ნინა და ევროისტორია

ამ ფოტოზე აღბეჭდილი მძლეოსანი ნინა დუმბაძე გახლავთ, ჰელსინკის (1952) ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი და XX საუკუნის 40-50იან წლებში ქალთა შორის მსოფლიოს(!) ერთ-ერთი საუკეთესო ბადროს მტყორცნელი.
1939 (ორჯერ), 1944 და 1946 წლებში ნინა დუმბაძემ ოთხჯერ აჩვენა ოფიციალურ მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი, თუმცა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მხოლოდ იმიტომ არ დააფიქსირა მისი მიღწევა, რომ საბჭოთა კავშირის შესაბამისი უწყება საერთაშორისო ოჯახის წევრი ჯერ კიდევ არ იყო.

რატომ გამახსენდა ქალბატონი ნინა და მისი ამბები 2022 წლის თებერვლის პირველ დღეს, როცა ზამთრის ოლიმპიადამდე დღეები რჩება, საღამოს კი სულაც ფუტსალის ნაკრები ევროჩემპიონატის ფლეი ოფში ითამაშებს?

საქმე ისაა ახალი წლის შემდეგ ჩვენი სპორტის ისტორიის ევრომიმართულებას ვაჯამებ სხვადასხვა გამოცემების თუ წყაროების დახმარებით პირველი ნაწილი, რომელიც ყველა მედალოსნის მოძიებას ითვალისწინებდა, 99%ით დავასრულე.

და ამ მონაცემების მიხედვით სწორედ ნინა დუმბაძე გახლავთ ქართველთაგან ევროპის პირველი ჩემპიონი: 1946 წლის 23 აგვისტოს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ბისლეტ არენაზე გამართულ ფინალში ყველაზე შორს, 44.52 მეტრზე გაისროლა ბადრო და რვა მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. რამდენიმე საათით ადრე გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მანვე ტურნირის რეკორდი დაამყარა – 44.80 მეტრი…

სტატისტიკა, რომელიც ჩვენების ევროჩემპიონატებზე ასპარეზობის შესახებ საინტერესო სურათს იძლევა, ამ ეტაპზე ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ ჩემპიონების ნაწილი თითქმის გავლიე და საკმაოდ საინტერესო ცნობებიც გამოიკვეთა: მაგალითად რამდენი ოქროს მედალი მოიგეს ქართველებმა ნინა დუმბაძის პირველი ევროტრიუმფის შემდეგ? რომელი სახეობის წარმომადგენლები არიან ყველაზე წარმატებულები? როგორ ნაწილდება მედლები პირად და გუნდურ შეჯიბრებებს შორის?..

მოკლედ, ვისაც ასეთი ამბები გვაინტერესებს, ყველა შემთხვევაში ძალიან საინტერესო სურათს დავინახავთ. თან, მგონი, ასეთი ცნობები ჯერ არსად გამოქვეყნებულა. ყოველ შემთხვევაში, იმ უამრავ წიგნში, ცნობარსა თუ გაზეთში, რაც წლების განმავლობაში გადამიფურცლავს, მე პირადად მსგავსი არაფერი მინახავს, არადა ყოველთვის მაინტერესებდა.

სანამ იანვარში დაჯამებული ევროსტატისტიკიდან რამდენიმე საინტერესო ცნობას დავწერ, აუცილებლად უნდა განვმარტო: სტატისტიკაში, რომლითაც ვიხელმძღვანელებ, გათვალისწინებულია მხოლოდ ოლიმპიური თამაშების სპორტულ პროგრამაში შემავალი სახეობები… ჩოგბურთის გამოკლებით. ალექსანდრე მეტრეველსა და ნოდარ კაკულიას სხვადასხვა ცნობარში ევროპის ჩემპიონატებზე მოგებული ათობით მედალი ეთვლებათ, მაგრამ კონტინენტის საჩოგბურთო პირველობას მე ჯერ ვერსად მივაკვლიე და თუ მომავალში რამე ოფიციალური დოკუმენტი ვნახე, არაა პრობლემა, იმ შედეგებსაც მივამატებ. ამ ეტაპზე კი ჩოგბურთთან და ჩოგბურთელებთან ბოდიში.

უნდა ვთქვა ისიც, რომ ძალოსანთა შემთხვევაში მხოლოდ ორჭიდში მოგებული მედლები მაქვს დათვლილი (უნდა ჩაითვალოს თუ არა ატაცსა და აკვრაში მოგებული ოქროს მედლები ცალკე ტიტულად, ეს, ვფიქრობ, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის).

რაც შეეხება გუნდურ ოქროებს, რამდენიმე სპორტსმენის მიერ მოგებულ მედალს ასევე ერთ გამარჯვებად ვთვლი. მაგალითისთვის მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის და გივი ჩოხელის ევროპის 1960 წლის ჩემპიონატში გამარჯვებას მოვიშველიებ – ჩემს სტატისტიკაში სამივე ფეხბურთელის ტრიუმფი ერთ მედლად ითვლება. ასევეა ძიუდოისტთა შემთხვევაში: გუნდურში 9ჯერ მოგებული ევროჩემპიონატისთვის სპორტის ამ სახეობას 9 ოქროს მედალს ვუთვლი და არა 9 გამრავლებული X რაოდენობის ფალავანზე…

შესავალი ცოტა კი გამიგრძელდა, მაგრამ ვფიქრობ, განმარტებისთვის აუცილებელი იყო. ახლა კი შეპირებული რამდენიმე საინტერესო ცნობა, კონკრეტულად კი 7 (ამ ეტაპზე):

1: ნინა დუმბაძის სულ პირველი ევროტრიუმფის შემდეგ ქართველებმა კალენდარულ წელიწადში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოგება მხოლოდ 1948, 1949, 1952, 1986, 1994, 1995, 1999, 2004 და 2009 წლებში ვერ მოახერხეს.

2: მეორე მხრივ, ყველაზე წარმატებული 1987, 1989 და 2016 წლებში გამოდგა, როცა ჩვენმა სპორტსმენებმა 8 ოქროს მედალი მოიგეს.

3: საერთო სურათი ასეთია: 1946-2021 წლებში საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის ჩემპიონატებზე 556 მედალი მოიპოვეს, აქედან 208 ოქრო, 154 ვერცხლი და 194 ბრინჯაო.

4: ამ 208 ოქროდან 151 პირადი პირველობისაა, 20 გუნდურ სახეობებშია მოპოვებული, 37 კი იმ სპორტებში, რომლებიც გუნდურ/სინქრონულ დისციპლინებს და ესტაფეტებს ითვალისწინებს.

5: 208 ოქროდან 7 იმ სახეობებისაა, სადაც ეგრეთ წოდებული ზამთრის ჩემპიონატები ტარდება, ასე ვთქვათ ჭერქვეშა/დარბაზის ევროპირველობები.

6: 208 ოქროს მედალი სპორტის 21 სახეობაზე ნაწილდება და მეოთხედზე ცოტა მეტი ძიუდოს წილია – 56 ოქროს მედალი, აქედან 9 გუნდურში. ძიუდო დიდი უპირატესობით ლიდერობს სახეობების სიას.

7: ათლწეულების მიხედვით რომ შევხედოთ, ყველაზე წარმატებული 2011-2020 წლებია, რომლის მანძილზე ჩვენებმა 150 მედალი მოიგეს: 44 ოქრო, 42 ვერცხლი და 64 ბრინჯაო.

დღეისათვის სულ ეს იყო რის თქმაც მსურდა. როგორც დავწერე, ზღვა მასალაა დასამუშავებელი და ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნების სტატისტიკა ჯერ არც დამიჯამებია. ასე რომ, სრულად დათვლის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო ცნობებს მივიღებთ.

რაც შეეხება შეცდომების ალბათობას. ცხადია ამისგან დაზღვეული არ ვარ და ამიტომაც არ ვამბობ რომ ჩემი სტატისტიკა 100%ით მართალია. მე კი არა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ცვლის ხოლმე მონაცემებს. მთავარია, რომ ასეთი რამ კეთდება და დროთა განმავლობაში ეს მონაცემები მაქსიმალურად დაზუსტდება.

ბოლოს კი ფუტსალის ევროდან ატაცებული შეძახილი: საქართველოს გაუმარჯოს! და წარმატებები ჩვენ გუნდს ამ საღამოს, სპორტსმენებს კი მთელი წლის განმავლობაში.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 1 თებერვალი)
ფოტო:
ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი; sport.gov.ge

ka_GEGeorgian