ნიკოლოზ დერიუგინი – წიგნის პრეზენტაცია სპორტის სამინისტროში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სახელგანთქმული ქართველი კალათბურთელის ნიკოლოზ დერიუგინის შესახებ მომზადებული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.

„ბატონი კოლია გამორჩეული კალათბურთელი და ადამიანია. მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი სპორტსმენის შესახებ საინტერესო და ლამაზი წიგნი გამოიცა. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ პროექტებს და მუდამ დააფასებს ქართული სპორტის გამორჩეულ სახელებს. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და პირადად წიგნის ავტორს, ილია ბაბუნაშვილს ასეთი საინტერესო ნაშრომისთვის“, – განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

„ძალიან გახარებული ვარ ამ წიგნით! აქ ჩემ შესახებ ყველაფერია მოთხრობილი. არ დაგიმალავთ: ავტობიოგრაფიის გამოცემა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. მადლობელი ვარ ბატონების გია გორგოძის და ილია ბაბუნაშვილის და ბატონი ლევანისაც, რომლის მხარდაჭერით გამოიცა ეს წიგნი. რაც შეეხება მეორე ოცნებას, ეს საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბებაა და ვიმედოვნებ, ამასაც შევძლებ“, – განაცხადა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

„ნიკოლოზ დერიუგინის“ ავტორი სპორტული ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილია, რედაქტორი – სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გორგოძე. წიგნზე ასევე მუშაობდნენ ზაზა ასანიშვილი, ვაჟა სიმონიშვილი და თამაზ მიგრიაული.

„10 წლის ვიყავი, როცა კალათბურთის მატჩს დავესწარი. ბატონი კოლია, რომელიც ჩემზე 6 თუ 7 წლით უფროსია, იმ დროს უკვე თბილისის დინამოს ლიდერი გახლდათ. მე მის გამო შემიყვარდა ჩვენი კალათბურთი. როგორც ავტორი, მადლობელი ვარ ბატონი კოლიასი – ის ჩვენ შეთავაზებას ენთუზიაზმით მოეკიდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რასაც დღეს ხედავთ. წიგნში უამრავი საინტერესო ისტორიაა და მჯერა, გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება ელით“, – „ნიკოლოზ დერიუგინის“ ავტორი ილია ბაბუნაშვილი.

წიგნში ასევე შესულია ინტერვიუები და სხვადასხვა საინტერესო წერილები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელის შესახებ, ასევე ალექსანდრე კოტორაშვილის უამრავი საინტერესო ფოტო.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პროექტით – „ქართული სპორტის დიდი სახელები“ – უკვე გამოიცა წიგნები რამაზ შენგელიას, ანდრო ჟორდანიას, ბორის პაიჭაძის და გაიოზ ჯეჯელავას შესახებ. ახლო მომავალში ქომაგები კიდევ ერთ დიდ ქართველ კალათბურთელზე მომზადებულ გამოცემას იხილავენ – „გურამ მინაშვილი“, რომლის ავტორი სპორტული ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილია.

ნიკოლოზ დერიუგინი 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში დაიბადა, 1977-86 წლებში კი თბილისის დინამოში თამაშობდა. 1978-85 წლებში დერიუგინი საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრი გახლდათ, 1995-96 წლებში კი საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით ნიკოლოზ დერიუგინმა 1981 წელს ევროპის, 1982 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 1980 წელს ის მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 6 თებერვალი)

ka_GEGeorgian