ნომერ პირველი: თან კი, თან არა

ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც გაგაცნობთ:
ჯანლუიჯი დონარუმა, პარი სენჟერმენის და იტალიის ნაკრების 22 წლის გოლკიპერი.
2021 წელს ამ ბიჭმა ნაკრებში 18(!)ჯერ ითამაშა, მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მეორე სანაკრებო ტურნირიუეფას ერთა ლიგა კი ბრინჯაოს მედლით დახურა.

ევრო 2020ზე დიდებული თამაშისთვის, მათ შორის ნახევარფინალსა და ფინალში მოგერიებული 3 პენალტისთვის უეფამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად(!) და მეკარედ დაასახელა, შესაბამისად, შეჯიბრების სიმბოლურ ნაკრებშიც.

დეკემბერში ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დონარუმა წლის გოლკიპერად აღიარა და მსოფლიოს ნაკრებშიც ანდო ადგილი.

ასევე დეკემბერში ფრანს ფუტბოლმა უძლიერესისთვის განკუთვნილი იაშინის ჯილდო გადასცა.

ამას გარდა, ჯიჯიო სერია ას უძლიერეს მეკარედ აღიარეს (გაზაფხულზე ის ჯერ კიდევ მილანში თამაშობდა), კიდევ ორი, ნაკლებად პრესტიჟული ვერსიით მოიგო მსოფლიოში საუკეთესოს ტიტული, იტალიის ხელისუფლებამ კი სახელმწიფო ორდენი უბოძა.

აბა თუ გამოიცნობთ რა მოხდა ახლახანს დასრულებულ ფიფას წლის რჩეულთა ღონისძიებაზე?

2021 წელს, როცა ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატები გაიმართა, ანუ ორი დიდი სანაკრებო ტურნირი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ რჩეულად… ლონდონის ჩელსის კარის დარაჯი ედუარდ მენდი აღიარა, რომელიც მხოლოდ საკლუბო დონეზე გახლდათ გამორჩეული (ნაკრებში მან მხოლოდ 6ჯერ ითამაშა)

ყველაზე მაგარი ცერემონიალის ბოლო აკორდი იყო: ფიფასეულ 2021 წლის სიმბოლურ ნაკრებში მეკარედ მენდი კი არა… დონარუმა დასახელდა!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 18 იანვარი)

ka_GEGeorgian