ნაკრების ისტორიიდან – სფფ Vs სპორტის დეპარტამენტი
„წლის დასაწყისში ნოდარ ახალკაცსა და ნოდარ ანდრიაძეს შევხვდი. ვუთხარი, ერთად შევიკრიბოთ, ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე ვიმსჯელოთ, ჟურნალისტებთან შეხვედრა მოვაწყოთ და ყველაფერი ვთქვათ, თქვენ გამო სპორტის დეპარტამენტი რატომ უნდა გაილანძღოს, ხალხი პასუხს ჩვენ გვთხოვს, ამიტომაც კეთილი ინებეთ, ჟურნალისტებს შეხვდით-მეთქი. ახალკაცი დამპირდა, უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ ამ საკითხს და მედიის წარმომადგენლებთან ვისაუბრებთო. როგორ შეგხვდათ, როგორ გაგარკვიათ სიტუაციაში, კარგად ხედავთ“.
ამ სიტყვებით იწყება საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის კახი ასათიანის ინტერვიუ სარბიელის ჟურნალისტთან კობა ინასარიძესთან, რომელიც 1997 წლის 13 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.
ფეხბურთის ფედერაციის მუშაობით უკმაყოფილო სპორტის დეპარტამენტმა ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის მესვეურებს შემოდგომის დადგომისთანავე დაუთქვა ორთვიანი ვადა რიგგარეშე ყრილობის მოსაწვევად. მოგვიანებით საქმეში პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტიც ჩაერთო, რომლის სხდომაზეც ფედერაციას რიგგარეშე არჩევნებისთვის მოსამზადებელი ვადა 1 დეკემბრამდე გადაუწიეს.
სპორტის დეპარტამენტი ანუ სახელმწიფო სპორტის კანონის მეხუთე მუხლის ლ პუნქტით იმუქრებოდა, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის უფლება-მოსილების შეჩერებას ითვალისწინებდა.
დაძაბულ მომენტში სფფ-ის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი დუმდა. ის მეტწილად გერმანიაში იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის არყოფნაში კი ჟურნალისტთა კითხვებს პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ალექსანდრე ჩივაძე და გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე პასუხობდნენ. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ რიგგარეშე ყრილობის მოსაწვევად ფედერაციის საექსპერტო კომისიის თანხმობა იყო საჭირო, ან აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, ანაც ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული პირების ორი მესამედის მოთხოვნა.
ზემოხსენებულ ინტერვიუში კახი ასათიანმა ესეც განაცხადა: „თუ ფედერაცია არჩევნებს არ ჩაატარებს, ჩვენ ჩავატარებთ! ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ორ მესამედს მოვიწვევთ… საქართველოში მოქმედი კანონების შესაბამისად ვიმოქმედებთ… ამ ყრილობის შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელებს უფლებამოსილება ჩამოერთმევათ“.
ფედერაციას უამისოდაც ბევრი პრობლემა ჰქონდა და მათ შორის ნომერ პირველი იყო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შერჩევა. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პოლონეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ დავით ყიფიანი გუნდიდან წავიდა. საშემოდგომო შედეგების გათვალისწინებით, მისი გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი იყო და შესაბამისად, ეროვნული გუნდის ახალი თავკაცი ჩვენი ფეხბურთის მთავარი პრობლემა გახდა, მაგრამ ნოემბრის მიწურულს განვითარებულმა ამბებმა ეს საკითხი დაჩრდილა.
1997 წლის 24 ნოემბერს, ორშაბათს, დილის ათ საათზე, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში კახი ასათიანსა და ჟურნალისტებს შორის გამართული შეხვედრა სექტემბერში დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებად იქცა.
სპორტული ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასაწყისში ასათიანმა ღიად გააკრიტიკა ნოდარ ახალკაცი და მისი მმართველობა „ავტორიტარულ რეჟიმად“ და „ერთი კაცის დიქტატურად“ მოიხსენია, შემდეგ სფფ-ის დამფუძნებელი ყრილობაც გაიხსენა და ერთ ეპიზოდში დინამო-ლინფილდის ცნობილ სკანდალსაც შეეხო:
„ფეხბურთის ფედერაციის პირველი ყრილობა სრული ფიქცია იყო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბორის პაიჭაძე ტრიბუნიდან ჩამოაგდეს. მაშინ ეროვნული მოძრაობა ზენიტში გახლდათ, ყველაფერი სახალხო ფრონტმა გადაწყვიტა. თითქმის იგივე განმეორდა მესამე ყრილობაზეც, სრული ცინიზმი და განუკითხაობა სუფევდა. ცხონებული ავთანდილ ჭკუასელის დაკრძალვის დღეს არცერთმა მათგანმა არ ისურვა ბოლო პატივი მიეგო გარდაცვლილი ფეხბურთელისთვის…
ახალკაცი გერმანიაში მკურნალობის ნაცვლად უეფას კონგრესზე დადის, საქმეებს აგვარებს. ჯერ ვინმე მალტელი მიფსუდი ჩამოგვიყვანა და პრესკონფერენცია გაამართინა. აქაოდა, ნახეთ ეს კაცი რას ამბობს – ფედერაციის საქმეებში არ უნდა ჩაერიოთო. მერე იუჰანსონიც ჩამობრძანდა, მანაც პრესკონფერენცია გამართა, მაგრამ კითხვებს, როგორც ვიცი, მეტად ბუნდოვნად უპასუხა. ამ ყბადაღებულ ფედერაციის საქმეებში ჩარევა-არჩარევაზე ერთს ვიტყვი – ფიფა-უეფა კანონიერ ჩარევას არ კრძალავენ…
გავიგე დინამო-ლინფილდის თურქი მსაჯის მოქრთამვა სწორედ ფედერაციის ჩინოვნიკების მითითებებით მოხდა. ახლა კი სულ ტყუილად სურდათ დინამოსთვის ფულის გამოძალვა მრეტების საქმიდან გამომდინარე“…
შესავლის ბოლოს კახი ასათიანმა დასძინა, რომ სახელმწიფო ფეხებზე დაკიდებას არავის აპატიებს და ჟურნალისტებს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს მიერ ერთობლივად მომზადებული ბრძანება გააცნო, რომელიც მხარეებმა 1997 წლის 21 ნოემბერს შეადგინეს და 24 ნოემბერს ბეჭდებით დაამოწმეს:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ფუნქციების შეჩერების და საგანგებო ყრილობის მოწვევის შესახებ ვბრძანებთ:
1.საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგიის 1997 წლის 6 სექტემბრის #4-39 დადგენილების, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომის 1997 წლის 10 ნოემბრის #16/4922 გადაწყვეტილებათა საფუძველზე და სპორტის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ლ პუნქტის შესაბამისად, სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შეუსრულებლობის და კანონმდებლობის უხეში დარღვევებისთვის, შეუჩერდეთ ხელმძღვანელის ფუნქციები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცს და გენერალურ მდივანს დავით კვინიკაძეს.
2.აღნიშნული ბრძანება ეცნობოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ბატონ ალექსანდრე ჩივაძეს, რათა 1997 წლის 1 დეკემბრამდე განიხილოს საკითხი აღმასკომის სხდომაზე საგანგებო ყრილობის მოწვევის შესახებ, რომელზედაც დეტალურად იქნება გაანალიზებული არსებული მდგომარეობა, მისი გამომწვევი მიზეზები და დაისახება კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული ღონისძიებანი.
3.ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის მიერ 1 დეკემბრამდე საგანგებო ყრილობის მოუწვევლობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შექმნან საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც სპორტის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ლ პუნქტის შესაბამისად, 1997 წლის 31 დეკემბრამდე მოიწვევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო ყრილობას არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.
4.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბატონ ვახტანგ გვარამიას და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ ჯანო ბაგრატიონს“.
ბრძანებას ხელს აწერდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ კულულაშვილი და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე კახი ასათიანი.
შეხვედრის მიწურულს ასათიანმა ისიც თქვა, რომ დილით, დეპარტამენტში მისვლამდე, სფფ-ის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ალექსანდრე ჩივაძეს შეხვდა. მან დაუდასტურა, რომ ფედერაცია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ემორჩილება და მალე იმ აღმასკომსაც მოიწვევს, საგანგებო ყრილობის ჩატარების ვადებს რომ განსაზღვრავს.
შემდეგ შეკრებილთაგან ყველაზე ასაკოვანმა ჟურნალისტმა ნუგზარ ჯუღელმა კახი ასათიანს შესთავაზა, თუ უფლება მექნება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენ წარგადგენთო. ამ ინიციატივამ დეპარტამენტის თავმჯდომარე ძალიან გააკვირვა და ჯუღელს ხუმრობით უპასუხა, ცხენიდან ვირზე გადაჯდომას არ ვაპირებ, ჩემს გარდა სხვა კანდიდატურები ეძებეთო.
სპორტული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რომლის დასრულებისთანავე კახი ასათიანი გერმანიაში გაემგზავრა.
მისი მონოლოგი, ასევე ხსენებული ბრძანების ასლი მეორე დღეს, 25 ნოემბერს, სარბიელის (#151) პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. იმავე ნომერში დაისტამბა ჩივაძის, კვინიკაძის, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ნოდარ ანდრიაძის და ადვოკატის ლევან გორხელაშვილის კომენტარები.
ალექსანდრე ჩივაძე: „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ყრილობა არ გაიმართება, დეპარტამენტი ვერ შეაგროვებს ყრილობის მოსაწვევად აუცილებელ იურიდიულ პირთა ორ მესამედს, პირველი ჯგუფის გუნდების წარმომადგენლებიც ჩვენს მხარეს არიან, ასე რომ, რიგგარეშე ყრილობა არ ჩატარდება“.
დავით კვინიკაძე: „ჯერ ბრძანება არ მინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა გავლენას მოახდენს ის, ვერ გეტყვით, მაგრამ მე რომ კვლავ ფედერაციაში ვმუშაობ, ეს კი ვიცი. ბრძანება იმდენად უგუნურია, ეჭვი მეპარება კიდეც, რომ ბატონმა ასათიანმა მას ხელი მოაწერა. მე მუშაობას ვაგრძელებ და, ალბათ, სპორტის დეპარტამენტი ამის გამო სასამართლოში მიჩივლებს. სასამართლოში კი მტყუან-მართალი გაირჩევა“.
ნოდარ ანდრიაძე: „თუ ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი 18 იანვარს ბრიუსელში ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრას არ დაესწრება, მაშინ საქართველო ორი წლის მანძილზე საფეხბურთო სამყაროსგან მოწყვეტილი იქნება. ფიფას და სპორტის დეპარტამენტს თავისი კანონები აქვთ. ამიტომ საჭიროა კომპრომისის გამონახვა. მაგრამ, სანამ ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობას გავარკვევთ, მანამ ფიფა თავისი რიგებიდან გაგვრიცხავს. ამით დასრულდება ყველაფერი“.
ლევან გორხელაშვილი: „სიმართლის დასადგენად არსებობს სასამართლო. სანამ სასამართლო არ დაამტკიცებს ფედერაციის თავკაცთა დანაშაულს, მანამდე არავის აქვს უფლება მათზე თქვას, დამნაშავენი არიანო. ვეჭვობ კი, მსგავსი რამ მოხდეს. შეუძლებელია იმის დამტკიცება, რაც არ არსებობს. მე ახლა არ გამაჩნია ბრძანების ასლი, მაგრამ თუ მას მართლაც ახლავს იუსტიციის სამინისტროს ხელმოწერა, მაშინ ეს იქნება საქართველოსთვის სამარცხვინო ფურცელი. ჩვენ გვსურს სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯი დავამკვიდროთ, ამ ფაქტით კი ამას ვერ მივაღწევთ“.
ვერ გეტყვით როდის მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას გენერალური მდივნის იოზეფ ბლატერის ფაქსი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წერილი დაგვიანებით და სწორედ მაშინ გავრცელდა, როცა კახი ასათიანი საქართველოში არ იმყოფებოდა:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ბატონ ნოდარ ახალკაცს
ციურიხი. 19 ნოემბერი, 1997 წელი
შევიტყვეთ თქვენი ეროვნული ფედერაციის მდგომარეობის შესახებ და თავს ვალდებულად ვთვლით გაუწყოთ:
ფიფა არ დაუშვებს თავისი წევრი ორგანიზაციის რომელიმე ოფიციალური პირის უფლებების შეჩერებას რომელიმე სხვა ორგანიზაციის მიერ. ამიტომაც მოვითხოვ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ნოდარ ახალკაცს და ამავე ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბატონ დავით კვინიკაძეს 1997 წლის 8 დეკემბრამდე აღუდგეთ უფლება-მოვალეობანი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ფიფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გარიცხავს თავისი რიგებიდან და მომავალში მასთან აღარ ითანამშრომლებს. ქვეყნის ეროვნულ გუნდსა და კლუბებს ჩამოერთმევათ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება.
თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდა მითითებულ ვადაში, ამ საკითხის თაობაზე დამატებითი კომისიები არ მოიწვევა და არც საგანგებო სხდომები გაიმართება. ფიფა და უეფას დელეგაცია საქართველოს, კერძოდ კი ფეხბურთის ფედერაციას, ესტუმრება ვითარებაში გასარკვევად.
გმადლობთ ყურადღებისთვის, მუდამ თქვენი
იოზეფ ბლატერი
ფიფას გენერალური მდივანი“.
ფაქსის ასლი, რომლის ქართული თარგმანი სარბიელშიც გამოქვეყნდა (#153; 1997 წლის 29 ნოემბერი) ფიფამ უეფას და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტსაც მიაწოდა.
გაზეთში დაბეჭდილი იყო ფედერაციის პრესცენტრის უფროსის ნოდარ კობერიძის კომენტარიც: „თუ დეპარტამენტი თავისას არ დაიშლის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გარიცხავენ ფიფა-უეფადან, მაშინ ფედერაცია სასამართლოში უჩივლებს დეპარტამენტის თავკაცს კახი ასათიანს. მას ბრალად თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ქართული ფეხბურთისადმი მავნებლობა დაედება“.
სარბიელის იმავე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ სახელმწიფო კანცელარიის მრჩეველთან სპორტის საკითხებში ეზეკი ინწკირველთან. მან სპორტის დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ ბრძანებაზე გააკეთა განმარტება, რისი გამოძახილიც იყო ფიფას წერილი:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი ბრძანება კანონიერი, სამთავრობო აქტია. სხვა საქმეა, რომ ის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია. ამ ბრძანების მოქმედების შეჩერება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, რასაც, როგორც ვიცი, არ აპირებს“.
ხსენებულ ინტერვიუში ინწკირველმა უარყო იმ დღეებში გავრცელებული ხმებიც, რომ, თითქოსდა, სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა:
„მსგავსი არაფერი მსმენია. თუ ასეთი ხმები გავრცელდა, ისინი საფუძველსაა მოკლებული. თავად განსაჯეთ, ბატონი ნიკოს პენსიაზე გაშვებას არავინ აპირებს. როგორც ვიცი, არც თავად აქვს დაკავებული თანამდებობის დატოვების და ფედერაციის პრეზიდენტად გახდომის სურვილი“.
1997 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც წლის სპორტსმენად მოკრივე გიორგი კანდელაკი დაასახელეს. დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახლდათ და ამდენად, სეოკ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებმა ეს მოვლენა დაჩრდილა.
ამის დასტურია საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვი, სადაც მან ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა:
„ძალიან კარგად მესმის, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს და არც ჩაერევა იმ დისკუსიაში, რომელიც მისი კომპეტენციის სფეროში არ შედის და რის უფლებასაც არ ანიჭებს მას კონსტიტუცია. მხედველობაში მაქვს ფედერაცია – დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომლის მუშაობაშიც პრეზიდენტი, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ ჩაერევა.
მაგრამ ამ საკითხს, გადაუჭარბებლად ვიტყვი, აქვს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და არ ვიცი, ფეხბურთის მოყვარულიც რომ არ იყოს, არის თუ არა ვინმე გულგრილი ფეხბურთისადმი, მასზე არ მსჯელობდეს და არ ზრუნავდეს. ქართული ფეხბურთი ჩვენი სიამაყეა, ისევე როგორც ლიტერატურის, ხელოვნების, სპორტის სხვა სფეროები, ქართული ფეხბურთი ჩვენი ხალხის დიდი მონაპოვარია და აქ პოზიციების დათმობა, რა თქმა უნდა დაუშვებელია.
ალბათ, საუკეთესო ვარიანტი, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ფედერაციის ყრილობის მოწვევა. ვგულისხმობ იმას, რომ ყრილობაში მონაწილეობას მიიღებდა ყველა დაინტერესებული პირი, მოიძებნებოდა კოლექტიური გამოსავალი. დაე, უფლებამოსილმა ორგანომ იმსჯელოს და მიიღოს სამართლიანი, გონივრული გადაწყვეტილება. რამდენად მიზანშეწონილია ან იურიდიულად გამართლებულია ამ ყრილობის მოწვევა, ამაზე კონკრეტულად, ალბათ, იურისტები იმსჯელებენ. შეიძლება ნაადრევია, სამწუხაროდ, მე ეს საკითხი შესწავლილი არ მაქვს. რომც შევისწავლო, როგორც პრეზიდენტი, გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ.
ამავე დროს ისიც მინდა ვთქვა, რომ ვერც სპორტის დეპარტამენტი აუვლის გვერდს ამ მოვლენას და გულგრილი ვერ იქნება. ამიტომ, ჩემი აზრით, იმის დაშვება, რომ ჩვენ გაგვრიცხავენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციიდან, წარმოუდგენელია.
ყველამ – სპორტის დეპარტამენტმა, ფედერაციის ხელმძღვანელობამ, იუსტიციის სამინისტრომ, შესაბამისმა წარმომადგენლებმა პარლამენტიდანაც (ალბათ, ეს ურიგო არ იქნებოდა) – ერთად უნდა იმსჯელონ და რაღაც გამოსავალი მოძებნონ.
ჩემდათავად, მე ვარ ასეთი წინადადების ინიციატორი: შემუშავდეს (ამაზე უკვე მუშაობენ სპეციალისტები) საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ეს არ იქნება ერთწლიანი, ჩემი წარმოდგენით, იგი იქნება შვიდი-ათ წლიანი პროგრამა და ჩემი მოვალეობა ის არის, რომ ხელი შევუწყო მას, რათა მერე და მერე ამ პროგრამის სათანადო სახელმწიფოებრივი და ფინანსური მხარდაჭერა არა მარტო შევპირდე, არამედ კიდევაც უზრუნველვყო“.
იმავე დღეს, თუმცა რამდენიმე საათით ადრე, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში კახი ასათიანმა განაცხადა: „ერთი საათის წინ მოუტანიათ… უკვე ფოსტაში დევს ჩემთან ალექსანდრე ჩივაძის ხელმოწერილი წერილი, სადაც იგი გვატყობინებს, რომ მიუღიათ ფიფადან ასეთი შინაარსის ფაქსი, სადაც… 28 ნოემბერს მიუღიათ… და 28 ნოემბერს მიღებული ფაქსი სინამდვილეში 19 ნოემბერს არის გამოგზავნილი. აქ შეცდომაა რაღაც მომხდარი… ან ფიფაში შეეშალათ თარიღი, ან საერთოდ ყალბია ეს ფაქსი…
შეჩერებაზე თუა ლაპარაკი, საიდან იღებენ ამას, რომელი წესდებიდან, ფიფასი თუ უეფასი? რომელი რეგლამენტიდან? სად უწერიათ ეს? ამას მოვითხოვთ ჩვენ, რომ გამოგვიგზავნონ. ჩვენგანაც წავა სათანადო წერილი ორივე რგოლში – ფიფაშიც და უეფაშიც…
რა ფაქსებიც არ უნდა აგზავნინონ მათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა მუშაკებმა ფიფადან და უეფადან, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მგონი, სახელმწიფო ვართ. სახელმწიფოში კი ყველა უნდა ექვემდებარებოდეს იმ კანონებს, რომელიც გვაქვს მიღებული“.
2 დეკემბერს სარბიელის (#155) პირველ გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრთან ნიკო ლეკიშვილთან. მას ვახტანგ ბზიკაძე ესაუბრა:
„ეს არის ძალიან ცუდი შემთხვევა იმისა, თუ როგორ არ უნდა ხდებოდეს აზრთა სხვაობის შეჯერება ამა თუ იმ საკითხზე. ეს არის ძალიან ცუდი მაგალითი, რომელიც ურთიერთდაპირისპირების ფონზე საერთო საქმის საზიანო პრობლემად იქცევა. ეს მარტო ფეხბურთის პრობლემა არ არის. ასეთივე დაპირისპირება ხდება ხელოვნების სხვადასხვა დარგებში, არის კიდევ საერთო დაპირისპირება. ეს, მე მგონი, რაღაც ავადმყოფობაა, როდესაც ჩვენთან შეუძლებელი ხდება დაჯდომა და მოლაპარაკება საკითხებზე…
მე შევხვდი ფეხბურთის ფედერაციის და დეპარტამენტის წარმომადგენლებს და, მე მგონი, ეს თემა უნდა დამთავრდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან საუბრისას ორივე მხრისგან იყო დაპირება, რომ თითქოს მათ შორის შეთანხმება მოხდებოდა. ცალკე ვესაუბრე ჩივაძეს და ცალკე ასათიანს…
მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ დაუსაბუთებელი ბრალდების. რაც დამტკიცებული არ არის, იმის ასე გამომზეურება და ლაპარაკი არ შეიძლება. ორივე მხარე ერთმანეთს ისეთ სერიოზულ ბრალდებას უყენებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთში საუბრისას შეიძლება განიხილო. ხელისუფლებას არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში ამ სკანდალის შემყურე იყოს…
პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩარევა მოხდება და ეს პრობლემა მოიხსნება“.
ინტერვიუს დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მის გეგმაში არ შედის.
3 დეკემბერს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჯანო ბაგრატიონმა თქვა, რომ ფიფას მიერ დაწესებულ ვადამდე, 8 დეკემბრამდე, პრობლემა მოგვარდებოდა, ხოლო რამდენიმე საათში დავით კვინიკაძემ სარბიელს დაუდასტურა, რომ: „სპორტის დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო თავიანთ ბრძანებას გააუქმებენ“.
როგორც ჩანს, ფედერაციის გენერალურ მდივანს უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა, რადგან მეორე დღეს, 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სფფ-თვის სასიხარულო ნაბიჯი გადადგა. ოფიციალური დოკუმენტი მეორე დღეს სპორტულ გაზეთებში გამოქვეყნდა:
„საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
#709; 1997 წლის 4 დეკემბერი, თბილისი
ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
1.ფეხბურთის სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე და მისი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის 1997 წლის 21 ნოემბრის #5351 ბრძანება.
2.ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (ალექსანდრე ჩივაძე) უახლოეს პერიოდში მოიწვევს ყრილობას საკუთარი წესდების შესაბამისად.
3.საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა (კახი ასათიანი) და იუსტიციის სამინისტრომ (თედო ნინიძე) სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ხელი შეუწყონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ყრილობის მომზადებასა და გამართვაში.
4.საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეშვეობით უზრუნველყოს სისტემატიური კონტაქტი ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათ მიერ სანქციების თავიდან აცილებისა და საერთო პრაქტიკული დახმარების მიზნით.
5.შეიქმნას სამთავრობო კომისია საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, დაინტერესებული სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მონაწილეობით, რომელიც შეიმუშავებს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მრავალწლიან პროგრამას.
6.საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ზაზა შენგელიამ უზრუნველყოს სამთავრობო კომისიის შექმნის ორგანიზაციული საკითხების კოორდინაცია და კომისიის შემადგენლობის დასამტკიცებლად წარმოდგენა.
ედუარდ შევარდნაძე“
პრეზიდენტის ბრძანებამ დაპირისპირება დაასრულა – სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკან დაიხია. რამდენიმე დღეში ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ცნობა, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად გაიმართებოდა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, ხოლო 12 დეკემბერს ზუსტი თარიღიც ითქვა – 25 დეკემბერი.
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნოდარ ანდრიაძის თქმით, აღმასკომი მანამდე გეგმავდა შეკრებას, მაგრამ დავით ყიფიანის თხოვნა გაითვალისწინა და სხდომა ამიტომ გადაიდო. ყიფიანის მოუცლელობის მიზეზი კი ნიდერლანდებში ვიზიტი გახლდათ – ის ამსტერდამს გაემგზავრა აიაქსის თავკაცის მორტენ ოლსენის პირადი მიწვევით. ეგეც არ იყოს, ყიფიანს აღმასრულებელი კომიტეტისთვის ეროვნულ ნაკრებში გაწეული საქმიანობის ანგარიში უნდა წარედგინა და უმისოდ შეკრება აზრსმოკლებული იქნებოდა.
„საშობაო სერობა იამანიძის ქუჩაზე – ქრისტეშობის დღეს საქართველო ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვინაობას შეიტყობს“ – ასე დაასათაურა სარბიელმა 25 დეკემბრის ნომრის მთავარი წერილი.
რამდენიმე საათში გულშემატკივრებს ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინეს – ვლადიმერ გუცაევი.
თბილისის დინამოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი ქვეყნის მთავარ გუნდში 1998 წლის თებერვალში შედგა მალტაზე, ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე, იმ მატჩებს კი წინ უსწრებდა ევრო 2000-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრა და მთავარი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის გარდაცვალება.
ლაშა გოდუაძე (2023 წლის 13 იანვარი)
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; გაზეთი სარბიელი