ნეაპოლური ჩანახატები: წმინდანად შერაცხული პროფესორი

„სასწაულები, რომლებიც გამოვარჩიეთ, მხოლოდ ღვთის განგებულებით თუ აიხსნება“, – ამ სიტყვებით დაასრულა სპეციალური დასკვნა პაოლო მოლინარიმ, ვატიკანის საგანგებო კომისიის ხელმძღვანელმა.
რამდენიმე წლით ადრე სინიორ მოლინარის და სპეციალისტთა დიდ ჯგუფს კათოლიკური ეკლესიის მესაჭეებმა ნეაპოლელ ექიმთან, პროფესორ ჯუზეპე მოსკატისთან დაკავშირებული ამბების და ხალხში გავრცელებული დაუჯერებელი ისტორიების შესწავლა დაავალეს. მოლინარის კომისიამ უამრავი ადამიანის შემთხვევა ჩაიწერა, ათობით ჩვენებიდან რამდენიმე სარწმუნოდ მიიჩნია, ჩანაწერებს სათანადო დოკუმენტებიც დაურთო და ყველაფერი ეკლესიის მეთაურს წარუდგინა.

1975 წლის 16 ნოემბერს რომის პაპმა პავლე VI-მ საჯაროდ დალოცა ჯუზეპე მოსკატის სული, განაცხადა, რომ პროფესორი ღვთის რჩეული გახლდათ და 16 ნოემბერი მისი ხსენების დღედ დაადგინა.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელიწადი, ნეაპოლელ ექიმთან დაკავშირებულმა სასწაულებმაც იმატა და 1987 წლის 25 ოქტომბერს, რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათიათასობის მორწმუნის თანდასწრებით პაპმა იოანე პავლე II-მ ჯუზეპე მოსკატი წმინდანად შერაცხა.

1927 წლის 12 აპრილს, 46 წლის ასაკში გარდაცვლილი ექიმის და მის სახელთან დაკავშირებული სასწაულების შესახებ ნეაპოლში სტუმრობამდე მცირე ხნით ადრე შევიტყვე ერთი მოგზაურის ფილმიდან, რომელშიც ავტორი კამპანიის დედაქალაქის საინტერესო ამბებს და ადგილებზე გვყვებოდა. იმ ვიდეოჩანახატიდან გავიგე, რომ ჯუზეპე მოსკატი ნეაპოლის ერთ-ერთ ულამაზეს ტაძარში იყო დაკრძალული. დანარჩენი მონდომების ამბავი იყო: ხსენებული ეკლესიის მისამართი მოვიძიე და აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა ჩამონათვალში ჩავწერე.

იეზუიტთა ახალ ტაძარს – Chiesa del Gesu Nuovo, რომელსაც Chiesa della Trinita Maggiore – დიდი სამების ეკლესიადაც მოიხსენიებენ, მე და ჩემი მეგობრები ნაპოლი-ინტერის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ვესტუმრეთ. იტალიაში გამგზავრებამდე სანსევეროს კაპელის მონახულება მირჩიეს, თუმცა იქ მისულებს ყველა ბილეთი გაყიდული დაგვხვდა. სანსევეროს დათვალიერება სამომავლოდ გადავდეთ და ისტორიულ ნეაპოლში გასეირნება განვაგრძეთ, მალე კი დიდი სამების ეკლესიაც გამოჩნდა.

Chiesa del Gesu Nuovo ნეაპოლის ერთ-ერთი უდიდესი სამლოცველოა და ძალიან შთამბეჭდავი. დღეს ის იმ დიდგვაროვანთა საძვალეა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე უხვად სწირავდნენ ოქრო-ვერცხლს. მათი ძღვენი დროთა განმავლობაში შთამბეჭდავ ქანდაკებებში, ვეებერთელა ფერწერულ ტილოებსა და ძვირფას საეკლესიო ნაკეთობებში გარდაისახა და ტაძარშიც თვალისმომჭრელი სიმდიდრე დაგროვდა.

ძალიან კი მინდოდა იქაურობის მშვიდად დათვალიერება, ფოტოების ჩემ გემოზე გადაღება, მაგრამ მალე პადრე გამობრძანდა და სტუმრებს გარეთ გვიხმო, ორი საათით ვიკეტებითო. ორ საათში სტადიონისკენ უნდა წავსულიყავით – ნაპოლი Vs ინტერი გველოდა… სხვა რა გზა გვქონდა? გამოვედით, მაგრამ ხვალ აქ კიდევ მოვალ-მეთქი, გავიფიქრე, 22 მაისი ხომ დილიდან გვიან ღამემდე თავისუფალი მქონდა!

მეორედ სტუმრობის დროს ტაძრის ყველა კუთხე ჩემ გემოზე შემოვიარე და ეს ფოტოებიც მაშინ გადავიღე.

ერთ-ერთ სამლოცველოში მღვდელი წირავდა და სანამ იქაურობა გათავისუფლდა, ჯუზეპე მოსკატის პირადი მუზეუმი დავათვალიერე და წმინდანად შერაცხულ ექიმზე პატარა ბუკლეტიც ვიყიდე. გამოცემაში პროფესორის ცხოვრებაა აღწერილი, თვითმხილველთა მონათხრობი და ოჯახის წევრების მოგონებები. იქ ამოვიკითხე, რომ პატივცემული პროფესორი ლამის მთელმა ქალაქმა გააცილა უკანასკნელ გზაზე და რომ მას შემდეგ ნეაპოლში მსგავსი პატივი მხოლოდ რამდენიმეს ერგო…

ლაშა გოდუაძე
ნეაპოლი, იტალია
2023
წლის 30 მაისი

ka_GEGeorgian