ნიდერლანდებში გოგონებს ითხოვენ

„ლამაზი ქალი მხოლოდ უიმედო იდიოტისთვის თუ იქნება პრობლემა. მშვენიერი გოგონები ფორმულა 1-ის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც სპორტული მანქანები. ვიმედოვნებ, ფორმულა 1-ში გონს მოეგებიან და საგაისოდ გოგონებს რბოლებში დააბრუნებენ“, – ეს სიტყვები ნიდერლანდელ როი ვან აალსტს ეკუთვნის.

ავტომობილიზმის საერთაშორისო ფედერაციამ – FIA – რომლის ეგიდითაც ტარდება ფორმულა 1, სამეფო რბოლის ახალი პატრონების ინიციატივას მხარი დაუჭირა და შარშანდელი სეზონიდან პილოტების ასისტენტი გოგონები დაითხოვა.

ფორმულა 1-ში წლების მანძილზე არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვით სტარტზე პილოტებს მოდელები აცილებდნენ, თუმცა ლიბერთი მედიამ ეს წესი ქალთა უფლებების დარღვევად ჩათვალა და გააუქმა.

ვან აალსტი იმედოვნებს, რომ ნიდერლანდების დიდი პრიზის წინ გამონაკლისი მოხდება და გოგონები კვლავ გამოჩნდებიან სასტარტო ბილიკზე.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების დიდი პრიზი 35-წლიანი შესვენების შემდეგ, 2020 წლიდან ბრუნდება ფორმულა 1-ის კალენდარში, რბოლას კი ზანდვოორტის ტრასა უმასპინძლებს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 15 ივნისი)

ka_GEGeorgian