NBA: მეფე ყველაზე პოპულარულია

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ყოვლისმცოდნე ლიგა ფანებს ნელ-ნელა ამზადებს წლის გამორჩეული სანახაობისთვის.

დღეს მორიგი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა: NBA-ის ოფიციალური ონლაინ-მაღაზიის ცნობით, ქომაგებს შორის ყველაზე პოპულარული კვლავ ლებრონ ჯეიმსია, რადგან მეფის ლეიკერსული მაისური ზედიზედ მეორე წელია საუკეთესოდ იყიდება.

2015-17 წლებში გოლდენ სტეიტ უორიორზის ლიდერი სტეფ კარი იყო პირველი, მაგრამ შარშან ჯეიმსმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლეიკერსი არცთუ დამაჯერებელი იყო, პირველობა დაიბრუნა, 2019 წლის შედეგებით კი ზედიზედ მეორედ იპირველა.

2019-ის მონაცემები იმითაცაა საინტერესო, რომ ლიგის ორ ყველაზე პოპულარულ კალათბურთელს შორის 2015 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა სტეფ კარი. ხელის ტრავმის გამო მას ამ სეზონში 4-ის გარდა ყველა მატჩი გაუცდა, ამით კი შესანიშნავად ისარგებლა მილუოკის ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ, რომელიც მაისურების გაყიდვით მხოლოდ ჯეიმსს ჩამორჩება.

აქვე შეგახსენებთ, რომ NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვაში დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებს სწორედ ეს ორი ლიდერობს და სავარაუდოდ, სიმბოლური გუნდებიც მათი სახელობისა იქნება.

ყველა ვარსკვლავის წლევანდელ მატჩს 16 თებერვალს ჩიკაგო უმასპინძლებს.

NBA-ის 10 ყველაზე პოპულარული კალათბურთელი
(მაისურების გაყიდვით)
1.ლებრონ ჯეიმსი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი)
2.იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი)
3.სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორზი)
4.ჯეისონ ტატუმი (ბოსტონ სელტიქსი)
5.ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი)
6.ლუკა დონჩიჩი (დალას მევერიქსი)
7.კავაი ლეონარდი (ლოს ანჯელეს კლიპერსი)
8.ენტონი დევისი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი)
9.ჯოელ ემბიდი (ფილადელფია 76)
10.კაირი ირვინგი (ბრუკლინ ნეთსი)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 18 იანვარი)

ka_GEGeorgian