ნონა ევროპის ჩემპიონია!

ბათუმის ქალ მოჭადრაკეთა კლუბმა ნონამ პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატში და უძლიერესის ტიტული მოიპოვა! ქართველმა გოგონებმა 14 ქულა დააგროვეს და 4 ქულით აჯობეს ევროპის 5-გზის ჩემპიონს მონტე კარლოს.

ნონა სპეციალურად წლევანდელი ევროპის ჩემპიონატისთვის ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ბათუმის მერიის დახმარებით. ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კლუბი ამ შემადგენლობით გაემგზავრა: გიორგი ჭანტურია – დამფუძნებელი; მარიკა ჯაფარიძე – კაპიტანი; ხვიჩა სუპატაშვილი – მთავარი მწვრთნელი; დავით ჯოჯუა – მწვრთნელი; ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და მირანდა მიქაძე – მოთამაშეები.

ნონამ პირველივე ტურში დაამარცხა ბოლო წლების ტრიუმფატორი მონტე კარლო, შემდეგ სხვა მეტოქეებსაც სძლია, VI ტურში ისრაელის რიშონ ლე-ციონი გაანდგურა – 4:0, უკანასკნელ, VII ტურში კი მე-2 ადგილზე მყოფ მოსკოვის ნაშე ნასლეძიეს 2:1 მოუგო.

დაფების მიხედვით მცირე მედლები მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ (I დაფა, ვერცხლი), სალომე მელიამ (III დაფა, ვერცხლი) და ნინო ბაციაშვილმა (IV დაფა, ბრინჯაო).

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 1996 წლიდან ტარდება. იმ წელს გოგონთა შორის თბილისის მერანმა ჩემპიონის ტიტული ბელგრადის აგროუნივერსალთან გაიყო, 2004-05 წლებში კი უძლიერესის სახელი თბილისის ნტნ-მა მოიპოვა.

ვაჟთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტული აზერბაიჯანის სოკარმა დაიბრუნა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 22 სექტემბერი)

ka_GEGeorgian