NBA: დაბადების დღე და 15 საინტერესო ამბავი

1891 წლის 21 დეკემბერს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში ჯეიმს ნეისმიტმა ჩვიდმეტ მეგობართან ერთად ბურთით ითამაშა. წესები ნეისმიტმა დაადგინა, მის მოგონილ ასპარეზობას კი, მთავარი წესიდან გამომდინარე, კალათბურთი ეწოდა.

ამ ულამაზესი თამაშის ისტორიაც იმ დღიდან იღებს სათავეს, ნეისმიტს კი კალათბურთის მესაძირკვლედ მიიჩნევენ. კანადელ-ამერიკელი ლექტორი იმხანად კანზასის უნივერსიტეტის ლექტორი და ფიზკულტურის მწვრთნელი გახლდათ.

XIX საუკუნის მიწურულს ვერც ნეტარხსენებული ნეისმიტი და მით უმეტეს, ვერც მისი მეგობრები წარმოიდგენდნენ, რომ კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა გახდებოდა, მილიონების გულებს მოიგებდა, წლების შემდეგ დაარსებული ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია კი ზღაპრულ ლიგად იქცეოდა.

ევროპული (და ზოგადად, არაამერიკული) კალათბურთისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ NBA სხვა განზომილებაა! თუ არ გჯერათ, სცადეთ და ჯერ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს – ევროლიგას ჩაუჯექით, მერე კი NBA-ის რეგულარული სეზონის რიგით მატჩზე გადართეთ და მიხვდებით რასაც ვგულისხმობთ.

ამერიკა მთავარი საკალათბურთო ქვეყანაა და ასე იქნება კიდევ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს. ვფიქრობთ, სპორტის არცერთ სხვა სახეობაში არაა ერთი ქვეყანა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ამერიკა კალათბურთში.

ამიტომაც, კალათბურთის დაბადების დღეს NBA-ის ისტორიიდან გამორჩეული ამბების, ლეგენდარული მოთამაშეების და რეკორდების გახსენებით მოგილოცავთ:

ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია პირველი და ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ის ჩემპიონის ბეჭედი მოიგო, თან ორჯერ

1) NBA 1946 წლის 6 ივნისს დაფუძნდა ნიუ იორკში, თუმცა იმ დროს ამერიკის საკალათბურთო ასოციაციად – BAA – იწოდებოდა. 1949 წლის 3 აგვისტოდან ლიგის სახელწოდებაა NBA. ახალი სახელი BAA-ს NBL-თან (ეროვნული საკალათბურთო ლიგა) გაერთიანების შემდეგ დამკვიდრდა.

2) NBA-ს ეგიდით პირველი მატჩი 1946 წლის 1 ნოემბერს გაიმართა კანადაში, ტორონტოში: მეპელ ლიფ გარდენსმა ნიუ იორკ ნიკერბოკერსს უმასპინძლა.

3) იაპონელ-ამერიკელი ვატარუ მისაკა ეროვნული საკალათბურთო ლიგის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი მოთამაშეა. ის 1947-48 წლების სეზონში ასპარეზობდა ნიუიორკელთა მაისურით.

4) ჰაროლდ ჰანტერი NBA-ის პირველი აფრო-ამერიკელი მოთამაშეა. ის 1950 წელს გამოჩნდა ვაშინგტონ ქეფითალსის შემადგენლობაში.

5) პირველი უცხოელი, რომელმაც ლიგაში ითამაშა, იტალიელი ჰენკ ბიასატი (1946) იყო.

6) თუ კანადელებს არ ჩავთვლით (208), სხვა ქვეყნებიდან NBA-ში ყველაზე ხშირად ფრანგები და სერბები თამაშობდნენ – 28.

7) NBA-ის საქვეყნოდ ცნობილი ლოგო, რომელზეც ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის ჯერი უესტის სილუეტია დატანილი, 1971 წლიდან დამკვიდრდა. მისი ავტორი ალან სიგელი გახლავთ.

8) სამქულიანის წესი 1979 წლიდან დამკვიდრდა. სათქმელია, რომ NBA-ის მესვეურებმა ეს წესი იმხანად მოქმედი კონკურენტი ლიგიდან – ABA (ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია) – გადაიღეს.

9) დევიდ შტერნი NBA-ის ისტორიაში გამორჩეული მმართველია. მან 1984 წლის 1 თებერვლიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით უხელმძღვანელა ლიგას. მისი მოღვაწეობის პერიოდში NBA მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე მდიდარ ჩემპიონატად იქცა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შტერნი ჯერ NBA-ის, შემდეგ კი საკალათბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის – FIBA – დიდების დარბაზის წევრი გახდა.

10) NBA-ის ვარსკვლავები ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1992 წელს, ბარსელონაში გამოჩნდნენ. „ოცნების გუნდში“ მოხვდნენ: ლარი ბერდი, მეჯიქ ჯონსონი, მაიკლ ჯორდანი, დევიდ რობინსონი, პატრიკ იუინგი, სკოტი პიპენი, კლაიდ დრექსლერი, კარლ მელოუნი, ჯონ სტოქტონი, კრის მალინი, ჩარლზ ბარკლი და ახალგაზრდული ლიგის ვარსკვლავი კრისტიან ლეიტნერი. ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც NBA-ის დიდების დარბაზის წევრი გახდა! საინტერესოა, რომ ლეიტნერის გარდა დანარჩენები სხვადასხვა დროს ინდივიდუალურად შევიდნენ დიდების დარბაზში.

11) ბეკი ჰემონი 2014 წლის 5 აგვისტოს  დაინიშნა სან ანტონიო სფერზის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ. ჰემონი პირველი ქალი-მწვრთნელი, ვისაც NBA-ის კლუბმა სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა.

12) ცნობილია, რომ საშუალო სახელფასო მაჩვენებლით NBA-ის მოთამაშეები ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან.

13) დღეს NBA-ში 30 კლუბი თამაშობს. 29 ამერიკიდანაა, 1 – კანადიდან.

14) სეზონი ორ ნაწილად იყოფა: რეგულარული და ფლეი-ოფი. ერთი კლუბი რეგულარულ სეზონში 82-ჯერ თამაშობს მიმოსვლით. ფლეი-ოფი აპრილის მიწურულს იწყება, სეზონი კი სუპერფინალით გვირგვინდება (ივნისის დასაწყისში).

15) მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში სხვადასხვა დროს 4-მა ქართველმა ითამაშა: ვლადიმერ სტეფანიამ (1998-2004), ნიკა ცქიტიშვილმა (2002-06), ზაზა ფაჩულიამ (2003 წლიდან) და თორნიკე შენგელიამ (2012-14). ფაჩულია ერთადერთი ქართველია, რომელიც NBA-ის ჩემპიონის ბეჭედს დაეუფლა – 2017 და 2018 წლებში გოლდენ სტეიტ უორიორზის შემადგენლობაში.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 21 დეკემბერი)

ka_GEGeorgian