ნიუ იორკი: ინტრეპიდის მუზეუმი
ინტრეპიდის მუზეუმი 16 ივნისს, საფრანგეთის და სენეგალის ნაკრებთა თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე მოვინახულე. და მინდა გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო მუზეუმია, სადაც ვყოფილვარ.
ინტრეპიდი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამზიდია, რომელმაც პერლ ჰარბორის ტრაგედიის შემდეგ დიდი როლი ითამაშა წყნარი ოკეანის საზღვაო შეტაკებებში. დღეს ის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერაა დაცული და აღიარებულია, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ისტორიული მონუმენტი.
მუზეუმი, რომელიც ნიუ იორკის 86-ე ნავმისადგომთანაა მოწყობილი, ინტრეპიდის სახელს ატარებს, მაგრამ ავიამზიდის გარდა წყალქვეშა ნავ გროულერს, ათობით სამხედრო თვითმფრინავს, კოსმოსურ შატლ ენტერპრაიზს, კონკორდს და მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ უამრავ ექსპონატს აერთიანებს. ამ ყველაფრის მონახულება 38 დოლარი ღირს, ასაკოვნებისთვის და სტუდენტებისთვის სხვა ფასია, ხოლო ბავშვებისთვის უფასოა.
მუზეუმის ისტორია საინტერესო ამბით იწყება. გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს სამხედრო ფლოტმა ინტრეპიდი ჩამოწერა და მისი დაჭრა დაგეგმა, თუმცა არაკომერციული ორგანიზაციის „ოდისევსის“ დამფუძნებლებმა გემის გადარჩენა და მუზეუმად გადაკეთება მოიწადინეს. მათ ჩანაფიქრი შესაბამის უწყებებს გააცნეს, საბოლოოდ კი ყველაფერი ასე დასრულდა: რამდენიმე შეძლებული ნიუიორკელის დახმარებით ინტრეპიდი გამოისყიდეს, 1981 წელს კი ოფიციალურად დაარეგისტრირეს, როგორც სამხედრო მუზეუმი.
მას შემდეგ კოლექცია მხოლოდ იზრდება, ტერიტორია კი დღეს ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. წლების განმავლობაში მუზეუმს სამხედრო თვითმფრინავები, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნივთები, არაერთი მაღალჩინოსნის ფორმები და ჯილდოები, ასევე საზღვაო რუკები შეემატა, XXI საუკუნის მთავარი მონაპოვარი კი კოსმოსური შატლი ენტერპრაიზია.
ის სპეციალურად მისთვის აგებულ დიდ ანგარშია მოთავსებული, გემბანის ბოლოში. 2012 წლამდე ენტერპრაიზი ღია ცის ქვეშ იდგა, მაგრამ ქარიშხალმა სენდიმ ნაწილობრივ დააზიანა, რის გამოც მისთვის პირდაპირ გემბანზე ააგეს ცალკე დარბაზი.
მუზეუმის მშვენებაა წყალქვეშა ნავი გროულერი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის „ცივი ომის“ დროს, 50-60-იან წლებში წყნარ ოკეანეში, ჰავაისა და კამჩატკის ნახევარკუნძულს შორის სადაზვერვო მისიებს ასრულებდა. ისიც მოვინახულე და ეს დიდებული იყო, თუნდაც იმიტომ რომ პირველად შევდგი ფეხი წყალქვეშა ნავზე.
როგორც გიდმა გვითხრა, გროულერის ეკიპაჟი (დაახლოებით ასი მეზღვაური) 60-დან 90 დღემდე უწყვეტად პატრულირებდა, მთავარი მიზანი კი საბჭოთა კავშირის მხრიდან ბირთვული შეტევის დროულად დაფიქსირება და შესაბამისი სამსახურების ინფორმირება იყო. გროულერზე ოთხი ბურთვული რაკეტაც ყოფილა განთავსებული, თუმცა საბედნიეროდ, კაპიტანს მათი გაშვების ბრძანება არასდროს მიუღია.
რაც შეეხება კონკრეტულად ინტრეპიდს, ავიამზიდის სტუმრები სამ, ასე ვთქვათ სართულს ათვალიერებენ: გემბანს, სადაც თვითმფრინავები და ავიაგამანადგურებლები დგას; ქვედა გემბანს, დახურულ სივრცეს, რომელიც რამდენიმე ისტორიულ ვერტმფრენს და ავიამზიდების მოდელებს იტევს, ასევე ღია კინოდარბაზს და საბავშვო მოედანს აერთიანებს. მესამე „სართული“ კი გემის სამართავი კორპუსია: კაპიტნის კაიუტა, მისი თანაშემწეების სამუშაო ოთახები და სხვადასხვა კაბინეტები.
ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხის გარდა მუზეუმი წევრების შესაწირითაც სარგებლობს. ინტრეპიდის გულშემატკივრები, შეძლებული ნიუიორკელები ყოველწლიურად მილიონობით დოლარს აგროვებენ, რაც მუზეუმს ექსპონატების სათანადოდ დაცვის გარდა, ახალი ნივთების შეძენის საშუალებასაც აძლევს.
ავიამზიდის ჩრდილქვეშ დიდი ეკრანი იყო დადგმული და მის წინ გაშლილ ხელოვნურ მინდორზე საფრანგეთის ნაკრების სხვადასხვა წლის ფორმაში გამოწყობილი გულშემატკივრები ფეხბურთს უყურებდნენ. როცა მუზეუმის დათვალიერება დავასრულე, პირველი ტაიმიც დამთავრდა. ჰოდა, მე და ჩემი მასპინძლებიც საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს შევუერთდით. სენეგალის მხარდამჭერები იქ არ გვინახავს.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 19 ივნისი
