით გამოქვეყნდა 1999 წლის 10 სექტემბრის სარბიელში. „ბოსკამპს ქართულ ფეხბურთთან, სულ მცირე, ერთი მატჩი კიდევ აკავშირებს. ჰოლანდიელი საქართველოს ნაკრებს ალბანეთში უნდა გაუძღვეს და ამით ჩვენს ფედერაციასთან დადებულ კონტრაქტს ამოწურავს. თუმცა, ლატვიასთან გუშინწინდელი წარუმატებლობით, ბოსკამპს ქართველთა ნდობის ვოტუმი უკვე ამოეწურა. ერთადერთი მოგება და ერთი, ისიც სამარცხვინო ფრე ექვსი საერთაშორისო მატჩიდან დინამოსა თუ ნაკრებში. ეს არ არის მხოლოდ უიღბლო ბოსკამპისა და საღათას ძილს მიცემული ქართული ფეხბურთის წარუმატებლობა. ვაითუ ეს უცხოელი მწვრთნელის იდეის დისკრედიტაცია და სამომავლოდ უკეთესზე ფიქრის მოსპობის ნიშანია“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

ერთი თვის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთში ითამაშა. ჩვენი გუნდის პირველი უცხოელი მწვრთნელის ამბავიც ამით დასრულდა, ისევე როგორც ნაკრების ისტორიაში მესამე საკვალიფიკაციო ტურნირი.

მყვირალა ნიდერლანდელის ქართული თავგადასავლის ფინალი კატასტროფული გამოდგა – უკანასკნელი, მეექვსე ადგილი ჯგუფში.

8 სექტემბერი, 1999. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 4 500
საქართველო 2:2 ლატვია
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (29), 2:0 მიხეილ ყაველაშვილი (51, ლევან კობიაშვილის პასით), 2:1 იმანტს ბლეიდელისი (61), 2:2 იგორს სტეპანოვსი (90)
საქართველო: დავით გვარამაძე, გელა შეყილაძე, გივი დიდავა, კახი კალაძე, მამუკა წერეთელი, ლევან ცქიტიშვილი (თენგიზ სიჭინავა 69), გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი (არჩილ არველაძე 74), შოთა არველაძე (გიორგი დემეტრაძე 71)
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი (ნიდერლანდები)
ლატვია: ალექსანდრს კოლინკო, იგორს სტეპანოვსი, იურის ლაიზანსი (როლანდს ბულდერსი 82), მიჰაილს ზემლინსკისი (კაპ), ვალენტინს ლობანოვსი, ანდრეის რუბინსი, ვალერის ივანოვსი, იმანტს ბლეიდელისი, მარიანს პაჰარსი, ანდრეის შტოლცერსი (ალექსეის შარანდო 75), ალექსანდრს ისაკოვსი (ვლადიმირს ბაბიჩევსი 58)
მწვრთნელი: გარი ჯონსონი (ინგლისი)
გაფრთხილება: მამუკა წერეთელი, გიორგი ნემსაძე, მარიანს პაჰარსი, გოჩა ჯამარაული, მამუკა წერეთელი
გაძევება: მამუკა წერეთელი (80)
მსაჯები: მიროსლავ რადომანი; ზ.რადულოვიჩი, ს.ჩეტნიკი (იუგოსლავია)

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 30 ნოემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი / გურამ დოლენჯაშვილი; მატჩის ოფიციალური პროგრამა; თამაშის ბილეთი

ka_GEGeorgian