ნეიმარი სამხრეთ ამერიკის წლის ფეხბურთელია

ბრაზილიის ნაკრების და სანტოსის ლიდერი ნეიმარი ზედიზედ მეორედ გახდა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მოთამაშე!რუგვაული გაზეთის ელ პაისის ორგანიზებულ რეფერენდუმში 20 წლის ფორვარდმა 199 ქულა დააგროვა. ბრაზილიის კორინთიანსის პერუელი თავდამსხმელი პაულო გერერო 50 ქულით მეორე იყო, მესამე ადგილზე კი 21 ქულით კიდევ ერთი ბრაზილიელი, სან პაულუდან პარი სენ-ჟერმენში გადასული ლუკას მოურა გავიდა.
„არ მეგონა ტიტულის შენარჩუნება ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა. გასული წელი ჩემთვის წარმატებული გამოდგა და მიხარია, რომ ჟურნალისტებმა ყველაფერი ზუსტად შეაფასეს“, – განაცხადა გამარჯვებულმა.

2012 წელი ახალგაზრდა და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელისთვის მართლაც რომ წარმატებული გამოდგა: სანტოსთან ერთად ზედიზედ მესამედ მოიგო პაულისტას შტატის პირველობა, აღმართა კონტინენტის რიგით მეორე საკლუბო ჯილდო – რეკოპა, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლი მოიპოვა, სელესაოსთან ერთად კი მეორედ მოიგო ნიკოლაოს ლეოსის სახელობის სუპერკლასიკოს თასი.

გუნდური ტიტულების გარდა ნეიმარმა უამრავი ინდივიდუალური ჯილდოც მოიპოვა: პაულისტას შტატის საუკეთესო თავდამსხმელად და ფეხბურთელად აღიარეს; რეკოპას თასის უძლიერეს მოთამაშედ დაასახელეს; ბრაზილიის საუკეთესო მეგოლე გახდა; პაულისტას შტატის პირველობაზე და ლიბერტადორესის თასზე კი ბომბარდირის ტიტულები მოიპოვა! საერთო ჯამში, სანტოსის მაისურით 47 მატჩში 43 გოლი შეაგდო, ბრაზილიის ოლიმპიურ გუნდში 4 გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში კი 11 შეხვედრაში 9-ჯერ გამოიჩინა თავი, მათ შორის ჩინეთთან ამხანაგურ მატჩში – 3-ჯერ.

რეფერენდუმის ისტორიაში ნეიმარი მხოლოდ მეხუთეა, რომელმაც ტიტულის შენარჩუნება შეძლო. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს: ჩილელმა ელიას ფიგეროამ 1974-76 წლებში, არგენტინელმა კარლოს ტევესმა კი 2003-05 წლებში ზედიზედ 3-ჯერ მოიგეს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშის ტიტული.

სამხრეთ ამერიკის რჩეულ ფეხბურთელს ჟურნალისტები 1971 წლიდან ასახელებენ. 1971-85 წლებში გამოკითხვას ვენესუელის ელ მუნდო აწყობდა, 1986 წლიდან კი ეს პატივი ურუგვაის ელ პაისს ერგო.

1978 წლიდან ჟურნალისტები საუკეთესოს მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ირჩევენ.

სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი
2012 – ნეიმარი (სანტოსი, ბრაზილია; ბრაზილია)
2011 – ნეიმარი (სანტოსი, ბრაზილია; ბრაზილია)
2010 – ანდრეს დ’ალესანდრო (ინტერნასიონალი, ბრაზილია; არგენტინა)
2009 – ხუან სებასტიან ვერონი (ესტუდიანტესი, არგენტინა; არგენტინა)
2008 – ხუან სებასტიან ვერონი (ესტუდიანტესი, არგენტინა; არგენტინა)
2007 – სალვადორ კაბანიასი (ამერიკა, მექსიკა; პარაგვაი)
2006 – მატიას ფერნანდესი (კოლო კოლო, ჩილე; ჩილე)
2005 – კარლოს ტევესი (კორინთიანსი, ბრაზილია; არგენტინა)
2004 – კარლოს ტევესი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2003 – კარლოს ტევესი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2002 – ხოსე კარდოსო (ტოლუკა, მექსიკა; პარაგვაი)
2001 – ხუან რომან რიკელმე (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
2000 – რომარიო (ვასკუ და გამა, ბრაზილია; ბრაზილია)
1999 – ხავიერ სავიოლა (რივერ პლეიტი, არგენტინა; არგენტინა)
1998 – მარტინ პალერმო (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1997 – მარსელო სალასი (რივერ პლეიტი, არგენტინა; ჩილე)
1996 – ხოსე ლუის ჩილავერტი (ველეს სარსფილდი, არგენტინა; პარაგვაი)
1995 – ენცო ფრანჩესკოლი (რივერ პლეიტი, არგენტინა; ურუგვაი)
1994 – კაფუ (სან პაულუ, ბრაზილია; ბრაზილია)
1993 – კარლოს ვალდერამა (ატლეტიკო ხუნიორი, კოლუმბია; კოლუმბია)
1992 – რაი (სან პაულუ, ბრაზილია; ბრაზილია)
1991 – ოსკარ რუჯერი (ველეს სარსფილდი, არგენტინა; არგენტინა)
1990 – რაულ ამარილია (ოლიმპია, პარაგვაი; პარაგვაი)
1989 – ბებეტო (ვასკუ და გამა, ბრაზილია; ბრაზილია)
1988 – რუბენ პასი (რასინგი, არგენტინა; ურუგვაი)
1987 – კარლოს ვალდერამა (დეპორტივო კალი, კოლუმბია; კოლუმბია)
1986 – ანტონიო ალსამენდი (რივერ პლეიტი, არგენტინა; ურუგვაი)
1985 – რომერიტო (ფლუმინენსე, ბრაზილია; პარაგვაი)
1984 – ენცო ფრანჩესკოლი (რივერ პლეიტი, არგენტინა; არგენტინა)
1983 – სოკრატესი (კორინთიანსი, ბრაზილია; ბრაზილია)
1982 – ზიკო (ფლამენგო, ბრაზილია; ბრაზილია)
1981 – ზიკო (ფლამენგო, ბრაზილია; ბრაზილია)
1980 – დიეგო მარადონა (არხენტინოს ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1979 – დიეგო მარადონა (არხენტინოს ხუნიორსი, არგენტინა; არგენტინა)
1978 – მარიო კემპესი (ვალენსია, ესპანეთი; არგენტინა)
1977 – ზიკო (ფლამენგო, ბრაზილია; ბრაზილია)
1976 – ელიას ფიგეროა (ინტერნასიონალი, ბრაზილია; ჩილე)
1975 – ელიას ფიგეროა (ინტერნასიონალი, ბრაზილია; ჩილე)
1974 – ელიას ფიგეროა (ინტერნასიონალი, ბრაზილია; ჩილე)
1973 – პელე (სანტოსი, ბრაზილია; ბრაზილია)
1972 – ტეოფილო კუბილიასი (ალიანსა, პერუ; პერუ)
1971 – ტოსტაო (კრუზეირუ, ბრაზილია; ბრაზილია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2013 წლის 3 იანვარი)

ka_GEGeorgian