NBA-ის თასი სპორტის სასახლეში

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ის ჩემპიონის თასი თბილისის სპორტის სასახლეში გამოფინა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ჯილდოს ოფიციალურ წარდგენაზე უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები და ვეტერანი მოთამაშეებიც დაესწრნენ.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ის ჩემპიონის ტიტული გოლდენ სტეიტ უორიორზის შემადგენლობაში ივნისის დასაწყისში მოიგო. მისმა გუნდმა სუპერფინალურ სერიაში კლივლენდ კეველიერსი 4:1 დაამარცხა.

7 აგვისტოს ზაზა ფაჩულიას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა. პრეზიდენტმა ფაჩულია ქართული კალათბურთის წინსვლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 8 აგვისტო)

ka_GEGeorgian