ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონია
დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ევროპის ინდივიდუალური პირველობის გამარჯვებულია! ძაგნიძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული მოიგო!
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით (11 ტური) ჩატარდა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის 8 ქართველი.
ნანა ძაგნიძემ 6 პარტია მოიგო, 5 ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა! II ადგილზე რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა გავიდა, III კი მისი თანამემამულე ალისა გალიამოვა იყო.
ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.
რიგაში ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით X ადგილზე გავიდა, სხვა ქართველი მოჭადრაკეების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი – მე-18 (7 ქულა), მერი არაბიძე – 29-ე (6,5), სალომე მელია – მე-40 (6,5), სოფიო გვეტაძე – 43-ე (6,5), ნინო ბაციაშვილი – 49-ე (6), ნინო ხომერიკი – 73-ე (5,5).
საქართველოს ჩემპიონმა ბელა ხოტენაშვილმა X ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 24 აპრილი)