ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #57: ალბანეთი 2:1 საქართველო
ლატვიის ნაკრების სტუმრობის შემდეგ გავიდა ზუსტად ორი კვირა და პირველად დაიწერა იოჰან ბოსკამპის შესაძლო მემკვიდრეებზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ნიდერლანდელ სპეციალისტს არაფერი უთქვამთ თანამშრომლობის დასრულების შესახებ, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ევრო 2000-ის შესარჩევი ციკლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდებოდა. მიზეზი ბანალურად ჟღერდა – ძალიან ცუდი შედეგები.
„ყიფიანი თუ ჩივაძე? ორი მწვრთნელი და ერთი ადგილი“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა მამუკა კვანტალიანის წერილი 22 სექტემბერს გამოსულ სარბიელში. ჟურნალისტმა ორივე კანდიდატურაზე ისაუბრა, ბოლოს კი აღნიშნა:
„თუ მოარულ ხმებს ვერწმუნებით, ფედერაციას უკვე შეუთავაზებია მწვრთნელობა ალექსანდრე ჩივაძესთვის, რაზეც, როგორც ამბობენ, ბატონ საშას უარი უთქვამს.
რას ფიქრობს ბატონი დავითი და შესთავაზეს თუ არა მწვრთნელობა, ჯერაც უცნობია, მაგრამ სასწორი, ჯერჯერობით, მის მხარეს იხრება.
როგორც არ უნდა მოინდომოს ფეხბურთის ფედერაციამ, მწვრთნელის ვინაობის მიჩქმალვას 7 დეკემბერზე გვიან ვერ შეძლებს. ტოკიოში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრაზე ხომ ნაკრების მწვრთნელიც უნდა გაემგზავროს“.
გავიდა რამდენიმე დღე და ჟურნალისტები კვლავ ალაპარაკდნენ თბილისის დინამოში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე. ამჯერად საქმე ეხებოდა TBC ბანკიდან აღებულ სესხს – 206 ათას დოლარს, რომლის სანაცვლოდ კლუბმა დიღმის საწვრთნელი ბაზა დააგირავა. ბანკმა რამდენჯერმე გადაუვადა კლუბს თანხის გადახდა, თუმცა როცა ყველაფერი გონივრულ ვადას გასცდა, გავრცელდა ხმები, რომ ბაზა აუქციონზე გაიყიდებოდა.
„ფული ექვსი თვის წინ უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ბანკის ხელმძღვანელობასთან მოვილაპარაკეთ და 2 ოქტომბერზე შევთანხმდით. წუთი-წუთზე თანხას ველით და როგორც კი ჩვენ ანგარიშზე დაჯდება, TBC ბანკის ვალსაც დავფარავთ“, – ასეთი იყო დინამოს დირექტორატის წევრის მერაბ რატიანის კომენტარი.
იმავე დღეებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირების ეგრეთ წოდებულ ასიანთა კლუბს მეშვიდე და მერვე წევრი შეემატა. 25 სექტემბერს საიუბილეო, მეასე გოლი ტორპედოელმა ზურაბ იონანიძემ გაიტანა, ერთი დღის შემდეგ კი თბილისის დინამოს თავდამსხმელმა მიხეილ აშვეთიამ. იმ დროისთვის ასიანთა კლუბს ლევან ხომერიკი ლიდერობდა 121 გოლით, მომდევნო ადგილებზე კი გიორგი დარასელია და ოთარ კორღალიძე – 105, უბერებელი მერაბ მეგრელაძე – 104, დავით მახარაძე და დავით ჯანაშია იდგნენ – 101-101.
28 სექტემბერს, ლიდს იუნაიტედთან თამაშის 43-ე წუთზე, ნიუკასლ იუნაიტედის ქართველი ლეგიონერი თემურ ქეცბაია მეკარე ნაიჯელ მარტინს შეეჯახა და თამაში ვეღარ განაგრძო. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს მალევე დაუსვეს დიაგნოზი – ტერფის ტრავმა და მინიმუმ ერთთვიანი დასვენება.
იოჰან ბოსკამპმა ალბანეთთან მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია მეორე დღეს გადასცა ფედერაციას:
მეკარეები: დავით გვარამაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გრიგოლ ჭანტურია (ქუთაისის ტორპედო)
მცველები: გივი დიდავა, ოთარ ხიზანეიშვილი (ორივე თბილისის დინამო), ბადრი ახვლედიანი (ტორპედო), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია), დავით ჭიჭვეიშვილი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა)
ნახევარმცველები: თენგიზ სიჭინავა (დინამო), დავით დიღმელაშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), გოგა გახოკიძე (ჰაიფას მაქაბი, ისრაელი), გიორგი ქინქლაძე (ამსტერდამის აიაქსი, ნიდერლანდები), გიორგი ნემსაძე (უკლუბოდ)
თავდამსხმელები: გია იმედაძე (ტორპედო), შოთა არველაძე (აიაქსი, ნიდერლანდები), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია).
შეკრება 5 ოქტომბერს, 16 საათზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დაინიშნა. ორი დღის შემდეგ ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ალბანეთში ჩარტერული რეისით გაემგზავრებოდნენ.
სექტემბრის ბოლო დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ და გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ ჟურნალისტებს უმასპინძლეს. სფფ-ის ხელმძღვანელები ერთი დღით ადრე დაბრუნდნენ შვეიცარიიდან, სადაც ნიონში უეფას ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
მათ არაერთ საკითხზე ისაუბრეს, პრესკონფერენციის მიწურულს კი ჟორდანიამ თქვა: „ბოსკამპზე ახალს ვერაფერს ვიტყვი. ის მცოდნე სპეციალისტია, საქმე კარგად იცის, ამაში მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ნაკრების და დინამოს მატჩებმაც დამარწმუნა, მაგრამ მას არ გაუმართლა. რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს, მის ვინაობას საგანგებო კომიტეტი გადაწყვეტს, რომლის წევრებიც ვალერი ჩოლარია, ალექსანდრე ჩივაძე და თავად გახლავართ. ჯერჯერობით იმდენი საქმე გვაქვს, ნაკრების მწვრთნელების კანდიდატებთანაც არ გვისაუბრია, თუმცა საამისოდ არც არავინ შეგვიგულებია. აქედან გამომდინარე, კანდიდატებზე ვერაფერს გეტყვით“.
პრეზიდენტმა ფედერაციის ყადაღადადებული საბანკო ანგარიშებიც ახსენა და თქვა, რომ ვალის ნაწილი, ორასი ათასი დოლარი, გასტუმრებულია და მალე დიღმის საწვრთნელი ბაზის საკითხიც დინამოს სასარგებლოდ გადაწყდებოდა.
„ბოსკამპმა ჯანაშიას უხმო“ – ამ სიტყვებს 6 ოქტომბრის სარბიელის პირველ გვერდზე ამოიკითხავდით. თემურ ქეცბაიას და ლევან ცქიტიშვილის გარდა, ნაკრებს კიდევ სამი წევრი გამოაკლდა შეკრების დაწყებამდე – მიხეილ ყაველაშვილი ყურის, ალექსანდრე იაშვილი და ბადრი ახვლედიანი კი ფეხის ტკივილის გამო. იაშვილი, ფედერაციასთან შეთანხმებით, გერმანიაში დარჩა, ახვლედიანი კი პირადად ეახლა ბოსკამპს, მდგომარეობა გააცნო და მწვრთნელმაც დაითხოვა.
სწორედ ამ დანაკლისის შემდეგ უხმო ნიდერლანდელმა ჯანაშიას, თუმცა არა ზაზას, არამედ მის მოგვარეს, დავითს. რაც შეეხება გუნდში მიხეილ აშვეთიას გამოჩენას, იმ ამბავს ახლაც ღიმილით იგონებენ თვითმხილველი ჟურნალისტები: აშვეთია ბაზაზე დინამოს შემადგენლობაში სავარჯიშოდ მივიდა, ბოსკამპმა კი შემთხვევით მოჰკრა თვალი და თავდამსხმელიც სასწრაფოდ ნაკრებს დაამატა.
პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის პირველმა უცხოელმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
„კონტრაქტი ოთხ დღეში მიმთავრდება და მეც დავისვენებ. ძალიან დავიღალე, ახლა განტვირთვა მჭირდება. აი, მეხუთეჯერაც ვუთავკაცებ საქართველოს ნაკრებს და მერე შინ დავბრუნდები…
ცუდი შედეგები უიღბლობის ბრალია. აბა, უიღბლობა არაა ის, რაც საბერძნეთთან და ლატვიასთან თბილისში თამაშის დროს დაგვემართა? მოგება ბოლო წუთებზე დავკარგეთ, ბერძნებთან სულაც დავმარცხდით…
ქართველ ფეხბურთელებს არაფერი გაუჭირდებათ. მათ დიდი პოტენციალი აქვთ, მთავარია საქმისადმი სწორი მიდგომა, სწორი ორგანიზაცია. ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც საქართველოში არიან. მხოლოდ ლეგიონერებს, ქინქლაძეს, არველაძეებს, ქეცბაიას, ჯამარაულს, ყაველაშვილს, ნემსაძეს, ჯაკობიას არ ვგულისხმობ, ეროვნულ ჩემპიონატში ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, იმედაძე, დიღმელაშვილი გამოირჩევიან და დარწმუნებული ვარ, მალე მათაც ძლიერი უცხოური კლუბები მიიწვევენ…
ახლა ჩემი მთავარი გეგმა დასვენებაა. შემდეგ ვნახოთ“.
ბოსკამპის ბიჭების მეტოქემ, ალბანეთის ნაკრებმა 6 ოქტომბერს ბოლოსწინა შეხვედრა ჩაატარა ევრო 2000-ის საკვალიფიკაციოში. არწივები საბერძნეთს ესტუმრნენ და 0:2 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ალბანეთი ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე იყო ფრედ დასრულებული ოთხი შეხვედრით.
იმავე დღეს, როცა ქართველები ალბანეთს ეწვივნენ, ტირანაში შეფილდ იუნაიტედის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. ინგლისური კლუბის პრეზიდენტმა მაიკ მაკდონალდსმა დაადასტურა, რომ თანამშრომლები სწორედ მან გააგზავნა ალბანეთში. მათი მიზანი გიორგი ქინქლაძის საქმეში ნახვა იყო. შეფილდ იუნაიტედს ქართველი გამთამაშებლის გადაბირება სურდა. ინგლისელებს აიაქსთან ხელშეკრულების დეტალები შეთანხმებული ჰქონდათ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ფეხბურთელის თამაშის ხილვა და პირადი კონტრაქტის დეტალების საბოლოო განხილვა ისურვეს.
8 ოქტომბერს, ტირანაში, სელმან სტერმასის სახელობის სტადიონზე, ახალგაზრდული ნაკრებთა მატჩი გაიმართა, რომელიც უგოლოდ დასრულდა. მურთაზ ხურცილავას გუნდმა დაუმარცხებელი სერია განაგრძო, ევროშესარჩევი ჯგუფი კი მესამე ადგილზე დაასრულა საბერძნეთის და ნორვეგიის შემდეგ.
„საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კიდევ ერთი შავი ფურცელი შემატა მკითხველისთვის უკვე ობმოკიდებულ ისტორიის წიგნს. ქართველმა ფეხბურთელებმა შაბათს კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხი იწვნიეს ტირანაში, ქვებით ნაგებ ქემალ სტაფაზე.
ჩვენებურმა მობურთალებმა, სწორედაც რომ მობურთალებმა, ვერაფერი მოუხერხეს მასპინძლებს და ჩვენდა სასირცხვილოდ, ჯგუფში მეხუთე ადგილი დააკავებინეს. თანაც, არ იკითხავთ, ეს მეხუთე ადგილი ალბანელებისთვის რას ნიშნავდა? პირველად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, არწივებმა თავი დააღწიეს შესარჩევ ჯგუფში აუტსაიდერობას და მათთვის მუდმივი, ბოლო ადგილი ქართველებს გაუცვალეს.
რაც შეეხება აწ უკვე საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ჰოლანდიელ იოჰან ბოსკამპს, ის ტირანაშივე დარჩა და იქიდანვე შინ გასწია“, – ამ სიტყვებს 12 ოქტომბრის სარბიელის პირველ გვერდზე წაიკითხავდით.
90-იანი წლების ყველაზე პოპულარულმა ქართულმა სპორტულმა გაზეთმა თამაშის მიმოხილვა ალბანელ ჟურნალისტს მიქელე იანკუს სთხოვა, რომელმაც წერილი ასე დაასათაურა – „მადლობა საქართველოს“. ის წერდა:
„მატჩის სანახავად მოსულთ ნამდვილად არ უნანიათ. ჯერ ერთი, კარგი ფეხბურთი ნახეს და მეორეც, რაც ყველაზე მთავარია, უზომოდ გაიხარეს – ალბანეთის ნაკრებმა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ვისთან? გუნდთან, რომელიც ერთი წლის წინ ჯგუფის ფავორიტად მიაჩნდათ ალბანეთში…
ალბანეთის ნაკრებმა თავისი ისტორიის მანძილზე პირველად დააღწია თავი შესარჩევ ჯგუფში ბოლო ადგილს და ბოლოსწინაზე აღმოჩნდა. 1968 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული, ალბანელები სულ ჯგუფის აუტსაიდერად ამთავრებდნენ შესარჩევ ციკლს. მხოლოდ ორჯერ – 1982 და 1986 წლების მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ჯგუფებში, მათ ეს ადგილი თანაბარი ქულებით ჯერ ფინელებთან გაიყვეს, მერე – ბერძნებთან…
ახლა სხვა ვითარებაა. ალბანეთის ნაკრები ექვსგუნდიან ჯგუფში მეხუთეა და ქართველებს გადაასწრო. მადლობლები ვართ ქართველი ფეხბურთელების, ალბანელები ასე რომ გაახარეს“.
მასპინძლებმა ოთხჯერ დაარტყეს კარის ჩარჩოში, ქართველების რვა იერიშიდან კი შვიდი ალბანელთა მეკარემ არიენ ბექაიმ მოიგერია. სამაგიეროდ, ასტრიტ ჰაფიზის გუნდმა ორი გოლი გაიტანა, ბოსკამპის ბიჭებმა კი ერთი.
თუ მიქელე იანკუს მიმოხილვას ვენდობით, ალბანელთა ორივე გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა. პირველად ალტინ რაკლიმ გაახარა ტრიბუნებზე შეკრებილი 650 გულშემატკივარი – საჯარიმოს ხაზთან მყოფმა, შეუჩერებლად დაარტყა და მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში შეაგდო ბურთი. ნაკრების დებიუტანტმა გოლკიპერმა გრიგოლ ჭანტურიამ მხოლოდ თვალი გააყოლა ბურთს. მეორე გოლის დროს კი, როცა ბლედარ კოლამ ასევე შეუჩერებლად დაარტყა, ჭანტურია გადახტა, მაგრამ მაინც ვერ იხსნა გუნდი – 0:2.
ერთადერთი საპასუხო გოლი თავიდან ბოლომდე შოთა არველაძის დამსახურებაა. მან ერთმანეთის მიყოლებით მოატყუა კაპიტანი რუდი ვატა, არიან ჯუმბა და ილირ შულკუ, მცველებს მეკარე ბექაიც მიაყოლა და სხვაობა შეამცირა. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ფეხბურთის არქივში ეს გოლი აქამდე არ ჩანს…
ეს იყო ქართველთა და ალბანელთა მეხუთე დაპირისპირება და მეტოქემ პირველად გაიხარა. იმავდროულად, საქართველოს ნაკრების მოუგებელი სერია რვა თამაშამდე გაიზარდა, ხოლო წაგებათა საერთოდ რაოდენობა ოცდაათამდე დამრგვალდა.
„მოსვენება არ მქონდა, ქართველებთან აქამდე ოთხჯერ ვითამაშეთ და როგორც იქნა, ნავსი გავტეხეთ! მიხარია, რომ საქართველოს ძლიერი, მაგრამ უიღბლო ნაკრები დავამარცხეთ. უფრო დიდი ანგარიშითაც მოვიგებდით, თავდამსხმელებს მეტი მონდომებით რომ ეთამაშათ“, – თქვა გამარჯვებულთა დამრიგებელმა ასტრიტ ჰაფიზიმ.
„ჩვენ სკაუტებს, რომლებიც საგანგებოდ მივავლინეთ ტირანაში, გიორგი ქინქლაძის თამაშის ნახვის საშუალება არ მიეცათ“! – შეფილდ იუნაიტედის პრეზიდენტის მაიკ მაკდონალდსის ეს სიტყვები მატჩის მეორე დღეს გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა. იმავე ცნობაში ისიც ეწერა, რომ ინგლისური კლუბი ქართველი გამთამაშებლის სანაცვლოდ ორნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს უხდიდა აიაქსს, თავად ფეხბურთელს კი კვირაში ათ ათასს სთავაზობდა.
საბოლოოდ ქინქლაძე დაბრუნდა ფეხბურთის სამშობლოში, მაგრამ შეფილდის ნაცვლად დერბი ქაუნთის მიაშურა. გიორგიმ ახალ კლუბში პირველად ნოემბრის დასაწყისში ივარჯიშა, შეფილდის ფანებმა კი იმავე დღეს კლუბის ხელმძღვანელებს შეუტიეს. „ყველაფერში ჯიმ სმითია დამნაშავე, მან გიორგი ხელიდან გამოგვტაცა“, – ასე ახსნა ქინქლაძის დერბიში ტრანსფერი შეფილდელთა მენეჯერმა ედრიენ ჰითმა.
გავიდა ორი კვირა და გიორგიმ ინგლისში მუშაობის, ანუ თამაშის უფლება მიიღო, ქართული ფეხბურთი კი მძიმე რეალობას დაუბრუნდა: ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მორიგი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესი დაიწყო, დინამომ კიდევ ერთხელ ვერ გადაიხადა TBC ბანკის ვალი, ამას ბელგიელი მეკარის დენიდ დონდტის სარჩელიც დაემატა – გოლკიპერი კუთვნილ გასამრჯელოს ითხოვდა, იქით მერანი 1991 პრეზიდენტმა და მარჩენალმა ნუგზარ ნავაძემ მიატოვა…
ბებერ კონტინენტზე კი საფეხბურთო ცხოვრება ჩქეფდა: ევრო 2000-ის შესარჩევი ტურნირის ფლეი ოფში უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, მომდევნო, 2004 წლის ჩემპიონატის მასპინძელი კი პორტუგალიას ერგო. უეფამ ეუსებიოს წარდგენილი პროექტი და ესპანეთის, ასევე ავსტრია-უნგრეთის ერთობლივი განაცხადს ამჯობინა.
9 ოქტომბერი, 1999. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. ალბანეთი, ტირანა, ქემალ სტაფა. 650
ალბანეთი 2:1 საქართველო
გოლები: 1:0 ალტინ რაკლი (30), 2:0 ბლედარ კოლა (36), 2:1 შოთა არველაძე (53)
ალბანეთი: არიან ბექაი, არიან ჯუმბა, ალბერტ დურო, ილირ შულკუ, რუდი ვატა (კაპ), ერვინ ფაკაი, ალტინ ლალა, ბლედარ კოლა, ალტინ რაკლი (დევი მუკა 72), იგლი ტარე (ერიონ ბოგდანი 90), ალბან ბუში (ედვინ მურატი 56)
მწვრთნელი: ასტრიტ ჰაფიზი
საქართველო: გრიგოლ ჭანტურია, გელა შეყილაძე, გივი დიდავა, კახი კალაძე, დავით ჭიჭვეიშვილი, ლევან კობიაშვილი, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე (დავით ჯანაშია 80)
მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი (ნიდერლანდები)
გაფრთხილება: დავით ჭიჭვეიშვილი, ალბან ბუში, კახი კალაძე, გელა შეყილაძე, ედვინ მურატი
მსაჯი: ალფრედ მიკალეფი (მალტა)
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 7 დეკემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი / ბადრი კეთილაძე; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი