ნონა ევროპის საკლუბო ჩემპიონია!

ქალ მოჭადრაკეთა კლუბმა ნონამ ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! კონტინენტის პირველობას 10-16 ნოემბერს ულჩინიმ (მონტენეგრო) უმასპინძლა.

ნანა ძაგნიძის, ლელა ჯავახიშვილის, ნინო ბაციაშვილის, ბელა ხოტენაშვილის და სალომე მელიას ხუთეულმა 7 შეხვედრიდან 4 მოიგო, 3 ყაიმით დაასრულა და პირველ ნომრად განთესილ კიევის საჭადრაკო ფედერაციის გუნდს აჯობა. III ადგილზე მონტე კარლოს საჭადრაკო კლუბის გუნდი გავიდა. ნონას კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე გახლდათ.

ყველაზე მეტი – 4,5 ქულა გუნდს ნინო ბაციაშვილმა შესძინა (III დაფა), 4 ქულა მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ (I), ლელა ჯავახიშვილმა (II) და ბელა ხოტენაშვილმა (IV), სალომე მელიამ კი სათადარიგოთა შორის ქულა მოიპოვა.

ნონა მეოთხედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 ნოემბერი)

ka_GEGeorgian