ნაპოლის სამი ბრილიანტი

იტალიის ჩემპიონი ნაპოლი დღეს შესანიშნავი სეზონის ბოლოსწინა შეხვედრას გამართავს: სერია ა-ს XXXVII ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი ბოლონიას ესტუმრება და მასპინძელთა კლუბის ექსპრეზიდენტის სახელობის სარბიელზე, რენატო დ’ალარაზე ითამაშებს.
ვერ გეტყვით რას გადაწყვეტს ჩემპიონების თავკაცი, ათამაშებს თუ არა სპალეტი ხვიჩას საერთოდ, ამიტომ, მკითხაობა რომ არ დავიწყო, იტალიიდან ჩამოტანილ ერთ ჟურნალსა და ერთ გაზეთზე დავწერ. ორივე გამოცემა ნეაპოლელთა მესამე ტრიუმფს ეხმიანება.

გაძეტა დელო სპორტის დამატება, 168-გვერდიანი „ლურჯი ოცნება – დაუვიწყარი ჩემპიონობა“ (Sogno Azzurro – Uno Scudetto Indimenticabile) სალერნოში ჩასვლის მეორე დღეს შევიძინე რამდენიმე გაზეთთან და ჟურნალთან ერთად. გამყიდველს რომ ვკითხე, ნაპოლიზე კიდევ რამე თუ გაქვთ-მეთქი, დაინტერესდა საიდან ხართო და როცა ვუპასუხე საქართველოდან-მეთქი, ხვიჩას ქება-დიდებაზე გადავიდა, ბოლოს კი ნეაპოლელთა ტრიუმფზე გამოცემული ახალი წიგნიც მაჩუქა, მე უკვე წავიკითხე და ჩემგან სამახსოვროდ დაგრჩეთო.

იმ წიგნზე სხვა დროს იყოს, რაც შეეხება გაძეტა დელო სპორტის ამ გამოცემას, მასში უდინეზესთან საჩემპიონო თამაშის ჩათვლით ნაპოლის სრული სეზონია მიმოხილული თამაშის ოქმების და მოთამაშეთა გაძეტასეული შეფასებების ჩათვლით.

ყველა მატჩის სტატისტიკას არ ჩამოვთვლი, მხოლოდ იმას დავწერ, რომ გაძეტა დელო სპორტმა სეზონის მიხედვით თითოეული ნეაპოლელი დაახასიათა და ყველაზე მაღალი ქულა – 9,5 – სამმა დაიმსახურა: ლუჩანო სპალეტიმ, ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.

არანაკლებ საინტერესოა კორიერე დელა სერას სპეცგამოშვება Napule e Campione. ცისფერ ქაღალდზე დაბეჭდილი 32-გვერდიანი გაზეთიც მესამე სკუდეტოს შესახებაა და ის სრულიად შემთხვევით ჩამოვარდა ხელში. ნეაპოლელ გაზეთების გამყიდველს სულ სხვა გამოცემაზე დავეკითხე და მან ეს მომაწოდა, უფასოდ დარიგდა და თუ დაგაინტერესებთ, თქვენი იყოს, უკანასკნელი ცალიაო.

კორიერე დელა სერას ჟურნალისტებმა კლუბის მთავარ მწვრთნელთან და პრეზიდენტთან ერთად ოთხი მოთამაშე გამოარჩიეს და თითოეულს ცალკე წერილი მიუძღვნეს. ჯოვანი დი ლორენცოსთან, მინ-ჯაე კიმთან და ვიქტორ ოსიმენთან ერთად ხვიჩასაც ერთი სრული გვერდი ეთმობა.

ჩემპიონები ამ გამოცემის მიმომხილველებმაც შეაფასეს და გაძეტა დელო სპორტის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სპალეტიმ, ოსიმენმა და კვარამ დაიმსახურეს ყველაზე მაღალი ქულები, თუმცა ერთი სხვაობით – სამივეს ათიანი ერგო.

ნეაპოლელთა გამარჯვებას კორიერე დელო სპორტიც გამოეხმაურა სამნაწილიანი ჟურნალით. მეორე ნომრის პირველ გვერდზე ხვიჩა და დიეგო მარადონა არიან, თუმცა ამ სამ ჟურნალზე სამპდორიასთან მატჩის წინ იყოს.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 28 მაისი

ka_GEGeorgian