ნიდერლანდები 3:0 საქართველო

რუმინეთში გამარჯვების შემდეგ დიდი იმედი მქონდა, რომ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან მეტ-ნაკლებად გამართულად ითამაშებდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი.
ენსხედეში სანიოლის გუნდმა ცუდად კი არა, ძალიან ცუდად ითამაშა. არადა შემადგენლობა, ერთი შეხედვით, ძირითადთან მიახლოვებული იყო.
სამი ბურთით წაგებულ მატჩში საუკეთესო მეკარე რომ იქნება და ცენტრალური მცველიც გამორჩეული, ადვილად წარმოიდგენთ როგორ ითამაშეს დანარჩენებმა.

გუშინდელ მატჩში ყველაზე გამაღიზიანებელი ის იყო, რომ გუნდი ძლივს მოპოვებულ ბურთს 2-3 გადაცემის შემდეგ კარგავდა…

მეტოქის ნახევარზე გადასვლას იშვიათად და გაჭირვებით ახერხებდა…

მასპინძლები ლამის ჩვენ საჯარიმოსთან გვეთამაშებოდნენ პრესინგს, თან ბოლო წუთებამდე…

გურამ კაშიას მუდმივად პარტნიორების დაზღვევა და ხშირად გამთამაშებლობაც უწევდა…

რამდენიმე ფეხბურთელი დაცვაში იყო ნული…

ნიდერლანდელები ორ-სამ გადაცემაში გადიოდნენ მოედნის შუაგულს და ჩვენს ნახევარმცველებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უსაქმოდ ტოვებდნენ…

სექტემბრის ოფიციალურ მატჩებამდე სამი თვე კია, მაგრამ გული მიგრძნობს, ვილი სანიოლს ბევრი რამის შეცვლა და სიტუაციის გამოსწორება ძალიან გაუჭირდება.

კიდევ ის მგონია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საკუთარ თავზე არასაკმარისად მუშაობენ. მაგალითად მეტოქესთან ლამის ყოველი შეჯახება მათი წაქცევით და ბურთის დაკარგვით მთავრდებოდა, ამას კი მწვრთნელი, თუნდაც სანიოლზე მაღალი კვალიფიკაციის, ვერ უშველის.

მოკლედ, გუშინდელი 0:3 ერთი დიდი იმდგაცრუებაა.

მესმის რომ ამხანაგური იყო, მაგრამ ნაკრები ქვეყნის პირველი გუნდია და მას, პირადად მე, ზუსტად ისე ვქომაგობ საწვრთნელ თამაშში, როგორც ოფიციალურში. ასე რომ სპარინგის სტატუსით თავს ვერ დავიმშვიდებ.

საინტერესო ფაქტები
1: ნიდერლანდები 66ე ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა.

2: 2019 წლის 10 ივნისის შემდეგ საქართველომ პირველად გაუშვა 3 გოლი.
ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩვენი გუნდი დანიასთან 1:5 განადგურდა. მას შემდეგ ჯვაროსნები პირველად დამარცხდნენ დიდი ანგარიშით.

3: 2016 წლის 3 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან ბუქარესტში 1:5 დამარცხდა. მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა პირველად წააგო ამხანაგური თამაში დიდი ანგარიშით.

4: ენსხედეში გამართულ მატჩში პირველად მოირგო ნაკრების მაისური წყალტუბოს სამგურალის 22 წლის თავდამსხმელმა სერგო კუხიანიძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ენსხედეში. დგანან (მარცხნიდან): გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი, ბუდუ ზივზივაძე. პირველ რიგში: საბა ლობჟანიძე, ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გურამ გიორბელიძე

6 ივნისი, 2021. ამხანაგური. ნიდერლანდები, ენსხედე, დე გროლშ ვესტე. 7 500
ნიდერლანდები 3:0 საქართველო

გოლებ: 1:0 მემფის დეპაი (10, პენ), 2:0 ვოტ ვეგჰორსტი (55), 3:0 რაიან გრავენბერხი (76)
ნიდერლანდები: მაარტენ სტეკელენბურგი, დენზელ დამფრისი, დელეი ბლინდი (ნათან აკე 46), სტეფან დე ვრი, ოუენ ვიინდალი (პატრიკ ვან აანჰოლტი 73), იურიენ ტიმბერი (სტივენ ბერგჰუისი 77), ჯეორჯინიო ვიინალდუმი (კაპ) (დევი კლაასენი 66), მარტენ დე როონი, ფრენკი დე იონგი (რაიან გრავენბერხი 66), მემფის დეპაი, ვოტ ვეგჰორსტი (დონიელ მალენი 66)
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური
საქართველო: გიორგი ლორია, გურამ კაშია (კაპ), დავით ხოჭოლავა (ჯაბა ჯიღაური 66), ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე, საბა ლობჟანიძე (ზურაბ დავითაშვილი 46), ვაკო გვილია (ნიკა კვეკვესკირი 78), ბუდუ ზივზივაძე (გიორგი მიქაუტაძე 66), გიორგი აბურჯანია (ბუბა დაუშვილი 78), ოთარ კიტეიშვილი (სერგო კუხიანიძე 88)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია
მსაჯები: ერიკ ლამბრეხტსი; იო დე ვერდტი, მათიას ილერი (ბელგია)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 7 ივნისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian