ნაკრების ისტორიიდან – მწვრთნელი, ევროწილისყრა და პრეზიდენტი

„საქართველოს ნაკრები გუნდს დაემსგავსა, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დავიჭირეთ, მაგრამ რისი შექმნაც მოვახერხეთ, ისიც დაანგრიეს.
შევიტყვე, რომ დავით ყიფიანს მოხსნას უპირებდნენ და მის ნაცვლად ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს, ვლადიმერ გუცაევს ნიშნავდნენ! მე და აჩიმ ეს ამბავი მეგობრებისგან შემთხვევით გავიგეთ. ისინი საქართველოს დელეგაციას ვიზის და ბილეთების აღებაში ეხმარებოდნენ. გვითხრეს, რომ ჩვენი დელეგაცია 2000 წლის კენჭისყრაზე ციურიხში მიემგზავრებოდა, სადაც მთავარი მწვრთელის ადგილზე, ყიფიანის ნაცვლად, გუცაევი ეწერა.
როგორც კი ეს გავიგეთ, ყიფიანთან მივედით და ყველაფერი ვუთხარით. გვითხრა ამის შესახებ უკვე ვიციო, მაგრამ ნათელი იყო, რომ ეს ამბავი ჩვენგან გაიგო. უბრალოდ, არ შეიმჩნია, არ უნდოდა ჩვენთვის დაენახებინა გაწბილება და წყენა.
დათო ყიფიანი ფედერაციაში აღმასკომის სხდომას უნდა დასწრებოდა, რომელზეც მისი და ნაკრების გარჯა შეფასდებოდა. ყიფოს ვუთხარით, აღმასკომზე ნაკრების ფეხბურთელებიც წამოვალთ და გვერდში დაგიდგებით-მეთქი. ამაზე უარი გვითხრა.
აღმასკომზე მის მიერ გაწეული სამუშაო კარგად შეაფასეს, მაგრამ ნაკრებიდან მაინც გაუშვეს… გაუგებარი, სასაცილო და სამარცხვინო მიზეზით – ვერ უზრუნველყავი კონტაქტი ფედერაციასა და ნაკრების ფეხბურთელებს შორისო! ჩემი აზრით, ეს უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდება იყო“, – ასე იხსენებს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე 1997 წლის დეკემბრის ამბებს ავტობიოგრაფიაში „გუშინ“.

სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მომზადებას შეუდგა. იმ შეხვედრას ორი მთავარი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი – ვინ იქნებოდა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ყიფიანის გადაწყვეტილების შემდეგ და როდის გაიმართებოდა ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა.

პოლონეთთან თბილისში 3:0 გამარჯვების წინ დავით ყიფიანმა თქვა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აღარ დარჩებოდა. ჩვენი ფეხბურთის სამზარეულოში ჩახედულმა ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა კარგად იცოდნენ, რომ მისი და ფედერაციის მესვეურებს შორის ურთიერთობა იდეალური ნამდვილად არ იყო.

ქართული ფეხბურთის მაღალჩინოსნები მისგან მეტ სიმკაცრეს ითხოვდნენ, მთავარი მწვრთნელი კი მათ განზე გადგომას სთხოვდა. ამას თან ერთვოდა სფფ-ის შეფებსა და ეროვნული გუნდის რამდენიმე მოთამაშეს შორის ჯერ კიდევ ზაფხულში, პოლონეთთან წაგების შემდეგ დაწყებული კონფლიქტი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები შოთა იამანიძის სახელობის ქუჩის ხუთ ნომერში 25 დეკემბერს, დილიდან შეიკრიბნენ. ყველას აინტერესებდა დაესწრებოდა თუ არა სხდომას პრეზიდენტი, მაგრამ ნოდარ ახალკაცი არ გამოჩენილა. როგორც მოგვიანებით ითქვა, ჩვენი ფეხბურთის პირველ კაცს ექიმებმა მკაცრად აუკრძალეს ნერვიულობა და ამიტომაც ჩაიარა იმ სხდომამ მის გარეშე.

ჟურნალისტი მამუკა კვანტალიანი 27 დეკემბერს სარბიელში (#169) გამოქვეყნებულ წერილში „25 დეკემბრის არასაშობაო აჟიოტაჟი დიდუბეში“ აღნიშნავს:

„აღმასკომამდე ქალაქში ჭორად მოარულ მრავალ ვერსიას გაიგონებდით. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლდათ – აღმასკომის სხდომა მთლიანად ფარსი იქნება და ფედერაციას უკვე ყველაფერი გათვლილ-გადაწყვეტილი აქვსო. მართლაც, აღმასკომი წინასწარ შეთხზული სცენარით დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, ფედერაციასთან შეკრებილთა უმეტესობას ასე მოეჩვენა.

ფეხბურთის მამებმა თავყრილობა დათქმულ დროს დაიწყეს. გასულ წელთან შედარებით, ფედერაციასთან შეკრებილ ჟურნალისტებს უკეთესი სამუშაო პირობები შეგვექმნა. ფედერაციის თანამშრომლებს წელს შესასვლელი კარები არ ჩაურაზავთ, ის კი არა, შენობაში შესვლისა და მეორე სართულის დერეფანში დგომის უფლებაც მოგვცეს. იქაურთა მოწყალება აღმასკომზე მოსულმა დავით ყიფიანმაც შენიშნა, დერეფანში თავმოყრილთ მოგვესალმა და სიტყვაც შეგვაწია – წელს პროგრესისთვის მიგიღწევიათო.

აღმასკომი დაიწყო თუ არა, მთავარ კაბინეტში ვიდეოოპერატორები და ფოტოკორესპონდენტები შეუშვეს, სამუშაო სიტუაცია დააფიქსირებინეს და ბოდიშის მოხდით ისევ გარეთ გამოისტუმრეს. ამის შემდეგ ჯადოსნური კარები ჩაიკეტა“.

პირველ საკითხად საშეჯიბრო განყოფილების ანგარიში იყო ჩანიშნული, შემდეგ კი სადისციპლინო კომიტეტის მოხსენება. მალე გაირკვა, რომ ჭიათურის მაღაროელსა და თბილისის დინამოს (27 ოქტომბერს, 1:1) შორის მომხდარი ინციდენტის გამო ქვეყნის ჩემპიონს გათამაშების ცხრილში ხუთი ქულა დააკლდა – დავით ყიფიანს ხელების ქნევა არ აპატიეს.

ამის შემდეგ ნაკრები გუნდების მწვრთნელების ჯერი დადგა და აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე პირველად ეროვნული გუნდის თავკაცი წარსდგა. მან მოკლედ ისაუბრა, შემდეგ დარბაზი დატოვა და ფოიეში შეკრებილი ჟურნალისტები მეორე დღეს, პარასკევს, 26 დეკემბერს, 13 საათზე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მიიპატიჟა, მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ, ჩემს სათქმელს იქ ვიტყვიო.

დაახლოებით ერთ საათში თავყრილობა დასრულდა და აღმასკომზე მიღებული გადაწყვეტილებები ჟურნალისტებს სფფ-ის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნოდარ კობერიძემ გააცნო:

„ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ვლადიმერ გუცაევი. აღმასკომმა ყიფიანს გაწეული მუშაობა დადებითად შეუფასა, მადლობა მოახსენა, მაგრამ მანდატის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

მან, ფაქტობრივად, გააგრძელა ჩივაძის საქმე, ნაკრებს ახალი სული ვერ შთაბერა. იყო ცალკეული უდისციპლინობებიც, რამაც პოლონური ფიასკო გამოიწვია. აღმასკომმა გაითვალისწინა გუცაევის დამსახურება და მიღწევები, ამიტომ საბოლოოდ მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა.

ახალგაზრდული გუნდი გიგლა იმნაძეს ჩააბარეს, თვრამეტწლამდელებში ვახტანგ კოპალეიშვილი დატოვეს, თექვსმეტწლამდელები ოთარ შენგელიას ანდეს, ხოლო ახალი შექმნილი თოთხმეტწლიანთა ნაკრები თენგიზ სულაქველიძის ხელმძღვანელობით გაიწვრთნება.

აღმასკომმა ანდრო ჟორდანიას სახელობის პრემია აწ უკვე ეროვნული გუნდის თავკაცს ვლადიმერ გუცაევს უბოძა. შარშან პრემია არავისთვის მიუციათ – ღირსად არავინ ცნეს“.

გაირკვა მეორე მთავარი საკითხიც: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყრილობა 1998 წლის 24 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დანიშნა. იქვე ითქვა, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში აუცილებლად ჩაერთვებოდა სახელმწიფო კომისია.

ნოდარ კობერიძის შემდეგ ჟურნალისტებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე შეხვდა, რომელმაც ერთი საინტერესო ინფორმაცია ამცნო შეკრებილებს – გადაწყდა, რომ ახალი წლიდან ნაკრები თბილისის დინამოს ბაზაზე აღარ ივარჯიშებდა:

„დინამოს თავკაცებს მადლობას მოვახსენებთ გაწეული დახმარებისთვის. ნაკრებს თავის ბაზა ექნება. ოქროყანაში, სამთავრობო აგარაკები რომ არის, ტერიტორიის და სახლების ნაწილი დაგვეთმობა. ამაზე ბატონმა პრეზიდენტმა უკვე დაადო რეზოლუცია. ფიფა და უეფა კი იქაურობის მოსაწყობად თანხებს გადმოგვირიცხავენ და კეთილმოწყობილი ბაზაც მალე გვექნება“.

იმ ჟურნალისტების უმრავლესობა, რომლებმაც ვლადიმერ გუცაევს ფედერაციასთან მიულოცეს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა, მეორე დღეს დიღმის ბაზაზე, ყიფიანის პრესკონფერენციაზე შეიკრიბა. თბილისის დინამოს თავკაცმა არა მხოლოდ ეროვნულ გუნდზე, კლუბზეც ისაუბრა და ბევრი სხვა პრობლემაც ახსენა:

„აღმასკომს ნაკრებში 25 მარტიდან 11 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიში მოვახსენე. ჩემი საქმიანობა დადებითად შეაფასეს, მაგრამ თანამშრომლობა რომ აღარ შემომთავაზეს, მიზეზად ეს მითხრეს, ფედერაციასა და ნაკრების მოთამაშეთა შორის კონტაქტი ვერ უზრუნველყავი, თანაც, გუნდის და ნაკრების მუშაობის შეთავსება არ შეიძლებაო.

დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც ამის წინააღმდეგი იყო, ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ კი მაინც დათანხმდა. თუმცა, მხოლოდ ციკლის დასრულებამდე. ამის აღნიშვნა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან არალოგიკურია მწვრთნელის მუშაობა გაკმაყოფილებდეს და მასთან ურთიერთობა გაწყვიტო აბსურდული მიზეზით – ვერ უზრუნველყო ფედერაციასთან ნაკრების წევრთა კონტაქტი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

აღმასკომზე ზეწოლაც იყო ჩემი მუშაობა არადამაკმაყოფილებად რომ ეცნოთ. ეს აზრი კვინიკაძისგან მოდიოდა. თურმე ჩემი მწვრთნელობისას არაფერი გაკეთებულა, ნაკრები ძველი შემადგენლობით თამაშობდა და სასიკეთო ძვრებიც არ ყოფილა.

ფაქტებს მოვიშველიებ: ჩემი მისვლისას ნაკრების ანგარიშზე ქვეჯგუფში ქულა არ ირიცხებოდა, 11 ოქტომბერს კი 10 ქულა გვქონდა. გაიხსენეთ, 1996 წლის ბოლოს ფიფას კლასიფიკაციაში ჩვენ ასეულშიც ვერ მოვხვდით, წელს კი 69-ე ადგილზე დავწინაურდით. აი, ამით ვუპასუხებ ზოგიერთ პასუხისმგებელ მუშაკს, რომლებიც გაიძახიან, ნაკრებს პროგრესი არ განუცდიაო.

აღმასკომზე უცნაური შთამბეჭდილება შემექმნა – თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი, მათ შორის ჩემი ბედიც. დღის წესრიგში მწვრთნელთა არჩევა იყო, მაგრამ რას უნდა მივაწეროთ, აღმასკომამდე ორი დღით ადრე ფედერაციიდან უეფაში, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფების კენჭისყრაზე სია რომ გააგზავნეს. მე მასში არ ვიყავი. ამ კითხვაზე ჩივაძემ, კვინიკაძემ და ანდრიაძემ ვერაფერი მიპასუხეს, არაფერი ვიცითო. ესე იგი, ჩემი ვარაუდი, რომ აღმასკომამდე გადაწყვიტეს ყველაფერი, მართალი ყოფილა“ (სარბიელი; #169, 27 დეკემბერი, 1997).

ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციას თბილისის დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია და ვიცე-პრეზიდენტი რომან შოთაძეც დაესწრნენ. მათ მხოლოდ კლუბში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, თუმცა ჟორდანიამ კითხვას, აპირებთ თუ არა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებასო, ასე უპასუხა:

„ჯერ ასეთი სურვილი არ მქონია, მაგრამ თუ მსგავსი აზრი მომწიფდება, მაშინ იგი ყრილობას ახალკაცმა, ანაც საფეხბურთო სამყარომ უნდა მიაწოდოს. მე კი ახალკაცს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე არასდროს დავუპირისპირდები. პირიქით, ფედერაციის თავკაცებს მუდამ თანამშრომლობას ვთავაზობ. დაპირისპირება ჩვენი ფეხბურთისთვის დამღუპველია. ყოველ შემთხვევაში, სანამ საფეხბურთო სამყაროში კონფლიქტები იქნება, დინამო კანდიდატურას არ წარვადგენთ. ვაჟა ჟვანია ჩემი ბავშვობის მეგობარია და სწორედ ახალკაცთან უთანხმოების გამო იძულებული გახდა დინამოდან წასულიყო“.

ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემ 1997 წლის ამბები, მათ შორის პოლონეთში მარცხის შემდეგ თვითმფრინავში მომხდარი უსიამოვნება და მწვრთნელის ცვლილება ჟურნალისტ დავით თავართქილაძესთან საუბარში გაიხსენა. ჩანახატი „ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი, მილუტინოვიჩი“ ლელოში 2008 წლის 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა:

„ყიფიანის ხელში ჩვენმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთი 7:0 დაამარცხა, მერე შესარჩევში ინგლისთან სტუმრად 0:2 წააგო, შემდეგ შინ მოლდოვას 2:0 მოვუგეთ და დადგა პოლონეთში ჩასვლის დროც…

კატოვიცეში 1:4 წავაგეთ და სალაპარაკოც ბევრი არაფერია, ხოლო თბილისში რომ ვბრუნდებოდით, ფეხბურთელები თვითმფრინავში ძალიან ცუდად იქცეოდნენ. ბიჭებმა დალიეს და ზედმეტი მოუვიდათ. ერთ-ერთი სტიუარდესა ჩემთან მოვიდა და შემომჩივლა, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ მას ჩვენი ფეხბურთელები. ხელმძღვანელობა, მათ შორის მთავარი მწვრთნელიც, წინა სალონში ვისხედით. ახალკაცს და ყიფიანს ეძინათ. გამოსავლის მოძებნას ძოძუაშვილი შეეცადა. მოვიდა ჩემთან და მითხრა – თუ ნებას დამრთავ, ერთი ბოთლი ვისკით მივალ ფეხბურთელებთან და ვეცდები დავაწყნაროო. ძოძუაშვილისთვის უარი არ მითქვამს და მისმა იდეამაც გაამართლა – სიტუაცია, ასე თუ ისე, დაწყნარდა…

ამ ამბის გამო ყიფიანი და ძოძუაშვილი მეორე დღეს ფედერაციაში დავიბარეთ და მკაცრი საყვედურიც ვუთხარით. ამ საკითხზე აღმასკომმაც იმსჯელა, თუმცა ყიფიანი იქ არ მოვიდა…

ყიფიანმა გუნდი ნული ქულით ჩაიბარა და შესარჩევი ციკლი ათით ჩაამთავრებინა, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ, ნაკრებში სხვა მწვრთნელი მოგვეყვანა. ყიფიანის შეცვლა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ იმ დროს მწვრთნელები გუნდში სიტუაციას ვერ ფლობდნენ. მართალია მის დროს ნაკრებს ურიგო შედეგები არ ჰქონდა, მაგრამ შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ სიტუაცია უარესობისკენ წასულიყო. საჭიროდ ჩავთვალეთ ამ მდგომარეობის გამოსწორება. ნაკრების ფეხბურთელებს შორის სხვადასხვა დაჯგუფებაც კი იქმნებოდა…

სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედეთ. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდულის თავკაცი ვლადიმერ გუცაევი მოვიწვიეთ. თუმცა იყო შიშიც – ეყოფოდა კი მას ავტორიტეტი საიმისოდ, რომ გადაეფარა რამდენიმე ფეხბურთელის პრივილეგირებული სანაკრებო მდგომარეობა“.

ამავე ინტერვიუში დავით კვინიკაძე ერთ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ისტორიას იხსენებს:

„ახალკაცის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1997 წლის შემოდგომაზე სიტყვიერი შეთანხმება იყო მიღწეული ბორა მილუტინოვიჩთან, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები უნდა გაეწვრთნა. ნოდარი პირადად შეხვდა მას, მოლაპარაკებები საქმიანად მიდიოდა, მაგრამ… სამწუხაროდ, ახალკაცს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა“.

სარბიელის 1997 წლის 27 დეკემბრის ნომერში ვლადიმერ გუცაევთან ექსკლუზიური ინტერვიუ დაიბეჭდა – „გუცაევი ყველაფერს თავიდან იწყებს“. ეროვნული გუნდის ისტორიაში მეხუთე მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტი კობა ინასარიძე შეხვდა:

„რომ გითხრათ საერთოდ არაფერი ვიცოდი ჩემი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე, მართალი არ ვიქნები. ვიცოდი, ოღონდ ეჭვის დონეზე. ბევრჯერ უთქვამთ, ვოვა, მართალია, თითქოს შენ გნიშნავენ მწვრთნელადო. მე კი მუდამ ვპასუხობდი, მერამდენე ხარ თუ იცი, ვინც ამას მეკითხება-მეთქი. ყველაფერი დღეს, 25 დეკემბერს გაირკვა…

უდიდესი ვალი მაკისრია საქართველოს წინაშე. ვეცდები, ჩემი ცოდნა შედეგით დავამტკიცო. საკუთარი იდეები მაქვს, ვნახოთ რა გამომივა…

გარანტიას ვერავის მივცემ, ვერ გეტყვით, მომავალ ციკლში უცილობლად პირველ ადგილს დავიკავებთ-მეთქი, მაგრამ გპირდებით, მსაჯის სასტვენიდან დაწყებული ბოლო წუთამდე იბრძოლებენ ეროვნული გუნდის ფეხბურთელები…

დავით ყიფიანთან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჩვენ მშვენიერი დამოკიდებულება გვაქვს და იმედია, ასეც გაგრძელდება. ვფიქრობ, ჩემი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა არაფერს შეცვლის ჩვენს ხანგრძლივ, ნაცად ურთიერთობებში“.

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა ბელგიის პატარა ქალაქ გენტში მოეწყო. უეფამ 49 ქვეყნის ნაკრები ისტორიაში პირველად განთესა ეროვნული გუნდების კოეფიციენტების მიხედვით. ეს წესი ევროპული ფეხბურთის მმართველმა სახლმა 1997 წლის ნოემბერში მიიღო. საქართველო სიძლიერით 27-ე გუნდი აღმოჩნდა, 1.38 ქულა დაერიცხა და მესამე კალათში მოხვდა უკანასკნელ, მეცხრე ნომრად. შედარებისთვის: წილისყრის წინ ყველაზე მაღალი კოეფიციენტი – 2.60, ესპანეთს ჰქონდა.

პირველი კალათის მაჩანჩალა ნორვეგია, მეორე კრებულის უკანასკნელი გუნდი საბერძნეთი, ლატვია მეოთხე კალათიდან და სლოვენია და ალბანეთი ყველაზე სუსტებიდან – ეს ხუთი მეტოქე ერგო ჩვენ ნაკრებს B საკვალიფიკაციო ჯგუფში.

ნოდარ ახალკაცთან და ვლადიმერ გუცაევთან ერთად წილისყრას სარბიელის ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილიც დაესწრო. ბელგიიდან გამოგზავნილ რეპორტაჟში ის წერდა:

„18 იანვარი. ბელგიური ქალაქი გენტი, რომელიც XVI საუკუნის ევროპაში პარიზის შემდეგ მნიშვნელობით მეორე ყოფილა. დღეს აქაურები იმით ამაყობენ, რომ მათ ქალაქში ევროპის ორი მთავარი ავტომაგისტრალი E17 და E40 კვეთს ერთმანეთს. გენტი კიდევ იმით ამაყობს, რომ აქ ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა.

ფლანდრიის დედაქალაქში ცივი, ქარსუსხიანი და წვიმიანი დღე იდგა. მის საერთაშორისო კონგრესის ცენტრში კი ცხელოდა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მოზრდილი დარბაზი სავსე იყო დელეგატებით და კალმოსანი ჟურნალისტებით.

ვლადიმერ გუცაევი, საქართველოს ეროვნული გუნდის ახალი თავკაცი მაინცდამაინც არ ღელავდა. წინა დღით ფრანკფურტიდან გენტისკენ გზაზე მითხრა, ვინც გინდა შემხვდეს, სულ ერთია, მე რომ მსგავს საკითხებზე ნერვიულობა მჩვეოდეს, ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას ამომხდებოდა სულიო. გუცაევი ამას გულწრფელად ამბობდა და, რაღა დაგიმალოთ, მისი პოზიცია მომეწონა. მასში არ იყო არხეინობის ნასახიც კი, სამაგიეროდ, აღსავსე იყო ნაღდი სპორტული სულით. გამარჯვება კი მარტო ნიჭს როდი მოაქვს, მას ხასიათიც სჭირდება.

რას გახდება გუცაევი, ცხადია, ყველა ჩვენგანის ხელშეწყობით, გამოჩნდება. საქართველოს ნაკრებს კი წელიწადნახევარი აქვს. კენჭისყრიდან გამოსული მწვრთნელი ასე მსჯელობდა:

„აქ იღბლიანი ხალხი ჩამოვედით, ცუდი ჯგუფი რატომ უნდა შეგვხვედროდა. ეს ხუმრობით, ისე კი, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ყველაფერს. აქედან ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ორ-სამ გუნდს აქვს. ვიმეორებ, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საქმეს. იგივე ალბანეთი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ხომ გახსოვთ, კონტინენტის წინა ჩემპიონატის შესარჩევში რა ძნელი თამაშები ჰქონდა ჩვენს ნაკრებს მასთან.

ნორვეგიასა და საბერძნეთს შორის კლასში ძალიან დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. ვფიქრობ, ორივე კარგი გუნდია და ორივე იბრძოლებს ჯგუფიდან გასასვლელად.

ვთვლი, რომ სერიოზული მუშაობის შემთხვევაში გასვლა შესაძლებელია“.

გენტში იმყოფებოდა რევაზ ძოძუაშვილიც. დავით ყიფიანის ყოფილი თანაშემწე ეროვნული გუნდიდან წასვლის შემდეგ ბალტიისპირეთში გადაბარგდა და ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მიწვევით, ამ ქვეყნის ნაკრები ჩაიბარა. წილისყრის შემდეგ მან თქვა, ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს, მაგრამ ფავორიტად საქართველო და ნორვეგია მიმაჩნიაო.

„კროიფმა ქვისლები გადაკიდა“ – ასე დაასათაურა ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის მიმოხილვა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის გაზეთმა საქართველოს სპორტმა. ამავე გამოცემაში გამოქვეყნდა ინტერვიუ ყიფიანთან, რომელმაც ჯგუფი მიმოიხილა, რევაზ ძოძუაშვილის გუნდზე კი თქვა:

„თუ ვინმეს ლატვიასთან რაღაც არასაფეხბურთო დახმარების იმედი ექნება, ძალზე ცდება. მე რეზოს კარგად ვიცნობ, იგი საქმის მცოდნე და ნაღდი პროფესიონალია. მე ვიტყოდი, ლატვია ერთიორად საშიშია ჩვენთვის. რეზომ ქართული ფეხბურთი კარგად იცის, თითქმის ყველა ჩვენი მოთამაშის შესაძლებლობები შესწავლილი აქვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მომენტი, რომელმაც, შეიძლება, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. რეზო გულნატკენი წავიდა საქართველოდან და შეეცდება ყველას დაუმტკიცოს თავის სიძლიერე. მას ამის შანსი მიეცა და ყველანაირად შეეცდება მის გამოყენებას“.

საქართველოს სპორტმა ჯგუფის შეფასება სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს კახი ასათიანსაც სთხოვა: „სპორტული თვალსაზრისით ბრწყინვალე ჯგუფია. უკეთესს ვერც ვინატრებდით. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების დიდი შანსი გვაქვს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა ჩვენთვის – ფინანსური თვალსაზრისით ჯგუფი მეტად არახელსაყრელია, თუმცა ყველაფერი ბელგიაში წასული დელეგაციის მარიფათზეა დამოკიდებული“.

კახი ასათიანის ამ სიტყვებს, განსაკუთრებით ფინანსებთან დაკავშირებით, დავით კვინიკაძე დავით თავართქილაძესთან ზემოხსენებულ ინტერვიუში გამოეხმაურა:

„ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ძალიან დაბალ ფასში გავყიდეთ ტელეტრანსლაციის უფლებები. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ ცხონებული კახი ასათიანი აცხადებდა, ბევრად უკეთესი კონტრაქტის მოპოვება შემიძლიაო. წილისყრაზე ლელოს მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძეც წავიყვანეთ და დავასწარით მოლაპარაკებას იმ ფირმასთან, რომელთანაც კონტრაქტს ვაფორმებდით. მან ისიც ნახა, რომ ჩვენთან სხვა შემოთავაზებებით არავინ მოსულა. მაშინდელი პირობების გათვალისწინებით, საკმაოდ ხელსაყრელი კონტრაქტი გავაფორმეთ“.

იანვრის მიწურულს თბილისის დინამო მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა. საქართველოს ჩემპიონი 1993 წლიდან მონაწილეობდა ამ ტურნირში. დავით ყიფიანის ბიჭებს ჯგუფში მეტოქეებად ტალინის ლანტანა (ესტონეთი), ჯამბულის თარაზი (ყაზახეთი) და დუშანბეს დინამო (ტაჯიკეთი) ერგოთ. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი შეჯიბრებას 25 იანვარს, ბალტიისპირელებთან მატჩით იწყებდა.

დინამომ იოლად სძლია ლანტანას, 4:2 – გიორგი დემეტრაძემ დუბლი შეუსრულა ესტონელებს, გივი დიდავამ და გიორგი კიკნაძემ კი თითო გოლი გაიტანეს. იმ დროს არც მათ და არც მოედნის კიდესთან მყოფებმა არ იცოდნენ, რომ იმ წუთებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა.

„ეპოქის დასასრული“ – ასე დაასათაურა სარბიელმა 1998 წლის 26 იანვრის ნომრის (#10) პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სამძიმრის წერილი:

„გუშინ მოსკოვში, აეროპორტიდან ცსკა-ს მანეჟისკენ მიმავალ გზაზე ქართული ფეხბურთის ერთი დიდი ეპოქა დასრულდა – ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა.

წუთისოფელს გამოეთხოვა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, ქართველთათვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი გუნდის თავკაცი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული ფეხბურთისთვის და არა მარტო მისთვის უდავოდ გამორჩეული პიროვნება, უეფას ტექნიკური კომიტეტის წევრი – ნოდარ ახალკაცი.

ეს ცნობა გუშინ ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნოდარ ახალკაცი მოსკოვში ძმის ორმოცის გამო ჩასულა. აეროპორტში მანქანა დახვედრია და ცსკა-ს მანეჟისკენ გაუწევია დინამოს მატჩზე დასასწრებად. მოულოდნელად კი…

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ნოდარ ახალკაცს გულმა უმტყუნა. თუმცა… ქართველებს კიდევ ერთხელ დაგვიდგა მძიმე დღეები.

მიმდინარე წელი ნოდარ ახალკაცისთვის მესამოცე გახლდათ. სულ ახლახანს, 2 იანვარს, ბედობის დღეს, ნოდარ ახალკაცს სამოცწლიან იუბილეს ულოცავდნენ.

სხვა არაფერი დაგვრჩენია – დიდი მადლობა, დიდი და უსაზღვრო სიხარულის მონიჭებისთვის.

ნოდარ ახალკაცი რჩეულთა შორის რჩეული იყო, რომლის ხსოვნის წინაშეც ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი მოიხრის ქედს“.

როიტერმა ზემოხსენებული ცნობა საქართველოს დროით 16:28 წუთზე გაავრცელა. მაშინ სარბიელის რედაქციაში ჭავლური პრინტერი გვედგა, რომელიც ახალ ამბებს ინგლისურად გვაწვდიდა. სასურველ ტექსტს თაბახის ფურცელზე ვბეჭდავდით და შემდეგ საგაზეთოდ ვთარგმნიდით. ნოდარ ახალკაცის შესახებ გავრცელებული ცნობაც ჩვეულებრივ ამოვბეჭდე, თუმცა რატომღაც შევინახე. ამ წერილისთვის რომ ვაგროვებდი მასალებს, ის თეთრი ფურცელი ჩემს არქივში ვიპოვე:

მოსკოვი, 25 იანვარი (როიტერი)
ფეხბურთი – გარდაიცვალა თბილისის დინამოს ყოფილი მწვრთნელი

სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, ნოდარ ახალკაცი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი ფეხბურთელი და დიდებული მწვრთნელი კვირას გარდაიცვალა. ის 60 წლის გახლდათ.
სააგენტოს ცნობით ის გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა მოსკოვში, საფეხბურთო ტურნირზე მიემგზავრებოდა.
ახალკაცი ორ თბილისურ კლუბში თამაშობდა, თუმცა უდიდეს წარმატებებს სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია, თბილისის დინამოში 1976 წლიდან 1983 წლამდე.
მისი ხელმძღვანელობით დინამომ 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო, 1978 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა, ხოლო 1976 და 1979 წლებში საბჭოთა თასი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ის საბჭოთა კავშირის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.

ნოდარ ახალკაცის ცხედარი 26 იანვარს, საღამოს ჩამოასვენეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როგორც კი მისი გარდაცვალების ამბავი შეიტყო, მოსკოვის ქართული დიასპორა ფეხზე დადგა და ყველაფერი გააკეთა, რას საჭირო იყო. ყველა საკითხი რომ უმოკლეს დროში მოგვარდა, ეს დინამოს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას და მისი მეგობრების დიდი დამსახურებაცაა. ამის შესახებ იმ დღეებშივე ითქვა თბილისში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ასობით სამძიმრის წერილი მიიღო. თბილისში ფაქსი გამოაგზავნა უეფას ყველა წევრმა ასოციაციამ, ფიფა-უეფას ხელმძღვანელობამ, პირადად იოზეფ ბლატერმა და ფეხბურთისგან შორს მდგარმა უამრავმა ორგანიზაციამ, კავშირმა თუ ადამიანმა. მათ შორის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

გაზეთმა 11X11-მა 28 და 30 იანვრის ნომრები თითქმის მთლიანად ნოდარ ახალკაცს დაუთმო. გამოქვეყნდა იმ ინტერვიუს სრული ჩანაწერი, რომელიც გამოცემის ჟურნალისტებმა ფედერაციის პრეზიდენტთან 24 იანვარს, მისსავე კაბინეტში ჩაწერეს.

გაზეთმა ქართულმა ფეხბურთმა 30 იანვრის ნომერი (#3) ახალკაცის ხსოვნას მიუძღვნა, ხოლო სარბიელში ზედიზედ ქვეყნდებოდა ლეგენდარულ მწვრთნელთან დაკავშირებული მოგონებები. დამამახსოვრდა თამაზ ალკაბაძის წერილი „ახალი კაცი“, რომელიც 29 იანვარს დაიბეჭდა, თუმცა ავტორმა ჯერ კიდევ 1977 წელს დაწერა და ჟურნალ მართვეში გამოაქვეყნა. ჩანახატი ნოდარ ახალკაცს ეძღვნებოდა, რომელიც თბილისის დინამოში ერთი წლის მისული გახლდათ, თუმცა უკვე სამ ჯილდოს ფლობდა – საკავშირო თასს და ჩემპიონატის ორ ბრინჯაოს მედალს.

ის მშვენიერი წერილი ამ აბზაცით მთავრდებოდა: „ამ სტრიქონების ავტორი ერთშია დარწმუნებული – ნოდარ ახალკაცი ყოველგვარი განსაცდელის ჟამს ღირსეულად იდგება შტურვალთან, რამეთუ იგია HOMO NOVUS, არა მერმე განვითარებული პარვენიუს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით – ახალი კაცი“.

31 იანვარს, შაბათს, სარბიელის პირველ გვერდზე (#13) ჩანახატი გამოქვეყნდა – „გახსოვთ?.. როგორ არა… მშვიდობით“!

„უამრავი ხალხი. უამრავი ცრემლი. უამრავი სამძიმრის სიტყვა. კიდევ, მწუხრიანი ღიმილიც, წარსულის ტკბილადმოსაგონარი ამბების გახსენებისას…

დღეს, ორ საათზე, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნოდარ ახალკაცს დაკრძალავენ. კაცს, რომელმაც მთელი საქართველო არა ერთხელ და ორჯერ აზეიმა, 81-ში კი სიხარულით ზეცას სწია. ამიტომაც ემადლიერება და აფასებს მას ყველა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილნიც კი. დღეს ბოლო დღეა მისთვის პატივის მისაგებად. გუშინ და გუშინწინ ხაბეიშვილის ქუჩაზე მწუხარეთა ტევა არ იყო. დღეს კი მოზღვავება იქნება. ხალხისაც და ცრემლისაც.

წერილები, დეპეშები, სამგლოვიარო ბარათები… მათ თვლა არ აქვთ. ადრესატები ახალკაცების ოჯახი, ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები არიან.

ხაბეიშვილის ქუჩის 75ა კორპუსი. მერვე სართული. კარი ღიაა. ნაცნობ-უცნობი, ფულიანი თუ უფულო, მოსწავლე თუ პროფესორი, ფეხბურთელი თუ მოჭიდავე, მინისტრი თუ რიგითი, ყველა ამ კარის ზღურბლს აბიჯებს. ჭირისუფლებს სამძიმარს ეუბნებიან და უკან, ეზოში ბრუნდებიან. ჯგუფ-ჯგუფად დგებიან, სალაპარაკო თემა ერთია – ნოდარ ახალკაცი. პანაშვიდი ოთხ საათზე იყო დანიშნული, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამი, ოთხი, ხუთი… ხალხის ნაკადი არ წყდება. ზოგი გვირგვინით, ზოგი თაიგულით, ზოგიც უბრალოდ, მხოლოდ გულისტკივილით, ყველა წუხს.

ისევ მერვე სართული. ფედერაცია, დინამო, მერანი, მეტალურგი, თსუ, ასკ… ეროვნული და სხვა ნაკრებები, ყველანი ჭირისუფლები არიან, ხელის ჩამორთმევით უსიტყვო სამძიმარს იღებენ. მერე? მერე რამდენიმე ნაბიჯი ოთახისკენ, სადაც ჩვენი ფეხბურთის უგამოჩენილესი კაცის ცხედარი ასვენია, კიდევ სამი-ოთხი ნაბიჯი და ქვითინი.

ცრემლი გულისტკივილია, მონატრებაა, ცოტა მომავლის შიშია, იმ მომავლისა, რომელიც უახალკაცო იქნება. ხაბეიშვილის ქუჩა მანქანებითაა სავსე, ავტოინსპექტორებიც არიან, ქუჩის გარკვეული მონაკვეთი გადაკეტილია, იქ ადგილი არ არის. მინისტრები ერთმანეთს ესალმებიან, გვერდი-გვერდ დადგებიან და, იქით, მერვე სართულისკენ.

დღეს, მოსალოდნელია, რომ ახალკაცების ოჯახი საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე საელჩოთა და უცხოელი ფეხბურთის მოხელეთა სამძიმარს მიიღებს.

ყველასგან გამორჩეული ვეტერან ფეხბურთელთა ჯგუფი გახლდათ. გუშინ, პარასკევს, ნოდარ ახალკაცის მეგობრებს მისთვის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ქეიფის გადახდა ჰქონდათ დაგეგმილი. საამისოდ ერთ-ერთმა მათგანმა გერმანიაში ოცი ცალი იმ თასის ასლი დაამზადებინა, 81-ში ახალკაცის თავკაცობით დინამომ თბილისში რომ ჩამოიტანა.

ნოდარ ახალკაცი ამ დღეს ვერ მოესწრო. როგორი თავშეკავებული, კაცური სიხარულით შეხვდა 13 მაისის იმ ღამეს საქართველოს გამხარებელი ვერცხლის თასის მთავარი შემოქმედი. ის თასი საქართველოსია. ის თასი ნოდარ ახალკაცის ხსოვნისა და არდავიწყებისაა.

გახსოვთ? როგორ არა! ყველაზე ხშირი კითხვა და პასუხი ბოლო დღეებში. დღეს კი, მშვიდობით…

დღეს ყველაფერი მოზღვავდება. ხალხიც და ცრემლიც. დიდ მწვრთნელს ორ საათზე საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ“.

იმავე ნომრის მეორე გვერდზე დაიბეჭდა გიო ახვლედიანის და ილია ბაბუნაშვილის ჩანახატები. ის წერილები იმიტომ აღვნიშნე, რომ ნოდარ ახალკაცის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ რამდენიმე წიგნი და კრებული გამოიცა და ისინი ყველა გამოცემაში შევიდა.

„ახალკაცის დინამო, ჩვენი ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი და სტაბილური გუნდი. ეს გუნდი ახალკაცმა შექმნა, მის ხელშივე დაიწყო დაშლა. მაგრამ დიდი და საყვარელი გუნდები ხომ მალე ქრებიან. ასე ამბობდა ელენიო ერერა და ასეცაა.

ნოდარ ახალკაცი ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე იყო. ის იცავდა და უვლიდა თავის სამყაროს მთელი ძალითა და ხასიათით, რადგან ეს სამყარო ძვირფასი იყო მისთვის. ის ჭკვიანი და ფიქრიანი კაცი გახლდათ. დღევანდელ ქვეყანაში ალბათ, არავინ იცოდა ბურთის ავან-ჩავანი ისე, როგორც მან. მას უყვარდა ფეხბურთი. ფეხბურთი ხომ მისი სამყარო იყო. ამ სამყაროში კი ქუდმოუხდელს არავის შეუშვებდა.

მისი ფეხბურთი გამარჯვებული იყო. მისი სამყარო რთული და ძლიერი. ეგებ სხვაგან და სხვა ეპოქაში სულ სხვაგვარი ადგილი სჭეროდა, მაგრამ ის თავისი დროის შვილი იყო. მისი ღონიერი და ძლიერი ფიგურა მისი ფეხბურთის საზღვართან იდგა.

ნოდარ ახალკაცი იცავდა თავის სამყაროს, სამყაროს, რომელიც თავადვე შექმნა და რომელიც გასაოცრად და ჩუმად უყვარდა. აკი არ იყო ლამაზი სიტყვების, მოხდენილი კოსტიუმების, იაფი ნაბიჯების მოყვარე.

ის ფიქრის კაცი გახლდათ. ფიქრის და ფეხბურთის“ – ამონარიდი გიო ახვლედიანის ჩანახატიდან „გვეთხოვება ქართული ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე“.

ილია ბაბუნაშვილმა კი წერილში „ასეთი დამამახსოვრდა“, ბელგიაში, ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე სფფ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა:

„ნოდარ ახალკაცზე ლეგენდები არ შეთხზულა. თავად არ აძლევდა მსურველთ ამის საშუალებას. იმარჯვებდა იმიტომ, რომ შეეძლო. შესაძლოა ვინმე უხეში პასუხით გაენაწყენებინა, მაგრამ ამას რაიმეს დასამტკიცებლად არ აკეთებდა. ხმას არ ამოიღებდა და არა იმიტომ, რომ ამ დუმილით თავის დიდკაცობას ამტკიცებდა, არამედ იმიტომ, რომ დუმილი უნდოდა, მეტი არაფერი. უცბად თუ დაიწყებდა ლაპარაკს, მოყვებოდა მთისას, ბარისას, იხუმრებდა. მოკლედ, იყო კაცი თავისებური და უთუოდ ძლიერი. ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.

იმ დილით, გენტში, სასტუმროში გამოგვიარა ჟურნალისტებს და ბრიუსელის აეროპორტში წაგვიყვანა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ფაქტია, ბრიუსელში მის გარეშეც ჩავიდოდით, მაგრამ მგონი, რომ არ გამოევლო, ნოდარ ახალკაცი არ იქნებოდა. გამოგვიარა და ხმა არ ამოუღია.

ბრიუსელის აეროპორტში გრძელი დერეფანია, ალბათ კილომეტრზე მეტი. მოძრავი ესკალატორი შიგადაშიგ წყდება, მგზავრები თავიანთ ჭიშკრებთან რომ ჩამოვიდნენ. ჭიშკრებთან თვითმფრინავებია მიყენებული, შენობიდან პირდაპირ ლაინერში შედიხარ. ჩვენი თვითმფრინავი დერეფნის ბოლოს იდგა.

შედგები ესკალატორზე, გასრიალდები ორმოცდაათ მეტრზე მეტს, ჩამოხვალ, გაივლი ხუთ-ათ მეტრს და ისევ ესკალატორზე შედგები. ახალკაცს სიარული უჭირდა. დერეფანში მარტო მე და ის მივდიოდით, სხვები ჩამოგვრჩნენ. გაფრენამდე წუთები იყო დარჩენილი. მივდივართ ნელა, ესკალატორის სისწრაფით. ცხადია ჩუმად. ვცდილობ ისე ვიდგე, ესკალატორიდან ჩასვლა-შედგომისას თუ საჭირო გახდა ხელი შევაშველო. თან არ მინდა ეს ვაგრძნობინო. ხმა არ ამოუღია. არც მე.

ასე მგონია ნოდარ ახალკაცი სიკვდილს ლოგინში ვერ დაელოდებოდა. ალბათ, კარგად იცოდა რაც ელოდა. მაგრამ ასეთი იყო.

ვფიქრობდი, როგორც ჟურნალისტი, წესით მომენტით უნდა ვსარგებლობდე, უნდა ვცდილობდე ინტერვიუ ჩამოვართვა-მეთქი, მაგრამ გული ჩუმად ყოფნას და დაკვირვებას მკარნახობდა. რაც შევნიშნე, ეს იყო. მეტის გახსენება აღარაა საჭირო.

ჩემზე უკეთ ის იტყვის, ვინც წლების განმავლობაში იცნობდა. მოგონება მოგონებას ხელს არ შეუშლის. არც ამ წერილს აქვს ჩანახატზე მეტის პრეტენზია“.

როცა ნოდარ ახალკაცი უცხოეთში მკურნალობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობებს ალექსანდრე ჩივაძე ასრულდებდა.

31 იანვარს, აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობით, სფფ-ის წესდების შესაბამისი მუხლი ამოქმედდა და დიდი დინამოს დიდი კაპიტანი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი ფეხბურთის პირველკაცი, ამჯერად საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის დასრულებამდე.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ვლადიმერ გუცაევმა ცხრა რჩეული ჯერ კიდევ თბილისში შეკრიბა და 5 თებერვალს მათთან ერთად გაემგზავრა მალტას. მწვრთნელის მიერ გამოძახებული დანარჩენი თორმეტი მოთამაშე გუნდს კუნძულზე შეუერთდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის 1998 წელი ოფიციალურად დაიწყო.

 

ლაშა გოდუაძე (2023 წლის 19 იანვარი)
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; გაზეთი სარბიელი; გაზეთი საქართველოს სპორტი; გაზეთი ქართული ფეხბურთი; გაზეთი 11X11; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian