ნეაპოლური ჩანახატები: საფეხბურთო ქალაქი უფეხბურთოდ

ერთმა სახელგანთქმულმა ფრანგმა ნეაპოლი სამოთხის ყვავილს შეადარა.
ის მწერალი გახლდათ, იმაზე მეტს ხედავდა და ამჩნევდა, ვიდრე მოგზაურთა უმეტესობა ახერხებს. საბედნიეროდ, კალამიც უჭრიდა და გემრიელადაც წერდა. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ნეაპოლამდე დიდი ხნით ადრე იმ კარგმა კაცმა კავკასია, მათ შორის საქართველოც მოიარა და საოცარი მოგონებები დაგვიტოვა.

ნეაპოლის შესახებ მისი ჩანახატები არ წამიკითხავს, მაგრამ მის შეფასებას ვენდობი, რადგან კარგად მახსოვს, რა შთაბეჭდილება დარჩა ჩვენზე და, ალბათ, არც კამპანიელებს დაიწუნებდა.

„ნეაპოლი თვალისმომჭრელი განძია, რომელსაც ფიქრებსა და მოგონებებში ვინახავ. ჩემი პოპულარობა აქაურების დამსახურებაა. ისინი ბავშვობიდანვე ჩემში ცოცხლობენ და ხანდახან ეკრანზეც ჩნდებიან“, – ეს უკვე სოფი ლორენის სიტყვებია, ლეგენდარული იტალიელი მსახიობისა, რომელიც რამდენიმე ფილმში განსახიერებული როლის გამო სამუდამოდ ამ ქალაქის სიმბოლოდ იქცა.

ერთ-ერთ სიმბოლოდ. იმიტომ, რომ ნეაპოლმა ძალიან ბევრი ჩაიხუტა, შეიყვარა და… გააკერპა.

ბევრი თვლის, რომ ნეაპოლი საფეხბურთო ქალაქია. კი, ასეა. ნეაპოლელები ფეხბურთით ცოცხლობენ და მათთვის ფეხბურთი რელიგიაა. არ ვაჭარბებ – ბევრგან შეხვდებით დიადი არგენტინელის სახელზე მოწყობილ პატარა სამლოცველოებს, მისი ხატებიც იყიდება, მურალებს კი ასეთი წარწერა ამშვენებს – Dios.

დასამალი ნამდვილად არაა, ნეაპოლს მეც ფეხბურთის გამო ვესტუმრე. მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა ამ ფერადი ქალაქის კლუბს და ტიფოზები ჭკუიდან გადაიყვანა, არაერთმა მეგობარმა იმოგზაურა იქ და ყველამ ერთი და იგივე მითხრა – შენი თვალით უნდა ნახო ის, რაც ჩვენ ვნახეთ.

მეც ამიტომ წავედი. ნეაპოლში კი თითქოს ვეზუვიმ გაიღვიძა: ცხოვრება დუღს და გულშემატკივრებში ათწლეულების განმავლობაში მიძინებული და ამ გაზაფხულზე ერთიანად, საოცარი ძალით ამოფრქვეული სიხარული ქუჩებში მოედინება. ეს არნახული ზეიმია, რასაც მარადონას შემდეგ – და ეს მთელი ოცდაცამეტი წელიწადია! – ასე ელოდა ქალაქი.

1990 წლის შემდეგ ნაპოლი პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი და ერთბაშად ამოხეთქა ბედნიერებამ: ქუჩები თეთრი და ლურჯია, აივნები დროშებით, შარფებით და მაისურებითაა მოფენილი, დიდსა თუ პატარას საკლუბო ფორმა აცვია…

ნეაპოლი ნამდვილად საფეხბურთო ქალაქია! მასპინძელთა სიხარულის გაზიარებაც სასიამოვნო იყო. სხვა თუ არაფერი, ასე ნანატრი სკუდეტო და თანამდევი სიხარული ჩვენი ბიჭის დამსახურებაცაა და ამას ხვიჩას არავინ უკარგავს, მარადონას შემდეგ ყველაზე პოპულარულია.

მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ნეაპოლი უფრო საინტერესო, ღრმა და მომხიბვლელია, ვიდრე მხოლოდ საფეხბურთო ქალაქი. ამაში ნაპოლი-ინტერის თამაშის მეორე დღეს დავრწმუნდი, როცა პატარ-პატარა ქუჩებსა და ხმაურიან კვარტლებში ვისეირნე, რამდენიმე ძველისძველი ტაძარი მოვიარე, სანაპიროსაც გავუყევი და ნეაპოლელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვება ვცადე.

ლაშა გოდუაძე
ნეაპოლი, იტალია
2023
წლის 6 ივნისი

ka_GEGeorgian