ნეაპოლური ჩანახატები: ხვიჩა, დიეგო არმანდო და ბევრი სიხარული

2023 წლის 21 მაისი და ნაპოლი 3:1 ინტერიდიდებული დღე და მშვენიერი თამაში!
როცა იტალიაში გასეირნება დავგეგმეთ, ცხადია ნაპოლის საშინაო თამაშიც გავითვალისწინეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ თბილისში ნაპოლიინტერის ბილეთი ვერ ვიყიდეთ.

ერთმა კონკრეტული თანხა კი მოგვწერა, მაგრამ ისიც დასძინა, გარანტიას ვერ გაძლევთ, შესაძლოა კიდევ მოგიწიოთ დამატება, ნამეტანი დიდი ინტერესიაო და მე მაპატიეთ ამხელა თადარიგს რომ ვიჭერო. ხოლო მეორემ ისეთი თანხა შემოგვითვალა, იმ ფასად კიდევ ერთი კვირა გავიხანგრძლივებდით იტალიურ თავგადასავალს.

ჯანდაბას, სტადიონთან მაინც მივალთ, ვნახავთ მატჩის წინ რა ამბები ტრიალებს-თქო, ვიფიქრეთ მე და ზაზამ. შეგუებულები ვიყავით რომ ინტერთან მატჩზე ვერ მოვხვდებოდით, მაგრამ ორიოდ საათში სახელმოხვეჭილი მარკო პოლო, დამრტყმელი-პურისმჭამელი-ენამზიანი ამაგდარი თამადა, ღვაწლმოსილი ტიფოზი შემეხმიანა და მაგ საქმეს ასე ნუ დავტოვებთ, სადაც აქამდე მოსულხართ, ამა და ამ ადგილზე მიდით, ბატონი კორლეონე იკითხეთ და ბილეთებსაც ჩაგახუტებენო.

მის სიტყვას მე კი არა კალდუნები, ბახაბახები, ჯადოები და როსტოველი აბეზიანები ენდობიან! მივედით, ბილეთები გადმოგვცეს, ორი კორდონიც კოხტად გავიარეთ და… ზაზას არა და დაცვა მეუბნება აპ-აპ-აპ, მაგ ფოტოაპარატით ვერ შეგიშვებთ, უნდა დატოვოთო. ჩემი ერთგული ნიკონის ხელიდან გამშვები არ ვიყავი და ბოლოს ისევ ენამ ტკბილად მოუბარმა მიშველა და წუთში დიეგო არმანდო მარადონაზე დავჩეკინდით.

ხოლო რაც იქ ვნახეთ, იმით ძალიან ბედნიერნი დავრჩით:

ჯერ ერთი რომ ნაპოლისთვის ამ არაფრისმომცემ მატჩში ბატონმა სპალეტიმ ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და მხოლოდ 82-ე წუთზე გაიყვანა;

მეორე – ჩვენმა ბიჭმა მშვენივრად იბურთავა და მთელმა სტადიონმა ტაშით გააცილა;

მესამე – ნაპოლიმ აოტნა ინტერი და საკლუბო ისტორიის ერთი ლამაზი ფურცელი დაწერა, ერთ სეზონში პირველად დაამარცხა ყველა მეტოქე;

მეოთხე – ბლომად ფოტოები გადავიღე, რაც შეამჩნევდით, ჩემი ჰობია;

მეხუთე – კრება დარჩა მხიარული! რა შესანიშნავი განწყობაც იყო მატჩამდე და თამაშის მსვლელობისას, იგივე გაგრძელდა საფინალო სასტვენის შემდეგ.

მოკლედ, ფორცა იტალია!

გაუმარჯოს დაუვიწყარ თავგადასავლებს, მოულოდნელ სიხარულებს, გემრიელ ძმაბიჭებს, ხოლო ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ პიცა კიარადა ხინკალი.

ლაშა გოდუაძე
ნეაპოლი, იტალია
2023
წლის 22 მაისი

ka_GEGeorgian