ნეაპოლური ჩანახატები: წმინდა იანუარიუსის საკათედრო ტაძარი
დღეს ნეაპოლი დიეგო არმანდოს ქალაქია, თუმცა ნეაპოლი მხოლოდ მარადონასი არ არის.
ეს ძველისძველი ზღვისპირა დასახლება, ჩვენ წელთაღრიცხვამდე რომ მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში, ბევრს იტევს და ძალიან ბევრს ეკუთვნის.
მაგალითად წმინდა იანუარიუსს, რომელიც ქალაქის ორმოცდაათამდე მფარველიდან ყველაზე ცნობილი და დაფასებულია და ვინც მე, ცოდვა გამხელილი სჯობს, ნეაპოლში მოგზაურობამდე გამოგონილი პერსონაჟი მეგონა დინო რიზის იმ ცნობილი ფილმიდან.
ნაპოლი-ინტერის თამაშის მეორე დილით, როცა მეუღლემ და მეგობრებმა კაპრის მონახულება გადაწყვიტეს და პორტისკენ გასწიეს, მე ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურე. დიდებული ამინდი იყო, დაღლილიც არ ვიყავი, მოვიკიდე ზურგჩანთა და ისეთ ადგილებს მივაშურე, რომლებსაც ფეხბურთზე შეყვარებულები იშვიათად ვწყალობთ ხოლმე.
ჯერ ერთ ტურისტულ ქუჩაზე გავისეირნე, მერე სხვაგან შევუხვიე, იეზუიტების ახალი ეკლესიიდან გამოსული კი ნეაპოლის სტუმრებისთვის გაშლილ სტენდთან მივედი, ერთიც ვნახოთ და იქნებ რამე კარგი სანახაობა ან გამოფენაა-მეთქი.
Tesoro di San Gennaro – ეს სიტყვები ეწერა ერთ პატარა სარეკლამო ბუკლეტს. ალბათ ფილმთან დაკავშირებულია-თქო, ვიფიქრე, მაგრამ იქვე მდგარმა გოგონამ მითხრა, არ ვიცი რა ფილმზე ამბობთ, მაგრამ წმინდა იანუარიუსის საგანძური მაქსიმუმ ოცი წუთის სავალზეა, აი ამ ქუჩას პირდაპირ გაუყევით, შემდეგ დესტრო – მარჯვნივ აუხვევთ და ნაპოლის საკათედრო ტაძართან მიხვალთ, რაც ამ ბუკლეტშია და კიდევ მეტი, იქ დაგხვდებათო.
ასე მარტივად, იმ პირმშვენიერი გოგონას წყალობით აღმოვაჩინე, რომ წმინდა იანუარიუსი ფილმის მოგონილი პერსონაჟი კი არ არის, მეოთხე საუკუნის წმინდანია, დიდმოწამე, რომელსაც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები თანაბარი პატივით მოიხსენიებენ. ხოლო მისი წმინდა ნაწილები რომ საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და მორწმუნენი მათ წელიწადში სამჯერ მიაგებენ პატივს, ეს ბუკლეტიდან გავიგე.
როცა მთელი დღე თავისუფალი გაქვს, ოცი წუთი თვალის ერთი დახამხამებაა. ის ქუჩა, რომელზეც გოგონამ მიმითითა, ტურისტებით იყო გადავსებული და ნაპოლის მესამე სკუდეტოსთან დაკავშირებული ატრიბუტებით აჭრელებული. თან მიზნისკენ მივდიოდი, დროგამოშვებით კი ფოტოაპარატსაც ვაჩხაკუნებდი. გადასაღები, დაილოცონ სპალეტის ბიჭები (ხვიჩა – განსაკუთრებით), საკმარისზე მეტი იყო.
დავდექი თუ არა ტაძრის დასავლეთ კედელთან, გავიფიქრე, მგონი საოცარი სანახაობა მელის-მეთქი – იმდენად მომნუსხველი იყო შესასვლელი! არც მოვტყუვდი: ძალიან ლამაზი ტაძარი აღმოჩნდა კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი ძვირფასი და შთამბეჭდავი ნაკეთობებით, მათ შორის მარმარილოსგან გამოთლილი ბარელიეფებით, ბიუსტებით და ძეგლებით.
განსაკუთრებით საკურთხეველი მომეწონა, უბრალოდ დიდებული იყო! ასევე ბაპტისტერიუმი, რომელიც ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილშია განთავსებული, ხოლო სამხრეთში წმინდა იანუარიუსის განძის ნაწილია გამოფენილი – ოქრო, ვერცხლი ბრინჯაო, ძვირფასი თვლებით შემკობილი ნაკეთობები… როცა ტაძარში შევედი, საცავის დიდი შავი ალაყაფი დაკეტილი დამხვდა. გული დამწყდა, მაგრამ სანამ ტაძარი მოვიარე, საათზე მეტი კი გავიდა და ზედ წამოსვლის წინ მცველმა ის რკინის კარებიც გაგვიღო, მობრძანდით, დაათვალიერეთო, გვიხმო ფოტოაპარატ და ტელეფონმომარჯვებულ ტურისტებს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი: დიდებული ტაძარია! არ ვიცი ამ ფოტოებში რამდენად კარგად ჩანს ნანახი და ჩემი შთაბეჭდილებები, მაგრამ თუ მენდობით, მხოლოდ მოიგებთ: არასაფეხბურთო ნეაპოლს არანაკლები დრო უნდა დავუთმოთ. არასაფეხბურთო ნეაპოლი არანაკლებ მომნუსხველია.
ლაშა გოდუაძე
ნეაპოლი, იტალია
2023 წლის 26 მაისი