NBA: 5 ამბავი, რომელსაც ველით
კალათბურთის მოყვარულებისთვის მშვენიერი დრო დგება: NBA-ის მორიგი რეგულარული სეზონი იწყება!
ტორონტო რეპტორსის სენსაციური ტრიუმფიდან სულ რაღაც 4 თვე კი გავიდა, მაგრამ საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში, მოგეხსენებათ, ყოველდღიურად რაღაც იცვლება და განვლილმა პერიოდმაც ბევრი საინტერესო ამბავი დაიტია – ვარსკვლავებმა კლუბები შეიცვალეს, გაშვებული მწვრთნელები ახლებმა ჩაანაცვლეს, უძლიერესი საკალათბურთო ლიგის კარი კიდევ ერთმა ქართველმა შეაღო – ზაზა ფაჩულიას შემდეგ ახლა გოგა ბითაძე ეცდება საუკეთესოთა შორის დამკვიდრებას…
NBA სტატისტიკის ლიგაცაა: იქ ყველაფერს ითვლიან, ერთი შეხედვით წარმოუდგენელ ამბებსაც.
რეგულარულის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე 5, ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან მოსალოდნელ ამბავს გამოვარჩევთ. 4 მოთამაშეებს ეხება, ერთიც – გუნდს.
ლებრონ ჯეიმსი
ლოს ანჯელეს ლეიკერსი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, კალიფორნიული კლუბის ლიდერი კი რამდენიმე საინტერესი მიღწევას უმიზნებს: თუ ჯეიმსი რეგულარულში 1 101 ქულას მოაგროვებს, ყველა დროის მე-3 ბომბარდირი გახდება და ფრენჩაიზის ლეგენდას კობი ბრაიანტს გაუსწრებს.
შეგახსენებთ, რომ მათზე წინ მხოლოდ კარლ მელოუნი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი დგანან.
ორი თამაშიც და ჯეიმსი ლიგის ისტორიაში მე-40 კალათბურთელი გახდება რეგულარულში ჩატარებული 1 200 და მეტი მატჩით. ამასთანავე, თუ ორივე სასტარტოში დაიწყო, ბრაიანტს გადაასწრებს პირველ ხუთეულში დაწყებული თამაშების რაოდენობით და ამ მხრივ მე-10 საუკეთესო იქნება.
სტეფ კარი
უორიორზის ლიდერი ახალ სეზონს 2 483 3-ქულიანით ხვდება. სტეფი მხოლოდ 78 ზუსტი ტყორცნით ჩამორჩება რეჯი მილერს. მათ წინ მხოლოდ რეი ალენია 2973 3-ქულიანით.
რასელ უესტბრუკი
181 სამმაგი დუბლით ოსკარ რობერტსონი ლიდერია, ოკლაჰომადან ჰიუსტონში გადასული უესტბრუკი კი 138 სამმაგით მე-2 ადგილს იყოფს ლეგენდარულ ირვინ მეჯიქ ჯონსონთან.
რობერტსონამდე 43 ნაბიჯია გადასადგმელი, მაგრამ შეძლებს თუ არა უესტბრუკი ჰიუსტონში იგივე სიხშირით სამმაგების მოხვეჭას, რთული სათქმელია.
ერთი საინტერესო ფაქტიც: NBA-ში გატარებულ პირველ 6 სეზონში უესტბრუკმა მხოლოდ 8 სამმაგი მიითვალა, მომდევნო 5-ში კი 130!
ვინს კარტერი
მას შეუძლია გახდეს პირველი, ვინც ლიგაში 22-ე სეზონს დაიწყებს. და თუ 12 ნოემბერს, ან უფრო გვიან თუნდაც რამდენიმე წუთით ითამაშებს, რეგულარულის მე-4 ყველაზე უხუცესი კალათბურთელი გახდება!
12 ნოემბერს, დენვერის წინააღმდეგ თამაშის შემთხვევაში, ატლანტა ჰოქსის ვეტერანი 42 წლისა და 290 დღის იქნება და ამის შემდეგ მასზე წინ მხოლოდ ნეტ ჰიკი (45 წელი, 363 დღე), კევინ უილისი (44-224) და რობერტ პერიში (43-232) იქნებიან.
აქვე გეტყვით, რომ ვინს კარტერს 1 481-ჯერ უთამაშია რეგულარულში, ეს კი მე-5 შედეგია. მასზე წინ ჯონ სტოკტონი (1 505), დირკ ნოვიცკი (1 523), ქარიმ აბდულ-ჯაბარი (1 561) და რობერტ პერიში (1 611) არიან.
საკრამენტო კინგზი
ზედიზედ 13 სეზონია გუნდი ფლეი-ოფში ვერ გადის, რაც ყველაზე ცუდი სერიაა ფრენჩაიზის ისტორიაში, NBA-ის ანტირეკორდამდე კი ორი ჩაგდებული სეზონია: 1977-91 წლებში ლოს ანჯელეს კლიპერსს ზედიზედ 15-ჯერ მოეცარა ხელი. კინგზის მსგავსად 2005-17 წლებში ზედიზედ 13 სეზონი ჩააგდო მინესოტა ტიმბერვულვზმა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 22 ოქტომბერი)