ნაკრების ისტორიიდან – მატჩი #61: ისრაელი 1:1 საქართველო

სანამ რევაზ ძოძუაშვილი ეროვნულ ნაკრებს კვიპროსის საერთაშორისო ტურნირისთვის ამზადებდა, მეორე მთავარმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა რამდენიმე დღით დატოვა ქუთაისის ტორპედოს შეკრება და რუმინეთს მიაშურა. ბუქარესტში ჩვენი, VIII შესარჩევი ჯგუფის მონაწილე გუნდების თავკაცები შეიკრიბნენ და საკვალიფიკაციო ტურნირის კალენდრის შეთანხმება სცადეს.
სამწუხაროდ, ყიფიანმა და მისმა კოლეგებმა ვერაფერზე მოილაპარაკეს და კალენდრის დადგენა უეფამ ითავა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა სახლმა განრიგის პირველი ვარიანტი მალე კი გაავრცელა, მაგრამ იტალიის, რუმინეთის, ლიეტუვის, უნგრეთის და საქართველოს ნაკრები გუნდების ხელმძღვანელები მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. უეფასეული განრიგით საქართველო შესარჩევ ტურნირს სექტემბრის ორი თამაშით იწყებდა – ჯერ იტალიასთან სტუმრობით, შემდეგ კი უნგრეთის მასპინძლობით.

ცნობილი მიზეზის გამო დავით ყიფიანს ბუქარესტულ შეხვედრასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ამ საკითხზე კომენტარი არც სფფ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ გააკეთა, რომელიც იანვარ-თებერვალში ჯერ მოსკოვში იმყოფებოდა დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე, შემდეგ კი გერმანიაში, სადაც საფეხბურთო კავშირმა საუკუნოვან იუბილეზე მიიპატიჟა.

სამაგიეროდ, ჩოლარიამ ფედერაციის შესაძლო ტექნიკურ სპონსორზე და ფიფას პროგრამა გოლით გათვალისწინებულ თანხაზე ისაუბრა. მისი თქმით, სფფ-მ ფიფას მიერ დაპირებული მილიონი აშშ დოლარიდან პირველი ნაწილი, 250 ათასი მიიღო. რაც შეეხება სპორტული ეკიპირების მწარმოებელ კომპანია ლოტოსთან ურთიერთობას, ჩოლარიამ განაცხადა:

„იტალიასთან მატჩის წინ ლოტოს ჩვენი 70-კაციანი დელეგაციის ოთხი დღით მასპინძლობის დაფინანსება ვთხოვეთ. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ლოტო 50 კაცის შეკრებას იკისრებს, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების. რაც შეეხება ეკიპირებას, ლოტომ მოითხოვა, რომ ნაკრების უმრავლესობამ მისი ბუცებით ითამაშოს. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს საკითხი მხოლოდ ბიჭების გადასაწყვეტია და მათ გარეშე პასუხს ვერ გავცემთ“.

რამდენიმე დღეში ჟურნალისტებს უკვე ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ უმასპინძლა:

„ფედერაციის დაყადაღებული ანგარიში პრობლემა აღარ არის. ჩვენსა და საგადასახადო სამსახურს შორის საერთო ენა გამოინახა და მალე ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება…

ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან ყველაზე სარფიანი სტუმარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იტალიის ნაკრებია. სკუადრა აძურასთან თბილისური მატჩით დაახლოებით მილიონ 200 ათას აშშ დოლარს მივიღებთ. რაც შეეხება სხვებთან თამაშების ტელეტრანსლაციებს, თითოეული დაახლოებით 20 ათას დოლარს მოგვიტანს. ნაკრების ოფიციალური თამაშების სატელევიზიო უფლებები კომპანია ტელესპორტს ეკუთვნის და ამ მიმართულებით ისინი მუშაობენ…

რაც შეეხება ჯგუფის კალენდარს, ამ საკითხს უახლოეს დღეებში უკვე ფიფა გადაწყვეტს. რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ინფორმაციით, განრიგი უეფას უნდა დაედგინა, თუმცა მათ ფიფას მიმართეს, განაცხადეს, რომ შესარჩევი ეტაპი ფიფას ეგიდით ტარდება და საკითხიც მოგვარდა…

ტექნიკური სპონსორი, დიდი ალბათობით, იტალიური ლოტო იქნება. მალე იტალიაში გავემგზავრებით და ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. ლოტო ყოველწლიურად მოამარაგებს ეროვნულ გუნდს საჭირო ინვენტარით, მათ შორის 80 მაისურით“.

ლოტოსთან კონტრაქტი 15 თებერვალს გაფორმდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და იტალიური კომპანია სამი წლით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის საერთო ღირებულება 1,5 მილიონი აშშ დოლარი იყო. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების ეკიპირებას ამ თანხიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი მოხმარდებოდა, დანარჩენი კი, თითქმის მილიონი, უცხოეთში მგზავრობა-შეკრებების ორგანიზებისთვის დაიხარჯებოდა…

„მე შემიძლია მთელი წიგნი დავწერო ქართული ფეხბურთის მაფიურ მეთოდებზე“ – ჩვენი ეროვნული ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთნელის, ნიდერლანდელი იოჰან ბოსკამპის ეს სიტყვები ყოველკვირეულმა გერმანულმა გაზეთმა კიკერმა 10 თებერვალს დაბეჭდა. სფფ-ის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ და გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ გამოცემა ფრანკფურტის აეროპორტში ნახეს, როცა ლოტოსთან შეხვედრის შემდეგ, იტალიიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ.

კიკერის ის ნომერი თბილისშიც მოხვდა და ამბავი გახმაურდა. გაზეთმა სარბიელმა ბოსკამპთან დაკავშირება სცადა, თუმცა მწვრთნელმა ჟურნალისტის ზარს არ უპასუხა, ვალერი ჩოლარია კი რამდენიმე დღეში თავის კაბინეტიდან დაუკავშირდა ბელგიელ ჟურნალისტს კრისტიან მარტელურს, რომლის ხელმოწერითაც გამოქვეყნდა ბოსკამპის სიტყვები.

„ბელგიელი ვარ. გერმანული სპორტული ჟურნალი კიკერი გარკვეულ თანხას მიხდის და მეც ვუგზავნი მასალებს. რაც შეეხება იოჰან ბოსკამპის განცხადებას, რომელიც 10 თებერვლის კიკერში დაიბეჭდა, გეტყვით, რომ ბოსკამპის სიტყვები – მე შემიძლია მთელი წიგნი დავწერო ქართული ფეხბურთის მაფიურ მეთოდებზე – ერთ-ერთ ბელგიურ გაზეთში ამოვიკითხე და უცვლელად გადავუგზავნე გერმანულ გამოცემას. სამწუხაროდ, იმ გაზეთის სახელი ზუსტად აღარ მახსოვს. გამახსენდება და შეგატყობინებთ“, – ასე უპასუხა მარტელურმა ჩოლარიას, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან მისულ ჟურნალისტებს განუცხადა:

„კიკერის ის ნომერი მერაბ ჟორდანიამ გერმანიაში ვიზიტის დროს გადაიკითხა. მაშინვე დავრეკეთ თბილისში, ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილებას ბოსკამპთან დაკავშირება დავავალეთ. მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა, თუმცა შეტყობინება დავუტოვეთ, რომ ჩვენი ზარისთვის სასწრაფოდ ეპასუხა. მას ჯერ არ დაურეკავს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მის წინაშე პირნათელია, ბოსკამპმა სრულად მიიღო ის თანხა, რაზეც მოვილაპარაკეთ. ვფიქრობ, გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, მეეჭვება მას ასეთი რამ ნამდვილად ეთქვა. ხოლო თუ მართლაც განაცხადა, არ შევარჩენთ და სათანადო ორგანოებშიც ვუჩივლებთ“.

პრობლემა სასამართლოს გარეშე მოგვარდა. იოჰან ბოსკამპმა რამდენიმე დღეში ფაქსი გამოაგზავნა, სადაც სიტყვა-სიტყვით ეწერა:

„დღეს მივიღე თქვენი ფაქსი. უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აღშფოთებული ვარ, რადგან დიდი სირცხვილია ასეთი რამის თქმა იმ ხალხზე, ვისთანაც ბოლო დრომდე ვმუშაობდი და კეთილგანწყობა მაკავშირებს.

მე და ბატონი დე იონგი სიამოვნებით ვიხსენებთ საქართველოში გატარებულ დროს. სტატია, რომელსაც თქვენ იმოწმებთ, სიყალბეზეა აგებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის აბსურდული მტკიცება, რაც იქ წერია, ეყრდნობა რასინგ მეხელენის წარმომადგენელთა ღვარძლიან განცხადებებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჩემი საუკეთესო დამოკიდებულებების დასტურია ისიც, რომ მე უკვე ვესაუბრე გენკის ხელმძღვანელობას და შევთავაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვა.

ვიმედოვნებ, გაზეთებში გამოქვეყნებული ჭორების მიუხედავად, კვლავაც მეგობრად მიგულებთ. თქვენი იოჰან ბოსკამპი“.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურად მოიბოდიშა კიკერმაც. ჟურნალის გამომცემელმა კარლ-ჰაინც ჰაიმანმა 1 მარტს ვალერი ჩოლარიას სახელზე გამოგზავნილ ფაქსში აღნიშნა:

„ჩვენმა სკრუპულოზურმა ძებნამ ბელგიაში აჩვენა, რომ იქაურ პრესაში არსად გამოქვეყნებულა ბატონი იოჰან ბოსკამპის გამონათქვამი „მაფიური მეთოდების შესახებ ქართულ ფეხბურთში“. ხუთშაბათის გამოცემაში, 2000 წლის 2 მარტს, გამოვაქვეყნებთ შესაბამის განცხადებას და ბოდიშსაც მოვიხდით მცდარი ინფორმაციის დაბეჭდვისთვის“.

ორი კვირის შემდეგ შესარჩევი ჯგუფის კალენდარიც დადგინდა. საქართველოს, იტალიის, უნგრეთის, რუმინეთის და ლიეტუვის ნაკრები გუნდების წარმომადგენლები ციურიხში, ფიფას გენერალური მდივნის მიშელ ცენ-რუფინენის კაბინეტში შეიკრიბნენ და განრიგზე მოილაპარაკეს. გაირკვა, რომ ყიფიანი-ძოძუაშვილის გუნდი კორეა-იაპონიისკენ მიმავალ გზას ოქტომბერში დაადგებოდა ორი გასვლითი მატჩით, ლიეტუვასა და იტალიაში.

„არ არის კარგი კალენდარი, თუმცა უარესიც შეიძლება ყოფილიყო. სჯობდა პირველად ნებისმიერ მეტოქესთან, უმჯობესი იქნებოდა იტალიასთან ან რუმინეთთან შინ გვეთამაშა. ჩვენი კი ახლა ერთი საზრუნავი გაგვიჩნდა – მეტოქეები რომ პირველ ტურში ითამაშებენ, ჩვენ ამხანაგური მატჩი უნდა გავახერხოთ, ლიეტუვის ან იტალიის მსგავსად მოთამაშე რომელიმე გუნდთან“, – ასეთი იყო რევაზ ძოძუაშვილის პირველი კომენტარი.

თითქოს პრობლემები არ აკლდათო, თბილისში დაბრუნებულ ჟორდანიას და ჩოლარიას უსიამოვნო ამბავი დახვდათ: ფედერაციის ფინანსური დირექტორის გერა ხეცურიანის კაბინეტიდან 40 612 აშშ დოლარი დაიკარგა. მაშინ დაიწერა, რომ ეს თანხა ეროვნული ნაკრების ისრაელში გასამგზავრებლად იყო გამოყოფილი, ასევე რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ორგანიზებისთვის. ხეცურიანი, როგორც ეჭვმიტანილი, მალე დააკავეს, თუმცა ფედერაციის შუამდგომლობის შემდეგ, გამოძიების დასრულებამდე თავდებით გაათავისუფლეს.

„სამწუხარო ფაქტია, ასეთი რამ აქ, ჩვენ ფედერაციაში არ უნდა მომხდარიყო“, – ვალერი ჩოლარია ამ კომენტარით შემოიფარგლა.

21 მარტს ფედერაციის პრესსამსახურმა ისრაელში დანიშნული ამხანაგური მატჩისთვის ნაკრებში გამოძახებულთა სია გაარცელა:

მეკარეები – დავით გვარამაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი), სოსო გრიშიკაშვილი (თბილისის დინამო), გრიგოლ ჭანტურია (ქუთაისის ტორპედო)

მცველები – გიორგი ჩიხრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი (ორივე თბილისის ლოკომოტივი), ლევან სილაგაძე (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), კახი კალაძე (კიევის დინამო, უკრაინა)

ნახევარმცველები – გიორგი ნემსაძე, თენგიზ სიჭინავა (ორივე დინამო), გოჩა ჯამარაული (ციურიხი, შვეიცარია), რატი ალექსიძე (ლონდონის ჩელსი, ინგლისი), ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), ზურაბ მენთეშაშვილი (რიგის სკონტო, ლატვია), თემურ ქეცბაია (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), გიორგი ქინქლაძე (დერბი ქაუნთი, ინგლისი)

თავდამსხმელები – ზურაბ იონანიძე (ტორპედო), მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი დემეტრაძე (დინამო, უკრაინა), არჩილ არველაძე (ბრედა, ნიდერლანდები), ზაზა ჯანაშია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი).

ერთი დღის შემდეგ სანაკრებო სია დაასახელა მასპინძელთა დანიელმა მთავარმა მწვრთნელმა რიქარდ მიოლერ-ნილსენმა. ევრო 1992-ის ტრიუმფატორმა ჩვენ ნაკრებზეც ისაუბრა:

„29 მარტს მეტოქედ კვიპროსი გვყავდა შეგულებული, მაგრამ მოულოდნელად მათ უარი გვითხრეს, ეს კი ჩვენთვის უკეთესი გამოდგა, რადგან ახლა კვიპროსელებზე გაცილებით ძლიერ საქართველოს ნაკრებს შევხვდებით. მათი ფეხბურთელები კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ – შოთა არველაძე აიაქსის ფორვარდია, თემურ ქეცბაია ნიუკასლში თამაშობს, გიორგი ქინქლაძეც პრემიერლიგის კლუბში ირიცხება, ზაზა ჯანაშიას შესახებ კი, მგონი, ყველას გსმენიათ, მას ისრაელშიც უთამაშია. ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რუსეთი თუ 4:1 დავამარცხეთ, ქართველებსაც მოვუგებთ. მათი ნაკრები რუსების დარი ნამდვილად არ არის“.

22 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ამხანაგური თამაშის შესახებ განაცხადა. გადაწყდა, რომ 26 აპრილს ჩვენი გუნდი ერევანში, ჰრაზდანზე სომხეთს დაუპირისპირდებოდა. რაც შეეხება მექსიკის ნაკრებთან იტალიაში შესაძლო ამხანაგურს, ეს საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელი იყო.

ქართველები ისრაელს 27 მარტს, მატჩამდე ორი დღით ადრე ეწვივნენ არასრული შემადგენლობით. რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს მატჩის წინა დღეს დაემატა, ზაზა ჯანაშია კი მოსკოვში დარჩა. ეს გადაწყვეტილება თავდამსხმელმა მსუბუქი ტრავმით ახსნა, თუმცა მეორე დღეს მოსკოვურ დერბიში ითამაშა ცსკა-ს წინააღმდეგ. ექიმებმა გამაყუჩებლები გამიკეთეს, შეუთვალა ჯანაშიამ ეროვნულ გუნდს.

თამაშის წინა დღეს გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად გააგორეს ბურთი ისრაელში მოთამაშე გოგა გახოკიძემ, გოჩა ქოქოშვილმა და გიორგი დარასელიამ. მოგვიანებით ძოძუაშვილმა დაადასტურა, რომ სამეული მან და დავით ყიფიანმა მიიწვიეს, სურდათ ენახათ როგორ ფორმაში იყვნენ ბიჭები.

29 მარტს, ეროვნული ნაკრები გუნდების თამაშამდე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩვენმა და რუსეთის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა იასპარეზეს. ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ლამის სამი საათის დაგვიანებით დაიწყო, უსახური გამოდგა და 1:1 დასრულდა. რუსებმა დაგვიანება ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააბრალეს, უცხოეთში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებოდა და სანამ არ გაფრინდა, დაცვამ თვითმფრინავთან არ მიგვიშვაო…

ზუსტად იგივე ანგარიში დაფიქსირდა ისრაელშიც. სარბიელისთვის გამოგზავნილ რეპორტაჟში (30 მარტი, 2000) ედიოტ ახრონოტის მიმომხილველი მიხაილ იოხიმი წერდა:

„პირდაპირ ვიტყვი, ჩვენებმა იმედი გაგვიცრუეს. რუსების მომგებთაგან, ცხადია, იმას ველოდით, ქართველებსაც დამარცხებულებს გაისტუმრებენ და, რიქარდ მიოლერ-ნილსენის თქმისა არ იყოს, თაფლობის თვეს გაიგრძელებენო. ასე არ მოხდა. საქართველოს ნაკრები მასპინძელთათვის პატარძალი კი არა, კერკეტი კაკალი გამოდგა.

ქართველებმა რუსებზე გაცილებით უკეთ ითამაშეს. ეს მარტო ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, მატჩის შემდეგ იგივე თქვეს ფეხბურთელებმა და სპეციალისტებმა. სტუმრებმა ძალიან კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ჩინებულად იყო ორგანიზებული საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი, დასტურად, რა თქმა უნდა, ისიც გამოდგება, რომ მასპინძლებმა გრიშიკაშვილის კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს. დაარტყეს კი არა, მათ ქართველთა საჯარიმომდე მიახლოებაც უჭირდათ. როგორც კი მასპინძლები ცენტრის ხაზს გადასცდებოდნენ, სტუმარი მცველები მაშინვე გადაეწყობოდნენ და პრესინგს მიმართავდნენ, არავის აძლევდნენ ბურთის თავისუფლად მიღების საშუალებას“.

ებრაელი ჟურნალისტი შესვენებამდე მომხდარ ორ მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას: გიორგი დემეტრაძის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმულ ბურთზე წერდა, რომელიც მცირე მანძილით ასცდა რაფი კოენის კარს და თელ ავივის აპოელის ოცი წლის თავდამსხმელის კფირ უდის მძიმე ტრავმას აღწერდა, რის გამოც ეს უკანასკნელი შეცვალეს კიდეც. მატჩის შემდგომ დადასტურდა, რომ გრიშიკაშვილთან შეჯახების დროს უდიმ მკლავი და კოჭი მოიტეხა. იმ მომენტს ვერც ჩვენი გოლკიპერი გადაურჩა – რამდენიმე წამით დაკარგა გონება. მწვრთნელებმა სოსო დავით გვარამაძით შეცვალეს.

რაც შეეხება გიორგი ქინქლაძის მიერ 27-ე წუთზე გატანილ ულამაზეს გოლს, მიხაილ იოხიმი იმ ეპიზოდს ასე აღწერს:

„ქინქლაძის გოლზე ცალკეა სათქმელი. ლამაზი გოლი ბევრი მინახავს, ქართველის განატილს კი ულამაზესს ვუწოდებდი. კარიდან დაახლოებით ოც მეტრში მყოფმა ქინქლაძემ თავი ოდნავ ასწია, შენიშნა, რომ მეკარე წინ იყო გამოსული და ისე დაარტყა, მოგერიება შეუძლებელი იყო. ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და მეკარის ზურგსუკან ჩაეშვა კარში. ჩემი აზრით, ლოგიკურიც იქნებოდა, მატჩი ამ ანგარიშითვე დამთავრებულიყო“.

მაგრამ ასე არ მოხდა, 83-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა ეიალ ბერკოვიჩმა, შორი მანძილიდან ცხრიანში შეაგდო ბურთი – 1:1. ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ ბერკოვიჩის დარტყმას ათი გვარამაძეც ვერ მოიგერიებდა და რომ მთლიანობაში თამაშით კმაყოფილი დარჩა, მისმა დანიელმა კოლეგამ კი თქვა, რომ საქართველოს ნაკრებისგან ასეთ კარგ თამაშს არ ელოდა:

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მატჩის დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე ვაგებდით, შედეგით კმაყოფილი ვარ. შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, მაგრამ ამის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა. სიმართლე რომ ვთქვა, ქართველებისგან ასე ძლიერ თამაშს არ ველოდი“.

მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდი და დელეგაციის წევრები ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა ბანკეტზე მიიპატიჟეს. მწვრთნელები და საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელები სამშობლოში ორი დღის შემდეგ დაბრუნდნენ, მოსკოვის გავლით…

29 მარტი, 2000. ამხანაგური. ისრაელი, აშქელონი, სილა. 8 500
ისრაელი 1:1 საქართველო
გოლები: 0:1 გიორგი ქინქლაძე (27), 1:1 ეიალ ბერკოვიჩი (83)
ისრაელი
: რაფი კოენი, ალონ ჰარაზი (ალონ ჰალფონი 88), არიკ ბენადო, ამირ შელახი (კაპ), ადორამ კეისი, ოფერ ტალკერი, ვალიდ ბადირი, იდან ტალი, ეიალ ბერკოვიჩი, კფირ უდი (ნირ სივილია 23), ჰაიმ რევივო
მწვრთნელი: რიქარდ მიოლერ-ნილსენი (დანია)
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი (დავით გვარამაძე 46), ლევან სილაგაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან კობიაშვილი, კახი კალაძე, გიორგი ნემსაძე (კაპ), თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული (ზურაბ მენთეშაშვილი 73), გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე (რატი ალექსიძე 81), გიორგი დემეტრაძე (თენგიზ სიჭინავა 46)
მწვრთნელი: დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: ალონ ჰარაზი, ჰაიმ რევივო
მსაჯი: მეტინ ტოკატი (თურქეთი)

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 16 თებერვალი
ფოტო: მატჩის ოფიციალური პროგრამა; გაზეთი სარბიელი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი

ka_GEGeorgian